ვლადიმერ გოროზია: „ჩვენი ქვეყანა სიკვდილით სავსეა!“

„ახალგაზრდები ყოველდღიურად სიკვდილის მოლოდინში ვართ. საქართველო სიკვდილით სავსეა, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა იყოს სიცოცხლით სავსე და ადამიანებს სამშობლოში საკუთარი თავის პოვნის საშუალება ჰქონდეთ. ეს რეალობა ჩემთვის მიუღებელია“, _ ასე ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე ტრაგიკულ მოვლენებს „ქრონიკა+“-ის რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ სამოქალაქო აქტივისტი ვლადიმერ გოროზია:

_ რა მოცემულობის წინაშე დგას საზოგადოება, რომელიც ბოლო დროის გახმაურებულ შემთხვევებზე პასუხებს ითხოვს და თქვენ რა კითხვები გაქვთ შაქარაშვილისა და ბაჩალიაშვილის საქმეების შესახებ?
_ „გიორგი შაქარაშვილის საქმეზე“, ჯერჯერობით, ისევ პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. ამ საქმეზე მოწმეებმა რამდენჯერმე შეიცვალეს ჩვენებები, უამრავი კითხვაა, რომელსაც პასუხები სჭირდება, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ იკვეთება კონკრეტული პირების ინტერესები, რომლებიც შეგნებულად აფარებენ ხელს დანაშაულის ჩადენას. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, სასამართლომ, პროკურატურამ, შესაბამისი პასუხი გაგვცეს. არ შეიძლება, 21-ე საუკუნეში დამნაშავეები არ ისჯებოდნენ და დანაშაულის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვქონდეს. დაუშვებელია, რომ ყოველდღე ილახებოდეს ადამიანის უფლებები, ადამიანის სიცოცხლე იყოს ხელყოფილი და ამ დანაშაულისთვის არავინ დაისაჯოს. თუ სამართლიან სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დღემდე გაურკვევლობაში მყოფ ოჯახებს უნდა გავცეთ პასუხი, რომლის წევრებიც ტრაგიკულად გარდაიცვალნენ. როგორ შეიძლება, სამართლიანობაზე ვისაუბროთ, როცა ასობით ოჯახია დაზარალებული და მათ პასუხები არ აქვთ?! ასეთ მოცემულობაში ისმის კითხვა, _ რა ტიპის სახელმწიფოს ვაშენებთ _ კრიმინალურს, სადაც კრიმინალი მეფობს და კრიმინინალია გავრცელებული, თუ სამართლიანობასა და კანონის უზენაესობაზე დამაყარებულ სახელმწიფოს?! ეს საკითხი ბუნდოვანია. თუ ჩვენ სამართლიანი სახელმწიფოს აშენება გვინდა, პირველ რიგში, უნდა ვუპასუხოთ კითხვას, _ სად გადის ზღვარი სამართლიანობასა და კანონის უზენაესობას შორის. ამ ეტაპზე ჩემთვის უამრავი კითხვის ნიშანია, თუნდაც გასულ კვირას მომხდარზე, როცა თეთრი წყაროს რაიონში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი ოპივეს და ჯერ კიდევ არ ვიცით, ეს იყო თვითმკვლელობა თუ მკვლელობა?! ახალგაზრდები ყოველდღიურად სიკვდილის მოლოდინში ვართ. ჩვენი ქვეყანა სიკვდილით სავსეა, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იყოს სიცოცხლით სავსე და ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი თავის პოვნის საშუალება ჰქონდეთ. ეს რეალობა ჩემთვის მიუღებელია! პროკურატურისგან და სამართალდამცველი უწყებებისგან ოფიციალურად ვითხოვ, დროულად გასცენ საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები.
_ თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ახსენეთ, 5 დღის განმავლობაში ეძებდნენ გოგონას. მას შემდეგ, რაც მისმა ოჯახის წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, მეორე დღესვე მიაგნეს გოგონას ავტომობილს. ეს საეჭვო გარემოებაა. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ხალხის აქტიურობამ განაპირობა პოვნის დაჩქარება. აქედან გამომდინარე, რა როლი აქვს საზოგადოების ამ ტიპის ჩართულობას?
_ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე და სახელმწიფო არ არის მხოლოდ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია ან ცალკე _ საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოებას გადამწყვეტი ფუნქცია აქვს სახელმწიფოს განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. სახელმწიფო, სადაც სამოქალაქო აქტივიზმი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ყოველთვის მიძინებულია, სადაც ყოველთვის ხდება დანაშაულებები და დიქტატორული რეჟიმის მეფობს, როგორი რეალობის წინაშეც ვდგავართ დღეს ჩვენს ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში საზოგადოების აქტივობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, როცა გვყავს კრიმინალური მენტალიტეტის, დამნაშავეებზე ხელის დამფარებელი ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ძალადობისკენ ახალისებენ კონკრეტულ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფებს. ვიმეორებ: საზოგადოების აქტივობა გადამწყვეტია, რათა დღეს ჩვენი სახელმწიფო, მინიმუმ, შევინარჩუნოთ. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ხელისუფლებას უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი საზოგადოება არასოდეს დაუშვებს იმ ძალადობრივი რეჟიმის გაპარპაშებას, რომლის დამკვიდრებასაც მთავრობა ცდილობს.
_ ამ თემების პარალელურად, გასულ კვირას მმართველმა გუნდმა 30 მაჟორიტარულ ოლქში თავისი კანდიდატები წარადგინა, რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება „ქართული ოცნება“?
_ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ძალა, ხელისუფლება და მისი სახეები უკვე წარსულია. ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ განახლებულ სიას წარვადგენთო, ხალხს მოლოდინი გვქონდა, რომ ახალი სახეები იქნებოდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, იგივე სახეები, ის პიროვნებები ვიხილეთ, რომლებიც უტიფრად იცავენ არა ქვეყნის, არამედ კონკრეტული პიროვნების ინტერესებს. მე, როგორც მოქალაქეს, საკანონმდებლო ორგანოში კონკრეტული პიროვნების დამცველები ნამდვილად არ მჭირდება, არამედ ქვეყნის ინტერესებს გამტარებელი ადამიანები, რომლებსაც არ აერევათ ღილაკების ფერები და შეძლებენ წითლისა და მწვანის ერთმანეთისგან გარჩევას. ჩვენ ყველას გვახსოვს დეპუტატების განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა წითელი და მწვანე ვაშლები გამოგვიგზავნა, რომ ღილაკის დაჭერისას, კენჭისყრის პროცესში, ფერები გავარჩიოთო. ისევ ასეთი ტიპის დეპუტატები წარმოადგინა მმართველმა გუნდმა. „ქართული ოცნების“ კანდიდატები კრიტიკას ვერ უძლებენ. ჩემთვის პრიორიტეტია საკანონმდებლო ორგანოში იყვნენ კანონშემოქმედი ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქალაქის, რაიონის, უბნის განვითარებასა და იმ პრობლემების მოგვარებაზე იფიქრებენ, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ და არა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისა და ქონების დაცვა.
მედროვე პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება. ასეთი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილს საკუთარ გუნდში ძალიან ბევრი ჰყავს. კონკრეტული შეკითხვები მაქვს მაჟორიტარ კანდიდატებთან, რომლებიც არათუ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავენ და ამისთვის ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას, არამედ საკუთარ ინტერესებსა და მამამთავარ ბიძინა ივანიშვილის ქონების დაცვისკენ არიან მომართულები.
_ ამ მოცემულობაში რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ოპოზიციური სპექტრი? ოპოზიციამ საერთო მაჟორიტარი კანდიდატები უკვე დაასახელა თბილისის 6 ოლქში. არის თუ არა კონკურენტუნარიანი ოპოზიცია?
_ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის გადაწყვეტილებას ქართველი ამომრჩეველი ძალიან მალე გასცემს პასუხს არჩევნების დღეს. დიდი გულისყურით ვაკვირდები ყველა პოლიტიკური პარტიის მოქმედებას. ოპოზიციურ ფლანგზე არიან სხვა პოლიტიკური პარტიებიც, რომლებსაც ჯერ არ ჰყავთ დასახელებული მაჟორიტარი კანდიდატები. ძალიან მაინტერესებს, ვის დაასახელებენ ისინი. ვფიქრობ, კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ სუფთა წარსული, თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე უნდა ჰქონდეთ კონკრეტული შედეგები და ასევე ქვეყნის ინტერესებით უნდა იმოქმედონ, სწორედ ასეთ კანდიდატებს ველოდები. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიმართაც მე, როგორც რიგით ადამიანს, მაქვს სიმპათიები და ამ პარტიებისგან კანდიდატების წარდგენას ველოდები. ჩემთვის დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილიც წარსულია. მე, როგორც ახალგაზრდა, ქვეყნის მომავალსა და ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული ვარ. 16 წელი რომ პარლამენტში იქნები და 16-ჯერ არ გამოხვალ სიტყვით მიკროფონთან და შენი რაიონის პრობლემებზე არ ისაუბრებ, წელს კი ისევ პარლამენტარობაზე გაქვს პრეტენზია, ძალიან უხერხულია. ამ ადამიანებმა ძილის წინ საკუთარ თავს ჰკითხონ, რა გააკეთეს იმის საპირწონე, რომ დღეს ისინი კვლავ მიდიან მოსახლეობასთან და მხარდაჭერას ითხოვენ? ასეთი ადამიანები ჩემთვის პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან პოლიტიკანები, რომლებიც პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მოღვაწეობენ და ვიწრო პარტიულ ინტერესებს ატარებენ. ასეთი ადამიანების დრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
_ რამდენჯერმე აღნიშნეთ, რომ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომლის მიმართაც დადებითად ხართ განწყობილი და ელოდებით მათ კანდიდატებს. რომელია ის ძალა, რომელსაც ძალუძს, რეალური ახალი სახეებით წარდგეს?
_ მე, როგორც რიგით მოქალაქეს დიდი სიმპათია მაქვს „ლელო საქართველოსთვის“ მიმართ, რადგან ამ გუნდში არიან პოლიტიკურად სუფთა წარსულის მქონე ადამიანები, რომლებსაც საკუთარ საქმიანობებში, ბიზნესწრეებსა თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გარკვეული შედეგები აქვთ და ქვეყნისთვის სარგებელი მოუტანიათ. პოლიტიკა არის სწორედ ის თუ რას გააკეთებ შენი ქვეყნისთვის, რამდენად შეგწევს ძალა ადამიანის უფლებების დასაცავად, ინვესტიციების მოსაპოვებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ა. შ., ამით განისაზღვრება პოლიტიკოსობა და არა კამერების წინ პოზიორობით და საზოგადოების ფსევდოდამოძღვრით. გადავხედოთ კადრებს პარლამენტის სხდომიდან, ზოგი დეპუტატი თამაშობს, ზოგს _ სძინავს, ზოგი საერთოდ არ დადის პარლამენტში. მე არ მინდა, ისევ ასეთ რეალობაში მოგვიწიოს ცხოვრება და ასეთი პოლიტიკოსები ჰყავდეს ჩემს ქვეყანას.
_ რა როლი აქვს ახალგაზრდებს 2020 წლის არჩევნების კონტექსტში?
_ ახალგაზრდების ჩართულობას საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ერთი და იგივე სახეები ტრიალებენ პოლიტიკაში. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებას მოძღვრავენ, პარლამენტში არიან შეხიზნულები საკუთარი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, თუმცა ახალგაზრდები ყოველთვის ახერხებდნენ თავიანთი სიტყვის ხმამაღლა თქმას და მომავალშიც ვიტყვთ. გავიხსენოთ, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ახალგაზრდების მიერ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები 1976 წელს დედაენის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, 1989 წლის 9 აპრილს 22 ჩემი თანატოლი შეეწირა ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლას. ზოგადად, ისტორიის ყველა მონაკვეთში ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ქვეყნის განვითარების პროცესში და ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ სწორი მიმართულების მიცემა, რომელიც მათ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გზაზე დააყენებს. დღეს ახალგაზრდები იმედგაცრუებულებიც არიან, რადგან არ აქვთ განათლების მიღების საშუალება, დასაქმების პერსპექტივა, ამიტომ „ტვინები გაედინება“ ქვეყნის გარეთ. რატომ უნდა მიდიოდეს ჩემი თანატოლი სხვა ქვეყანაში სამუშაო ადგილის საძებნელად, როცა შეგვიძლია, ჩვენს ქვეყანაში შევუქმნათ შესაბამისი გარემო, მაგრამ ამისთვის არ არსებობს პოლიტიკური ნება. ზუსტად ამიტომ საჭიროა, ხელისუფლებაში მოვიდეს პასუხისმგებლიანი ძალა. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები 2020 წლის არჩევნებზეც გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან. მაგალითად, „ლელო საქართველოსთვის“ ახალგაზრდებით, ახალი სახეებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას. ჩემი გადმოსახედიდან ეს პოლიტიკური პარტია იქნება ძალა, რომელიც მაქსიმალურად ორიენტირდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებზე, პროგრესულ ახალგაზრდებზე. მე ღიად ვუჭერ მხარს მათ.

ნენე ინჯგია