QronikaPlus
თაღლითობის რისკები  და ფიქტიური გარიგებები ჭიდაობის ფედერაციაში

თაღლითობის რისკები და ფიქტიური გარიგებები ჭიდაობის ფედერაციაში

2019-02-01 11:08:17

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ 2016-2017 წლებში განხორციელებული ხარჯვითი ოპერაციების აუდიტი ჩაატარა. აუდიტის ანგარიში საკმაოდ ვრცელია და დეტალურად ასახავს იმ ხარვეზებს, რაც ჭიდაობის ფედერაციაში აუდიტის კვლევის პერიოდში გამოვლინდა. აუდიტის სამსახურმა კონკრეტული დარღვევები და ფიქტიური გარიგებების შემთხვევები დააფიქსირა. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ პერსონალის შერჩევა, სამუშაოზე აყვანა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრა ხორციელდებოდა საწესდებო მოთხოვნის შეუსაბამოდ. შესამოწმებელ პერიოდში ფედერაციის ყველაზე მაღალანაზღაურებად _ მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის შვილი, რომლის შრომის ანაზღაურებამ იმ პერიოდში შეადგინა 25,375 ლარი. „ფედერაციაში დასაქმებულ პირებზე ხელფასების გაცემის წყაროს წარმოადგენს სპორტის სამინისტროსა და ფედერაციას შორის 2016-2017 წლებში გაფორმებული ხელშეკრულებების 2 შესაბამისად მიღებული მიზნობრივი გრანტი. აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, ფედერაციაში დასაქმებული თანამშრომლების სახელფასო ფონდი 2016 წელს შეადგენდა 34, 800 ლარს, 2017 წელს კი _ 39,000 ლარს. წესდების შესაბამისად, 3 საშტატო განრიგსა და აპარატის კადრებს გენერალური მდივნის წარდგინებით ამტკიცებს ფედერაციის პრეზიდიუმი. მოცემული მოთხოვნის შეუსაბამოდ, საშტატო ერთეულები და სახელფასო განაკვეთები დადგენილია არაუფლებამოსილი პირის, ფედერაციის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებების საფუძველზე. შესამოწმებელ პერიოდში ფედერაციის ყველაზე მაღალანაზღაურებად _ მონიტორინგის მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებული იყო პრეზიდენტის შვილი, რომლის შრომის ანაზღაურებამ ამ პერიოდში შეადგინა 25,375 ლარი“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. დასკვნის მიხედვით, გელა ბერუაშვილმა არა მხოლოდ დაასაქმა შვილი და მისცა ყველაზე მაღალი ანაზღაურება, არამედ პოზიციაზე ყოფნისას დასაქმებულმა არანაირი სამუშაო არ შეასრულა. „შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ იყო „მონიტორინგის“ ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული საქმიანობა. აუდიტორული პროცედურებით ვერ მოიპოვეს რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შესამოწმებელ პერიოდში მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტს. 2017 წლის სექტემბრიდან აღნიშნული თანამდებობრივი პოზიცია გაუქმდა, ხოლო ფედერაციის პრეზიდენტის საქმიანობა, რომელიც ამ დრომდე არ იყო ანაზღაურებადი, მოცემული პერიოდიდან ანაზღაურებადი გახდა და მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა მონიტორინგის მენეჯერის გაუქმებული საშტატო პოზიციის მიხედვით არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შრომითი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული კურატორის მიერ შესასრულებელი სამუშაო და შესამოწმებელ პერიოდში არ დასტურდება მის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელების ფაქტი. გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესაბამისად, დასაქმებულებს ევალებოდათ დაკისრებული ფუნქციების შესრულება. უფროსის მიერ დამტკიცებული გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული სამუშაო დროის შესაბამისად, ხელმძღვანელობამ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები (ინფორმაცია/დოკუმენტაცია) თანამშრომლებზე დაკისრებული ფუნქციებისა და დამტკიცებული სამუშაო გრაფიკის შესახებ. არსებითი შეუსაბამობებია ცალკეული პოზიციის მიხედვით თანამდებობრივი სარგოს ოდენობებს შორის. მაგალითად, მონიტორინგის მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში შეადგენს 1250 ლარს, 2016 წელს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ანაზღაურება შეადგენდა 900 ლარს, 2017 წელს _ 625 ლარს, ხოლო ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის (რომლებიც ამავე დროს იყვნენ პრეზიდიუმის წევრები და წესდებით მათი უფლება-მოვალეობები (პასუხისმგებლობები) ფართო სპექტრს მოიცავდა) _ 185 ლარს“, _ აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, შეჯიბრებზე ტრანსპორტის ხარჯის 90% ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის შვილს მოხმარდა. უფრო კონკრეტულად კი: 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე ტრანსპორტირებისთვის გაცემულია 32,338 ლარი. აქედან პრეზიდენტის შვილზე _ 28,987 ლარი. „ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია, რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით დგინდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხები“, _ ნათქვამია დასკვნაში. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ თითოეული ტურნირის ხარჯი მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და 200-დან 900 ლარამდე მერყეობს. აუდიტის სამსახურის ცნობით, სატრანსპორტო მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის. აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფედერაცია შესყიდვებს არ ახორციელებს. განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრებისა და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან (ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულ მხარესთან) გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასისა და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. „2016 წლის 15 ნოემბერს ფედერაციასა და სამშენებლო კომპანია შპს „ფალავანს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 15 ნოემბერს „ფალავნობა 2016-ის“ გამარჯვებულზე ბინის გადაცემის მიზნით, შპს „ფალავანს“ გადაერიცხა 54.920 ლარი. ფედერაციის მიერ შესასყიდი უძრავი ქონების ოპტიმალური (საბაზრო ფასი) და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით, ბაზრის კვლევა არ განხორციელებულა. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა ინტერესთა კონფლიქტი, რაც გამოვლინდა შემდეგში: გამყიდველი (შპს „ფალავანი“) და მყიდველი (ფედერაცია) დაკავშირებული მხარეები არიან. კერძოდ, ფედერაციის პრეზიდენტის ახლო ნათესავები (შვილები), რომლებიც შრომით ურთიერთობაში არიან ფედერაციასთან, ამავდროულად, წარმოადგენენ შპს „ფალავნის“ დამფუძნებლებს. ინტერესთა კონფლიქტის არსებობამ გავლენა მოახდინა ფედერაციის მიერ შპს „ფალავანთან“ დადებული გარიგების პირობებზე და გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არაეკონომიური ხარჯვა“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, სახელობითი ტურნირების ორგანიზების დაფინანსებისთვის გამოყოფილი 13,385 ლარის საბიუჯეტო სახსრები ფედერაციის მიერ გახარჯულია არამიზნობრივად. აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ ჭიდაობის ფედერაციის მიერ რეგიონებში განხორციელებული სახელობითი ტურნირების დაფინანსების დუბლირება ხდებოდა. „რეგიონებში გასამართი სახელობითი შეჯიბრებებისა და ტურნირების ორგანიზება მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებულია 15,800 ლარით, ხოლო იგივე ღონისძიებები ფედერაციის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, სამინისტროს მიერ დაფინანსებულია 21,345 ლარით. სულ დაფინანსების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 37,145 ლარი. გამოყოფილი თანხებიდან მიზნობრივად გაიხარჯა მხოლოდ 23,860 ლარი, ხოლო 13,285 ლარი გახარჯულია არამიზნობრივად იმ აქტივობების დასაფინანსებლად, რომელიც ხარჯთაღრიცხვებით არ იყო გათვალისწინებული (მივლინება, პირადი სარგებლობის სატრანსპორტო საშუალების შეკეთება, საბურავების შეცვლა, პრემია და ა. შ.); აქედან სპორტული ღონისძიება, რომლის განხორციელების მიზნით ა(ა)იპ _ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სპორტული გაერთიანების მიერ გამოიყო 3,000 ლარი, საერთოდ არ განხორციელებულა“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის განცხადებით, ჭიდაობის ფედერაციამ 2016 წლის დეკემბერში არჩატარებულ ვიქტორინაში გამარჯვებული მაყურებლისთვის საჩუქრად გადასაცემად 4,300 ლარის მობილური ტელეფონი შეისყიდა. აუდიტის დასკვნის თანახმად, „მოცემული ხარჯვითი ოპერაცია შეიცავს ფიქტიური ოპერაციის ნიშნებს და ზრდის თაღლითობის რისკებს“. აუდიტის სამსახურის ფინანსური შესაბამისობის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი მტკიცებულებებით, არ დასტურდება ვიქტორინის ჩატარების ფაქტი. ასევე არ არის განსაზღვრული ვიქტორინის თემატიკა და არ არის შემუშავებული მისი გამართვისა და გამარჯვებულის გამოვლენის წესი. ხარჯებში ჩამოწერის აქტებით არ ხდება ვიქტორინაში გამარჯვებული პირების იდენტიფიცირება და შესაბამისად, არ დასტურდება მათზე ტელეფონის აპარატების გადაცემის ფაქტი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, 2016 წლის დეკემბერში გაიმართა ღონისძიება „საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში“. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში ვიქტორინაში გამარჯვებულ მაყურებელზე საჩუქრების გადაცემის მიზნით შეისყიდეს ტელეფონები. აუდიტის ინფორმაციით, 2016 წლის ფალავნობაში ჩასატარებელი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და ქართული ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, 5 დეკემბერს ფედერაციას ჩაერიცხა 22,300 ლარი. ანგარიშში ნათქვამია, რომ სამინისტროში 2016 წლის დეკემბერში წარდგენილი საავანსო ანგარიშის შესაბამისად, გრანტის თანხიდან 20 დეკემბერს შესყიდულია 4,300 ლარის ღირებულების 12 ცალი მობილური ტელეფონი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომ ჩამოწერის აქტის შესაბამისად, 4,300 ლარის ღირებულების საჩუქრების გამარჯვებულ მაყურებელზე გადაცემას ხელმოწერებით ადასტურებს ფედერაციის გენერალური მდივანი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ფედერაციის გენერალური მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის წერილობითი განმარტებებით კი აღნიშნულ ჩამოწერის აქტზე მათი ხელმოწერები არ არის. აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად, ჭიდაობის ფედერაციაში შიდა კონტროლის სისტემა არ არსებობს. „ყრილობას, პრეზიდიუმსა და პრეზიდენტს შორის არ არის გამიჯნული უფლება-მოვალეობები. პრეზიდიუმი არ ასრულებს წესდებით განსაზღვრულ ფუნქციებს და მისი არსებობა ფორმალურია. ზოგადად არაეფექტიანია კონტროლის გარემო და ცალკეული კონტროლის პროცედურების გვერდის ავლა, ერთობლიობაში იწვევს ხარჯვითი ოპერაციის ამსახველი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტებით მანიპულირების შესაძლებლობას და ზრდის ხელმძღვანელობის მხრიდან თაღლითობის ჩადენის რისკებს“, _ ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. აუდიტის სამსახურში არ კონკრეტდება,გადაუგზავნეს თუ არა დასკვნა პროკურატურას და დაიწყება თუ არა გამოძიება საბიუჯეტო სახსრების უკანონო ხარჯვაზე.

ნენე ინჯგია

 

გაზიარება