რატომ შეადგინეს საბავშვო ბაღების მენიუ პენიტენციური და თავდაცვის სამინისტროს რაციონის ავტორებმა?

failodze mzia

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, სევდია უგრეხელიძემ, ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ბავშვების გარკვეული რაოდენობა ბაღების გარეშე დარჩა.

„პატარებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჩაირიცხნენ, გადავსებულ ჯგუფებში უწევთ სიარული“, _ განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა ბავშვთა კვებაზე და აღნიშნა, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების ჩატარება ვერ უზრუნველყო.

მისივე ინფორმაციით, იმ კომპანიების წარმომავლობის დადგენის მიზნით, რომელთაგანაც ბავშვებისათვის საჭირო კვების პროდუქტებს იძენენ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოითხოვს.

სევდია უგრეხელიძის განცხადებას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ პრობლემაზე „ქრონიკა+“ ა/ო „საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის“ თავმჯდომარეს, მზია ფაილოძეს ესაუბრება:

_ საბავშვო ბაღებშიც სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ბაღს მუშაობა არ დაუწყია, რადგან მიმდინარეობდა როგორც კაპიტალური, ასევე წლიური სარემონტო სამუშაოები, ზოგ დაწესებულებაში _ მიშენება კეთდება, რათა ტევადობა გაიზარდოს და ბავშვები ბაღის მიღმა არ აღმოჩნდნენ. რეალურად, ძალიან ბევრი ბავშვი გარეთ დარჩა.

ლამის ერთადერთი მიღწევა სისტემაში ის არის, რომ მთავრობის ყბადაღებული 78-ე დადგენილება ამოქმედდა, რაზედაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. პრემიერმა მას, ჯერ კიდევ, 2014 წლის იანვარში მოაწერა ხელი და დღემდე არ სრულდებოდა. ახლა ეს მიღწეულია და ბავშვები 1581 კალორიას იღებენ… მაგრამ აქ უკვე სამი წერტილი უნდა დავსვათ. საკითხავია, ამას როგორ, რანაირად იღებენ და ეს რამდენად მომგებიანია სახელმწიფოსთვის და ბავშვებისთვისაც? რაც უკვე ცალკე განხილვის თემა და საგანია.

რამდენად შესაძლებელია, ბავშვმა ამ რაოდენობისა და კალორაჟის საკვები მიიღოს? აქ კალორაჟი კი უნდა გაზრდილიყო, მაგრამ, ამავე დროს, მრავალფეროვანი მენიუთი ტრაბახობენ. ამაზე საკრებულოს შესაბამისი კომისიაც ამახვილებს ყურადღებას. რეალურად, მენიუს მრავალფეროვნებაზე კი არ იყო საუბარი, მთავარი იყო, რომ საკვები ნორმები გაზრდილიყო. დიახ, გაიზარდა, მაგრამ გააჩნია, რა საკვებზე იყო კონკრეტულად ნორმები მომატებული.

თავის დროზე, ბაღების 1986 წლის მენიუ 2003-ში ვითომ ახლებურად გადმოწერეს-გადმობეჭდეს. მერე, 2007-ში, უკვე ახალი მენიუები შევიდა, შემდეგ ეს უკვე დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ამოიღეს. ახლა უკვე რაციონის განსაზღვრაში კვალიფიციური, ბავშვთა და მოზარდთა კვების ჰიგიენის სპეციალისტები, სანიტარიული ექიმები და პროფესიონალი კადრები უნდა ჩართულიყვნენ, რაც არ მომხდარა.

ფაქტობრივად, დილის 11 საათზე ბაღში ჭამა რომ იწყება, საღამოს ექვს საათამდე ბავშვები სულ კვების პროცესში არიან. უამრავი საკვები ხელუხლებელი რჩება, რაც წარმოუდგენელი ამბავია. ეს დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე. ე. ი. ამათ ვითომ კვალიფიციურად შეადგინეს ახალი მენიუები. ეს საქმე კი დარგის სპეციალისტებს უნდა გაეკეთებინათ და არა პენიტენციურ და თავდაცვის სამინისტროს კადრებს.

_ რატომ ვერ მოხერხდა დარგის კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა აღნიშნულ საქმეში?

_ ამაზე დამკვეთებმა უნდა უპასუხონ. ჩვენ სწორედ კვალიფიციური კადრების ჩართვაზე მივმართავდით. ასეთ კადრად ის არ მიიჩნევა, ვინც ერთი წელი იმუშავა სკოლამდელ სისტემაში, ხოლო ვინც სისტემაში 20-30 წელი მუშაობს, ყველა პერიოდი გამოიარა, მთელი ნიუანსები იცის, მას არაფერს ეკითხებიან.

ახლა უყურეთ: საბავშვო ბაღში ბავშვის მისაღები კალორია არის 1581 და სადაც ბაგაა, იქ უკვე საშუალო თანაფარდობა 1450 კალორიამდეა დაშვებული. ასე არ შეიძლება. აუცილებლად უნდა ჩაერიონ კვალიფიციური კადრები. ასევე უნდა მომხდარიყო ამ მენიუების ტესტირება და აპრობაცია, კერძების დამზადება რამდენიმე ბაღში, თუ როგორ აითვისებდნენ მერე ბავშვები და ამის შემდეგ უნდა მიეღოთ მენიუები.

საგულისხმოა, რომ მთავრობის 78-ე დადგენილება წელიწადზე მეტია, რაც ხელმოწერილია. სექტემბრიდან მოყოლებული, ბაღების მართვის სააგენტოში უნდა ემუშავათ, როცა ეს ბოლო ორი თვის განმავლობაში გააკეთეს. მხოლოდ მაის-ივნისში წაიმუშავეს. ეს საკმარისი არ იყო, მთელი საქმე წლის განმავლობაში უნდა გაკეთებულიყო და რამდენიმე ბაღში მაინც ამის წინასწარი ტესტირება უნდა მომხდარიყო, რაც აჩვენებდა, ბავშვები ამ რაციონს სათანადოდ აითვისებდნენ, თუ არა?

ამ დროს ბავშვები ტირიან, არ უნდათ, ვერ ჭამენ. კუჭები გადაევსოთ და ამ გზით დაავადდებიან. შეიძლება, პატარები სულ ჭამის პროცესში იყვნენ, როდესაც ჭამიდან ჭამამდე ბავშვს დრო სამი-ოთხი საათი მაინც უნდა ჰქონდეს?! 12 საათზე ლანჩი აქვთ, ვაშლს ჭამენ, ფაქტობრივად, ვერც ღეჭავენ, რადგან იქ მითითებულია, კანით უნდა მიირთვანო და ა. შ. მანამდე, 11 საათზე ჭამენ და წარმოიდგინეთ, 11, 12 საათი და მერე ორის ნახევარზე სადილია. ასეთი მიდგომა გამორიცხულია! არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ქვეყანა ამ 25 წლის განმავლობაში.

ამასთან, სამზარეულოში კოლოსალურ სამუშაოებს ასრულებენ ადამიანები. მერე საქმის კეთების მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეთ? 400 ლარს იღებდნენ ადრე და ახლაც იგივე ანაზღაურებაა. წარმოიდგინეთ, დილის ექვს საათზე მიდის მზარეული, რომ საჭმელი გააკეთოს… და შეიძლება სადილისთვის ხუთი თავი საჭმელი მისცე ბავშვს? ამას ის ვერ აითვისებს. ამიტომ ვიმეორებ: ამ მენიუს შემდგენელი პენიტენციურში და თავდაცვაში კვების რაციონის შემდგენელია. სად ციხე-ყაზარმა და სად საბავშვო ბაღი? სად მათი დანახარჯი ენერგია და სად 4-5 წლის ბავშვის? სამხედრომ, რომელსაც ფიზიკური დატვირთვა აქვს, დარბის და ა. შ. რასაკვირველია, მან მეტი კალორია უნდა მიიღოს.

ახლა კიდევ რა ხდება: ბაღების მართვის სააგენტო მიხვდა, რომ აქ ძალიან ბევრი საკვები რჩებოდა და დირექტორებს დავალება მისცა, _ გადაუღეთ საჭმელებს ფოტო და აწონეთ, თუ რა გრჩებათო. ზოგს 90, 100 და ზოგს მეტი კილო რჩება, რადგან ბავშვები საკვებს ვერ ითვისებენ. მით უმეტეს, უმი კომბოსტო, სტაფილო-ჭარხალი რთული ასათვისებელია ბავშვის კუჭისთვის. მანის ფაფა არ შეიძლება, რადგან ძალიან ბევრი ალერგიული ბავშვია. 60 გრამ წიწიბურას დიდი ვერ შეჭამს, ამას პლუს ქათმის ხორცი და წვნიანი. ასევე ბავშვი ღებულობს იოგურტსა და ბანანს. როდესაც წინა წლებში ერთ-ერთი ბაღის დირექტორმა ეს ბოლო ორი პროდუქტი მენიუში შეიტანა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. ასე არ შეიძლება თვითნებობა. როდესაც ჩვენი მაწვნის პატენტი იაპონიამ შეიძინა, რად გვინდა იოგურტი? როგორ შეიძლება, როცა ხორცს იღებენ, იმავე დღეს ბავშვს ხაჭაპური აჭამო? ჯერ ერთი, ამას ფიზიკურადაც ვერ ასწრებენ.

ასევე სექტემბრის დასაწყისში, ბაზალეთზე, ქალაქის მერთან, სააგენტოს ხელმძღვანელებთან ბაღების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ დედაქალაქის ყველა ბაღისთვის ერთიანი მენიუ იქნებოდა. ასეთი რამ არ არსებობს და რაღაც ახალი გამოიგონეს. რაც სკოლამდელი სისტემა შეიქმნა, არასოდეს ყოფილა, რომ ყველა საბავშვო ბაღში ერთ დღეს ერთი და იგივე კვების რაციონი მოქმედებდეს. არც ამართლებს. უთხრეს, _ მეორე კვირის მენიუ იგივე გაიმეორეთ, ამ ხარვეზებს თქვენ თვითონვე მიხედეთო. ამიტომ კვალიფიციურ კადრებთან უნდა დამსხდარიყვნენ და ეს საქმე სათანადოდ გაეკეთებინათ.

ყველაზე დიდი შეცდომა მან დაუშვა, ვინც ბატონ პრემიერ-მინისტრს კაბინეტში ეს მენიუ შეუტანა და 78-ე დადგენილებაზე ბრმად მოაწერინა ხელი. ისე, პრემიერმა არ იცოდა, რაზე აწერდა ხელს? მენიუს შემტანს ჩვენ ვერ მივაგენით, პრემიერი კი შეცდომაშია შეყვანილი და ამაზე მცდარად მოაწერა ხელი. ვფიქრობ, საკითხზე გამოძიება არის ჩასატარებელი.

_ რატომ არ მოესწრო კვებითი ტენდერების ჩატარება?

_ ტენდერი ივლისსა და აგვისტოში კი არა, ცოტა ადრიანად უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ტენდერი შეიძლება ჩაიშალოს, ვერ დააკმაყოფილოს ის ნორმები, შემდეგ ამ საქმეში სხვა კომპანია შევიდეს და ა. შ., მაგრამ ამათ ტენდერი ივლის-აგვისტოში გამოაცხადეს, რომელიც ვერაფრით ესწრებოდა. ამიტომ ძალიან ბევრმა მოთხოვნები ვერ შეასრულა და გამოცხადებული კონკურსებიც ამის გამო ჩაიშალა.

თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ტენდერთან დაკავშირებით მომწოდებლებიც იმდენად დანაწევრებულები არიან, ასე არაფრით შეიძლება. ეს კოლოსალური სამუშაოა, თუნდაც, ბაღების ხელმძღვანელებისა და სამეურნეო ნაწილის კოორდინატორების მხრიდან. ფაქტობრივად, 15-16 მომწოდებელი მოდის, მთელი კვირის განმავლობაში მიღება-ჩაბარების აქტები, აწონა-დაწონაა და ა. შ., რაც საქმის კეთების მიუღებელი ფორმაა. უნდა ყოფილიყო, ვთქვათ, ხილ-ბოსტნეულის ცალკე, თუნდაც, სამი-ოთხი მომწოდებელი. მათ შეეძლოთ ასე გაეკეთებინათ, ამიტომ საკითხზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა უნდა იმუშაოს და ყველაფერს უფრო თვალნათლივ დაინახავს. რისთვის იყო საჭირო ამდენი მომწოდებლის მონაწილეობა მომარაგების პროცესში?

ვიცი, რომ სატენდერო მუშაობა სრულყოფილი არ არის. თან ამ რემონტებთან დაკავშირებით ტენდერები ძალიან გვიან ჩატარდა და ამან გამოიწვია ის, რომ საბავშვო ბაღებში დღეს ჯგუფები არ გახსნილა და სისტემა სრულყოფილად არ არის დატვირთული.

_ ე. ი. ზოგან სწავლა საერთოდ რომ არ დაიწყო, სხვაგან ჯგუფები გადავსებულია? ესეც ტენდერებთან დაკავშირებული ხარვეზების ბრალია?

_ რასაკვირველია. წელიწადზე მეტია, დახურული ბაღები აღდგა და მერიის საბავშო ბაღების მართვის სააგენტოს გადმოეცა. წელიწადზე მეტია, ამ ბაღებში კუს ნაბიჯებით წინ მიდიან, სარემონტო სამუშაოებს რაც შეეხება. ამ სექტემბრისთვის რეალურად გახსნილი უნდა ყოფილიყო, ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო, მაგრამ რატომ და რისთვის აჭიანურებენ პროცესს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. იქ ძალიან ბევრი ლაფსუსია, რაც უფრო ღრმად შესწავლას საჭიროებს. ამის გამოც ბევრი ბავშვი გარეთ რჩება.

ასევე, ბევრ ბაღში რაიონიდან ჩამოსული სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან, ამ თანხას კი თბილისის რაიონული მუნიციპალიტეტი იხდის, ხოლო თბილისელი ბავშვები ისევ გარეთ რჩებიან. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ სოფლებში დამაგრდეს ეს ხალხი, მათ მიეცეს მუშაობის, ნორმალურად ცხოვრების საშუალება. საბავშვო ბაღები ყველგან არის. ისე, რომ იცოდეთ, რაიონებშიც კატასტროფულად არ ჰყოფნით ბაღებში ადგილები. მაგალითად ასეა ბათუმში, ზესტაფონში, ქუთაისსა და ა. შ.

ეს პროცესი კი იმან გამოიწვია, რომ 2007 წელს მარტო თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაში საბავშვო ბაღები დაიხურა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანდა და მიგვიყვანა კიდეც. ახლა რამდენიმე ახალ ბაღს აშენებენ და ეს, ალბათ, მომავალი წლისთვის მოესწრება, მაგრამ მანამდე გარეთ დარჩენილმა ბავშვებმა რა ქნან? მით უმეტეს, როდესაც სექტემბრამდე ექვს წელს მუღწეველი ბავშვებიც ბაღში დარჩნენ. ამ ბავშვებს ბაღიდან ხომ ვერავინ გაუშვებს? დირექტორს ჩარიცხვას ან ამორიცხვას ვინ ეკითხება?

_ ახალი ბაღების ამოქმედების შემთხვევაშიც კი დღევანდელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებულ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს?

_ გააჩნია, ეს ბაღები სად შენდება, ჩვენ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რადგან ცენტრალური უბნები დაკონსერვებულია, მშენებლობები არ მიმდინარეობს და იქ შეგუებული ტიპის საბავშვო ბაღები იყო. ეს ბაღები დღეს ვის მმართველობაშია, ამის გარკვევა ძალიან ადვილად შეუძლია მერიას და მართვის სააგენტოსაც, თუკი მოისურვებს, მაგრამ ამ ბაღების თუნდაც რეაბილიტაცია და დაბრუნება რომ მომხდარიყო, დედაქალაქის რაიონებს რაღაც შეღავათი მაინც ექნებოდა.

ვფიქრობ, თავის დროზე დაკეტილი 50 საბავშვო ბაღი თავიდანაც რომ აშენდეს, უკვე ისეთი დემოგრაფიული პროცესი მიდის, საჭიროა გაცილებით მეტი, თუნდაც მიკრორაიონებში. ადრე მიკრორაიონი როცა შენდებოდა, საჭირო რაოდენობის სკოლები და ბაღები იგებოდა. სამწუხაროდ, ამას დღევანდელები არ ითვლიან, მაგრამ ყველაფერს ამათ ნუ დავაბრალებთ, პროცესი „ნაციონალებმა“ 2007-ში დაიწყეს და ესენი ამატებენ.

_ გამოსავალი სად არის?

_ მენიუებთან დაკავშირებით გამოსავალი ის არის, რომ სკოლებში ჯერ კიდევ არიან შემორჩენილი კვალიფიციური კადრები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, ბავშვისთვის რამდენი კალორაჟი შეიძლება და როგორ. ამ პროფესიულ მუშა ჯგუფთან დასხდნენ და გააკეთონ ერთიანი მენიუ, შეუტანონ პრემიერს და ამის კორექტირება მოხდეს. ექსპერიმენტს ნუ ვახორციელებთ 55 თუ 60 ათას ბავშვზე.

გვჭირდება კვალიფიციური კადრები, რომლებიც ბაღებში უნდა მუშაობდნენ, დაწყებული დირექტორიდან, რიგითი დამლაგებლით დასრულებული, რომლის სამწუხარო დეფიციტიც გვაქვს. ამას იწვევს ის, რომ დღესდღეობით არ არის სკოლამდელი პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, საიდანაც ყოველწლიურად, მინიმუმ, 50 ადამიანი გამოდიოდა.

აუცილებელია განათლების სამინისტრომ იზრუნოს იმაზე, რომ აღდგეს სკოლამდელი პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტები. თუნდაც გოგებაშვილის პედაგოგიური სასწავლებელი რომ გვქონდა, რომელიც ყოველწლიურად 300-350 კვალიფიციურ აღმზრდელს უშვებდა. მათ მითითება არ სჭირდებოდათ. ეს კადრები დღეს, სამწუხაროდ, ბაღებს მიღმა არიან დარჩენილები. სამაგიეროდ, ისეთ ადამიანებს ნიშნავენ, ბაღთან არაფერი საერთო რომ არ აქვთ. აქაც იგივე ამბები ტრიალებს, რაც „ნაციონალების“ დროს ხდებოდა. ახლა „ოცნების“ ხალხია დასაქმებული, დანარჩენს შანსი არ აქვს. ბევრი აღრიცხვაზეა, რომელიმე ბაღში ადგილით დაკმაყოფილებას ითხოვს, მაგრამ შედეგს ვერ იღებს. კვალიფიციურ სპეციალისტებს კი ესენი არაფერს ეკითხებიან.

 

                                                                                                      გელა მამულაშვილი