ქართველი ფიგარო ანუ ზედაპირზე ტივტივის ხელოვნება თეიმურაზ ქარჩავასგან

11310905_10206057697616889_1422223299_n

ევროპაში მცხოვრები ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენი, თეიმურაზ ქარჩავა, ქართულ ეკონომიკურ ცხოვრებაში 2009 წელს ხმაურით გამოჩნდა, რადგან მისი სახელი, არც მეტი, არც ნაკლები, ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირდა. თუ თავად ბიზნესმენს დავუჯერებთ, მას ანაკლიის პორტის მშენებლობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, რადგან, თურმე, ლამის, ბავშვობიდან ოცნებობდა ანაკლიის პორტის აშენებაზე, ამიტომ მაშინვე დათანხმებულა.

თეიმურაზ ქარჩავას კომპანია რუსულენოვან წყაროებში „ანაკლიაპორტად“, ქართულში კი Anaklia IEP Holding-ად მოიხსენიება. მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, მას 2100 ჰა მიწის ნაკვეთიც გამოუყვეს, თუმცა ისტორია უსიამოვნოდ გაგრძელდა: თეიმურაზ ქარჩავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას შორის შავმა კატამ გაირბინა. კომპანია „ანაკლიაპორტს“ ზემოთ ნახსენები მიწის ნაკვეთი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვეს.

უფრო ადრე, კერძოდ, 2006 წელს, თეიმურაზ ქარჩავას რუსეთის სახელმწიფოსთანაც დაეძაბა ურთიერთობა _ მოსკოვში მისი ძირითადი საქმიანობა სათამაშო ბიზნესს უკავშირდებოდა, თუმცა ეს ბიზნესიც დაკარგა და პატიმრობის ვადის მოხდაც მოუწია. თეიმურაზ ქარჩავას სახელი რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მაღალჩინოსნის დენის მიხაილოვის, სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეშიც ფიგურირებდა. ჩინოვნიკს ბრალი ედებოდა სახელმწიფო საიდუმლოს გამჟღავნებასა და ქრთამის აღებაში (ის 2004 წელს დააკავეს), რის გამოც 2006 წელს, ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მის თანამზრახველებს ალექსანდრ კირჟნევსა და თეიმურაზ ქარჩავას, რომლებსაც ჩინოვნიკმა ფულის სანაცვლოდ გაუმჟღავნა სახელმწიფო საიდუმლო, 4 და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აკმარეს. საქმის მოსმენა დახურულ რეჟიმში წარიმართა, ჟურნალისტებს მხოლოდ განაჩენი გააცნეს, საქმის მასალების შინაარსი და მოსამართლის ვინაობა დღემდე უცნობია.

ამ სკანდალის შემდეგ, ბუნებრივია, თეიმურაზ ქარჩავამ რუსეთი, როგორც ბიზნესასპარეზი, დაკარგა. მოარული ხმებით, მას ურთიერთობა გაუფუჭდა ბიძინა ივანიშვილთანაც, თუმცა მისკენ მიმავალ გზებს მაინც ეძებს და ამ საქმისთვის აქტიურად იყენებს საქართველოს საპატრიარქოსა და სხვადასხვა პროექტის გაპიარებას იწყებს, რომელთა განხორციელებასაც თითქოს გეგმავს საქართველოში და არა მხოლოდ აქ.

საქართველოში თემურ ქარჩავას ბიზნესსაქმინობის დაწყება 2008 წლით თარიღდება. მას 100%-იანი წილი აქვს შემდეგ კომპანიებში: „ანაკლიაგაზი“, „ჭურია“, „ანაკლია ინდუსტრიულ ეკოპარკსა და პორტში“, „შავი ზღვის პორტ ანაკლიას“, „შავი ზღვის ნავსადგურსა“ და „შატომანავში“.

გავრცელებული ინფორმაციით, საკუთარი პერსონის გაპიარებისთვის, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქარჩავა მედიასაშუალების გახსნასაც გეგმავდა, თუმცა კავშირების სიმცირემ ხელი შეუშალა, მაგრამ თუ ქართულ მედიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ თეიმურაზ ქარჩავას მაამებელი მასალები რამდენიმე გამოცემაში პერიოდულად იბეჭდება, რომლებიც აშკარა პრორუსული ორიენტაციით გამოირჩევიან, ორმა მათგანმა კი 2014 წელს რუსეთიდან დადასტურებულად მიიღო 5-მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება.

თეიმურაზ ქარჩავას გაპიარებაზე ორიენტირებული გამოცემები აქცენტს აკეთებენ, ძიირთადად, ანაკლიის პორტის მშენებლობაში თეიმურაზ ქარჩავას კომპანიის შეუცვლელობასა და მისთვის ჩამორთმეული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის დაბრუნების აუცილებლობაზე, ანაკლიის პორტი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის პროექტია. ის აუცილებლად განხორციელდება, რაც საშუალებას მისცემს თეიმურაზ ქარჩავას, ირიბად მაინც დააკავშიროს ამ პროცესთან საკუთარი სახელი და ცნობადობაც უზრუნველყოს.

მისი გეგმა მრავალმიმართულებიანია: თეიმურაზ ქარჩავას სახელი მტკვარზე ასაშენებელი 16 ჰესის პროექტშიც ფიგურირებს (პროექტის განმხორციელებელია „მტკვარი ენერგია“). მართალია, ვითარება ოდნავ კომიკურია, რადგან „მტკვარი ენერგიის“ მესვეურთა განცხადებით მშენებლობა 2015 წელს იწყება, ეკონომიკის სამინისტროს კი, ჯერჯერობით, მათთვის ნებართვა არ მიუცია.

როგორც ირკვევა, „მტკვარი ენერგია“ პროექტის მხოლოდ ინტელექტუალურ ნაწილს უზრუნველყოფს, ინვესტორებად კი ჩინურ კომპანია POWER CHINA-HYPEC-სა და Anaklia IEP Holding-ს ასახელებს (კომპანიებს შორის მემორანდუმი 2014 წლის დეკემბერში გაფორმდა). თეიმურაზ ქარჩავა, ადასტურებს მტკვარზე ჰესების მშენებლობაში მონაწილეობას. თუმცა მშენებლობის ნებართვა გაცემულიც რომ იყოს, ჯერჯერობით, არ გარკვეულა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქეთის სახელმწიფო თავის ტერიტორიაზე მტკვრის სათავეში კაშხლის აშენებაზე, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიაზე მტკვარი 40-პროცენტით იმაზე ნაკლებ წყალს შემოიტანს, ვიდრე შემოჰქონდა, მტკვრის ხეობა შესაძლოა, ეპიდემიური აფეთქების ზონად იქცეს, გარდა იმისა, რომ სარწყავი წყლის მწვავე დეფიციტი შეიქმნება.

უარყოფითი კონტექსტით გაიჟღერა თეიმურაზ ქარჩავას სახელმა სომხურ მედიაშიც: თუმცა ისტორია იქაც კეთილად დაიწყო. სომხეთის აწ უკვე ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი და თეიმურაზ ქარჩავა 2014 წელს ერევანში შეთანხმდნენ, რომ ქარჩავას კუთვნილი კომპანია Anaklia IEP Holding-ი სომხეთში 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურს ააშენებდა, მაგრამ პროექტი, შესაძლოა, ჩაიშალოს, რადგან სომხური ოპოზიციისა და სომხეთის მედიის ცნობით, თეიმურაზ ქარჩავას კომპანია არა შეთანხმებაში მითითებულ მისამართზე, არამედ ოფშორშია რეგისტრირებული. საკითხს რთული პოლიტიკური ასპექტიც აქვს: თბოელექტროსადგურმა, ძირითადად, საქართველო უნდა მოამარაგოს, ამიტომაც ისმის კითხვა, _ რამდენად დასთანხმდება რუსეთი იაფი გაზის იმ თბოსადგურის მშენებლობაში გამოყენებას, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირებული და ნატოს გზაზე შემდგარი საქართველო უნდა გაანათოს?! სწორედ ამ ასპექტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სომხეთში თბოელექტროსადგურის მშენებლობა ქარჩავას მორიგი აფერაა!!!

თუმცა ეს საკითხები თავად თეიმურაზ ქარჩავასთვის, სავარაუდოდ, მეორეხარისხოვანია, რადგან მათი მეშვეობით ის აღწევს მთავარ მიზანს _ მისი სახელი ასოცირდებოდეს მსხვილ პროექტებთან, რომელთაგან არც ერთი არ განხორციელებულა, სამაგიეროდ, თავად თეიმურაზ ქარჩავას უქმნის მონდომებული და მრავალასეულმილიონიანი ინვესტიციის განხორციელების მსურველის იმიჯს, რომელსაც „უსამართლოდ“ „ჩაგრავენ“.

მარიამ ბალანჩივაძე