QronikaPlus
გიორგი კირთაძე: „რიჟვაძის ისტორია ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა“

გიორგი კირთაძე: „რიჟვაძის ისტორია ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, თუ სადამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა“

2025-07-16 11:09:35

ირინა მაკარიძე

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცული თვითმკვლელობის მცდელობის ისტორიამ ბევრი კითხვის ნიშანი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

აჭარის მთავრობის მეთაურისა და მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სხვა მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, აჭარის წარმომადგენელი გიორგი კირთაძე:

_ უმძიმესი ფაქტი მოხდა, რომელმაც ყველაზე ნათლად აჩვენა, რა მასშტაბის ქაოსსა და კრიმინალში არის რეჟიმი შესული: ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც რეჟიმის ნებისმიერ ბრძანებას უსიტყვოდ ასრულებდა, მოექცნენ ისე, რომ სიკვდილის პირას არის, მერე თითქოს მისი დაწერილი წერილი გამოუქვეყნეს, რომელშიც კორუფცია და ნარკოდანაშაულის მფარველობა არის ნახსენები. მგონია, რომ ეს გახლავთ ნათელი მაგალითი, თუ როგორ ექცევა რეჟიმი თავისსავე არა მხოლოდ შემადგენელ ჭანჭიკებს, არამედ საყრდენ პოზიციებზე მყოფებს. რიჟვაძის ისტორია ყველაზე ნათელი მაგალითია, სადამდე მიიყვანა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა და სად ვცხოვრობთ ჩვენ დღეს. რაც შეეხება რეჟიმის მიერ რიჟვაძის შესახებ გამოქვეყნებულ ოფიციალურ ვერსიას, არ შეიძლება ეს დაიჯერო, რადგან რეჟიმი თავიდან ბოლომდე ტყუილზე დგას. მათი განცხადებები მეორე დღესვე აღმოჩენილა ხოლმე, რომ ტყუილია. მაგალითად, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ გიორგი ბაჩიაშვილის შემთხვევა, რომელზედაც გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს საზღვართან დააკავეს, რაც მალევე გაირკვა, რომ მტკნარი სიცრუე იყო. რაც შეეხება ირაკლი კობახიძის განცხადებას, თითქოს თორნიკე რიჟვაძეზე კრიტიკული მედია ახორციელებდა ზეწოლას, ეს უზნეობაა და მეტი არაფერი. ყველამ იცის, ამ ქვეყანაში ვისაც შეეძლო თორნიკე რიჟვაძეზე ზეწოლა განეხორციელებინა და თვითმკვლელობამდე მიეყვანა, ეს არის ერთი კაცი, მათი ბელადი ბიძინა ივანიშვილი. სხვა შემთხვევაში ვის შეეძლო მსგავსი ზეწოლის მოხდენა, არ ვიცი. ის ვერსია, რასაც რეჟიმი გვთავაზობს, ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მძიმედაა ამ ქვეყანაში საქმე. 36 წლის კაცმა თვითმკვლელობა სცადოს ზეწოლის გამო, ალბათ, უნდა წარმოვიდგინოთ, რა მასშტაბის ზეწოლაზეა საუბარი. აქ მხოლოდ მამის დაჭერაზე ან მის დაჭერაზე არ იქნებოდა ლაპარაკი. ამის გამო ადამიანები საკუთარ თავს იარაღს არ ესვრიან, კიდევ უფრო მძიმე რამით დაემუქრნენ მას, როგორც ჩანს.

_ ქრონოლოგიას მივყვეთ: ჯერ გავრცელდა წერილი იმ ფორმით, რომ იგულისხმებოდა, წერილის ავტორი ამ საკითხზე საუბარს, სავარაუდოდ, თავად უკვე ვეღარ შეძლებდა. შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ ადამიანი, საბედნიეროდ, გადარჩა, თითქოს ამ წერილის მძევლები თავადვე აღმოჩნდნენ და კითხვაზე, თუ ვინ შეიძლება იყოს ის ძლევამოსილი პირი, ვისიც ყოფილ უმაღლესი თანამდებობის პირსაც კი ეშინია, ყველაზე ცხადი პასუხის გადასაფარად თავად შემოგვთავაზეს მზა ვერსია _ თურმე, ვინც რიჟვაძე თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, არის არა ივანიშვილი, როგორც ამის შესახებ ოპოზიციაში აცხადებენ, არამედ მედია... ამაზე რას იტყვით?   

_ კობახიძის ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა თავი უნდა მოიკლას? მათი პროპაგანდისტული არხები, ისევე როგორც თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, „უსამშობლოებს“, „აგენტებს“ და ათას უბედურებას გვეძახიან. ამის გამო არ მგონია, რომ ვინმე თავს იკლავდეს. პირიქით, ბრძოლის მეტ ჟინს ჰმატებს უმრავლესობას, ვინც ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვის. უზნეო განცხადებაა, რაც კობახიძემ გააკეთა, უბრალოდ, თავიდან უაზროდ დაიწყეს „გათეთრება“ იმ ამბის, რაც თორნიკე რიჟვაძის თავს მოხდა და შემდეგ ამ ტყუილის ლაბირინთში ისე შევიდნენ, რომ გარეთ ვეღარ გამოდიან.

_ რეალურად, რა ხდებოდა აჭარაში თორნიკე რიჟვაძის მმართველობის პერიოდში და რამდენად ჟღერდებოდა ის ბრალდებები, რაზედაც ამ წერილში არის საუბარი?

_ სამწუხაროდ, კრიმინალი, ნარკოდანაშაული და, ზოგადად, კორუფცია აჭარაში რომ ყვავის, ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, თუმცა განსხვავებით კობახიძისა და ივანიშვილსა, მე არ მახსოვს, რომელიმე პროდასავლელ ლიდერს ღია ეთერით დაედანაშაულებინოს თორნიკე რიჟვაძე ბარიგების მფარველობაში. საუბარი ძირითადად იყო კორუფციაზე და ეს კორუფციის ფაქტები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდებოდა და გვხვდება ქალაქში. ბარიგების მფარველობა რეჟიმმა დააბრალა თორნიკე რიჟვაძეს. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ყოველთვის იყო საუბარი, „ქოცები“ ხომ არ ვართ, რომ ფაქტების გარეშე ადამიანებს რაღაცა ვაბრალოთ, როდესაც ამის მტკიცებულება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მახსენდება ჩემ ირგვლივ, რომ პოლიტიკაში  ჩართულ ადამიანებს ამაზე ღიად და ხმამაღლა ესაუბროთ, სანამ თვითონ კობახიძემ და ივანიშვილმა თითქოს რიჟვაძის დაწერილი წერილი არ გამოაქვეყნეს. რაც შეეხება კორუფციის ნაწილს, რა თქმა უნდა, მთელ ქვეყანაში არის კორუფცია, მაგრამ კორუფციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არის აჭარასა და ბათუმში. ეს რომ მთავრობის თავმჯდომარის გარეშე ვერ მოხდებოდა, ცხადია.

_ საუბარია თუნდაც მაღალსართულიანი კორპუსების ნებართვებისა და მშენებლობების საკითხზე...

_ ბათუმის არქიტექტურის სამსახური იქნება თუ აჭარის შესაბამისი მიმართულების ხელმძღვანელობა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ბათუმის გარკვეული ნაწილი ბეტონის ჯუნგლებად აქციეს, სადაც გადაადგილებაც უკვე პრაქტიკულად  შეუძლებელია, კარგ ამინდშიც და არა საზღვაო სეზონზე, ეს ხომ ამის ბრალია? ქუჩებს არ აქვთ მაღალი გამტარიანობა და ამ ქუჩებზე აშენებ დასაშვებზე 5-ჯერ, 6-ჯერ უფრო მეტი მოცულობის კორპუსებს. ეს, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს, ასევე ძველ კორპუსებში მზის სხივის არშემოსვლას... პროფესიონალიზმის ნაკლებობა კი არ აქვს მერიის არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ამ ყველაფრის უკან დგას კორუფცია. მშენებლობა ერთი მიმართულებაა, ნებისმიერ სხვა მიმართულებაში არის კორუფცია, რომელიც, რა თქმა უნდა, ყვავის აჭარაში. 

_ რა ხდება ბიზნესთან დაკავშირებით?

_ რეჟიმთან აქტიური დაახლოების გარეშე ბიზნესის წარმოება შეუძლებელია ბათუმში, აჭარასა და მთელ ქვეყანაში, ესეც საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. ამ მიმართულებითაც ძალიან საფუძვლიანია მოქალაქეთა დიდი ნაწილის ეჭვები.

_ პირველ დღეებში ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიოდნენ და გადარჩენასა და გამოჯანმრთელებას უსურვებდნენ მართვით სუნთქვაზე მყოფ თორნიკე რიჟვაძეს. მმართველი ძალის წარმომადგენლები კი გარდა ჯანდაცვის მინისტრისა, არსად ჩანდნენ, ვიდრე კობახიძის გამოჩენამდე, ამაზე რას იტყვით?

_ დიახ, სანამ კობახიძე არ მივიდა საავადმყოფოში და „ქართული ოცნების“ რეჟიმის სხვა წარმომადგენლებმა რაღაც ტიპის განცხადებები არ გააკეთეს ისეთი, რომ ჩაითვლებოდა, გამოჯანმრთელების სურვილის გამოთქმა დანაშაული არ იქნებოდა, მისი გუნდის წევრთა დიდმა ნაწილმა აჭარაში არათუ განცხადება ვერ გააკეთა, ფეისბუკიდან მასთან დაკავშირებული ფოტოებსა და ინფორმაციას შლიდნენ. ძალიან, ძალიან სამარცხვინო ამბავია და ვწუხვარ, რომ ეს მოხდა აჭარაში.

_ თუ ვინმე ზეწოლას შეეწირა აჭარაში, ბოლო პერიოდში ვინც მახსენდება, ეს თქვენი თანაგუნდელი ნუგზარ ფუტკარაძეა. თქვენ მაშინ საუბრობდით რიჟვაძეების კავშირზე...

_ ამ დანაშაულში პირდაპირი ჩართულობა იყო რიჟვაძეების. ამის შესახებ შესაბამისი მტკიცებულებები გამოძიებას მივაწოდეთ, _ აუდიოჩანაწერები, სადაც თორნიკე რიჟვაძის მამის, პოლიციის მალღალჩინოსან დავით რიჟვაძის მიერ გამოგზავნილი ხალხი ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლასა და მის მოსყიდვას ცდილობდა. ამის შესახებ საჯარო ბრიფინგები გავაკეთეთ. სამწუხაროდ, ტრაგიკულად დასრულდა ნუგზარ ფუტკარაძის სიცოცხლე. მასზე ზეწოლა იქამდე მივიდა, რომ დღეს ნუგზარ ფუტკარაძე ცოცხალი აღარ არის. სამართლიანი სასამართლოს წინაშე ყველა იმ ადამიანს მოუწევს აუცილებლად წარდგომა, ვინც ამ ამბავში იყო ჩართული. ასევე უნდა ითქვას, რომ არ იყო მხოლოდ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა, ასევე უკვე არჩეულ საკრებულოში გამარჯვებული ჩვენი გუნდის წევრებზე, სხვა დეპუტატებზეც მიმდინარეობდა დავით რიჟვაძის სახელით ზეწოლა. არსებობს ამის მტკიცებულებებიც.

_ ალექსი ახვლედიანის მიმართ, ვის სახლშიც მოხდა ეს ფაქტი, გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით არის აღძრული, რას იტყვით მის როლზე ამ საქმეში?

_ ალექსი ახვლედიანი ყველამ კარგად იცის, რომ არის ბიძინა ივანიშვილის მთავარი მესენჯერი და მისთვის მნიშვნელოვანი სიტუაციების მთავარი დამლაგებელი. მოლოდინიც კი არ მაქვს, რომ რეჟიმის პირობებში სამართლიანობა იზეიმებს და რამე გამოძიებული იქნება. აქ გამოსაძიებელიც, ალბათ, აღარაფერია, ძალიან კარგად ჩანს, რეჟიმი როგორ ექცევა უკვე ადამიანებს, ვისზედაც მანამდე იდგა. საზოგადოება ალბათ მას შემდეგ გაიგებს ყველაფერს, რაც ივანიშვილი დაკარგავს ძალაუფლებას.

_ ამ დროს თქვენი პარტიის ლიდერები, ისევე როგორც სხვა პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები არიან უკანონო პატიმრობაში. რას იტყვით ამის შესახებ და როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარებაში ბრძოლის გზა?

_ ნიკა მელიასთან, ნიკა გვარამიასთან, ზურა ჯაფარიძესთან ერთად ასევე საბა სხვიტარიძე და ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც სხვადასხვა დროს იყვნენ და არიან დაკავებულები. რა თქმა უნდა, პარტიისთვის რთულია ლიდერების პატიმრობაში ყოფნა, თუმცა ეს მეორე მხრივ არის მაჩვენებელი იმისა, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და გვჯერა გამარჯვების. გვწამს იმის, რომ გამარჯვება ახლოს არის და ჩვენ შეგვიძლია მისი მიღწევა ამ შეურიგებელ, წინააღმდეგობისა და ართანამშრომლობის გზაზე. გვჯერა, რომ პარტიის წევრების უმრავლესობისთვის ეს დამატებითი სტიმულის მიმცემია, რომ შეურიგებელი ბრძოლა იყოს ყველგან და ყოველთვის ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან.

გაზიარება