თემას, რომელზედაც საუბარი მომიწევს, გაურბის ეკლესია, გაურბიან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წარმომადგენლები და გაურბიან ხელისუფლებებიც, პოლიტიკური ჯგუფები. მასზე პერიოდულად მსჯელობენ ვიწრო პროფესიულ წრეებში, თუმცა საჯარო პოლემიკა ასეთ საკითხებზე არც კი იმართება. ჯერ კიდევ როდის საუბრობდა მაკიაველი გაბედულების აუცილებლობაზე და მეც გავბედავ, თქვენთან ერთად.
რეალობა, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, დიდად არ განსხვავდება იმ ვითარებისგან, როდესაც, საუკუნეების წინ ქრისტიანობა ცხადდებოდა სახელმწიფო რელიგიად. უამრავი ურწმუნო, კერპთაყვანისმცემელი, მრავალღმერთიანი სრულიად გაუაზრებლად ინათლებოდა ქრისტიანად. ეს მათთვის სამოქალაქო გადარჩენის აქტი იყო, რათა გაეგრძელებინათ ცხოვრება იმ გარემოში, სადაც ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში ადამიანებმა, იმპერიებისა და სახელმწიფოების, მოქალაქეების უმეტესობამ, კერპი ქრისტეთი ჩაანაცვლა, რადგან ასეთი იყო მათი იმპერატორებისა თუ ხელმწიფეების ნება.
და თუ ვიტყვით, რომ ეს ასე ხდებოდა საუკუნეების წინ და მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა _ თავს მოვიტყუებთ. სულ რაღაც სამი ათეული წლის წინ საბჭოთა საქართველოს მოქალაქეებმა კერპი გაუაზრებლად, ყოველგვარ სწავლებაზე დაყრდნობით, ჩაანაცვლეს ქრისტეთი. ეს მაშინ იყო თვითგადარჩენის ინსტინქტი. მეტიც, დღესაც კი ყოფილი საბჭოთა მოქალაქეებისთვის კლიშე „კომუნისტი“ არის დამაკნინებელი და ისინი მუდამ ცდილობენ დისტანცირებას ამ კლიშესგან. რით? _ რომ მკერდზე ჯვარი აქვთ დაკიდებული, საკუთარ სახლებსა თუ სამუშაო ოთახებში ხატები უკიდიათ და, რა თქმა უნდა, ეკლესიისთვის მსუყე შესაწირებით. საქართველოში და არა მხოლოდ, მოდად იქცა სამ-ოთხსაათიანი ქრისტიანობა _ კვირას ეკლესიაში ყოფნა წირვაზე, სხვა დღეებში კი სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მსახურება. მაგრამ მთავარი ამ შემთხვევაში არის პოზა _ „კარგი ქრისტიანი“. „კარგ ქრისტიანს“ თამაშობენ არა მხოლოდ კომუნისტები, სოციალისტები, ლიბერალები, კონსერვატორები, მემარჯვნე-მემარცხენეები, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები. ჯვარი გაქვს? ტაძარში დადიხარ? – „კარგი ქრისტიანებისა“ და მათი მოძღვრებისთვის „ურწმუნოთა“ მამხილებელ საშუალებად იქცა.
ასეთი დამოკიდებულების გამომჟღავნებისას მის ავტორებს ავიწყდებათ, რომ „ქრისტიანობა არ არის უბრალოდ მსოფლმხედველობა, რომელიც ყველასა და თითოეულს თავზე უნდა მოვახვიოთ, არამედ ქრისტეში ცხოვრება და ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებაა. თანამედროვე პლურალისტური ცივილიზაცია, გარკვეული აზრით, ხელსაყრელი „კონტექსტია“, რომელშიც ქრისტიანებს თავისუფლად შეუძლიათ, თავიანთი ჭეშმარიტება სიტყვითა და საქმით საკუთარ ცხოვრებაშიც განახორციელონ და სხვებსაც შესთავაზონ“ (ალექსანდრე კირლეჟევი, მოსკოვის საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კომისიის სამეცნიერო კონსულტანტი, „ეკლესია და პლურალიზმი“, ნანა ბაღათურიას თარგმანი, გაზეთი „Ðóññêàÿ ìûñëü“ #23, ñåíòÿáðü 1997).
ჩვენ ვცხოვრობთ სეკულარულ სახელმწიფოში. ერთია ის, რომ ეკლესიის მესვეურებს ამის აღიარებაც უჭირთ, მაგრამ მეორეა არსებული რეალობა. სეკულარიზმში კი უმთავრესია პლურალიზმი. პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფლმხედველობების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას. პლურალიზმი არანაირად არ უპირისპირდება ეკლესიის ერთობის საფუძველს _ ქრისტეს. განა, პიროვნებები, მრავალნი არ ქმნიან საეკლესიო საზოგადოებას _ ანუ ქრისტეს სხეულს _ „რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს“ (1კორ.10:17).
ალექსანდრე კირლეჟევი ნაშრომში „ეკლესია და პლურალიზმი“ აღნიშნავს: „...ჩვენ ეკლესიაში მოვდივართ გარდაუვალი დაყოფის მდგომარეობაში. თუმცა ყველაფერი, რაც ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, ანუ პირადი თავისუფლების რეალიზაციის შედეგები და ინდივიდუალური განსაკუთრებულობების _ სქესი, ასაკი, ეროვნება, ხასიათი, ენა, კულტურული დონე, სოციალური მდგომარეობა, პროფესია, ადგილობრივი ტრადიცია, პოლიტიკური ორიენტაცია და ა. შ. _ ფერისცვალება ევქარისტიაში უნდა მოხდეს“.
რა ხდება ჩვენს რეალობაში? რამდენად ადაპტირებს ჩვენი ეკლესია მასთან გარდაუვალი დაყოფის მდგომარეობაში მისულ ან, გნებავთ, არმისულ, მაგრამ ერთ სახელმწიფოში თანამცხოვრებ ინდივიდებთან, რომლებსაც აქვთ განსხვავებული სქესი, ასაკი, ეროვნება, ხასიათი, ენა და ა. შ.? რამდენად არის პლურალისტული მიმღებლობა მის წიაღში?
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში, მეტწილად, იყო ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობის განმსაზღვრელი, ბოლო წლებში ურთულესი გამოცდის წინ აღმოჩნდა. ეკლესიამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის პირობებში ვერ შეძლო შინაგანი კათარზისის აქტის განხორციელება. თუ საბჭოთა პერიოდს მაინც მივაკუთვნებთ ეპოქას, როდესაც ეკლესიას თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უხდებოდა და გვერდზე დავტოვებთ უამრავ მანკიერებას, რომელიც იმ პერიოდისთვის მან შეისრუტა _ ქართული სახელმწიფოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ თვალნათელი გახდა, რომ ეკლესიამ, საპატრიარქოს სახით, არათუ უარი თქვა იმ მავნებლურ და მახინჯ თვისებებზე, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობიდან მიიღო, არამედ უფრო განავითარა ის. აქ არ ვსაუბრობთ იმ მანკიერებაზე, რომელიც აშკარად თვალნათელია _ თუნდაც რუსულ ეკლესიასთან, რუსეთის სახელმწიფოსთან „ძმურად მონური“ თანამშრომლობით, არამედ ვსაუბრობ უკიდურეს კონფორმიზმზე, რომლის ფარგლებშიც საპატრიარქო, უმეტესი ღვთისმსახურები, ბოროტად იყენებენ არა მხოლოდ მრევლს, არამედ სახელმწიფოს ინსტიტუციებს საკუთარი ძლევამოსილებისთვის.
დამოუკიდებლობის პერიოდში უამრავი ტაძრისა და ეკლესიის შენების მიუხედავად, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ამ ტაძრებისა და ეკლესიების უმეტესობა დაცლილია სულიერებისგან, როდესაც მასში ხშირ შემთხვევაში მსახურობენ სათანადო განათლების არმქონე ღვთისმსახურები, როდესაც ეს საეკლესიო გარემო არსებობს სიყვარულის გარეშე და როდესაც მრისხანება გახდა მრევლის სწორ გზაზე დაყენების ერთადერთი იარაღი. მეტიც: ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ადამიანებს ღმერთით აშინებენ. სწორედ ღმერთისგან თუ ღმერთით „შეშინებული“ ადამიანები არ აპროტესტებენ ღვთისმსახურთა უამრავ მანკიერებას და განსაკუთრებით გაუნათლებლობას, რაც ერთდროულად აფერხებს ეკლესიისა და სახელმწიფოს განვითარებას.
მაქსიმალურად შევეცადე, უფრო ღრმა მანკიერებებზე არაფერი მეთქვა, რათა თემის ფარგლებს არ გავცდე, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა, _ ამ ყველაფერს ხომ გრძნობენ ადამიანები და თვით ეკლესიის მსახურნი? ვერ დავიჯერებ, რომ არ გრძნობდნენ. მაგრამ, ჩემი ვარაუდით, დუმილის მიზეზი სწორედაც რომ ის ვითარება გახლავთ, რაც ზემოთ აღვწერე _ გულის ჯიბეში ჩადებული პარტიული მანდატიდან, ანუ კერპიდან, სიღრმისეულად გაუცნობიერებელ, მკერდზე დაკიდებულ ჯვრამდე განვლილი გზა. აქ პრობლემა ის არის, რომ ჩვენი „მორწმუნე საზოგადოების“ უმეტესობა, როგორც არასოდეს ყოფილა ღრმადმორწმუნე კომუნისტი, ასევე ზედაპირული და მოდას აყოლილი ქრისტიანი გახლავთ. ანუ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც პოზა „კარგი ქრისტიანი“ არის ინდულგენცია და კომფორტი, ვისთვის მატერიალური, ვისთვის, შესაძლოა, სულიერიც. სხვა არც არაფერია საჭირო და ყველა მშვიდად არის _ მრევლიც და ეკლესიაც. ყველა საკუთარი კომფორტისთვის რუდუნებს საკუთარ წიაღში.
მაგრამ ასეთ ვითარებაშიც კი ეკლესიამ გააჩინა „მტრები“... ვინ არიან ისინი? _ გაბედული ადამიანები, რომლებიც საუბრობენ ეკლესიაში არსებულ მანკიერებებზე და გულწრფელად სურთ სასიკეთო ცვლილებები; საზოგადოებრივად აქტიული პირები თუ ჯგუფები, რომელსაც ქართული ეკლესიის მესვეურნი და მრევლის არცთუ მცირე ნაწილი სოროსისტებს ეძახის; სხვა რელიგიის წარმომადგენლები _ ურჯულოებად შერაცხულნი; უმცირესობები _ რომელთა წინააღმდეგ კომბლებით ლაშქრობას წინა რიგებში მიუძღვიან ღვთისმსახურნი; თვით თეოლოგების ერთი ნაწილიც კი _ რომლებიც ამხელენ და ამიტომაც, ერთდროულად არიან მტრებიც, სოროსისტებიც და უღმერთოებიც...
და ამ სიტუაციაში ფარისევლებს, მათი რანგის მიუხედავად, ავიწყდებათ: „სიჭრელე“, მრავალფეროვნება და მრავალსახეობა, რომელიც არ ისპობა ეკლესიაში, არამედ პირიქით, ვლინდება, სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო კურთხევა, მისი მრავალფეროვანი სიბრძნის ნიჭი. დაყოფა ყოველთვის ბოროტებაა, განსხვავება კი კურთხევაა, თუკი მას არ მივყავართ სხვებისგან გამოყოფით თვითდამკვიდრებისკენ. ეს ნიშნავს, რომ განსხვავებები, როგორც ასეთი, არ უნდა იყოს ეკლესიაში დაყოფების წარმოშობის მიზეზი, არამედ აღიარებულ უნდა იქნას, როგორც აუცილებელი და სასურველი, რადგან საღმრთო სიბრძნე სწორედ ის გაახლავთ, რომ ყველა ემსახუროს ყველას პირადი მოწოდებების მრავალფეროვნებითა და მადლისმიერი ნიჭებით. ერთსახოვნება, მონოტონურობა და ერთფეროვნება კი პირიქით, სულიერი დაკნინების ნიშანია. საეკლესიო ცხოვრებაში ერთსახოვნების დამკვიდრებისკენ სწრაფვა არა მხოლოდ ეწინააღმდეგება საეკლესიო გამოცდილებას, რომლის შესახებაც მოციქულები და შემდეგ ეკლესიის წმინდა მამები წერდნენ, არამედ თავისთავად ხდება დაყოფის მიზეზი _ წინააღმდეგობა უნიფიკაციისა და კანონიერი და სასარგებლო პლურალიზმის მომხრეებს შორის. (ალექსანდრე კირლეჟევი, „ეკლესია და პლურალიზმი“).
იმ პიროებში, როდესაც ეკლესია უარს არ ამბობს პროგრესის ელემენტების ინტეგრირებაზე მის ყოველდღიურ ცხოვრებაში, პარალელურად გვაქვს მოცემულობა, როცა ის არის საშინლად მოუქნელი თანამედროვე გამოწვევების წინაშე პიროვნებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან მიმართებით. ამ დროს ქრისტეს რელიგია საკმაოდ მოქნილია იმისთვის, რომ უპასუხოს ნებისმიერ გამოწვევას, მაგრამ ამას სჭირდება ჩაღრმავება, ცოდნა, სათანადო განათლება და შინაგანი განწყობები. ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის მიღმა ყველაფერი ახალი არის ნიველირებული, როდესაც მხოლოდ წარსულის მაგალითებითა და წესებით (ვაღიაროთ, ხშირ შემთხვევაში დამახინჯებულად) ხდება პრობლემების გადაწყვეტა. აქ მაგალითად ისიც კმარა, რომ თუნდაც ეპისტოლეებში გადმოკოპირებულია წინა წლების მოსაზრებები, თითქოს სამყარო და გამოწვევები იყოს იგივე, რაც 10 ან, გნებავთ, 20 წლის წინ.
არ გაგჩენიათ კითხვა, რატომ ეშინიათ საპატრიარქოში და მის ფარგლებს გარეთაც პლურალიზმის? რატომ ეშინიათ ეკლესიაში სხვა ან განსხვავებულ ადამიანთან (და აქ მნიშვნელობა არ აქვს განსხვავებულობის არსს) დიალოგის? რატომ ეშინიათ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების შეცნობა? განა, სხვისი აზრის მოსმენა, პატივისცემა და დიალოგი სათნოება არ არის, რადგან ადამიანები ერთარსნი და თანაბარნი არიან უფლის წინაშე? რატომ ეშინიათ საქართველოს ეკლესიაში პლურალიზმის, რომელიც სეკულარული საზოგადოებების ცხოვრების ნორმას წარმოადგენს?
„დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პლურალისტურ ცივილიზაციაში, არა მხოლოდ სხვა კონფესიებისა და რელიგიების მორწმუნეების, არამედ ათეისტების, აგნოსტიკოსებისა და რელიგიურად გულგრილი ადამიანების გვერდით. ეს ცივილიზაცია „ბოროტსა ზედა დგას“ ისევე, როგორც „ბოროტსა ზედა იდგა და „დადგება“ ნებისმიერი სხვა ცივილიზაცია (იმ აზრით, როგორც ამ გამოთქმას იყენებს მოციქული იოანე ღვთისმეტყველი (1 იოანე 5:19). მაგრამ ჩვენს ცივილიზაციას ერთი განსაკუთრებულობა აქვს: ეს არის დიალოგის, პიროვნებების, კულტურებისა და მსოფლმხედველობების ერთმანეთთან ღია შეხვედრის ცივილიზაცია. ის რაც არ უნდა ცუდი იყოს ემპირულად, მაინც მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად გამოცხადებულია სხვისადმი, მთელი მისი თავისებურებებითა და პიროვნული თავისუფლების გათვალისწინებით, პატივისცემის პრინციპი“ (ალექსანდრე კირლეჟევი, „ეკლესია და პლურალიზმი“).
რატომ ავიწყდებათ ეკლესიაში, რომ ადამიანს აქვს თავისუფლება და პასუხისმგებლობა და ისიც, რომ ადამიანები უფლის, ღმერთის
მიერ შექმნილ სამყაროში ვცხოვრობთ და როგორც პავლე მოციქული წერს: „კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თვისისათვის სიტყუაი მისცეს ღმერთსა“ (რომაელთა 14:12).
არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში, ქართულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში უნდა ესმოდეთ, რომ თანამედროვე საზოგადოების პლურალისტული და დემოკრატიული ხასიათის გამო ადამიანების დასარწმუნებლად ან, გნებავთ, გადასარწმუნებლად, არსებობს ერთადერთი გზა _ დიალოგი და არა კომბლით სირბილი, ჯვრითა თუ ხატებით აქციების, დემონსტრაციების მოწყობა, რომელიც საზოგადოებაზე, ცალკეულ ჯგუფებზე, გნებავთ, ცალკეულ ინდივიდებზე ძალადობაა. მაგრამ თუ ამის მიზეზის შეცნობა გნებავთ, ის მარტივი ასახსნელია _ ღმერთით დაშინება, რაც უკვე ვახსენე. ხშირად ეს დაშინება, ანუ ძალადობა, იდეოლოგიურად არგუმენტირებულია ეროვნული ტრადიციებით, ფასეულობების, ღირებულებების დაცვით და აუცილებლად გაჯერებულია რელიგიასა და ღმერთზე აპელირებით. სწორედ ეკლესიის ეს პოზიცია _ „შიშის ბატონობა“ _ განსაზღვრავს სახელმწიფოში პოლიტიკურ თუ სხვა ინტერესჯგუფების დაპირისპირებას და ძალადობას. არასაკმარისი ინტელექტუალური რესურსების, არგუმენტების, განათლების ფლობა განაპირობებს აგრესიას, რომელიც წარმოშობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის უკიდურეს ძალადობასა და დაუნდობლობას. ჩვენ ვნახეთ დამოუკიდებელი საქართველოს გარიჟრაჟზე, თუ როგორ გახდა მხარე ეკლესია და ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ნების საწინააღმდეგოდ, დადგა სახელმწიფო გადატრიალების მომწყობთა გვერდით. ეკლესიამ იმჟამად ვერ შეასრულა მედიატორის როლი, ვერ შეძლო მხარეთა შორის დიალოგის უზრუნველყოფა და მხოლოდ საკუთარი სამომავლო კეთილდღეობის გარანტიებისთვის იზრუნა. ეს არჩევანი დღემდე გრძელდება და ეკლესია, უფრო სწორად, საპატრიარქო, მუდამ მხარეს წარმოადგენს და ის ყოველთვის ირჩევს ძლიერს _ მისგან ბენეფიტების მისაღებად. თუმცა საპატრიარქოს არც ის უჭირს, რომ მისთვის საჭირო დროს და ვითარებაში არათუ ხელისუფლებები _ სახელმწიფო აშანტაჟოს. ამით იმის თქმა მინდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოლიტიკურ პლურალისტურ გარემოშიც კი ვერ შეძლო ყოფილიყო თანამედროვე გამოწვევების მიმართ ადეკვატური და რა გასაკვირი უნდა იყოს მისი ანტიპლურალისტული ქცევა ცალკეულ ინდივიდებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან მიმართებით. ასეთ ვითარებაში დასკვნის გაკეთება არის ძალიან ადვილი _ საქართველოს ეკლესია გარეგნულად ცდილობს დარჩეს ეგზოტიკურ წარმონაქმნად, სახარებისეული სულისკვეთებით გამსჭვალულ ინსტიტუციად ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ სამყაროში, ხოლო შინაარსობრივად მისი არსი არის მტაცებლური, რომლის მიზანია ძალაუფლება და „პირადი“ კეთილდღეობა.
დეკანოზი ემანუელ კლაპსისი ნაშრომში „მართლმადიდებელი ეკლესია პლურალისტულ სამყაროში“ აღნიშნავს: „ეკლესიის დანიშნულება მარტო ის კი არ არის, რომ თავად ცხოვრობდეს სახარებისეული სულისკვეთებით, არამედ ისიც, რომ დანარჩენ სამყაროსაც აუწყოს იგი მასთან კომუნიკაციის მეშვეობით. შესაძლებელია მართლმადიდებლური მორალური ხედვის განვითარების წარმოდგენა ქრისტიანული რწმენის სხვადასხვაგვარი აღქმის შეთვისებით. ეს მრავალფეროვნება შეიძლება ასახავდეს ზოგადი ისტორიული მდგომარეობის სხვადასხვაგვარ გაგებას ან მორწმუნეთა არჩევანს: ქრისტიანული რწმენის სხვადასხვა ელემენტს მიუსადაგონ რომელიმე კონკრეტული მდგომარეობა“. ანუ საუბარია იმაზე, რომ ქრისტიანობა, ეკლესია, ჩვენს შემთხვევაში მართლმადიდებლობა, არის ცოცხალი ორგანიზმი და რელიგია ადამიანებისთვის და არა ღვთისმსახურებისთვის, რაოდენ დიდ იერარქიულ საფეხურზეც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი.
არ ვაპირებ, ვინმე გადავღალო იმაზე მსჯელობით, თუ რა ძალისხმევას უკავშირდებოდა ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, რა წინააღმდეგობები ახლდა მას. არ ვაპირებ ისტორიული მაგალითების მოხმობას, რომლის შესახებაც ფართოდ არის ცნობილი. მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან შევხედოთ მოვლენებს, რომელიც 2000 წლის წინ განმავლობაში ხდებოდა და ვითარდებოდა.
სწორედ აქ იქნება მართებული ამთავითვე დავსვათ კითხვა, _ ვინმემ იცოდა მაშინ, რა იყო საზოგადოებრივი აზრი იმ გაგებითა და გააზრებით, როგორადაც დღეს მას აღვიქვამთ? არსებობდა კი საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეთოდოლოგია, წესები, ტექნოლოგიები?
შესაძლოა, ვინმეს გაუჩნდეს მოსაზრება, რომ მაცხოვრისა თუ მოციქულების ირგვლივ შემოკრეფილი ადამიანები იყვნენ ცნობისმოყვარეები, სიმართლის მაძიებლები, მეტიც _ ეძებდნენ ღმერთს, ჭეშმარტებას ან სულაც უსმენდნენ საინტერესო მთხრობელს _ მასწავლებელს. შეიძლება, ვიღაც უფრო შორს წავიდეს და თქვას, რომ ადამიანებს მუდმივად სჭირდებათ სეირი, სანახაობა. და? ის, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ამ სიმართლის გასამდიდრებლად კიდევ უფრო მეტი ეპითეტისა თუ მაგალითის, შედარების მოხმობაა შესაძლებელი. მაგრამ ამ ყველაფერს ერთად რა ჰქვია, ანუ უფრო სწორად თუ დავსვამ კითხვას, _ რით მივიდნენ ადამიანები რწმენამდე? განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც არასოდეს უნახავთ, არასოდეს მოუსმენით ქრისტესთვის? ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო საზოგადოებრივი აზრის ფორმირების უპრეცედენტო აქტი იმ ეპოქისთვის, სადაც არ არსებობდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები.
ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ ადგილას საუბრობდნენ ახალ რელიგიაზე ან „ახალ ღმერთზე“, გადაჰქონდათ ამბავი _ ინფორმაცია, ერთი ადგილიდან მეორე ადგილას, ახდენდნენ ნანახის ან მოსმენილის რეტრანსლირებას, იყვნენ ჩვეულებრივი კორესპონდენტები, რეპორტიორები. ხოლო ისინი, რომლებიც ამავდროულად ახდენდნენ ფაქტებისა და მოვლენების მრავალმხრივ წარმოჩენას _ რეალურად იყვნენ ჟურნალისტები. გაითვალისწინეთ, მე ვსაუბრობ რიგით ადამიანებზე, რომელთაც არანაირი სტატუსი არ გააჩნდათ. ეს გახლდათ ერთგვარი სამოქალაქო ჟურნალისტიკა იმ შესაძლებლობებით, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა _ ანუ ვერბალური რეტრანსლირების საშუალებით.
ერთ ამონარიდს მოვიყვან ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ ჭელიძის რადიო რუბრიკიდან _ საუბარი ქრისტიანული ლიტერატურის შესახებ: „ქრისტიანობის კონფლიქტი ყველაზე მეტად თვალსაჩინო გახლავთ, რა თქმა უნდა, კერპთაყვანისმცემლობასთან, მეკერპეობასთან, რაც დამკვიდრებული ცხოვრებისა და რწმენის წესი იყო ელინებისთვის, რომაელებისთვის, წარმართებისთვის. წარმართობა და კერპთაყვანისმცემლობა ერთი და იგივეა, იგივე მრავალღმერთიანობა. წარმართობასთან დაპირისპირება ქრისტიანობამ პირველი საუკუნიდანვე დაიწყო. მათ შორის კონფლიქტი აბსოლუტურად გარდუვალი გახლდათ. გარდუვალი გახლდათ ღვთის განგებითაც, რადგანაც მრავალი წარმართი უნდა გაქრისტიანებულიყო. პაექრობის ჟამს ბევრი, რომელიც მანამდე გულმხურვალე თაყვანისმცემელი იყო ამა თუ იმ კერპისა, ხდებოდა ამგვარივე მოშურნე ქრისტიანი (საეკლესიო მნიშვნელობით). მაცხოვრის ანდერძი მოწაფეებისადმი მიცემული, რომ წადით და დაიმოწაფეთ ყოველი წარმართი, სწორედ ამგვარი პოლემიკური ღვაწლის შედეგად აღასრულეს მოციქულებმა და მოციქულების ნაკვალევს მიდევნებულმა საეკლესიო მამებმა“.
გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ _ „ხდებოდა ამგვარივე მოშურნე ქრისტიანი“. ანუ როდესაც პოლემიკით, მწიგნობრობით, განათლებით, კითხვებზე პასუხის გაცემით, ეჭვების გაფანტვით ადამიანი ხვდებოდა, რა იყო ქრისტიანობა და ვინ იყო ქრისტე, იგი ხდებოდა მოშურნე ქრიტიანი. და არა ისე, როდესაც გარემოებების გათვალისწინებით, შიშით თუ თვითგადარჩნის ინსტინქტის გამო იღებდა ვიღაც ქრისტიანობას და კერპს ქრისტეთი ცვლიდა. დღევანდელი სტანდარტით „კარგი ქრისტიანი“ ნამდვილად არ არის მოშურნე ქრისტიანი. დღევანდელი სტანდარტით „კარგი ქრისტიანია“ „კვირის ქრისტიანი“, რომელსაც მეტწილად არაფერი აინტერესებს იმის გარდა, რომ „კარგია“, რომ სამსჯავროც კარგი ექნება და რომ შეუძლია სხვა განიკითხოს _ ჯვრით თუ „ტაბურეტკით“, კომბლით დაედევნოს და დაუპირისპირდეს.
რა სჭირდება მაცხოვრის ანდერძს _ „დაიმოწაფეთ ყველა წარმართი“ _ პოლემიკა თუ კომბალი? და ვინ დგას მაცხოვრის გზაზე, _ ის, ვინც მსჯელობს, საუბრობს, ამტკიცებს თუ კომბლით დარბის და რეალურად ვინ არის კარგი ქრისტიანი და მოშურნე ქრისტიანი?
კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ, რაზეა საუბარი _ პოლემიკურ ღვაწლზე, განსაკუთრებით II-VI საუკუნეებში, როდესაც ხდებოდა საეკლესიო წესების ფორმირება, როდესაც აუცილებელი იყო თითოეული დოგმის ჩამოყალიბება, მისი სისტემატიზება და რაც მთავარია, ამ დოგმების ახსნა-დასაბუთება. მეტიც: აუცილებელი იყო ყველა წარმართის დამოწაფება. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ყველაზე გამორჩეული და ძლიერი საეკლესიო პოლემიკური ნაშრომები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ზემოთ ხსენებული გამოწვევების გარდა, ქრისტიანობას _ ეკლესიას პოლემიკა უხდებოდა იუდაიზმთან, რაც არ იყო იოლი საქმე.
რატომ მოვიხმე ეს მაგალითი? „პოლემიკურ ღვაწლში“ სინთეზირებული გვაქვს არა მხოლოდ საეკლესიო პუბლიცისტიკის, თეოლოგიური ნაშრომების გამორჩეული საზრისები, არამედ თითოეული აზრი წარმოჩენილია, როგორც უაღესად მნიშვნელოვანი და არა აგრესიული, არამედ სიყვარულით გამსჭვალული. ჟანრობრივად შესაძლებელია ეს პოლემიკა ჩაითვალოს როგორც პუბლიცისტურ ასევე ანალიტიკურ მასალებად. ის, რომ საეკლესიო პუბლიცისტიკას აქვს გამორჩეული წონადი მნიშვნელობა, ამის განმაპირობებელი სწორედ ის გახლავთ, რომ მისი უმთავრესი საყრდენი ანალიტიკური და ფილოსოფიური აზროვნებაა. თანამედროვე ჟურნალისტიკის უამრავი ელემენტი შეიძლება ვიპოვოთ ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, რომელიც იმჟამად საკმაოდ ეფექტიანად გამოიყენებოდა, როგორც მასების მართვის ფსიქოლოგიის ინსტრუმენტი. ყოველივეს ქვაკუთხედს კი წარმოადგენდა ქრისტე-ქრისტიანობა, რწმენა, როგორც საეკლესიო პოლიტიკის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორი. ეს ფაქტორი ადრეულ ქრისტანულ და შემდგომ ეპოქაში სახელმწიფო პოლიტიკას შეერწყა.
ზემოთაც ვსაუბრობდი ჩვენი რეალობისა და ადრექრისტიანული ეპოქის აღსაწერად, თუ როგორ ჩაანაცვლეს ადამიანებმა კერპი ქრისტეთი. ეს მომენტი მნიშვნელოვანია სხვა კონტექსტშიც. ადამიანებისთვის, ცალკეულ შემთხვევებში იძულების გარდა, ქრისტიანული რელიგიის, როგორც ჰუმანური და კაცთმოყვარე რელიგიის შესახებ თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა, იყო იმის განმაპირობებელი, რომ მოქალაქეები მასობრივად ინათლებოდნენ და აქ მხოლოდ იმპერატორების, ხელმწიფეებისა თუ მეფეების ნება ვერაფერს გახდებოდა. მით უფრო ჩვენს ეპოქაში ადამიანებს ეს განცდა _ რომ ღმერთს ისინი უყვარს, _ ინფორმაციულ დონეზე რომ არ ჰქონოდათ, ისინი სხვა კერპს მოძებნიდნენ ან თუნდაც სხვა ღმერთს და აქ ცეცხლი და მახვილი ვერაფერს გახდებოდა. გვახსოვს კაცობრიობის ისტორიაში უამრავი მაგალითი. მხოლოდ მიწის წყურვილი არ იყო ეგვიპტიდან ისრაელში დაბრუნების ეპოპეა და თუნდაც ალია (ამოსვლა ისრაელში, _ რედ.) გასულ საუკუნეში. ამიტომ ის მასობრივი ნათლობები თუ ახლა ეკლესიაში „მიბრუნება“ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრის შედეგის ნათელი მაგალითი გახლავთ.
ამ ყველაფრისა და დღემდე მოტანილი ქრისტიანული რელიგიის ისტორიის გააზრების საფუძველზე, ახლა შევხედოთ ეკლესიას, როგორც ინსტიტუციას, რომელმაც მართალაც წარმატებული პიარმენეჯმენტით უზრუნველყო არა მხოლოდ მორწმუნეების შემოკრება, არამედ საკუთარი კეთილი საქმეების პროპაგანდირება. მესმის, შესაძლოა, ყურისმომჭრელადაც ჟღერს ეს სიტყვები ეკლესიასთან მიმართებით და ოპონენტებმა განაცხადონ, რომ რწმენასა და ღმერთს არ სჭირდება არც საზოგადოებრივი აზრი, არც მედია, არც ჟურნალისტები, არც პროპაგანდა, მაგრამ ეს ყველაფერი სხვა სახითა და სხვა სახელით საუკუნეები არსებობდა ეკლესიაში და მეტიც _ ეპოქალურ ცვლილებებთან და პროგრესთან ერთად ხდებოდა და ხდება მისი მნიშვნელოვანი ელემენტების სინთეზირება ეკლესიის ყოველდღიურ საქმიანობასა და წესებში.
შეუძლებელია, არ დავინახოთ პარალელები _ ტაძარს, მოქადაგე ღვთისმსახურს, ტაძარში მყოფ მრევლსა და მედიასაშუალებებს შორის. ხოლო საეკლესიო მოღვაწეების ჩართულობა სახელმწიფო საქმეებში ასევე გახლდათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი და ის მეტწილად შეიცავდა თანამედროვე პიარტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ელემენტებს, რაც ხელს უწყობდა ეკლესიის როლის განვითარებას არა როგორც სულიერი თვალსაზრისით, არამედ სახელმწიფოს სიძლიერის განსამტკიცებლად.
დიახ, მიუხედავად ცალკეული, ზოგჯერ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი წინააღმდეგობისა, ეკლესია საბოლოოდ მუდმივად იყო პროგრესის მხარეს და მუდამ ისრუტავდა და ნერგავდა საკუთარ წიაღში, ეფექტიანად იყენებდა მას. გაზეთები, ჟურნალები, სხვადასხვა გამოცემა, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტრესურსები არასრული ნუსხაა იმისა, რასაც ეკლესია იყენებს საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის.
დამოუკიდებელ საქართველოში მართლმადიდებელი რელიგიის როლი და ფუნქცია განსაკუთრებული გახდა. და ეს განსაკუთრებულობა არ იყო მხოლოდ ისტორიული კონტექსტით განპირობებული. დამოუკიდებლობამ ეკლესია დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, მივიღეთ ვითრება _ ეკლესიებს მიშურებული ადამიანები, ისე რომ რწმენის შინაარსი გააზრებული არ ჰქონდათ. დიახ, ჩვენთთან არავის აუძულებია ადამიანებები, მასობრივად მონათლულიყვნენ, თუმცა ამის მაგალითებიც გვქონდა, მაგრამ მივიღეთ უარესი მოცემულობა _ ბრმადმორწმუნეებითა და ფარისევლებით გაივსო ტაძრები. რადგან ამ ადამიანების რწმენა არ ეფუძნებოდა შინაარსის გააზრებას, ერთი მხრივ, მათი მართვა ბრმამორჩილების საფუძველზე გახდა ადვილი, ხოლო მეორე მხრივ _ ზედაპირული ცოდნისა და არასაკმარისი არგუმენტების პირობებში ეკლესიისა ცალკეულ მესვეურთა და მის წიაღს თავშეფარებულთა უმთავრეს იარაღად აგრესია იქცა. დიახ, სწორედ რომ ეკლესიის პოლიტიკის, მის მიერ ფორმირებული საზოგადოებრივი აზრის შედეგად ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ქრისტეს რწმენას იცავენ არა არგუმენტებით, არამედ აგრესიით, მუქარითა და სამსჯავროს შიშის დამკვიდრებით.
როდესაც ეკლესია ფლობს კომუნიკაციის უამრავ ელემენტსა და საშუალებას, მან აირჩია ინსტიტუციისა და მრევლის თვითიზოლაციის პოლიტიკა. ისინი გაურბიან მედიასთან არსობრივ კომუნიკაციას, არ ვსაუბრობ ცალკეული ფაქტებისა თუ ცალკეული მოვლენების შესახებ ზედაპირული ინფორმაციების გავრცელებას.
საინფორმაციო სივრცეში, ფაქტობრივად, არ ქვეყნდება თანადროული პუბლიცისტური თუ ანალიტიკური მასალები, რომლის ავტორებიც საეკლესიო მოღვაწეები იქნებოდნენ. არ მიმდინარეობს საჯარო დისკუსიები საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე და თუ ასეთი ფაქტები გვაქვს, ამ დისკუსიის მონაწილე მხოლოდ ეკლესიის მიერ შერჩეული ვიწრო სეგმენტია. ჩვენ, ფაქტობრივად, ვერ ვისმენთ ეკლესიის პოზიციას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომელიც სახელმწიფოსა და საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს განეკუთვნება. შესაბამისად, ეკლესია ქმნის მოცემულობას, რომლის მიხედვითაც მისთვის საინტერესოა მხოლოდ საკუთარი აზრი დ მხოლოდ „საკუთარი მრევლისთვის“. მაგრამ ისინი არ გაურბიან დაპირისპირებას საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სახელმწიფოსთან საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის. ეს დაპირისპირება მეტწილად ძალისმიერი ან შანტაჟის ელემენტების შემცველია.
გამოსავალი? როგორ გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ეტაპობრივად ყალიბდებოდა? ამ ვითარებაში აუცილებელიც გახლავთ შემდეგი აღიარება _ ქართულ მედიასივრცეში გვაქვს საეკლესიო თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტების, ანალიტიკოსების დეფიციტი. სამეცნიერო წრეებში საკუთარი კომფორტის მოყვარული მკვლევრები ცდილობენ ან კარგი ისაუბრონ ეკლესიაზე, ან დადუმდნენ. იმის გამო, რომ თემა მართლაცდა სპეციფიკურია, ძნელია, ყველას მოეთხოვოს მისი სათანადო ცოდნა. მაგრამ როგორ უნდა შეივსოს ეს ვაკუუმი და ადამიანებს, თუნდაც, ღვთისმსახურებს ავუხსნათ, რომ პლურალიზმი სულაც არ არის საშიში; რომ მრავალფეროვნება უფრო სიმდიდრეა; რომ წინააღმდეგობე