გია ხუხაშვილი: „პოლიტიკაში გახარიას მხოლოდ მეხანძრის როლი დაუტოვეს“

დღეს, 16 იანვარს, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება.

ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს. „ოცნებას“ არჩევანის გაკეთება ირაკლი კობახიძესა და ირაკლი კობახიძეს შორის მოუწევს. მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი „წავიდა“ და მის პოლიტიკურ მემკვიდრედ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაგვიტოვა.

რისთვის სჭირდება ივანიშვილს კობახიძის პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნა? რამ შეიძლება გამოიწვიოს „ქართულ ოცნებაში“ შიდა აფეთქება? ელექტორალური მიზიდულობის თვალსაზრისით, ვინ არის მმართველ პარტიაში მოწინავე პოლიტიკური ფიგურა?

აღნიშნული თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში, 2020 წლის ივლისში, განაცხადეთ, რომ „ივანიშვილმა გახარიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბების საშუალება უნდა მისცეს. ივანიშვილისთვის პრობლემა არა ძალაუფლების შენარჩუნება, არამედ მისგან განთავისუფლებაა, მისთვის ტოქსიკური გახდა ეს ყველაფერი და თამაშიდან გასვლა უნდა“, – დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ არ ფიქრობთ, რომ ივანიშვილმა ეს რჩევა გაითვალისწინა?

_ გახარია კი დატოვა პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მაგრამ ერთია ფიზიკურად ჩამოშორება-არჩამოშორება და მეორეა მისთვის უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროდ, ამ ნაწილში ვერ ვიქნები ოპტიმისტი, ივანიშვილმა არ გაითვალისწინა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, მას უნდოდა წასვლა რაღაც ფორმით. არ მგონია, ის მთლიანად დისტანცირდეს, როგორც ამაზე საუბრობს. ერთი მხრივ, ივანიშვილი უარს ამბობს ქვეყნის მართვაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, არ ამბობს უარს კონტროლის შენარჩუნებაზე. ამ კონტროლის ფორმა რამდენად ღრმა და სისტემური იქნება ამას შემდგომი მოვლენები გვაჩვენებს. პირველი ორი ინდიკატორი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ერთი მხრივ, გახარია დატოვა, მაგრამ მარტო დატოვა, ანუ სტერილური. ივანიშვილმა საკუთარი გუნდი დაუტოვა მთავრობაში და არ მისცა თუნდაც ერთი მინისტრის შეცვლის საშუალება და კომფორტი არ შეუქმნა. მეორე მხრივ კი პარტიის თავმჯდომარეობა ჩააბარა ადამიანს, რომელიც შიდა პარტიული გაგებითაც კი ანტიგმირია. ლოგიკურად, ჯანსაღ სიტუაციაში პარტიის ლიდერი ხდება ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი პოლიტიკური წონა და ელექტორალური მიზიდულობა. კობახიძე არ განეკუთვნება ასეთი ადამიანების რიგს. ლოგიკურად,  ჯანსაღი პროცესის თვალსაზრისით, პარტიის თავმჯდომარე გახარია ან კალაძე უნდა გამხდარიყო.„ქართულ ოცნებაში“ საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი მხოლოდ მათ აქვთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა არჩევანი კობახიძეზე შეაჩერა.

_ რისთვის დასჭირდა ივანიშვილს კობახიძე ამ პოსტზე?

_ ბალანსისთვის დასჭირდა, რადგან  ვიღაცას არ გაუჩნდეს  ილუზია, რომ  მისი კონტროლიდან გასვლა შეუძლია. ბიძინა ივანიშვილისთვის ისედაც არ იყო კომფორტული მართვა, მაგრამ, მეორე მხრივ, მან შეინარჩუნა კონტროლი თუნდაც იმ დოზით, რა დოზითაც მას სჭირდება საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ივანიშვილის გადაწყვეტილებების მთავარი მიზეზი გახლავთ ის, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩამოყალიბდა პრობლემები, რომელთა გადაწყვეტის გზას ის ვეღარ ხედავს, არანაირი პოზიტიური გეგმა არ გააჩნია, ამიტომ გაცლა ამჯობინა, სანამ ჯერ კიდევ აქვს საშუალება, რომ მინიმალური დანაკარგებით მოიხსნას პასუხისმგებლობა. თამაშიდან გავიდა თუ არა, ეს ჩვენ არ ვიცით, ამას დრო აჩვენებს, მაგრამ ის, რომ პასუხისმგებლობის მოხსნა უნდა ამ ყველაფერზე, – ეს ფაქტია. მის ამ გადაწყვეტილებაში, სამწუხაროდ, გაქცევის ელემენტი იკვეთება.

_ დღევანდელი მოცემულობით, პოლიტიკური მოთამაშეების თვალსაზრისით, რა განსხვავებაა კობახიძესა და გახარიას შორის?

_ ელექტორალური მიზიდულობის თვალსაზრისით კობახიძე ნულია და ის არაფრად გამოდგება. როგორც შიდა პარტიული მოთამაშე, პარადოქსია, მაგრამ ის გახარიაზე ძლიერია. გახარია აბსოლუტურად სტერილურია, მას წითელი ხაზები აქვს შემოღობილი, რა უნდა აკეთოს და რა – არა. ფაქტობრივად, მისი წითელი ხაზია, რომ პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. პოლიტიკაში მხოლოდ იმ დოზით უნდა ჩაერიოს, რა დოზითაც ის მიიღებს შესაბამისს დირექტივას და მაშინ ჩაერიოს, როცა ასანთით მორბენალი ბავშვი (კობახიძეს ვგულისხმობ) მორიგ სახლს გადაწვავს. ამ დროს გახარია შემოჰყავთ პოლიტიკაში იმისთვის, რომ თვალი ჩააპაჭუნოს და ცეცხლი ჩააქროს. პოლიტიკაში გახარიას მხოლოდ მეხანძრის როლი დაუტოვეს.სამწუხაროდ, ის არ არის პოლიტიკური მოთამაშე, მას მხოლოდ ეპიზოდური როლი აქვს, კრიზისის გამწვავების მომენტში, საკუთარი მოქნილობით, აგიზგიზებული ცეცხლი ჩააქროს.

_ ივანიშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში  ისიც აღნიშნა, რომ  გარკვეულწილად იმის საშიშროება არის, რომ ერთმანეთში დაიწყონ რაღაცების გარკვევა. უნდა ველოდოთ თუ  არა „ქართულ ოცნებაში“ შიდა აფეთქებას?

_ „ქართულ ოცნებაში“ ამ სამი ადამიანის (გახარია-კალაძე-კობახიძე) დაპირისპირება მთავარი რისკი არ არის. „ქართული ოცნების“ ძირითადი აქტივი პირადად ბიძინა ივანიშვილზე იყო ორიენტირებული, ანუ ეს პარტია მათთვის ბიძინა ივანიშვილთან ასოცირდება. შესაბამისად, მის გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ „ქართული ოცნება“, მათთვის ავტორიტეტი არ არის არც კალაძე, არც გახარია და კობახიძე. ჯერჯერობით, ეს აქტივი ჩუმადაა, რადგან ჯერ კიდევ აქვს განცდა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ტრიუკია და იგი რეალურად არსად მიდის. თუ ეს ხალხი დარწმუნდა, რომ ბიძინა ნამდვილად წავიდა, „ქართულ ოცნებაში“ სერიოზული პრობლემები დაიწყება მასობრივი რყევების სახით. ამ სამი ადამიანიდან ვერც ერთი შეაკავებს ამ პროცესს. შესაბამისად, საფრთხე აქ არის ჩადებული და არა გახარია-კობახიძე-კალაძის დაპირისპირებაში. ზუსტად აქ არის ტექნოლოგიური კონტროლის ინსტრუმენტი ჩადებული ბიძინა ივანიშვილისთვის და ამ ნაწილშია ზუსტად კობახიძის დანიშვნის ფუნქციონალი. კობახიძე არის ერთგვარი დამოკლეს მახვილი, გარდა ამისა, იგი სულ კონფლიქტურია. ბიძინა ივანიშვილს კობახიძე მთლიანად ჯიბეში უდევს და, მეორე მხრივ, ივანიშვილისთვის ეს არის მართვის ინსტრუმენტი _ თუ მის პირად უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას საფრთხე შეექმნა, მას შეუძლია, ეს მახვილი ყოველთვის აღმართოს ირიბად ისე, რომ თავად საერთოდ არ გამოჩნდეს.

ნენე ინჯგია