„ჯანელიძე ჯერ კარგად უნდა გაერკვეს, თუ სად მივიდა და რა უნდა გამოასწოროს უწყებაში!“

iee

_ რა თქვა ისეთი ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში, რასაც თავისი მინისტრობა გადააყოლა? _ ეს გახლავთ მთავარი კითხვა, მთელ საქართველოს რომ აინტერესებს, მაგრამ პასუხი არ არსებობს. კი ამბობენ, ალასანია საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის სისტემების ხელმოწერას აპირებდა, მაგრამ მოსკოვის დაკვეთით საქართველოს ხელისუფლებამ ამის გაკეთება დაუშალაო, მაგრამ ეს „ნაციონალებისა“ და თვითონ ალასანიას ფანებისგან წამოსულ ვერსიას უფრო ჰგავს. ასე რომ ყოფილიყო, მუდამ შეშფოთებული დასავლეთი კიდევ ერთხელ შეშფოთდებოდა და ასე ჩუმად არ იქნებოდა. მეორე ვერსიით, რომელიც კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა, ალასანიამ იმაზე მეტი აიღო თავის თავზე, რის ტარებასაც შეძლებდა, ანუ საფრანგეთში ილაპარაკა, რომ ივანიშვილი და ღარიბაშვილი მოსკოვთან ჩახუტებას აპირებდნენ და ხელისუფლების შეცვლა მოითხოვა. ცხადია, ალტერნატივად საკუთარი თავი შესთავაზა. ამას მოყვა ღარიბაშვილის გაცეცხლება. რამდენად მართებულია ეს ვერსიაც, ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთი სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა ახლა უკვე ალასანიას სახით.

„ქრონიკა+“-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე ესაუბრა:

_ ბატონო დავით, ფილოსოფოსი კაცი ხართ და ფილოსოფიური შეკითხვით დავიწყოთ: „რა ხდება დანიის სამეფოში“?

_ რა ხდება და, დანიის სამეფოში საქართველოს თუ ვიგულისხმებთ, ძალაუფლების გადანაწილება ხდება. სახელისუფლებო სტრუქტურებს შიგნით ხდება რაღაც ცვლილებები. მე მაინც მგონია, რომ ახალი საარჩევნო ციკლისთვის ემზადებიან და ამ მზადებამ მოიტანა ის სიტუაციაც, რაც ამჟამად არის შექმნილი ქვეყანაში.

_ თუკი სამომავლო გეგმებზეა საუბარი, გზიდან კონკურენტის ჩამოცილება იყო, რაც ახლა ღარიბაშვილმა გააკეთა?

_ არა, ღარიბაშვილი სწორედაც რომ ყველაზე ნაკლებს ფიქრობს მომავალ არჩევნებზე. ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური სუბიექტები ცდილობენ, რომ, ასე ვთქვათ, გარკვეული სასტარტო პლაცდარმი შეიქმნან მომავალ არჩევნებზე საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად. ამ სუბიექტებმა მიიჩნიეს, რომ ეს პერიოდი კარგი იქნება დისტანცირებისთვის, რათა უკეთეს პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

_ გასაგებია, რომ ასეთი ჯგუფები არსებობენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ხომ მაინც ღარიბაშვილმა მიიღო?

_ ღარიბაშვილი ისეთ სიტუაციაში ჩავარდა, რომ ნებისმიერი მისი სვლა მისთვის იყო არასახარბიელო. წამგებიანობაზე არ არის საუბარი. პრემიერ-მინისტრს შანსი არ ჰქონდა, რომ სხვანაირად მოქცეულიყო. ღარიბაშვილი თუ შეირჩენდა ალასანიას ბრალდებას, ეს ცალსახად წამგებიანი იქნებოდა მისთვის. მხედველობაში მაქვს ბრალდება, რომელიც უკვე ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, თითქოს სახელმწიფო ევროპულ კურსზე ამბობდა უარს; ხოლო თუ არ შეირჩენდა და მოიქცეოდა ისე, როგორც მოიქცა,  ესეც აძლევდა ალასანიას კარგ სასტარტო პოზიციას და კარგ საბაბს ოპოზიციური ნიშის დასაკავებლად. პრინციპში, ასეც მოხდა ყველაფერი. რაღაც-რაღაცები კიდევ გამოჩნდება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც მგონია, რომ ალასანიამ მაინც იჩქარა, როცა ასეთ განცხადებას აკეთებდა.

_ იძულებული ხომ არ იყო, რომ ეჩქარა? მან ეს განცხადება გააკეთა მას მერე, რაც თავდაცვის სამინისტროში ხალხი დაუპატიმრეს. იქნებ, ამან ის მიახვედრა, რომ განწირული იყო და ამიტომ ვა-ბანკზე წავიდა?

_ არა, არანაირად. პირიქით: მან ამ ხალხის დაპატიმრება გამოიყენა საკუთარი პოლიტიკური თამაშისთვის. ის, როგორც ჩანს, ამ ყველაფრისთვის ემზადებოდა და ეს კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა დააანონსა, რომ პარტიაში ბრუნდებოდა.

_ მაგრამ საინტერესოა, რატომ მაინც და მაინც ახლა მოხდა ეს ყველაფერი, რა დამატებითმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი? საუბარია, რომ საფრანგეთში მოხდა რაღაც.

_ მეც ისე ვიცი, რომ თითქოს მართლაც საფრანგეთში მოხდა ძალიან სერიოზული რაღაცა. იქ გადადგა ალასანიამ ძალიან სერიოზული ნაბიჯი უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით და თითქოს ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლება. თუმცა ეს არ არის ის თემა, რომ ვილაპარაკო და გავშალო, მაგრამ თუ გადადგა ასეთი ნაბიჯი ალასანიამ, ეს იყო არასწორი საქციელი. იმიტომ რომ საგარეო პოლიტიკის განმსაზღვრელი თავდაცვის სამინისტრო არ არის და რადგან მინისტრი ამას თავის თავზე იღებს, ეს ნიშნავს, რომ ის გუნდისგან დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს.

_ ჩემი ინფორმაციით კი საფრანგეთში ალასანიამ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან საუბარში მთელ ხელისუფლებას დასდო ბრალი და დასავლეთს მისი მოცილება შესთავაზა. თუმცა მან ვერ დაასაბუთა ღარიბაშვილის მიერ კურსის შეცვლა. სამაგიეროდ ამ საუბრის დეტალები დაუყოვნებლივ აცნობეს ღარიბაშვილს.

_ ნამდვილად ვერ გიპასუხებთ ვერაფერს, რადგან მართლა არ ვიცი. რამდენადაც მე გავიგე, ლაპარაკი იყო რაღაც ხელმოწერაზე. მე ეს ვარიანტი ვიცი, სხვამ _ სხვა და ამიტომ არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი იყო წინააღმდეგობა თავდაცვის მინისტრსა და პრემიერს შორის, თავდაცვის მინისტრი მაინც ვალდებული იყო, პრემიერთან შეთანხმების გარეშე არანაირი ნაბიჯი არ გადაედგა.

_ გასაგებია, მაგრამ გარკვეული ძალები უდასტურებენ ალასანიას, რომ ხელისუფლება საგარეო ვექტორს იცვლის. ამას ყველაზე მეტად „ნაცები“ გაჰყვირიან.

_ დემაგოგიაა ეგ ყველაფერი. არანაირი საგარეო კურსის შეცვლა არ შეინიშნება და ეს, უბრალოდ, პოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, რაზეც საუბარი არასერიოზულად მიმაჩნია.

_ ბატონო დავით, თავდაცვის მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით რას იტყვით? ამ აქტსაც ალასანიას წინააღმდეგ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯად ასახელებენ.

_ თვითონ ალასანიამ წარმოაჩინა, რომ ეს დაკავება მის წინააღმდეგ არის გამოყენებული. სინამდვილეში რა და როგორ არის, ძნელი სათქმელია,  სანამ სასამართლო არ გამოიტანს ვერდიქტს. ჩვენ გვავიწყდება, რომ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია, მაგრამ იმის მიხედვით, თუ ვისი დაპატიმრება მოხდა, ცალსახად მიმანიშნებს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბს შორის, სულ ცოტა, ფუნქციები იყო აღრეული. ამაზე პასუხისმგებელი კი სტრუქტურის ხელმძღვანელი ნამდვილად არის.

_ უფრო კარგად ამიხსენით, რას გულისხმობთ ფუნქციების აღრევაში?

_ შესყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად როცა დაკავებული არის გენშტაბის ერთ-ერთი ძირითადი სამმართველოს უფროსი, ხოლო მათ შუაში არავინ არის დაკავებული, ეს ნიშნავს, რომ შესყიდვების დეპარტამენტს, გარკვეულწილად, პირდაპირი კავშირი აქვს ამ სამმართველოსთან. ეს კი ძირშივე არასწორია და ასეთი კავშირის არსებობა გამორიცხული უნდა იყოს.

_ მაგრამ რადგან მაინც არსებობს ასეთი კავშირი, ეს რას ნიშნავს?

_ თუკი კავშირი არსებობს და გენშტაბის სამმართველოს უფროსი მართლა თუ გადის პირდაპირ ხაზზე შესყიდვების დეპარტამენტთან, სწორედ ეს ნიშნავს, რომ ფუნქციები არის აღრეული, ანუ მეორენაირად რომ ვთქვა, თავდაცვის სამინისტროში სტრუქტურები დალაგებული არ არის.

_ ამ გარემოებას ხომ არ გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი, როცა დააანონსა, სიურპრიზები ჯერ კიდევ წინ გველისო?

_ ვერ გიპასუხებთ, არ ვიცი, რა სიურპრიზებზეა ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ სამინისტროში ყველაფერი ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს.

რაც შეეხება ალასანიას გადაყენების შემდეგ წამოსულ საუბრებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყო, მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს მართლა კრიზისია. თუ ჩვენ გვინდა ისე წარმოვაჩინოთ, რომ კრიზისია, კი ბატონო, მაგრამ ელემენტარულად მთავრობები მიდიან და მოდიან, კოალიციები იხლიჩებიან და ეს არის ნორმალური დემოკრატიული პროცესი. რა შუაშია კრიზისი? ამ მხრივ არაჩვეულებრივი არაფერია. არაჩვეულებრივი და უჩვეულო ის არის, რომ ჩვენ გვემართება ასეთი რამ. რაც შეეხება კითხვას, რამდენად შეარყევს ეს ფაქტი სიტუაციას, თუ იქიდან გამოვალთ, რაც ვიცით, და, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ვიცით, ფაქტია, რომ უსაფრთხოების სექტორი არ არის მზად არანაირი გამოწვევისთვის. იმის გამო კი არა, რომ იქ ცუდი ადამიანები მუშაობენ, არამედ იმიტომ, რომ სისტემა არის დაულაგებელი. თანაც დაულაგებელია არა მარტო სამინისტროს დონეზე, რაც ამ ვითარებამ აჩვენა, ასევე დაულაგებელია მთელ პოლიტიკურ ვერტიკალშიც.

_ ვინ უნდა დაალაგოს ეს სიტუაცია?

_ ვინ უნდა დაალაგოს და ხელისუფლებამ, მაგრამ ვერ ალაგებს. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, ამის მიზეზი ის არის, რომ კომპეტენცია არ ჰყოფნის.

_ საშველი და გამოსავალი არ ყოფილა, თუკი სიტუაციის დალაგება შეუძლებელია!

_ გამოსავალის მეტი რა არის?.. გააჩნია, კონკრეტულად როგორ დასვამ ამოცანას, იმის მიხედვით ხდება მერე ამ ამოცანის ამოხსნაც.

_ მაგრამ კომპეტენცია თუ არ არის, ვერც ამოცანას დასვამ.

_ ვერ დასვამენ და იქნება შემდეგი არჩევნები, როცა შეიძლება მოვიდეს ის ხალხი, რომელიც ამოცანასაც დასვამს და შესაბამის ამოხსნასაც მოუძებნის.

_ ისევ საგარეო კურსის შეცვლის საკითხს დავუბრუნდეთ. ფაქტია, რომ დღეს ამაზე საუბარი თითიდან გამოწოვილი თემაა, მაგრამ სამომავლოდ თუ არის რამე მოსალოდნელი?

_ ისევე როგორც არ არსებობს ერთხელ და სამუდამოდ მოქმედი  კოალიციები, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული გეოპოლიტიკური ვექტორები, ერთხელ და სამუდამოდ მოცემული რეალობები, ასევე არ არის საგარეო კურსიც მუდმივად არსებული. როცა ინტერესთა თანხვედრაა, პარტნიორები ახლოს არიან ერთმანეთთან, ხოლო როცა ინტერესი მცირდება, ასეთიც ხომ არსებობს _ როცა ყოველი ახალი სიტუაცია ახალ ინტერესს წარმოაჩენს, ბუნებრივია, შესაბამისად იცვლებიან პარტნიორებიც. აი, ეს არის გასათვალისწინებელი. მით უმეტეს, რომ ვიმეორებ: ყველა ალიანსი არის დროებითი იმის მიუხედავად, რამდენი ხანიც არ უნდა გრძელდებოდეს.

_ დღეს საუბარია საქართველოში ნატოს საწვრთვნელი ცენტრების ამოქმედებაზე. რამდენად სასარგებლოა ქვეყნისთვის მათი არსებობა?

_ გააჩნია, ცენტრის ქვეშ რა იგულისხმება. დღეს მოქმედებს სამთო მომზადების მშვენიერი ცენტრი, სადაც ნატოს ქვეყნებიც გადიან მომზადებას და არანატოს ქვეყნებიც. ამ ცენტრმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო და ეს ძალიან კარგია. მე მახსოვს, ეს ცენტრი როგორ იწყებოდა და როგორ აგურ-აგურ შენდებოდა. ჯარისკაცების შრომით კეთდებოდა პირველი შენობები. ამ ტიპის ცენტრები თუ იქნება, გინდა ხუთი იყოს და გინდა ოცდაათი, არანაირ პრობლემას ეს არ შექმნის. მეორე მხრივ ეს არანაირ უსაფრთხოების გარანტიასაც არ ქმნის. ხოლო თუ ამ ცენტრებმა მიიღო რაღაც გარკვეული ბაზების სტრუქტურა, რომელიც მიმართულია ცალკე, რამე კონკრეტული ფაქტორის წინააღმდეგ, ეს უსაფრთხოების გარანტიას კი არ შექმნის, პირიქით, გაზრდის საფრთხის რისკს. ამას უნდა გათვალისწინება. ჩვენ, ქართველებს, გვიყვარს ხოლმე როყიოდ ლაპარაკი _ აი, ცენტრს დავდგამთ, გვეშველება და ასეთი ამბები. უნდა დააზუსტო, რას დადგამ, რას აპირებ, ვის ემუქრება, რომ დადგამ და თუ არ ემუქრება, რა გარანტიაა, რომ არ ემუქრება. სამწუხაროდ, ეს გათვლა არ ხდება. მეტიც _ როგორც გამოირკვა, მთავრობაშიც არ არის ამ საკითხზე ერთიანობა.

_ ყველაზე მტკივნეულ საკითხს ჩავუღრმავდეთ, რაც თქვენ წეღან ახსენეთ: სიტუაცია არის დაულაგებელი, თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილების შემდეგ რამდენად შესაძლებელია ამის გამოსწორება?

_ დალაგება აუცილებელია, მაგრამ ჯანელიძე ამას ვერ დაალაგებს. ახალი მინისტრი ჯერ კარგად უნდა გაერკვეს იმაში, თუ სად მივიდა. რა დრო დასჭირდება ამისთვის, არ ვიცი.

_ გასაგებია, ისევ კომპეტენციამდე მივდივართ.

_ დიახ, ისევ მივდივართ კომპეტენციამდე, რაც, ისევ ვიმეორებ, ძალიან სერიოზული და მტკივნეული თემაა.

_ თქვენ რომ გთხოვოთ  ღარიბაშვილმა, რამე მირჩიეთო, რას ურჩევდით?

_ გააჩნია, რას მოითხოვს… თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდების დონეა. მოდით, არ გვინდა მარჩიელობა…

_ ბატონო დავით, ვარიანტი არ არის, გული არ შეგტკიოდეთ თავდაცვის სამინისტროზე. რომ შეგეძლოთ, უკეთესობისაკენ რას შეცვლიდით ამ უწყებაში?

_ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას რომ შევეცადო, ნამდვილად არასერიოზული კაცი ვიქნები, იმიტომ რომ მე არ ვიცი, თავდაცვის სამინისტრო დღეს რას წარმოადგენს. ჯანელიძეს კი ჯერ სერიოზული მუშაობა დასჭირდება, ვიდრე დასკვნებს გააკეთებს, თუ რა და როგორ უნდა გამოასწოროს უწყებაში.

 

                                                                                                დავით დევიძე