ხათუნა ლაგაზიძე: „ახალი ოპოზიციის“ გარკვეული ნაწილი მართლაც სატელიტია“

„ბიძინა ივანიშვილი _ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და ჩართულია საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სასარგებლოდ“, _ ამ ფრაზას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის წერილში ვკითხულობთ.
მმართველი გუნდის მისამართით დასავლეთიდან კრიტიკული გზავნილები არ წყდება და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს ღიად მოიხსენიებენ რუსეთის მოკავშირედ.

2020 წლის საპარლამენტო არჩვენები ნაწილობრივ პროპორციული საარჩევნო სისტემით 120/30-ზე ჩატარდება, _ რის შესაძლებლობას იძლევა საპარლამენტო წყობის პირობებში მსგავსი საარჩევნო სისტემა? ატარებს თუ არა მიზანმიმართულად რუსეთის ინტერესებს საქართველოს ხელისუფლება და რა ბერკეტი აქვს ოპოზიციას იმისთვის, რომ 2020 წელს პარლამენტში პრორუსული ძალების მონოპოლია არ მოხდეს?
ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

_ ქალბატონო ხათუნა, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია, რა გვაჩვენა ამ პროცესებმა და ვინ გამოვიდა გამარჯვებული ამ შემთხვევაში?
_ პათეტიკის გარეშე ვიტყვი, რომ გამარჯვებული ამ პროცესებიდან ქართველი ხალხი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება ნაკლებად აცნობიერებდეს, რომ ყველაზე მეტად გამარჯვებულია ამ სიტუაციაში. ეს ის გამარჯვებაა, რომლის მიმართაც კითხვის ნიშნები არ არსებობს. ხელისუფლებას გამარჯვებულთა რიგებში, ამ შემთხვევაში, ვერ ვიგულისხმებთ, რადგან არასდროს, არც ერთი ფორმატით, „ქართულ ოცნებას“ არც სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და არც 120/30-ზე არ უნდოდა. „მშვიდობის იძულება“ _ ასეთი ცნებაა საერთაშორისო ურთიერთობებში. სამშვიდობო ოპერაციების დროს იყენებენ ამ მეთოდს, როდესაც სამშვიდობო დანაყოფი შეჰყავთ ამა თუ იმ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად. დაახლოებით ასეთი ფორმულა შეიძლება შევუსაბამოთ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებას. ანუ საარჩევნო ცვლილებებზე აიძულეს „ქართული ოცნება“. ასე რომ, ეს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ სურვილის საწინააღმდეგოდ გაკეთდა. შესაბამისად, მმართველი გუნდი ამ პროცესებში ვერ გაიმარჯვებდა და არც მიიჩნევს თავს გამარჯვებულად. რაც შეეხება ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, ის მაინც გამარჯვებულია _ თუ ჩვენ წინ გავუსწრებთ მოვლენებს და არჩევნებს მივუახლოვდებით: არჩევნებში იმარჯვებს ის პოლიტიკური ძალა, რომლის ძლიერებისა და გამარჯვების უნარის სჯერა ამომრჩეველს. შეიძლება, ამომრჩეველთან ახლოს სხვა პოლიტიკური ძალების ღირებულებები იყოს, მაგრამ იცის, რომ ეს პოლიტიკური ძალა ვერ გაიმარჯვებს, ამიტომ ან საერთოდ არ მიდის არჩევნებზე, ან მიდის და იმას აძლევს ხმას, ვინც მისთვის ნაკლებად მიუღებელია, მაგრამ გამარჯვების უნარი აქვს. ამიტომაც ამ გამარჯვებების ჯაჭვისა და გამარჯვებულის იმიჯის შექმნა ოპოზიციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამ ცვლილებების პარალელურად მან, ასევე პოლიტიკური პატიმრების თემით, თავის კალათაში ეს გამარჯვებები ჩაიწერა. რურუას ფაქტორიც ამიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ რაც უფრო მეტად დამამცირებელ შეთანხმებაზე წამოიყვანდა ხელისუფლებას ოპოზიცია, მით უფრო მეტი იქნებოდა ოპოზიციის გამარჯვების ფასი. ეს იყო რურუას ფაქტორის მთელი საიდუმლო, რომ ხელისუფლების დათანხმება რურუას განთავისუფლებაზე იმდენად დამამცირებელი იქნებოდა ხელისუფლებისთვის, რომ მით უფრო აიწევდა ოპოზიციის გამარჯვების ფასი და მით უფრო გაიზრდებოდა საკუთარი ამომრჩევლის რისხვა „ქართული ოცნების“ მიმართ, რადგან ეს მმართველ გუნდს ძალიან სერიოზულ სისუსტეში ჩაეთვლებოდა. თუ ჩვენ რანჟირებას გავაკეთებთ, პირველ რიგში გამარჯვებულია ქართველი ხალხი და ოპოზიცია.
_ თქვენ არაერთხელ აღნიშნეთ, რომ ამ პროცესებში ქართველი ხალხია გამარჯვებული. რატომ?
_ ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ოპოზიცია სუსტი და დაქსაქსულია, ამიტომაც ამომრჩეველს არჩევანი შეზღუდული აქვს. ინტერვიუების მიცემის დროს და ხანდახან, როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილვარ, ხშირად მიკითხავს საკუთაი თავისთვის: ამერიკის ხელისუფლება მზად არის „ქართული ოცნების“ შესაცვლელად და ეს ყველაფრიდან ჩანს, მაგრამ ვისით უნდა ჩაანაცვლოს „ოცნება“, _ ისეთით, ვინც შეძლებს სტაბილურობის შენარჩუნებას ქვეყანაში? ეს არის კითხვა, რომელზედაც პასუხი ძალიან მაწუხებდა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საკონსტიტუციო ცვლილებებს რომ დავუკავშიროთ, მივიღებთ ძალიან ნათელ და მნიშვნელოვან პასუხს უახლოესი წლების საქართველოსთვის: ჩვენი ქვეყანა კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა, ხოლო საპარლამენტო რსეპუბლიკების ხელისუფლების არსსა და შემადგენლობას თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში, როგორც წესი, ერთი დომინანტი პარტია არ არის, ზოგადი არსი გახლავთ მრავალი პარტიისგან შექმნილი ჯერ საპარლამენტო და შემდეგ სამთავრობო კოალიცია. ეს არის კონსენსუსური დემოკრატია, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება კოალიციაში შემავალი სუბიექტების შეთანხმებით. წლებია, ვასწავლი სახელმწიფო მართვის თეორიებსა და სისტემებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ასე რომ, ეს სფერო ძალიან ახლობელია ჩემთვის. ერთ-ერთი მთვარი, რაც გამოარჩევს საპარლამენტო დემოკრატიას საპრეზიდენტოსგან, არის ის, რომ ავტორიტარული მიდრეკილებები საპარლამენტო რესპუბლიკებში ძალიან ძნელად იკიდებს ფეხს. ეს არის იმ ტიპის სახელმწიფოები, სადაც მესიანისტური ლიდერებისთვის ადგილი ნაკლებად რჩება. მესიებისთვის ხელსაყრელი და ნოყიერი გარემო საპარლამენტო რესპუბლიკა არ არის. ჩვენ კი მესიების მოლოდინში ვართ. ზვიად გამსახურდია, რომელმაც დამოუკიდებლობისკენ წაიყვანა ერი; შევარდნაძე, რომელმაც სამოქალაქო დაპირისპირებისგან და კრიმინალისგან დაიხსნა, საერთაშორისო ფუნქცია შესძინა სახელმწიფოს; სააკაშვილი, რომელმაც მართლაც თანამედროვე საქართველო შექმნა და ისე დამუხტა სახელმწიფო განვითარებისკენ, რომ დღემდე ამ ინერციით მოვდივართ, გლობალურ მოთამაშეებში გაიყვანა პატარა ქვეყანა და საქართველოს მოქალაქის ცნებას დაადო ფასი; ივანიშვილი, რომელმაც ძალადობაში გადაზრდილი რეჟიმისგან დაიხსნა ქვეყანა _ ანუ ყოველთვის გვყავდა ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერზე ზემოთ იდგა და სხვები საკუთარი პოპულარობითა და გავლენით ვერც კი უახლოვდებოდნენ ლიდერს. ასეთ ძალიან მყარ ვერტიკალს, კლასიკურ საპრეზიდენტო რესპუბლიკის მოდელს ვიყავით შეჩვეულები. ახლა კი კონსტიტუციურადაც სრულიად სხვა რეალობაში გადავდივართ. ძალიან საინტერესო სახელმწიფო მართვის მოდელისა და საარჩევნო სისტემის ურთიერთმომართებაა, კლასიკურ დემოკრატიას მხოლოდ საპარლამენტო რესბუბლიკა ვერ შექმნის, თუ მას ფეხდაფეხ არ მიჰყვება საარჩევნო სისტემა. საპარლამენტო რესპუბლიკასთან ერთად პროპორციული საარჩევნო სისტემა ქმნის სწორედ ამ საპარლამენტო დემოკრატიას და არა ერთ პირზე დამოკიდებულ მმართველობას. ისევე როგორც მაჟორიტარული სისტემა მიიჩნევა უფრო მეტად ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილად, მაჟორიტარული სისტემა და საპრეზდენტო მოდელი ყველაზე ხისტია დემოკრატიებში მაშინ, როცა საპარლამენტო სისტემა და პროპორციული მოდელი ყველაზე კონსესუსურია, ანუ თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. ჩვენ სწორედ ამისკენ მივდივართ. ამიტომაც მესიების საჭიროება, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ისტორიაში, მაგრამ, ამავდროულად, არანაკლებ დააზარალეს ქართული სახელმწიფო, მათი აუცილებლობა უბრალოდ გაქრა დღის წესრიგისგან, მათ არ ითხოვს არც კონსტიტუცია და არც _ საარჩევნო სისტემა. საზოგადოებაში ჩარჩენილი მესიების მოლოდინი სრულიად აცდენილია ჩვენს კონსტიტუციას. შესაბამისად, საზოგადოებაც ამ ახალ რეალობაზე უნდა გადაერთოს და მესიების დრომოჭმული მოთხოვნა უნდა ჩანაცვლდეს ერთი და იგივე კალიბრის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერთა გუნდებით. ახლა გვყავს მეტ-ნაკლებად თანაბარი წონის ბევრი პოლიტიკური ლიდერი, რომლებსაც ერთად შეუძლიათ შექმნან საპარლამენტო და სამთავრობო კოალიცია. განვითარების სრულიად ახალ ფაზაზე გადავდივართ, ეს არის ის, რაც ჯერ არ მოგვისინჯავს და ვფიქრობ, ქართული სამხრეთული და ექსცენტრიკული ხასიათიდან გამომდინარე, კატაკლიზმებისგან თავის ასარიდებლად, იდეალური მოდელია. ვნახოთ, ხვალ და ზეგ ისტორია რამდენად გაამართლებს ჩემს სურვილსა თუ მოსაზრებას.
_ ეს ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში რომ განვიხილოთ, ვის როგორი შანსი აქვს დღევანდელი მოცემულობით? საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ მმართველი გუნდმა გამოიყენა ფრაზა „ახალი ოპოზიცია“. ხომ არ ცდილობენ ხელოვნურად არსებული ოპოზიციის ახლით ჩანაცვლებას? ივანიშვილმა, თავის დროზე, განაცხადა, რომ თუ დასჭირდებოდა, საკუთარ ოპოზიციას შექმნიდა.
_ ახალი რეალობა ამომრჩევლისგან განსხვავებულ მიდგომას ითხოვს. ეს ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი, ერთი პოლიტიკური ლიდერი ერის უმრავლესობას მოსწონდეს, სრულიად საკმარისია, ერთი პოლიტიკური ლიდერი ან პარტია მოსწონდეს 5%-ს, 10%-ს ან 30%-ს. შედეგად, ჩვენ ვიღებთ კონფიგურაციას, როცა საზოგადოების ყველა ფენის ინტერესი და სიმპათია იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს პარტიები როგორ მოერგებიან ერთმანეთს და რა კოალიციური კონფიგურაციები შეიძლება მივიღოთ, უკვე სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში შემოდის „ახალი ოპოზიციის“ თემა, რომელიც ჩემს ყურსაც ძალიან ჭრის. ეს არ არის შემთხვევით რომელიმე ლიდერის მიერ წამოსროლილი ფრაზა, ეს არის კლიშე, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს „ქართული ოცნება“ ამომრჩევლის ცნობიერებაში. ეს შეიძლება ემსახურებოდეს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ სურდეს შუაშისტი ამომრჩეველი, რომელიც მას ჩამოშორდა, მაგრამ არც „ნაციონალებისკენ“ წავა, ამ ხმების მობილიზება მოახდინოს და ეს ხმები სატელიტი პარტიების მეშვეობით ჩაიდოს ჯიბეში ან მომავალი კოალიციის ყულაბაში გადაისროლოს. მეორე მხრივ, ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მმართველი გუნდის მიერ ამ ფრაზის გამოყენება „ახალი ოპოზიციის“ სახელის გატეხასაც ემსახურებოდეს. თუმცა მეც გულწრფელად ვფიქრობ, რომ „ახალი ოპოზიციის“ გარკვეული ნაწილი მართლაც სატელიტია.
_ კონკრეტულად შეგიძლიათ თქვათ, ვის გულისხმობთ სატელიტ პარტიებში?
_ ჯერ ამის დრო არ დამდგარა, ჯერ კარგად მოქუჩდნენ და ჩამოყალიბდნენ, ამის თქმას შემდეგ არაფერი დაუდგება წინ. წინასაარჩევნოდ ისინი აუცილებლად გამომჟღავნდებიან. მთავარია, ოპოზიციური ენერგია მოხმარდეს არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ ხელისუფლების ოპონირებას.
_ ამ ეტაპზე ხმარდება თუ არა ოპოზიციის ენერგია ხელისუფლების ოპონირებას?
_ ნაწილობრივ _ კი. ხელისუფლების სატელიტების საზომი პარამეტრი ესეც იქნება, რომ ის ოპოზიცია, რომელიც მთელ თავის ძალისხმევას სხვა ოპოზიციური ძალების ჩაწიხლვას მოანდომებს, პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დაკვეთას. გასაგებია, რომ, ძირითადად, „ახალი ოპოზიცია“ ძველი ოპოზიციის კრიტიკით ცდილობს ქულების აკრეფას, მაგრამ არ შეგვეშალოს: ერთია „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირება და მეორეა, როცა პარტიას საზოგადოებისთვის შესათავაზებელი არაფერი აქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაწიხლვით ცდილობს ქულების აკრეფას და, ამავდროულად, ამით ხელისუფლების დავალების შესრულებას, რაც ახლახან თვალსაჩინოდ გამოჩნდა და შემდეგ მიჩუმათდა. სააკაშვილი კვლავ რჩება ქართული პოლიტიკის საკვანძო ფიგურად და ამას ის ადასტურებს, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი სააკაშვილის გინებით ცდილობს თავისი რეიტინგის აკრეფას, მეორე ნაწილი კი სააკაშვილის იმედზე ცდილობს პარლამენტში შესვლას. ამ არჩევნებზე მთავარია, რაც შეიძლება შევიწროვდეს პრორუსული ძალების წარმოამდგენლობა საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, „ქართულ ოცნებაში“ ჩაბუდებული პრორუსული ნაწილებიც. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ 2020 წელს პარლამენტში არ მოხდეს პრორუსული ძალების სრული მონოპოლია. ამის საშიშროება ისეთი რეალურია, როგორც არასდროს. თუ ამ ამოცანის პრიორიტეტულობას „ახალი ოპოზიცია“ ვერ ხედავს და უმთავრეს საქმედ ძველი ოპოზიციის ჩაწიხლვა მიაჩნია, მაშინ ის პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დავალებას.
_ იმ ფონზე, როცა ივანიშვილი დასავლეთმა პუტინის მოკავშირედ მოიხსენია, რამდენად რეალური გგონიათ ის, რომ რუსული ძალები ვერ მოახერხებენ პარლამენტში მონოპოლიზებას და რა ბერკეტები აქვს ოპოზიციას ამის საწინააღმდეგოდ?
_ პირველი და წყალგაუვალი ბერკეტი არის ამერიკის მხრიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის სრული მიუღებლობა, ეს უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის დონემდე ავიდა. ერთადერთი რჩება ტრამპის „ტვიტი“ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასასტუმრებლად (სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ პოსტი). ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2016 წლის არჩევნების წინ რამდენიმე მაღალჩინოსანი იყო ჩამოსული, საელჩომ მათთან შეხვედრა მთხოვა, მათ აინტერესებდათ შიდა ხედვები და ანალიზი, რა დოზით შეიძლებოდა პრორუსული პარტიები მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, მედიასივრცეში რამდენად ღრმად იყო შემოსული პრორუსული განწყობები და ფული. ვრცლად ვისაუბრეთ და საბოლოოდ მათგან მოვისმინე, რომ ისინი დასავლური სივრცისთვის, იმ ეტაპზე, საქართველოს დაკარგვის საშიშროებას ვერ ხედავდნენ, როცა დაინახავდნენ _ ჩაერეოდნენ. დღეს ისინი ამას ძალიან ნათლად ხედავენ და აფიქსირებენ, ამიტომაც მზად არიან რადიკალური ნაბიჯებისთვის. ჩემი, თქვენი, იმ ადამიანების ვალი, ვისაც საზოგადოებასთან ხმა მიუწვდება, არის ის, რომ ნათლად ახსნას ერთი რამ: აშშ ზეწოლას კი არ ახორციელებს საქართველოზე, ამერიკა აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო იხსნას ავტორიტარიზმისგან და რუსეთის კოლონიად საბოლოოდ გაფორმებისგან. საინფორმაციო სივრცის დამოუკიდებლობა უკვე რამდენიმე წელია, დავკარგეთ. ამას გეუბნებით ადამიანი, რომელიც 1996 წლიდან სხვადასხვა ფორმით ქვეყნის უსაფრთხოების სისტემაში ვარ შიგნიდან თუ გარედან. შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ საქართველოში სიანფორმაციო უსაფრთხოების ზღუდეები მორღვეულია რუსეთთან მიმართებით. ჩვენ რუსეთთან კაპიტულაცია გვაქვს გამოცხადებული საინფორმაციო სივრცის დამოუკიდებლობისა და დაცულობის თვალსაზრისით. ეს იწვევს იმას, რომ საზოგადოებით მანიპულირებისთვის ხელისუფლებამ რუსეთს ყველანაირი ბარიერი მოუხსნა. რუსეთი პირდაპირ ხიშტით ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას საქართველოში, ეს არის: 1. საზოგადოების დაქსაქსვა რაც შეიძლება მცირე და ერთმანეთთან ანტაგონისტურად განწყობილ ჯგუფებად, რათა ერი არ კონსოლიდირდეს საერთო მიზნის გარშემო და ერის სასიცოცხლო აღმშენებლობითი ენერგია დაიქსაქსოს და მოხმარდეს არა პროგრესს, არამედ ერთმანეთის ჩაწიხლვას, ახალგაზრდა თაობისთვის პერსპექტივის მოსპობას. რუსეთი საზოგადოებისთვის სენსიტიურ თემებზე ცეცხლზე ნავთის დასხმის პრინციპთ ცდილობს საზოგადოების დაქსაქსვას, მაგალითად, ამერიკაში რასობრივი შუღლის გაღვივებაში რუსულ კვალს ხედავენ, ისევე როგორც საქართველოშიც არის ასეთი მტკივნეული თემები: ვითომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, სექსუალური უმცირესობები და ა. შ.; 2. მოცელონ ყველა ის ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი იმ მიზნით, რომ არავის ჰქონდეს შანსი საზოგადოების თუნდაც მცირე ჯგუფების კონსოლიდირებისა; 3. დათესონ ნიჰილიზმი მთავარი პოლიტიკური პარტიებისა და ელიტის მიმართ, ამას მოემსახურება ყალბი ინფორმაციების შექმნით, რასაც კიდევ უფრო მეტს ვიხილავთ წინასაარჩევნოდ. მათი მიზანია პოლიტიკური სპექტრის სრული დისკრედიტაცია _ ეს არის ის ნაბიჯები, რომელსაც რუსეთი იყენებს ყველა სამიზნე ქვეყანასთან მიმართებით და 4. რუსეთის მიზანია არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია, ოღონდ ეს საქართველოს შემთხვევაში არ აწყობთ. რუსი მიხვდა, რომ საკუთარ თავს, როგორც მომხიბვლელს, ვერავის შესთავაზებს, ამიტომ სხვა ტაქტიკაზე გადავიდა: „მე არ ვვარგივარ, მაგრამ შენი ხელისუფლებაც არ ვარგა“, _ სამიზნე ქვეყნების საზოგადოებების დემორალიზებაა რუსეთის მიზანი. ამ თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლებამ კარტბლანში ჩაახუტა რუსეთს. შესაბამისად, საინფორმაციო სივრცე მათია, საზოგადოების მანიპულირების მექანიზმები მათია, რჩება რუსეთის გავლენის სფეროს სტატუსის ოფიციალური გაფორმება. ამიტომაც არის ძალიან საშიში და პრინციპული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. 2014 წელს „თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ“-ში ძალიან საინტერესო სტატია გამოქვეყნდა საქართველოში ირანულ კვალსა და ბიზნესებზე: 2012 წლისთვის საქართველოში იყო ირანელის ან ირანული ფულით შექმნილი 150 ფირმა, სულ რაღაც ორ წელიწადში ასეთი ფირმების რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა. ამ 1500-დან ბიზნესის საკეთებლად მხოლოდ 10% გახლდათ, დანარჩენი კი ირანის არმიის მიერ ფულის გასათეთრებლად შექმნილი სტრუქტურები იყო. ეს ყველაფერი ამერიკას უჩვენებს, რომ ის საქართველოს სახით კარგავს საბოლოო საყრდენს რეგიონში, ამიტომაც ის ამ საყრდენის დათმობას არ აპირებს. როგორ უნდა მოახერხოს ამერიკამ ეს იმ პირობებში, როდესაც არ ჩანს ოპოზიციის გამორჩეული ლიდერი, რომელზედაც მთელი ვერტიკალი აიგებოდა და ამერიკასთან პასუხისმგებელი იქნებოდა იმაზე, რომ აქ პროცესები მშვიდობიანად განვითარდება? _ ეს არის გამოწვევა, რომელსაც ამერიკელები ხედავენ, მაგრამ თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ გვაქვს ახალი კონსტიტუცია და საარჩევნო კოდექსი, რომელიც ხელს უწყობს მრავალპარტიული საპარლამენტო სამთავრობო კოალიციის ფორმირებას, რომ ამ ტიპის ქვეყნებში მაჩო-ქარიზმატული ლიდერებისთვის ადგილი ნაკლებად არის და უფრო რაციონალური, თანაბარი კალიბრის მქონე ლიდერების შეთამაშების შედეგად იმართება ასეთი ტიპის ქვეყნები, მაშინ საგანგაშო არაფერი გვქონია. ვისაც რომელი პარტია მოსწონს, იმას მისცეს ხმა. მთავარია, ამომრჩეველმა არ ჩათვალოს, რომ არჩევნებზე მისვლას აზრი არ აქვს. ამომრჩეველს უნდა გავაგებინოთ, რომ სწორედ ეს კონფიგურაციაა ის, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი წელი ყველა ერთად; ის, რაც დაგვაზღვევს ავტორიტარიზმისგან, კორუფციისგან, რაც უმნიშვნელოვანესი რამ არის. ბევრი პოლიტიკური პარტია ხელისუფლებაში თავად გახდება ერთმანეთის კონტროლის მექანიზმი. შევარდნაძის ხელისუფლებასაც კი გაუსწრო კორუფციის მასშტაბებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ტენდერების ერთ მაგალითს მოგიყვანთ: წარმოუდგენელია, ტენდერში „უპატრონო“ ადამიანმა მოიგოს. ვთქვათ, რომელიღაც რაიონში ამონტაჟებენ გარეგანათებას, ამ რაიონის გამგებელი შეკრულია რომელიღაც ფირმასთან, რომ ტენდერი მოაგებინოს, ამის გამო ტენდერის პირობაში წერს, რომ საჭიროებს მაინცდამაინც კონკრეტული ქარხნის მიერ გამოშვებულ, კონკრეტული სიმძლავრის ელექტრონათურას. პარალელურად, იმ ქარხნებთან ფირმა წინასწარ აფორმებს ხელშეკრულებას ექსკლუზიურ წარმომადგენლობაზე, ანუ იმ ფირმის გარდა სხვა ვერავინ შემოიტანს იმ ნათურას. შესაბამისად, თავი ქუდში აქვს ტენდერში მონაწილესაც და ტენდერის გამმართავ სტრუქტურასაც, რომელსაც თავისი წილი რჩება ამ გარიგებიდან და ფირმაც ბედნიერია, რადგან კონკურენტი არ ჰყავს. ასეთი ფაქტები იმდენია, თუნდაც სახელმწიფო აუდიტის საიტზე, რომ მხოლოდ ეს კმარა იმისთვის, რათა კონკრეტული მინისტრები, მერები თუ გამგებლები დაიჭირო. გამაოგნებელი არის ის, რომ ხელისუფლება ამას ყურადღებას არ აქცევს, რადგან მისი მმართველობის სტილია ასეთი, კომპრომატებით მართავს.
_ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ რუსულ პოლიტიკაზე საქართველოში და აღნიშნეთ, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია რუსეთს არ აწყობს. ატარებს თუ არა მიზანმიმართულად „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს?
_ საქართველოს ხელისუფლება რუსისტი კი არა, თავისისტია, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, ხელისუფლებაში ყოფნის ხელშემწყობ გარემოებებს ხედავს რუსეთის ქმედებებში. „ქართული ოცნება“ არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედიოდეს ხელისუფლებაში მისი ყოფნა. სამაგიეროდ, „ქართული ოცნება“ იყენებს იმას, რასაც რუსეთი საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგ აკეთებს. „ქართულ ოცნებას“ ერთხელაც კი არ წამოუყენებია ერის გაერთიანების იდეა, პირიქით საზოგადოების დაქსაქსვაზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში რუსეთთან ინტერესთა თანხვედრა გამოდის. აღვნიშნე, რომ რუსეთის ერთ-ერთი მიზანია ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაცია. საქართველოს ხელისუფლებაც იგივეს აკეთებს. ავტორიტეტული პიროვნებების მოცელვა ორივეს ინტერესია. დაგვრჩა მეოთხე ფაქტორი _ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და ამას არც რუსეთი აკეთებს და არც, ცხადია, „ქართული ოცნება“, რადგან როგორც მულტფილმ „ლომი და კატაშია“: „აბა, ჩემს შვილს ხომ არ დავსჯიო“, _ ასეა ამ შემთხვევაშიც _ საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ იბრძოლებენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ხარაკირს უკეთებს საკუთარ თავს ყოველი ფეხის ნაბიჯზე. „გიორგი შაქარაშვილის საქმეზე“ სულ რომ ზუსტი განაჩენი დადგეს, ამ დღეების განმავლობაში იმდენი სისულელე ჩაიდინეს, რომ ამ განაჩენის სამართლიანობაში ვერავის დაარწმუნებენ. ხელისუფლება მუდმივად იმ ტოტს ჭრის, რომელზედაც ზის. პირველად გვყავს ხელისუფლება, რომლის მიერ გასროლილი ტყვიები რიკოშეტით მასვე ხვდება. რუსეთის ინტერესშია, საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იყოს, „ქართული ოცნების“ ინტერესია _ ქაოსით მართვა, ამიტომ ისინი მშვენივრად უგებენ ერთმანეთს.

ნენე ინჯგია