ადამიანი „იუდა“ – მითი და რეალობა!

Capture

კახა ბენდუქიძე _ ბენდუ, „იუდა“, რომელმაც ბევრის თვალში შეცვალა ამ სიტყვის აღქმა, უკვე აღარ არის და, როგორც მისი მეგობრები და თანამოაზრეები ამბობენ, მაშინ წავიდა, როცა ჯერ კიდევ სჭირდებოდა ქვეყანას, იმის მიუხედავად, რომ აქტიურად არც ეკონომიკაში ჩანდა და არც _ პოლიტიკაში. რა შეიძლება გაგახსენდეს პირველად, როცა კახა ბენდუქიძეზე იწყებ წერას? ალბათ, ის ცნობილი კადრი, როცა კანცელარიიდან გამოსულს მას შეაფურთხეს. მაშინ კახა ბენდუქიძე ახლად დანიშნული მინისტრი იყო, საზოგადოება კი ჯერაც მიჩვეული იყო მინისტრების მხრიდან მძაფრ რეაგირებას კრიტიკაზე, კახა ბენდუქიძემ კი სახე მოიწმინდა და წყნარად თქვა: „გმადლობთ“. მაშინ ყველა ირგვლივ მყოფი მიხვდა, რომ მან დაამარცხა ის, ვინც შეაფურთხა.

ბენდუქიძის გარდაცვალებაზე სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქციამაც კი დაადასტურა, რომ მას ფურთხის ღირსად ბევრი მიიჩნევდა _ იმდენი სიძულვილი, ბოღმა და აგრესია დაინთხა, ბევრს გაუკვირდა კიდეც, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, კახა ბენდუქიძეს რომ წუთით გადაეხედა ნიუსფიდისთვის, არაფერი გაუკვირდებოდა. ის ხომ ასეთი იყო: სულაც ცალ ფეხზე ეკიდა, ვინ რას იტყოდა მასზე, მთავარი იყო, ის ეკეთებინა, რასაც საჭიროდ მიიჩნევდა.

„ვერ გამიგია იმ ადამიანების, ქართული მენტალობის მიხედვით, ნეკროლოგის ტექსტზე რომ ზრუნავენო: `ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი, პირველ რიგში. აი, მე რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე რაში მაღელვებს? ეს მნიშვნელოვანია, სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებ“, _ ამბობდა ის და ამას გულიდან ამბობდა _ ზუსტად ასეთი იყო.

კახა ბენდუქიძეს შეეძლო, ყურადღება არ მიექცია გარემოებებისთვის და ბილწსიტყვაობით გამოეხატა თავისი სათქმელი. საყოველთაო ინტერნეტჰიტადაა ცნობილი მისი ამგვარი ორი გამოხტომა: „*ლეობას რატომ მეკითხებით?“ და „შენ რა გითხარი, სააკაშვილო, ჟვანიასნაირი სირი რომ დანიშნე მინისტრად“… ამ ბოლო ფრაზას ბენდუ ხშირად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც წარმატებულად იყენებდა. მაგალითად, ნინო კალანდაძე იხსენებს, რომ ერთხელ, ზურა ჭიაბერაშვილთან ერთად მწვადის დასაგემოვნებლად შეკრებილებს, ბენდუ ასწავლიდა, ხაჭაპური მწვადამდე უნდა ეჭამათ თუ მწვადის შემდეგ. ნინო კალანდაძეს მისი „სწავლება“ გაუპროტესტებია, რასაც ბენდუს მხრიდან გმინვა და ხელების მაღლა აღპყრობა მოჰყოლია: „შენ რა გითხარი, სააკაშვილო, კალანდაძე რომ მე მასწავლის მწვადის ჭამას…“

ცოტას უყვარდა, უფრო მეტს სძულდა და სძულდა იმის გამო, რა რეფორმებიც გაუტარებია. მიაწერდნენ იმას, რაც არასდროს უთქვამს, მაგალითად, „ფეისბუქზე“ ყალბი პროფილი შეუქმნეს და მისი სახელით დაწერეს, _ გლეხები შავ მუშებად წავიდნენ, მათმა ცოლებმა კი მეძავობა დაიწყონ, სოფლის მეურნეობის დაფინანსებას არ ვაპირებო. სასაცილოა, მაგრამ ამ ფრაზას, რომელიც მას არ უთქვამს, მისი გარდაცვალების შემდეგაც კი მის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ _ აი, ასეთი მეთოდებით ებრძოდნენ.

სათაური ამ სტატიისთვის შემთხვევით არ შეგვირჩევია და ის მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია არ არის: კახა ბენდუქიძე მართლაც ისე ცხოვრობდა, რომ უაზრო სიძულვილისთვის, ბოღმისთვის და შურისთვისაც შეეძლო, მადლობა დაეპირისპირებინა. ცხადია, ამით ის მოწინააღმდეგეს განაიარაღებდა ხოლმე.

ბენდუს თავისი პოზიციის დაცვა და ლოგიკურად ახსნაც შეეძლო. ამისთვის უკან არ დაიხევდა, რაც უნდა არაპოპულარული ყოფილიყო მისი აზრი, ან ქმედება. არადა, ეკონომიკის მინისტრად დანიშვნისთანავე მისი ყველა აზრი ან ქმედება სწორედ არაპოპულარული იყო. მისი ფრაზა: „იყიდება ყველაფერი, სინდისის გარდა“, ფრთიან ფრაზად კი იქცა, მაგრამ ამასაც მის წინააღმდეგ იყენებდნენ, როცა ამტკიცებდნენ, ბენდუქიძე სინდისს, უბრალოდ, ვერ გაყიდის, რადგან ის არ აქვსო…

მისი თანამოაზრეები და, უბრალოდ, ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანები კახა ბენდუქიძის ღვაწლზე საუბრისას იმას უსვამენ ხაზს, რომ ამ ადამიანმა ყველაფერი ჩადო მომავალი თაობისთვის ყველაზე საჭირო საქმეში _ განათლებაში. არავინ, თვით ბენდუს მოწინააღმდეგეებიც არ დაობენ, რომ მან შექმნა საქართველოში ყველაზე წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები. ეს სწორედ ის იყო, რაც მას ძალიან უნდოდა _ მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემა.

კახა ბენდუქიძის მიერ განათლებაში ჩადებულ თანხაზე რაც არ უნდა დაწერო, რიცხვი მაინც რიცხვად რჩება _ მან განათლების სფეროში, არც მეტი, არც ნაკლები, 90 მილიონი ჩადო. ეს მეტია, ვიდრე აქამდე ამ სფეროში ჩადებული რომელიმე კერძო ინვესტიცია, თუმცა, თუ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ გამოცემულ საკმაოდ სქელტანიან ბროშურას თუ ჟურნალს გადახედავთ, ალბათ, სხვა შთაბეჭდილება დაგრჩებათ…

რახან საუბარი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ჩამოვარდა, ალბათ, უპრიანი იქნება, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ეკონომიკის მინისტრის ურთიერთობაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა: ბიძინა ივანიშვილისა და კახა ბენდუქიძის გზები მათი რუსეთში ყოფნის დროს არ გადაკვეთილა. ყოველ შემთხვევაში, ამის დამადასტურებელი არანაირი ცნობა დღემდე არ არსებობს. რასაკვირველია, მილიონერები შორიდან იცნობდნენ ერთმანეთს _ მათი რუსეთში გამდიდრება ეპოქალურად ემთხვევა ერთმანეთს, უბრალოდ, სფერო ჰქონდათ სხვადასხვა, რადგან ბიძინა ჩრდილში იდგა და პირდაპირ არ ასოცირდებოდა რუსეთის ხელისუფლებასთან, ბენდუ კი პირიქით _ ხელისუფლების მრჩეველთა საბჭოშიც შედიოდა და, ზოგადად, ეკონომიკური კუთხითაც ძალიან აქტიურობდა.

ამის ახსნა ძნელი არ არის: კახა ბენდუქიძე ბიძინა ივანიშვილზე ჭკვიანი იყო და თავისი ჭკუის დემონსტრირებას არასდროს ერიდებოდა _ მას ფულთან ერთად, განათლებაც ჰქონდა, რასაც მთლად ასე ვერ ვიტყვით ბიძინაზე. სწორედ ამიტომ, როგორც ყველგან, რუსეთშიც, ხელისუფლება თუ რომელიმე ადამიანის გამდიდრებას დაუშვებდა, იქვე განსაზღვრავდა მის აქტივობასაც: ზოგი მხოლოდ მოლარე ხდებოდა, რომელსაც გარკვეულ დროს ფულის გამოყენება და ჩრდილიდან გამოსვლა ევალებოდა, ზოგი კი ფულთან ერთად საკუთარ გამოცდილებას, ანალიტიკურ ჭკუა-გონებასაც ამზეურებდა.

კახა ბენდუქიძე სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იყო. ამიტომაც მან გადადგა ის ნაბიჯი, რაც არ გადაუდგამს ბიძინას: მიატოვა რუსეთი და რუსული ბიზნესი მაშინვე, როგორც კი მის მშობლიურ ქვეყანაში გარდაქმნების დაწყების სიომ დაბერა და მასში მონაწილეობის შანსი გაუჩნდა. 2004 წელს სააკაშვილმა ჟვანიას დაუჯერა და ბენდუქიძეს წინადადებით მიმართა. ბენდუმ წინადადება მიიღო და საქართველოში დამკვიდრდა.

დამკვიდრდა და დაიწყო რეფორმები, რომლებიც მხოლოდ წლების შემდეგ ფასდება ხოლმე პირუთვნელად, ხოლო მიმდინარეობის დროს იწვევს აგრესიას, უკმაყოფილებას და ურეიტინგობას. ბენდუქიძე ამისთვის მზად იყო. როგორც ჩანს, _ იმჟამინდელი ხელისუფლებაც. სხვაგვარად არაფერი გამოვიდოდა: ბენდუ, როგორც მოსალოდნელი იყო, მალევე გახდა „იუდა“ და „პერსონა ნონ გრატა“ მოსახლეობის უმრავლესობისთვის, მაგრამ ის მოთმინებით, მადლობის გადახდით ხვდებოდა ფურთხსა და ბოღმას, ხოლო ხელისუფლება არ იმჩნევდა მის მიმართ მზარდ სიძულვილს.

როგორც ირკვევა, ორივე მხარე შეთანხმებულად მოქმედებდა: ბენდუქიძემ ეკონომიკის მინისტრობაზე თანხმობის მიცემისას თავად მოითხოვა დრო, რომელიც საჭირო იყო რეფორმების გასატარებლად და ისიც თქვა, რომ მისი პიროვნება ამ რეფორმებისას ლაფში ამოისვრებოდა. ბენდუმ დაამატა, რომ ხელისუფლება ამას არ უნდა შეეშინებინა და მისთვის მოქმედების არეალი არ უნდა შეეზღუდა. ხელისუფლებამ პირობა მიიღო. პრინციპში, ამ პირობით ბენდუ უფრო ზარალდებოდა _ ის კარგავდა ხალხის კეთილგანწყობას და იძენდა აგრესიულ მოწინააღმდეგეებს, მაგრამ ბენდუ ხომ ასეთი იყო _ არ აინტერესებდა, რას იტყოდნენ მასზე. უფრო სწორად, კი აინტერესებდა, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევდა: „მოხდება _ მოხდება, რა ვქნა ახლა…“ _ ასე უპასუხა მან გადაცემის წამყვანის შეკითხვას იმის შესახებ, მიიჩნევს თუ არა, რომ შესაძლოა, ისიც დააპატიმრონ, ხოლო შემდეგ შეკითხვაზე, თუ რატომ უნდა იყოს პროკურატურა მისით დაინტერესებული, კახა ბენდუქიძემ უპასუხა:

„რითია გამოწვეული, არ ვიცი, შეიძლება, ისინი ფიქრობენ, რომ მე ტონობით ფული მიმაქვს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ან ჰგონიათ, რომ მე სტუდენტებს ვზრდი ამ ხელისუფლების მიმართ სიძულვილით _ მე ხომ არ ვიცი, რა წარმოდგენა აქვთ მათ ჩემზე?..“

არადა, მასზე ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, როგორიც, ზოგადად, „ფულის ტომარაზე“ აქვთ. სინამდვილეში, ვინც ბენდუს იცნობდა, კარგად იცის, რომ მას ადვილად ფულს ვერ გააგდებინებდი ხელიდან, მაგრამ თუკი მიაჩნდა, რომ ფინანსების გაღება საჭირო იყო, ვერც დაასწრებდი. კახა ბენდუქიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლაც აფინანსებდა, ოღონდ, ამასაც ჩვეული იუმორით აკეთებდა. მაგალითად, კარგად ცნობილი ფაქტია, რომ კახა ბენდუქიძემ „ნაცმოძრაობას“ ოთხჯერ ერთი და იგივე რაოდენობის თანხა: 55 555 ლარი შესწირა…

ვერც იმას ვიტყვით, რომ კახა ბენდუქიძე არ ეცნობოდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეცნობოდა, მაგრამ იკიდებდა. ის იმ იშვიათ ადამიანთაგანი იყო, ვისაც საკუთარ თავზეც შეეძლო ირონიით საუბარი. მისი თვითირონიულობა ბევრჯერ გამჟღავნებულა:

„თუ არ არის პური, უნდა იყოს სანახაობა. რა არის სანახაობა? აი, მაგალითად, ბენდუქიძე, რომელიც ღორივით ქშინავს, ჩაიჯიბა ფული და ქრთამებით იხრჩობა და სუნთქვა აღარ შეუძლია, როგორც დაწერა ერთმა ჟურნალისტმა ერთ დამპალ გაზეთში, ბევრი დამპალი გაზეთიდან ერთ-ერთში, ან კიდევ სახელმწიფო კანცელარიიდან როცა გამოუშვეს, ისეთი მსუქანი იყო, ვერ გამოეტია კარშიო და დემონტაჟი მოახდინესო. ასეთ ადამიანზე ზეწოლა ვიღაცას გაახარებს, _ აი, ნახეთ, რაღაც უქნეს“.

რა უქნეს კახა ბენდუქიძეს, ლონდონში მიმდინარე ექსპერტიზა გაარკვევს, რის შემდეგაც მის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ. რატომ იმყოფებოდა ბოლო დროს თითქმის რეგულარულად ბენდუქიძე საზღვარგარეთ? პასუხი აქაც მარტივია: იმ მიზეზით, რა მიზეზითაც სააკაშვილმა ქვეყანა დატოვა. როგორც კულუარებში ამბობენ, სანამ კახა ბენდუქიძეზე პირველ უარყოფით განცხადებას გააკეთებდა, ბიძინამ დიდხანს უკირკიტა კახას _ ხან ვინ მიუგზავნა, ხან _ ვინ და, რაც მთავარია, ბოლოს მის მხარეს გადასვლას კი არა, უბრალოდ, გაჩუმებასა და ჩრდილში დადგომას სთხოვდა. როგორც ამბობენ, კახა ბენდუქიძემ ყველა ეს თხოვნა დააიგნორა და აქტივობას არათუ უკლო, უმატა კიდეც. ამას მოჰყვა მის უნივერსიტეტებში შემოწმების დაწყება და არც მეტი, არც ნაკლები, დახურვისთვის იმ მიზეზის აღმოჩენა, რომ კედელზე არ იყო გაკრული ხანძრის შემთხვევაში შენობიდან ევაკუაციის გეგმა, ხოლო მეორეგან _ ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ზომების ნუსხა არ იყო კედელზე გამოქვეყნებული…

მოგვიანებით ამას პირადი მუქარაც მოჰყოლია, _ ციხეში მოგიწევს წასვლაო! ჰოდა, ბენდუქიძემაც, ბოლოს და ბოლოს, გაცლა არჩია, თუმცა ეს გაცლაც სავალალოდ დასრულდა, პირველ რიგში, მისთვის…

სტატიის ბოლოს, ფრაგმენტები ერთი, ქართულ მედიაში ნაკლებად გახმაურებული ინტერვიუდან, რომლითაც კახა ბენდუქიძეზე საუბარს დავასრულებთ. ეს ვრცელი ინტერვიუ ბენდუქიძემ ერთ-ერთ რუსულ გამოცემას მისცა და მასში კარგად ჩანს მისი ხასიათის თვისებები, მისი მიზანი და შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად. მაშ, ასე! _ მხოლოდ ციტატები:

„მიმაჩნია, რომ ყველა რეფორმა ეკონომიკას ეხება. ეკონომიკა ხომ ცხოვრებაა, ისაა, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი. პირველ რიგში, როცა ჩვენ ვიწყებდით, საქართველოს იმის ილუზიაც კი არ ჰქონდა, რომ ჩვენ რამე გამოგვივიდოდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოში კონსენსუსს ჰქონდა ადგილი: ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი კორუფციის წინააღმდეგ იყვნენ გამსჭვალულნი: სკოლის მოსწავლეების გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბიჭების 75 პროცენტი „კანონიერ ქურდობაზე“ ოცნებობდა, გოგონების ნახევარს კი ასეთი ბიჭების ცოლობა სურდა. „საქართველოში „კანონიერ ქურდებს“ ისე უყურებდნენ, როგორც რობინ ჰუდს, ადამიანებს, რომლებიც არსებულ სისტემას ეწინააღმდეგებოდნენ“, _ აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ეკა ზღულაძემ.

სიტუაცია სწრაფ მოქმედებებს მოითხოვდა. და როგორ შეიძლება კორუფციასთან ბრძოლა? დასავლური გამოცდილება აჩვენებს: იმისთვის, რომ კორუფცია წარმოიქმნას, სამი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს: პირველი _ ტრივიალური ფაქტორი: ადამიანს უნდა უნდოდეს ფული, იგი არ უნდა იყოს კმაყოფილი იმ შემოსავლით, რომელსაც ლეგალური გზით იღებს; მეორე _ ასეთი ადამიანების კონტროლის არარსებობა და მესამე _ ჩინოვნიკს უნდა ჰქონდეს მორალური გამამართლებელი საბუთი იმისა, თუ რატომ შეუძლია მას ქურდობა. მაგალითად, ის თავის თავს უნდა ეუბნებოდეს _ აი, ირგვლივ ყველა ასეთია: თვითონ შოულობენ, მე არ მაძლევენ…

საბოლოოდ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატს კიდევ ერთი თვისება აქვს: კორუფციასთან ზომიერად ბრძოლა შეუძლებელია. ან შენ ამარცხებ მას, ან პირიქით, ის ამარცხებს სახელმწიფოს. ვერ ამარცხებ და ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ ქრება და თუ ამარცხებ, მაშინ იგულისხმება, რომ ხელისუფლებას მის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა აქვს“;

„…ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი თანამოაზრეები, რომლებთან ერთადაც თქვენ ხელისუფლებაში მოხვედით, მხარს უჭერენ ამ აპარატის შეცვლას, მისი ფუნქციების შემცირებას. არავის შეეძლო ეთქვა: „მოთმინეთ, ივან ივანიჩ, იგი დამსახურებული ადამიანია, არ შეეხოთ, იყოს და აკეთოს ის, რასაც აქამდე აკეთებდა“, _ და ივან ივანიჩს, უბრალოდ, უშვებდნენ სამსახურიდან.

აი, ნახეთ: შინაგან საქმეთა მინისტრია ვანო მერაბიშვილი. იგი პარლამენტის წევრი იყო, საკმაოდ წარმატებული და დიდი არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველი _ მიწათმფლობელების უფლებათა დაცვის ასოციაციის. თავად იგი განათლებით გეოდეზისტია, ანუ მილიციაში არ მსახურობდა, მუნდირს არ ატარებდა, არც არასდროს უტარებია და არც ახლა ატარებს, რადგან იგი სამოქალაქო მინისტრია. ანუ მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების ყოფილ სისტემას არაფრით უკავშირდებიან. გახსოვთ ვიქტორ ცოის სიმღერა „ჩვენ ცვლილებებს ველით~? აი, საზოგადოება ცვლილებებს ითხოვდა და ხელისუფლებასაც სურდა ამ ცვლილებების განხორციელება“;

„…შინაგან საქმეთა სამინისტროში საბჭოთა მილიციელებიც კი არ მუშაობენ… ეკა ზღულაძეს აქვს მონათხრობი, თუ როგორ მიდიოდა იგი მინისტრის მოადგილეების შეხვედრაზე, როცა ჩვენ ჯერაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყანა ვიყავით: ჯინსებში, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელში გამხდარი გოგონაა გამოწყობილი.

ხომ წარმოგიდგენიათ, დსთ-ს ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა _ მუნდირში გამოწყობილი ბიძები, საპატიო ყარაული, რამე… როცა იგი პირველად მივიდა, ვერც კი შეამჩნიეს, რადგან ყველა ელოდა, რომ თვითმფრინავიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოვიდოდა. აქ კი ტრაპზე გოგონა ჩამოდის… მიდის და მას არავინ აჩერებს. შემდეგ აღიარეს…

ზღულაძე იგონებს, რომ ყველაზე რთული ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტრადიციისამებრ, აბანოში „ბაბკებთან“ ერთად კოლექტიურად წასვლა იყო.

აქ კი არეულობას ჰქონდა ადგილი. „ამას რა ვუყოთ? აბანოში წასვლის შეთავაზება არ გამოდის, ქალი რომ შევთავაზოთ _ აზრი არა აქვს…“ _ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ეს ბიძები. აი, რას ნიშნავს ინსტიტუტის გასუფთავება შინაგანად. ეს ერთი სახუმარო, მაგრამ ნიშანდობლივი მაგალითია“;

„მე როცა ეკონომიკის მინისტრად მოვედი, არც ერთი ჩემი მოადგილე არ დამინიშნავს ერთის გარდა, რადგან მე კარგი იურისტი მჭირდებოდა. ყველა დანარჩენი იყო ის, ვინც დამხვდა, მე მათთან ვმუშაობდი.

საკითხი ასე იდგა: შეეფერება თავისი მახასიათებლებით თანამშრომელი სამსახურს თუ არა? შეუძლია თუ არა საკუთარი სამუშაოს ადეკვატურად შესრულება? მე მყავდნენ თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროში, რომლებიც წინამორბედ მინისტრთან რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ, მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც გადაწყობა შეეძლოთ.

იყო ქალბატონი, რომელიც გაბრაზდა, რადგან იგი გაათავისუფლეს და ამბობდა: „ასე როგორ შეიძლება? მე სახელმწიფო ხუთწლიან გეგმას ვადგენდი და მე გამათავისუფლეს?“ _ ანუ მას არ ესმოდა, რომ მის მიერ მოყვანილი არგუმენტი არ შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რატომაც უნდა დაგტოვონ, ან აგიყვანონ სამსახურში“;

„რუსეთში ახლა მიმდინარეობს ასეთი დისკუსია, _ რა უნდა იყოს კორუფციისთვის შესაბამისი ჯარიმა? მე ამის წარმოდგენა საქართველოში არ შემიძლია, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა ასეთი დისკუსია აწარმოოს…

ამ შემთხვევაში, თუკი მე ხვალ მივიდოდი და ვიტყოდი: „მოდით, გადავწყვიტოთ, რა შეიძლება იყოს ჯარიმა ქრთამისთვის“, _ მე უბრალოდ ისე შემომხედავენ, როგორც გიჟს…

როგორი უნდა იყოს ჯარიმა ბავშვებზე მოძალადეთათვის? ამაზეც ვიმსჯელოთ და იყოს მაშინ ასპროცენტიანი ან ათასპროცენტიანი ჯარიმა, მაგრამ ეს უაზრო განხილვაა. აიღე ქრთამი? _ მოუსვი!“

„…ჩემი აზრით, მსოფლიოს ვერც ერთ ქვეყანაში ბიუროკრატების ხელფასი ვერ გაეჯიბრება ბიზნესით დაკავებულ პირთა ხელფასს. ავიღოთ სინგაპური: შესაძლებელია სინგაპურის ფინანსთა სამინისტროს საიტზე შესვლა და იქ გაწერილია თითოეული სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა, საკმაოდ საინტერესოა. სინგაპურის ფინანსთა სამინისტროში ორი მძღოლია, პრემიერის აპარატში კი _ ოთხი. მინისტრების ხელფასები კი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ახალ ზელანდიაშიც მსგავსი ვითარებაა. ჩვენს მინისტრებთან ეს პრობლემა იმიტომ დგას, რომ მინისტრი ადეკვატურ ხელფასს არ იღებს. მინისტრი _ ეს ხომ პოლიტიკური თანამდებობაა, ადამიანები მინისტრებად იმიტომ არ მიდიან, რომ რაც შეიძლება ბევრი ფული იშოვონ“.

„…ჩინოვნიკი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მის გარშემო, და განსაკუთრებით ზედა ინსტანციებში, არ იპარავენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მან შეიგნოს აპარატის გამჭვირვალობა და მისი დანიშნულება. ამიტომ, როცა ელიტარულ კორუფციაზე საუბრობენ, მე ყოველთვის ვუხსნი, რომ ასეთი რამ ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელიც კი, რადგან, წარმოიდგინეთ, თქვენი ხელმძღვანელი ქურდობს, თქვენ კი მოპარვის უფლებას არ გაძლევთ.

ეს შესაძლებელია ქაღალდზე დაიხატოს, მაგრამ ცხოვრებაში ასეთი რამ შეუძლებელია: „ისინი იპარავენ, მე არ ვიპარავ, ისინი ასობით ათასს გამოიმუშავებენ, მე ორი ათასს გამოვიმუშავებ, აწი მეც მოვიპარავ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ყველა თანამშრომელს მოუნდება ქურდობა, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ კონტროლს ვერ შევძლებთ. თუ თქვენი თანამშრომელი ხედავს, რომ თქვენ თავი გაქვთ გადადებული სამსახურისთვის და თქვენ სამართლიანი ხართ, შედარებით ნაკლებია იმის შანსი, რომ მას რამის მოპარვის სურვილი გაუჩნდება. უბრალოდ იმიტომ, რომ მოპარვა ამორალური საქციელია“.

„…არსებობს მექსიკის საბაჟო სამსახურის ცნობილი რეფორმის მაგალითი. იგი კორუმპირებულად შეირაცხა, ვერაფერი ეხმარებოდა _ მოუმატეს ხელფასები, დაუკლეს, დასაჯეს, დააპატიმრეს, არ დააპატიმრეს _ ყოველივე უშედეგო აღმოჩნდა. გაგზავნეს ახალი ადამიანი. ეს იყო სისტემის პრობლემა. რა გააკეთეს მათ? მათ 3500 ახალგაზრდა დაიქირავეს. დაახლოებით იგივე, რაც ჩვენ გავაკეთეთ პოლიციაში.

ნახევარი წლის მანძილზე მათ დაქირავებულებს სამხედრო ბაზაზე საბაჟო სწავლების კურსი ჩაუტარეს და შემდეგ ორი დღის მანძილზე ყველა მებაჟე ჩაანაცვლეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ანგელოზები იყვნენ, რამდენიმე მათგანი მაინც იღებდა ქრთამს, მათ ათავისუფლებდნენ, მაგრამ ამან სისტემური ხასიათის მიღება შეწყვიტა“.

„…მე ისედაც მაბრალებენ, რომ საქართველოში ყველაფერი ჩემია, მაგრამ მე საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ საქართველოში რამე მქონდეს. უნივერსიტეტი კი ბიზნესად არ ითვლება: იგი ფონდს ეკუთვნის, რომელიც მე შევქმენი, მაგრამ ამ ფონდს არ შეუძლია ჩემი სარგებლობისთვის რამე გამოყოს. მე ასეთი კონსტრუქცია სპეციალურად შევქმენი. ადამიანები მაინც ამბობენ რაღაცებს, მაგრამ ჩემთვის მთავარია, ღმერთის წინაშე ვიყო ვალდებული და ადამიანებს სამართლიანად ვუპასუხო. მე მათ წინაშე პატიოსანი ვარ“.

 

                                                                                                      დოროთე გითოლენდია