განათლების სისტემაში არსებული გამოწვევებისა და დამსაქმებელთა მოთხოვნების გათვალისწინებით, ოთხი უნივერსიტეტის დაკვეთით საქართველოს შრომის ბაზრის კვლევა ჩატარდება.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს: „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორმა დავით ჩერქეზიშვილმა, „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)“ რექტორმა მაკა იოსელიანმა, „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორმა ილიას ჩილოღლუმ და „კავკასიის უნივერსიტეტის“ რექტორმა კახა შენგელიამ.
რა ტიპის ცოდნას, უნარებსა და კომპეტენციებს მოითხოვენ საქართველოში დამსაქმებლები? რა გამოწვევებია დასაძლევი სასწავლო პროგრამების განვითარებისა და განათლების სისტემის ეფექტური ადმინისტრირებისთვის?
ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ის კითხვებს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ რექტორი _ დავით ჩერქეზიშვილი პასუხობს:
_ ბატონო დავით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ხშირ შემთხვევაში ვერ პასუხობენ დღევანდელ გამოწვევებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. თქვენ რა კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
_ პირველ რიგში, უნივერსიტეტის დანიშნულება ხარისხიანი განათლების მიცემა გახლავთ. განათლების სფეროს მუდმივად სჭირდება ზრუნვა განვითრებაზე, რაც, თავის მხრივ, მოიცავს საკმაოდ ფართო სპექტრს – კვლევით საქმიანობას, ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტური თუ სამეცნიერო პროექტების ორგანიზებას, უწყვეტი განათლების უზრუნველყოფას, სტუდენტურ სერვისებს, ეფექტურ ადმინისტრირებას, თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ბიბლიოთეკას და ა. შ. საერთაშორისო უნივერსიტეტებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირის გარეშე რთულია განვითარების სწრაფი და დინამიკური პროცესის წარმართვა. „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის“ შემთხვევაში გამოვყოფდი რამდენიმე გარემოებას, კერძოდ, უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, EEU-ს პროფესორ-მასწავლებლები გახლავთ როგორც განათლების სფეროში მოღვაწე მრავალწლიანი სტაჟის მქონე დარგის სპეციალისტები, ასევე ნიჭიერი და პერსპექტიული, შრომისმოყვარე ახალგაზრდა კადრები; უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მიზანი წარმატებული ქვეყნების უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გახლავთ. შესაბამისად, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, შვეიცარიის, ავსტრიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ესტონეთისა და სხვა ქვეყნების წამყვან უნივერსიტეტებთან. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებსა და საერთაშორისო პროექტებში, ასევე სხვადასხვა აკადემიურ პროგრამაში ჩართული არიან უცხოელი პროფესორები, ხშირად იმართება სამეცნიერო და საერთაშორისო კონფერენციები, გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალები, სახელმძღვანელოები; უნივერსიტეტი ორიენტირებულია კვლევით საქმიანობაზე, რისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია გამოყოფილი; უახლოეს ხანში გაიხსნება ორი კვლევითი ცენტრი: „ჭკვიანი ლაბორატორია“, მცირე აქსელერატორი მკვლევარებისთვის გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით, რომელსაც უხელმძღვანელებენ პროფესორები: შალვა მაჭავარიანი და თემურ მაისურაძე; ასევე საქართველოში ერთ-ერთი ფართოპროფილიანი და ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც უხელმძღვანელებს პროფესორი ზურაბ მხეიძე. აღნიშნული კვლევითი ცენტრები მომავალი სასწავლო წლიდან გაიხსნება ახალ კამპუსში.
საერთო ჯამში, ყოველივე ეს მიზნად ისახავს, უცხოეთსა თუ საქართველოში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ახალგაზრდებმა საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
_ რა საფეხურზე დგას დღეს ქართული განათლების სისტემა?
_ განვითარების გზაზე ვდგავართ. ფაქტია, რომ წინ მივიწევთ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი ევროპული სტანდარტების დასანერგად. ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს.
_ ძალიან ბევრი უმაღლესი სასწავლებელი აპელირებს დასაქმებაზე. თქვენ დასაქმების რა გარანტიას აძლევთ კურსდამთავრებულებს?
_ მინდა, პირდაპირ გიპასუხოთ: მიღებული ცოდნა არის რეალური გარანტია იმისა, რომ კადრი იქნება მოთხოვნადი და აუცილებლად დასაქმდება. რომ არ შევეხოთ საერთო ეკონომიკურ მდგომარეობას და უმუშევრობის მაჩვენებლებს, მეორე საკითხია, რამდენად არის საკმარისი ის ცოდნა, რომელსაც უნივერსიტეტი აძლევს სტუდენტს ამა თუ იმ საფეხურზე და რამდენად შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნებს კურსდამთავრებულთა კომპეტენცია? სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მუდმივ რეჟიმში ზრუნვა სასწავლო პროცესსა და აკადემიური პროგრამების განვითარებაზე, მის სრულყოფასა და ცვლილებებზე, რაც კვლევების გარეშე წარმოუდგენელია. ცალსახაა, რომ აკადემიური პროგრამები არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ თეორიული ჭრილიდან, ის უნდა პასუხობდეს შრომის ბაზრის მოთხოვნებს. უმნიშვნელოვანესია, რომ კურსდამთავრებულთა ცოდნა და კვალიფიკაცია თანხვედრაში იყოს დამსაქმებლის მოთხოვნებსა და მოლოდინებთან. ჩვენ, უნივერსიტეტები, სისტემატურად ვახორციელებთ პარტნიორი ორგანიზაციების (დამსაქმებლები) გამოკითხვას, მაგრამ შრომის ბაზრის მასშტაბური კვლევა განათლების სფეროში ჯერ არ ჩატარებულა. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს ოთხმა უნივერსიტეტმა („აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი“, „შავი ზღვის უნივერსიტეტი“, „ჯიპა“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“) ერთობლივი ძალისხმევით დავიწყეთ კვლევა აღნიშნული მოთხოვნების შესასწავლად.
_ ამ კვლევასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით გვიამბეთ.
_ ა. წ. 10 იანვარს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ა(ა)იპ „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA)“, შპს „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს“, შპს „კავკასიის უნივერსიტეტსა“ და შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს“ შორის. დამსაქმებლების მოთხოვნათა მნიშვნელობის გათვალისწინებით, მემორანდუმის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, ითანამშრომლონ და „GICE Partnership“ პროექტის (პროექტის დასახელება გამომდინარეობს მემორანდუმის ხელმომწერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელწოდებებიდან) ფარგლებში განახორციელონ საქართველოს შრომის ბაზრის ერთობლივი კვლევა. ასეთი ტიპის თანამშრომლობა საქართველოს უნივერსიტეტებს შორის პრეცენდენტულია.
პროექტის შესახებ მინდა გითხრათ, რომ „GICE Partnership“ პროექტის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების რაოდენობრივი კვლევა, რომლის მიზანიცაა დადგინდეს, თუ რა ტიპის ცოდნაზე, უნარებსა და კომპეტენციებზეა მოთხოვნა საქართველოში დამსაქმებლების მხრიდან, ზემოთ ხსენებული უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების შესაბამისად. კვლევის პროცესში ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხება 2000-მდე ინტერვიუერი. აღნიშნულ კვლევას განახორციელებს ა(ა)იპ საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა უნივერსიტეტების გაერთიანებისა, ერთობლივი ძალებით მიიღონ ის შედეგი, რაც მათი სამომავლო განვითარებისთვის უპირობოდ ძალზე მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ერთობლივ პროექტებს, იქნება ეს საგრანტო, საერთაშორისო, სტუდენტური, სამეცნიერო თუ სხვა, ყველას საკუთარი მიზანი და დანიშნულება გააჩნია, მაგრამ როდესაც ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებაზეა საუბარი, სოლიდური რესურსი და დიდი დანახარჯებია საჭირო, რაც საქართველოს პირობებში ერთი უნივერსიტეტისთვის მძიმე ტვირთია. რესურსების გაერთიანება და ძალთა კონსოლიდაცია ეფექტური გზაა სასურველი შედეგების მისაღწევად. ყოველივე ეს სასარგებლო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ უნივერსიტეტებისთვის, არამედ, ზოგადად, განათლების სისტემისთვის, რადგან აღნიშნული კვლევის ანგარშები საჯარო იქნება და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხს ნათელი მოეფინება. კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე მოწვეული იქნებიან არა მხოლოდ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები, არამედ დამსაქმებლებიც, რადგან ერთია ის, თუ რას ფიქრობს დამსაქმებელი და რა მოლოდინი აქვს, მეორეა, ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამებში რამდენად არის ასახული მათი მოთხოვნები. სხვაგვარად სასწავლო პროცესისა და აკადემიური პროგრამების განვითარება ურთულესია.
ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი არის არა მხოლოდ ის, თუ როგორ ხორციელდება სხვადასხვა პროექტი, პროგრამა, გეგმა და ა. შ., არამედ დასრულების შემდეგ მიღებული შედეგები რამდენად ფარავს დასახულ მიზნებს. ცნობილი ამბავია, რომ მსოფლიოს მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ახალ ტექნოლოგიებზე, ისმის კითხვა: ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს ვინ ქმნის? პასუხი ერთია _ მკვლევარები, მეცნიერები. ჩვენი მთავარი პრობლემა არ არის მხოლოდ ის, თუ რამდენად ხარისხიანი კვლევა და სამეცნიერო საქმიანობა მიმდინარეობს ქვეყანაში, არამედ ის, რომ კვლევა და მეცნიერება დაშორებულია ეკონომიკისა და ბიზნესისგან. ბოლო პერიოდში მოიმატა რაოდენობამ და, დიდი ალბათობით, ხარისხმაც კვლევებში, განსაკუთრებით მომატებულია საგრანტო და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების რაოდენობა, მაგრამ ვნახოთ, რა სურათი გვაქვს პროექტების დასრულების შემდეგ: შეიძლება სტატია გამოქვეყნდეს მაღალრეიტიგულ სამეცნერო ჟურნალში (კარგ შემთხვევაში), თუმცა დასრულებული სამეცნიერო პროექტებიდან რამდენი პროცენტი მოხმარდა ბიზნესს ან ეკონომიკას ქვეყანაში? პასუხი: ძალიან ცოტა ან არცერთი. ამ გამოწვევებს სათანადო რეფორმა და ადმინისტრირება სჭირდება, სადაც მნიშვნელოვანი როლი და რგოლიც სწორედ უნივერსიტეტი გახლავთ. ცნობილი „ცოდნის სამკუთხედის“ შექმნა მთავარ ამოცანად დგას, რომ მეცნიერება, უნივერსიტეტი, ეკონომიკა და ბიზნესი უწყვეტ კავშირში იყოს ერთმანეთთან. ამ გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად პროფესიული დოქტორანტურის ჩამოყალიბება მიმაჩნია.
_ ყველა უმაღლესი სასწავლებელი დგას ავტორიზაციის ან აკრედიტების პრობლემის წინაშე. ყოფილა თუ არა შემთხვევა, რომ ავტორიზება ვერ გაგევლოთ და როგორ გადალახეთ ეს ბარიერი?
_ ჩვენ ოთხი წლის მანძილზე უკვე ორჯერ გავიარეთ ავტორიზაცია, უნივერსიტეტში დაინერგა და აკრედიტაცია მიიღო 19-მა პროგრამამ. ავტორიზაციის გავლა 2022 წლამდე არ გვიწევს. მართალია, უკვე ახალი სტანდარტები მოქმედებს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ეს აბსოლუტურად მისაღები და ნორმალური პროცესია.
გიორგი საკარული