„C ჰეპატიტის აღმოფხვრა თამბაქოს წინააღმდეგ კამპანიას არ უნდა დაემსგავსოს“

ko

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, 2015 წელი მთავრობისთვის და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება _ წლის მთავარი გამოწვევა საქართველოში C ჰეპატიტის სრული ელიმინაციაა. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის პირველ ნახევარში დაიწყება. მისი მიზანი იქნება არა მხოლოდ მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა, რაც, პირველ რიგში, გულისხმობს დაავადების პრევენციას, დაავადებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას.

დავით სერგეენკომ მოუწოდა მთავრობისა და საზოგადოების წევრებს, ასევე მედიასაშუალებებს, გამოხატონ საკუთარი მოსაზრება 3 გზავნილით, თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ C ჰეპატიტი.

სამინისტრო პრევენციის ზომებს თუ მიიღებს, 3 წელიწადში  C ჰეპატიტი დამარცხებული იქნება: „თუ ჩვენ ორი ფაქტორი, რაც არის პრევენცია, წამლის გადინება და დაცვა შევძელით, მესამე წელს ეს საკითხი დაიხურება“.

ჯანდაცვის მინისტრის გზავნილებია:

1. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩაერთვება საქართველოს ყველა ის მოქალაქე, ვისაც ეს დაავადება აქვს. მკურნალობა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის, პატიმრებისთვისაც;

2. არ მოხდება პრევენცია _ ვერ განხორციელდება ელიმინაცია!

3. C ჰეპატიტის მკურნალობა და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება. მკურნალობა გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.

„ქრონიკა+“ დაგეგმილ ღონისძიებებსა და პერსპექტივებზე დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრს, ა/ო „გვახსოვდეს ჰიპოკრატეს“ თავმჯდომარეს, მარინა ბერაძეს ესაუბრა:

_ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა ძალიან დროული და აუცილებელი ღონისძიებაა, რომელიც სწორედაც რომ სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული უნდა ყოფილიყო. თემა აქტუალური ჯერ კიდევ წინა წელს გახდა, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან დაიწყო პრობლემაზე აქტიური მუშაობა და საკმაოდ კარგი შედეგიც მივიღეთ. 7 ათასზე მეტი პატიმარი შემოწმდა, პროფილაქტიკური გასინჯვა ჩაუტარდათ და 300 მსჯავრდადებულიდან 200-მდე, ფაქტობრივად, განიკურნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გამო, რომ 2013 წლამდე C ჰეპატიტის გავრცელების არანაირი სტატისტიკური მონაცემები არ გაგვაჩნდა. ეს იმის გამო, რომ სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახური გაუქმებული იყო, რომელსაც ეს შემოწმება პერიოდულად უნდა განეხორციელებინა. ასე რომ, ელიმინაციის ძალიან კარგი პროექტია და მნიშვნელოვანია მისი ეფექტური განხორციელების მექანიზმები, რომელიც დაინერგება. რაც შეეხება კამპანიას, ეს საზოგადოების ჩართულობის მაჩვენებელია.

_ უშუალოდ  C ჰეპატიტის აღმოფხვრაზე რატომ გაკეთდა აქცენტი?

_ რატომ მაინცდამაინც  C ჰეპატიტი, ჩემთვის ესეც გასაგებია, რადგან სახელმწიფო აუცილებლად ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი დაავადებების პრევენციაზე, რომელიც სიკვდილიანობას იწვევს. რაც შეეხება პრევენციას, ამას მოქალაქე დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს, თუ პროცესი სახელმწიფოს მხრიდან კარგად ორგანიზებული არ იქნა. ამასთან დაკავშირებით ძალიან ლაკონიურად არის გადმოცემული, რომ დაავადებასთან ბრძოლა კომპლექსურად მიმდინარეობს; არა მხოლოდ მედიკამენტების მიწოდების თვალსაზრისით, არამედ მკურნალობის პრევენციისა და სამკურნალო პროცესის სწორი ორგანიზების მეშვეობით, რაც მისასალმებელია. უბრალოდ, არ მინდა ეს კამპანია, შედეგის თვალსაზრისით, მაგალითად, თამბაქოს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას დაემსგავსოს და რას ვგულისხმობ: ისიც ძალიან კარგად და ორგანიზებულად დაიწყო, მაგრამ შედეგად არც ნაკლები მწეველი მიგვიღია და არც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშია უკეთესი მდგომარეობა. არ დავდივარ ხოლმე ასეთ ადგილებში, რადგან მწეველების მიერ სასტიკად ხდება არამწეველების უფლებების დარღვევა, ამიტომ პროექტის განხორციელების ეფექტურ მექანიზმებზე ყურადღების გამახვილება საშური საქმეა.

_ რა კონკრეტული გზავნილებით უერთდებით აღნიშნულ კამპანიას?

_ განსახორციელებელ სამ პუნქტს გამოვყოფ და იმედია, გაითვალისწინებენ: ძალიან აქტუალურია გაუქმებული სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის ნაცვლად, ახალი მოდერნიზებული სამსახურის შექმნა, რომელიც არა მხოლოდ გააკონტროლებს, არამედ დაეხმარება სამედიცინო დაწესებულებებს სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დარეგულირებასა და მოწესრიგებაში; მეორე, ეს გახლავთ მოსახლეობის ინფორმირება და ეს პროცესი რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. ამ შემთხვევაში, სკოლებზე აქცენტი ძალიან კარგი იქნება, მით უმეტეს, სახელმწიფოს მხრიდან სასკოლო სამედიცინო კაბინეტების გახსნა პროგრესული ნაბიჯია. ამ თვალსაზრისით, სამედიცინო კაბინეტებს შეიძლება ფუნქციური დანიშნულება მივცეთ; და მესამე _ სამედიცინო და კვებით ობიექტებზე პერსონალის მუდმივი შემოწმება უნდა მოხდეს ჩ ჰეპატიტთან და სხვა ინფექციურ დაავადებებთან მიმართებით. ეს დღემდე არ მოწმდებოდა, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს.

მომწონს, რომ ისეთი ადგილების რეგულირების საკითხებიც განიხილება, რომლებიც ყველაზე მეტი რისკის შემცველია. ასეთია სილამაზის სალონები, სადაც სხვადასხვა მანიპულაციები და სისხლთან კონტაქტებია, ასევე სტომატოლოგიური კლინიკები. ამაზე მუშაობს სამინისტრო და ახლა მთავარია, ეს ყველაფერი ორგანიზებულად განხორციელდეს.

_ აქამდე რატომ ვერ დაიწყო ეს პროცესი?

_ სხვათა შორის, ამის მოლოდინი ადრეც მქონდა, მაგრამ მერე იმედი გადამეწურა კიდეც. რეალურად, ამ დაავადების მატებით არა მარტო ჩვენი ქვეყანა წუხდებოდა, არამედ საზღვარგარეთ, უპირველესად გერმანიაში, საფრანგეთში პაციენტების გადინება ხდებოდა და იქიდან წამოვიდა ინიციატივა, რომ დაგვხმარებოდნენ და ჩვენთვის სკრინინგის პროგრამა უფასოდ გაეკეთებინათ. ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან ამაზე შემხვედრი ნაბიჯი არ გადადგმულა, ახლო წარსულში ყველაფერზე უარს ამბობდნენ. სტატისტიკური მინაცემების გარეშე მკურნალობის აუცილებლობაც არ იქნებოდა. აქ ერჩივნათ, რომ სირაქლემის პოზაში ყოფილიყვნენ და არსებულ კრიტიკულ მდგომარეობაზე თვალი დაეხუჭათ. ახლა, როდესაც ასეთი კამპანია მიდის, ამას სახალისო ფორმაც აქვს და ყოველმხრივ ატაცებულია, ეს კი, რასაკვირველია, მუშაობს. უბრალოდ, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში რეალური ცხოვრების სპეციფიკა ვიცი, ყოველთვის შიში მაქვს, ეს კარგი იდეა როგორ განხორციელდება. ამიტომ ვნახოთ, როგორი იქნება ხორცშესხმის კონკრეტული მექანიზმი.

_ პრევენციას რაც შეეხება, დაავადების გავრცელების თვალსაზრისით, ყველაზე რთული ადგილები სად გვაქვს და რატომ?

_ ასეთია იგივე სტომატოლოგიური კაბინეტები, რომელსაც ადამიანი, პრაქტიკულად, ჯანმრთელ მდგომარეობაში აკითხავს; ასევე სილამაზის სალონებში მასობრივი დენადობა ხდება. მოსახლეობის 90% და მეტი იქ რეგულარულად დადის, იწყებს ან ამთავრებს მკურნალობას, ეს ყველაზე სუსტი და სენსიტიური რგოლია. ამ დაწესებულებებში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების შემოღება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ამას კრიტიკოსები ჰყავს და ჩვენ მოგვწონს თუ არა, ეს გასაკეთებელი საქმეა. ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში ვარ, გარკვეული პროექტი შემუშავებული იყო, საბოლოო დადგენილება მიღებული არ არის, რადგან განხილვაში ასოციაციები აქტიურად ჩაერთნენ. ამ საკითხებზე მსჯელობა უკვე პროფესიული კუთხიდანაც მიმდინარეობს და ვიღაც 2 ან 5 ადამიანი არ იღებს გადაწყვეტილებას. ვნახოთ, საბოლოო დოკუმენტი როგორ იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო.

რაც შეეხება კვების ობიექტებს, C ჰეპატიტის გარდა არის A და B ჰეპატიტებიც. უნდა მოისპოს ძირითადი წინაპირობები, რაც ამ ჰეპატიტების გავრცელებას იწვევს. და კიდევ, თვითონ პერსონალი სათანადოდ გამოკვლეული უნდა იყოს. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, როდესაც ჯანდაცვა კარგად მუშაობს, სისტემა უზრუნველყოფს, რომ ასეთ ადგილებში მომუშავე პერსონალის მუდმივი შემოწმება ხდებოდეს, რათა ინფექციის გამავრცელებლად არ გამოვიდნენ. სამედიცინო დაწესებულებების ხსენებისას კი არა მხოლოდ პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ და სტომატოლოგიურ კაბინეტებს ეხება, ეს საავადმყოფოებშიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხარისხიან ჯანდაცვაზე გადასვლა წარმოუდგენელი იქნება, თუ სწორედ ეს კომპონენტი არ მოწესრიგდება. როგორც ვიცი, ამ თემებზე მუშაობა მიდის და ეს ბოლო კამპანიაც ძალიან დროული იქნება.

სამედიცინო შეცდომების რაოდენობა კარგად უნდა განვსაზღვროთ და ძალიან ხშირად შეცდომა სწორედ იმით განისაზღვრება, რომ პაციენტმა ახალი ინფექციური დაავადება შეიძინა ჰოსპიტალში ყოფნის დროს. მაგალითად, ვიცით, რომ სამშობიაროებში ეს გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს. ასე რომ, სადაც კი გადიდებული რისკის ზონაა, მეტი ყურადღება უნდა არსებობდეს, ხოლო ახალმა სამსახურმა არა მარტო უნდა შეამოწმოს ეს დაწესებულებები, არამედ დაეხმაროს ამის სწორედ დანერგვაში.

_ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიიღება, მაინც რა ტიპის სამედიცინო რეგულაციები უნდა განხორციელდეს პრევენციისთვის?

_ არსებობს ნორმები, რომლითაც განისაზღვრება, აკმაყოფილებს ობიექტი სანიტარიულ ნორმებს, თუ არა? სწორედ ეს ნორმები ჩვენი ქვეყნის პირობებთან ოპტიმიზაციით უნდა შემუშავდეს. არსებობს კიდევ საერთაშორისო ნორმები, რომლებიც გადმოტანილი უნდა იყოს და გათვალისწინებული. ეს სპეციალურად მუშავდება და შემდეგ მისი დაწესებულებებში შეტანა ისე უნდა მოხდეს, რომ მედპერსონალის სწავლება ცალკე უნდა განხორციელდეს, ასევე წინასწარი გაფრთხილება. ეს ყველაფერი სტადიების მიხედვით უნდა გაკეთდეს; ჯერ კონცეფცია უნდა შემუშავდეს-დალაგდეს, შემდეგ დაწესებულებებს ამის დანერგვასა და განხორციელებაში უნდა დაეხმარონ და მესამე ეტაპი _ სისტემატური შემოწმება და კონტროლი უნდა არსებობდეს. ანუ ვგულისხმობ, რომ ჩვენ ამ საკითხის მოგვარება კონტროლით არ უნდა დავიწყოთ. ესეც, რასაკვირველია, სამინისტროს პრეროგატივაა.

_ ამ ფონზე როგორ შეიძლება შეფასდეს ჯანდაცვის სამინისტროს ორწლიანი მუშაობა, უპირველესად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით?

_ ძირეული გარდატეხა ჯანდაცვის სისტემაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოხდა და სტრატეგიული გეგმა ეტაპობრივად პროგრესისკენ მიდის… მაგრამ არსებობს უამრავი საკითხი, რომელიც დროულად გადაწყვეტას მოითხოვს.

_ კონკრეტულად რა საკითხებს გულისხმობთ?

_ მაგალითად, ბოლო მოხსენებაში საუბარია, რომ დიდი რაოდენობით გადაუდებელი ოპერაციები დაფინანსდა. მუშაობის პირველ წელიწადს ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ამდენი რამ გამოსასწორებელი გვქონდა. ეს მეორე წელიწადსაც მისაღებია, მაგრამ თუ შემდგომ წლებშიც ასე გაგრძელდა, უკვე კარგი შედეგი არ იქნება, რადგან მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებელი არ გვაძლევს ზუსტი ანალიზის საფუძველს. აქ უნდა მოხდეს შეფასება, რატომ არის ამდენი საოპერაციო ადამიანი. ე. ი. მეორე რგოლი კარგად არ მუშაობს და ეს არის დაავადებების პრევენცია. ბუნებაში უფასო არაფერი არსებობს _ ვიღაც, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტი ამას აფინანსებს და გადამხდელი თითოეული ჩვენგანია. ამიტომ საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალური უნდა იყოს, რომ ვიცოდეთ, ეს ფული რამდენად კარგად იხარჯება. ჩვენ შემდგომ წლებში აღარ უნდა ვიამაყოთ ჩატარებული ოპერაციების დიდი რაოდენობით, ვიფიქროთ იმაზე, რომ საბიუჯეტო თანხების ოპტიმიზაცია მოხდეს და მისი ზუსტად, მიზნობრივად მიტანა პაციენტამდე. როდესაც ფულს სახელმწიფო იხდის და განმახორციელებელი კერძო სტრუქტურაა, მათი ინტერესები კონფლიქტში მოდის. სახელმწიფო უფრო ყაირათიანად ხარჯვაში არის დაინტერესებული და კერძო სტრუქტურა ბიზნესის კეთებასა და მეტი თანხების მობილიზებაში. ამიტომ შეიძლება არსებობდეს ცდუნება, რომ არააუცილებლობის პირობებში ადამიანს მაინც გაუკეთონ ოპერაცია. სამწუხაროდ, ასეთი მაგალითებიც გვაქვს.

_ ამისგან თავი როგორ უნდა დავიზღვიოთ?

_ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება უნდა დაიწყოს. გარკვეული შიდა სტანდარტები არსებობს, მაგრამ ამის სისტემურად განხორციელებაზე ვსაუბრობ. მაგალითად, განხორციელების თვალსაზრისით სუსტი წერტილი პირველადი რგოლი და რეაბილიტაციაა. ვიმეორებ, რომ კარგად და ზედმეტადაც ფინანსდება ოპერაციები (ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა და ამისთვის მიზეზებიც მაქვს), მეორეა, ოპერაციის შემდეგ ჩვენ რა ცნობები და სტატისტიკა გვაქვს, პაციენტები შემდგომში თავს როგორ გრძნობენ, ჩივილები და გართულებები ხომ არ აქვთ, როგორია სიკვდილიანობის მაჩვენებელი? ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ ამის შემდეგ რამდენ ხანს ცოცხლობს ადამიანი და როგორია მისი შეფასება _ დაინვალიდდა თუ აქტიურ ცხოვრებას ეწევა? როდესაც გადამხდელი კარგი და თანმიმდევრული ზედამხედველია ამ პროცესის, ეს იდეალური მდგომარეობაა და მკურნალობა აუცილებლად უწყვეტი უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, მეტი კონტროლი უნდა არსებობდეს და ამ დროს, სამედიცინო მომსახურების ხარისხის სავალდებულო სისტემა ჯერ არ გვაქვს ყველგან დანერგილი. ყველა საავადმყოფო შიდა სტანდარტით მუშაობს და დამოკიდებულია კეთილსინდისიერებაზე. გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, რადგან წლების განმავლობაში ოპერაციები არ ფინანსდებოდა, ახლა ადამიანებს ოღონდაც რომ დაუფინანსდეთ, ზოგჯერ თვითონვე მიდინ ისეთი ოპერაციის გასაკეთებლად, რომელიც სულაც არ არის საჭირო. ახლა ყველა საოპერაციო რომ გავხდეთ, ეს ხომ ნორმალური არ არის? კომერციული დაწესებულება მოგებაზეა ორიენტირებული და პაციენტების რაოდენობა მის ბიუჯეტს ზრდის. დაწესებულება, ექიმი და მენეჯმენტი ამ ცდუნებაში რომ არ ჩავაგდოთ, ამისთვის საჭიროა, სახელმწიფომ კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები შექმნას. ზუსტი დოზით წამალი სამკურნალოა და ზედმეტი საწამლავია. ასევე ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა და ოპერაცია რისკის შემცველია. პრიორიტეტი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად აფინანსებდეს პრევენციულ პროგრამებს. C ჰეპატიტის პროგრამაში ჩადებულია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ მისი პრევენციაც, სხვა პრევენციული პროგრამის შესახებ კი არ გამიგია. უფრო თამამად ასეთი პროგრამების დაფინანსება უნდა დავიწყოთ, რაც მთელი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება. ამისთვის არამომგებიანი სახელმწიფო სადაზვევო კომპანიაც უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც შენატანებზე იქნება დამოკიდებული.

ასევე დადგა დრო, რომ ესენციალური მედიკამენტების ხელმისაწვდომობის კუთხით გადამწყვეტი ნაბიჯები გადაიდგას. თავიდანვე, როცა კერძო სამედიცინო დაწესებულებების გახსნა დაიწყო, ყოველგვარი რეგულაციების გარეშე იყო დარჩენილი სწორედ სტომატოლოგიური კლინიკები და ფარმაცია. ალბათ, სტომატოლოგიურებს მალე ეშველება და ფარმაცია სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ თავის ნებაზეა მიშვებული. 60%-ზე მეტია მედიკამენტებზე დახარჯული საპროგრამო თანხის წილი, ეს ძალიან დიდი მაჩვენებელია. ესენციალური, ანუ სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტები აუცილებლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს _ ან უფასოდ მიეწოდებოდეს, ან დაბალ, არაკომერციულ ფასად. ეს ტერმინი მინისტრისგან უკვე მოვისმინე და ვფიქრობ, საქმე აქეთკენაც მიდის. ესენციალურ მედიკამენტებში შედის, მაგალითად, წნევის დასარეგულირებელი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ეპილეფსიისა და სხვა პრეპარატები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ორ წელიწადში გადახედავს ხოლმე და ამატებს ამ მედიკამენტების სიას. სახელმწიფო პროგრამებში მედიკამენტები კომერციული ფასით კი არა, სწორედ ამ მოთხოვნისა და რეგულაციის გათვალისწინებით უნდა შედიოდეს. ასე ჩვენ ბიუჯეტის თანხებსაც დავზოგავთ. საერთოდ, ჯანდაცვის ბიუჯეტი საკმარისი არასოდეს არის და ეფექტური მექანიზმები სწორედ ამიტომ იქმნება, რომ სამართლიანად გადანაწილდეს. მაგალითად, იგივე წნევის წამლები ძალიან ძვირია, შეუძლებელია პენსიონერი ამას გასწვდეს. ასევე შეუძლებელია სახელმწიფომ ყველას გადაუხაუდოს. ამიტომ მკაცრად განსაზღვრული მედიკამენტების სია ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

 

გელა მამულაშვილი

 

„მედიაჰოლდინგი ქრონიკა+” ერთვება აქციაში ერთადერთი გზავნილით – ჩვენ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც C ჰეპატიტი დამარცხდება!

10941705_434706573361139_436570095_n