ლაშა ბაქრაძე: ,,რუსეთთან გვერდიგვერდ ყოფნა ნიშნავს უკან, ბნელეთში დაბრუნებას“

14012792_10209346525355527_1763030802_o

აქსიომადაა მიჩნეული, რომ სამშობლოს არ ირჩევენ. არ და ვერ ირჩევენ სამშობლოს მეზობელ ქვეყნებსაც. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს რუსეთის მეზობლობა ერგო თუ პირიქით, უკვე მიანიშნებს, რომ ჩვენი სამშობლო იმ დღიდან იყო შარში, როცა ეს აღმოჩენა გაკეთდა _ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რუსეთია.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და კიდევ ბევრი ჩაივლის, მაგრამ მუდამ არსებობდა და იარსებებს რუსეთის მიზიდულობის პოლუსი და რუსეთისგან განმუხტვის პოლუსი. ზოგჯერ ისიც გგონია, რომ საქართველოს ისტორია ოდითგან მხოლოდ ამ ორ პოლუსს შორის მოგზაურობაა, ერთიდან მეორისკენ გადახრაა და სხვა არაფერი.

საზოგადოება იმის მიხედვით იყოფოდა და დაიყოფა ერთი ან მეორე პოლუსის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, სანამ რუსეთის იმპერიული მიზნები იარსებებს, რადგან ამ მიზნებში საქართველო ფიგურირებს და ამ ქვეყანას რუსეთი თავის უმცროს ძმად მოიაზრებს, რომელსაც, როცა მოესურვება, მაშინ წამოარტყამს თავში, თუკი ის უცვლელად და ზედმიწევნით არ გაიმეორებს „უფროსი ძმის“ ნაბიჯებს, არა მხოლოდ მიმართულების, არამედ სიგრძე-სიგანის მიხედვითაც…

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ყველა ომის მიზანი სწორედ ეს იყო _ საქართველოში დამოუკიდებლობისა და თვისუფლებისკენ სწრაფვის ჩაკვლა, იმის დამტკიცება და თავსმოხვევა, რომ რუსეთის გარეშე მომავალი არ გაგვაჩნია, რომ თუ არა რუსეთი, ვიღაც მოვა და ჩაგვყლაპავს და ეს ყველაფერი მუდამ ჰგავდა და ახლაც ჰგავს იმ ბავშვის ცხოვრებას, რომელსაც დედა ან ვინმე სხვა, ოჯახის წევრი, დღეში რამდენჯერმე აშინებს, თუ წესიერად არ მოიქცევი, გუდიანი კაცი მოვა და ტყეში წაგაცუნცულებსო.

მაგრამ თუ ურჩ ბავშვებს წესიერად მოქცევის შემთხვევაში მაინც ჰქონდათ გუდიანი კაცისგან თავის დაძვრენის შანსი, სულ სხვაა ჩვენი ბედი რუსეთის ხელში: „უფროსი ძმისთვის“ სულ ერთია, ჭკვიანად მოიქცევი თუ პირიქით, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დაუძახებ თუ არა დათვს ბაბაიას, _ მაინც მოვა და შეგჭამს…

რამდენჯერაც რუსეთს შევეწინააღმდეგეთ და იმის დამტკიცება ვცადეთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, იმდენჯერ მწარედ დავისაჯეთ, მაგრამ არც მაშინ ვიყავით დალხენილი, როცა რუსეთის მარწუხები მაინცდამაინც არ გვაწუხებდა და მეტიც, მონის ბორკილის ჟღარუნი ტკბილ ნანინასავით ჩაგვესმოდა. თუ არ ვეურჩებოდით, ჩვენს ურჩობას იგონებდნენ, როცა ვეურჩებოდით, ხომ ისედაც გვსჯიდნენ და გვსჯიდნენ: 200 წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთთან ათამდე ომი გამოიარა და, რაც მთავარია, ეს ომი ჯერაც არ დამთავრებულა.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის ომზე ერთიანი პოზიციის არარსებობა დამანგრეველია სახელმწიფოსთვის:

„საქართველოში ჯანმრთელი დისკუსია, ზოგადად, ნაკლებია. ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან დაპირისპირებულია, ანგრევს სახელმწიფოსაც, რადგან არ არსებობს საერთო მტრისადმი საერთო პოზიცია და ყოველთვის ბოროტად გამოიყენება ე. წ. დამნაშავეების ძებნის ფაქტორი. ასე იყო აფხაზეთში მიმდინარე ომის დროსაც და ჩვენი მხრიდან ყოველთვის დამნაშავეს ეძებდნენ.

იგივე დამოკიდებულებაა 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც, რადგან ისინი, რომლებიც ძველ ხელისუფლებას აკრიტიკებენ, ამასაც მისი დემონიზაციისთვის იყენებენ, როცა ამბობენ, რომ ომი არ იქნებოდა, ის ხელისუფლება რომ არ ყოფილიყო.

საერთოდ, სასაცილოა ხოლმე, როცა საუბრობენ, რომ ომი რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს დაიწყო. ომი დაიწყო იმ დროიდან, როცა საქართველომ გადაწყვიტა დამოუკიდებლობის გზაზე შედგომა და ამ ომს ახასიათებს დღემდე (და არა მარტო 2008 წლამდე) ცივი და ცხელი ფაზები. 2008 წელს ეს ომი ცივიდან ცხელ ფაზაში გადავიდა კიდევ ერთხელ და მერამდენედ. ამიტომაა სასაცილო შეკითხვის დასმა იმაზე, ვინ დაიწყო ომი. ეს ომი დღესაც მიმდინარეობს და ჩვენ რუსეთთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით.

ამიტომ, საერთოდ, თვალები უნდა დაიბრმავო და დაყრუვდე, რომ მტკიცება დაიწყო, თითქოს ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში რუსეთთან და რომ, აი, რუსეთში ატამს და ყურძენს გავყიდით. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს როცა ასეთი დამოკიდებულება აქვს, რასაკვირველია, რთულია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ შემდგარი სახელმწიფო ვართ.

ზოგადად, ძალიან კარგია ჯანსაღი დისკუსია და აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არსებობს საზოგადოების რაღაც კონსენსუსი საერთო თემებთან დაკავშირებით და ძალიან სამწუხაროა, რომ 2008 წლის ომის თემას ასე ბოროტად იყენებენ ამა თუ იმ პარტიისა თუ ხელისუფლების საწინააღმდეგო დისკურსში“.

ის, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის რუსეთის სასარგებლოდ დასრულების მიუხედავად, მას არც კი უცდია ჩვენდამი ნდობის მორატორიუმისთვის გადაეხედა, გასაკვირი არაა.

იმის მიუხედავად, რომ რუსეთის წიაღიდან საქართველოს პოლიტიკურ არენაზე გადმობარგებულმა ოლიგარქმა რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარი დაიწყო და პრემიერობის დროს პირადი წარმომადგენელიც კი დანიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოსაგვარებლად, სულაც არ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ჩრდილოელი მეზობლისთვის _ კი, ბატონო, განსხვავებას ვხედავთ, მაგრამ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას ვერ ვამჩნევთო, ეგაა იქიდან წამოსული გზავნილი.

უკვე მერვე წელია, საქართველოს პოლიტიკურ ელიტას და საზოგადოების ნაწილს ისიც კი ვერ გაურკვევია, ვინ დაიწყო ომი 2008 წელს. რუსეთმა თავისი ორასწლიანი ბატონობით იმდენიც კი მოახერხა, რომ ერთი შეხედვით უდავო ფაქტი _ ხელის გულზე დადებული აგრესია, რომელიც დადასტურებულია XXI საუკუნის საინფორმაციო ტექნოლოგიებით, თვით აგრესიის ადრესატ ქვეყანაში გაეხადა საკამათოდ. ამიტომ უკვე მერვე წელია, სიტუაცია უცვლელია:

პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილის აქტივობა აგვისტოს ამ დღეებში იმით გამოიხატება, რომ ისინი მუხათგვერდზე, ან გმირთა მემორიალთან მიდიან, საკუთარ გვერდებზე აზიარებენ 2008 წლის ომის შემზარავ ვიდეოებს, ფოტოებს, ხოლო პროფილის სურათად ხსოვნის სიმბოლო _ ყაყაჩო გამოაქვთ, ხოლო მეორე ნაწილი ან საერთოდ უგულებელჰყოფს ომის თემას, ან კიდევ ძალიან მსუბუქად, განსაკუთრებული აქცენტების გარეშე იხსენებს გმირ ბიჭებს, ხოლო სოციალური ქსელის კედლებზე ტალიავინის კომისიის დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციას და „სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის გაფორმებულ“, დაკარგულ სოფლებზე წუხს…

თვალში საცემი ერთი ტენდენცია რუსეთის მხრიდანაც შეიმჩნევა: საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უკვე მეოთხე წელია, რუსეთის რამდენიმე მთავარ და ყველაზე მრავალაუდიტორიან ტელევიზიებში საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქართული ხასიათის თავისებურებებზე გადაცემებს მოუხშირეს. თავიდან, შესაძლოა, ეს დამთხვევადაც მოგვჩვენებოდა, მაგრამ დამთხვევაც არის და დამთხვევაც: რუსეთის ტელევიზიების დაინტერესება საქართველოთი ყოველ წელს სამ კონკრეტულ თარიღს: 9 აპრილს, 26 მაისსა და 7-8 აგვისტოს უკავშირდება.

სწორედ ამ დღისთვის სვამენ პროგრამებში „ორტ“, „ნტვ“, „რენ ტვ“ და სხვა წამყვანი ტელევიზიები ქართველი საესტრადო მომღერლებისა და ჯგუფების, საქართველოს ე. წ. ინტელიგენციის წარმომადგენელთა გამოსვლებს, მიმართვებს, სიმღერებს…

რა ფენომენია ეს? რატომ უსკდებათ რუსებს სიყვარულის ბუშტი, მაინცდამაინც, 9 აპრილს, 26 მაისსა და აგვისტოს დღეებში? სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ, რომ მას, ანუ იმპერიულ რუსეთს, სწორედ ეს სამი თარიღი სტკივა ყველაზე მეტად, რადგან 9 აპრილი და 26 მაისი იმის გამოხატულება იყო, რომ საქართველოს არ უნდა რუსეთთან და უნდა დამოუკიდებლობა, ხოლო აგვისტოს დღეები იყო იმ რეალობის წინაშე დგომა, რომ რუსეთს საქართველომ მწარედ შეუბრუნა ხელი. მართალია, თვითონ საქართველო მეტად დაზარალდა ამ ხელის შებრუნებით, მაგრამ რუსეთისთვის იმდენად მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ეს ხელის შებრუნება, რომ დღემდე ახსოვს და კიდევ კარგა ხანს ეხსომება.

სწორედ ამიტომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს მასებზე, მუშაობს საქართველოს მეხუთე კოლონაზე და საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელმაც იცის, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, თუ მაინცდამაინც ცხვირწინ მუშტს არ დავუტრიალებთ და არ გავაღიზიანებთ.

სწორედ საზოგადოების ამ ნაწილისთვისაა მსგავსი გადაცემები და მესიჯი კრემლიდან გახმოვანებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით: „ჩვენ ქართველი ხალხი და საქართველო გვიყვარს და რომ არა სააკაშვილის ავანტიურა, 2008 წლის ომი არ მოხდებოდა“. აქვე, მსგავს მესიჯში წარსულიც ილანდება, თავისუფლად შეგიძლიათ, „რომ არა ზვიად გამსახურდია“ ჩასვათ…

მოქმედებს თუ არა მსგავსი მესიჯები საქართველოს საზოგადოებაზე? რა თქმა უნდა, მოქმედებს, რადგან მის ტირაჟირება-დამკვიდრებას კრემლის ერთგული მედია ახდენს, პრაქტიკულად კი ფრთებს ასხამენ ის ვაიპოლიტიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ, იმდენადაც კი გათავხედდნენ, რომ უამრავი კამერის თანდასწრებით ჟურნალისტს ფრაზისთვის „პუტინი მკვლელია“, სილა უთავაზონ, ხოლო მათ, ვინც მის მხარესაა, დაჰპირდნენ, რომ თავებს ჩაქუჩით გაუხეთქავენ და ენას ნამგლით _ ანუ საბჭოთა სიმბოლიკით ამოჭრიან…

ლაშა ბაქრაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი, საქართველოში არსებული მეხუთე კოლონის წყალობით, იოლად გამოდის მდგომარეობიდან:

„ჩვენ ყველანი კარგად ვხედავთ, რამხელა რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს დღეს საქართველოში და, ამავე დროს, რუსეთს ეს პროპაგანდა, ფაქტობრივად, ძალიან ცოტა თანხა უჯდება, რადგან საქართველოში მრავლად არიან ადამიანებიც და მედიასაშუალებებიც, რომლებიც სიამოვნებით და უფასოდ აკეთებენ ამას.

ვისაც საბჭოთა კავშირი ახსოვს, მისთვის არ იქნება ძნელი გასახსენებელი რუსეთის „სიყვარული“ დამონებული ერებისადმი, ეს მისთვის დამახასიათებელია. გახსოვთ, ალბათ, საქართველოსთან მიმართებაშიც, რომ მუდმივად იღებდნენ ისეთ ფილმებს, სადაც ქართველები იდიოტებად არიან გამოყვანილი _ მინდვრებში პეპლებს დასდევენ და ასე შემდეგ… რასაკვირველია, ეს ეთერის დათმობა და სხვა ყველაფერი ჩვენთვის კეთდება, ჩვენს დასანახავად, რადგან რუსეთი ამით იმას გვეუბნებოდა და გვეუბნება, რომ აი, შენ არაფერი გაქვს შენი ფოლკლორის გარდა, შეგიძლია იმღერო, ან იცეკვო, ან, თუნდაც, ჩემთვის „ჩუნგა-ჩანგა“ იმღერო _ ეს საბჭოური მეთოდია.

დიახ, ეს ყველაფერი კეთდება ჩვენთვის, თორემ რუსეთში დიდად არ ეძნელებათ ხალხის მობილიზება ერთი აზრის გარშემო და ამის მაგალითია ის, რაც მოხდა თურქეთთან მიმართებით: როცა მათ რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს, როგორ წერდნენ თურქეთზე ამრეზით, ზიზღით, ხოლო შემდეგ, როცა ერდოღანმა პატარა წერილი გაუგზავნა და გული მოულბო პუტინს, ეს ყველაფერი სასწრაფოდ შეიცვალა საპირისპიროდ. ასე რომ, ეს სატელევიზიო გამოსვლები და ჩვენთვის ეთერის დათმობა არ არის მიმართული, ზოგადად, რუსეთის საზოგადოებისადმი, არამედ ჩვენთვისაა, რადგან ჩვენ გვიხარია, რომ, მაგალითად, მოსკოვის სცენაზე ქართველი გამოვა და იმღერებს, ან რუსეთის ტელევიზიაში ჩვენს მოცეკვავეებს ეთერი დაეთმობათ, მაგალითად, „კავეენშიკებს“, რომლებიც ჩემთვის ყველაზე საბჭოური ჯიშის გამოვლინებაა.

როცა საზოგადოება ამას ლმობიერად უყურებს, ისევე, როგორც რუსეთის წარმოუდგენელ პოპულარიზაციას ამ ბოლო დროის განმავლობაში, თუნდაც რუსული ესტრადის კუთხით, იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება სუსტია, ვერ შედგა და ძალიან გაგვიჭირდება წინსვლა ცივილიზებული სამყაროსკენ, რადგან რუსეთს არ შეუძლია არაფრის, ვიმეორებ, არაფრის მოცემა: არ არის არც ერთი დეტალიც კი, რომელზედაც შეიძლებოდა ადამიანს ეთქვა, რომ რაღაც დადებითი არის რუსეთში _ ამიტომ რუსეთთან მოხვედრა, მის გვერდიგვერდ ყოფნა ნიშნავს უკან, ბნელეთში დაბრუნებას და ჩანთქმას…“

ბუნებრივია, იმითაც დავინტერესდით, სადაა გამოსავალი, თუკი მოცემულობად მივიღებთ, რომ რუსეთს დამოუკიდებლობისკენ საქართველოს საწრაფვა აღიზიანებს, ხოლო საქართველო ამ სწრაფვაზე უარის თქმას არ აპირებს? ხომ ფაქტია, რომ მეზობელი ჩვენ არ აგვირჩევია და ვერც შევიცვლით?

„მეზობელს ვერ შევიცვლით და ეს მეზობელი, სავარაუდოდ, არც ისე დასუსტდება უახლოეს პერიოდში, რომ ამისგან რამე სარგებელი მივიღოთ, მაგრამ როცა ეს მეზობელი თავს გახვევს არათუ პოლიტიკას, ტერმინოლოგიასაც კი და საქართველოში ხშირად გვესმის: „ქართულ-აფხაზური ომი“, „ქართულ-აფხაზური დაპირისპირება“, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წავაგეთ სიტყვიერი ომიც კი რუსეთთან. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რუსეთი კი არ გვებრძოდა, ჩვენ ვებრძოდით აფხაზებს აფხაზეთში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვესმის სიტყვების შინაარსი და სიტყვა-სიტყვით, თუთიყუშებივით ვიმეორებთ საკმაოდ გაწვრთნილი და კარგად დატრენინგებული რუსული სპეცსამსახურების მიერ შემოგდებულ ფრაზებს.

არ შეიძლება, რომ საქართველოში ამასთან დაკავშირებით მაინც არ არსებობდეს კონსენსუსი და ერთიანი აზრი, რომ თქმა იმისა, თითქოს იყო „ქართულ-აფხაზური ომი“, სისულელეა. სინამდვილეში, იყო რუსეთ-საქართველოს ომი აფხაზეთის გამო და რუსეთ-საქართველოს ომი ე. წ. სამხრეთ ოსეთის გამო, სხვა ყველაფრის გამო…

მიუხედავად იმისა, რომ სუსტები ვართ, ჩვენ მაინც ბევრის გაკეთება შეგვიძლია. საერთაშორისო მდგომარეობა მაინც არაა ისეთი, როგორიც იყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა დიდი იმპერიები არსებობდნენ და პატარები ყოველთვის იჭყლიტებოდნენ.

რასაკვირველია, ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველგან, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება: როდესაც ძალიან დიდი შანსი გვქონდა, რომ ყირიმთან ერთად იხსენებოდეს აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“, ჩვენ ეს შანსი ხელიდან გავუშვით. და როდესაც ასე ვიქცევით, ცხადია, ძალიან ძნელია ილაპარაკო იმაზე, სადაა გამოსავალი…“ – აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

 

მესიჯი: „რომ არა სააკაშვილის წამოგება პროვოკაციაზე, 2008 წლის აგვისტო არ იქნებოდა“, _ ყველაზე პოპულარია „ქართული ოცნების“ მომხრეებში და როგორც კი იწყება რუსეთ-საქართველოს ორასწლიანი ომის ამ ბოლო მონაკვეთზე საუბარი, ის მაშინვე არგუმენტად მოჰყავთ.

იყო თუ არა სინამდვილეში ასე და აქვს თუ არა საფუძველი ამ ვერსიას, ყველაზე კარგადაა განმარტებული ამერიკელი პოლიტოლოგის, აწ გარდაცვლილი რონალდ ასმუსის წიგნში „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“, სადაც ფართო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი, პოლიტიკური კულუარებიდან აღებული, მათ შორის, რუსული ღია წყაროებიდან ამოკრებილი ცნობებია თავმოყრილი. ეს წიგნი ამ დრომდე უცნობია ფართო საზოგადოებისთვის და ეს წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მინუსია, მაგრამ ამაზე სხვა დროს: ახლა ვნახოთ, სინამდვილეში შეიცვლებოდა თუ არა რამე რუსეთის აგრესიაში, საქართველოს ხელისუფლების სათავეში რომ მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილიყო, ანუ ვნახოთ, სინამდვილეში ოსი ხალხის დაცვით იყო განპირობებული 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესია, თუ ჩვენს მეზობელს, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლების დამხობა და მისი შეცვლა სურდა მისთვის მისაღები და მისი მორჩილი ხელისუფლებით? წიგნში 2008 წლის ომის წინა პერიოდის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეპიზოდია მოყვანილი, საიდანაც ცხადი ხდება, რომ რუსეთის შეშფოთების მამოძრავებელი საფუძველი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა იყო და არა ის, შევიდოდა თუ არა ქართული ჯარი, ან შსს-ს დანაყოფები ცხინვალსა და ჯავაში:

ნატო-რუსეთის კონსულტაციების დროს, 2008 წლის მაისის შეხვედრაზე, რუსეთის თავდაცვის შეფმა, არმიის გენერალმა იური ბალუევსკიმ, სახტად დატოვა ნატოელი კოლეგები, როცა გააფრთხილა, _ ამ ზაფხულს საქართველოში შეიძლება ომი ატყდეს, თუ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგმებაო. ნატოს წევრ ქვეყნებს მოსთხოვა, საქართველოში დაგეგმილი ერთობლივი წრთვნები გადაედოთ, თუ არ სურდათ, ამ კონფლიქტში მათდაუნებურად აღმოჩენილიყვნენ ჩათრეულები. მაშინ ნატოში მიიჩნიეს, რომ ეს ჩვეულებრივი რუსული ავყიობა და თბილისის პოლიტიკური დაშანტაჟების გამოვლინება იყო, მაგრამ ახლანდელი გადასახედიდან ყველაფერი შეიძლება იმ გაფრთხილებად აღვიქვათ, რასაც, სამწუხაროდ, მაშინ არავინ ათხოვა ყური.

ივლისის ბოლოს, იალტაში ჩატარებულ კონფერენციაზე, ერთმანეთს სადილზე შეხვდნენ რონალდ ასმუსი და გერმანელი ევროპარლამენტარი ელმარ ბროკი. ბროკმა ასმუსს უთხრა, _ ამას წინათ ევროკავშირში რუსეთის ელჩს, ვლადიმირ ჩიჟოვს შევხვდი ბრიუსელში და ვუთხარი, _ სექტემბერში საქართველოში ჩასვლას ვგეგმავ-მეთქი. რუს დიპლომატს კი ჩაუღიმია და უთქვამს, _ იქნებ, უფრო ადრე ჩასულიყავით, ვაითუ, სექტემბრის ბოლოს გვიან იყოსო…

9 აგვისტოს საღამოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პენტაგონიდან ტელეფონით აცნობეს, რომ მოსკოვიდან 6 რუსული ბომბდამშენი აფრინდა და საქართველოს მიმართულებით აიღო გეზი. ასევე გააფრთხილეს, რომ ეს ბომბდამშენები, დაახლოებით, 22 წუთში უნდა გამოჩენილიყვნენ საქართველოს საჰაერო სივრცეში. როცა ქართველებმა მონაცემები გადაამოწმეს, მიხვდნენ, რომ სამიზნე თბილისი იყო.

ამასობაში დენის ფრიდმა მიმდინარე მოვლენების ბოლო შეფასებებიც მიიღო საქართველოში ამერიკის ელჩ ტეფტისგან. უკვე შაბათ დილით ტეფტი მიხვდა, რომ რუსეთის მიზანი „სამხრეთ ოსეთის“ წაგლეჯა და დაღუპული რუსი სამშვიდობოების გამო შურისძიება არ იყო.

როცა რუსეთმა ქართული პორტებისა და მთელ ქვეყანაში სხვადასხვა სამიზნეების დაბომბვა დაიწყო, ტეფტმა იაზრა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის რეჟიმის დასამხობად კეთდებოდა. როკის გვირაბიდან შემოსული და აფხაზეთში თავმოყრილი რუსული ძალები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ამ ვარაუდის მართებულობას. როცა ელჩი თავის თანამშრომლებთან ერთად ამ ინფორმაციის დამუშავებას შეუდგა, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს სრულფასოვანი ომი იყო.

მოსკოვს საერთოდ საქართველოს წაშლა სურდა რუკიდან! ტეფტმა ვაშინგტონში შეტყობინება აფრინა…

10 აგვისტოს ქართულ შენაერთებს უკან დახევა და ცხინვალის სამხრეთ მისადგომებთან გამაგრება ებრძანათ. ისინი აქაც განუწყვეტელი თავდასხმების ობიექტები იყვნენ _ შვეულმფრენებით, ავიაგამანადგურებლებით და ზემოთ ხსენებული ბალისტიკური რაკეტებით. სწორედ ამ დროს გახდა ვაშინგტონისთვის ცხადი, რომ რუსეთი მხოლოდ „სამხრეთ ოსეთის“ დაბრუნებას კი არ ლამობდა, არამედ საქართველოს ინფრასტრუქტურის სრული მოშლით, ქვეყნის დანგრევას აპირებდა. იმავე დილით სახელმწიფო მდივანს, კონდოლიზა რაისს, მისმა თანაშემწემ, ბრაიზამ აცნობა, _ რუსული სამხედრო თავდასხმა საქართველოს სრული განადგურებით ემუქრებაო.

ბრაიზას ცნობის შემდეგ კონდოლიზა რაისი სასწრაფოდ დაუკავშირდა რუსეთის სგარეო საქმეთა მინისტრს და სწორედ ეს საუბარი იქცა შემობრუნების წერტილად ვაშინგტონისეულ შეფასებებში.

ლავროვმა არა მარტო საქართველოს შეარაღებული ძალების ყაზარმებში დაბრუნება და თბილისის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის განცხადების გაკეთება მოითხოვა, არამედ ომის დამთავრების წინაპირობად სააკაშვილის გადადგომაც პირველად დააყენა. ანუ მოსკოვის მიზანი რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით საჯაროდ გაცხადდა. რაისმა ამასთან დაკავშირებით კატეგორიულად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, ხოლო როცა ლავროვმა ამ საუბრის კონფიდენციალურობაზე გადაუკრა სიტყვა, რაისმა უპასუხა: „აშშ-ს სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არ შეიძლება იმართებოდეს კონფიდენციალური საუბრები რომელიმე ქვეყნის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობაზე. ვაპირებ, ყველას ვუთხრა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი საქართველოს ხელისუფლების დამხობას ისახავს მიზნად! “

ლავროვი ამ სიტყვებმა ლამის წყობიდან გამოიყვანა, რაისმა კი მართლაც დაურეკა თავის რამდენიმე ევროპელ კოლეგას და ლავროვთან ლაპარაკის შინაარსი გააცნო. ცოტა მოგვიანებით, აშშ-ს თხოვნით, გაეროს უსაფრთხოების საბჭო მოიწვიეს, სადაც რუსეთის ელჩის პროტესტის მიუხედავად, აშშ-ის ელჩმა გაეროში, ზალმაი ჰალილზადმა, საჯაროდ განაცხადა, _ რუსული მხარე დამოუკიდებელ ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას ლამობსო.

სწორედ ამას მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მკვეთრი განცხადება და ხმამაღალი მინიშნება, რომ აშშ დაიცავდა საქართველოს დამოუკიდებლობას და კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას, რამდენიმე დღის შემდეგ კი ფოთისა და ბათუმის აკვატორიებში თითქოსდა ჰუმანიტარული მისიით შემოსული ამერიკული სამხედრო გემები იდგნენ…

ყოველივე ამის შემდეგ, ალბათ, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ადვილი იქნება პასუხის გაცემა დღემდე პოპულარულ რიტორიკულ შეკითხვაზე: „აბა, ამერიკა სჯობია?“ _ რომელიც ყოველდღე გვესმის ხან ტელეეკრანიდან, ხან კი გაზეთებში ვკითხულობთ…

ალბათ, კიდევ მრავალჯერ მოვა და გავა აგვისტო და კიდევ მრავალი წელი დასჭირდება ქართულ საზოგადოებაში იმ აზრის საბოლოოდ დამკვიდრებას, რომ არ არსებობს ორი რუსეთი, არსებობს მხოლოდ ერთი _ იმპერიალისტური და მისთვის საქართველო მშვენიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის მის ფრთებქვეშაა შეყუჟული.

 

                                                                                                                            ლაშა ბერულავა