ლეონიდ ჩერნოვეცკი: „საქართველოში ქველ საქმეებს იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს საქართველო!“

photo.php

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საინტერესო პროექტებს ახორციელებს, თუმცა ამ ფონდის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. პროექტების გარდა ეს ფონდი იმითაც არის საინტერესო, რომ მისი მთავარი დონორი უკრაინელი მილიარდერი გახლავთ _ ლეონიდ ჩერნოვეცკი. რატომ დაინტერესდა უცხოელი ქველი საქმეებით საქართველოში? რამდენად მასშტაბური და მნიშვნელოვანია მისი პროექტები?

ჩერნოვეცკი კიევის ყოფილი მერია, 2006-12 წლებში გახლდათ უკრაინის დედაქალაქის თავი, ბოლო წლებში კი პოლიტიკისგან განზე დგას. ამ დროისთვის ის ქობულეთში ცხოვრობს, ფეშენებელურ, გემოვნებით გაწყობილ სახლში ზღვის პირას. შავი ზღვის სუნთქვა იქ განსაკუთრებულად ისმის _ ამის იმიტაციას მდიდრული სახლის ესთეტიკა განაპირობებს.

გასულ უქმეებზე ამ ფონდმა მედიატური მოაწყო და ქობულეთში, სასტუმრო GEORGIA PALCE HOTEL -ში მედიაპრეზენტაციაც გამართა. ამ ფონდის პრეზიდენტი საქართველოში გიორგი ქვრივიშვილია, პრეზენტაციაზეც მან ისაუბრა ჟურნალისტებთან:

_ ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წელს დაარსდა და 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასახმარბლად. ჩვენი მიზანი ადამიანების დახმარებაა და კარგი იქნება, თუ ამ საქმეში რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია თუ პიროვნება ჩაერთვება, რადგან მხოლოდ ერთი დონორი ვერ გადაფარავს იმ საჭიროებებს, რაც რეალურად სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აქვს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ქველმოქმედება მხოლოდ თანხის გადახდა არ არის, ქველმოქმედმა უნდა იცოდეს, კონკრეტულად როგორ დაეხმაროს მათ, ვისაც ეს სჭირდება.

„შინ მოვლა“ _ ასე ჰქვია ჩვენი ფონდის ერთ-ერთ პროექტს. ამ პროგრამის მიხედვით ჩვენ ვზრუნავთ 300 მოხუცებულზე. ისინი ყოველდღე იღებენ უფასო ექთნის მომსახურებას, უფასო მედიკამენტებს და ჰიგიენურ საფენებს. ყოველდღე ჩვენ მიერ დაქირავებული 30 ექთანი 7-10 ვიზიტს ახორციელებს თბილისში. ამ პროექტის გაფართოება გვსურს. დევნილების დასახლება წეროვანში და სხვა რეგიონები ჩვენი ფონდის თვალათახედვის არეშია. გარდა სამედიცინო დახმარებისა დაწყებული გვაქვს საკვების მიწოდებაც.

ფონდის კიდევ ერთი პროექტი: „მცირე საოჯახო სახლი“ _ ასეთი სახლი შარშან გავხსენით და იქ 10 ბავშვი ცხოვრობს. ჩვენი მიზანია, რომ ამ ბავშვებმა ოჯახურ გარემოში იგრძნონ თავი. ასეთი სახლის ანალოგი ევროპაშიც კი ძნელად მოიძებნება. ეს არ არის სასტუმრო ბავშვებისთვის, ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ ოჯახის ატმოსფერო შევუქმნათ.

ჩვენი ფონდის მიმართულება მოიცავს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებასაც, რომელთაც შვიდი  და მეტი შვილი ჰყავთ და ოჯახებს თითო ბავშვზე თვეში ვეხმარებით 100 დოლარის ექვივალენტით რომელიც ოჯახებმა ბავშვის კეთილდღეობას უნდა მოახმარონ. სოციალურად დაუცველ 15 მრავალშვილიან ოჯახს ვეხმარებით.

23 ნოემბერს, გიორგობას, ვაპირებთ პანსიონატის გახსნას ქობულეთში, სადაც 50 სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვი იცხოვრებს. ეს იქნება საოჯახო ტიპის სახლი, სადაც აჭარის რეგიონიდან ავიყვანთ ბავშვებს.

სხვადასხვა ბიზნესმენებისგან არის ინიციატივები, გახდნენ ჩვენი ფონდის პარტნიორები. მაგალითად, თეთრი წყაროში მოქმედი ფერმა ქათმის ხორცით გვამარაგებს, ერთი კომპანია კი თვეში 400 კილოგრამ ბურღულეულს გვაძლევს. ამ ყველაფერს გლობალური სახე უნდა მივცეთ. ჩვენი ფონდისა და საქმიანობის შესახებ ჯერ ბევრმა არ იცის და ალბათ ამის გამო ჯერ არ გვყავს ბევრი პარტნიორი.

საქმეს გვირთულებს ის, რომ თითქოს საქართველოში _ თბილისში არ სჭირდებათ საოჯახო ტიპის სახლები. ასეთი რამ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს. საქმე ისაა, რომ საქართველოში არის ბავშვთა სახლები, რომლებსაც ვერ ავსებენ. მაგალითად, ბავშვთა სახლი არის ჟინვალში, თუმცა მშობლები თბილისიდან იქ ჩასვლას ხშირად ვერ ახერხებენ და ამიტომ არ სურთ შვილების იქ გაგზავნა. გვიჭირს დავიჯეროთ რომ თბილისში არ არის საშიშროება იმისა, რომ იყოს კიდევ ერთი ევროპული ტიპის საოჯახო სახლი, როდესაც ყოველ შუქნიშანზე რამდენიმე ბავში დგას და ითხოვს დახმარებას ავტომობილის მძღოლებისგან, ასევე თბილისის ქუჩებში გვხვდება უამრავი მშიერი ბავშვი, რომელსაც მზრუნველობა ესაჭიროება. ასეთი ტიპის დაწესებულებებისთვის საერთაშორისო ფონდები ფულს ურიცხავენ ჩვენს მთავრობას და ამ გრანტებს ათვისება უნდა. ალბათ ამის გამო გვიქმნიან პრობლემებს.

ფონდის მედიაპრეზენტაციაზე ელენა პოლიშუკმა ისაუბრა, ის ამ ფონდის სათავო ოფისის წარმომადგენელია. „სოციალური პარტნიორობა“ დაფუძნებულია კიევში, საქართველოში მოქმედი ფონდი კი სწორედ კიევურის შვილობილი ორგანიზაცია გახლავთ. ქალბატონმა პოლიშუკმა ფონდის უკრაინული საქმიანობა მიმოიხილა. ცხადია, ეს ფონდი კიევში უფრო მასშტაბურად მოქმედებს:

„კიევში 3000 კვადრატული მეტრის შენობა გვაქვს აღებული. ჩვენი ფონდი უკრაინაში უკვე 16 წლისაა. ყოველდღე 2000 ადამიანს უზრუნველვყოფთ საკვებით. უკრაინაში დატრიალებული საომარი მოქმედებების გამო ფონდის დახმარება გაჭირვებული ადამიანებისთვის 15-20 პროცენტით გაიზარდა. რა თქმა უნდა, აღმოსავლეთ უკრაინიდან ჩამოსულ დევნილებსაც ვეხმარებით. ჩვენი ფონდი სოციალურად დაუცველ და უსახლკარო ადამიანებს აძლევს იმის საშუალებას, რომ იმუშაონ, დაისვენონ, დაიძინონ, იპოვონ საკუთარი თავი საზოგადოებაში. ვიღებთ გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებიდანაც, თუმცა მეტწილად ჩვენი სახსრებით გვიწევს მუშაობა. ვეხმარებით მაიდანზე დაღუპულთა ოჯახებსაც, რისთვისაც უკვე დავხარჯეთ 769 000 დოლარი.

„სოციალური პარტნიორობის“ კიევურმა ოფისმა ქობულეთში, სასტუმრო „აიეტში“, აღმოსავლეთ უკრაინიდან დევნილი ბავშვები ჩაიყვანა მშობლებთან, სადაც ისინი ერთი თვის მაძილზე დარჩებიან და დაისვენებენ. ჟურნალისტებს მათი მონახულების საშუალებაც გვქონდა. უკრაინელი ბავშვები იქ თავს მართლაც ბედნიერად გრძნობენ და შინ დაბრუნება სულაც არ ეჩქრებათ. ეს პროექტი როტაციულია, ერთ ჯგუფს მომდევნო ანაცვლებს.  აქედანაც ჩანს, რომ ლეონიდ ჩერნოვეცკის საქართველოს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს.

რამდენიმე ჟურნალისტი ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საკუთარ სახლში მიგვიპატიჟა. დადებითი მუხტი სლავური უბრალოებიდან მოდიოდა. მშვიდი, გაწონასწორებული, დაფიქრებული, ყურადღებიანი _ ასეთია უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკირი ჩერნოვეცკი.

„თქვენთან არ არის ბევრი მდიდარი ადამიანი, ირგვლივ სიღარიბეა, საბჭოთა დროს კავკასია მდიდრულად ცხოვრობდა, ახლა კი… საქართველოში ქველ საქმეებს იმიტომ ვაკეთებ, რომ მიყვარს საქართველო. ჩემი საქველმოქმედო საქმიანობისთვის არანაირ საფასურს არ ვითხოვ, პოლიტიკას ჩამოვშორდი და აღარ ვაპირებ მივუბრუნდე ამ საქმეს. საზოგადოება ვალდებულია, დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს. უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ადამიანია და ყველაფერი ადამიანებისთვის უნდა კეთდებოდეს. მაქვს სურვილი, უფრო მეტი გავაკეთო, თუმცა საქართველოს მთავრობისგან არანაირ ხელშეწყობას არ ვგრძნობ, პირქით, ხელის შემშლელი ფაქტორები ჩნდება ხოლმე… ბიძინა ივანიშვილს პირადად არ ვიცნობ, ვიცი, რომ მეცენატია მანდ ბევრი რამ გააკეთა. უკრაინის ოლიგარქებს რაც შეეხება, ახმეტოვი აკეთებს ქველ საქმეებს, კოლმოინსკი _ არა“, _ გვითხრა ჩერნოვეცკიმ. ეს არ ყოფილა ინტერვიუ, უბრალოდ, ვსაუბრობდით.

ჩერნოვეცკიმ საკუთარი სახლიც  დაგვათვალიერებინა. მოდერნული ინტერიერი, თევზები, შემინული დიზაინი _ სიმდიდრე და უბრალოება ერთმანეთს კარგად ეხამებოდა. ზღვის სუნთქვაზე კი უკვე გითხარით.

ძალაუნებურად გაგიჩნდებოდათ იმის სურვილი, რომ ასეთი ადამიანი საქართველომ უნდა გამოიყენოს _ ჩერნოვეცკის ფინანსური რესურსები და გამოცდილება, დამოკიდებულება საქართველოს მიმართ _ რატომ უშლიან მას ხელს საქართველოში, რატომ არ სურთ მასთან პარტნიორობა?..

 

                                                                                  დავით თავართქილაძე