QronikaPlus
განათლების მინისტრისთვის დასმული კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ გასცა ალექსანდრე ჯეჯელავამ?!

განათლების მინისტრისთვის დასმული კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ გასცა ალექსანდრე ჯეჯელავამ?!

2016-12-11 06:32:49

    პროფესიული განათლების პროფკავშირის თავმჯდომარე, განათლებასა და მეცნიერებაში არსებული პრობლემების შემსწავლელი, წარმომადგენლობითი, საზოგადოებრივი საბჭოს თანათავმჯდომარე დენის დავითაშვილი „ქრონიკა+“-ს განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა. ვინ და როგორ უშლის ხელს მომავალი თაობის პროფესიულ სწავლებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.   დენის დავითაშვილი:   _ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში რადიკალური რეფორმებია ჩასატარებელი. სამწუხაროდ, სამინისტროს წინა შემადგენლობამ ეს სფერო, წინსვლის ნაცვლად, უკან დახია.   _ ბატონო დენის, ფაქტებით ვისაუბროთ, უკანდახევაში რას გულისხმობთ?   _ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: პროფესიული განათლების შესახებ კანონში დღემდე არ არის შეტანილი რადიკალური ცვლილებები, არადა, ის, ჯერ კიდევ, 2015 წლის იანვარში უნდა შესულიყო პარლამენტში. 2014 წლის ბოლოს, მთავრობის გეგმაში ეწერა, რომ განათლების სამინისტროს პარლამენტში კანონპროექტი უნდა შეეტანა პროფესიული განათლების შესახებ, სადაც ყველა ის საჭირბოროტო საკითხი იქნებოდა გათვალისწინებული, რაც ამ სფეროში, „ნაციონალური“ ხელისულების უნიათო მოღვაწეობის შედეგად გაჩნდა, მაგრამ განათლების ყოფილმა მინისტრმა, თამარ სანიკიძემ და პარლამენტის განათლების კომიტეტმა ვერ შეიმუშავეს ეს კანონპროექტი. ჯერ კიდევ 2014 წლის მარტში, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის ერთადერთი ამოცანა იყო ამ კანონპროექტის შემუშავება, მაგრამ 2014 წლის აგვისტოდან კომისიამაც შეწყვიტა მუშაობა და დღემდე არ შემდგარა კომისიის არც ერთი სხდომა.   _ რატომ შეწყვიტა მუშაობა?   _ ცხადია, ის მტკივნეული საკითხები განვიხილეთ, რაზეც ყურადღება უნდა ყოფილიყო გამახვილებული. შემდეგ კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ამას იურისტებს გადასცემდა და კანონპროექტს ისინი შეასხამდნენ ხორცს, მაგრამ ამის შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა და კანონპროექტის შემუშავება მაინც ვერ მოხერხდა.  რატომ მოხდა ასე, ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით, ამ პროცესებიდან ახლად დანიშნულ მინისტრს ვმიჯნავ, თუმცა ფაქტია, რომ სანიკიძის განთავისუფლების შემდეგ მისი სამივე მოადგილე კვლავ ინარჩუნებს თანამდებობას. სამინისტროში ნაკლებად ჰყავთ პროფესიული განათლების მქონე კადრები და იურისტებიც ძალიან დაბალი კვალიფიკაციის არიან. მათ არ იციან, როგორ ჩაატარონ რეფორმები, ამიტომ ხან ესტონურ მოდელს ეცემიან, ხან _ ფინურს და ა. შ. ახლა გადაწყვიტეს, რომ გერმანული მოდელი დანერგონ. გერმანული განათლების სისტემა ძალიან კარგია, მაგრამ ის ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში მუშაობს, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, შვეიცარია. საქართველოში ეკონომიკა რა მდგომარეობაშიც არის, ყველამ კარგად იცის. აქ ძალიან მწირია დამსაქმებლების რაოდენობა. პროფსასწავლებლებში საწარმოების თანამშრომლებმა პრაქტიკებს უნდა უხელმძღვანელონ და სწავლების თანამედროვე მეთოდიკას ისინი უნდა ფლობდნენ. ჯერ ერთი, ჩვენთან ასეთი სპეციალისტები საწარმოებში არ გვყავს და მით უფრო, გერმანული მოდელის მიხედვით, სწავლების ორი მესამედი წარმოებებში ტარდება. გერმანული სისტემის კოლეჯებში სწავლების დროის ერთი მესამედი თეორიას ეთმობა, ორი-მესამედი კი _ წარმოებაში პრაქტიკას.   წელს განათლების მინისტრის მოადგილე ნატრიაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტი მზად აქვთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც პრემიერმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ გერმანული, დუალური სისტემა უნდა შემოვიდეს, ყველაფერი უნდა შეიცვალოს და გერმანულ მოდელზე გადავეწყოთ. ეს გახლავთ სრული აბსურდი და ნატრიაშვილის არაპროფესიონალიზმი. ეს ქალბატონი 4 წლის განმავლობაში კურატორობდა პროფესიულ განათლებას, ფინანსებს, ის გახლავთ ყველა კანონპროექტის საპარლამენტო მდივანი და ამიტომაც ვართ ამ დღეში.   _ მხოლოდ ნატრიაშვილის ბრალია, განათლების სისტემაში რაც კი ნეგატიური ხდება?   _ ყოფილმა მინისტრმა თამარ სანიკიძემ, რომელიც თავისი გუნდით იყო მოსული, დადებითი კუთხით ვერაფერი შეცვალა და პრემიერმა ამიტომ გაათავისუფლა. მოვიდა ახალი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. მოველოდით, რომ ის ახალ გუნდს მოიყვანდა, მაგრამ, ჯერჯერობით, სანიკიძის გუნდის წევრები თანამდებობებზე დატოვა და მათი განთავისუფლების საკითხი არ დაუყენებია. თუ სანიკიძის გუნდმა ვერ ივარგა, ვერანაირი რეფორმა ვერ ჩაატარა, ახლა რას გააკეთებს? როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დატოვება? ისევ კოჰაბიტაცია ხომ არ გრძელდება? ეს კითხვები, ცხადია, საზოგადოებაში არსებობს, მით უფრო, რომ სისტემაში არიან ნამდვილი პროფესიონალები, მართვის ნიჭით დაჯილდოებულები, რომელთა დანიშვნაც მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ბევრად უფრო გამართლებული იქნებოდა. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაც არის _ 40-50 წლის.   პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, პრინციპული პიროვნებაა და, ჩემი აზრით, არ დაუშვებს, სამინისტრომ კვლავ ერთი ადგილი ტკეპნოს. ის ვალდებულია, საპარლამენტო კონტროლი გაუწიოს ამ სისტემას და რეფორმები გაატაროს, რასაც დიდი ხანია, პროფესიული განათლების წარმომადგენლები  ელოდებიან. ამ საქმეში, რასაკვირველია, გვერდით დავუდგებით, მაგრამ მათ დარგის ძველი კურატორები ვერ დაეხმარებიან. იმედია, ამას მიხვდებიან ჯეჯელავაც, ჯაშიც და შესაბამის ზომებს მიიღებენ. სხვანაირად, დადებითი შედეგი არ იქნება. რეფორმა ამ სფეროში, კონკრეტულად კი პროფესიულ სასწავლებლებთან მიმართებით, სასწრაფოდ გასატარებელია.   _ კიდევ რა ხდება პროფესიულ სასწავლებლებში, კოლეჯებში ისეთი, რომ რეფორმის სასწრაფოდ გატარებას ითხოვთ?   _ დღემდე კოლეჯების პედაგოგებს არაერთგვაროვანი ხელფასები აქვთ. ზოგს ერთ საათში უხდიან 8 ლარს, ზოგს _ 22 ლარს. არაერთხელ დავაყენე ეს  საკითხი მინისტრ სანიკიძესთან და მის მოადგილესთან, ასევე საფინანსო დეპარტამენტის უფროსთან, _ გამარკვიეთ, რა ხდება, პედაგოგებს, რომელთაც ერთნაირი უმაღლესი განათლება აქვთ, ერთნაირ კოლეჯებში ერთსა და იმავე საგნებს ასწავლიან, რატომ აქვთ განსხვავებული ხელფასები-მეთქი? მათი პასუხები იყო გაუგებარი და გაუაზრებელი. სულ ვფიქრობდი და ვერ გამეგო, ესენი ნორმალური ადამიანები იყვნენ, თუ „საბოტაჟნიკები“? ამის მიზეზად მივიჩნევ, რომ სამინისტროს ხელმძღვანელებს, კონკრეტულად კი მინისტრის მოადგილეს, რომელიც ამ სფეროს კურატორობს, პიროვნული დამოკიდებულებები აქვს კონკრეტული კოლეჯების ხელმძღვანელების მიმართ და მათ ამის მიხედვით აფინანსებს. ცხადია, ეს დაუშვებელია! კოლეჯებსა და პედაგოგებს შორის განსხვავება როგორ შეიძლება?! ანუ დირექტივა, მიდგომა უნდა იყოს სამინისტროდან და დირექტორებმა უნდა მოითხოვონ ანაზღაურება პედაგოგებისთვის _ საათში 15 ლარი. ასეთ შემთხვევაში აღარ იქნება ის ქაოსი, რაც ამჟამად არის შექმნილი. ახლა, რომელ დირექტორსაც რამდენი უნდა, ისე აძლევს კოლეჯის პედაგოგს ხელფასს და ეს უნდა დასრულდეს. თქვენ იცით, რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სკოლის პედაგოგების ხელფასების გაზრდას და, ამ დროს, კოლეჯების პედაგოგების ხელფასების გაზრდაზე არავინ საუბრობს. მთის კანონის მიღების შემდეგ პროფსასწავლებლების პედაგოგებს ამ რეგიონებში მხოლოდ ჩვენი ჩარევის შემდეგ მოუმატეს ხელფასი.   _ იქნებ, უკეთ ამიხსნათ, ვინ ქმნის ამ ქაოსს, _ მინისტრის მოადგილე, რომელიც ამ სფეროს კურატორობს, თუ კოლეჯის დირექტორები?   _ დირექტორები ამბობენ, რომ სამინისტრო შესაბამისად არ აფინანსებს. ასეთ შემთხვევაში გაუგებარია, რისთვის არსებობენ შესაბამისი დეპარტამენტები? მათ ზუსტად უნდა იცოდნენ, რამდენი საათი ტარდება ლექციები თითოეულ კოლეჯში, გადაიანგარიშონ 15 ლარზე და ყველას გამოუყონ იმდენი, რომ ერთგვაროვანი ხელფასები დაურიგდეთ. „თევზი თავიდან ყარს“. სფეროს კურატორმა, მინისტრის მოადგილემ, საფინანსო სამმართველომ კოლეჯებზე კონტროლი უნდა განახორციელონ, რაც არ ხდება. გარდა ამისა, პროფესიული პროგრამები უმაღლეს სასწავლებლებში არ უნდა ხორციელდებოდეს. ამისთვის არსებობს პროფესიული კოლეჯები და ეს ქსელი უნდა განვითარდეს. უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს თეორიული ცოდნის კარგად გადაცემის უნარი აქვთ, მაგრამ ისინი ვერ ასწავლიან ხელობას: ღებვას, სანტექნიკოსობას და ა. შ. აქედან გამომდინარე, უმაღლესი სასწავლებლების პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულები ვერ საქმდებიან და ასე ნიავდება საბიუჯეტო თანხები. აი, ამას უყურებდნენ გულდამშვიდებულები ბუღალტერი სანიკიძე და უცხო ენების მასწავლებელი ნატრიაშვილი. პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების მხოლოდ 20-25 პროცენტი თუ არის დასაქმებული, არადა, მათ მომზადებაში ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა გაიფლანგა.   _ მოდულური პროგრამების დანერგვით არაფერი გამოსწორდა? დამსაქმებლები რას ამბობენ?   _ დამსაქმებლები თუ კადრების მომზადების ხარისხით კმაყოფილები იქნებოდნენ, წესით, ხელფასებიც უნდა გაეზარდათ პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულ დასაქმებულთათვის. ეს იყო მოდულურ პროგრამებზე გადასვლის ამოცანა. ამიტომ ვამბობ, ახალმა მინისტრმა ჯეჯელავამ ამ სისტემაში და კონკრეტულ სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგი უნდა დაამყაროს. ჩვენ მზად ვართ, მას გვერდით დავუდგეთ. ჩვენი გუნდის წევრები მივიჩნევთ, რომ პროფესიულ განათლებაში ჩვენც გვეთქმის სიტყვა. ყოფილ მინისტრ სანიკიძეს და ნატრიაშვილს არ აწყობდათ მცოდნე ხალხი, კვალიფიციური ექსპერტები, რადგან მათი ნაკლოვანებები სააშკარაოზე გამოგვქონდა.   პარლამენტში, მინისტრის კანდიდატურის განხილვის დროს, ალექსანდრე ჯეჯელავას ვკითხე, აპირებდა თუ არა თავისი განახლებული გუნდის მოყვანას? არ მიპასუხა. ასევე ვკითხე, სამართლიანობის აღდგენას თუ აპირებდა იმ 26 კოლეჯთან დაკავშირებით, რომელთა უკანონო ლიკვიდაციაც მოხდა შაშკინის ბრძანებით. ამასთან დაკავშირებით მიპასუხა, _ თუ დაკვეთა იქნება კონკრეტული დამსაქმებლებისგან, აღვადგენთო. საქმე ის არის, რომ, ჯერ კიდევ, 2013 წლის 19 აპრილს მაშინდელ განათლების მინისტრ მარგველაშვილს სპეციალურად შექმნილმა  კომისიამ დაუსაბუთა, რომ 26 კოლეჯი ახლიდან უნდა დაფუძნებულიყო. ამ საკითხების განხილვისას სამინისტროში ჩამოვიდნენ გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები, კონკრეტული დამსაქმებლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ გაუქმებული კოლეჯების აღდგენას. მაგალითად: კასპის ცემენტის ქარხნის ბაზაზე კოლეჯის ახლად დაფუძნებას; ზესტაფონის კოლეჯის დაფუძნებას, რომელსაც კადრები უნდა მოემზადებინა ზესტაფონის ფეროს ქარხნისთვის; ითხოვდნენ კოლეჯებს ჭიათურაში, ტყიბულში, ბოლნისში, ზუგდიდში, რუსთავში, ხაშურში რკინიგზის მშენებლობისთვის და სხვა რაიონებში. საქართველო აგრარული ქვეყანაა და ჩვენ ბრწყინვალე სასოფლო-სამეურნეო, პროფესიული კოლეჯები გვქონდა, მათ შორის, დიდ ჯიხაიშში. სოფლის მოსახლეობას მიწის ნაკვეთები აქვს, მაგრამ მამები უკვე მოხუცდნენ, შვილები კი არ მუშაობენ. სწორედ მათ უნდა ესწავლათ ხელობა ამ კოლეჯებში და თავის ნაკვეთებზე მუშაობა დაეწყოთ, რათა მაღალი ხარისხის პროდუქცია მიეღოთ. რეალიზაციის შედეგად ისინი მშობლებსაც არჩენდნენ და საკუთარ თავსაც. უკვე 3 წელია, ეს მოთხოვნაა, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენიათ. ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ ერთადერთი კოლეჯი დაფუძნდა წინამძღვრიანთ კარში. ნოემბერში იქ უკვე დაიწყო სწავლა, დანარჩენი 25 კოლეჯის საკითხი კი გადასაწყვეტია. მათ შორის მოსე თოიძის ისტორიული კოლეჯის ბედიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.   _ ახალმა მინისტრმა არ იცის, რომ ასეთი მოთხოვნები უკვე არსებობს?   _ როგორც ჩანს, მას ამას უმალავენ. შეხვედრაზე, სადაც ამ საკითხზე ვკითხე, შესაძლებლობა არ იყო, დამატებითი კითხვები დამესვა. 9 დეკემბერს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის, განათლების სამინისტროსა და ჩვენი თაოსნობით, მეცნიერებათა აკადემიის მონაწილეობით კონფერენცია ტარდება, სადაც ასევე საუბარი იქნება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, პროფესიულ განათლებაში ჩასატარებელ რეფორმებზე და გერმანული, დუალური სისტემის შემოღება-დანერგვაზე. კონფერენციას დაესწრებიან ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებიც. ეს პრემიერ-მინისტრის პროექტია, ამიტომ უნდა მოვიდნენ და რეალური ვითარება მოისმინონ. პირველ რიგში კი ეს ეხება განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას.   დღის წესრიგში 4 მოხსენება გვაქვს: მეცნიერებათა აკადემია მთავრობის მრჩეველია ყველა საკითხში და აკადემიკოსი რამაზ ხუროძე მეცნიერების როლზე ისაუბრებს პროფესიული განათლების სრულყოფასა და განვითარებაში. მეც გამოვალ მოხსენებით და ვისაუბრებ, რა არის საჭირო გერმანული, დუალური სისტემის დანერგვისთვის. საუბარი იქნება მასმედიის როლზე პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის; აგრეთვე, გათვალისწინებულია სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტარენტის უფროსის მოხსენება ამჟამად არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე. გაიმართება დისკუსიაც. ამ საქმეს ჟურნალისტების მიერ პოპულარიზაცია სჭირდება _ თითოეულ კოლეჯთან მიმართებით ჟურნალისტური კვლევა უნდა ჩატარდეს. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა გახდეს. კოლეჯების წინსვლით ქვეყანაში გაძლიერდება წარმოებები, ბიზნესი და გაუმჯობესდება გარემო. ამას სჭირდება საზოგადოებრივი ჩართულობა. სახელმწიფო, მინისტრი ამბობს, რომ პროფესიული განათლება პრიორიტეტია, რომ კოლეჯების დაფუძნებას აპირებენ, მაგრამ ბიუჯეტი მხოლოდ 2 მილიონით გაზარდეს პროფესიული განათლების პედაგოგებისთვის. არ ჩანს, რომ ამის გაკეთება ნამდვილად უნდათ და მასზე სერიოზულად ფიქრობენ. ასევე, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მხოლოდ 3 მილიონს უმატებენ. ეს თანხა არ ეყოფა არსებული კოლეჯების ბაზების განმტკიცებასაც, არათუ ახლის შექმნას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქალბატონ ნატრიაშვილს, რომელიც ასევე კურატორობს ინფრასტრუქტურის სიპ-ს, არც ერთი პროექტი არ გააჩნია საბოლოო ხარჯთაღრიცხვით. მან არ იცის, მომავალ წელს რომელ კოლეჯებში რა სახის სამუშაოები უნდა შესრულდეს, არანაირი გეგმა არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა, _ როგორ გაიხსნება კოლეჯები თიანეთში, ხობში, რუსთავში, ოზურგეთში, ჩოხატაურში, ზესტაფონში, ჩხოროწყუში, ლაგოდეხში?   კიდევ ბევრი პრობლემაა: კოლეჯში ჩარიცხვამდე აპლიკანტებს ტესტირება უტარდებათ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ის, რომ ახალგაზრდები პროფესიულ სასწავლებელში გამოცდებით ირიცხებოდნენ.   ქვეყანაში მხოლოდ 19 კოლეჯია დამოუკიდებელი და რიგ უმაღლეს სასწავლებლებში პროგრამები ხორციელდება. ცხადია, მთელი თანხების მობილიზაცია ერთი მიმართულებით უნდა ხდებოდეს და დამოუკიდებელი პროფესიული კოლეჯების ქსელი უნდა განვითარდეს, უმაღლესმა სასწავლებლებმა კი თავის საქმეს მიხედონ. კიდევ ერთ მტკივნეულ თემაზე მინდა გესაუბროთ: გაჩნდა აზრი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში ჩასარიცხი და ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი აბიტურიენტების რაოდენობა გადაიხედოს. ვინც უმაღლეს სასწავლებელში ვერ ჩაირიცხება, ისინი პროფესიულ სასწავლებლებში გავუშვათო, რაც თავშივე განუხორციელებელი აზრია.   _ რატომ?   _ ამის მთქმელმა არ იცის, რომ 19 პროფესიულ კოლეჯში არსებული სამოსწავლო ადგილები იმ ახალგაზრდებს არ ჰყოფნით, რომელთაც სურთ, რომ ჩააბარონ და კოლეჯებში ისწავლონ. ეს რომ განხორციელდეს, ჯერ პროფესიული კოლეჯების ქსელი უნდა განვითარდეს რეგიონებში, რათა თბილისი ჩამოსული ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი არ გახდეს. ანუ რეფორმა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. არ ვემხრობი, რომ ტყუილად დაურიგონ ახალგაზრდებს დიპლომები და ისინი შეცდომაში შეიყვანონ. ყველაფერი წინასწარ გათვლილი უნდა იყოს _ მათი პროფესიონალებად აღზრდა და რაც მთავარია, დასაქმება. წინასწარ უნდა იდოს გეგმა, სადაც ეწერება: რამდენი სამუშაო ადგილია საჭირო, რა სპეციალობის ხელოსნები გვჭირდება, რამდენი სამოსწავლო ადგილი გვაქვს ან საჭიროა, რომ გვქონდეს! ამით არ გამოიწვიონ ის, რომ უმუშევართა რიცხვი უფრო მეტად გაიზარდოს.   _ როგორც ვიცი, პირადად თქვენ წლებია, ამ სფეროს სწორი მიმართულებით განვითარებისთვის, რეფორმების ჩატარებისთვის იბრძვით. რატომ არ უნდოდა ხელისუფლებას თქვენ მიერ დასმული საკითხების მოგვარება?   _ რატომ და განხორციელების ცოდნა, უნარი არ გააჩნდათ და მოსმენის კულტურაც არ ჰქონდათ. როგორც ვთქვი, „საბოტაჟნიკები“ და არაპროფესიონალები იყვნენ განათლების სამინისტროს რბილ სავარძლებში მოკალათებულები, რასაც ახალ მინისტრზე, ჯერჯერობით, ვერ ვიტყვი. კანონის წერა არ იციან. დარგის სპეციალისტმა პოზიციები უნდა დააფიქსიროს, იურისტმა კი კანონპროექტს ხორცი შეასხას, მაგრამ აქამდე ეს ვერ გააკეთეს. ძალიან დაბალი დონის, აბსურდული კანონპროექტები შეჰქონდათ პარლამენტში. ახლო მომავალი გვიჩვენებს, ჩვენს შეთავაზებასა და გამოცდილებას როგორ გამოიყენებს სამინისტრო პროფსასწავლებლების რეფორმების გატარებაში.      

                                                                                                                   ნელი ვარდიაშვილი

         

გაზიარება