ტაბახმელის მოსახლეობა თბილისის მერიას უჩივის

rt

სოფელ ტაბახმელის მოსახლეობა სოფლის თბილისთან მიერთებას აპროტესტებს. გლეხები აცხადებენ, რომ თბილისის ტერიტორიების ხელოვნური გაფართოება შიმშილით სიკვდილს უქადით. დედაქალაქის ტერიტორიის ამჟამინდელი საზღვრები დადგენილია „ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების პროექტის განხილვის შესახებ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის, #574 განკარგულებით და ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის #4173 დადგენილებით. აღნიშნული საკანონმდებლო

ცვლილების შედეგად თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში მოექცა 23 ერთეული დაბისა და სოფლის ტიპის დასახლება, მათ შორის, ტაბახმელაც. თუმცა სოფლის მოსახლეობა აცხადებს, რომ ტაბახმელა თბილისის შემადგენლობაში ისტორიულად არსებული საძოვრების გარეშე შეიყვანეს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლეხებს პირუტყვის გამოსაკვებად ტერიტორიები არ აქვთ, ეს კი, მათი აზრით, ჯერ შინაური ცხოველების, შემდეგ კი მოსახლეობის შიმშილით სიკვდილის მომასწავებელია.

საძოვარი რომ აღარ ეკუთვნოდათ, ეს ამბავი ტაბახმელელებმა კუმისელებისგან შეიტყვეს. ერთ დღეს კუმისელი გლეხების ცხვარი ტაბახმელის საძოვარს რომ მიადგა, „მომთაბარეებისთვის“ ჭკუის სასწავლებლად მივარდნილებს „მომხდურებმა“ კანონი შეაგებეს, _ რას გვერჩით? ეს მიწა გარდაბნის ბალანსზეა მოქცეული და როგორც გვინდა, ისე გამოვიყენებთო.

გლეხებმა საჩივრით მიმართეს მერიას და განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ დროულად არ მიიღებენ შესაბამის ზომებს და მათ კანონიერ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, მიმართავენ სასამართლოს, მედიის საშუალებით კი საზოგადოების სამსჯავროზე გამოიტანენ უგულავას დროინდელი მერიის ადმინისტრაციის უსულგულო გადაწყვეტილებას, რომლის გასაბათილებლადაც არაფერს აკეთებს ნარმანიას მთავრობა.

ტაბახმელის მოსახლეობის მერიისადმი მიმართულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 2007 წელს თბილისთან მიმდებარე სოფლებისა და მათ შორის, ტაბახმელის მიერთებაც მოხდა. თუმცა ტერიტორიების გამიჯვნისას, უნებლიე შეცდომისა, თუ ვიღაცის კერძო ინტერსის გამო, ჩვენი სოფლის სავარგულების ერთი ნაწილი, 16 ჰა-ს ოდენობით (საძოვარი და ბუჩქნარი ტყე), გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისის საზღვრებშია რეგისტრირებული. ლაპარაკია სოფელ კუმისის ტერიტორიაზე არსებული მებაღეობის აგარაკების მოსაზღვრედ არსებულ სავარგულზე, რომელსაც არანაკლებ 300 წელია, სოფლის მოსახლეობა „სოლაღას წილის“ სახელით მოიხსენიებს და ამ დროის განმავლობაში იყენებდა ჯერ როგორც სახნავს, შემდეგ კი საძოვარს. სოფელ ტაბახმელის თბილისთან მიერთებამდე და დღესაც არანაირი ზეპირი, ნივთიერი ან წერილობითი საბუთი არ არსებობს იმის დამადასტურებლად, რომ ეს ფართობი ოდესმე ეკუთვნოდა სოფელ კუმისს, ან კიდევ ორ სოფელს შორის დავის ობიექტი ყოფილიყო. ამასვე ადასტურებენ სოფლის უხუცესები. ვფიქრობთ, რომ კოსმიურ შესწავლას საჭიროებს სოფელ კუმისთან მოსაზღვრე სხვა სავარგულების გამიჯვნის მართლზომიერებაც.

თავადი სოლაღაშვილები საუკუნეების მანძილზე ტაბახმელის მეპატრონეები იყვნენ და სავარგულებსაც ისინი განკარგავდნენ (ალექსანდრე ბოშიშვილი, _ „თბილისის გარეუბნების ისტორია“, 2001 წელი). XVIII საუკუნეში მათ მამულები მასობრივად გაყიდეს, თუმცა გასული 250 წლის მანძილზე ჩვენი წინაპრები და დღევანდელი თაობაც ძველი მეპატრონეების სახელით მოვიხსენიებთ და „სოლაღას წილს“ ვუწოდებთ. „სოლაღას წილის“ მოსაზღვრე, სოფელ კუმისის საძოვრები გასული საუკუნის 80-იან წლებში გადასცეს კოლექტიური მებაღეობის წევრებს. ჩვენი სოფლის კუთვნილ ფართობს მაშინ ვერ შეეხენ, რადგანაც საკავშირო ობიექტის, ტაბახმელის ბიოკომბინატის ბალანსზე იყო აღრიცხული და მოსახლეობის კერძო პირუტყვთან ერთად მეურნეობის ცხვრის სულადობაც სარგებლობდა მისით. ორი სოფლის სავარგულების გამყოფი ზოლის დამადასტურებელი მიჯნის ლოდი, რომელიც არანაკლებ 200-300 წელია ადგილზეა, ჩვენს სიმართლეს ადასტურებს.

ეჭვგარეშეა, რომ სოფელ კუმისის მოსახლეობამ ჩვენი საძოვრის სახელწოდებაც კი არ იცის და საკუთარი ისტორიული სავარგულის _ ქობულაანთ ველის _ დაბრუნების მოთხოვნის ნაცვლად, ჩვენი მიწა-წყლის მითვისებას ცდილობს. თბილისთან მიერთების მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი კვლავაც მეცხოველეობის დარგით არის თვითდასაქმებული. აქ ყოველწლიურად ეკოლოგიურად სუფთა 550-600 ტონა რძე და 150-200 ტონა ხორცი იწარმოება, რაც ჩვენი შემოსავლებისა და არსებობის აუცილებელ წყაროს წარმოადგენს. ამიტომაც ძალიან მტკივნეულია ჩვენი წინაპრების ნალოლიავები, მათი სისხლითა და ოფლით გაჯერებული მიწების გაჩუქება თუ გასხვისება; მეორე მხრივ, მეცხოველეობის არსებობისთვის საფუძვლის გამოცლაა და ისედაც მცირე საძოვრების უფრო მეტად შემცირება, რაც ჩვენს არსებობასაც საფრთხეს უქმნის. ამასთან ასეთი უგუნური, სოფლის ინტერესების შემლახველი გადაწყვეტილების გამო დაიწყო ორი სოფლის მწყემსებსა და მენახირეებს შორის მუდმივი დავა, აყალმაყალი, გაწევ-გამოწევა, რამაც შეიძლება ფართო მასშტაბი მიიღოს და გამოუსწორებელი შედეგებით დასრულდეს. ჩვენი სამშობლო იწყება ჩვენი მამულიდან _ სახნავიდან, სათიბიდან, საძოვრიდან, ტყიდან, ბუჩქნარიდან, ხევებიდან, ღელეებიდან, წყლიდან და მისი სიყვარული მამა-პაპათაგან გენეტიკურად მოგვდგამს, ამიტომაც სადაც ტაბახმელაა, იქ უნდა იყოს მისი ისტორიული მიწების ყოველი გოჯი.

აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, გვიშუამდგომლოთ ქვეყნის შესაბამის ორგანოებთან, რათა წინა ხელისუფლების დაშვებული შეცდომა დროულად გამოსწორდეს, აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და „სოლოღას წილის“ საძოვარი, მიმდებარე ბუჩქნარით, დაუბრუნდეს მის კანონიერ პატრონს _ სოფელ ტაბახმელის მოსახლეობას“.  განცხადებას ხელს აწერს სოფლის ყველა მკვიდრი.

მიუხედავად ამისა, მათ, ჯერჯერობით, შედეგს ვერ მიაღწიეს, თუმცა მერიის საპასუხო წერილიდან გაირკვა, რომ ტაბახმელის საძოვარი თბილისის საკუთრებაა და შეცდომით მოხვდა კუმისის საზღვრებშიო. მიმდინარე წლის აგვისტოს მიწურულს შეტანილ განცხადებაზე თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გლეხებს წერილობით დაუდასტურა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ არქიტექტურის სამსახურის გენგეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება გაეცნო გლეხების სატკივარს, სანუგეშო ვერაფერი, მაგრამ მორიგი აბსურდის შესახებ კი უთხრა: მომჩივანთ შეახსენეს, რომელი დადგენილების მიხედვით შეიცვალა თბილისისა და, შესაბამისად, ტაბახმელის საზღვრები და ასევე წერილობით განუცხადეს: „ახალი საზღვრის დეტალური აღწერა და რუკა თან ერთვის ზემოაღნიშნულ დადგენილებას, რომლის თანახმადაც, თქვენ მიერ წარმოდგენილ რუკაზე მონიშნული ტერიტორია მოქცეულია თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში. ამის შემდეგ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარდა საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები, რომელმაც ადგილზე დაადგინა დედაქალაქის ადმინისტრაციული საზღვრები, რომლის მიხედვითაც ცალკეულ ადგილებში საზღვრებმა განიცადა ცვლილება. თუმცა სადემარკაციო ღონისძიებები დასრულებული არ არის და საკითხის შემდგომი განხილვის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება თქვენი მოთხოვნა“.

მერიის განცხადებით, ირკვევა, რომ სადავო მიწა, ტაბახმელის საძოვარი, კანონით თბილისსა და, შესაბამისად, ტაბახმელას ეკუთვნის, მაგრამ, რატომღაც, გარდაბნის ბალანსზე არის დარიცხული. ტაბახმელელი ზურა შერმაზანაშვილი მიიჩნევს, რომ მიწა თბილისის მერიის რომელიღაც მაღალჩინოსანს უნდოდა სათავისოდ, ამიტომაც ტაბახმელა კი მიაკუთვნეს თბილისს, მაგრამ საძოვრები შეგნებულად დატოვეს გარდაბნის რაიონის შემადგენლობაში მყოფი კუმისის საზღვრებში.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება ზურაბ შერმაზანაშვილი:

_ თბილისის საზღვრებში მიწის ფასი 15 ლარზე ნაკლები არ იქნებოდა და მთელი ტერიტორიის ფასი მილიონ ლარამდე ავიდოდა, გარდაბნის საკუთრებაში არსებულს კი, მთლიანობაში, ალბათ, 60 000 ლარიც ეყოფა. მერე, ალბათ, მყიდველი მილიონზე მეტადაც გაყიდდა და დიდ ფულს ისე ჩაიჯიბავდა, რომ სულ არ შეაწუხებდა მშიერი გლეხების სატკივარი. მიწა რომ ვიღაცამ სათავისოდ მოინიშნა, ეს ჩვენი ვარაუდია, სამწუხაროდ, ბევრი დეტალი იწვევს ეჭვს. თუნდაც ის, რომ მიწა ტაბახმელის არის ისტორიულად, შესაბამისად, გადმოცემების საფუძველზე და კანონის ძალითაც თბილისის საკუთრებაა, მაგრამ სპეციალურად არის დატოვებული კუმისის საზღვრებში.

_ თბილისის მერიას არ ჰკითხეთ, შეცდომის მიზეზს იძიებენ თუ არა, ან როდის გამოსწორდება ხარვეზი?

_ მიზეზის ძიებაზე ვინ მოიკლავს თავს? მადლობა ღმერთს, ის მაინც რომ აღიარეს, შემდეგში გავითვალისწინებთ თქვენს საკითხსო, მაგრამ შემდეგს ვადა არ აქვს. თარიღი მიახლოებითაც კი არ დაუკონკრეტებიათ. თან ეს ხარვეზია? ამას ჰქვია შეგნებული ბოროტება! მერიაში უკვე მეორედ შევიტანეთ განცხადება. პირველად მოვითხოვეთ, რომ საძოვრების საზღვარზე არსებულ, ისტორიული მიჯნის ლოდთან აღმართულიყო ტრაფარეტი წარწერით: თბილისი, მთაწმინდის რაიონი. პასუხი არ  გამცეს ამ განცხადებაზე. მაშინ ჯერ კიდევ უგულავას მერია მართავდა დედაქალაქს. შემდეგ შევიტანე განცხადება, რომელიც თქვენც წარმოგიდგინეთ. მოვითხოვეთ,

ტერიტორიის საკითხი მოეგვარებინათ ისე, რომ სოფლების მოსახლეობას ერთმანეთთან ჩხუბი და შეხლა-შემოხლა არ ჰქონოდა. საერთოდაც, გამკვირვებია, საიდან გაიგეს კუმისელებმა, რომ ეს მიწა კუმისის საკუთრებად ეწერა რეესტრში? მათი ცხვარი რომ ამოვიდა ჩვენს საძოვარზე და გაყრა დავუპირეთ, მწყემსები მაგრად დადგნენ, _ ჩვენ რას გვერჩით, წადით, თბილისის მერიის ინტერნეტგვერდზე ნახეთ, ეს მიწა კუმისისად წერიაო. ვნახე და მართლაც სახტად დავრჩი. ერთი იმიტომ, რომ მიწა უსამართლოდ წაგვართვეს, მერე კიდევ, ვერ გავიგე, მეცხვარეებს, გლეხებს, საიდან უნდა ჰქონოდათ ეს ინფორმაცია?! არ მითხრას ვინმემ, რომ დღე და ღამე მეცხვარე და მწყემსი საკადასტრო რუკებს უსხედან და იკვლევენ. ზოოვეტერინარულ ინსტიტუტში მეძროხეობის განყოფილებაში ვიმუშავე 25 წელი. სამსახური რომ აღარ მაქვს (ისიც იმიტომ, რომ ყველა მთავრობამ დააქცია ჩვენი დარგი), ძროხით და ცხვრით ვცხოვრობ, მაგრამ საძოვრებს გვართმევენ! რა ვქნა, ავიყარო და სადმე წავიდე?! სად?!

_ ისევ ამოდიან კუმისელები?

_ ვთხოვე სოფლის გამგებელს, რომ მოსახლეობა დაეკავებინა და ნუ იზამენ ისე, რომ ჩვენს მიწაზე უსამართლოდ დაპატრონება სცადონ და ამას დიდი შუღლი მოჰყვეს-მეთქი. გამგებელმა მითხრა, რომ დავაშოშმინებ ხალხსო და ჯერ არ ჩანან, მაგრამ ხომ არ შეიძლება, ბეწვის ხიდზე ვიდგეთ?

„ქრონიკა+“ ინფორმაციის დასაზუსტებლად თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიგვიღია.

 

                                                                                       ელენე იმერლიშვილი