ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
2025-07-16 10:41:45
ირინა მაკარიძე
რატომ გახდა ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის „უხეირო დიქტატურის“ დამყარება შესაძლებელი? რატომ არ აღელვებს მოსახლეობის ერთ ნაწილს სამოქალაქო აქტივისტებისა და პოლიტიკოსების ციხეში გამოკეტვა? რატომ ვერ ერთიანდება ერი? _ ამ საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პროფესორი ნიკა ჩიტაძე:
_ სამწუხარო რეალობა გვაქვს ქვეყანაში, _ პოლიტიკური, ეკონომიკური ვითარება სულ უფრო უარესდება ძალიან სწრაფი ტემპით. ხელისუფლებამ მიიღო რიგი კანონები, რომელიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის. ე. წ. რუსული კანონის გარდა მიღებულია კანონები, რომელიც ასევე ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. შექმნილი ვითარება ძალიან ცუდად აისახება ეკონომიკურ ვითარებაზეც, ეს გახდება მიზეზი იმისა, რომ ძალიან ბევრი პოტენციური ინვესტორი თავს შეიკავებს, დააბანდოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. არის საფრთხე, რომ საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო ფუნქციაც. ეკონომიკურად ქვეყანა კიდევ უფრო მეტად ხდება რუსეთსა და ჩინეთზე დამოკიდებული. პრობლემა გვაქვს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მისაღებია უდანაშაულო ადამიანების ეს დაპატიმრებები, მათი ციხეში მოთავსება...
_ რატომ ფიქრობთ ასე?
_ სხვადასხვა მიზეზის გამო მათ აწყობთ, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ხელისუფლებაში. არის გარკვეული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ ფინანსური დაინტერესება, მათ შორის, საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ან თუნდაც ბიზნესმენებს, რომლებსაც ტენდერებს აგებინებენ და ა. შ. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი ფინანსური ბმა, მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა „ქართული ოცნების“ პირობებში, მაგრამ მენტალურად უფრო ახლოს დგანან „ოცნებასთან“. ზოგი მოკრიმინალო ელემენტია, ბევრი წინა ხელისუფლებაზეა ნაწყენი, რაც დღემდე მწარედ ახსოვს და არ აღიქვამს არსებულ რეალობას. ჰგონია, რომ მისი პირადი და სანათესავო კლანის ინტერესი უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე საქართველო. ასეთია სამწუხარო რეალობა. ვიღაცები ნეიტრალურ თამაშს თამაშობენ _ რომ „ახლა არაფერი შეცვლილა, წინა ხელისუფლების დროსაც ხომ იჭერდნენ და არბევდნენ ხალხს“. ესენი არიან ფარული „ქოცები“. საშიში კატეგორიაა, „ორივე მხრიდან ძალადობას“ რომ გმობენ და არც რუსეთი უნდათ და არც ევროპა ვითომ. ე. ი. რუსეთიც უნდათ და „ქართული ოცნებაც“, ირიბად მხარს უჭერენ და „ქართული ოცნებისა“ და რუსეთის საქმეს აკეთებენ. ესაა მიზეზი, თუ რატომ არის ხელისუფლებაში ისევ „ქართული ოცნება“. როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოდის და აცხადებს, რომ აფხაზებსა და და ოსებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, წესით, ეს საქართველოს მოქალაქისთვის აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს, როგორადაც განაწყენებული არ უნდა იყო წინა ხელისუფლებაზე. პრობლემაა, რომ ერის კონსოლიდაცია ვერ შედგა, ერში არის ძალიან დიდი ხიდჩატეხილობა.
_ რომ არ ყოფილიყო საზოგადოების მიმღეობა, ალბათ, ვერც ერთი მმართველი ვერ შეძლებდა ამ ტიპის კორუფციული და კრიმინალური მმართველობის დამყარებას. თქვენ რას ფიქრობთ, მაინც პოსტსაბჭოთა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე?
_ კი ბატონო, ეს ზნეობისა და ინტელექტის საკითხებთან არის დაკავშირებული. ბევრი შეიძლება გავანაწყენოთ ამაზე საუბრით, მაგრამ დიდი ილია ამბობდა: „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო“. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დანაშაულებრივ ქმედებებზე შემიძლია დღეები ვილაპარაკო და არ გავჩერდე, მაგრამ პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ერის კონსოლიდაცია არ მოხერხდა. ძალიან დიდი უფსკრულია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რუსთაველზე დგანან, იბრძვიან იდეალებისა და ღირებულებებისთვის, სურთ, საქართველო იყოს ევროპული სივრცისა და ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და მეორე მხრივ, იმ ხალხს შორის, რომელსაც არ სურს წინსვლა, რადგან ვერ ხედავს საკუთარ ადგილს პროგრესულ გარემოში. რატომღაც, ითრგუნება, იცის, თვითონ იმ დონეზე ვერ დადგება, რა დონეზეც რუსთაველზე მყოფი ადამიანები დგანან, ამიტომაც მათაც ექაჩება ქვემოთ ლოგიკით: „მე თუ ჭაობში ვარ, ისინიც იყვნენ ჭაობში“. აქვთ პირადი ბოღმა, რადგან წინა ხელისუფლების დროს მათზე უფრო ნიჭიერ ადამიანებს მიეცათ გასაქანი, თავად კი ვერ იპოვეს თავისი ადგილი, მათ შორის არიან ძველი, კორუმპირებული ადამიანები, რომლებსაც „კარმუშკა“ წაერთვათ. ასეთებს ჩემთან საუბარშიც უთქვამთ: „შევარდნაძის დრო მერჩივნა, მაგ დროს ფულს ვაკეთებდი“. ერთ-ერთმა მითხრა, რომ საბაჟოზე მუშაობდა, თან არც დაუმალავს, ამაყობდა, რომ დიდ თანხას „აკეთებდა“. იმას ვერ აცნობიერებდა, რომ სხვას ამ დროს 14 ლარი ჰქონდა პენსია. პრობლემა ეს არის, როგორც ილია იტყოდა, „ჩვენში ხშირად მე უფრო სჭარბობს, ვიდრე ჩვენ“. ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენში ბევრს მოსწონს სტალინი და ამართლებს მის რეპრესიებს. ესენი არიან დაბალი ინტელექტის ხალხი, ისევე როგორც მათი იდეური წინამორბედები. ასეთ ხალხს გაუჩნდა უპირატესობა განათლებულ ადამიანებთან შედარებით, მაგალითად ის, რომ მიხეილ ჯავახიშვილს მიეცა „ხალხის მტრის“ სტატუსი, ამ მეორე ადამიანს, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილთან თავისი ინტელექტით ახლოსაც ვერ მივიდოდა, გაუჩნდა უპირატესობა, რადგან ის „ხალხის მტერი“ არ იყო და ჰქონდა „პატიოსანი, მშრომელი ადამიანის“ სტატუსი. ახლაც ასეთი ვითარებაა, ოღონდ მაშინ ფიზიკურად ანადგურებდნენ ხალხს, ახლა კი _ მორალურად ანადგურებენ. ყველა, ვინც არ ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, „დიფ სტეიტის“ აგენტია, „უსამშობლო“, „რადიკალი“ და „ომი უნდა“. ამ დროს ის ადამიანი ფიქრობს, რომ მასზე უპირატესობა აქვს, რადგან ის „აგენტია“, თვითონ კი ქართულ და ტრადიციულ ღირებულებებს იცავს. ამ „ტრადიციულ ღირებულებებში“ იცით, რა არის? მაგალითად, ქელეხში ბევრს რომ დალევს და შეჭამს, „მიცვალებულს მიუვა“ და ა. შ. რეალობა ასეთია, საზოგადოება გაყოფილია და ერთმანეთს დაპირისპირებულია, ამით განვსხვავდებით თუნდაც უკრაინისგან. უკრაინელი ერი შედგა. უკრაინაშიც იყო დიდი დაპირისპირება, 2010 წელს იუშენკო მოვიდა ხელისუფლებაში, მაგრამ 2014 წელს, როდესაც რუსები შემოიჭრნენ, ვითარება შეიცვალა. ახლა ზელენსკის არავინ ეტყვის ოპოზიციიდან, „რომ ომი ვერ აიცილა თავიდან და უკრაინამ დაიწყო ომი, პროვოცირება მოახდინა და რუსეთი იმიტომ შემოვიდა“. საქართველოში კი ეს შესაძლებელი გახდა.
_ კვლევების თანახმად, მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტს უნდა საქართველოს ევროპული განვითარება, მაშინ როგორ არის ეს შესაძლებელი?
_ ამ 80 პროცენტში არიან „ქართული ოცნების“ მომხრეებიც. გახსოვთ, „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა გაცხადებული, რომ სურს ევროინტეგრაცია. ბოლო არჩევნების დროს მისი მთავარი გზავნილი იყო „ღირსებით ევროპაში“. ამიტომაც ეს ადამიანები იზიარებდნენ ამას. დღეს სხვა ვითარებაა. პროპაგანდა, რომელიც მუშაობს, ადამიანებს სხვა რამეს ეუბნება და ბევრი იჯერებს ან აწყობს ამის დაჯერება. ონორე დე ბალზაკს აქვს ნათქვამი, რომ „ადამიანები ხშირად იმას იჯერებენ, რისი დაჯერებაც მათ სურთ“. პროპაგანდაც მოქმედებს, მაგრამ, პირველ რიგში, მაინც ეს არის პოლიტიკური კულტურის ნაკლებობის შედეგი. ეს გამოიხატება ქცევებში და არასწორ პოლიტიკურ წარმოდგენებში. მაგალითად, ვიღაცამ 2005 წელს დაკარგა სამსახური და დღეს ამბობს, რომ „ოღონდ „ნაცები“ არ მოვიდნენ“ და ყველაფერზე თანახმა არიან. სცემენ თანამემამულეს და ამაზე ურცხვად ამბობს, რომ „ალბათ, საცემები არიან, ტყუილად ხომ არ სცემენ? აბა, მე რატომ არ მცემენ?“ _ ამ ადამიანებს უპირატესობის შეგრძნებაც კი აქვთ ასეთ დროს, რომ თვითონ „აგენტი“ არაა და მათ ადგილზე არ არის.
_ როგორ გახდა შესაძლებელი, რომ მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად აღმოჩნდა რეჟიმის ხელში და არავინ გამოჩნდა, ვინც ამას ღიად დაუპირისპირდებოდა, თუნდაც სასამართლო სისტემაში?
_ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავის დროზე იმუშავა იმისთვის, რომ ასეთი მოსამართლეები ყოფილიყვნენ სისტემაში, რომლებიც მოემსახურებოდნენ მმართველ ძალას, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“. სასამართლოში, პოლიციაში, პროკურატურაში არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან რეჟიმს, სანაცვლოდ მათ აქვთ მაღალი ხელფასები, პრემია-დანამატები. შარშან, 2024 წელს, მაგალითად, საჯარო მოხელეებზე გაიცა დაახლოებით 527 მილიონი ლარის პრემია-დანამატი, აქედან უდიდესი ნაწილი, 70%-ზე მეტი, გაიცა შინაგან საქმეთა სამინისტროზე, პროკურატურაზე, სასამართლო სისტემაზე. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი, ვინც იღებს ამ თანხებს, თავისი პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ იღებს მმართველი ძალისთვის სასურველ გადაწყვეტილებას, რაც ძალიან მძიმე საყურებელია. ვიდრე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ინდიფერენტული დარჩება ამ უსამართლობის მიმართ, ლოგიკით, რომ „ეს მე არ მეხება“, სამწუხაროდ, არაფერი შეიცვლება.
_ ბოლო პერიოდში „ოცნებამ“ 500-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რითაც სრულიად შეცვალა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. თქვენი აზრით, როგორ გახდა შესაძლებელი, რომ ის, რასაც თუნდაც რუსეთში 2 ათეული წელი დასჭირდა, საქართველოში 2 წელიწადში მოახერხა „ოცნებამ“?
_ „ოცნებამ“ როდესაც დაინახა, რომ მას ხელისუფლების შენარჩუნების პრობლემა დაუდგა, თავისი რეალური სახე გამოაჩინა. 2024 წლის არჩევნების წინ მათ არ ჰქონდათ გარანტია, რომ დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებში გაიმარჯვებდნენ. აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს „რუსული კანონის“ მიღება, რათა შეესუსტებინათ სამოქალაქო სექტორი, რადგან თუ სამოქალაქო სექტორი გააკრიტიკებდა, „ოცნებას“ ეთქვა, რომ ისინი აგენტები არიან და მათი რეპუტაცია შელახული ყოფილიყო. მანამდე თუ გარკვეულწილად დასავლეთის შეხედულებებს ითვალისწინებდნენ, ამის შემდეგ მოიხსნეს პასუხისმგებლობა დასავლეთის წინაშე, ლოგიკით, „შეიძლება დასავლეთთან ურთიერთობა გავიფუჭოთ, სამაგიეროდ, ხელისუფლებას შევინარჩუნებთ, მთავარია, ხელისუფლება შევინარჩუნოთ ნებისმიერ ფასად“. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად დაუახლოვდნენ ჩინეთს, არაბთა საემიროებს. ამას დაემატა, ალბათ, ისიც, ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დასავლეთმა წაართვა ფული. როგორც თვითონ აკონტროლებს აქ ინსტიტუციებს, გადაწყვიტა, რომ დასავლეთშიც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ანალოგიურტად აკონტროლებს სასამართლოს, საბანკო სისტემას, რომელმაც, ასე ვთქვათ, წაართვა ფული მას. ახლა ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის შურისძიებას დასავლეთზე, რომ თუ არ მიხდით ფულს, მაშინ მე თქვენ არ გაღიარებთ. მისი ხელქვეითებიდან ვერავინ უბედავს შეეწინააღმდეგოს და უთხრას, რომ ეს დამღუპველი იქნება საქართველოსთვის.
_ დასავლეთის სანქციების პარალელურად ივანიშვილი ცდილობს ხალხისგან ამ ფულის ამოქაჩვას, ეს გამოიხატება როგორც ჯარიმებში, ასევე ფასების ზრდაში. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პროცესის გაგრძელება?
_ სანქციები მუშაობს, ბუნებრივია. საბანკო ბარათი რომ დაებლოკება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს, ეს რაღაც გავლენას მოახდენს მასზე. ასე მგონია, რომ ცოტა უფრო ძლიერი სანქციების შემთხვევაში, როცა უკვე ბურთი დასავლეთის მოედანზე იქნება, შემდეგ უკვე დასავლეთმა წაუყენოს მოთხოვნები, რომ არჩევნების დანიშვნისა და ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნების სანაცვლოდ სანქციებს მოხსნის.
_ ფიქრობთ, რომ შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები?
_ შესაძლოა, ამიტომ, ჩემი აზრით, სანქციები აუცილებელია.