- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-07-18 10:42:49
შიდა ქართლში ჩემი ვოიაჟის მიზანი რამდენიმე ხნის წინ ერთი ადგილობრივი მოსახლის მიერ გამოთქმული გულისწყრომა იყო: „ვიწამლებით, გვსპობენ, ნადგურდება უნიკალური ფლორა და ფაუნა და ამას ყურადღებას არავინ აქცევს“.
ეს არ არის სიმართლე, რადგან ძალიან ბევრს თუნდაც საყდრისზეც ჰქონდა ადეკვატური რეაქცია. წლების წინათ კომპანია GPM-ის (ჯეოპრომაინინგი) (რომელიც კაზრეთში ოქროს მოიპოვებდა), იმჟამინდელ ხელმძღვანელ კობა ნაყოფიას „ქორთიარდ მარიოტში“ ჟურნალისტებთან გამართული შეხვედრისას ვკითხე: „რუსები, კონკრეტულად კი, გენერალოვი, რატომ მდიდრდებიან ქართული ოქროთი? ეს თქვენ, აფხაზეთიდან დევნილს, დისკომფორტს არ გიქმნით?“ მიპასუხა: „ინვესტორის ეროვნებაზე საუბარი არაეთიკურად მიმაჩნია“. ჩვენი „შპილკაობა“ გარემოს დაცვის საკითხებით, ბუნებაზე ზემოქმედების თემით, თანამშრომელთათვის ადეკვატურ შრომის პირობებსა და ანაზღაურებაზე აქცენტებით გაგრძელდა, თუმცა რეპლიკები: „ბიუჯეტში მსხვილი შემომტანი… თქვენ არასწორი ინფორმაციები გაქვთ… არ იცით…“, იმდენად ნათლად წარმოაჩენდა პირდაპირი პასუხებისგან თავის არიდების მცდელობას, რომ მის წარმოდგენაში აშკარად ვერ ვაფასებდი „ოქროს სიდიადეს“.
ცნობისთვის: 1994 წელს შეიქმნა შპს „კვარციტი“, რომელმაც დაიწყო ძვირფასი ლითონების, მათ შორის, ოქროს შემცველი მადნის, გროვული გამოტუტვის მეთოდით დამუშავება. 2005 წელს განხორციელდა შპს „კვარციტისა“ და სს „მადნეულის“ პრივატიზაცია, რის შედეგადაც მათი მესაკუთრე გახდა რუსული კომპანია „პრომიშლენი ინვესტორის“ შვილობილი კომპანია _ „სთენთონ იქვითიზ ქორფორეიშენს“, რომელიც ოფშორულ ზონაში _ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე იყო რეგისტრირებული. სს „მადნეულის“ განკარგულებაში გახლდათ კომბინატი. ამის შემდეგ სს „მადნეულისა“ და შპს „კვარციტის“ აქციები/წილები გასხვისდა: 2007 წელს _ სს „კომპანია ჯეოპრომაინინგზე“, ხოლო 2012 წელს _ რუსულ კომპანია „კაპიტალ ჯგუფზე“. საბოლოოდ, შპს „კვარციტს“ ეწოდა შპს „RMG GOLD“, ხოლო სს „მადნეულს“ _ სს „RMG COPPER“.
სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც 2013 წლის ნოემბრში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიკოს კიაზო ფიცხელაურზე დაყრდნობით განაჩენი გამოუტანა საყდრისს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრების გურამ (მირიან) ოდიშარიასა და მიხეილ გიორგაძის „ინტერესებში“ აშკარად გამოიხატა ოქროს „მხარდაჭერა“, ვიდრე კულტურისა და ისტორიის (თუნდაც, ლეგენდის) მომგებიან ბიზნესად ქცევა, ყველაფერი ნათელი გახდა. ახლა არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ვინ რა სარგებელი ნახა საყდრისის აფეთქებით _ აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ RMG-ის ან თუნდაც ბიუჯეტში შეტანილ სოლიდურ გადასახადებს, არამედ თვალდახუჭულ თუ თვალმოჭუტულ გულდათუთქულ გულშემატკივრებსაც. ფაქტი ჯიუტია: ადამიანების ნაწილი, თუნდაც კომპანიაში დასაქმებულები, რომელთაგან არც ერთი ხმამაღლა არ ასახელებს საკუთარ გვარს, თუმცა ჩურჩულით გამოთქვამენ საყვედურებს არსებულ მდგომარეობაზე _ წარმოუდგენელ ზიანს აყენებენ საკუთარ ქვეყანას. კერძო ინტერესებს კონტექსტების დონეზე თავს თუ დავანებებთ, ბიზნესს აქვს ერთი ფრიად სასტიკი წესი _ იაფად ვიშოვო/ვაკეთო ბევრი ფული. სახელმწიფოს აწყობს ბიზნესის მიერ ნაშოვნი ბევრი ფული, რადგან ეს არის სოლიდური საბიუჯეტო შემოსავალი. მაგრამ სახელმწიფოს აქვს უმთავრესი ვალდებულება _ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები და რაც მთავარია, უზრუნველყოს მისი მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული სოცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ასევე სახელმწიფოს აქვს გარემოს დაცვის ვალდებულებაც და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება… თუმცა რა აზრი აქვს ამ ვალდებულებების ჩამოთვლას, _ ეს ხომ ისედაც იცით? ზემოთ ვახსენე კულტურისა და ისტორიის ლეგენდად ქცევა. აბა, წარმოიდგინეთ, სათანადო არგუმენტების საფუძველზე, რომელიც აკადემიკოს კიაზო ფიცხელაურის დასკვნით თურმე არ არსებულა, საყდრისს თუ ოქროს მოპოვების არქეოლოგიურ მექად ვაქცევდით, თუნდაც ისტორიულ პერსპექტივაში _ 2042 წლის შედეგაც კი (ამ დრომდე არსებობს ოქროს მოპოვების ლიცენციები), რაოდენ მეტ სარგებელს ნახავდა სახელმწიფო? მაგრამ ჩვენთან პრიორიტეტია „ახლა გამდიდრება“ და არა სამომავლო _ ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური სარგებელი…
მგონი, არ ღირს, აქ საქართველოში ოქროს მოპოვების ისტორიასა და ტრადიციებზე ვისაუბრო და პირდაპირ საქმეზე გადავალ: საქართველოს სამთომომპოვებელი საქმიანობა და სამთომოპოვებით მრეწველობაზე დამოკიდებულების ინდექსი ყოველწლიურად იზრდება. ბუნებრივი რესურსების მოპოვებას თან ახლავს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მიყენება, რის შესამცირებლადაც სამთომომპოვებელი კომპანიებისთვის სახელმწიფოს მიერ კონკრეტული მოთხოვნებია დაწესებული (საქართველოს კანონი გარემოს დაცვის შესახებ, 2017-2018; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, 2017-2018). აღნიშნული მოთხოვნები მინიმალურია, თუმცა კონკრეტული შემთხვევები ადასტურებს, რომ ეს კომპანიები ამ მინიმალურ მოთხოვნებსაც კი არ ასრულებენ. ამას ცხადყოფს კომპანიების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამო, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევების შედეგად, მათზე დაკისრებული ჯარიმების ოდენობა (მარიამ დევიძე, „ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე“).
საქართველოში ბუნებრივი რესურსების ყველაზე დიდი მომპოვებელი კომპანიაა Rich Metals Group – RMG , რომლის საქმიანობა მართალია საკმაოდ დიდ მოგებას უტოვებს თავად კომპანიასა და სახელმწიფოსაც კი, მაგრამ უდიდეს სოციალურ და ეკონომიკურ ზემოქმედებას ახდენს ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობაზე: კერძოდ, ჯანმრთელობის საკითხებზე, მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაზე, სოფლის მეურნეობის მდგომარეობაზე, დასაქმებაზე, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, გარემოზე ზემოქმედებაზე.
დიახ, საქართველოში ყველაზე დიდ სამთომოპოვებით პროექტს განეკუთვნება კომპანია „არემჯის“ მიერ ქვემო ქართლში, სალიცენზიო ტერიტორიებზე ოქროსა და სპილენძის მოპოვება. სპილენძის მოპოვება აქ, ჯერ კიდევ, 1975 წელს დაიწყო კომპანიის წინამორბედმა საწარმო „მადნეულმა“, 1994 წელს კი ჩამოყალიბდა ოქროს მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „კვარციტი“. 2012 წელს ორივე კომპანია გადავიდა „არემჯის“ მფლობელობაში და „მადნეულს“ ეწოდა „ RMG cooper “, ხოლო „კვარციტს“ – „ RMG gold “ ( Rich Metals Group – RMG , 2014-2018), ა) „შპს RMG gold -ის მესაკუთრეა კერძო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია „ Rich Metals Group B.V. “, რეგისტრირებული ნიდერლანდებში (წილის 96.21%) და სს „ RMG Copper “ (წილის 3.79%); ხოლო სს „ RMG Copper “-ის მფლობელების შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში წარმოდგენილი არ არის, ვინაიდან აქციის მფლობელების შესახებ ინფორმაციის საჯაროობას საქართველოს კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს“ (მწვანე ალტერნატივა, 2017, გვ. 1). ამ საკითხს ქვემოთაც შევეხები _ საინტერესო პერსონების კონტექსტში.
რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი კომპანიამ, რომ იგი იცავს ოქროს მოპოვების სტანდარტებს, გარემოზე ზემოქმედება და მიყენებული ზიანი არის უდიდესი. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ სამუშაო ჯგუფის შექმნა (საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულება #7, 2018). მართალია, სამუშაო ჯგუფმა საკმაოდ მოხერხებულად აუარა გვერდი კომპანიის მიერ ადგილობრივ მოსახლეობაზე მიყენებულ უარყოფით სოციალურ-ეკონომიკურ ზემოქმედებას და მნიშვნელოვანი აქცენტები არ გააკეთა გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გრძელვადიან შედეგებზე, თუმცა ამის მიუხედავადაც კი ისინი იძულებული გახდნენ, საკმაოდ სოლიდური და კომპანიისთვის ანგარიშგასაწევი, ადეკვატური გააზრების შემთხვევაში უმძიმესი დასკვნა დაედოთ.
პირადად ჩემთვის შოკი იყო, რაც ვნახე _ გადათხრილი კარიერები, უმოწყალოდ გაჩეხილი ტყე, განადგურებული მწვანე საფარი. ამას დაერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენი ცხოვეელი და ტყის ბინადარი მოისპო და გადაშენდა, როგორ ბინძურდება ჰაერი, ამას დავამატოთ ჰაერის ციანიდით მოწამვლის ფაქტები, ასევე როგორ იწამლება მდინარეები, წყლის მეშვეობით სასოფლო სამეურნეო პროდუქტები და საბოლოოდ, რა ზიანი ადგება ადამიანს, არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეს, არამედ თუნდაც თბილისის მცხოვრებს, რომელიც ბაზარში აქ მოყვანილ პროდუქტებს ყიდულობს.
საქართველოს ხელისუფლებას უნდა შევახსენო, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 302-ე მუხლის მიხედვით: „1. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას, დაცვას, გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციას, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და საერთაშორისო დონეზე ძალისხმევის ხელშეწყობას გარემოს დაცვის რეგიონულ ან გლობალურ პრობლემებთან გასამკლავებლად, მათ შორის, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: … (ფ) ინდუსტრიული დაბინძურება და ინდუსტრიული საფრთხეები; და (გ) ქიმიური ნივთიერებების მართვა; 2. თანამშრომლობა მიზნად ისახავს გარემოს დაცვის საკითხების ინტეგრირებას არა მხოლოდ გარემოსდაცვით პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკის სხვა სფეროებშიც“ (ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, 2014, მუხლი 302). ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს სახელმწიფო გარემოსდაცვითი პოლიტიკა, რაშიც ინტეგრირებული იქნება პროექტების განხორციელების არეალებში არსებულ დასახლებებზე ნეგატიური სოციალური ზემოქმედების შემცირება-არიდების სტრატეგიები.
აქ ვიყოთ სიმართლესთან ახლოს (აბსოლუტური არაფერი არსებობს და დიდად ნუ გამოიდებს თავს ნურავინ) და ვაღიაროთ ისიც, რომ გარემოზე ზემოქმედების, მიყენებული ზიანის თემა არც ერთ წინა ხელისუფლებას ანაღვლებდა, მეტიც: 2012 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც სახელმწიფომ სს „მადნეულსა“ და შპს „კვარციტს“ 18 წლის განმავლობაში (1994-2012 წლებში) მიყენებული ზიანი ამავე კომპანიების „კეთილი ნების“ საფუძველზე 13 მილიონ ლარად „შეუფასა“. ანუ ამ კანონის საფუძველზე სს „მადნეულმა“ და შპს „კვარციტმა“ 2012 წლის 14 მაისს მიმართეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს 1994 წლის პირველი აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე პერიოდში მათ მიერ ჩადენილი ყველა ქმედების კანონიერად ჩათვლისა და კომპანიების ყველა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მიზნით, 13 მილიონი ლარის კომპენსაციის სანაცვლოდ შეთანხმების დადების მოთხოვნით. მინისტრმა საკითხი იმავე დღეს განიხილა, მოიწონა და იგი გადაუგზავნა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, რომელმაც ასევე იმავე დღეს გამოსცა აქტი შეთანხმების დადების თაობაზე. თავად შეთანხმება მეორე დღეს, 2012 წლის 15 მაისს, დაიდო. დადებული შეთანხმებით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ სს „მადნეულსა“ და შპს „კვარციტს“, ანუ RMG-ს, აპატია 1994 წლის პირველი აპრილიდან 2012 წლის 14 მაისამდე პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ჩადენილი ყველა დარღვევა. ეს იმასაც გულისხმობდა, რომ სახელმწიფო იმ პერიოდისთვის RMG-ის მიმართ სახელმწიფო კონტროლსა და შემოწმებას ვერ განახორციელებდა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 20 მარტს მიღებული კანონის ის ნორმა, რომელიც ამგვარი შეთანხმების დადებისა და გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პატიებას ითვალისწინებდა, 2013 წლის 10 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო.
ორგანიზაციამ „მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმა“, 2017 წელს განახორციელა კვლევითი პროექტი, ბუნებრივი რესურსების მოპოვების არეალთან დაბინძურების კერების, დაბინძურების დონის, წყალსა თუ ნიადაგში მძიმე ნივთიერებების კონცენტრაციის დასადგენად. 21 სოფელში აიღეს 43 სინჯი, რომელიც შემოწმდა შემდეგ მეტალებზე: სპილენძი (Cu), თუთია (Zn), მანგანუმი (Mn), რკინა (Fe), კადმიუმი (Cd), ნიკელი (Ni), კობალტი (Co) და ტყვია (Pb). კვლევამ აჩვენა, რომ მძიმე მეტალებით მნიშვნელოვნადაა დაბინძურებული მდინარე მაშავერა და ფოლადაური. „მდინარე მაშავერას შეერთებამდე, მდინარე კაზრეთულაში კადმიუმის კონცენტრაცია 10-ჯერ აღემატება ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას, ხოლო მდინარე კაზრეთულას შეერთებიდან 300 მეტრში, მდინარე მაშავერაში კადმიუმის კონცენტრაცია 9-ჯერ აჭარბებს ზღვრულად დასაშვებს. მდინარე ფოლადაურის ქვედა წელში, წუღრუღაშენთან, კადმიუმის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 28-ჯერ აჭარბებს“ (წიქარიძე და სხვ., 2017, გვ. 26). წყლის დაბინძურების საგანგაშო მდგომარეობის გარდა, მწვავე ვითარებაა ნიადაგის დაბინძურების კუთხითაც. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ სპილენძი, მანგანუმი, კადმიუმი და თუთია საგანგაშოდაა მომატებული არაერთ სოფელში და არა მხოლოდ კომპანიის სამუშაო არეალთან ახლოს მყოფ ტერიტორიებზე. „სოფელ რატევანში სპილენძის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმასთან შედარებით გაზრდილია საშუალოდ 1300%-ით, თუთიის – 979%-ით, კადმიუმისა კი – 3760 %-ით. სოფელ ნახიდურში სპილენძი 143%-ით, თუთია 379%-ით, კადმიუმი 1875%-ითაა გაზრდილი“ (წიქარიძე, და სხვ., 2017, გვ. 30-31). საყდრისის მაღაროს ირგვლივ არსებული სოფლების, ანუ, ძირითადად, ბალიჭისა და აბულბუქის სავარგულები ჰაერითაც ბინძურდება კარიერზე მიმდინარე ინტენსიური აფეთქებების შედეგად.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, 2013-2014 წლების ანგარიშის მიხედვით, კომპანია „არემჯის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის ოდენობა ფინანსურ მაჩვენებლებში შემდეგნაირად შეაფასა: 1) RMG Gold -ის მიერ მიწის დაბინძურებისა და დეგრადირების კუთხით გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა – 29 153 880 ლარი; 2) სს RMG Copper -ის გამამდიდრებელი საწარმოს მიერ მდ. კაზრეთულაში მჟავე კარიერული წყლის ჩაღვრის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 078 188 ლარი შეადგინა (გარემოსდამცველი ზედამხედველობის დეპარტამენტის ანგარიში, 2013-2014 წწ.).
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის ანგარიშში (გვ.5) ვკითხულობთ: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის არსებული სისტემა ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული გარემოს აღდგენას. კერძოდ, აუდიტის პერიოდში გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიიმართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანი არ აღმოიფხვრება“.
მარიამ დევიძე ზემოთ დასახლებულ ნაშრომში აღნიშნავს: _ გამოვითხოვე ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმ დაავადებების ინციდენტობის შესახებ, რომელთა რიცხვიც შესაძლოა, მაღალი იყოს რეგიონში არსებული გარემოს დაბინძურების შედეგად. ამ შემთხვევაში, დაბინძურებასა და დაავადებების ინციდენტობას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირზე საუბარი შეუძლებელია, თუმცა, კონტექსტის წარმოსაჩენად, ამ მონაცემების მოყვანა საინტერესოა. მუნიციპალიტეტში ყველაზე ხშირია სასუნთ ორგანოთა ავადმყოფობები (5209 ადამიანია დაავადებული ამ ავადმყოფობით), მათ შორის, 0-15 წლამდე ბავშვებში (3057). რიგითობით გახშირებული ავადმყოფობებია: სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები (4524 ადამიანში), ჰიპერტენზია (3517 ადამიანში), ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული (1913 ადამიანში) და ნერვული სისტემის დაავადებები (839 ადამიანში).
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ძალიან რთულად და თითქმის არც ხდება სამუშაოსთან დაკავშირებული პროფესიული დაავადებების დადგენა. ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, სადაც მხოლოდ 25 სპეციალისტი მუშაობს. „პროფესიული დაავადების შემწეობის ქმედითი პრაქტიკის არარსებობის გამო, მოსახლეობა სამსახურს მძიმე დაავადების შემთხვევაშიც კი ვერ ანებებს თავს. იმისათვის, რომ შემოსავლის წყარო არ შეუწყდეს, სადამდეც შეუძლია ტკივილის ატანა და შრომისუნარიანია, ჯანმრთელობის პრობლემებს უძლებს; ეს კი დაავადების იდენტიფიკაციასა და პრევენციას ართულებს და ამ ადამიანებზე ტრაგიკულად აისახება (მარიამ დევიძე).
როგორც ირკვევა, ბოლნისისა და დმანისის მოსახლეობაში გავრცელებული არ არის ექიმთან ხშირი ვიზიტებისა და დაავადებების კონტროლის პრაქტიკა. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ სამედიცინო დაზღვევა აქვთ, ის სრულად არ ფარავს საწამოო ტრავმებისა და წარმოების პროცესების გამო მიღებული დაავადებების მკურნალობის ხარჯებს.
ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას პროტესტის სურვილიც არ გააჩნია, პირიქით, ის ძალიან ძნელად მოდის ღია (იდენტიფიცირებულ) კომუნიკაციაზე და არის შემთხვევები, როდესაც აგრესიასაც კი ავლენს სამუშაოს დაკარგვის შიშით.
და მაინც, იმის გამო, რომ ვინმემ სუბიექტურობაში არ დამდოს ბრალი და ჩემ მიერ ადგილზე ნანახი და მოსმენილი ზღვარგადასულ ემოციებს არ მიაწროს, რომლის შედეგადაც დღესვე დავხურავდი საწარმოს, ვიდრე უმკაცრეს სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა იგი, მათ შორის, თანამაშრომელთა და მათი ოჯახის წევრების, ასევე გარემოს დაბინძურების არეალში მცხოვრები 0-18 წლის ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდების სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევას მოვითხოვდი, არ დავუტოვებდი სამთვიანი (მოკლევადიანი) შრომითი ხელშეკრულებების „ხვრელს“ კომპანიას, ვიდრე არ დაიწყებოდა ტყის მასივების მშენებლობა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის „ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის 2018-2019 წლების მონიტორინგის ანგარიშს“ მივაპყროთ ყურადღება.
სამუშაო ჯგუფი შეიქმნა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გადაწყვეტილებით, სს „ RMG Copper “-ისა და შპს „ RMG Gold “-ის მიერ სამთომოპოვებითი სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით. ჯგუფი დაკომპლექტდა გარემოს კომიტეტის, ა(ა)იპ „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო-კვლევითი პლატფორმების“ წარმომადგენლებით.
რადგან ანგარიში საკმაოდ მოცულობითია, აუცილებლადაც კი მიმაჩნია მისი ცალკეული აქცენტების ასევე ვრცლად გამოყოფა (რიგითი ნომრები მინიჭებულია ჩემ მიერ გამოყოფილი პრიორიტეტების მიხედვით. ცალკეული ციტატები შემოკლებულია):
ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რაზედაც ანგარიშშია საუბარი, მაგრამ აქ ყურადღებას იპყრობს შემდეგი გარემოება, რომ იმ პირობებში, როდესაც კომიტეტი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამსახური გასცემდა რეკომენდაციებს, კომპანიის რეაგირება მასზე იყო შერჩევითი ხასიათის, რაც თვალნათლივ ჩანს კიდეც ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია: