QronikaPlus
2018 წელი _ ეკონომიკა და გამოწვევები

2018 წელი _ ეკონომიკა და გამოწვევები

2018-03-04 07:43:47

მიმდინარე, 2018 წელი, ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე გვაყენებს: გვაქვს ევროკავშირსა და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, იწყება ახალი პროექტები; თუმცა რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკაზე, რამდენი პროცენტით შეიძლება გაგვიძვირდეს ცხოვრება და როგორი შეიძლება იყოს ეროვნული ვალუტის ბედი? აღნიშნულ საკითხებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ეკონომისტი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი _ ვახტანგ ჭარაია: _ რამდენად მნიშვნელოვანი წელია 2018 საქართველოს ეკონომიკისთვის და რაიმე კუთხით გარდამტეხი თუ არის იგი? _ ეკონომიკური კუთხით გარდამტეხი წელი ნამდვილად არ დგება ჩვენს ეკონომიკაში, თუმცა ტრენდი პოზიტიური გვექნება, წინსვლის საფუძვლები კი ნამდვილად არსებობს. ამის თქმის საშუალებას საგარეო და საშინაო ფაქტორები გვაძლევს. საგარეო ფაქტორებს თუ გადავხედავთ, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები გავაფორმეთ ორ გლობალურ ლიდერთან _ ევროკავშირსა და ჩინეთთან. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ, ჯერ მაინც ვერ ვითვისებთ ჩვენს ხელთ არსებულ რეალურ პოტენციალს. ევროკავშირი მისაწოდებელი საქონლის მაღალ სტანდარტებსა და დიდ რაოდენობას გვთხოვს, ამის დაკმაყოფილება კი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ძალგვიძს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საქონელი ხარისხიანი იყოს, მას სჭირდება სერტიფიკატები, რომლის მოპოვებასაც შესაბამისი ვადები და თანხები უნდა. ამისთვის „თავის მობმის“ შესაძლებლობა კი ბევრს არ გააჩნია ან არც უღირს, რადგან პროდუქციის გასაღების სხვა ბაზარი აქვს. ვფიქრობ, ეს საკითხი დროთა განმავლობაში გამოსწორდება, როგორც კი მეწარმეები დაინახავენ, რომ ევროკავშირში ბევრად უფრო ძვირად შეუძლიათ თავიანთი პროდუქციის გაყიდვა, ვიდრე რუსეთში, უკრაინასა ან თურქეთში. მათ ევროკავშირის ბაზარზე მოუნდებათ პროდუქციის გატანა, მისკენ დაიწყებენ მოძრაობას. ბოლო პერიოოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც მწარმოებლები კონკურენციაში კი არ ერთვებიან, არამედ ერთიანდებიან და კოოპერატივებს აარსებენ. ამის პოტენციალი საქართველოში ნამდვილად არის და ჩანს, რომ რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც შესაძლებელი გახდება კონკურენციის გაწევა ევროპული პროდუქციისთვის, მერე გაადვილდება და აზრი ექნება სერტიფიკატების მოპოვებასაც ევროკავშირის ბაზარზე პროდუქციის შესატანად. ჩემი პროგნოზით, ამ მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდება და ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან გაიზრდება არა მხოლოდ იმპორტის, არამედ ექსპორტის ჭრილშიც. რაც შეეხება ჩინეთს, მასთან ურთიერთობა სხვანაირად დავიწყეთ, _ იგი თავიდანვე სავაჭრო პარტნიორობის წამყვან 10-ეულში, შემდეგ 5-ეულში მოხვდა და 2017 წელს სავაჭრო პარტნიორების 3-ეულშიც კი შევიდა. სავარაუდოდ, ის წელსვე გაუსწრებს რუსეთს, რამდენიმე წელიწადში _ თურქეთსაც და საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდება. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთის მიმართულებით ექსპორტი ძალიან სწრაფად იზრდება. მართალია, იგი არ მოიაზრებს მაღალტექნოლოგიური დარგების პროდუქტის ან მაღალტექნოლოგიური მომსახურების დარგების ქვეყნიდან გატანას, მაგრამ ის პროდუქცია, რაც ჩვენ გვაქვს, ახალ ბაზარს პოულობს, მაგ.: ქართული ღვინო. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა ამ ყველაფერს ხელი შეუწყო, მომდევნო წლებში მოსალოდნელია, რომ ჩვენ უფრო მეტი საქონლისა და მომსახურების ექსპორტი მოვახდინოთ. ამ მხრივ პოტენციალი ნამდვილად არის. ასევე აღსანიშნავია, რომ ქართულ ღვინოს, რომელიც მხოლოდ რუსეთის მიმართულებით გადიოდა, ჩინეთის სახით ძალიან დიდი, ჩვენთვის სასიკეთოთ დამაბალანსებელი ბაზარი გამოუჩნდა და თუ იგი უფრო მეტი ქართული ღვინის წილის წაღებას მოახერხებს, მაშინ ჩვენ არ ვიქნებით რუსეთის ბაზარზე ასე ძლიერად დამოკიდებული, რაც თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას მოგვცემს. ახლა კი, როცა ასეთი დიდი დოზით ვართ რუსეთზე დამოკიდებულები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პატარა დაძაბულობა შესაძლოა, ექსპორტის ჩაშლას, კარის ჩაკეტვას ნიშნავდეს, მაგრამ უკვე ჩინეთი გამოჩნდა ალტერნატივის სახით და ამასთან ერთად სხვა ბაზრებიც მზარდია. სურათი ცალსახად იცვლება, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩინეთთან ამ კუთხით თავისუფალი ვაჭრობა საკმაოდ პოზიტიურად გამოადგება ქვეყანას და შესაძლებლობას მოგვცემს, ერთი მხრივ, ვაწარმოოთ და გავიტანოთ უფრო მეტი საქონელი, მეტი უცხოური ვალუტა შემოვიტანოთ და ამან, თავის მხრივ, პოზიტიური გავლენა იქონიოს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ანუ საგარეო ვაჭრობა ჩვენი ექსპორტის ზრდის ჭრილში ცალსახად პოზიტიურ გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. _ რაც შეეხება ტურზმსა და მისგან მიღებულ შემოსავალს, რამდენად ეტყობა ეს ქვეყნის ეკონომიკას? _ ტურიზმიდან შემოსავალი მზარდია: გასულ წელს ტურისტების რიცხვმა 7 მლნ-ს გადააჭარბა, წელს კი ტურიზმის ეროვნული სააგენტო 8 მლნ ტურისტს ვარაუდობს, რაც სავსებით მოსალოდნელია, თუ რეგიონში რაიმე დაძაბულობა არ მოხდა ან მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი რყევები არ აღინიშნა. თუ დავინახეთ, რომ 2 მლრდ ამერიკულ დოლარზე მეტი უცხოური ვალუტის ეკვივალენტი შემოვიდა ქვეყანაში, მოსალოდნელია, რომ 10%-ის ფარგლებში გაიზარდოს შემოსავლები და ეს დამატებით რესურსს მოგვცემს ეროვნული ვალუტის შესანარჩუნებლად. ანუ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც პოზიტიურად მოქმედებს ლარზე. _ წელს რაიმე განსაკუთრებულ ინვესტიციას თუ ველოდებით? _ ამ კუთხით საქართველო რეგიონში საკმაოდ მყარად გამოიყურება, _ საინვესტიციო ნაკადი ყოველდღიურად მზარდია; 2018 წლისთვის კი ჩვენ მეტი შესაძლებლობა მოვიპოვეთ იგივე ჩინეთთან ახალი კლიენტებისა და ინვესტიციების მოსაძიებლად. ჩინელები ძალიან დიდ პოტენციალს წარმოადგენენ. წელს საუბარია იმაზე, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ამოქმედდეს, ეს კიდევ ერთი ბონუსი იქნება ჩვენთვის, რომ უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ! ხშირად არის კრიტიკული დამოკიდებულება უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან ამით, ძირითადად, კვლავ უცხოელები საქმდებიან. მაგალითად, ჩინელები ისევ ჩინელებს ასაქმებენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს კუთხე უკვე ჩვენი, ქართული მხარის გამოსასწორებელია. ჩვენ შეგვიძლია, უცხოელ ინვესტორებს კონტრაქტში შესაბამისი პირობები გავუთვალისწინოთ, რომლითაც ქართველების დასაქმებას დავავალდებულებთ. ამიტომ თუ ჩვენ გონივრულად მოვიქცევით, უცხოური ინვესტიციები ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს ქვეყანას! წელს მეტი ინვესტიციის მოზიდვაა მოსალოდნელი და ესეც დამატებითი წყაროა ეროვნული ვალუტის სიმყარისთვის. _ რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებს, ცნობილია, რომ იგი წელს 800 მლნ დოლარით გაიზარდა, რამდენად დააწვება მისი გადახდა ქვეყნის ეკონომიკას? _ ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ისინი საკმაოდ დიდ დროშია გადაწეული და 2018 წელს პრობლემებს არ გვიქმნის. მიმდინარე წლისთვის განსაკუთრებით დიდი ოდენობის უცხოური ვალდებულებები არ გაგვაჩნია, რომ მან რაიმე ხიფათის წინაშე დაგვაყენოს. თუმცა უნდა გავთვალოთ: თუ ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ვერ უზრუნველვყავით, წელს აღებული 800 მლნ დოლარის გასასტუმრებლად უფრო მეტი ლარი დაგვჭირდება, ვიდრე დღეს. საინტერესოა ფულადი გზავნილების დინამიკაც: მსოფლიოში მდგომარეობა, ფინანსური კრიზისის კუთხით, კარგა ხანია, დასტაბილურდა და საფიქრებელია, რომ უცხოეთში მომუშავე ქართველები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში აგზავნიან თანხას, მინიმუმ, იგივე რაოდენობის ფულს გამოაგზავნიან, რაც გასულ წელს იყო. ესეც პოზიტიური იქნება და ლარზე დადებითად იმოქმედებს. _ რაც შეეხება რაიმე დამატებით პროექტს, რომელიც ქვეყნის პოტენციალს გაზრდის, ხომ არ იგეგმება რაიმე ასეთი? _ წელს აქტუალურია ანაკლიის, ასევე, თბილისი-ყარსის პროექტი. მოსალოდნელია ახალი ინვესტიციების მოძიებაც, რაც ცალსახად დადებითი იქნება, თუმცა შეგვიძლია ხაზი გავუსვათ რამდენიმე საგარეო ნეგატიურ ფაქტორს, მაგ., _ იმპორტს. ჩვენ კვლავ ვრჩებით იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. საგარეო სავაჭრო ბრუნვას რომ გადახედოთ, 3,5-4-ჯერ მეტი იმპორტი გვაქვს, ვიდრე ექსპორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თანხაც ზემოთ უკვე ჩამოთვლილი ინსტრუმენტებით შემოდის, იმპორზე იხარჯება. აგრეთვე პრობლემაა ის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ მოვახერხეთ სამომხმარებლო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის დამზადებაც კი, ამიტომ ისიც იმპორტით შემოგვაქვს. მაღაზიებში უფრო მეტი უცხოური საქონელია წარმოდგენლილი. არადა, ქართული წარმოების წახალისება რომ დავიწყოთ, იმპორტზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული, ადგილობრივი წარმოებები გაჩნდება, რაც მეტ ადამიანს დაასაქმებს, მეტ სტაბილურობას შექმნის ქართულ ოჯახებში. შესაძლოა, პროპაგანდა გვქონდეს კარგი გაგებით, ოღონდ არა იმ მცირე დოზით, რაც „იყიდე ქართულთან“ მიმართებით იყო, როცა სულ რამდენჯერმე გაიჟღერა რეკლამამ ტელევიზიით და გაქრა. მასობრივად უნდა გამოჩნდეს ქართული პროდუქცია და მოსახლეობაც წავახალისოთ, რომ ქართული იყიდონ და არა _ უცხოური. აქ კონკურენციის საკითხსაც ვადგებით, რომელიც მუდმივი პრობლემაა საქართველოში, კერძოდ, მონოპოლიები და ოლიგოპოლიები ისეთ სექტორებში, როგორიცაა: ნავთობროდუქტები, ფარმაცეფტიკა, საბანკო სექტორი და ა. შ. სამწუხაროდ, დღევანდელი მონაცემებით, იმპორტზე დამოკიდებულება მზარდია, რაც საკმაოდ ცუდი შედეგის მომტანია ქართული ეკონომიკისთვის _ ამ მიმართულებით ხელისუფლებას მეტი მუშაობა მართებს. მაგალითად, თუნდაც, ტენდერებში უპირატესობის მინიჭება ადგილობრივი პროდუქციისთვის. ვიცი, რომ ბაზარზე იყიდება ქართული თაფლი და მასზე 3-ჯერ უფრო იაფი და უხარისხო იმპორტირებული უკრაინული თაფლი. როდესაც ერთ-ერთმა სამინისტრომ თაფლის შესაძენად ტენდერი გამოაცხდა, სწორედ უკრაინული შეიძინა ფასის გამო!(!) ასეთ ნიუანსებს თუ გავითვალისწინებთ და ხელისუფლება თავისი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში ამ მიმართულებით იმუშავებს, წინ წასვლა შეიძლება! _ ყოველთვიურად მატულობს ინფლაციის მჩვენებლი და იგი, თითქმის, არასდროს ემთხვევა წინასწარ პროგნოზს. თქვენი აზრით, რა მოხდება წელს და რამდენჯერ გაძვირდება ჩვენი ცხოვრება? _ ინფლაციის მაჩვენებელი შარშან, ძირითადად, აქციზური განაკვეთის გაზრდამ გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, ესტონური მოდელის შემოღებამ განაპირობა. ჯერჯერობით, ესტონური მოგების სიკეთე ვერ დავინახეთ, ამას წლები სჭირდება, თუმცა ამ ცვლილებით გამოწვეული ინფლაცია მოსახლეობას მაშინვე დაეტყო. შარშან ეროვნული ბანკის თარგეთირებული ინფლაცია 4% იყო, უკვე დეკემბერში კი წლიურმა ინფლაციამ არათუ 4, არამედ 6,7%-საც კი მიაღწია, რაც ძალიან მტკივნეულია რიგითი მოქალაქეებისთვის. წელს იანვარში ვხედავთ, რომ ინფლაციის მაჩვენებელმა დაიწია, იგივე მოსალოდნელია თებერვალშიც. ჩემი აზრით, 2018 წელს ინფლაცია, დაახლოებით, 4-5%-ის ფარგლებში იმერყევებს. მსოფლიოში ნავთობის ფასი და, ამასთან ერთად, ჩვენი იმპორტიც მატულობს, რაც ხელს შეუწყობს ინფლაციის ზრდას, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე შარშან იყო. მაგრამ ესეც არ არის ცოტა და ნამდვილად დაეტყობა ჩვენს მოსახლეობას, რიგით მოქალაქეს, რომელსაც შესაძლოა, 500 ან 700 ლარი ჰქონდეს შემოსავალი, მისთვის ის 5%, შესაძლოა, 25-35 ლარს უდრიდეს, რაც ცოტა არ არის. _ უკვე მცირედით გამყარებულ ლარის კურსს წელს რა ელოდება? _ გარე ფაქტორები უდიდესწილად ახდენს გავლენას მასზე, თუმცა პრობლემის დასაძლევად არც ჩვენ ვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს, რაც ქვეყნის შიგნით არსებობს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე პასუხისმგებლობას ქვეყანაში არავინ იღებს, _ არც მთავრობა და არც ე.ბ. წესით და რიგით, მოკლევადიან პერიოდზე ე.ბ. უნდა იღებდეს პასუხისმგებლობას, რადგან კანონში ე.ბ.-ს შესახებ წერია, რომ სწორედ ის არის ფინანსურ სტაბილურობაზე პასუხისმგებელი, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე _ მთავრობა, რადგანაც ის არის ეკონომიკური პროცესების წარმმართველი ქვეყანაში. ფინანსური სტაბილურობა, თავისთავად, ვალუტის სტაბილურობასაც გულისხმობს, რადგან ლოგიკურია, თუ ეროვნული ვალუტა არასტაბილურია, როგორ უნდა მივაღწიოთ ფინანსურ სტაბილურობას?! მაგალითად, ბიზნესმენი რომ ვიყო და, ვთქვათ, 5000 $-ის საქონელი ჩამოვიტანო საქართველოში, აქ ეროვნულ ვალუტაში გავყიდო 2,5 კურსით, მივიღებ 12500 ლარს, იმ 500$-ის მომწოდებლისთვის უკან დაბრუნებისას კი თუ კურსი 3 ლარი გამიხდა ერთ დოლართან მიმართებით, ე. ი. მომწოდებელს 1500 უნდა გადავუხადო. როცა ბიზნესმენი ვარ, მაშინაც დაუცველია ჩემი ფინანსური სტაბილურობა, ხოლო რიგითი მოქალაქის ბედი კიდევ უფრო სავალალოა. ლარის გაცვლით კურსზე საუბარი რთულია, იგი დამოკიდებულია საშინაო და საგარეო შოკებზე, თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში მასზე ყურადღებას არავინ გაამახვიელებს და ზრუნვას არ დაიწყებს, ამიტომ რთულია მასზე ისაუბრო, როცა პასუხისმგებელი არავინაა. თუმცა მოლოდინებს თუ შევხედავთ, მიმდინარე წლის კარგი პერსპექტივებიდან გამომდინარე, ლარი მნიშვნელოვნად არ უნდა გაუფასურდეს, მაგრამ გაუფასურების ტენდენცია მაინც იქნება. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა: საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2018 წლის იანვარში ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე მშპ-სთან მიმართებით საქართველოში 50%-ს აღემატება. რამდენიმე წლის წინათ ეს მაჩვენებელი 65%-მდე იყო, თუმცა დაახლოებით 15%-ითაა დაკლებული. ჩრდილოვანი ეკონომკა კი ნიშნავს, რომ თუ ქვეყნის ეკონომიკა, ვთქვათ, 30 მლრდ ლარია, მისი ნახევარი, ანუ 15 მლრდ ლარი ჩრდილშია. ეს მაინც და მაინც არ ნიშნავს, რომ 50%-ვე არალეგალურ და კრიმინალურ სფეროშია, თუმცა არადეკლარირებულ საქმიანობას, მომსახურებას გულისხმობს. საბოლოო ჯამში, გარდამტეხ მოვლენებს, როგორც უკვე აღვნიშნე, 2018 წელს არ ველოდები და მიუხედავად იმისა, რომ წელს უკეთესი პროგნოზი მაქვს, ვიდრე 2017 წლის შედეგებია, ვფიქრობ, ბევრად მეტია გასაკეთებელი რეალური პროგრესისთვის და, პირველ რიგში, ეს ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ოლიგოპოლიების მოსპობით და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის გაჩაღებით უნდა მოვახდინოთ. პირველი ნაბიჯი, ალბათ, საბანკო სექტორის დომინირების შესუსტება ან, იდეალურ შემთხვევაში, მისი არასაბაკო სფეროდან გამოთიშვა იქნება.

ნინო ტაბაღუა

 

გაზიარება