- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2021-07-01 08:13:28
რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს პოლიტიკური ეპიცენტრი ჟენევა იყო, სადაც ფეშენებელურ ვილა „ლა გრანჟში“ ერთმანეთს ხვდებოდნენ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები _ ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი. შეხვედრამ, დაახლოებით, 4 საათს გასტანა. ბაიდენისა და პუტინის ტეტ-ა-ტეტ საუბარი, სხვა თუ არაფერი, იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ აშშ და რუსეთი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფოები არიან და მათ შორის გამწვავებული ურთიერთობა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, გლობალურ პოლიტიკაზე ნეგატიურად აისახება.
დალაგდა თუ არა ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობა ზემოხსენებული შეხვედრის ბოლოს? _ ეს კითხვა ისევ რიტორიკულია, თუმცა შეხვედრის შემდეგ პუტინმა თქვა, რომ მასსა და ბაიდენს შორის მტრული განწყობა არ ყოფილა.
„ჩვენ პირისპირ ორი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით, მაგრამ ჩვენ ასე ყველა ლიდერთან ვსაუბრობთ. შეხვედრაზე არ ყოფილა არანაირი მტრული განწყობა. შეხვედრა ატარებდა პრინციპულ ხასიათს. ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ საუბარი ერთობ კონსტრუქციული იყო“, _ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა
ისე, ზოგ ანალიტიკოსს მოეჩვენა, რომ ბაიდენთან საუბრით პუტინი კიდევ უფრო დაპატარავდა (ცხადია, არა _ ფიზიკურად). ზოგიერთმა ექსპერტმა კი მიიჩნია, რომ ამ მოლაპარაკებით წამგებიან სიტუაციაში ბაიდენი აღმოჩნდა. საერთოდ, ნებისმიერი შეფასება ძალიან სუბიექტურია. ამიტომ ობიექტური სურათს შესაქმნელად მხოლოდ შეფასებებით მსჯელობა არ შეიძლება.
ობიექტური სურათი კი ის გახლავთ, რომ ორმა პრეზიდენტმა საქართველო ყასიდადაც არ ახსენა, ანუ ის, რომ პუტინს მის მიერ ოკუპირებული ქვეყანა არ გახსენებია, გასაკვირი არაა, მაგრამ საკითხავი ის არის, ბაიდენმა რატომ დაგვივიწყა, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია?
სწორედ ეს კითხვა დაუსვა „ქრონიკა+“-მა სამხედრო დაზვერვის თადარიგის ოფიცერს, ანალიტიკოს კონსტანტინე ფორჩხიძეს, თუმცა ვიდრე რესპონდენტის პასუხს შემოგთავაზებდეთ, ერთ მნიშვნელოვან დეტალს გაგახსენებთ. კერძოდ, ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე ერთ დღით ადრე თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავიდა.
ოფიციალური მონაცემებით, პრეზიდენტსა და მის მეუღლეს, ემინე ერდოღანს ბაქოს საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი, იაგუბ ეიუბოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
აზერბაიჯანში ვიზიტისას ერდოღანმა დაათვალიერა ქალაქები ფიზული და შუშა. ასევე გამართა ოფიციალური შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან.
ხაზგასასმელია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანს ნატო-ს სამიტის შემდეგ ეწვია.
„ქრონიკა+“-ის რესპონდენტი კონსტანტინე ფორჩხიძე წინამდებარე ინტერვიუში ამ ვიზიტზეც საუბრობს და ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტი ორმაგ თამაშს თამაშობს:
_ ბატონო კოტე, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრაზე რა აზრის ხართ?
_ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ვამბობდი, მსოფლიო ორპოლუსიანი სამყაროსკენ მიდის-მეთქი.
_ ანუ?
_ იმ პრობლემების გამო, რომლებიც ბოლო წლებში აშშ-ში გაჩნდა, ამერიკელებმა მსოფლიო ჰეგემონობიდან უკან დაბრუნება გადაწყვიტეს.
_ რატომ?
_ ამერიკული ეკონომიკა ყველაფერ ამას ვერ გასწვდა.
_ „ყველაფერ ამაში“ რას გულისხმობთ?
_ მსოფლიო ბატონობას ძალიან დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, ამიტომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშშ-ის პოლიტიკა შეცვალა.
სხვათა შორის, ის ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გადაიდგა, პრაქტიკულად, რუსეთის წაყრუებისკენ იყო მიმართული.
_ ეს რას ნიშნავს?
_ მაგალითად, არაბულ ქვეყნებში რუსეთის გააქტიურებას აშშ-ისგან შესაბამისი რეაქცია არ მოჰყოლია. მაშინ ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობდა, რომ ეს აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან თეთრი სახლი მიხვდა, რომ ჩინურ ექსპანსიას ვერაფერი შეაჩერებს.
_ რატომ?
_ აშშ ძალიან შორს არის, რუსეთი კი ჩინეთთან ძალიან ახლოსაა. სამხრეთ კავკასიასა და, მით უმეტეს, ახლო აღმოსავლეთში აშშ ჩინეთის ექსპანსიას ვერ შეეგუებოდა და ამიტომ ის სტატუს-კვო დაუშვა, რომელიც საბჭოთა იმპერიის დროს არსებობდა.
არ ვიცი, ყურადღება მიაქციეთ თუ არა, მაგრამ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, თავის გამოსვლაში, ბაიდენმა რუსეთი, პრაქტიკულად, ზესახელმწიფოდ მოიხსენია. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მინიშნება გააკეთა.
_ ე. ი., აშშ მსოფლიო ჰეგემონიაზე ნებაყოფლობით ამბობს უარს?
_ არა, მაგრამ მისი რესურსი შეზღუდულია, ანუ მსოფლიო ბატონობას, პრაქტიკულად, ვერავინ შეძლებს, მით უმეტეს, ამ პირობებში, როცა მესამე მოთამაშე გაჩნდა, თან ძლიერი ეკონომიკით.
_ ეს მესამე მოთამაშე ჩინეთია?
_ დიახ.
ერთი სიტყვით, ამერიკელებმა ჩინეთთან ურთიერთობას შეჩვეული ჭირი, ანუ რუსეთი ამჯობინეს.
ასეთია კულუარებში განვითარებული ამერიკული პოლიტიკა.
_ მაშასადამე, რუსეთი და აშშ ჩინეთის წინააღმდეგ ფარულ ალიანსს ქმნიან?
_ ამას არ ვამბობ.
_ აბა, რას ამბობთ, კოტე ბატონო?
_ მათი ინტერესები, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა და ეს ტრამპის ადმინისტრაციის დროს მოხდა, მაგრამ როცა სტატუს-კვო დადგა, საუბარი, ბუნებრივია, სხვა ფასეულობებზე დაიწყო.
_ კერძოდ?
_ აშშ-ისთვის ფასეულობები უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა სივრცესა და ახლად წარმოქმნილ დემოკრატიულ ქვეყნებში.
რუსეთი იმ ქვეყნებში, რომლებიც ადრე ვარშავის პაქტის წარმომადგენლები იყვნენ, ძალიან აქტიურად მოქმედებს და ცდილობს, რომ ძველი გავლენები შეინარჩუნოს.
_ ყველაფერ ამით აიხსნება, რომ ბაიდენმა პუტინთან შეხვედრისას საქართველო ყასიდადაც არ ახსენა?
_ ჩვენ პატარა ქვეყანა, მაგრამ ძალიან ამაყი ერი ვართ!
_ უკაცრავად, ეს რა შუაშია?
_ როცა სტრატეგიული პარტნიორი არ გვახსენებს, ეს ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს!
_ რატომ?
_ ადრეც არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზა აშშ-სთან სტრატეგიულ მოკავშირეობაზე გადის.
სტრატეგიული მოკავშირეობა კი, დაახლოებით, ისეთივე სტატუსს ნიშნავს, როგორიც აშშ-სთან, მაგალითად, ისრაელს ან სამხრეთ კორეას აქვს.
სხვათა შორის, ეს საკითხი წამოწეული არაერთხელ იქნა. დღეს კი ზოგიერთი პოლიტიკური ძალა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე საუბრობს. კი ბატონო, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება შესაძლოა, პირველი ნაბიჯი იყოს.
_ რისი „პირველი ნაბიჯი“?
_ სტრატეგიული მოკავშირეობის, თუმცა ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლების რომელიმე შტო ცდილობდეს, ამ საკითხს აქტიური პედალირება გაუწიოს, ანუ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის წინაშე დაისვას საკითხი, რომ საქართველოს, დაახლოებით, ისეთივე სტატუსი მიანიჭოს, როგორც წეღანდელი თქმისა არ იყოს, ისრაელს ან სამხრეთ კორეას აქვს.
ამ საკითხის დასმის შემდეგ გავიგებთ, აშშ-ს საქართველოს მიმართ ნამდვილად ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორსაც დეკლარირებს თუ ეს მხოლოდ განცხადებებია და მეტი არაფერი.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, დღეს აშშ-ს სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი ოფიციალურად რომ გვქოდნეს.
_ ბატონო კოტე, ამასობაში, ერდოღანის ინიციატივით, ე.წ. ექვსთა კავშირი იქმნება და პუტინ-ბაიდენის შეხვედრაზე საქართველოს არხსენება იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ნაცვლად, სწორედ ამ ახალ გაერთიანებაში აღმოვჩნდებით, ანუ ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ აშშ-მ საქართველო რუსეთს „უფეშქაშა“?
_ ძალიან ცუდი რაღაცები ხდება.
_ კერძოდ?
_ ერდოღანის ერთ-ერთი გამოსვლა გავრცელდა, სადაც ის თავს ისე მოიხსენიებს, როგორც მესხების შთამომავალს, ანუ აუდიტორიას ძალიან აღელვებული კი მართავს და ამ მიმართვაში ფარული მუქარაცაა.
_ ანუ?
_ მესხეთი დღეს განადგურებულიაო.
ეს განცხადება ჩვენი ხელისუფლებისთვის საგანგაშო უნდა გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებაში მე რომ ვიყო, ჩვენს პარტნიორ ქვეყანას საპროტესტო ნოტას გავუგზავნიდი და შესაძლოა, თურქეთიდან ჩვენი ელჩიც გამომეწვია.
_ ბატონო კოტე, ჩაგეკითხებით: საქართველოს მომავალი ნატო და ევროკავშირი კი არა, ერდოღანის მიერ ინიცირებული ე. წ. ექვსთა კავშირია?
_ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანსაც სტარატეგიულ პარტნიორად მოვიხსენიებთ და _ თურქეთსაც. შესაბამისად, მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ყველა ეს ხელშეკრულება ორმხრივ ვალდებულებას ითვალისწინებს.
_ ეს ორმხრივი ვალდებულება, კერძოდ, რას ითვალისწინებს?
_ რაღაც-რაღაცებზე უარს ვერ ვიტყვით, ანუ ხელშეკრულებაში წერია, რომ თუ ორი სტრატეგიული პარტნიორიდან ერთ-ერთს ვინმე დაესხმევა, მეორემ უნდა დაიცვას. ვინ უნდა დაესხას, მაგალითად, აზერბაიჯანს? _ რუსეთი ან სომხეთი, რომელიც, აზერბაიჯანის მსგავსად, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია…
ერთი სიტყვით, ძალიან ჩახლართული სიტუაციაა.
_ რატომ?
_ ამ ვითარებში აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ შუშაში, თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი ჩადის. ეს ჩვეულებრივი ვიზიტი კი არა, პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
_ რას გულისხმობთ?
_ ეს ერდოღანის მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ერთგვარი პოლიტიკური ნაბიჯი იყო.
_ ბატონო კოტე, დამისაბუთეთ, ასე რატომ ფიქრობთ?
_ ქალაქი შუშა მთიანი ყარაბაღის შემადგენელი, ასე ვთქვათ, ნაწილია.
სხვათა შორის, ამ ვიზიტმა რუსეთი გააღიზიანა.
საერთოდ, ერდოღანი ორმხრივ თამაშს ეწევა.
_ კერძოდ?
_ რუსეთთანაც თამშობს და დასავლეთ პარტნიორებთანაც. ეს ორმაგი თამაში ერდოღანისთვის ცუდად დამთავრდება.
_ რატომ?
_ მას, ვინც ორმაგ თამაშს თამაშობს, ადრე თუ გვიან, არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, მაგრამ ეს ორმაგი თამაში ერდოღანისთვის ძალიან რთულია, ანუ ამ ნაბიჯს, პრაქტიკულად, იმიტომ დგამს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. ამასობაში კი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთში დღესაც არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ ქვეყანა ისევ ათა თურქის გზაზე დააყენონ.
_ ათა თურქის გზაზე დაყენება რას ნიშნავს?
_ თურქეთმა ოსმალეთის აღორძინებაზე უარი უნდა თქვას.
ერთ სიტყვით, იგივე აზერბაიჯანში ვიზიტი ერდოღანს რუსეთთან სავაჭროდ დასჭირდა, მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანიდან რუსეთის ჯარის გაყვანის საკითხი, ადრე თუ გვიან, მაინც დადგება.
_ ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ რა გველის?
_ ჩვენ აბსოლუტურად მოწყვეტილები ვართ.
_ ანუ?
_ ჩვენს დღევანდელ ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკა არ გააჩნია. არადა, წესით, ჩვენი ხელისუფლება ყოველდღე ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კართან უნდა იდგეს. ასევე სხვა საშუალებებსაც უნდა იყენებდეს, რომ აშშ-მ ჩვენი საკითხის ლობირება მოახდინოს.
_ ლობირებაში რას გულისხმობთ?
_ სანამ ნატო-ს წევრები გავხდებით, ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ოფიციალურად გაფორმებული აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობაა!
ისე, შესაძლოა, მაპ-ი მოგვცენ, მაგრამ ხორვატიის მაგალითი განმეორდეს.
_ ანუ?
_ ხორვატიას მაპ-ი 9 წელი ჰქონდა, მაგრამ ნატო-ში არ იღებდნენ.
პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ ჩვენთვის დრო ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ანუ შესაძლოა, რამდენიმე იმპერიის ინტერესის სფეროში აღმოვჩნდეთ და ამ დიდი იმპერიების შეტაკებით, საბოლოო ჯამში, გახლეჩილი დავრჩეთ!
ერთი სიტყვით, ბეწვის ხიდზე გავდივართ და მათ, ვინც ხელისუფლებაში ახლა არიან ან ხვალ იქნებიან, უნდა იფიქრონ, რომ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები სწორად განსაზღვრონ.
პედალირება: აი, ნატო, ნატო და ნატოო! _ კარგია, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს. მთავარი ლაპარაკი კი არა, იმის გააზრებაა, ნატო-მდე როგორ უნდა მოვაღწიოთ.
_ ბატონო კოტე, ნატო-მდე, თქვენი აზრით, როგორ უნდა მივაღწიოთ?
_ ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც იგივე ნატო-ში სიტყვა ეთქმის, ამერიკის შეერთებული შტატებია. ამიტომ ხელისუფლებამ იმაზე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ აშშ-მა თავისი სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი ოფიციალურად მოგვცეს!
თუ ეს სტატუსი გვექნება, მერწმუნეთ, რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკების მაგიდაზე საქართველოს საკითხი აუცილებლად დაბრუნდება.
სხვა შემთხვევაში, იგივე გაერო-მ დევნილთა დაბრუნებაზე რამდენი რეზოლუციაც უნდა მიიღის, ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ!
თუ რუსეთს დავუჩოქეთ და გუნდრუკის კმევა დავუწყეთ, არიქა, ხელისუფლებაში რომელიმე პრორუსული ძალა მოვა და ტერიტორიებს დავიბრუნებთო, ეს ისეთივე ზღაპარი იქნება, რომლის დაჯერებაც ბავშვსაც გაუჭირდება!
_ ე. ი., „ოცნების“ პოლიტიკა, ემანდ, კრემლი არ გავაღიზიანოო, იმთავითვე მცდარია, არა?
_ „რუსეთი არგავაღიზიანოო“, ეს საგარეო პოლიტიკა არ არის.
_ აბა, რა არის?
_ საგარეო პოლიტიკა ისაა, რომ შენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივ ხელშეკრულებებზე იმუშაო. გახსოვთ, ბოლოს დროს, სტრატეგიულ პარტნიორებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მეზობლებთან ერთი ორმხრივი ხელშეკრულება მაინც რომ გაფორმებულიყო?
ამაზე ვსაუბრობ და სხვა არაფერზე!
_ ორმხრივი ხელშეკრულება შესაძლოა, ბოლო დროს არავისთან დადებულა, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საქართველომ შუამავლის როლი მშვენივრად შეასრულა, რის გამოც დასავლეთის მადლობა დაიმსახურა…
_ კი ბატონო, ეს ჰუმანური აქცია იყო. ისე, საქართველოს ასეთი ჰაბის ფუნქცია ისტორიულად აქვს _ ყველა კავკასიური ერი ცდილობდა, რომ საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა. მეტიც: საქართველო კავკასიის, პრაქტიკულად, გულად ითვლებოდა და ამის დღევანდელ ურთიერთობებში გამოყენება ძალიან კარგია.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს ორმხრივი თანამშრომლობაა, მაგრამ ამ ორმხრივი თანამშრომლობის იქით ის უნდა იყოს, რაზედა ც წეღან ვისაუბრე, ანუ სტრატეგიულ პარტნორთან მთავარ _ მოკავშირის სტატუსს _ ოფიციალურად უნდა მივაღწიოთ!
სხვათა შორის, დღეს ბებერი ევროპა ჩრდილოეთის ნაკადზეა ჩამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს და ამიტომ საშუალებას არასოდეს მოგვცემს, რომ ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდეთ.
_ აბა, რა უნდა ვქნათ?
_ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ამ ეტაპზე ჩვენთვის უმთავრესია, რომ აშშ-ის სტრატეგიული მოკავშირის სტატუსი ოფიციალურად გვქონდეს!
მოკლედ, ილუზიის შექმნა, რომ აი, ოდესმე ნატო-ს წევრი გავხდებითო, არ შეიძლება. საერთოდ, არავინ იცის, 50-60 წლის შემდეგ რა მოხდება _ შესაძლოა, დედამიწა ისეთი კატაკლიზმების წინაშე აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი გაქრეს. ამიტომ მომავლით კი არ უნდა ვიცხოვროთ, არამედ დღევანდელი პოლიტიკიდან უნდა გამოვიდეთ და, მაქსიმუმ, 5-10-წლიანი პოლიტიკა უნდა დავგეგმოთ.
სააკაშვილის მთავრობამ 2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას ხელი მოაწერა, რაც თავისთავად კარგი იყო, მაგრამ ამ თემის პედალირება რომ გაგრძელებულიყო, დღეს საქართველოს სხვა სტატუსი ექნებოდა.
წარმოიდგინეთ ისრაელი, რომელიც ნატო-ს წევრი არ არის, რა მდგომარეობაშია, მაგრამ უბატონოდ ხმას ვერავინ სცემს, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა.
საერთოდ, პოლიტიკას პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ და არა ისინი, ინსტიტუტები ხუთ ლარად რომ აქვთ დამთავრებული და არავინ იცის, თანამდებობაზე როგორ მოხვდნენ!
_ ბატონო კოტე, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბოლოს, გკითხავთ: შანსი, რომ მსოფლიოსთვის საინტერესო ქვეყნის სტატუსი დავიბრუნოთ, კიდე გვაქვს?
_ დიახ, გვაქვს!
_ უფრო კონკრეტულად?
_ ჩვენ საინტერესო ერი ვართ!
_ ანუ?
_ დღეს სტაგნაციის პირობებში ვიმყოფებით და სტაგნაციაში საგარეო აქტივობას ვგულისხმობ _ ყველაფერი შიდა პოლიტიკაზეა გადართული. სწორედ ეს უნდა შევცვალოთ?
_ როგორ?
_ ადამიანებმა, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან, იმაზე უნდა იფიქრონ, რომ პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებია გადასაჭრელი, რადგან უსაფრთხოება ეროვნულ ღირებულებებსა და ფასეულობებს უკავშირდება.
მოკლედ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა სწორედ აქედან უნდა ამოვიდეს.
ვანო პავლიაშვილი