მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე შეტევასა და მართლმადიდებელ სამყაროში არსებულ პრობლემებზე „ქრონიკა+“ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:
_ ბოლო პერიოდში მსოფლიო საპატრიარქოზე მიმდინარე შეტევები თვალნათელია. რა ხდება? რა პროცესები ვითარდება?
_ დიდი ხანია, მსოფლიო საპატრიარქო ოფიციალური რუსეთის _ როგორც საეკლესიო, ასევე საერო ხელისუფლების _ დარტყმების ობიექტია. შეტევები მრავალგვარია: პირადად მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს აბრალებენ ყველაფერს, რაც კი ადამიანს შეიძლება მოუგონონ, რომ იგი ამერიკის აგენტია, თურქეთის ჯაშუში, პაპისტი, კათოლიკე, იღებს ფულს პოროშენკოსთან და ა. შ. ამას ემატება მსოფლიო საპატრიარქოზე გახშირებული ჰაკერული თავდასხმები რუსეთის მხრიდან იმ იმედით, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მაღალ იერარქებზე კომპრომატებს მოიპოვებენ, რითაც შემდგომში მათ მართვას შეძლებენ.
_ რა არის ამის მიზეზი?
_ მიზეზი ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე რუსეთის მხრიდან ძალაუფლების გაზრდის სფერო. ეს იდეოლოგიათა, ცივილიზაციათა დაპირისპირებაა. ერთ მხარესაა ქრისტიანული, დასავლური ღირებულებები, თავისუფლების იდეა, მეორე მხარეს კი რუსული იმპერიალისტური „დერჟავა“, რომლისთვისაც არ არსებობს კონკრეტული გამყოფი ხაზი, სადაც მასსა და სხვას შორის საზღვარი დგება _ როგორც პოლიტიკური, ასევე საეკლესიო. სანამ უფრო დეტალურად განვიხილავდეთ თითოეულ საკითხს, ნება მიბოძეთ, თავად ტერმინ ეკლესიის მნიშვნელობა დავაზუსტოთ. მართლმადიდებლური სწავლებით ეკლესია არის ქრისტეს სხეული, სისავსე, რომელიც მის წევრებსა თუ იერარქებში არსებული პოლიტიკური, პიროვნული თუ სხვადასხვა სახის მანკიერების მიუხედავად, უცდომლად გადმოსცემს მაცხოვნებელ მოძღვრებას. არ ვისაუბრებ ეკლესიის სულიერ, მაცხოვნებელ მისიაზე, არამედ იმ მიწიერ, პოლიტიკურ, ადამიანურ თუ სხვა სახის პროცესებზე, რომელიც მის წევრებს შორის მიმდინარეობს.
_ რა სურს რუსეთს მსოფლიო საპატრიარქოსგან?
_ რუსული მიდგომების ჩამოყალიბება მარტივად შეიძლება. მას სურს, რომ ჰეგემონია ჰქონდეს მსოფლიოზე, რისთვისაც ხშირად სამხედრო პოტენციალზე მეტად იდეოლოგიური მანქანა უფრო მნიშვნელოვანია. მას სჭირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია. იმისთვის, რათა ეკლესია მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცეს, იგი უნდა იყოს ბევრად მეტი, ვიდრე ეს უბრალოდ ადგილობრივი ეკლესიაა. მართლმადიდებელი ეკლესიის სტრუქტურიდან გამომდინარე ამ მიზნის განხორციელების ორი გზა არსებობს: ა) როდესაც მსოფლიო საპატრიარქოს ფორმალურად ეწოდება ეს სახელი და ხელს არ უშლის რუსეთს საკუთარი იმპერიალისტური მიზნების განხორციელებაში; ბ) როდესაც თავად რუსეთის პატრიარქი ხდება მსოფლიო პატრიარქი. ლოგიკურია, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესია არ აძლევს უფლებას მოსკოვს, საკუთარი მისწრაფებების განსახორციელებლად ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე გზა გამოიყენოს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მსოფლიო საპატრიარქოსა და პატრიარქის სახით ოფიციალურმა კრემლმა მტრის ხატი შექმნას და მისი მარგინალიზება დაიწყოს.
_ და ამ ყველაფერს ხომ ექნება ეკლესიისთვის დამაზიანებელი შედეგები?
_ რუსეთის მხრიდან ამგვარ მოქმედებებს ყველაზე სავალალო, საეკლესიო სქიზმა შეიძლება მოყვეს. ზოგადადაც, ძალიან მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ. მოგეხსენებათ XX საუკუნე სიახლეებისა და რადიკალურად ახალი მიდგომების პერიოდი გახლდათ. მსოფლიო საპატრიარქომაც გადაწყვიტა, ადეკვატური პასუხი გაეცა თანამედროვეობის გამოწვევებისთვის. ეკლესია კრებსითი ორგანოა, მაგრამ ამ პოლიტიკური და ფანატიკური წაკინკლავებების გამო საუკუნეების მანძილზე ვერ მოხერხდა მართლმადიდებლების ერთად შეკრება და გამოწვევებზე მსჯელობა. ამ პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა, საერთო მართლმადიდებლური კრება ჩაეტარებინა, რომელზედაც შეიკრიბებოდნენ მართლმადიდებელი ეკლესიები და იმსჯელებდნენ იმ კრიზისულ მდგომარეობაზე, რაც ეკლესიაში იყო. კრებისაკენ განვლილ ლამის საუკუნოვან გზას თუ გადახედავთ მიხვდებით, რომ იგი სხვა არაფერია, თუ არა მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან კომპრომისი რუსეთისა და რუსულ ორბიტაზე მყოფი ეკლესიებისთვის, რომ ისინი კრებას დასწრებოდნენ.
_ მაგრამ ხომ ცნობილია: მოსკოვისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო, რომ კონსტანტინოპოლს კრება ჩაეტარებინა?
_ დიახ, ეს იცოდნენ ფანარში და მზად იყვნენ, დაეთმოთ თითქმის ყველაფერი, თვით ავტოკეფალიის მინიჭების უფლებაც. შინაგანაწესიდან ყველა პრინციპული საკითხი ამოიღეს, ოღონდ რუსული მხარე კრებაზე ჩასულიყო. თავის მხრივ, მოსკოვი ბოლო წამამდე აცხადებდა, რომ კრებაზე ჩადიოდა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ მას ვერ გამართავდნენ. შამბეზის სინაქსისზე ყველა ეკლესიამ, მათ შორის, ჩვენც _ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს, რომელიც უკვე კრებაზე ოფიციალურად უნდა მიგვეღო. ეს ნიშნავდა, რომ კონსტანტინოპოლი პრინციპულად აპირებდა კრების გამართვას. რუსული გეგმები იშლებოდა, მას ბოიკოტიღა დარჩენოდა, ოღონდ „მშრალად უნდა გამოსულიყო“, ამიტომ ხელი ჩვენ შეგვაწმინდა. თავისი გავლენის ქვეშ მყოფებს ჯერ განაცხადებინა, რომ კრებაზე არ წავიდოდნენ, შემდეგ კი თვითონ თქვა, ამ ეკლესიებისადმი სოლიდარობის ნიშნად არ ჩავიდოდა კრებაზე.
ეს ყველაფერი გვერდიდან საკმაოდ რთული სანახავი იყო, მით უფრო საკითხში გარკვეული ადამიანებისთვის. რუსეთმა, რეალურად, საკმაოდ ცუდად გამოგვიყენა.
ამ მოვლენებიდან მსოფლიო საპატრიარქომაც გააკეთა შესაბამისი დასკვნები. კონსტანტინოპოლში გაიაზრეს, რომ უნდა დასრულდეს რუსეთისთვის რამის დათმობა, რადგან ამას მოსკოვი მხოლოდ სისუსტედ აღიქვამს, რომ რუსეთისთვის მისაღები მხოლოდ „მესამე რომის მდგომარეობაა“, რომ კონსტანტინოპოლმა უნდა გამოიყენოს საკუთარი კანონიკური პრივილეგიები, რათა ეკლესიამ დღევანდელ გამოწვევებს შესაბამისი პასუხები გასცეს. ამიტომ მიიღო უკრაინის ეკლესიამ ავტოკეფალია, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მაკედონიასა და მონტენეგროსთან, ამიტომ ცვლის მიდგომებს დიასპორაში და ა. შ. ეს ყველაფერი ლუსტრაციაა თითოეული ადგილობრივი ეკლესიისთვის: მათ უნდა აჩვენონ ყველას, რეალურად, ავტოკეფალიურები _ დამოუკიდებლები არიან, თუ რუსული ფინანსების, უშიშროების, გავლენისა და ა. შ. ტყვეობაში იმყოფებიან. ცხადია, ფანარის ამ მიდგომას კარგად ხვდებიან რუსეთის შესაბამისი სამსახურებიც. მათ არ აქვთ უკან დასახევი გზა _ ურჩევნიათ, საერთოდ სქიზმაში გავიდნენ და საკუთარი სატელიტები ჩაიყოლონ, ვიდრე დასთანხმდნენ მართლმადიდებლურ წიაღში ახალი, დამოუკიდებელი ეკლესიების ჩამოყალიბებას, რაც პირდაპირპროპორციულია მათი გავლენების შემცირებისა, ეს ჩვენთვისაც გამოწვევაა.
_ რას გულისხმობთ?
_ გაგახსენებთ ილარიონ ალფეევის განცხადებას: „ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინოპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს“. დიდი ხანია ვამბობთ, რომ რუსეთი მიდის სქიზმის გზაზე, რადგან ვერ ეგუება მის საზღვართან დამოუკიდებელ ეკლესიას და ამ სქიზმაში ჩვენც გვითრევს. კითხვასაც არ სვამს ალფეევი, ისეა დარწმუნებული, რომ როდესაც „საჭიროდ ჩაითვლება“, ანუ „ბრძანება გაიცემა“, ჩვენც ოფიციალურად გავყვებით რუსეთის ეკლესიას იმ სქიზმაში, რომლის „თავიც მესამე რომის პატრიარქი იქნება“. ჩვენი ვალია, ინფორმაციულად მაქსიმალურად შეიარაღებულები ვიყოთ, რომ არ დავუშვათ რუსეთის ეკლესიის მხრიდან საქართველოს ეკლესიის სქიზმაში ჩათრევა.
_ ამ კონტექსტში საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ხშირად მოგვისმენია აფხაზეთის საკითხის წინ წამოწევა. იმაზე აპელირება, რომ თუ ჩვენ არ მოვიქცევით გონივრულად, რუსეთი აღიარებს აფხაზეთის ეკლესიის ავტოკეფალიას. რამდენად არის ეს რეალობის შემცველი გარემოება?
_ უკვე დიდი ხანია, რუსეთი საქართველოს მოსახლეობაზე აფხაზეთის საკითხით მანიპულირებს. შეგვიძლია, დაუსრულებლად გავაგრძელოთ თეოლოგიური, სამართლებრივი, ისტორიული და სხვა სახის არგუმენტების მოყვანა ამ საკითხზე, თუ რატომაა აბსურდული ეს მოსაზრება, დიდხანს ვილაპარაკოთ მსოფლიო საპატრიარქოს აპარატთან და პირადად პატრიარქთან დამოკიდებულებაზე, თუ რას ფიქრობენ ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, აფხაზეთზე, ცხინვალსა და ა. შ., მაგრამ, ვფიქრობ, რომ უბრალოდ ღია კარის მტვრევა გამოგვივა, რადგან აფხაზეთის ავტოკეფალიის საკითხი მსოფლიო საპატრიარქოს დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აფხაზეთი არაა დამოუკიდებელი სახელმწიფო, შესაბამისად, მისი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობაც არ მოხდება. აქედან გამომდინარე, მანამ, სანამ აფხაზეთს საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლური ცივილიზებული სამყარო ჩვენს ნაწილად აღიარებს, საუბარიც კი არაფრისმომცემია მის ავტოკეფალიაზე. ჩვენც, უბრალოდ, უნდა გავაგრძელოთ და გავაძლიეროთ არაღიარების პოლიტიკა.
_ ხშირად, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში რუსულ გავლენებზე ვსაუბრობთ, ცალკეული ღვთისმსახური სვამს კითხვას: სად ჩანს ეს გავლენა? და მართლაც, იქნებ, ავუხსნათ საზოგადოებას, სად ჩანს ეს გავლენა?
_ თავის მოტყუება იქნება ვილაპარაკოთ, რომ საქართველოს ეკლესიაში რუსული გავლენა არ არსებობს. მარტივად დავაკვირდეთ, თუნდაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ნებისმიერ საკვანძო საკითხზე პოზიციის დაფიქსირებისას, ცალსახად რუსული მხარე დავიჭირეთ: გამოვედით ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან; ვაღიარეთ ამერიკის რუსული ეკლესიის ავტოკეფალია; მხარი დავუჭირეთ კრეტის კრების ბოიკოტს; არათუ ანათემირებული, განკვეთილიც კი არ გვყავს ის ხალხი, ვინც რუსეთის წაქეზებით აფხაზეთში ჩვენი ეკლესიიდან სქიზმაში გავიდა და ა. შ. რუსეთის ასეთ ძლიერ გავლენას აქვს როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები.
_ კონკრეტულად?
_ XX საუკუნის პირველი პერიოდი ერთგვარი ესტაფეტაა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების წინააღმდეგ მებრძოლი ქართველი პატრიარქებისა: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი... ისინი დაუფარავად ებრძოდნენ და კბილებით იცავდნენ საკუთარ ერსა და ეკლესიას რუსეთის კლანჭებისგან გამოსახსნელად. მეორე მხრივ, საბჭოთა ხელისუფლებაც მარქსისტულ გზაზე იდგა, რაც, თავის მხრივ, ათეისტური იდეოლოგიაა და ღიად ებრძოდა ეკლესიას. საეკლესიო ისტორია ნათლად გადმოგვცემს, რომ ეკლესია მაშინაა ძლიერი, როდესაც მას ღიად ებრძვიან, ხოლო სუსტი კი მაშინ, როდესაც ხელისუფლების იარაღი ხდება და მისგან ფინანსურ თუ სხვა სახის პრივილეგიებს იღებს. საბჭოთა ხელისუფლების სათავეში მოსული სტალინი იწყებს მიდგომების შეცვლას და ერთგვარად უხვევს მარქსისტული იდეოლოგიიდან. საბჭოთა კავშირში აქტიურად ძლიერდება მისი პიროვნული კულტი და ასევე იკლებს ეკლესიის წინააღმდეგ ღია ბრძოლა. სტალინმა ძალიან კარგად იცოდა, თუ როგორ წარმატებით შეიძლებოდა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის საეკლესიო სივრცის გამოყენება. სიტუაციის ერთგვარი აპოგეა მეორე მსოფლიო ომი გამოდგა, სადაც ერთიორად საჭირო გახდა, რომ ეკლესია ღიად და დაუფარავად დახმარებოდა მოსკოვის შესაბამის უწყებებს. რუსეთის პატრიარქის მოსაყდრე სერგი, ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გევორქ VI და უწმინდესი კალისტრატე ცინცაძეც აქტიურად ჩაერთვნენ საბჭოთა კავშირის მხარდამჭერ საქმიანობაში. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება რუსეთის მხრიდან საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაც, რაც საბჭოთა ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიიდან წამოსულ იდეოლოგიურ სარგებელს უზრდიდა. ისევე როგორც სხვაგან, საქართველოს ეკლესიაც იძულებული იყო, შესაბამის უწყებებთან ეთანამშრომლა, მასთან შეთანხმებით მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილებები და ა. შ. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობდა. სხვა ადგილობრივ ეკლესიათა ზოგმა იერარქმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავად აღიარა КГБ-სთან თანამშრომლობა, სხვაგან შესაბამისი არქივები გახსნა სახელმწიფომ და თვითონ მოაწყო ლუსტრაცია. ჩვენთან არც ერთი არ მომხდარა, მაგრამ, ჩემი აზრით, დროის ფაქტორია და ოდესმე ყველაფერი გაირკვევა. მოკლედ, ეკლესია რომ საბჭოთა კავშირის დროს ოფიციალურ კრემლთან თანამშრომლობდა, ამაში გასაკვირი არაფერია, არც ისაა გასაკვირი, რომ ამ გარემოსა და შესაბამისი იდეოლოგიით გაზრდილი სასულიერო პირები რუსული იდეოლოგიის უღალატო დამცველები არიან, ესეც ობიექტური მიზეზია. მაგრამ უკვე მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დამოუკიდებელი გახდა, ქვეყანაში ანტისაოკუპაციო კანონი არსებობს, საკუთარი თვალით ვნახეთ და გამოვცადეთ რუსეთთან ომი, ტერიტორიების დაკარგვა, დევნილები, მცოცავი ოკუპაცია, ხალხის გატაცება, წამება, სიკვდილი და ა. შ., ხოლო ამ ყოველივეს გათვალისწინებით მაინც იმ ძალის იდეოლოგიური მსახური ხარ, რომელიც ამ ბოროტებას აკეთებს, ჩემი აზრით, ეს უმძიმესი დანაშაულია ქვეყნის წინაშე.
_ გამოსავალი?
_ რეალურად, ის ძველი თაობა თუ მიდგომები ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, რაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სასულიერო სემინარიის ფაქტორს. სამწუხაროდ, სემინარია, მისი რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის ხელმძღვანელობით, არათუ რეალურად რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების წინამძღვარია, პირიქით, ყველანაირად ცდილობს, რომ სისტემის უსიტყვო მორჩილებად გაზარდოს საკუთარი სტუდენტები, რომლებიც ხვალ-ზეგ მღვდლები და ეპისკოპოსები გახდებიან და კვლავ გააგრძელებენ იგივე სიტუაციას. თუნდაც ბოლო პერიოდში გოჩა ბარნოვის ირგვლივ განვითარებული მოვლენები რად ღირს, რაც გასცდა კიდეც საქართველოს საზღვრებს. ვინ უნდა გაზარდოს თეოლოგები მაშინ, როდესაც მთელ სასწავლებელში სამად სამი თეოლოგიის დოქტორი იყო, აქედან ერთი, სტუდენტების საყვარელი ლექტორი კი საკუთარი აზრების სემინარიის კედლებსგარეთ გამოთქმის გამო სამსახურიდან გაუშვეს. სემინარიაში დღემდე ვერ ხვდებიან, თუ რა არის თეოლოგია, როგორც ცალკე საკვლევი დარგი და რა _ ფილოლოგია, ასწავლიან ფილოლოგიას და მას თეოლოგიად ასაღებენ. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, ფეხბურთელების გუნდი რომ კალათბურთელების ვარჯიშითა და მეთოდებით გაწვრთნა და იმით გაამართლო, რომ ორივე სპორტი ბურთს იყენებს.
_ ისევ მსოფლიო საპატრიარქოს თემას დავუბრუნდეთ. ზემოთ აღნიშნეთ, რა პოლიტიკური მოტივი ჰქონდა იოსებ სტალინს და რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ეღიარებინა. და ამ კონტექსტში ხშირად მოგვისმენია, როგორ იკავებდა თავს მსოფლიო საპატრიარქო. რეალურად, რა იყო ამის მიზეზი?
_ რაც შეეხება იმას, თუ რატომ დააგვიანა მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობა: პატრიარქმა კირიონ II-მ 1917 წელს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს წერილები გაუგზავნა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა აცნობა და მათგან თანალოცვა და თანადგომა მოითხოვა, რაზედაც პასუხი არ მიუღია. რატომ? მოგეხსენებათ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II 1918 წელს მოკლეს. ამას მოყვა რეპრესიები და მკვლელობების სერია. საქართველოს ეკლესიაში შფოთი და ურთიერთდაპირისპირება მძვინვარებდა, რაც კონსტანტინოპოლის საპატრიარქომდეც აღწევდა. 1919 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ტრაპიზონის მიტროპოლიტ ქრისანთოსს დაავალა გაერკვია, თუ რა ხდებოდა საქართველოს ეკლესიაში. მიტროპოლიტმა სინოდის დავალება პირნათლად შეასრულა _ შეხვდა როგორც საქართველოს საეკლესიო, ასევე სახელისუფლებო იერარქებს. ქრისანთოსმა დაწერა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდს მოხსენებითი ბარათი წარუდგინა, სადაც წერს: „უპირატესობის მქონე კონსტანტინოპოლის ეკლესიის სერიოზული და შემრიგებლური ჩარევა მოაწესრიგებს ამ გაუგებრობას. დაარწმუნებს რუსეთის ეკლესიის წმიდა სინოდს, ცნოს საქართველოს ეკლესია იმ ადგილზე, რაც მას ასი წლის წინათ ჰქონდა“. სამწუხაროდ, კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ შემრიგებლის როლის შესრულება ვერ შეძლო, რადგან 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა. ათეისტური იმპერიის შემადგენლობაში მოქცეულ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალიის აღიარებაზე ზრუნვა კი არა, მართლმადიდებელ ეკლესიებთან მიმოწერაც კი შეეზღუდა. სწორედ იმ დროს რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქების სახელით ავრცელებდა ცრუ ეპისტოლეებს, თითქოს ისინი ქართველებს რუსეთის საპატრიარქოსადმი მორჩილებას ურჩევდნენ... საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და აღიარების საკითხმა 73 წლით გადაიწია.
კოკა წერეთელი