- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-06-23 08:09:47
1691 წელს ბაგრატის ტაძრის დენთით აფეთქებამ, 1770 წელს კი გარედან დაშენილმა ყუმბარებმა გუმბათი და ზედა ნაწილები მოარღვია. მერე იყო და ტაძრის გაფანტულ ქვებს მოსახლეობა სამშენებლო მასალად ეზიდებოდა.
თავდაპირველად დაიწყო კონსტრუქციული კვლევები. 1959-1992 წლებში განხორციელდა პროფესორ ვახტანგ ცინცაძის ხელმძღვანელობით სრულყოფილად _ სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეების აღდგენა, სვეტების გადარჩენილი ქვების შეკრება და ძველი ბურჯების მაქსიმალურად სწორი სურათით აღდგენა. ასე მოვიდა ტაძარი ჩვენამდე, ძველთან მისადაგებული და, ამავე დროს, ახალი. სწორედ ამ აღდგენილი
სახით მიიღო „იუნესკომ“ ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს. მანამ, სანამ 20 წლის შემდეგ, მასზე ჩატარებული განმეორებითი აღდგენითი სამუშაოების გამო _ ნუსხიდან ამოიღებდა მას.
არადა, სანამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ბაგრატს თავისი ფანტაზიებით და ფულის „მოტეხვის“ გრანდიოზული გეგმით მიადგებოდა, „იუნესკომ“ თავისი გეგმა შესთავაზა. ეს უკანასკნელი ითვალისწინებდა ტაძრის არსებული ნაშთების მინის კონსტრუქციაში მოქცევას. ტაძარს მინის გამჭვირვალე უზარმაზარი სივრცე დაიცავდა, არქიტექტურას თავის პირვანდელ სახეს შეუნარჩუნებდა და შთამბეჭდავიც იქნებიდა. ათეული წლების განმავლობაში „იუნესკოს“ ფინანსური დახმარებით ბაგრატის ტაძარი არაერთხელ შეისწავლეს და გაამაგრეს. „იუნესკოს“ ექსპეტებმა ლამის ზეპირად იცოდნენ ტაძარი და მასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა.
რა მოხდა? რატომ ეხლო ხელი ბაგრატის ტაძარს? „იუნესკოს“ სტანდარტებში თუ ჩაჯდა, რატომ არ ჩაჯდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის სტანდარტებში?
„70-იანი და 80-იანი წლების მასალები სრულებითაც არაა გათვლილი სხვა დატვირთვებზე და ბუტაფორიასავით მხოლოდ თავისი თავი „უჭირავთ“, ამიტომაც ნებისმიერი _ მინის, ლითონის, ხის თუ სხვა მასალის კონსტრუქციის მათზე დაფუძნება სრულებით შეუძლებელია! სხვა სიტყვებით, ტაძარი, რომელიც გარეგნულად ჯანსაღის შთაბეჭდილებას ტოვებს, სამკურნალოა“, _ ეს არის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის სიტყვები, რომელმაც, ფაქტობრივად, საფუძველი დაუდო ბაგრატის ტაძრის ხელახლა ბულდოზერებში, ამწეებში, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებში ჩასმას და მალევე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის დაკარგვას.
ნიკოლოზ ვაჩეიშვილი 2006-2007 წლებში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე გალხდათ. 2008 წლის 31 იანვრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. 2009-2013 წლებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.
სწორედ მის დროს დაუპირისპირდა ქართული მხარე „იუნესკოს“ გაეროს ორგანიზაციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში კულტურული ძეგლების დაცვის შესახებ კონვენციის მოთხოვნილებათა დარღვევის გამო.
ჯერ იყო და ბაგრატის ტაძრის აღდგენითი სამუშაოები იტალიელ ინჟინერსა და არქიტექტორ სილვიო კალვოს მიაბარეს. როდესაც ტაძრის ე. წ. გამაგებითი სამუშაოები დაიწიყო, ის მოინახულა ძეგლთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური მდივანმა, არქიტექტორ-რესტავრატორმა ნატო ცინცაბაძემ და ოფიციალურად განაცხადა, რომ „აქ რაც კეთდება, ტაძრის გამაგრებას კი არა, კაშხლის გამაგრებას მოგვაგონებსო“.
არმაზ სანებლიძეს თუ დავესესხებით, გამაგრებითი სამუშაოების ნეგატიური ფაქტების მოკლე ჩამონათვალი ასეთია: „დიდია ინტერიერში ჩარევა, ყველა სვეტი მოხსნილია, ბაზები არის დაბურღული, რკინის არმატურა უკვე ჩაწყობილია, რაც ძალიან მძიმეა საძირკვლისთვის, ძველი ქსოვილი დაფარულია ბეტონით და ა. შ.
სამუშაოები კულტურის სამინისტროს „იუნესკოსთან“ არ ჰქონდა შეთანხმებული, არადა, წევრობის შიდარეგლამენტი მოითხოვდა ამას. ვაჩეიშვილის პასუხი მაშინ ამაზე იყო შემდეგი: „საჭიროდ არ ჩავთვალეთ, გვეცნობებინა, რადგან სვეტების მოხსნა კონვენციის მოთხოვნათა დარღვევად არ ითვლება“.
აბსოლუტურად სწორია სანებლიძე, როდესაც ასკვნის, რომ არსებობს ასეთი ცნება, „დიდებული ნანგრევები“, რომელთა გაცოცხლების დილეტანტური, თანაც, მერკანტილური მცდელობა, შეიძლება ითქვას, ვანდალიზმის ნაირსახეობაა. ამიტომ უფრთხილდება თვალისჩინივით ასეთი შედევრების ჩვენამდე მოღწეულ ნანგრევებს „იუნესკო“, ამიტომ მოითხოვს კატეგორიულად მათთან შეხების ნებისმიერი პროექტის ამ საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთანხმებას.
„მოულოდნელი იყო ჩემთვის „იუნესკოს“ ამგვარი არაპროფესიონალური, არაკვალიფიციული და საქმეში ჩაუხედავი დასკვნა, იმიტომ რომ სხვა სურათია და ამას „იუნესკოს“ ძალიან წონიანი ექსპერტებიც, იმ წლების განმავლობაში, როდესაც ერთად ვმუშაობდით, ადასტურებენ. იმედი მაქვს, რომ თვის ბოლოს „იუნესკოს“ კომიტეტის შეხვედრაზე ორგანიზაციის წინასწარი დასკვნა გადაიხედება და შეიცვლება“, _ განაცხადა მაშინ ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა.
ეს დასკვნა არც გადახედილა და არც შეცვლილა. „იუნესკოს“ არაპროფესიონალიზმში დადანაშაულება კი მის ავტორს საერთაშორისო არენაზე ავტორიტეტის დაკარგვად დაუჯდა. სწორედ ამის შემდეგ იყო, რომ საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარი იყო, რომ საპატრიარქოს საბჭოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს პოზიცია იმის შესახებ, რომ აუცილებლობად მიიჩნევენ ტაძრის დასავლეთ მკლავში მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას, რაც კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაშიც არის აღნიშნული. ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ითხოვდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ერთად შეჯერებული პოზიციის წარმოდგენას.
შეჩერების მოთხოვნა დაგვიანებული იყო. დღეს ბაგრატის ტაძარი, რომელიც გელათთან ერთად ერთიან სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენს, აღდგენას აღარ ექვემდებარება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
თამარ როსტიაშვილი