თამაზ ვაშაკიძე: „ჩემი დევნის ოპერაციას გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა“

გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, ოპოზიცია და საზოგადოება შოკში ჩააგდო. მან ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება. ამას „ნაციონალებში“ არნახული აღშფოთება მოჰყვა. ვაშაძე იძულებული გახდა, თავისი პოზიციები შეეცვალა, თუმცა მალევე მთავრობასთან დაახლოებულ „რუსთავი 2-ს“ მისცა ინტერვიუ და იქაც, ფაქტობრივად, იგივე გაიმეორა. ამან, ბუნებრივია, გააჩინა ეჭვები. ბოროტი ხმები ამბობენ, რომ მასთან ხელისუფლების წარმომადგენლებს მოლაპარაკება ჰქონდათ და ის შეიძლება, პარლამენტშიც კი შევიდეს.

ბევრს ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას გაურიგდეს. ხელისუფლებას ამ ადამიანის მიმართ რომ რაღაც სიმპათიები აქვს, ამაში ქორეოგრაფი თამაზ ვაშაკიძე თავად დარწმუნდა. იგი საქართველოდან 15 წლის წინათ გააქციეს. ქორეოგრაფიული სასწავლებლის ხელმძღვანელს „ნაციონალები“ ნინო ანანიაშვილის გამო გადაემტერნენ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა ნინო ანანიაშვილი თბილისში მოიწვია. მას პირდაპირ ოპერის თეატრში ვერ გაამწესებდნენ და ვაშაკიძეს მოსთხოვეს, მისთვის თანამდებობა დაეთმო.
როგორც თამაზ ვაშაკიძე „ქრონიკა+“-სთან ჰყვება, ის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა დაიბარა და უთხრა, რომ თუ თანამდებობას არ დატოვებდა, პრობლემები ექნებოდა. ვაშაკიძემ პოსტი არ დატოვა და პრობლემებიც შეექმნა. მისი ოჯახი გამუდმებით ტერორის ქვეშ იყო. თავად ქორეოგრაფი საქართველოდან გადაიხვეწა და დღემდე ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას. მკვლელებისა და ქვეყნის მოღალატეების პოლიტპატიმრებად შემრაცხავმა ხელისუფლებამ ვაშაკიძისთვის პოლიტდევნილის სტატუსიც ვერ გაიმეტა. არც მისი საქმის ხელახლა გამოძიება დაწყებულა.
ვაშაკიძემ არაერთხელ მიმართა მთავარ პროკურატურას, მაგრამ ამაოდ. მისი პოზიციის მოსმენა არც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისურვეს. მაშინ გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვაშაკიძემ ადრე მოყოლილი ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ მისი და მისი მეუღლის თვალთვალსა და დევნაში გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდა. წესით და რიგით, ეს თემა სამთავრობო მედიას უნდა დაეტრიალებინა, მაგრამ თემა მიიჩქმალა. ვაშაკიძეს მაშინ გაუჩნდა ეჭვები, რომ ვაშაძე „ოცნებასთან“ ცუდ დამოკიდებულებაში არ იყო. ეს ეჭვები ახლა კიდევ უფრო გაუმყარდა.
თავის ეჭვებზე დევნილობაში მყოფი თამაზ ვაშაკიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ბატონო თამაზ, თქვენ არაერთხელ მოგიყოლიათ, რომ წლების წინათ თქვენს დევნაში გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაგიჩნდათ იმედი, რომ ამ საქმის გამოძიებაც დაიწყებოდა, მაგრამ თქვენი საქმით არავინ დაინტერესდა. როგორ ფიქრობთ, რატომ?
_ არ ვიცი, მართლა არ აქვს ამას ახსნა. ამდენი წელია, დევნილი ვარ და იმასაც კი ვერ მივაღწიე, რომ ჩემი საქმე თავიდან გამოიძიონ. ამდენი წელია, საქართველოში დაბრუნებას ვერ ვახერხებ. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რომ მოდიოდა და სამართლიანობის აღდგენის პირობას დებდა, გამიჩნდა იმედი, რომ მეც მეშველებოდა, მაგრამ დღემდე დევნილი ვარ. ჩემი საქმით არავინ ინტერესდება.
_ თქვენი და გრიგოლ ვაშაძის გზები როდის გადაიკვეთა?
_ ჩვენი გზები მაშინვე გადაიკვეთა, როდესაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომთხოვეს, ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორის პოსტი დამეტოვებინა. კულტურის მაშინდელმა მინისტრმა გოკა გაბაშვილმა პირდაპირ მითხრა, რომ პრობლემები შემექმნებოდა. მე თანამდებობა არ დავტოვე. პრობლემებიც მალე გაჩნდა. დაიწყო ჩემი და ჩემი ოპჯახის წევრების დევნა-თვალთვალი. ჩემი თვალთვალის ოპერაციას თავიდანვე გრიგოლ ვაშაძე ხელმძღვანელობდა.
_ რა სტატუსით?
_ ის ნინო ანანიაშვილის მეუღლე გახლავთ და ისიც დაინტერესებული იყო, რომ მე ქორეოგრაფიული სასწავლებელი დამეტოვებინა. მათ ჯერ ოპერის საბალეტო დასი ჩაიგდეს ხელში და შემდეგ მე მომადგნენ.
_ რატომ მოგადგნენ თქვენ, რამე უთანხმოება თუ გქონდათ მანამდე ნინო ანანიაშვილთან?
_ არანაირი უთანხმოება არ მქონია ნინოსთან. პირიქით, ჩვენ ვმეგობრობდით. როცა გავიგე, რომ სააკაშვილმა ნინო საქართველოში მოიწვია, ძალიან გამეხარდა. დედამისს დავურეკე და მივულოცე. მინდოდა, ნინოსა და გრიგოლს შევხვედროდი, მათ იცოდნენ, რომ შეხვედრა მსურდა, მაგრამ არ შემხვდნენ. რომელ შეხვედრაზეა საუბარი, როცა გრიგოლი პირადად ხელმძღვანელობდა ჩემს თვალთვალსა და დევნას?
ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ რაღაცებს ვიგონებ, ამიტომ მოვიყვან კონკრეტულ ფაქტებს, რაც დაამტკიცებს, რომ ჩემი დევნის ოპერაციას ვაშაძე აწარმოებდა. მე ჩემი სურვილით არ ვტოვებდი თანამდებობას, მაგრამ გამიშვეს. ჩემ მაგივრად ამ პოსტზე დაინიშნა გრიგოლის ახლო ნათესავი, ვინმე ბაქრაძე. სამხატვრო ხელმძღვანელად ნინო ანანიაშვილი გაუშვეს.
_ ეს ბაქრაძე რას წარმოადგენდა?
_ ადრე ბავშვთა კოლონიის ზედამხედველი იყო.
_ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რა ესაქმებოდა ბავშვთა კოლონიის ყოფილ ზედამხედველს?
_ ვერ გეტყვით. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ის გრიგოლის ახლო ნათესავი გახლდათ და ეს თანამდებობაც მაგიტომ დაიკავა. მე ამ გადაწყვეტილებას არ დავემორჩილე და სასამართლოში შევიტანე სარჩელი. დამიბარა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა და მირჩია, სასამართლოდან სარჩელი უკან გამომეტანა.
_ რატომ უნდა გამოგეტანათ სარჩელი უკან?
_ მითხრა, რომ ეს წყვილი, გრიგოლი და ნინო, არ გაჩერდებოდა და ჯობდა, სარჩელი გამომეტანა. მე არ გამოვიტანე და შედეგმაც არ დააყოვნა: ჯერ პედაგოგის თანამდებობიდან გამათავისუფლეს, ცოტა ხანში კი ბალეტმაისტერის თანამდებობაც გააუქმეს და, ფაქტობრივად, ქუჩაში დამტოვეს, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ ბრძოლა ამით არ დასრულებულა.
გრიგოლ ვაშაძემ თავისი ნათესავის, ბავშვთა კოლონიის ყოფილი ზედამხედველის უშუალო ჩარევით, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემოიყვანა კომპლექსური რევიზია. მოკლე ხანში სასწავლებელში კონტროლის პალატაც შემოვიდა. პირადად ბაქრაძემ გახსნა ჩემი კაბინეტი და იქიდან დოკუმენტაცია გაიტანა.
_ რა სახის დოკუმენტაცია გაიტანა?
_ ყველაფერი გაიტანა, რაც იყო. დოკუმენტებთან ერთად გაიტანა ჩემი პირადი ნივთები, ფოტოსურათები და ვიდეოკასეტები.
_ რა იყო ამ ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი?
_ ჩემი დადგმები და ჩემ მიერ შესრულებული როლები იყო ასახული. ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დღემდე არაფერი დაუბრუნებიათ ჩემთვის. არადა, 15 წელი გავიდა, რაც ეს ნივთები მომპარეს. ვაშაძისა და ბაქრაძის ინიციატივით გაიხსნა ბუღალტერიის კაბინეტიც და იქიდან დოკუმენტაცია გაიტაცეს. ბუღალტერიის კარი კი არ გააღეს, არამედ გატეხეს და ისე შეიჭრნენ შიგ.
ამ ამბიდან, სადღაც, წელიწად-ნახევარში მოსკოვში ჩემი სპექტაკლის მსოფლიო პრემიერაზე დასასწრებად წავედი. მაშინ აღძრეს ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე. ვაშაძისა და ანანიაშვილის ინტერესებში შედიოდა ჩემი, როგორც ხელოვანის გაჩერება. მოსპეს ყველა ფოტო და ვიდეო, რომელზედაც მე ვიყავი ასახული. ჩემ წინააღმდეგ საქმის აღძვრის შემდეგ პროკურატურის გამომძიებლებს გრიგოლ ვაშაძე მართავდა.
_ რას წარმოადგენდა მაშინ გრიგოლ ვაშაძე?
_ მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო დიდი პოლიტიკოსი. როდესაც ქვეყნიდან მომიწია გაქცევამ, ვაშაძე და მისი მეგობრები უკვე ჩემს მეუღლეს უთვალთვალებდნენ. ვაშაძე ბაქრაძის ხელით სასწავლებლის თანამშრომლებს აიძულებდა, ჩემ წინააღმდეგ ჩვენებები მიეცათ. მიზანს მიაღწიეს და მათ მისცეს ის ჩვენება, რაც გრიგოლს უნდოდა. 2008 წლის 24 სექტემბერს, როცა საქართველო ჯერ კიდევ აგვისტოს ომის ცეცხლში იყო გახვეული, სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მომისაჯა. მაშინ საქართველოში ყველა ომზე ლაპარაკობდა, მხოლოდ ვაშაძისა და მისი მეუღლისთვის ვიყავი მთავარი თემა მე. მათი წყალობით დღემდე ვერ ვახერხებ საქართველოში დაბრუნებას.

შორენა მარსაგიშვილი