თამარ ჩხეიძე: „რუსეთი თუ დაინახავს, „ოცნება“ არჩევნებს აგებს, საქართველოს წინააღმდეგ შეიძლება აგრესია განახორციელოს“

რუსეთის მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და პუტინის გადადგომას ითხოვს. კრემლი, წესით, ამ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვას უნდა ცდილობდეს, მაგრამ მოსკოვს სხვა მნიშვნელოვანი საქმეები აქვს, სადაც საქართველოს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. იმ შემთხვევაში, თუ აქ არჩევნები მოსკოვისთვის არახელსაყრელი შედეგით დასრულდა, კრემლი საქართველოზე კონტროლს სრულად დაკარგავს. გავლენების შესანარჩუნებლად პუტინის ხელისუფლება არანაირ პროვოკაციას არ მოერიდება.

რა საფრთხეები გველოდება ჩრდილოეთიდან? რას გეგმავს „ქართული ოცნება“? რა უნდა მოიმოქმედოს ოპოზიციამ? ვინ არაა სანდო ოპოზიციაში? გვეღირსება თუ არა ოდესმე დემოკრატიული არჩევნები? რა უნდა გააცნობიეროს ხალხმა? _ ამის შესახებ ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩხეიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ რუსეთი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქუჩაში გამოსული მოსახლეობა ვლადიმირ პუტინის გადადგომას ითხოვს. როცა აქ ასეთი რაღაცები ხდება, კრემლი ყურადღების გადასატანად პროვოკაციებს აწყობს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა საქართველოს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაცია მოაწყოს. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა ველოდოთ მოსკოვიდან პროვოკაციას?
_ რუსეთიდან რეალური საფრთხეები მოდის. არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ყველაფერთან ერთად საქართველოში არჩევნები ტარდება. ასეთ დროს მოსკოვი განსაკუთრებით აქტიურდება ხოლმე. მისთვის სულერთი არაა, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს. გვაქვს საფრთხე, რომ ამ არჩევნებით ისევ „ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. და ასეთი საფრთხე რომ არსებობს, ეს რუსეთის დამსახურებაა. რუსეთის ფაქტორი რომ არ არსებობდეს, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების შესანარჩუნებლადაც კი არაფერს მოიმოქმედებდა.
მოსკოვი თუ დაინახავს, რომ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას კარგავს და ხელისუფლებაში მართლა პროდასავლური ძალა მოდის, მისგან მარტო პროვოკაცია კი არა, აგრესიაც არის მოსალოდნელი. იმედია, ღია აგრესიასა და ტანკებით შემოვარდნას მაინც ვერ გაბედავენ, ამ სამყაროში მხოლოდ რუსეთი არ არსებობს.
_ საბედნიეროდ, მასზე ძლიერი სახელმწიფოებიც არიან.
_ ეს სახელმწიფოები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან. იმედი მაქვს, ისინი თავიდან აგვაცილებენ იმ საფრთხეს, რაც რუსეთისგან მოდის. მათ აქამდეც არაერთი საფრთხე აგვაცილეს.
_ თქვენ ამბობთ, რომ „ქართული ოცნების“ უკან რუსეთი დგას. აქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება არანაირ პრევენციას არ მიმართავს, რომ რუსული საფრთხეები თავიდან აგვაცილოს.
_ ცოტა ძნელად წარმომიდგენია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე პრევენციული ზომები მიიღოს რუსეთის გასანეიტრალებლად. როგორც წესი, ჩვენი ხელისუფლება რუსული აგრესიის თანამონაწილეა.
_ კონკრეტულად?
_ ოფიციალურად აგრესიაში ისინი არ მონაწილეობენ, მაგრამ რუსული აგრესიის თანამონაწილეები ნამდვილად არიან. პრევენციას უფრო დასავლეთიდან ველოდები.
_ დასავლეთმა რა უნდა მოიმოქმედოს? ისინი ისედაც ბევრ რამეს აკეთებენ ჩვენთვის. რუსები და ოსები საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩვენს მოქალაქეებს როცა იტაცებენ, დასავლეთი გმობს მათ მოქმედებებს, საქართველოს ხელისუფლება კი ამ დროს დუმს.
_ ეს ძალიან სიმპტომატურია. საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე დუმს და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აკეთებენ განცხადებებს. მთელ რიგ შეხვედრებზე უკრაინის საგარეო უწყება აპროტესტებს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციას, ქართული დელეგაცია კი ხმას არ იღებს. აქედანაც კარგად ჩანს „ოცნების“ დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მმართველი პარტია დუმილით არის რუსული აგრესიის თანამონაწილე.
დასავლეთი სერიოზულად არის ჩართული ჩვენი უსაფრთხოების დაცვაში. ჩვენ გვინდა, რომ უფრო მეტი და ეფექტიანი ჩართულობა იყოს. კიდევ კარგი, რომ ასეთი ჩართულობა მაინც არის, ეს რომ არ იყოს, მაშინ ჩვენი მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. დასავლეთს, საბედნიეროდ, საკმარისი ბერკეტები აქვს რუსეთის შესაკავებლად. სხვა საკითხია, იყენებს თუ არა ის ამ ბერკეტებს სათანადოდ.
_ დასავლეთი რომ არ ყოფილიყო, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა, ალბათ, აღარ იქნებოდა.
_ ძალიან გაგვიჭირდებოდა დასავლეთის გარეშე დამოუკიდებლობის შენარჩუნება. სულ მახსენდება 2008 წლის აგვისტოს ომი, როცა რუსები, ფაქტობრივად, თბილისთან იყვნენ მოსულები. ამერიკას რომ არ გაეკეთებინა საგანგებო მიმართვა, რუსული ტანკები თბილისში შემოვიდოდნენ. ბუშის განცხადებამ რუსებს თავის მიზნებზე ხელი ააღებინა და თბილისისკენ მომავალმა სატანკო კოლონამ ორჭოსანთან გადაუხვია.
2008 წელს ბუშმა კი გააჩერა რუსეთი, მაგრამ მაინც დიდი ზიანი მოგვაყენა მოსკოვმა. ქართული მიწების ოკუპაცია მოახერხა _ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ახალგორი და კოდორი დაუმატა. ქართული მიწების ოკუპაცია ახლაც გრძელდება. გამუდმებით წევენ რუსები ე. წ. საზღვარს. საქართველოს ხელისუფლება ამაზეც დუმილს ამჯობინებს. აგვისტოს ომის დასრულებიდან ცოტა ხანში მოსკოვმა ოკუპირებული რეგიონების სტატუსიც შეცვალა.
_ მათ ე. წ. დამოუკიდებლობის აღიარებას გულისხმობთ?
_ ამაზე მოგახსენებთ. არანაირი დამოუკიდებლობის აღიარება არ მომხდარა, მაგრამ სტატუსი ხომ შეიცვალა? ძალიან დიდი ზიანის მიუხედავად, კრემლმა თავისი საქმე ბოლომდე მაინც ვერ მიიყვანა. კრემლმა რაც 2008 წელს ვერ შეძლო, იმის გაკეთება სცადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პუტინმა მაშინ ასეთი რამე თქვა, _ ამ არჩევნებზე გაკეთდება ის საქმე, რაც ჩვენ გვინდოდაო. 2012 წლის არჩევნები თავისი ბედუკაძეებით და ციხის სკანდალური კადრებით თავიდან ბოლომდე კრემლის მიერ მართული პროცესი იყო.
სამწუხაროდ, მაშინ საქართველოში ბევრი ვერ ხვდებოდა, რომ ამ პროცესების უკან რუსეთი იდგა. ისინი სერიოზულად ჩაერივნენ არჩევნების პროცესშიც. დღეს ამაში, ალბათ, უკვე არავის ეპარება ეჭვი. მოსკოვი ამ არჩევნებშიც ჩაერევა და ყველაფერს გააკეთებს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში. მოსკოვს არ სურს, საქართველოს სათავეში რომელიმე პროდასავლური ძალა მოვიდეს.
_ პროდასავლურმა ოპოზიციურმა ძალებმა ერთობა შექმნეს. მათთან პრორუსული პარტიებიც არიან. გადამწყვეტ მომენტში ეს პრორუსული პარტიები დასავლეთისკენ გადაიხრებიან თუ რუსეთისკენ?
_ წინასწარ რთულია იმის თქმა, თუ ვინ როგორ მოიქცევა. რამდენიმე პარტიაზე ძალიან მარტივად შეიძლება პროგნოზების გაკეთება. ახლავე გეტყვით, თუ რას იზამენ ისინი: „პატრიოტთა ალიანსი“ ღიად დაუჭერს მხარს რუსეთს.
_ „პატრიოტთა ალიანსი“ პროდასავლურ ოპოზიციასთან არ თანამშრომლობს.
_ კიდევ კარგი, რომ არ სხედან იმ მოლაპარაკების მაგიდასთან.
_ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ზის ნინო ბურჯანაძე, რომელიც ასევე პრორუსულ ძალად მიიჩნევა. ის როგორ მოიქცევა?
_ ნინო ბურჯანაძის პარტიაც პრორუსული ძალაა. მას ისეთი განცხადებები აქვს გაკეთებული, რომ სხვანაირად ვერ იფიქრებ. არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, შეხვდა იქაური ხელისუფლების პირველ პირებს. ამის მიუხედავად, მასთან დაკავშირებით გამიჭირდება იმის თქმა, რომ ის ცალსახად რუსეთისკენ გადაიხრება. ოპოზიცია რომ ერთ მაგიდასთან დაჯდა, ეს მხოლოდ მისასალმებელია. დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. ამან რაღაც შედეგიც გამოიღო. ოპოზიციას ვურჩევ, ამიერიდან პრორუსულ ძალებთან ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.
_ პროდასავლურ ძალად ითვლებოდა ყოველთვის რესპუბლიკური პარტია. ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ ოპოზიციურ მოლაპარაკებებში. ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზეც დადიოდნენ. ცესკომ ისინი რეგისტრაციაში არ გაატარა. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს მათზე ივანიშვილის შურისძიებაა.
_ წვრილმანი შურისძიებები გამორიცხული არ არის. ბიძინა ივანიშვილისთვის ასეთი რამე დამახასიათებელია. არა მგონია, რომ ბოლომდე არ გაატარონ, გამოასწორებენ ხარვეზებს და დაარეგისტრირებენ.
_ როგორი ხელისუფლება ეყოლება საქართველოს, გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. თქვენი აზრით, რა არჩევანს გააკეთებს ჩვენი საზოგადოება? რუსეთს ავირჩევთ თუ დასავლეთს?
_ სიმართლე რომ გითხრათ, პროგნოზის გაკეთება მიჭირს. თან ამ საკითხში ოპტიმისტურად ნამდვილად არ ვარ განწყობილი. ჩვენი საზოგადოების მენტალიტეტი ისეთი რომ იყოს, როგორსაც ვისურვებდი, პროგნოზის გაკეთება არ გამიჭირდებოდა.
_ როგორ მენტალიტეტს ისურვებდით?
_ ეროვნულს. ასეთი მენტალიტეტი რომ ყოფილიყო ჩვენს საზოგადოებაში, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს ვერ მოიგებდა.
_ ფიქრობთ, რომ ხალხი ისევ პრორუსულ არჩევანს გააკეთებს?
_ პროგნოზის გაკეთება არ მინდა, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ხალხი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. ძალიან დამაფიქრა ბოლო დროს გამოქვეყნებულმა სოციოლოგიური კვლევის შედეგებმა. არ ვიცი, ეს რეიტინგები რამდენად სწორია, მაგრამ გაკვირვებული კი ვარ.
_ რით ხართ გაკვირვებული?
_ იმით, რომ „ქართულ ოცნებას“ 35% აქვს. პირადად მე ეს ძალიან საგანგაშოდ და არაადეკვატურ მოვლენად მიმაჩნია.
_ 35% ბევრი არაა, ოპოზიცია კმაყოფილია, რომ მმართველ პარტიას მხოლოდ ამხელა რეიტინგი აქვს.
_ თავს ვერ დავდებ, რომ ამ 35%-დან მართლა ყველა „ოცნებას“ უჭერს მხარს. ბევრმა შიძლება, ეს პარტია შიშის გამო დაასახელა. ამის მიუხედავად, ეს ციფრი მაინც საგანგაშოდ მეჩვენება. ამ ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს ბევრი საშინელება აქვს ჩადენილი და მათი რეიტინგი ასეთი არ უნდა იყოს. ეს პარტია თავის ლიდერთან ერთად აბსოლუტურად უნდა მარგინალიზდეს.
_ თქვენი აზრით, რამდენი უნდა ყოფილიყო „ქართული ოცნების“ რეიტინგი?
_ 3-4%.
_ ასეთი დაბალი რეიტინგი უნდა ჰქონდეს „ოცნებას“?
_ ქვეყანაში ადეკვატური პოლიტიკური აზროვნება რომ იყოს, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 4%-ზე მაღლა ვერ წავიდოდა. ახლა კი უცბად 35%-იან რეიტინგს გვიქვეყნებენ. ერთ-ერთი მიზეზი, არჩევნებს რომ შიშით ვუყურებ, ეს არის, _ ქვეყანაში ადეკვატურ პოლიტიკურ აზროვნებას ვერ ვხედავ. მოსახლეობის ნაწილი იმასაც კი ვერ აცნობიერებს, რომ ამ ქვეყნის მთავარი საფრთხე რუსეთია.
_ მართალი ხართ, საქართველოში რუსეთს მთავარ საფრთხედ ბევრი არ მიიჩნევს!
_ ზუსტი ციფრების დასახელება გამიჭირდება, მაგრამ ასეთი ხალხის რაოდენობა შემაშფოთებლად დიდია. საბედნიეროდ, ბლომად არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთს მტრად და ქვეყნის მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ. ნორმალური პოლიტიკური აზროვნება რომ იყოს, ასეთი ხალხი ბევრად მეტი უნდა გვყავდეს. ძალიან მეშინია ამ არჩევნების. არ ვიცი, რა შედეგი დადგება. „ქართული ოცნება“ და რუსეთი ყველა მეთოდს გამოიყენებენ სასურველი შედეგის მისაღწევად.
_ არჩევნებზე ძალადობასაც ელოდებით? ამაზეც წავა ბიძინა ივანიშვილის პარტია?
_ ამის გარეშე ეს არჩევნები არ ჩაივლის. ძალადობა უკვე დაწყებულია. არჩევნებში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფიზიკური ტერორი იქნება. მოსყიდვასა და დაშინებაზე არაფერს ვამბობ.
_ ამას ოპოზიცია ვერაფერს დაუპირისპირებს?
_ სამწუხაროდ, ვერაფერს.
_ ფიზიკურ ტერორს წინა ხელისუფლებებიც იყენებდნენ და ამაზე არც „ოცნებამ“ თქვა უარი.
_ სამწუხაროდ, ასეა. პირადად მე საქართველოში ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს არ შევსწრებივარ. ყველაფერი შედარებითია, მაგრამ რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ეს უკვე მეტისმეტია.
_ მეტისმეტი რა არის?
_ გაყალბების ხარისხი. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გაყალბების მიმართულებით დიდი ნაბიჯები გადადგა. ყველანაირი რეკორდი მოხსნა, თორემ დემოკრატიული არჩევნები საქართველოში არ ჩატარებულა.
_ არც 1990 წლის არჩევნები იყო დემოკრატიული? მაშინაც გაყალბდა? ბევრი ამბობს, რომ მხოლოდ ეს არჩევნები იყო დემოკრატიული.
_ არც ის არჩევნები ყოფილა მთლად დემოკრატიული. არჩევნების შედეგები არ გაუყალბებიათ, მაგრამ მაშინ არჩევნების გასაყალბებლად სხვა მეთოდები გამოიყენეს.
_ რა მეთოდები?
_ 1990 წელს ყველაფერი არჩევნებამდე მოგვარდა.
_ რას გულისხმობთ? იქნებ, უფრო დეტალურად გვითხრათ.
_ 1990 წელს არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა პოლიტიკური ველის სრული მონოპოლიზაცია. პროპაგანდა მთლიანად ერთ ძალაზე მუშაობდა. მაშინ არჩევნებამდე მოხერხდა გაყალბება.
_ არჩევნებამდე როგორ გააყალბეს?
_ წინასწარ იზრუნეს, რომ ხალხს ის არჩევანი გაეკეთებინა, რაც გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არ გაუყალბებიათ, ეს არჩევნებიც ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. ძალიან გულუბრყვილობაა იმის გაფიქრება, რომ კომპარტია თავისთვის იჯდა და მაწონს ჭამდა. ეს ასე არ ყოფილა. თან მაშინ საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი. ახლა ერევა მოსკოვი ამერიკისა და ინგლისის არჩევნებში და კრემლი საქართველოს არჩევნებში არ ჩაერეოდა? თან ეს ხომ ის დრო იყო, როცა საქართველო ჯერ ისევ საბჭოთა კავშირის ნაწილია. 1990 წლის არჩევნები რუსეთისთვის სასურველი სცენარით წარიმართა.
_ რუსეთს რაში აწყობდა ეროვნული მოძრაობის გამარჯვება?
_ მოსკოვს კარგად ჰქონდა გათვლილი, თუ როგორი ფინალი ექნებოდა ამ ყველაფერს. ამიტომაც არ შეუშალა ხელი იმას, რომ არჩევნებზე ასეთი შედეგი დამდგარიყო.
_ და რას ელოდა რუსეთი? ხელისუფლების სათავეში ის ხალხი მოვიდოდა, რომელიც პოლიტიკაში ვერ ერკვეოდა და ამას სათავისოდ გამოიყენებდა?
_ რა თქმა უნდა. რუსეთმა ყველაფერი გათვალა და ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. არჩევნების პროცესში არანაირი დარღვევა არ ყოფილა. სხვა არჩევნებთან შედარებით 1990 წლის არჩევნები შედარებით დემოკრატიული იყო, რასაც არჩევნების წინა პერიოდზე ვერ ვიტყვი.
_ მას შემდეგ ჩატარებულ არჩევნებში არც არჩევნების პროცესი ყოფილა დემოკრატიული და არც წინასაარჩევნო პერიოდი. ალბათ, წელსაც ასე იქნება.
_ სამწუხაროდ, არც ეს არჩევნები იქნება გამონაკლისი. არჩევნებზე ხალხის ნება რომ აისახოს, ამისთვის თავად ხალხი უნდა იყოს ძალიან აქტიური. მთელი მოსახლეობა აქტიური ვერ იქნება, მაგრამ დიდი ნაწილის აქტიურობა აუცილებელია. სხვანაირად ხალხის ნება ვერ აისახება არჩევნებზე. ამასთან, ამომრჩეველს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ამოცანა, რომ დესტრუქციული ხელისუფლების ჩამოშორება ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება სხვა საკითხებზე სერიოზული ფიქრი.
_ ეს ხალხი რამ უნდა მიიყვანოს იქამდე, რომ ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა გააცნობიეროს? ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა მოხდეს, რაც დღეს ხდება? _ ქვეყანაში, ფაქტობრივად, 90-იანი წლებია.
_ ყველა სფეროში არის რეგრესი და ხალხი, წესით, უკვე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. ამ ფონზე კვლევებით ვიგებ, რომ 35% ისევ ივანიშვილის პარტიას აძლევს ხმას. ეს ფაქტი ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელია.
_ შემაშფოთებელი რატომ არის? 35% მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისი არ არის.
_ აქ სხვა რამე იწვევს შეშფოთებას: თუკი „ოცნება“ 35%-ს გაყალბების გარეშე იღებს, არავითარი პრობლემა არ იქნება, ამას კიდევ დაუმატონ 15%. ეს უკვე 50% გამოდის. ეს კი მთავრობის დასაკომპლექტებლად საკმარისია.
_ როგორც ვატყობ, შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნების მიმართ ოპტიმისტურად არ ხართ განწყობილი.
_ ბოლომდე იმედს მაინც არ ვკარგავ. საერთაშორისო ფონი ძალიან ხელსაყრელია. მთავარია, მას ქართული საზოგადოების საკმარისი აქტიურობა დაემატოს. მთლიანად პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, მაგრამ კვლევები მაშფოთებს.

შორენა მარსაგიშვილი