- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-25 06:20:06
3 ივნისს, 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციონერი დეპუტატები შევიდნენ. დეპუტატები პლენარულ სხდომას დაესწრნენ. „ერთიანი ოპოზიციიდან“ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ: ელგუჯა ბაგრატიონი, გიორგი კირთაძე, გია აბულაძე, მედეა ვასაძე, ლევან ანთაძე და მამული სურმანიძე.
რატომ მიიღეს დეპუტატებმა 6-თვიანი ბოიკოტის შემდეგ უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება? როგორ აპირებენ ისინი მუშაობის გაგრძელებას?
რას ამბობდა „ქართული ოცნების“ დეპუტატი შესულ ოპოზიონერ დეპუტატებზე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე „ქრონიკა+“ ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი პარტიის დეპუტატს ესაუბრა:
მედეა ვასაძე _ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, დეპუტატი:
_ ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი. მოგეხსენებათ, ევროპის მედიაციით ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის გარკვეული შეთანხმება შედგა. კერძოდ, ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც ნიკა მელიას პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებაზე იყო მორგებული, ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა, რასაც პრინციპულად არ ვეთანხმები, ამის შემდეგ კი „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ და მისმა წამყვანმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩავატარეთ გამოკითხვები რეგიონებში გასვლით და მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი ითხოვდა შეცვლას. კერძოდ, ქუჩის აქციებს აზრი აღარ ჰქონდა და ბრძოლა უნდა გაგვეგრძელებინა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში. აჭარაში გამოკითხული მოსახლეობის 64% ითხოვდა უმაღლეს საბჭოში შესვლას. აქვე 10% იყო წინააღმდეგი და ისინი პროტესტის ისევ აქციებით გაგრძელებას უჭერდნენ მხარს. ჩვენ საბოლოოდ მოსახლეობის დიდი ნაწილის მოთხოვნას დავემორჩილეთ და უმაღლეს საბჭოში გადავწყვიტეთ შესვლა.
როგორც მოგახსნეთ დოკუმენტის მიმართ შენიშვნები გვქონდა, ამიტომ მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ პარლამენტში შესვლის მიუხედავად, აღნიშნულ დოკუმენტს პარტია ხელს არ მოაწერდა.
_ ევროპარლამენტარების მოსაზრებას არ ეთანხმებით?
_ ჩვენ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლით ღიად გამოვხატეთ პატივისცემა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიმართ, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს საქართველოს მხარდასაჭერად და პოლიტიკური პროცესის მშვიდობიანი გადაჭრისთვის.
აქვე მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში აჭარა და აქ ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები არ არის ნახსენები.
აი, მაგალითად, თუკი 43% ვერ დააგროვა „ქართულმა ოცნებამ“, როგორ უნდა გააგრძელოს უმაღლეს საბჭოში მოღვაწეობა? ეს არის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ხელისუფლებისა და ამ შემთხვევაში ოპოზიციისაც, რომელსაც აჭარა არ გახსნებია. არჩევები ჩატარდა ერთსა და იმავე პირობებსა და თარიღში და ზოგადი სიტუაციიდან აჭარის გამოთიშვა მიუღებელია.
აქვე გეტყვით, რომ ძალიან აქტიურად ვაპირებთ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში ჩართვას. ჩვენ შევქმნით ფრაქციას, რაც აუცილებელია ტექნიკური საკითხების მოსაწესრიგებლად.
ჩვენი თითოეული ნაბიჯი შეთანხმებული იქნება მოსახლეობასთან. ოქომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და აქტიურად მოვემზადებით ამ არჩვენებისთვის, რათა ეს ხელისუფლება შევცვალოთ.
_ როგორ შეაფასებთ უმაღლეს საბჭოში გასულ კვირას ჩატარებულ სხდომას?
_ „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ბაციკაძის კომენტარი „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ არის მიუღებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება უპრინციპობაში არის სასაცილო.
უმაღლეს საბჭოში აქტიურად ვიმუშავებთ და „ქართულ ოცნებას“ კომფორტულ გარემოს დავურღვევთ. „ქართული ოცნება“ გაზარმაცებულია და მწვავე შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ სჭირდებოდათ, ახლა უკვე მოუწევთ ჩვენს შეკითხვებზე პასუხის გაცემა.
_ როგორ მოიგებთ მოსახლეობის იმ ნაწილის გულს, რომელიც ეწინააღმდეგობოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში შესვლას?
_ მათ წყენა გადაუვლით. აუცილებლად შევხვდებით ამ ადამიანებს და შევეცდებით მათ დარწმუნებას უმაღლეს საბჭოში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილების მართებულობაში. ამომრჩევლის ის ნაწილი, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩვენს გადაწყვეტილებას, აუცილებლად გააცნობიერებს, რომ უმაღლეს საბჭოში არშესვლა იქნებოდა ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ გაწეული შრომის უპატივცემულობა.
თუკი ახლა ჩვენ არ შევიდოდით პარლამენტში, ანგარიშს არ გავუწევდით მათ მოთხოვნას შესვლის თაობაზე და პარტია დაკარგავდა იმ დიდ მხარდაჭერას, რომელსაც ევროპა აფიქსირებს ჩვენი პარტიის მიმართ.
სხვა ოპოზიციური პარტიების შესვლამ პარლამენტში ქუჩის აქციებს მოტივაცია და არშესვლის სარგებლიანობა დააკარგვინა. რადგან ყველა შევიდა პარლამენტში, ჩვენც გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა პარლამენტის ტრიბუნა პოლიტიკური ბრძოლისთვის.
გიორგი კირთაძე _ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი:
_ პარტიის შესვლას უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში ვეთანხმები. 6-თვიანმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და „ქართულმა ოცნებამ“ თავისივე ხელმოწერით დოკუმენტზე აღიარა, რომ მას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და მოუწია მათი განთავისუფლება. უპრეცედენტო რამ მოხდა, როდესაც ევროპის კავშირმა გადაიხადა ნიკა მელიას გამოსასყიდი თანხა. ამას ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში და ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში გვყავდა პოლიტიკური პატიმრები და ხელისუფლებამ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით ეს აღიარა. ამასთან ერთად, გახსოვთ, ალბათ, რომ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი რამდენადმე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომაც დოკუმენტში ჩაიწერა, რომ უახლესი არჩევნები არის, ფაქტობრივად, რეფერენდუმი.
ხელისუფლებას სჭირდება დამატებითი ნდობა იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რეფერენდუმზე დაკარგავს ხელისუფლებას და ხალხის 43%-იან ნდობას ვერ დაიმსახურებს.
ამ ყველაფრის შემდეგ სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ საბჭოს სხდომა ნიკა მელიამ ჩაატარა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც გადაწყდა, რომ ჩვენ შევსულიყავით უმაღლეს საბჭოსა და პარლამენტში. არსად დავუტოვებთ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის სივრცეს, ჩვენ იქ კაბინეტებში დასაჯდომად არ შევსულვართ. საბოლოო ჯამში, ოქტომბერში „ქართული ოცნება“ დამარცხდება.
_ როგორ შეგხვდათ „ქართული ოცნება“?
_ „ქართული ოცნება“ გაღიზიანებულია, რადგან უმაღლეს საბჭოში შესვლის პირველივე დღიდან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მწვავე კითხვები დასვა ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.
დავით ბაციკაძე _ „ქართული ოცნების“ დეპუტატი:
_ უმაღლეს საბჭოში 6 პუფი შემოვიდა და ერთი მე მივიტანე.
თავიდანვე ნათელი იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევიდოდოდა პარლამენტში. მისი „პრინციპულობა“ ყველამ კარგად ვიცით.
როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი გამოქვეყნდა, სააკაშვილმა თქვა, რომ ეს იყო ხაფანგი და ზუსტად 23 საათიც არ იყო გასული, როცა რადიკალურად განსხვავებული განცხადება გააკეთა. ეს მას შემდეგ, რაც მათმა მხარდამჭერმა ევროპელმა პარლამენტარებმა მიშა დატუქსეს და მაშინვე თქვა, რომ უნდა შევიდნენ პარლამენტში. მიშა მიხვდა, რომ ნაწილ-ნაწილ მაინც შევიდოდნენ „ნაცები“ პარლამენტში და საბოლოოდ დამარცხდებოდნენ.
ხვიჩა მამულაძე