ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს?

q2111

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ნატო საქართველოს ალიანსში „ჩათრევის“ პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის საპასუხო განცხადებით კი ნატო-საქართველოს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. აბაშიძის თქმით, ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და ბრიუსელში, მოსკოვსა და თბილსშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია კი განმარტავს, რომ აბაშიძის განცხადებით ქვეყანაში გაჩნდა „ის საფრთხე, რაზეც 3 თვის წინ“ საუბრობდნენ: „ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არ არის, უბრალოდ, მისწრაფება ევროპისკენ. ევროპა, ნატო _ ეს არის ინსტრუმენტი ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა და როდესაც მისი წარმომადგენელი გამოდის და რუსეთთან შეხვედრის წინ აძლევს მოსკოვს გზავნილს, რომ არა, ბატონო, თქვენ არ ინერვიულოთ და აქ არანაირი ნატოს ინფრასტრუქტურა არ იქნებაო, დამერწმუნეთ, ეს არის გზავნილი რუსეთისთვის, რომ ჩვენ ნატოსკენ არ მივდივართ.

მე პატივს ვცემ დიდ გამოცდილებას, რომელიც ზურაბ აბაშიძეს აქვს დიპლომატიაში, მაგრამ მინდა შევახსენო, რომ მე მქონდა გამოცდილება რუსეთთან მოლაპარაკებებისა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და პირისპირ ვიყავი რუსეთთან გაეროს უშიშროების საბჭოზე. ძალიან კარგად ვიცი რუსეთის ტაქტიკა მოლაპარაკების პროცესში. როდესაც რუსეთი დაინახავს, რომ შენ ერთი ადგილი გიკანკალებს და ისე მიდიხარ მოლაპარაკებებისკენ, მთელ მის ინფრასტრუქტურას სწორედ იმ ადგილის გასახევად მომართავს, ამიტომ უნდა იყო მტკიცე, მყარი და უნდა უთხრა მათ, რომ გარდაუვალია საქართველოს შესვლა ნატოში, გარდაუვალია ნატოს ინფრასტრუქტურის გამიჯვნა. როცა დაინახავს ამ გარდაუვლობას, ამ შეუქცევადობას, აი, მაშინ შეცვლის რიტორიკას რუსეთი და მაშინ შეიძლება სიტუაციის ნორმალიზაციაზე ლაპარაკი“, _ აღნიშნავს ალასანია.

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე, ზურაბ აბაშიძის განცხადებებს ასევე საგანგაშოს უწოდებს: „ზურაბ აბაშიძე ამბობს, _ ბუნებაში არ არსებობს გეგმა იმისა, რომ საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურა შეიქმნასო. როგორც ჩანს, ნატოში გაწევრიანება დღეს და ხვალ არ დგას დღის წესრიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ უელსში მიღებული არსებითი პაკეტი სწორედაც რომ არის ის გეგმა, რომელმაც უნდა ჩამოიტანოს საქართველოში ნატოს ინფრასტრუქტურა და ხელი შეუწყოს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას, რაც იყო ჩვენ მიერ გადადგმული ყველა ძირითადი ნაბიჯის მიზანი“.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ამ არსებითი პაკეტის განხორციელებას და არ აპირებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ ნაბიჯის გადადგმას: „ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ რასაც ვამბობდით _ ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში! _ ეს, სამწუხაროდ, სინამდვილეა და ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან. პირველ რიგში, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მიგვაჩნია, რომ საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მთავრობას ამ მიმართულებით გავუწევდით სერიოზულ მონიტორინგს. ახლა ვდგავართ სწორედ იმ საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება უკან დაახევინოს საქართველოს და საფრთხე შეექმნას მის თავდაცვისუნარიანობას“, _ დასძენს მაია ფანჯიკიძე.

მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძის განცხადება მიზანმიმართულია და ის შემუშავდა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შემდეგ. ფანჯიკიძის განმარტებით, მანამდე კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა და, სავარაუდოდ, სწორედ იქ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„თავისუფალი დემოკრატების“ კიდევ ერთი ლიდერის, ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით: „ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს აშკარა და რეალური საფრთხე ექმნება. ბიძინა ივანიშვილის პირადმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ, გააკეთა საგანგაშო განცხადება, რომლის თანახმადაც ნატოსთან თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა და რომ ასეთი გეგმა ბუნებაში არ არსებობს და დღეს და ხვალ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. მაშინ, როდესაც მიმდინარე წლის ბოლოს იმართება ნატოს მინისტერიალი და მომდევნო წელს ნატოს სამიტი, ეს განცხადება არის ღია დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ექმნება აშკარა და რეალური საფრთხე, რაზედაც „თავისუფალი დემოკრატები“ დიდი ხანია, მივუთითებთ, რადგან ნატოს უელისის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი სწორედ ის გეგმაა, რომელიც ითავლისწინებს ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსებას საქართველოში და ქვეყნის საბოლოო მიზნის, ნატოში გაწევრიანების ხელშეწყობას. უელსის სამიტის ჩათვლით, ჩვენი ყველა ქმედება იყო მიმართული საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ, რაც, ბუნებრივია, ასევე არის ალიანსის მყარი გადაწყვეტილება. საინტერესოა, რომ ზურაბ აბაშიძის დღევანდელი განცხადება დროში დაემთხვა კრიზისების მართვის საბჭოს გუშინდელ სხდომას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადებასა და აბაშიძე-კარასინის თებერვლის ბოლოს დაგეგმილ შეხვედრას, რითაც გამოაშკარავდა ამ შეხვედრის რეალური დღის წესრიგი“, _ აცხადებს პეტრიაშვილი.

„თავისუფალი დემოკრატები“ მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, გააკეთოს საჯარო განცხადება და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, ასევე მიმართავენ საგარეო და ევროატლანტიკურ სამინისტროებს, გაემიჯნონ აბაშიძის განცხადებას და დააფიქსირონ საკუთარი ერთგულება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისადმი.

„მივმართავთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გამოხატონ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია და არ მისცენ უფლება მთავრობას, გადაუხვიოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსიდან“, _ ამბობს ალექსი პეტრიაშვილი.

 

თუ რამდენად აქვს საფუძველი „თავისუფალი დემოკრატების“ განგაშს, „ქრონიკა+“ ამ საკითხზე პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ესაუბრება:

_ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია პოლიტიკური ისტერიკა ბატონი აბაშიძის ნათქვამმა და ნუ მივიჩნევთ, რომ ჩვენ ვართ ამ განცხადებების ადრესატები. ეს არის დიპლომატიური მცდელობა საფრთხის არიდებისა და საკითხის დასრულებისა. როდესაც მინისტრი ლავროვი მუქარის განცხადებებით გამოდის, აქედან თუ არ დახვდა გონიერება და მხოლოდ ემოციით პასუხის გაცემა დავუწყეთ, პასუხების გაცემა რუსეთმა რომ იცის, ისეთი უნდა. მუდმივად საუბარი კარასინი-აბაშიძის დიალოგის მოსპობის რაიმე აუცილებლობაზე ძალიან წინდაუხედავი ნაბიჯია, რადგან არსებობს აბსოლუტურად უშედეგო ჟენევის პლატფორმა, სადაც გაუთავებელი შეხვედრების ციკლი, პრაქტიკულად, ექსკურსიის სახეს იძენს, თან ნულოვანი შედეგით. მანდატი აბაშიძეს ბევრად შეზღუდული აქვს. იქ ძალიან მკაფიო თემებია, რაზეც მას შეუძლია კარასინს ესაუბროს. რასაკვირველია, არაოფიციალურად, ნებისმიერი მწვავე საკითხი შეიძლება წამოჭრას აბაშიძემ, მაგრამ კარასინის მხრიდან არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ სხვა თემის შესახებ საუბარში ჩაერთოს, ამიტომ, იქნებ, სხვაგან უფრო მოვძებნოთ რეალური ნიშანი საფრთხისა, რატომღაც პოლიტიკოსთა ნაწილმა ვერ მოიძია ცხელ-ცხელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი საფრთხე. ამ დროს სრულიად უსაფუძვლოდ გამოიყენეს ზურაბ აბაშიძის განცხადება. ჯერ ერთი, უნდა გავითვალისწინოთ, რა პირობებში გაჟღერდა ეს ფრაზები. ჩვენთან სტანდარტად შემოღებულია, რომ მთავრობის სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტთა კარგად შეიარაღებულ ჯგუფს შეტევა მიაქვს რომელიმე წევრზე, ვინც ამ სხდომას ესწრებოდა, ამიტომ ეს აბაშიძის ოფიციალური განცხადება არ ყოფილა. განცხადებას, უპირველესად, წერილობით ფორმას აძლევენ და მას აქვეყნებენ. როდესაც მოულოდნელად გარს შემოგეხვევა დიდი რაოდენობის სატელევიზიო კამერა და მიკროფონი, ცდილობ, არც მწვადი დაწვა, არც _ შამფური. ამ ბოლო შემთხვევაშიც მსგავსი მცდელობა იყო გამოცდილი დიპლომატის მხრიდან.

თუ ვინმეს მართლა სურს რამე კვალის მოძიება, რომ შესაძლოა, ევროატლანტიკურ ვექტორს საფრთხე შეექმნას, ნუ დაიზარებენ და უფრო ღრმად ჩასწვდნენ ამ საკითხს. შორს ვარ აზრისგან, რომ მთლიანობაში ასეთი სურვილები გამორიცხულია მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ და წავიკითხეთ ჩვენი პრემიერ-მინისტრის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არც ერთმა ქვეყანამ აღარ უნდა გამოიყენოს რამე სანქცია რუსეთის წინააღმდეგ და არანაირი იარაღის მიწოდება უკრაინისთვის ამ ვითარებაში არ შეიძლებაო.

რასაკვირველია, ფხიზლად უნდა ვიყოთ, მკაფიონი თითოეული ნაბიჯის გადადგმისას; უნდა დაწესდეს მონიტორინგი თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტზე, არის თუ არა მასში გათვალისწინებული იმ ტექნოლოგიების შეძენა, რის გამოც თანამდებობა შესწირა ირაკლი ალასანიამ?! და არაერთი საკადრო ცვლილება შეიძლება იყოს იმის მიმანიშნებელი, თუ ვის საით უჭირავს გეზი!

მანამდე ეს არის პრიმიტიული ბრალდება აბაშიძის მიმართ, რომ მან ვექტორის შეცვლა მოისურვა. ჯერ ერთი, ეს მისი ფუნქცია არ გახლავთ და მეორეც, როგორც ჩანს, იმ დღეს უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანისთვის სხვა თემა არ არსებობდა, რომელიც რეალურად დღევანდელ ხელისუფლებას ებრძვის, ამიტომ შეიძლება ვიყოთ მშვიდად; თუკი რამე შედეგი აქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს, ჯერჯერობით, შეიძლება მხოლოდ წარმატებულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ის, რაც არ გამოდის, ასეა იმიტომ, რომ არ არის რუსეთის მზაობა რამე რეალური დიალოგისთვის და არც მათი ნება, რომ რამენაირად საპასუხო რევერანსები გააკეთონ საქართველოს მიმართ, რასაც პერიოდულად ადგილი აქვს ხოლმე ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას.

_ ვინ შეიძლება იყოს მსგავსი განცხადების ავტორთა, მათ შორის, „თავისუფალი დემოკრატების“, ადრესატი?

_ „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მომავალი ბევრად არის დამოკიდებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზე. ისინი სრულიად საფუძვლიანად მიიჩნევიან ამ სივრცეში სანდო პოლიტიკოსებად და პროევროპულ მოღვაწეებად, ამიტომ ისე არ გამოგვივიდეს, რომ დავემსგავსოთ იმ მატყუარა მწყემსს, რომელიც მუდმივად გაჰყვიროდა, მგელი-მგელიო. ეს მგელი მართლაც აღმა-დაღმა დაიარება ჩვენი ქვეყნის შემოგარენში, მაგრამ დაგვესხა თუ არა თავს, მოდით, ამაზე მაშინ ვისაუბროთ, როდესაც ვინმე მაინც დაინახავს ამ მგელს.

საკმარისი მტკიცებულება ჰქონდა ბატონ ალასანიას განცხადების გასაკეთებლად, რომ ქვეყანაში არსებობს ვექტორის შეცვლის საფრთხე, რადგან ის მთავარი მოქმედი პირი იყო, რომელზეც ხდებოდა ზეწოლა, რომ საქართველოში ხელისუფლებასთან შეთანხმებული ნაბიჯი არ გადაედგა მას საფრანგეთში. მან ეს ნაბიჯი მაინც გადადგა, რომ ქვეყანა არ დარჩენილიყო შერცხვენილი, ამიტომ მოვლენების განვითარება შეიძლება სხვადასხვაგვარად აღქმული იყოს, მაგრამ ნუ დავიწყებთ ყიჟინას იქ, სადაც რეალობასთან არაფერი საერთო არ აქვს ამა თუ იმ გამოთქმას.

_ ბრძანეთ, რომ რეალური საფრთხეები სხვაგან უფრო უნდა მოვძებნოთ, რა საფრთხეებს გამოყოფდით?

_ საშინაო და საგარეო საფრთხეები არსებობს. საშინაო საფრთხეებს ჩვენ გარდა ვერავინ მოუვლის. არც ერთი ქვეყანა არ დაიწყებს რამე ქმედებებს, ჭკუის სწავლებას, თუ როგორ უნდა დასრულდეს ორპარტიული მმართველობის ეტაპი საქართველოში, როგორ უნდა ამოქმედდეს კონტრპროპაგანდის ღერძი და დასრულდეს ვითარება, როდესაც კრივის ბალიშად გამოცხადებულ დღევანდელ ხელისუფლებას ყველა გამვლელ-გამომვლელი, როგორც უნდა, ისე წაარტყამს ხოლმე ხელს. უმალ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფრთხეს წავაწყდებით, ვიდრე რამე სიკეთეს არსებული ხელისუფლების ყოველდღიური ლანძღვისგან. როდესაც თუნდაც ლარის კურსის ვარდნას „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს, როგორც ეკონომიკური გუნდის გადაყენების აუცილებელ პირობად, ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს ლარს დასტირიან (როცა ლარი მათი პირადი ანგარიშებისთვის არცთუ პოპულარული ვალუტა გახლავთ), როდის და რა მიზეზით ჰქონდათ თუნდაც ერთი საჯარო განცხადება წინამორბედი ეკონომიკის მინისტრის მიმართ? `ნაციონალები~ უნდა დავაჯეროთ: ვერა და ვერ ასრულდება მათი ოცნება, რომ ეკონომიკის მინისტრი კვლავ ვერა ქობალია იყოს. ადამიანი, რომელსაც ხოტბის გარდა არაფერი გაუგია იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს ასე ჭირისუფლობენ ლარს.

ამდენად, როდესაც პოლიტიკას იმისთვის ვიყენებთ, რომ თავად ეკონომიკური სივრცეც დავანაგვიანოთ, ვერანაირი შედეგი ქვეყნისთვის სასიკეთო ვერ დადგება. ამიტომ ვიყოთ გულწრფელნი, პრინციპულნი, ბევრ საკითხში საინტერესოც შეიძლება იყოს `ნაცმოძრაობის~ ლიდერებთან დისკუსია, მაგრამ როცა პრიმიტიული პროვოკაციის სახეს იღებს თუნდაც ერთი სატელევიზიო სივრცე (რომელმაც უკვე დაკარგა ობიექტურობის თავშესაფარი), სასურველი იქნებოდა, რომ სადმე, არა მედიასივრცეში, თუნდაც პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა მოახერხონ აზრთა გაცვლა-გამოცვლა, განსხვავებული შეხედულებების შეჯერება, მაგრამ არ დავაბნიოთ ჩვენი მოსახლეობა და ნუ ექნება ყველა საჯაროდ გაჟღერებულ წინადადებას დაუფარავი მცდელობა მომავალი ამომრჩევლების გზის აბნევისა. დროა, გავმიჯნოთ მაქსიმალურად პოლიტიკა და ეკონომიკა სადისკუსიო სივრცეში. ისინი უჩვენოდაც ერთმანეთთან გადაჯაჭვულები არიან, ეს ბუნებრივი მოვლენებია, მაგრამ პოლიტიკური პროვოკაციებით შეიძლება მხოლოდ დაკნინდეს ეკონომიკის პერსპექტივა და პროფესიონალებს უნდა დაუთმონ მეტი დრო; ოღონდ მათ, ვინც არც ერთ პარტიასთან არ არის ასოცირებული. საბედნიეროდ, ასეთები გვყავს და მათი პროფესიონალური დისკუსია დახურულ სივრცეში საქართველოს მომავალს ბევრად უფრო წაადგება, ვიდრე გაუთავებელი თოქშოუები და არაპროფესიონალური გარჩევები ამა თუ იმ პრობლემისა, რაც, როგორც წესი, სრული ისტერიკით მთავრდება ხოლმე.

 

გელა მამულაშვილი