„ზღვა დაფარავს ბათუმის დიდ ნაწილს, ფოთი კი, შესაძლოა, ფსკერზე აღმოჩნდეს!“

2

თანდათან რეალური და სახიფათო ხდება გარემოს დამცველებისა და ეკოლოგების პროგნოზი ბათუმის დიდი ნაწილის ზღვაში ჩაძირვის შესახებ. გახშირებული სტიქია ყოველ მორიგ შემოტევაზე წინ მოიწევს და წალეკვით ემუქრება ქალაქს. 23 ნოემბერს შტორმმა კიდევ ერთხელ დაარტყა ბათუმს. წყალი უკვე ანბანის კოშკთან გადმოვიდა და საფეხმავლო ბილიკები და მოპირკეთებული სასეირნო ტერიტორია დაფარა.

აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ტალღებმა წაიღო ანბანის კოშკთან არსებული საგუშაგო. ოფიციალური ცნობების მიხედვით, შტორმის სიმძლავრე 5-დან 6 ბალამდე მერყეობდა.

ქალაქში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, სტიქიის შემოტევას კვლავ ელოდებიან. ბათუმელებს შტორმის სიმძლავრე არ უკვირთ, თუმცა სტიქიის გახშირება აშინებთ. ამასთან, გული წყდებათ, რომ სანაპირო ზოლი, ფაქტობრივად, დაანგრია ძლიერმა ტალღებმა და ბულვარშიც ყველაფერი თავიდან არის გასაკეთებელი. მათ ვერ გაუგიათ, სააკაშვილის ხელისუფლებისთვის რატომ არ იყო პრიორიტეტი, სტიქიისგან დამცავი პროექტების განხორციელება და ქალაქის გამაგრება, რატომ დაუშვეს ძვირადღირებული მშენებლობები სანაპიროზე, რომელსაც დღითი დღე ჭამს ზღვა. „რამდენჯერაც ამინდი გაუარესდება, იმის შიშით ვიძინებთ, რომ ტალღა მოვარდება და სახლებს გადაუვლის. თურმე ყველა ის თანხა, რომელიც დღემდე დაიხარჯა სანაპირო ზოლის მშენებლობისთვის, წინასწარ წყალში გადაყრილი ყოფილა. ფაქტია, წყალი სულ უფრო წინ მოიწევს და რაც გადაურჩა, იმასაც შთანთქავს. სამწუხაროდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ სტიქიასთან ბრძოლა არც ამ ხელისუფლებას ხელეწიფება, ან, უბრალოდ, არ იციან, რა გააკეთონ“, _ ჩივიან ბათუმელები.

შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელ სერიოზულ პრობლემებს გარემოს დამცველები წლების წინათ ვარაუდობდნენ. განსაკუთრებულ საფრთხედ მოიაზრებდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხზე მშენებარე  კაშხლებს. მათი თქმით, პრობლემები განსაკუთრებით იჩენდა თავს ჰიდროელექტროსადგურის ამუშავების შემდეგ, როდესაც მდინარე ზღვას ნატანს ვეღარ მიაწვდიდა და ხმელეთის მიტაცების საფრთხე გარდაუვალი გახდებოდა, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯები კი კოლოსალურად გაიზრდებოდა.

ჭოროხიდან მყარი ნატანის მოცულობის შემცირების გამო კარგა ხანია, ადლია-ბათუმის სანაპიროზე ნაპირშემქმნელი ნატანის მწვავე დეფიციტი გაჩნდა და ზღვა ხმელეთს ხაპავს. სპეციალისტთა მოსაზრებების თანახმად, წყლის დონე იმდენად აიწევს, რომ ბათუმში ბულვარს დაფარავს და წყალი სასტუმრო „ინტურისტის“ კიბეებს მიადგება. გარემოს დამცველები მძიმე სურათის საილუსტრაციოდ ფოთის მაგალითს იშველიებენ, _ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული რიონის კასკადის გამო მდინარიდან ნატანის შემცირების შედეგად დაუკმყოფილებელმა ზღვამ თითქმის კილომეტრით გადმოიწია ხმელეთზე და ნახევრად წყალში ჩაიძირა ფოთის სასაფლაო, იპოდრომი და დასახლებული პუნქტები. ფოთისა და ანაკლიის სანაპიროებზე პრობლემა კვლავ აქტუალურია.

„ქრონიკა+“ შეეცადა გაერკვია, უკვე დაიწყო შავი ზღვის აპოკალიფსი საქართველოს სანაპიროებზე, თუ უარესს უნდა ველოდოთ?

ირაკლი მაჭარაშვილი „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი:

_ ბატონო ირაკლი, რა გავლენას ახდენს შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლზე მდინარე ჭოროხზე მშენებარე თურქული ჰესები?

_ 2012 წელს თურქი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თანახმად, შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი სანაპირო ეროზიისა და სანაპირო ზოლის რეცესიის ძლიერი საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. თურქეთის შავი ზღვის აუზის მდინარეების ნატანის 98%-ს კაშხლები აჩერებენ. ნატანის 83%  მდინარე ჭოროხზე მოდიოდა, რაც განსაზღვრავდა კიდეც ზღვის სანაპიროს ფორმას. ჯერ კიდევ 2002 წელს ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ბიულეტენში  გამოქვეყნდა ს. ჯაოშვილის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც თურქეთში მდინარე ჭოროხზე დასრულდება ჰესების კასკადის მშენებლობა (ჯამში 27 ჰესი), მდინარე, ფაქტობრივად, შეწყვეტს  ინერტული მასალების ჩამოტანას.

_ შავ ზღვას ხომ აჭარის სხვა მდინარეებიც კვებავს?

_ მდინარე ჭოროხზე მოდის შავი ზღვის სანაპიროს შემავსებელი ინერტული მასალის უდიდესი ნაწილი. საქართველოს ტერიტორიაზე ჭოროხის მცირე მონაკვეთია და აქაც თურქული კომპანია სამ ჰესს აშენებს. თურქეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობების გათვალისწინებით, მომავალში ერთი ქვაც არ შეემატება სანაპიროს, რის გამოც ჭოროხის შესართავსა და ბათუმს შორის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს ზღვა გადარეცხვით ემუქრება. რაც შეეხება სხვა მდინარეებს, მათი ჩამონატანი ზღვის სანაპიროზე შედარებით უმნიშვნელოა _ მაჭახელასა და აჭარისწყლის ჩამონატანი სანაპიროზე დაახლოებით 80 000 კუბმეტრია. თუმცა ამ მდინარეებზეც შენდება ჰესები, რაც ასევე შეამცირებს მდინარის ნატანს.

_ მიმდინარე სტიქიურ პროცესებში კლიმატის გლობალურ ცვლილებას რა წილი აქვს? 

_ კლიმატის ცვლილებამ ბევრი რამ შეიძლება გამოიწვიოს, დაწყებული სანაპირო ზოლის ეროზიითა და წყლის დონის მატებით, დამთავრებული  ტროპიკული დაავადებების გავრცელებით დედამიწის ზომიერ სარტყელში. თუმცა გარემოს დეგრადაციის გამომწვევ გლობალურ ფაქტორთა შორის კლიმატის ცვლილება ერთ-ერთია (გარემოს ასევე ანადგურებს ჭარბი მოპოვება, საბინადრო გარემოს განადგურება, დაბინძურება, უცხო სახეობებისა და დაავადებების გავრცელება და სხვა) და ის აძლიერებს და ზრდის  სხვა ფაქტორების ზემოქმედების მასშტაბს. კლიმატის ცვლილებასაც მოერევი, თუ რეალურად დაუპირისპირდები საადაპტაციო და პრევენციული ღონისძიებებით, ტყიანი ეკოსისტემების დეგრადაციის შესამცირებლად ტყის მართვას გააუმჯობესებ, ნიადაგის ეროზიის შესამცირებლად საძოვრებს უკეთ მართავ, დიდი ზომის, მაღალხარისხიან დაცულ ტერიტორიებს შექმნი და ა. შ. ასეთი ღონისძიებები საქართველოში ძალიან მცირე მასშტაბით და ნელი ტემპით ხორციელდება. ბოლო წლებში რამდენიმე დაცული ტერიტორია ჩამოყალიბდა, მაგრამ არასაკმარისად. ამასთან, მხოლოდ დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ კანონის მიღებაც არ კმარა. მაჭახელის ხეობაში ეროვნული პარკი რომ შეიქმნა, ტერიტორიას კი მიანიჭეს დაცულის სტატუსი, მაგრამ მდინარე არ შეიტანეს დაცულთა ნუსხაში, რადგან ენერგეტიკის სამინისტროს შუა ეროვნულ პარკში ორი ჰესის მშენებლობა ჰქონდა განზრახული და შესაბამისად, თადარიგიც, თავის დროზე, ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭების დროს დაიჭირეს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აძლიერებს ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებულ ზიანს: სოფლებისა და ქალაქების განაშენიანებისას საერთოდ მივიწყებულია ისტორიული ცოდნა და გამოცდილება; ეს ტენდენცია არა მარტო აჭარაში, მთელ საქართველოში თვალსაჩინოა. სახლები და  დამხმარე ნაგებობები, ინფრასტრუქტურა  შენდება მდინარის ნაპირებზე, ე. წ. გამოტანის კონუსებზე და ა. შ. თუნდაც თბილისიდან სტეფანწმინდამდე, მთელი სამხედრო გზის გაყოლებაზე, ნათლად ჩანს, რომ კომუნისტებისა და შემდგომ პერიოდში ადამიანებმა დასახლება დაიწყეს ყოფილ სათიბ-საძოვრებზე და სახნავ მიწებზე. არ ითვალისწინებენ, რომ მშენებლობას წინ უნდა უძღოდეს პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება, მათ შორის, წინასწარი გეოლოგიური და საინჟინრო გათვლები.

_ მიმდინარე  ეკლოგიური პროცესები მხოლოდ აჭარის ზღვისპირეთის მდგომარეობას შეცვლის, თუ ქვეყნის სხვა ნაწილშიც მოახდენს გავლენას გარემო პირობებზე?

_ კლიმატის ცვლილება იმოქმედებს მთელ საქართველოზე, თუმცა განსხვავებულად. რაც შეეხება მიმდინარე კლიმატის ცვლილების გაუთვალისწინებლად დაგეგმილ პროექტებს, მათი სავალალო შედეგები მხოლოდ აჭარის სანაპიროს არ დააზარალებს. კაშხლების შედეგად ეროზიას განიცდის არა მხოლოდ ზღვის, არამედ მდინარის ნაპირებიც. ამასთან, წყალსაცავები ივსება მდინარის ნატანით, რაც ადგილობრივი კლიმატის ცვლილებასთან ერთად, იწვევს ნიადაგის ეროზიას, ღვარცოფს, მეწყერს და სხვა უარყოფით გეოლოგიურ მოვლენებს. ამის მრავალი მაგალითია განხილული შესაბამის ლიტერატურაში. მაგალითად, მდინარის ნატანმა გუმათის წყალსაცავის მოცულობა 18 მილიონიდან 1 მილიონ კუბმეტრამდე შეამცირა. დაახლოებით იგივე სიტუაციაა ვარციხჰესთან დაკავშირებითაც. ამოვსებული წყალსაცავები  დატბორვის საფრთხეს უქმნიან დასახლებებს, ამ საფრთხეს კი ერთიორად ზრდის კლიმატის ცვლილება.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკოსები კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად აქცენტს აკეთებენ არა ადაპტაციისა და პრევენციის ღონისძიებებზე, აცხადებენ, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარების მიზნით მასობრივად ააშენებენ ჰიდროელექტრო სადგურებს. 2014 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების ნაშრომის თანახმად, შეცდომაა, თითქოს დიდ კაშხლებს არ გააჩნიათ ზეგავლენა კლიმატის ცვლილებაზე და ნახშირბად ნეიტრალურნი არიან. მსოფლიოს 52 000 დიდ კაშხალზე (სადაც კაშხლის სიმაღლე 15 მეტრს აღემატება) მოდის  ადამიანის საქმიანობით გამოწვეული გლობალური დათბობის 4%. ამას, ძირითადად, ოთხი პროცესი განაპირობებს:

1. წყალსაცავების შევსების შედეგად დატბორილი ბიომასის ლპობით გამოიყოფა სათბური აირები, როგორებიცაა მეთანი და ნახშირორჟანგი;

2. წყალსაცავში გავრცელებული  პლანქტონი და მცენარეები, ასევე ის ბიომასა, რომელიც გროვდება წყალსაცავებში სეზონური წყალდიდობების დროს (მაგ.: ზვავებით ჩამოტანილი ხეები, ფოთლები და ა. შ.) ლპობის შედეგად გამოყოფს სათბურ აირებს, წყალსაცავის მთელი არსებობის განმავლობაში;

3. სათბური აირები გამოიყოფა ჰესთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის  მშენებლობისთვის ტყის გაჩეხვის გამო;

4. მშენებლობის დროს გამოყენებული ბეტონის უდიდეს რაოდენობას ძალზე დიდი ნახშირბადის ანაბეჭდი აქვს. მართალია, ჰიდროენერგეტიკის განვითარება იწვევს წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებას, თუმცა, ჯერ კიდევ, 2000 წელს კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დიდი კაშხლების უარყოფითი ზეგავლება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე იმდენად დიდია (იძულებითი გადასახლება, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, ლანდშაფტის და ადგილობრივი კლიმატის ცვლილება), რომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს განახლებადი ენერგიის ნაწილად. ჩვეთან კი რა ხდება? საქართველოს ზეგავლენა სათბური გაზების ემისიაზე მინიმალურია, მთავარ გარემოსდაცვით საფრთხეებს წარმოადგენს ეკოსისტემების და საბინადრო გარემოს განადგურება და ჭარბი მოპოვება. ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროექტებიც სწორედ ამ საფრთხეების გაძლიერებას უწყობს ხელს.

_ შეიძლება ვთქვათ, რომ ეკოლოგიური კატასტროფა რეალურია?

_ გააჩნია, ვის რა მიაჩნია ეკოლოგიურ კატასტროფად. ეკოლოგიისთვის ველური სახეობის პოპულაციის განადგურება ეკოლოგიური კატასტროფაა. ოფიციალური მონაცემებით, 1948-55 წლებში ენგურის შესართავში მოიპოვეს 14100 კგ. სვია („ბელუგა“) და 8762 კგ. რუსული ზუთხი. 1927-28 წლებში რიონში მოიპოვეს 2566 კგ. ატლანტური ზუთხი. ყოველწლიურად მდინარეებში იჭერდნენ 9 ტონა შავი ზღვის ორაგულს და 50-80 ტონა კალმახს. საბინადრო გარემოს განადგურების გამო ყველა ეს სახეობა გადაშენების საფრთხის წინაშე დგას. ენგურჰესის და რიონის კასკადის მშენებლობამ, ფაქტობრივად,  გაანადგურა ზუთხების ექვსივე სახეობის საბინადრო გარემო. ზოგიერთი სახეობა ერთეულების სახითაა შემორჩენილი.

_ თუ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები და ფინასური თვალსაზრისით დახმარების მცდელობა?

_ მთავარი რეკომენდაცია _ ეს არის ევროკავშირის ასოცირების მოთხოვნების შესრულება. თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა მიისწრაფის ევროპისაკენ, მაშინ შეასრულებს გარემოს დაცვასთან და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მაგალითად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების, წყლის შესახებ, ჰაბიტატების შესახებ და ევროკავშირის სხვა დირექტივების მოთხოვნების შესრულება ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეულ ბევრ საფრთხეს აგვარიდებს. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ ასეთ განწყობას ხელისუფლების მხრიდან და მექმნება შთაბეჭდილება, რომ დღეს მოქმედი ხელისუფლება ამ კუთხით არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან, ისევე, როგორც არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან კლიმატის გლობალური ცვლილების შესახებ გაეროს ფორუმებზე მოხსენებით წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის ტექსტები.

ჯერჯერობით არ ჩანს იმის ნიშნები, რომ ევროპის წინაშე დაპირებულ მოვალეობებს საქართველოს მთავრობა საქმით შეასრულებს. რატომღაც გადაიდო წყლის ახალი კანონპროექტის მიღება, რომელიც ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის მოთხოვნების შესაბამისად შეადგინეს. ასევე გადაწყდა მანქანების ტექდათვალიერების შემოღების ორი წლით გადადება. თუ ხელისუფლებაში ჰგონიათ, რომ ევროკავშირთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სარგებელს გარემოსდაცვითი საკითხების უგულებელყოფით მიაღწევენ, ძალიან შემცდარან.

_ რა ბედი ელის ფოთს და რამდენად გამართლებულია ახალი პორტების მშენებლობის თემა, როდესაც ზღვის ნატანით დაკმაყოფილების საკითხი გაურკვეველია?

_ ფოთი საერთოდ ცალკე თემაა და ძალიან მძიმე. რაც შეეხება ახალი პორტების საკითხს, ძნელი  სათქმელია მათი მომავალი ბედი, რადგან ამ პორტების პროექტები არავის უნახავს. ფაქტი ის არის, რომ კლიმატის ცვლილების საქართველოს ეროვნული ანგარიშის მიხედვით, ანაკლიის მიდამოები ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ადგილია. ენგურჰესის გამო ისედაც ძლიერია სანაპირო ზოლის ეროზიის პროცესი. ვიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობა აგრძელებს პრაქტიკას, როდესაც ჯერ პროექტის განხორციელებაზე იღებენ გადაწყვეტილებას და შემდეგ ატარებენ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ამას კი კარგი რომ არაფერი მოყვება, ამ ზაფხულს დარიალის ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამაც დაგვანახა.

 

 

                                                                                               ელენე იმერლიშვილი