„სუხოი ირაკლას“, „კვერცხი რომანას“, „კომში გელას“, „გურჯაანელი ჰარიპოტერას“, „პლაკატა გურმასა“ და „შიოლფაშას“ ამბები კახეთიდან

კახელები ხუმარა და დინჯი ხალხი ვართ. ქეიფიც კარგი ვიცით, სადღეგრძელოებიც, გინებაც ჯიგრული, ანეკდოტებიც გემრიელი და, ზოგადად, ოხუნჯობაც მადლიანი. ამიტომ თავისსავე პარლამენტარებზე გაბრაზებულები ნაკლებად გამოდიან ქუჩაში პროტესტის გამოსახატად. ჩვენში საყვედურებს უფრო მეტად სუფრაზე ჰყვებიან. ჰოდა, სუფრაზე მოყოლილი ამბებიდან მერე პოლიტიკოსებს სახელებიც ერჩევათ და ასე ხდებიან კახური მადლით დანათლულები.

სულ რაღაც, 2-3 თვის ხელფასიღა დარჩათ ასაღები „ოცნების“ კახელ პარლამენტარებს იმ დიდი საკონცერტო შენობიდან. ორ-სამ თვეში წავლენ და მათზე დარჩება მოგონებები დღეს გაბრაზებული, ხვალ და ზეგ კი უკვე სახუმარო.
მთავარია, პოლიტიკოსები ხუმრობაზე აცრილები არ იყვნენ, თორემ მასე, თავის დროზე, ნოღაიდელს ქიზიყში, კედელზე მიყუდებულს, რომელიღაცა გლეხმა რომ ჰკითხა:
_ რა გჭირს, უმფროსოვო?
_ დავიღალეო, _ უპასუხა მაშინ პრემიერმა ნოღაიდელმა.
საღამოს იმავე გლეხმა არხილოსკალოში გაშლილ სუფრაზე პრემიერს უთხრა:
_ მე მეგონა, მარტო ჩემი ვირი იღლებოდა და თურმე შენცა გცოდნია დაღლაო…
ასე მოინათლა ნოღაიდელი „დაღლილ ვირად“…
მერე იყო პრეზიდენტი სააკაშვილი, ყვარელში გლეხმა რომ ჰკითხა, _ მიშა ხარ თუ მიხუაო? ასე გაჩნდა „მიხუა“.
მერე იყო სმა-ჭამასა და ქეიფს მოყვარული ღვინიაშვილი 3 ჭიქის მერე რომ გაჰყვიროდა, _ მეფე გიორგი არ ვიყო, თუ კახეთს დიდება არ დავუბრუნოო. ღვინიაშვილის დასაბრუნებელი დიდებისა რა გვჭირდა, მარა კი შერჩა ზედმეტსახელად, _ „სამი ჭიქის მერე მეფეაო“…
ერთ გუბერნატორის მოადგილეს კახეთში „დადეშქელიანს“ ეძახდნენ იმიტომ, რომ მამა ყულიჯანოვი ჰყავდა და თვითონ კი იყო სხვა გვარისა იყო…
გამგებელიც გვყავდა, „სიგრძე-სიგანე“ დავარქვით, რამეს რომ ვკითხავდით, _ ჩემს სიგრძე-სიგანეს გეფიცებითო…
ერთი გამგებელიც გვყავდა, ვისაც „კანისიტრას“ ვეძახდით, იმიტომ რომ წინა სამსახურიდან დიზელის დაკარგვის გამო გაუშვეს.
„ჭამპურაც“ გვყავს, „რძეპურაც“, „ჯოზურაც“, „ტაშტი დათოც“…
მოკლედ, კახური მეტსახელები ფრიად სახალისო და ეტიმოლოგიასთან სრულ თანხვედრაშია.
ირაკლი, გელა, დათო, რომანა… ისე, ირაკლი და გურამი უბრალო ხალხი არ გეგონოთ. ეს დიდებული ხალხი, არც მეტი-არც ნაკლები, 2016-2020 წლებში საქართველოს პარლამენტში ხელისუფლების მხრიდან კახეთს წარმოადგენდნენ. კახეთში 6-ვეს კნინობითი სახელი აქვს…
სხვა დეპუტატებს რომ არ ეწყინოთ, ჯერ ჩემი მაჟორიტარით დავიწყებ:

„სუხოი ირაკლა“…
თელაველებმა როცა დაინახეს, რომ მათი პარლამენტარის აუზი მშრალი იყო და ჯერ წყალიც კი არ ჰქონდა ჩასხმული, ძალიან შეწუხდნენ. ასე უმიზეზოდ ხომ არ შეიძლებოდა კაცისთვის ნერვების აშლა? აუზი გაქვსო, ამხელაო-იმხელაო. ამ სიგრძეო ამ სიგანეო და რა? კაცს „ბასეინი“ ჰქონდა, არადა, დადიოდა მშრალი. ამიტომ სიყვარულით ირაკლი სესიაშვილს კახეთში „სუხოი ირაკლას“ ეძახიან.

„პლაკატა გურამა“
ლაგოდეხში ტაქსის მძღოლებთან მისულმა გურამ მაჭარაშვილმა ხელის ჩამორთმევა რომ დაასრულა და საუბრის დაწყება სცადა, ერთმა მძღოლა მეორეს გადაუპალარაკა, _ ე კაცი სადაურია, ვერა ვცნობო. მეორემაც მხრები აიჩეჩა… და უცებ მესამემ უთხრა, _ მე ვიცან, პლაკატზე ეხატა ადრეო… ასე გახდა ჩვენი გურამი „პლაკატა“.

„შიოლფაშა“
„შიოლფაშა“ ირაკლი შიოლაშვილს მას მერე დარჩა მეტსახელად, რაც მისმა ოჯახმა ქიზიყის მიწების ერთი მესამედი იყიდა, ხოლო პარლამენტარმა მუნიციპალურ ადმინისტრაციული რესურსი ბოლომდე თავის მამულებს მოახმარა. რადგან დედოფლის წყარო დღემდე ჩრდ. კორეაა, ფაშობაც მოსული პონტია იქით.

„კვერცხი რომანა“
მუჩიაშვილი იმდენი წელი მუშაობდა ფერმაში და იმდენი წელია, რაც მის ოჯახს ქათმებისა და კვერცხების ბიზნესი აქვს, რომ საგარეჯოში რომანს არჩევნების დროს რომ კითხულობდნენ, ვინ იყო „ოცნების“ კანდიდატი, ადგილობრივები ადვილად მისახვედრად ამბობდნენ:
„ვინ არის კანდიდატი და „კვერცი რომანაო“. ასე გახდა „კვერცხი რომანა“ პარლამენტარი…

„გურჯაანელი ჰარიპოტერა“
გურჯაანელი ჰარი პოტერი დავით სონღულაშვილს ოპონენტებმა შეარქვეს. არადა, ვინც დაარქვა, თავიდან მას, მგონი, არც ჰარი პოტერი ჰქონდა წაიკთხული და, უბრალოდ, სათვალის ჩარჩოთი მოუფიქრებია, დეპუტატისთვის სახელი შეერჩია.

„კომში გელა“
„კომში გელა“ გელა სამხარაულს მას მერე დაარქვეს, რაც კომშის ბაღების გაშენება დაიწყო პარლამენტარმა კახეთში. კახელებმა მეორე მოწვევის 4-მილიონიან დეპუტატს სახელი მაინც მსუბუქი შეურჩიეს, სხვებისგან განსხვავებით.


ღვინო და ქართველები ერთგული მეგობრები არიან. ამ სიყვარულმა და ურთიერთგაგებამ დროის მკაცრ გამოცდას ჩინებულად გაართვა თავი. ისინი ძმაკაცობენ, ერთმანეთს არ ღალატობენ და ჭირსა თუ ლხინშიც გვერდიგვერდ არიან. საქართველოში ღვინის სმის კულტი ხელოვნების დონეზეა აყვანილი და იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ბახუსთან დაკავშირებით მრავალი მოგონება არ ჰქონდეს.
ხუმრობებიც ჩვენში, როგორც ზემოთ ვთქვით, სუფრაზე იბადება, ბახუსის ქვეშ ხუმრობებს მეტსახელები მოსდევს და ასე რჩება ადამიანთა მეხსიერებაში ისინი.
XX საუკუნის 90-იან წლებში უზენაეს საბჭოში ერთი წინანდლელი კაცი გვყავდა თელაველებს დეპუტატად, სოსო მეგუთნიშვილი, მაგრამ იმდენად კარგი კაცი იყო, რომ არაფერსაც არ აკეთებდა. ამიტომ მის კარზე მიმდგარ მოქალაქეებს რაც შეჰქონდათ, ის გამოჰქონდათ უკან. უყურეს, უყურეს თელაველებმა ძია სოსოს და ბოლოს მიხვდნენ, _ ეს კაცი იმ საკონცერტო ოთახში მკვდარზე „ვენოკად“ გაგვიგზავნიაო, არც ხმას იღებს და არც ტოკდებაო…
მთელი 4 წლის მანძილზე ისხდნენ წინანდლელები და ელოდნენ, რას იტყოდა მათი თანასოფლელი სოსო უზენაეს საბჭოში… ელოდნენ, ელოდნენ და ბოლოს დეპუტატი ადგა და ერთადერთხელ თქვა შევარდნაძის გამოსვლის მერე ორი სიტყვა: „ვეთანხმები პრეზიდენტს“.
ისე გაუხარდათ, თურმე, მის თანასოფლელებს, რომ წავიდნენ და პიჯაკი უყიდეს!
ასეა კახური მეტსახელების სახალისო ისტორიის ამბავი.
იუმორი დაკავშირებულია ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობასთან და გულისხმობს, რომ პიროვნებას შეუძლია, მოვლენაში, ფაქტში დაინახოს მისი სასაცილო, კომიკური, მხიარული მხარე. იუმორის მიზანია, გააცინოს ან გაართოს ადამიანი. ზოგჯერ იუმორის საშუალებით შესაძლებელია გამოხვიდე უხერხული სიტუაციიდან, ანუ თავი დააღწიო არასასურველ ვითარებას. მთავარია, მაგ დროს არ მოყვე ანეკდოტად, _ შედი, ქალო, „ბუტკაში“…

P. S. ჩვენ არ ვიცით, რამდენი წაიღეს ჩვენმა დეპუტატებმა სახლში, მაგრამ ის კი ვიცით, რა სახელს ვატანთ უკან.

მაკა მოსიაშვილი