QronikaPlus
მურმან დუმბაძე: „ივანიშვილთან შეუთანხმებლად თორნიკე რიჟვაძეს ქვეყნიდან ვერ გაიყვანდნენ“

მურმან დუმბაძე: „ივანიშვილთან შეუთანხმებლად თორნიკე რიჟვაძეს ქვეყნიდან ვერ გაიყვანდნენ“

2025-07-16 10:35:22

თამარ სანაძე

საგარეჯოში სტუმრად მყოფმა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა მასპინძლის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ალეკო ახვლედიანის იარაღით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანისას იგი გულმკერდის არეში იყო დაჭრილი. თორნიკე რიჟვაძე ჯერ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში სპეციალური ვერტმფრენით გადაიყვანეს.

რიჟვაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მურმან დუმბაძე:

_ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საგარეჯოში თვითმკვლელობა სცადა, შემდეგ სამთავრობო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედდამ მის ჯიბეში ნახა წერილი. როგორ ფიქრობთ, რა მოხდა საგარეჯოში?

_ ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლო ის, რომ საკითხები, რომლებიც სასამართლო დარბაზში უნდა გადაჭრილიყო, ირჩევა კერძო პირების მიერ, კერძო მისამართებზე. ეს არის კრიმინალური ბანდა და ამ დაჯგუფების წევრები ერთმანეთში რას იყოფენ და რას _ არა, ეს ნაკლებად საინტერესოა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ამ ხელისუფლების შემდეგ როგორი ხელისუფლება გვეყოლება და შევძლებთ თუ არა იმას, რომ ვისაც არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება,   დავაკისრებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობებს? აი, ეს არის მთავარი ამოცანა.

ვფიქრობ და ასეცაა, რომ თორნიკე რიჟვაძე არის ამ კრიმინალური სინდიკატის წევრი. დანარჩენი დეტალები წერილზე, დაწერა თუ თავად ისროლა თუ სხვამ ესროლა, ეს ჩემთვის მეათეხარისხოვანია. შედეგი დამდგრია და ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს.

_ წერილში ნახსენებია დავით რიჟვაძე, _ მე და მამაჩემი დავიღალეთო, _ რიჟვაძე წერდა, რომ აბრალებენ კორუფციას და ბარიგების მფარველობას... მამამისის ფაქტორი რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხში?

_ თორნიკე რიჟვაძის მამას ვიცნობ ასლან აბაშიძის დროიდან მოყოლებული. ის იყო პოლიციელი მარბიელი ყველა ხელისუფლების დროს. აბაშიძის დროს მარბიელი იყო, მიშას ხელისუფლების დროს მარბიელი იყო; ბიძინა ივანიშვილის დროს მოუწია შემთხვევითი თანამდებობა და მარბიელობის პოზიციიდან გადავიდა ფინანსურ მაგნატობაზე. ეს კაცი არის ავაზაკი და კარგი ხელისუფლების პირობებში, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში, ის უნდა იყოს თავისუფლება აღკვეთილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებებმა ვერ ივარგეს. ამიტომ ვებრძოდი წინა ხელისუფლებას, ვებრძვი დღევანდელ ხელისუფლებას და აბაშიძის ხელისუფლებასაც ვებრძოდი. თუ ჩვენ სახელმწიფოს ვაშენებთ, მაშინ ბანდიტები არ უნდა მუშაობდნენ საჯარო სამსახურში და, მით უმეტეს, პოლიციის რიგებში. მიმაჩნია, რომ რიჟვაძის დანიშვნა ამ თანამდებობაზე იყო ღრმა პოლიტიკური შეცდომა. მამამისის დაწინაურება ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ეს კიდევ უფრო ღრმა შეცდომა იყო.

ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც გადავდგი 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, როცა ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, მივედი მასთან ოჯახში, რადგან ის კაბინეტიდან არ მართავდა ქვეყანას. მივედი მასთან თბილისში, შუშებიან სახლში, გადავეცი სია იმ პოლიციელებისა, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლებულიყვნენ სამსახურებიდან, რადგან ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის დროს ეს ადამიანები არ იქცეოდნენ ისე, როგორც უნდა მოქცეულიყვნენ პოლიციელები, ისინი იქცეოდნენ ისე, როგორც მარბიელები. იმ სიის სათავეში, რომელიც მაშინ ივანიშვილს გადავეცი, იყო თორნიკე რიჟვაძის მამა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ის კი არ გაათავისუფლა, დააწინაურა და ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი გახადა. მამა-შვილმა შექმნა ორგანიზებულ დამნაშავეთა ბანდა, რომელმაც უზარმაზარი ფული აკეთა და ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოზე ეფიქრა, დიდი ფულის გაკეთებაზე იზრუნა. დიდ ფულს მოჰყვება ის, რაც მოხდა საგარეჯოში. ეს არის და ეს.

_ რას გეუბნებათ ის ფაქტი, რომ რიჟვაძე მამასთან ერთად ჩავიდა საგარეჯოში? როგორ ფიქრობთ, რა მიზნით იქნებოდნენ ჩასულები ახვლედიანთან?

_ ფაქტი, რომ რიჟვაძე იქ მამის გარეშე არ ჩავიდა, ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ რიჟვაძე არ არის დამოუკიდებელი პიროვნება. თანამდებობებზე სხვებიც ყოფილან, მაგრამ მამისა და დედის გარეშე აკეთებდნენ საქმეს. მიდიოდა ის სახელმწიფოსთან დაკავშირებულ საქმეებზე და ის იქ მამის გარეშე არ წავიდა. არასდროს აღვიქვამდი თორნიკე რიჟვაძეს, როგორც მთავრობის მეთაურს. ის არის სრულიად შემთხვევით ქუჩიდან მოსული ადამიანი, რომელიც გახდა მთავრობის თავმჯდომარე. აჭარას ამ 6-7 წლის განმავლობაში მართავდა რიჟვაძის მამა. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, მამა-შვილის მეშვეობით იმართებოდა აჭარა. რიჟვაძის გადაწყვეტილებებსა და მის პოლიტიკურ განზრახვებში მთავარი პირი იყო მამამისი.

_ რიჟვაძე ღამის ორ საათზე გაიყვანეს კლინიკიდან და სპეციალური ვერტმფრენით გადაიყვანეს სტამბოლში. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა განაცხადა, რომ ეს იყო მშობლების გადაწყვეტილება. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

_ თორნიკე რიჟვაძეს ვერ გაიყვანდნენ ქვეყნიდან, ბიძინა ივანიშვილთან რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. თუ ივანიშვილი გადაწყვეტდა, რომ რიჟვაძე უნდა ყოფილიყო საქართველოს საავადმყოფოში, ის იქნებოდა აქ და დარჩებოდა მასთან ტყვეობაში. მან თავი დაიზღვია, რადგან, მადლობა ღმერთს, თორნიკე რიჟვაძე გადარჩა, საზოგადოების დიდი ინტერესია და რაღაც ამბები გამოძვრებოდა ამ საავადმყოფოდან. თურქეთის კლინიკებში კი ქართველ ჟურნალისტებს ნაკლები შანსი ექნებოდათ თორიკე რიჟვაძესთან. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ის მოაცილეს დედაქალაქს.

რამდენადაც ვიცი, აქაური სამედიცინო პერსონალი გარანტიას აძლევდა სიცოცხლის შენარჩუნებაზე. არ ვფიქრობ, რომ ეს მარტო ოჯახის გადაწყვეტილებით მოხდა. რა თქმა უნდა, ოჯახის სურვილიც იქნებოდა, რომ უფრო საიმედო ხელში ყოფილიყო, მაგრამ დიდი წილი გადაწყვეტილება იქნებოდა ხელისუფლების.

თუ გახსოვთ, 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოში გამოჩნდნენ მოხალისე ბიჭები, რომლებიც ნაომარი იყვნენ ცხინვალში, სოხუმში, ავღანეთში, ადამიანები, რომლებიც სამხედრო სპეციალისტები არიან და ფიქრობდნენ, რომ უნდა დახმარებოდნენ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ადამიანებმა საქართველოს მთავრობას სთხოვეს, რომ გამოეყო მათთვის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მათ უსაფრთხო გაფრენას უზრუნველყოფდა თბილისიდან უკრაინისკენ. საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა. თუკი საქართველოს მთავრობა უარს ეტყოდა მშობლებს თორნიკე რიჟვაძის თვითმფრინავით გადაყვანაზე, მაშინ ის ვერაფრით წავიდოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის თურქეთში გადაიყვანეს მთავრობის ხელშეწყობით.

_ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძის მიმართ „არავის არავითარი პრეტენზია არ გააჩნია“. რა შუაში იყო ამ საქმესთან დაკავშირებით ეს ფრაზა და რაზე მეტყველებს მისი ეს განცხადება?

_ ამ პასუხით ყველაფერი ნათლად ჩანს, რომ პრეტენზიები ჰქონდა რიჟვაძესთან. ვისთანაც არ აქვს პრეტენზია ადამიანს, საერთოდ არ ამბობს ამგვარს არაფერს. რადგან მან ეს თქვა, ე. ი. ჰქონდა პრეტენზია რიჟვაძესთან. მაგალითად, ოდესმე მითქვამს, რომ თქვენზე, ჟურნალისტზე, ქალბატონ თამარზე არ მქვს პრეტენზია-მეთქი, ხომ არასდროს მითქვამს?

კობახიძის ამ პასუხშივე ჩანს და იკითხება, რომ მას ნამდვილად ჰქონდა რიჟვაძესთან პრეტენზია. თუ არ ჰქონდა პრეტენზია, რატომ გაათავისუფლა აგერ, რამდენიმე კვირის წინ კაცი, რომელიც იყო ლიდერთა შორის ლიდერი? მათივე განცხადებით ასე იხსენიებდნენ მას. პირიქით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მინახავს დაწინაურებული საქართველოს ეროვნულ მთავრობაში. რატომ გააგდეს მამაც, შვილიც და მისი უახლოესი მეგობრებიც _ ქალაქის მერი ჩიქოვანი, ქობულეთის მერი ზოიძე და ა. შ.?

პრეტენზია კი არა, ეს არის ბანდიტური გარჩევა ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის, რომელიც უკავშირდება ქონებრივ გადანაწილებას.

ეს ქონებები შეძენილია ერთმანეთის გამოისობით, ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით, მაგრამ ბუნებაა ასეთი, ამ კრიმინალური სინდიკატის სათავეში არის ლიდერი, რომელიც ამ ქონებას, საბოლოო ჯამში, ანაწილებს. ასეა რუსეთშიც, ბელარუსშიც, ასეა ჩრდილოეთ კორეაშიც. ეს სინდიკატები ერთნაირად იმართება, ანუ ასეთი სისტემები ერთმანეთს ჰგავს. უნდა ეშინოდეს არა მარტო თორნიკე რიჟვაძეს, არამედ იმ ხალხისაც, ვისაც ცუდი აქვს ნაკეთები, _ ბიძინა ივანიშვილი ყველას ყველაფერს მოსთხოვს. ამიტომ მათ უნდა გააკეთონ განცხადებები და „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდნენ.

_ ცოტა ხნის წინათ გავრცელდა 17 ევროპული სახელმწიფოს წერილი, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებაა გამოხატული. ეს ძალიან მწვავე განცხადება იყო, როგორ შეაფასებთ ამ წერილს?

_ დღეს ყველაზე გაჭირვებული მოქალაქე არის ბიძინა ივანიშვილი. ამ ქვეყანაზე ყველაზე მეტად მას უჭირს. მას აღარ ჰყავს მოკავშირე. საქართველოს სახელმწიფოს მოკავშირეები ჰყავდა. ქვეყანა იმართებოდა _ კაგად, ავად, ნაკლებად ავტორიტარულად, ერთპარტიულად, ასე თუ ისე, იმართებოდა და იმართებოდა უპირველეს ყოვლისა ჩვენი მოკავშირეების მეშვეობით, მხარდამჭერი რეზოლუციები იყო, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ქვეყნისთვის. დღეს ქართულ სახელმწიფოს მორალური მხარდაჭერა აღარ აქვს.

საქართველოს აღარ ჰყავს ისეთი მოკავშირეები, როგორიც არის საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანია. ეს ის ქვეყნებია, რომლებმაც სახელმწიფოებრიობა შეგვინარჩუნეს. მეტიც, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩიც კი არ უნდათ. ამიტომ ვამბობ, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უჭირს, მას რესურსები ამოეწურა, შიდა კლანურ გარჩევებს მიჰყო ხელი, რომ იქნებ ეს რესურსები შეავსოს.

ხდება ის, რაც აუცილებლად, გარდაუვლად მოხდებოდა. დანარჩენზე მან უნდა იფიქროს. მგონია, რომ გამოსავალი არის არჩევნები. „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, დროებითი მთავრობა უნდა დაინიშნოს და დროებითმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ამ რთული ვითარებიდან გამოძრომის ერთადერთი გზა, რომ ქართული სახელმწიფო გადარჩეს. თუ ქართული სახელმწიფო ვერ გადარჩება და აღმოჩნდება კრასნოდარის გუბერნია, მაშინ გარანტიას გაძლევთ, რომ არა მარტო ქართული სახელმწიფო დაიღუპება, უპირველეს ყოვლისა დაიღუპება ბიძინა ივანიშვილი და მისი კლანი.

_ ქვეყნის გადარჩენის გზებზე საუბრობთ, უნდა შევეხოთ იმ საკითხსაც, რომ ოპოზიცია არ არის ერთიანი. საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაწილს სურს არჩევნებში მონაწილეობა. ეს საკითხი როგორ აისახება პოლიტიკურ პროცესებზე?

_ დიდი საყვედური ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომ ერთიანობა, ერთი შტაბიც კი არ აქვთ. 2012 წლამდე მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში ვიყავით. უამრავი პარტია იყო, რასაკვირველია, ძლიან ბევრი განსხვავებული აზრით, მაგრამ როდესაც ერთიანობაზე ვსაუბრობდით და დავთქვამდით, რომ ერთიანობა უნდა ყოფილიყო, ეს ერთობა მხოლოდ დედაქალაქში კი არ გამოიხატებოდა, ხელოვნების დონეზე გვქონდა ოფისები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბების, ერთობას პატივს ვცემდით.

სამწუხაროდ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და მათმა ლიდერებმა ეს ვერ შევძელით, რაც აისახება მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზეც.

ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. როგორც „ლელო“, ისე გახარიას პარტია დაზარალდება ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღებით.

მოვუწოდებ „ლელოს“ და გახარიას, თუ გადაიფიქრებენ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს იქნება ძალიან კარგი. თუ არ გადაიფიქრებენ, ეს მათ ძალიან დიდ ზიანს მოუტანს.

_ ცოტა ხნის წინათ „რადიო თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დანიგანთან. მან ისაუბრა „ქართული ოცნების“ წერილზე და აღნიშნა, რომ ეს ძალიან ცუდად მიიღო აშშ-მ. სამარცხვინო, მუქარის შემცველი უწოდა ამ წერილს ელჩმა. როგორ ფიქრობთ, რის იმედად ირჩევს „ოცნება“ კომუნიკაციის ამგვარ გზებს პარტნიორებთან?

_ „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ულტიმაუმი წაუყენა, ფაქტობრივად, მაშინ, როცა  ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი პარტნიორი. სწორედ აშშ-ის წყალობით გადარჩა ქართული სახელმწიფო. სამწუხაროდ, უფრო ადრე არ გვყავდა სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი, მოკავშირე. ახლა კი დედამიწა ისეა მოწყობილი, რომ მეტად გაადვილდა სამეგობრო, სამოკავშირეო ურთიერთობების ჩამოყალიბება და როდესაც ამგვარი წერილი იწერება სტრატეგიულ პარტნიორთან, ეს ნიშნავს, რომ ორიენტირი არჩეულია. ბიძინა ივანიშვილმა არა მხოლოდ პოლიტიკურად უნდა აგოს პასუხი, არამედ სამართლებრივადაც! ივანიშვილის ყველაზე დიდი შეცდომა ის კი არ არის, რომ საგარეჯოში რიჟვაძე და მისნაირები რა საქმეებს არჩევენ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველა კრიმინალს, ეს ნაკლებად საინტერესოა. ივანიშვილის უდიდესი შეცდომა და დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული გადაწყვეტილება შეცვალა. საქართველო უნდა იყოს ევროპული ტიპის სახელმწიფო, ამის გადახედვა მოინდომა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ, როდესაც პოლიკტიკური ხელმძღვანელობა შეიცვლება, სამართლებრივად აუცილებლად მოეთხოვება ამაზე პასუხი. მის საქმეებს ერთადერთი კვალიფიკაცია მიეცემა და ესაა სამშობლოს ღალატი.

თუ საქართველოს არ ეყოლება პარტნიორები დასავლეთში, ჩვენ აღმოვჩდებით რუსეთის ხელში. თუ ეს ასე მოხდა, სქართველო რუსულ ორბიტაზე ჩაქვესკნელდება კიდევ რამდენიმე ათეული წელი, რაც სამწუხარო რეალოაა. საქართველოს მოქალაქის აუცილებელი ვალია, რომ ამ პოზიციიდან, ამ რეალობიდან ამოვიდეთ და როგორმე გდავრჩეთ. მე ვინარჩუნებ ოპტიმიზმს და ვფიქრობ, რომ გადავრჩებით. არის ისეთი რაოდენობა ხალხისა საქართველოში, რომ ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას ძალიან მალე მოაშორებს ჩვენს ქვეყანას და გადავრჩებით.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხის მებრძოლი ნაწილის იმედი გაქვთ, როგორ გესახებათ გადარჩენის გზა?

_ იმედს მაძლევს ის ფაქტორი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ მოსწონს „ქართული ოცნება“, ვისაც მოსწონდა, იმათაც უკვე აღარ მოსწონთ, პირად საუბრებშიც ძალიან ბევრი გამოხატავს ამას. ეს ყოველივე გამოიხატება იმით, რომ ჩვენ მათ ლეგიტიმაცია არ მივეცით.

ოპოზიციას ხმების უზარმაზარი რაოდენობა გვაქვს მიღებული, ერთ მილიონამდე ხმა, ამის უკან დგას ამომრჩეველი, ქართველი ხალხი. საქართველოს მოქალაქეობის მქონე უამრავი ადამიანი ცხოვრობს უცხოეთში. თუ საარჩევნო შედეგებს ვნახავთ, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა რაოდენობა იქ, მაქსიმუმ, 7 პროცენტია. ეს მაძლევს იმედს. ამასთან, ჩვენი პარტნიორები „ოცნების“ ხელისუფლებას რომ აკრიტიკებენ, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს მხარს არ უჭერენ. ყველა რეზოლუცია ამას ამბობს, რომ მოიშორეთ „ქართული ოცნება“, დანიშნეთ და ჩაატარეთ წესიერი არჩევნები და ახალი ხელისუფლება დააკომპლექტეთ. ისინი გვეუბნებიან, რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან არის წასასვლელი. ეს ყველაფერი, შიდა და გარე ფაქტორები, შეიკრიბება და ერთ დღესაც გავიღვიძებთ და ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში.

_ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში მკაცრადაა გაკრიტიკებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, თქვენ როგორ შეაფასებთ რეზოლუციის ტექსტს?

_ უმწვავესია. რეზოლუცია 490 კაცის მხარდაჭერით, რამდენიმე ადამიანის წინააღმდეგ, ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. ადმინისტრაციული, ფინანსური, ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს, რომ დაალაგოს ურთიერთობა დასავლეთთან და ის უკვე ვალდებულიცაა, წავიდეს ხელისუფლებიდან.

 

გაზიარება