QronikaPlus
ლელა ჯეჯელავა: „არ ყოფილა პრეცედენტი, დღესასწაულზე პატრიარქის ეპისტოლე არ წაეკითხათ!“

ლელა ჯეჯელავა: „არ ყოფილა პრეცედენტი, დღესასწაულზე პატრიარქის ეპისტოლე არ წაეკითხათ!“

2021-01-09 08:10:02

2021 წელი მხოლოდ საშინაო კი არა, დიდი საგარეო სკანდალით დაიწყო - აშშ-ის კაპიტოლიუმში ტრამპის, ანუ როგორც ქართველი ფანები ეძახიან, „ჟღალი მიმინოს“ „გადარეული ფანებიშეიჭრნენ. „ჟღალი მიმინოსჩვენებური მიმდივრები სიხარულისგან ლამის დავლურს უვლიდნენ, ისევ დონალდი იქნება აშშ-ის პრეზიდენტიო, მაგრამ ხომ იცით, როცაქოცებიოცნებობენ, პოლიტიკის ღმერთები იცინიან. ჰოდა, ახლაც ასე მოხდა - ტრამპი, როგორც პრეზიდენტი და როგორც პოლიტიკური ფიგურა, საბოლოოდ დასრულდა და... ოკეანისგაღმა ისევ დემოკრატიამ გაიმარჯვა...

და სანამ ამერიკელები კაპიტოლიუმი შტურმის დეტალებში ერკვეოდნენ, საქართველოში შობა დადგა, ძალიან უცნაური შობა - პატრიარქის ეპისტოლე არც დღესასწაულის ღამეს წაიკითხეს და არც .. ბეჭდური ვერსია გაავრცელეს. იმთავითვე ითქვა, რომ შორენა თეთრუაშვილმა ეპისტოლე ვერ დაწერა, რადგან კორონა შეეყარა. ის, რომ შორენას კორონა აქვს, დადასტურებულია, მაგრამ ეპისტოლესმოპარვისამ ვერსიას საპატრიარქო არ იზიარებს და თავს იმართლებს, სტამბამ დაბეჭდვა ვერ მოასწროო, თუმცაეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრისხელმძღვანელ ლელა ჯეჯელავასთვის ეს ოფიციალური არგუმენტი არადამაჯერებელია. ამიტომაც, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ვერსიას, რომ ეპისტოლე პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ავადმყოფობის გამო ვერ გამოქვეყნდა, არსებობის უფლება აქვს.

ქრონიკა+“ 2021 წლის პირველ სკანდალებზე ლელა ჯეჯელავას ესაუბრა:

- 2021 წელი, ისეთ ძლევამოსილ ქვეყანაშიც კი, როგორიც აშშ-შია, ძალიან უცნაურად დაიწყო. მეტიც: კაპიტოლიუმში შევარდნა რაღაცით ქართულ სცენარს ჰგავდა. ქალბატონო ლელა, შტატების ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი სხვა დროსაც ყოფილა?

- კაპიტოლიუმში შევარდნა, როგორც ვიცი, 1812 წელს სცადეს, თუმცა მაშინ ინგლისელები შეიჭრნენ. ერთი სიტყვით, კაპიტოლიუმში შეჭრა ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომლითაც 2021 წელი დაიწყო.

- შესაძლებელია, რომ ამ ინციდენტის შესახებ ტრამპმა წინასწარ იცოდა, თუ ყველაფერი სპონტანურად მოხდა?

- იცით, რა ხდება?

- რა?

- აშშ-ის პოლიტიკაში ტრამპი, შესაძლოა, ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა არაა, მაგრამ მხოლოდ ტრამპი არ ყოფილა.

- ანუ?

- იმის უკან, რაც მოხდა, ალბათ, რაღაც ძალები იდგნენ, მაგრამ აშშ-ის სახელმწიფოს დამფუძნებელი მამების იდეა ისევ ცოცხალია და მისი შერყევა შეუძლებელია! პროცესი დასრულდა, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრდა. ეს, ჩემი აზრით, ერთგვარი უვერტიურა იყო და აშშ-ში ამ მოვლენის ექო კიდევ დიდხანს იქნება.

- და ამ ექოს რა ფორმა და სახე ექნება?

- ბაიდენს  ტრამპის უკან მდგომი ძალებისგან, რასაკვირველია, დიდი წინააღმდეგობა შეხვდება.

- ეს გასაგებია, მაგრამ კაპიტოლიუმის შტურმში რუსული კვალიც ხომ არ უნდა ვეძებოთ?

- მხოლოდ რუსეთის ან ჩინეთის კი არა, შეიძლება, უფრო პატარა მოთამაშეების კვალიც იყოს, თუმცა იმაზე მკითხაობას, რა და როგორი ფორმით, აზრი, ცხადია, არ აქვს. ისე, ყველაფერი ეს იმ ძალიან დიდი საინფორმაციო ომის ნაწილია, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. ეს საინფორმაციო ომი კი 5G-ის უახლოეს ტექნოლოგიას უკავშირდება...

- ქალბატონო ლელა, ძალიან საინტერესო მინიშნებებს აკეთებთ, ანუ მგონია, რომ ჩინეთი ან, თუნდაც, 5G შემთხვევით არ გიხსენებიათ. კარტები ბოლომდე გახსენით და მითხარით, საუბარი საითკენ მიგყავთ?

- დღეს დიდი სახელმწიფოების, მათ შორის, ჩინეთისა და აშშ-ის ერთ-ერთი ინტერესი საინფორმაციო ტექნოლოგებზე მონოპოლიაა, ანუ ის დრო აღარაა, როცა დიდ სახელმწიფოებს მხოლოდ ეკონომიკა და პოლიტიკა აინტერესებდათ...

- ისე, 5G-ის თემა და იგივე კაპიტოლიუმის შტურმი პანდემიას მოჰყვა. შესაბამისად, ეს სამი, ასე ვთქვათ, მოვლენა ერთ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ, რომლის მთავარი მიზანიც ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებაა?

- ადამიანების დიდი ნაწილის მსგავსად არ ვფიქრობ, რომ კორონავირუსი ხელოვნურია, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამოუცნობი მიკროორგანიზმით შექმნილი არაორდინალური ვითარების გამოყენებას სახელმწიფოები სათავისოდ ცდილობენ.

- ანუ ვერსიას, რომ გარკვეული ძალები პანდემიას ტრამპის წინააღმდეგ იყენებენ, არსებობის უფლება აქვს? სხვათა შორის, ზოგი იმასაც ამბობდა, აი, თუ ტრამპი პრეზიდენტი ისევ გახდება, კორონა დავიწყებას მიეცემა, მაგრამ თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, მაშინლოკდაუნებიკიდევ კარგა ხანს გაგრძელდებაო...

- რასაკვირველია, ასე არ ვფიქრობ და არც ასეა. ეს უფრო მითოსია. პანდემია არც ტრამპზეა დამოკიდებული და არც - ბაიდენზე, თუმცა გააჩნია, პანდემიის დაძლევაზე ბაიდენი როგორ ძალისხმევას მიმართავს - ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ პანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების აღმოფხვრაც აუცილებელია. სხვათა შორის, სამედიცინო წრეებმა ჯერ ისიც არ იციან, ამ ვირუსის რამდენი სახის მუტაცია მოხდება და შესაბამისად, ისიც უცნობია, ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს თუ არა?

მოკლედ, ტრამპის წასვლა და ბაიდენის მოსვლა პანდემიის დასრულება-არდასრულებასთან კავშირში არაა და ეს ჩვეულებრივი მითია, რომელსაც არ ვიზიარებ.

- სამაგიეროდ, ის არაა მითი, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის ერთ-ერთ მოსურნეს, აშშ-ის დროშასთან ერთად, ქართული ხუთჯვრიანი დროშაც ეჭირა.

- როგორი ინფორმაციაც მაქვს, ვიღაცამ ჯორჯიის დროშა გამოიწერა და საქართველოს დროშა აღმოჩნდა, თუმცა ეს ინფორმაცია „ფეიკი“ მგონია.

- შეიძლება, მაგრამ ქართველი ტრამპისტები დღემდე აჟიტირებული არიან დაჟღალ მიმინოსონლაინდითირამბებს უძღვნიან... ისე, ქალბატონო ლელა, მას შემდეგ, რაც აშშ-ში მოხდა, ელჩ დეგნანს კიდევ აქვს მორალური უფლება, რომ ქართულ ოპოზიციას პარლამენტში შესვლისა და პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაჭრისკენ მოუწოდოს?

- კელი დეგნანს უფლებამოსილება თავისი სახელმწიფოსგან აქვს განსაზღვრული. რაც შეეხება მორალურ უფლებას, მორალი უფრო ინდივიდუალური კატეგორიაა და ჩემთვის ძალიან ძნელი სათქმელია, ამ კუთხით კელი დეგნანი საკუთარ თავს რის უფლებას მისცემს, თუმცა ოპოზიციისთვის მოწოდება, პარლამენტში შედიო, იმას არ ნიშნავს, რომ დეგნანი ხელისუფლების მხარდამჭერია. უბრალოდ, მგონია, რომ მისი მოწოდება სწორად ვერც „ოცნების“ მომხრეებმა გაიგეს და ვერც - მოწინააღმდეგეებმა. უფრო ზუსტად, „ოცნების“ პიარმანქანა შეეცადა, რომ ეს ასე გაეყიდა, თორემ კელი დეგნანიც იმ აშშ-ის ნაწილია, რომელმაც ორი დღის წინ დაამტკიცა, რომ იმ იდეების ერთგულია, დამფუძნებელმა მამებმა ამ სახელმწიფოში რომ ჩადეს და ეს იდეები ქვეყნის კონსტიტუციით მართვაა. შესაბამისად, ის მოწოდება, კელი დეგნანი ოპოზიციისგან პარლამენტში შესვლას ითხოვდაო, ხელისუფლების ინტერესების დაცვად არ უნდა მივიჩნიოთ. ის იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც აქამდე ყველა პრობლემას სწორედ ასე წყვეტდა და ორი დღის წინ ამ იდეამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა!

- ისე, კაპიტოლიუმის ინციდენტი აშშ-ის მსოფლიო იმიჯს დააზარალებს?

- ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, პროცესები როგორ განვითარდება, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ აშშ შეძლებს, ამ გამოწვევას გაუძლოს.

ისე, ძალიან უცნაურია, რომ ტრამპის ლოზუნგი: „აშშ კვლავ იქნება დიადი“, - სწორედ მისივე ქმედებებით შეირყა, მაგრამ ვფიქრობ, აშშ იმ დიდებას, რომელიც ჰქონდა, ისევ დაიბრუნებს!

- ქალბატონო ლელა, ვიდრე საუბარს დავასრულებთ, კიდევ ორ თემას შევეხები, ანუ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელობა პოლიტიკური აქტია თუ  წმინდა კულტურულ მოვლენასთან გვაქვს საქმე?

- ნება მომეცით, რომ დიდი კომენტარი არ გავაკეთო და მხოლოდ ერთი ფრაზით შემოვიფარგლო.

- კი ბატონო, გისმენთ....

- მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს და როგორც ნინო ანანიაშვილის თაყვანისმცემელს, ამ ფაქტმა გული მატკინა.

- გამორიცხულია, გრიგოლ ვაშაძესნაცმოძრაობისთავმჯდომარეობა იმიტომ დაეტოვებინოს, რომ მისი მეუღლე ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელი გახდა, ანუ პოლიტიკიდან წასვლით ვაშაძე-უფროსმა ყველაზე ძლიერ, გავლენიან და დასავლურ ოპოზიციურ პარტიას გარკვეული უხერხულობა ააცილა?

- ვერ გეტყვით... თუ ეს გადაწყვეტილება ნინომ მაშინ მიიღო, როცა ბატონი გრიგოლი პარტიის თავმჯდომარე იყო, თავიდანვე უხერხული იქნებოდა...

- ისე, პატრიარქის საშობაო ეპისტოლე არ გამოქვეყნდა და ამის გამო, ქალბატონო ლელა, თქვენ, როგორც მართლმადიდებელს, გარკვეული კითხვები არ გაქვთ?

- ამ ფაქტის ახსნა არადამაჯერებელია და თავს უხერხულად სწორედ ამიტომ ვგრძნობ.

- უფრო კონკრეტულად?

- ითქვა, სტამბაში დაბეჭდვა ვერ მოესწროო, მაგრამ ეს სრული აბსურდია.

- რატომ?

- ბოლოს და ბოლოს, ხელნაწერი ეპისტოლეს წაკითხვა შეიძლებოდა და მერე დაბეჭდავდნენ. ანუ გაუგებარია, ეს იდეა რატომ გაჩნდა.

ისიც ძალიან გაუგებარი ახსნაა, - აი, ეპისტოლეს დაწერა ვერ მოესწროო.

მოკლედ, მე, როგორც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრმა, დამაჯერებელი ახსნა-განმარტება ვერ მივიღე. ამიტომ კიდევ უფრო ბევრი კითხვა გაჩნდა, რაც, შესაბამისად, იმ ვერსიასაც აძლევს არსებობის უფლებას, რომ, თურმე, შორენაზეა დამოკიდებული, რას ეტყვის პატრიარქი თავის ხალხს ისეთ მძიმე ჟამს, როგორიც ახლაა პანდემიისა თუ ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით.

- ეპისტოლეში, როგორც წესი, პოლიტიკური მესიჯებიცაა. იქნებ, პატრიარქი ამ მესიჯებს მოერიდა, ანუ არ უნდოდა, რომ გარკვეულ საკითხებზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა და ეპისტოლეც ამიტომ არ გამოქვეყნდა?

- აუცილებელი არაა, რომ პატრიარქის ეპისტოლეში პოლიტიკური გზავნილები იყოს! პატრიარქის ეპისტოლე, პირველ რიგში, მრევლის სულიერ გამხნევებას, გაძლიერებასა და მისთვის სწორი ორიენტირების მიცემას ემსახურება. ამიტომ სრულიად წარმოუდგენელია, რომ ამ თვალსაზრისით პატრიარქს მრევლისთვის სათქმელი არაფერი ჰქონოდა.

- ისე, სამი ათეული წელია, ჟურნალისტიკაში ვარ, მაგრამ არ მახსენდება, რომ ოდესმე ეპისტოლე არ გამოქვეყნებულიყოს.

- სიმართლე გითხრათ, ასეთი პრეცედენტი არც მე მახსენდება, რომ დღესასწაულზე პატრიარქის ეპისტოლე არ წაეკითხათ.

ერთი სიტყვით, ოფიციალური განმარტებები არადამაჯერებელია. ამიტომ ყველა ვერსიას, რომელიც ამ საკითხზე გაჩნდება, არსებობის უფლება ექნება, მათ შორის, შორენა თეთრუაშვილის ფაქტორსაც!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება