QronikaPlus
ემიგრანტი, რომელიც არაქართული გარეგნობით ქართულ სტერეოტიპებს ევროპაში ამსხვრევს

ემიგრანტი, რომელიც არაქართული გარეგნობით ქართულ სტერეოტიპებს ევროპაში ამსხვრევს

2016-12-12 09:08:31

20 წელია, ემიგრანტად გერმანიაში წასული ქართველი მათ ყურადღებას თავისი გამორჩეულობით იპყრობს. გერმანელებს რომ ჰკითხოთ, რა იცით საქართველოზეო, აუცილებლად გეტყვიან: ჯუღაშვილი, შევარდნაძე და ინდუაშვილიო. ეს უკანასკნელი სწორედ ისაა, რომელზედაც ახლა მოგიყვებით და თავად რომ ნახოთ, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ გარეგნობით დაგამახსოვრებთ თავს.   მაშ, ასე! თქვენ წინაშეა ფიზიკოსი, რომელმაც საკუთარი ქვეყანა სოციალური პირობების გამო 20 წლის წინათ დატოვა, დღეს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, შუა საუკუნეების რეცეპტით განსხვავებული სპეციფიკის პურს აცხობს და ყოველ წელს სამშობლოში მონატრების გამო ჩამოდის.   გაიცანით ალექს ინდუაშვილი, _ კაცი ჯინსებით, გრძელი თმით და საყურით.   _ ალექს, მოგვიყევი ცოტაოდენი შენზე.   _ ალექს ინდუაშვილი ვარ, უმაღლესი განათლებით, სადიპლომოს დაცვით ვარ ფიზიკოსი, თუმცა ახლა მცხობელად ვმუშაობ, 20 წელია, გერმანიაში ვარ. ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში, წელიწადში ორჯერ მაინც, დედა აქ მყავს, შვილები აქ არიან და, საერთოდ, ჩემი სამშობლოა და ძალიან მიყვარს, თუმცა ძალიან მაღიზიანებს ხოლმე. ყველაზე მეტად კი ის, რომ განათლების დონეა ძალიან დაბალი და ამბიციები _ ძალიან მაღალი.   ფიზიკის მასწავლებლად 12 წლის მანძილზე ვმუშაობდი, მერე შვილები მყავდა გასაზრდელი და სამუშაოდ მომიწია წასვლა. მასწავლებად მუშაობისას ხელფასი 7 ლარი მქონდა, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ იყო.   გატაცებული ვარ სტიმ-პანკის სტილის ნამუშევრების კეთებით, ვუკრავ სხვადასხვა საკრავზე, ხანდახან თოვლის ბაბუობას ვითავსებ, ვაცხობ პურს და ვარ ფიზიკოსი _ არანაირად არ განვსხვავდები სხვებისგან, უბრალოდ, მე მაქვს ინტერესი და ვცდილობ, ჩემში მის დასაკმაყოფილებლად ენერგია ვიპოვო.   _ რა გიყვართ ყველაზე მეტად ადამიანში? რას აფასებთ?   _ იმას, რომ ადამიანია. ადამიანები ვართ განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე. არ მაოცებს არანაირი თვისება ადამიანში. ყველა ადამიანი ჩემნაირია და თუ რამეს უკეთ აკეთებს, ეს იმიტომ, რომ უფრო მეტად განავითარა თავის თავში ის თვისება. მეც შემიძლია გავფრინდე მთვარეზე, ეს შესაძლებლობა რომ მომეცეს, ან ვუკრავდე ვიოლინოზე. მახსოვს, უნივერსიტეტში ბანჯოს უკრავდნენ და ძალიან მომეწონა. ვთქვი, რომ მინდოდა. საკრავი 100 მანეთად ვიყიდე და დაკვრა დავიწყე. თვითნასწავლის დონეზე, ფიზიკოსისთვის, ძალიან კარგი იყო, მერე ტუჩის გარმონიკას შევეჭიდე, მაგასაც კარგად ავუღე ალღო. ძალიან კარგი დუეტი გამომდიოდა მე თვითონ. ფორტეპიანოზეც ვუკრავ ხოლმე, როცა მომინდება. ამიტომ მგონია, რომ პოტენცია ყველას ერთნაირი აქვს _ მკვლელად არავინ იბადება. საზოგადოებაში როგორ და რა პირობებში განვითარდება, ესაა უკვე გადამწყვეტი მისთვის. იმიტომ მიყვარდა ბავშვებთან მუშაობა _ მათ ვძერწავდი. ერთს ვერ მოვერიე მხოლოდ, მაგრამ მთავარს მივაღწიე _ წერა-კითხვა ვასწავლე და აგრესია ჩავუქრე, თუმცა ნაოჭი ვერ გავუჩინე ტვინში.   _ დღეს კონტაქტი გაქვთ რომელიმესთან?   _ კი, ერთ-ერთმა ხმაზე მიცნო. აფთიაქში მუშაობდა. შევედი და როცა უკვე გამოვბრუნდი, მაშინ, _ ალეკო მასწო! _ დამიძახა, _ ხმაზე გიცანითო. 22 წლის ვიყავი, სკოლაში რომ ვმუშაობდი, ახლა 55 წლის ვარ. ამდენი წლის მერე რომ მიცნო, ძალიან გამიხარდა.   _ რა გწყინთ ყველაზე მეტად?   _ ტყუილი. არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან, ყველასგან, იმიტომ, რომ მე თვითონ ვცდილობ, მართალი ვიყო ყველასთან. გამოყენებამდე რომ მიგყავს ადამიანი, ეს უფრო საწყენია. მითხარი პირდაპირ, რა გინდა, დაგეხმარები, მაგრამ ნუ მომატყუებ.   _ ახალ რამეს ხედავთ ყოველ წელს, როცა საქართველოში ჩამოდიხართ?   _ კი, უკან მივდივართ, უფრო ნერვებდაწყვეტილები ვართ. წელს გაზაფხულზე ვიყავი და ახლა შემოდგომაზე _ უკვე ამ პერიოდშია დიდი სხვაობა. უფრო აგრესიულები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სოციალური მდგომარეობითაა გამოწვეული.   _ რა გაინტერესებთ ყველაზე მეტად?   _ კონკრეტულად, ამ ეტაპზე, სტიმ-პანკით ვარ დაკავებული. ეს ვიქტორიულ პერიოდში შემოსული სტილია და საფუძველი ეყრება იმ დროიდან, როცა ინგლისიდან ორთქლზე მომუშავე მექანიზმები წამოვიდა (შტეამ-ორთქლი). ევროპაშიც ახალია, საქართველოში  გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა ფოტოებს, აქ გაკეთებულ ნამუშევრებს და ძალიან გამიკვირდა, გამიხარდა. ჟიულ ვერნის „კაპიტანი ნემო“ („80 000 კილომეტრი წყალქვეშ“) მთლიანად სტიმ-პანკის სტილის ნაწარმოებია.   _ რისგან რას აკეთებ ხოლმე?   _ ყველაფრისგან ყველაფერს. თუმცა მე არ ვარ ხელოვანი. ხელოვნება ეს ნიჭია და მე მოცარტსა და ბეთჰოვენს, პიკასოს ან დალის ვერ შევედრები. ისინიც ხელოვანები არიან და მეც?! _ არაა ეს ასე. ინტერესს ვიკმაყოფილებ, მაგრამ ჩემი ხედვა მაქვს. სარეცხი მანქანის ნაწილები შეიძლება განსხვავებულად დავინახო, შეიძლება პატარა ჭანჭიკი დამჭირდეს და ნახევარი წელი მის ძებნას შევალიო, ან თვითონ გავაკეთო.   _ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში თქვენს ნამუშევრებზე?   _ ისეთივე, როგორიც ჩემზე. ყველა როგორც მე მიყურებს, ისე უყურებს ნამუშევრებს.   _ გამორჩეული ხართ?   _ ყველა ადამიანი გამორჩეულია, მაგრამ მე არ მგონია, რომ განსაკუთრებული ვარ. ახლა გამახსენდა, გერმანიაშიც რომ მაჩერებენ და თმებზე, საყურეებზე აკეთებენ აქცენტს. ერთხელ მაღაზიიდან გამოვდიოდი, ზაფხულ იყო, უკან ვიღაც მომყვებოდა და ამოიოხრა, _ ეჰ, მეც მქონდა ასეთი დიდი თმები ოდესღაცო. შევტრიალდი და ვკითხე, _ რა მოხდა, რატომ შეიჭერი-მეთქი? მიპასუხა, _ გარემოებებმა გამოიწვიაო. _ მერე, ხომ შეგიძლია, ახლაც გქონდეს იგივე და მიეცი თავისუფლება თმებს-მეთქი. ჩემს გარეგნობას ჩვეულებრივად მივიჩნევ. სხვები ფიქრობენ, რომ გამორჩეული ვარ, თორემ მე არ მგონია ეგრე. 1995 წლიდან დავიწყე თმების მოშვება. მერე გაჩნდა პრინციპი _ მე და საზოგადოება, მე მოვერევი თუ ის მომერევა? ძალიან დიდი სკოლა გავიარე _ უგულებელყო ხალხის აზრი და არ მიბაძო შენს მეობელ ზურას, რომელსაც მოკლე თმები აქვს. მე არ ვარ ზურა, ალეკო ვარ. ცხოვრების პრინციპია _ იცხოვრე ისე, როგორც გინდა შენ და არა სხვას. და ვაჯობე _ ისე დავდივარ, როგორც მინდა. თმაც გრძელი მაქვს და 5 საყურე მიკეთია. ამით ვაჩვენე, რომ ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა, თუმცა ეთიკის ნორმების დაცვით, რა თქმა უნდა. შეხედეთ ნებისმიერ ქართველ მეფეს _ თმას და სამკაულებს, ან საბერძნეთის მთავრებს, მაგრამ მათ კაცობა აკლდათ?! საყურეც იგივე სამკაულია, რაც ბეჭედი და სამაჯური. თან არსად წერია, საყურე მხოლოდ ქალებსო.   _ ძალიან კარგი. ნამუშევრებზე გადავიდეთ. გერმანიაში როგორ უყურებენ მას, მოსწონთ?   _ ისე მოსწონთ, რომ ვყიდი კიდეც. თან იქაური ავტორიტეტები ყიდულობენ. ათასნაირი სხვა რამე დგას ხოლმე ბაზრობებზე და მხოლოდ ამაზე მოდიან. ბაზრობაში კი მოვიაზრებ იმ დღესასწაულებს, ან ღონისძიებებს, რაც აქვთ ხოლმე. არის ერთი მესა, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ ტარდება, მივდივარ, როგორც მცხობელი და ჩემი ნამუშევრები მიმაქვს. ასევე ძალიან ცნობილია საშობაო ბაზრობები, რომელიც უკვე მალე იქნება. მსგავსი ბაზრობები ტარდება არა მხოლოდ საშობაოდ, არამედ მთელი წლის მანძილზე, _ შენდება ქალაქი ქალაქში 2-3 დღით, პარასკევი-შაბათი-კვირა. ეს არის შუა საუკუნეების ქალაქი რაინდებით, ცხენებით, ძაღლებით, იქვე ცხვება პური, იკვლება საკლავი, გერმანელებს ძალიან უკვირთ და ახალისებთ ასეთი რამე და იმ დროის რეცეპტებით, იმავე პირობებში ამზადებენ სასმელ-საჭმელს და იმ პერიოდის პროდუქციას. მეც გამაქვს ჩემი შუა საუკუნეების რეცეპტით და მეთოდით დამზადებული პური და ჩემი ნამუშევრებიც. ორივე ძალიან მოსწონთ.   _ რა ძირითადი განსხვავებაა ქართველსა და გერმანელს შორის?   _ ერთი თავი და ორი ფეხი ორივეს გვაქვს, ინტრიგები იქაც ხდება და აქაც, დასმენები იქაცაა და აქაც, წერა-კითხვა იქაც არ იცის ბევრმა და აქაც, მაგრამ ხალხს შორის სოციალურად დიდი სხვაობაა, თვითონ ქვეყნის დონეა მაღალი. ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში და თუ იქ მოწყალების სათხოვნელად გამოდის ვინმე ქუჩაში, ეს მისი არჩევანია, საქართველოში კი იძულებული ხარ, მოწყალება ითხოვო და ბუნკერში ეძებო საკვები. სხვაობაა ის, თუ რამდენად უზრუნველყოფილი და დაცულია საზოგადოება.   _ ვისთვის არ გენანებათ რამე?   _ ალბათ, ადამიანისთვის, ვინც მიყვარს, რაღაც მომენტამდე შვილებისთვის,  მაგრამ ისინიც თუ ზღვარს გადავიდნენ, უკვე არაფერი აღარ მინდა.   _ გყავთ გმირი, რომელსაც ჰგავხართ?   _ მე ვარ თოვლის ბაბუა. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, როცა დედები მოდიან შვილებთან ერთად, შემოჰყოფენ თავს ჩემთან საცხობში და მეკითხებიან, _ თქვენ ხომ ნამდვილად თოვლის ბაბუა ხართ?! ამას ისე მეკითხებიან, რომ უნდა მივხვდე და, _ დიააახ! _ ვუპასუხო. გამოვდივარ გარეთ, დავისვამ მუხლზე ამ ბავშვებს და ვუხსნი, რომ არ მაცვია ისეთი წითელი ტანსაცმელი, ახლა შენიღბული ვარ და სხვა რაღაც მაცვია. მომწონს ეს როლი, ყველაზე კეთილ ადამიანს მადარებენ _ თოვლის ბაბუას, კაცს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ბავშვებისთვის საჩუქრებს ამზადებს, ამაზე კეთილი არავინ მეგულება.   _ საკუთარი თავი იპოვეთ?   _ არა, რატომ უნდა მეპოვა? ვის აქვს ნაპოვნი? ალბათ იმას, ვისაც 25 წლის ასაკში ყველაფერი აუსრულდა: დაოჯახდა, შვილები და მეუღლე ჰყავს, სახლი და მანქანა აქვს, თავისი ადგილი და სიყვარული იპოვა. ხომ არ შეიძლება, მეორეჯერ იპოვო შენი თავი? თუ, რა თქმა უნდა, არ შეცდი პირველ ჯერზე. მე არასდროს ვკმაყოფილდები იმით, რაც მაქვს. სახლი და ქონება არასდროს იყო ჩემი ინტერესი, შინაგანად უნდა განვვითარებულიყავი და ადამიანი სანამ ცოცხალია, სულ რაღაცას ეძებს, ასე რომ, ალბათ, მეც ვიპოვი, საფლავის ქვას რომ დამადგამენ და როცა დავამთავრებ ჩემს ცხოვრებას, ეგ იქნება პოვნა, სანამ ცოცხალი ვარ, სულ ძებნაში ვიქნები.   _ ხელოვანი, რომელიც ძალიან და გამორჩეულად გიყვართ...   _ სალვადორ დალი. შესანიშნავია მისი ნახატები, მხოლოდ დალია ის, რაც ჩემი მგონია და შესანიშნავი. ფანტაზია აქვს ულევი, სავსეა, ჭრელია, მსუყეა ფერებშიც და შინაარსშიც.   _ შინაგანად რამდენი წლის ხართ?   _ 22-23 წლის. ალბათ, ამ ასაკში დავრჩი.   _ რა გგონიათ, რა არის თქვენი სავიზიტო ბარათი?   _ საყურეები და თმა, იმიტომ, რომ საყურეებმა, ალბათ, უკვე ყველანაირ კრიტიკულ მომენტს გადააჭარბა, რადგან გერმანიაში მაჩერებენ უკვე და ქალები მეკითხებიან, სად ვიყიდე და როდის. ეს მაშინ, როცა იქ, ჩვეულებრივ, არ ხდება ასეთი რამე, არავინ გაჩერებს და არ გეკითხება, რა სად იყიდე. იქ ყველაფერია და ყველამ იცის, რა სადაა, მაგრამ ამ საყურეებზე ყველა მეკითხება, თმაზე კი რა უნდა ვთქვა? _ მიყურებენ, მატრიალებენ, მეუბნებიან, _ ეს ნაწნავი ვიციო. ჩემი თმაა ჩემი სავიზიტო ბარათი.   _ სირთულეები, რომლებსაც გადააწყდით...   _ მთელი 20 წლის მანძილზე ყოველდღე მქონდა სირთულეები. მე იქ ვმუშაობ და ეს ყოველთვის დაკავშირებულია სიძნელესთან. გარკვეული გეგმით ჩავედი, ვიცოდი, რომ იქ ლეგალურად უნდა დავრჩენილიყავი და უნდა მეპოვა სამუშაო, უნდა მესწავლა ენა. იქ არავინ მელოდებოდა და არც ახლა მელოდება არავინ, მეგობრები კი არიან, მაგრამ ოჯახს ვგულისხმობ.   _ რას შეცვლიდით, საშუალება რომ გქონოდათ?   _ არ წავიდოდი. საშუალება რომ არ მქონდა, მაგიტომ წავედი იქ, არც ვარ სულ წასული, ყოველ წელს ჩამოვდივარ. მაღიზიანებენ ადამიანები, რომლებიც 3-5 წლით არიან წასულები, მერე ჩამოდიან და ვითომ ქართულად ვერ ლაპარაკობენ, სახელ-გვარს იცვლიან და ამბობენ, _ მე ინგლისურად დაგელაპარაკებით, ქართულად რომ არ შემეშალოს რამეო. ვის აკვირვებ დღეს ინგლისურით?! 20 წელია, წასული ვარ, თუმცა ლექსიკურად საუბრისას არაფერი მეშლება და არც სიტყვები მავიწყდება, არც გერმანული აქცენტი მაქვს. ადამიანი რა ენაზეც საუბრობ თავიდან და რაც არის მშობლიური, 5 წლის მერე რომ ვეღარ/აღარ ილაპარაკებ, ეს კარგი ტონი სულაც არაა, ჩემი აზრით.   _ რა არის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში?   _ უმუშევრობა, როცა ადამიანს არ აქვს საქმე და მისი პოტენციალი არ იხარჯება, იგი ვეღარაა პროდუქტიული. ადამიანი უნდა დაიხარჯოს, იმიტომაა დაგეგმილი ის 8-საათიანი სამუშაო დრო, რომ გამოიყენოს, უნდა დაიღალოს და მერე უკვე ხელახლა ივსება. როცა უმუშევარი ხარ, არ იცი, სად წაიღო შესაძლებლობები, ენერგია, პოტენციალი, მაგრამ როდესაც სოციუმში ხარ სადმე, ვისთანაც უნდა მუშაობდე, ყოველ ადამიანთან ურთიერთობა რაღაც ახალს გაძლევს, ხასიათსაც გიკეთებს, გაცვლა ხდება  ენერგიების წრეა. ადამიანმა თუ არ იმუშავა, ის არ დაწყნარდება.   _ გერმანელებს საქართველს როგორ აცნობთ? საერთოდ, რამე იციან ჩვენს ქვეყანაზე?   _ კი, იციან: სტალინი, ედუარდი და მე _ ინდუაშვილი. მე არ დავდივარ პოსტერით ხელში და არ ვყვირი, რომ ქართველი ვარ, ჩემს სფეროში პატარა მეწარმე ვარ, მაგრამ ჩემი მომხმარებელი მყავს და მუდმივი კლიენტები, რომლებმაც იციან, რომ გერმანელი არ ვარ. ეს ისედაც ცხადია, არ ვგავარ გერმანელს. როცა გაკვირდებიან, მერე შემოდიან კონტაქტში და 5 წლის მერე აღმოჩნდება, რომ 1300 მეგობარი გყავს სოციალურ ქსელში. შესაბამისად, მათ შენს წარმომავლობაზეც იციან.   _ შვილებისთვის ყველაზე ღირებული რა გისწავლებიათ?   _ დროის ფასი. ყველაფერი შეგიძლია დააბრუნო, დროის გარდა. თუ ის წავიდა, ვეღარ გამოეკიდები, ბევრი რამე შეიძლება დააბრუნო, დააწებო, შეაკეთო, მაგრამ დრო _ არა.   _ მომავალში რას აპირებთ, რა გეგმები გაქვთ?   _ აქ ვმუშაობ სტიმ-პანკზე და მივდივარ საშობაო ბაზრობებზე. ვგეგმავ, ისე გავაგრძელო, როგორც დავიწყე, ცხოვრების ნახევარი უკვე გავლილი მაქვს, ახლა დინებას მივყვები. ვცდილობ, რომ მივყვე და ცოტა დავმშვიდდი. უკვე „ოდინი“ ვარ, დავამთავრე ბრძოლა და მაღლა ვზივარ, აწი ჩემთან მოდიან ნაბრძოლები, ვიკინგები.   _ რა ასაკში ჰყვარებია „ოდინს“ ყველაზე მეტად?   _ 16-დან 20 წლამდე, ძალიან სტანდარტულია. მერე, უბრალოდ, ზღაპრების აღარ გჯერა, სიყვარული არის ტკივილი. გტკივა და ეს სულაც არაა სასიამოვნო, სასიამოვნო ტკივილი კი მხოლოდ მაზოხისტებს აქვთ. მუცელში პეპლების ფრენის მერე იწყება ნერვების მოშლა. მაგრამ უნდა შეეგუო.   _ რა გიხარიათ ყველაზე მეტად?   _ კარგი, მზიანი ამინდი.   _ რა არის თქვენი გზავნილი საზოგადოების მიმართ?   _ ყველამ თავისი გზა და თავი იპოვოს, გაიღვიძონ და მიხვდნენ, თუ რისთვის ცხოვრობენ, რატომ თენდება დღევანდელი დღე. მე მაქვს ჩემი მიზანი _ დავასრულო ის, რაც დავიწყე.   _ ვინ არის ალექს ინდუაშვილი?   _ ფიზიკოსი, მუსიკოსი, ინჟინერი და თოვლის ბაბუა, არ ვიცი, რა გამოვიდა, ალბათ, რვაფეხა.   _ რას დაამატებდით?   _ ქართველებო, ისწავლეთ გზაზე მოძრაობის წესები!           ალექსი უკვე გერმანიაშია და მოახლოებული საშობაო ბაზრობისთვის ემზადება. ისევ აოცებს ხალხს თავისი ნამუშევრებით, ცხობის ნიჭით, მუსიკით და, რა თქმა უნდა, გარეგნობით. გერმანიაში მას იცნობენ იქ, სადაც ცხოვრობს და მოღვაწეობს, საქართველოში კი ყველაზე ადრე მას „ქრონიკა+“-ის მკითხველი გაიცნობს.      

ნინო ტაბაღუა

         

გაზიარება