მირიან მირიანაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გადადებაზე არც უნდა იფიქროს“

„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი ამტკიცებს, რომ 2002 წელს სააკაშვილმა მას პარტია ბიძინა ივანიშვილის დახმარებით წაართვა და აქედან მოყოლებული საქართველოს „ქართული ოცნების“ ლიდერი მართავს. მირიანაშვილი ფიქრობს, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკული პოლიტიკური ელიტა საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში ჩაერთო, აქ ბევრი რამ შეიცვლება. იგი ვარაუდობს, რომ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ მიერ თეატრალიზებული დაპირისპირება შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ამ ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ისე უნდა ხელისუფლებიდან „ქოცების“ გაშვება, რომ „ნაცები“ უკან აღარ დაბრუნდნენ.

რა აკავშირებთ ერთმანეთთან სააკაშვილსა და ივანიშვილს? რატომ არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს ელექტრონული საშუალებებით? რა გეგმა აქვს ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას? რატომ არ ღირს საპარლამენტო არჩევნების გადადება? რაზე მოეთათბირა „ოცნების“ ლიდერი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს მირიან მირიანაშვილი ესაუბრება:

_ შარშან „გავრილოვის ღამით“ აღშფოთებული ხალხის რისხვა რომ გაენეიტრალებინა, ივანიშვილმა პირობა დადო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდებაო. თუმცა შემოდგომაზე მისმა გუნდმა ეს ცვლილება ჩააგდო, დღეს ისევ უწევს ამ ცვლილებებზე მუშაობა. რა ეგონა, რომ ამ გადაგდებას ან დასავლეთი გაუტარებდა, ან _ ქართული საზოგადოება?
_ მე ცოტა განსხვავებული ვერსია მაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დადო „ქართული ოცნების“ ლიდერმა ასეთი პირობა: ის პაკეტი, რაც გასული წლის 24 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა გამოიტანა, განკუთვნილი იყო ამერიკული პოლიტიკური ელიტისთვის. ამით მან პრეზენტირება გაუკეთა მოცემულობას და არა ქუჩაში გამოსულ ხალხს. იმ დროს მოცემულობა იყო სულ სხვა და ამ მოცემულობას კარგად ფლობდა „ქართული ოცნების“ ლიდერი. ისიც კარგად იცოდა, თუ როგორ შეეფუთა ე. წ. პოლიტიკური შეთანხმება. სინამდვილეში, ამით მან ვაშინგტონს უთხრა, რომ ის არ აპირებს, პოლიტიკური საჭე ხისტი კარჩაკეტილობისკენ მიატრიალოს.
_ ხალხმრავალი აქცია არაფერ შუაშია? საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ინიციატივა ხალხის დაშოშმინებას არ ისახავდა მიზნად?
_ არა, ეს ინიციატივა აქციის მონაწილეებს შეეხო მხოლოდ გავლით. მაშინ ივანიშვილმა ამერიკელების ქართულ პოლიტიკაში ჩართულობის ხარისხიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება. მან დროთა განმავლობაში დაინახა, რომ ეს ჩართულობა იზრდებოდა. ზრდის ტემპმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ის შიშმა შეიპყრო.
_ რისი შეეშინდა ივანიშვილს?
_ იფიქრა, ხელისუფლებას ხომ არ მართმევენო. კარგად მესმის, რომ ქართული საზოგადოებისთვის პოლიტიკური რეალობა ცოტა სხვა არის, სინამდვილეში კი ის სულ სხვაა. საზოგადოება პოლიტიკურ სურათს ისეთს ღებულობს, როგორიც პროპაგანდის მეშვეობით უყალიბდება. პირდაპირ თუ ირიბად ივანიშვილი საქართველოს 18 წელიწადია, რაც მართავს.
_ 18 წელიწადი რანაირად მართავს?
_ რანაირად და ჩვეულებრივად. მიშა სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის „პირველი გახარია“ იყო. ბევრს არ მოეწონება ეს შეფასება, მაგრამ ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ გაიარა. „ნაციონალური მოძრაობა“ მე დავაფუძნე და დანამდვილებით ვიცი, თუ ვინ წამართვა 18 წლის წინათ პარტია. დეტალურად ვიცი, ვინ დააფინანსა პარტიის ყრილობა და პარტიის წევრები ვინ და როგორ გადაიბირა.
_ გინდათ თქვათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა ეს?
_ დიახ, ბიძინა ივანიშვილმა წამართვა პარტია და იგი მიხეილ სააკაშვილს გადასცა. იმ დროისთვის მესამე პრეზიდენტის ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი ასეთი ღონისძიებებისთვის საკმარისი არ იყო. 2002 წელს სააკაშვილი ფინანსურად ძლიერი არ გახლდათ. მაშინ პოლიტიკური ბატალიები მიდიოდა „ქართული ოცნების“ ლიდერსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის. მათი ლეგალური დასაყრდენები იყვნენ მიშა სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია. ბიძინა მიშას ეყრდნობოდა, ბადრი _ ჟვანიას.
ის ზეწოლა, რომელიც ახლა ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილზე განახორციელეს, გახლავთ ექსკლუზიური მოცემულობა. ამით დაიმსხვრა ის რეალობა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში იყო გაბატონებული. „ოცნების“ ლიდერისთვის ადვილი არაა ამ ასპარეზის დათმობა. ცდილობს, ამას წინააღმდეგობა გაუწიოს. პირდაპირ წინააღმდეგობას ვერ ბედავს და ირიბ გზებს მიმართავს. ეს ასპარეზი, რომელიც დღეს აქვს, პოლიტიკურად რომ დათმოს, ეკონომიკური დათმობაზეც მოუწევს წასვლა.
საარჩევნო კანონმდებლობა ორი დიდი ინტრიგის მძევალი გახდა: ინტრიგა ნომერი პირველი ის გახლავთ, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩართული პერსონებისთვის გაუგებარია ამერიკელების საბოლოო გეგმა და ქართულ პოლიტიკაში მათი ჩართულობის საბოლოო მასშტაბი. არ იციან, რა უნდა და სადამდეა წამსვლელი ვაშინგტონი. ვერ ხვდებიან, ამერიკელები ძალაუფლების ნაწილს ართმევენ, თუ სრულად? მეორე ინტრიგაც ძალიან მნიშვნელოვანია: სადამდე წავა ბიძინა ივანიშვილი თავისი როლისა და მდგომარეობის გათვალისწინებით?
ამ ორი ინტრიგის ფარგლებში იბადება ახალი პოლიტიკური რეალობა. როცა ივანიშვილი ამ რეალობაში გადადიოდა, მას ბოკერიასთან და „ნაცმოძრაობასთანაც“ ჰქონდა კონსულტაციები. ეს ყველაფერი მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების ინტერესების ჩარჩოებში გატარდა.
არჩევნები თუ სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, ასპარეზზე გამოვიდოდნენ 2 და 3-კაციანი პარტიები. მათი ბითუმად ყიდვა „ოცნების“ ლიდერისთვის უფრო ადვილი იყო, ვიდრე _ მდიდარი მაჟორიტარების. ბევრი მაჟორიტარი იმის გამო კი არ უყურებდა მომავალს ეჭვის თვალით, რომ აქ დასავლეთი შემოდიოდა, ისინი ფიქრობდნენ, ივანიშვილის თვალში პოლიტიკურ საჭიროებას რომ დაკარგავდნენ, შემდეგ თითოეულ მათგანზე ხისტი ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდებოდა.
_ თუ გავითვალისწინებთ, რა გზებით აქვთ ამ მაჟორიტარებს ფული ნაშოვნი, ალალი იქნებოდა მათზე ეკონომიკური სახის ზეწოლა.
_ თავად ყველაზე უკეთ იციან, რა გზით იშოვეს ფული და რა შეიძლება მოჰყვეს იმას, თუ ისინი პოლიტიკურად საჭირონი აღარ იქნებიან, ამიტომ წავიდნენ ცვლილების წინააღმდეგი. ისინი ვერაფრით დაუშვებდნენ, რომ ივანიშვილის თვალში პოლიტიკური საჭიროება დაეკარგათ.
ამ დროს ამერიკელების ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მივიღეთ ის მოცემულობა, რომ ივანიშვილის, როგორც მოდერატორის ფუნქცია, დარტყმის ქვეშ დგებოდა. ეს საფრთხე ყველაზე ადრე თავად გააცნობიერა. ერთკაციანი პარტიებით დაკომპლექტებული პარლამენტის გადაბირება უფრო ადვილი იქნებოდა. ამას მიხვდა ივანიშვილი და მოდელი, რომელიც თვითონ შესთავაზა ამერიკელებს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი გახდა. ღიად ამაზე უარს ვერ იტყოდა. შესაბამისად, მივიღეთ ირიბი წინააღმდეგობის მცდელობები. ამერიკა ამას არ გაატარებდა, ამ შემთხვევაში ჩვენს პოლიტკაში მათი პოლიტიკური ელიტაა ჩართული და არა კომიკური მეთიუ ბრაიზა. როცა საქმეში რესპუბლიკური პარტიის ელიტარული სენატორები არიან ჩართულები, იქ სიტყვის გატეხა, დაპირისპირება, პაექრობა და ტყუილების მოგონება სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ამერიკელებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება „ქართულ ოცნებაში“, ისიც იციან, რომ ამ პარტიიდან არავინ წასულა დემარშით. გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და სხვები რომ ამბობენ, ცვლილებებს ხმას არ მივცემთო, ეგ ბიძინასთან არის შეთანხმებული. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უნდათ, რომ ეს ცვლილებები მეორე მოსმენის დროს ჩავარდეს.
_ რა მოხდება, თუ ჩააგდებენ?
_ მაშინ ამერიკელები ძალიან მოტივირებულად მოსთხოვენ პასუხს „ქართული ოცნების“ ლიდერს. „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“, სულ რაღაც, 27 კაცი ჰყავთ პარლამენტში. მმართველ პარტიას ამ ცვლილებების მისაღებად საკმარისზე მეტი ხალხი ჰყავს. ცვლილების ჩავარდნის გამო პასუხს მოსთხოვენ პირადად ივანიშვილს და ის ამის შესახებ ამერიკელებმა პრივატულად უკვე გააფრთხილეს.
_ ე. ი. აღარ უნდა აწყობდეს ივანიშვილს ამ ცვლილებების ჩაგდება.
_ რამდენადაც ვიცი, ახლა ივანიშვილი ცდილობს, ამერიკელებთან დიალოგში შევიდეს, მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის თემაზეც. სურს, რომ ვაშინგტონმა ის მორიგების გარკვეულ სუბიექტად აღიაროს.
_ მას ასეთად არ მიიჩნევს ვაშინგტონი?
_ არა. ივანიშვილი ცდილობს, რომ ისინი მისით დაინტერესდნენ. ამიტომ არის მთელი ყურადღება მეორე მოსმენაზე გადატანილი.
_ ე. ი. ამ ცვლილებებით ვაჭრობს, რათა ამერიკელები მასთან სალაპარაკოდ დასხდნენ.
_ ამ სიტყვის გამოყენება არ მინდა. რამდენადაც ვიცი, ამერიკულ მხარეს მასთან ამ თემაზე დისკუსია არ აქვს. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ამის მანდატი ექნებოდა ამერიკის ელჩსაც. ის კომუნიკაციას ელის. მეტი ბატალიების გამართვა მისგან არ ღირს. ცვლილებები თუ ჩავარდა, ვაშინგტონი ამას უკვე პირად გამოწვევად აღიქვამს.
_ სავარაუდოდ, არც უპასუხოდ დატოვებს.
_ სავარაუდოდ კი არა, გარანტირებულად მიიღებს „ქართული ოცნება“ პასუხს. ოღონდ ამას აღარ მიეცემა საჯარო დისკუსიების ფორმა _ ამერიკელები უკვე საქმეზე გადავლენ. სენატსა და კონგრესში არანაირი გამოსვლები აღარ იქნება, არც კრიტიკულ წერილებს გამოაგზავნიან. ჩვენ მივიღებთ ასეთ რეალობას, _ საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
_ სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე?
_ შესაძლოა, უშუალოდ სანქციების დაწესება დადგეს დღის წესრიგში. ამერიკელებს უკვე ძალიან ხისტი დამოკიდებულება აქვთ აქ მიმდინარე პროცესების მიმართ.
_ საუბრის დასაწყისში თქვენ თქვით, რომ ივანიშვილისთვის „პირველი გახარია“ სააკაშვილი იყოო. ისინი წლების მანძილზე კარგად თანამშრომლობდნენ. ახლა რა ხდება მათ შორის? ისევ ხომ არ იპოვიან საერთო ენას, როგორც ეს 18 წლის წინათ მოხდა?
_ ბევრისთვის არასასაიმოვნო რამე მინდა ვთქვა, ეს არც „ნაცებს“ მოეწონებათ და არც _ „ქოცებს“: ივანიშვილსა და სააკაშვილს საერთო ენის გამონახვა არ სჭირდებათ, მათ ეს ენა არასდროს დაუკარგავთ.
_ ახლაც აქვთ ურთიერთობა?
_ მათ შორის კომუნიკაცია ახლაც არის.
_ რაღაც, დაუჯერებელია ეს ამბავი.
_ რატომ არის დაუჯერებელი? არაერთი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის დღემდე არის კომუნიკაცია.
_ რა ფაქტები მიუთითებს ამაზე? შეგიძლიათ, ჩამოთვალოთ?
_ პირველ რიგში ის, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება არ ყოფილა.
_ როგორ არ ყოფილა, რამდენჯერ დააყარეს ერთმანეთს გინდ პარლამენტში, გინდ _ პარლამენტის მიღმა.
_ ეგ არის თეატრალიზებული შეხლა-შემოხლები. მე სერიოზულ პოლიტიკურ ბატალიებზე ვსაუბრობ. ასეთ რამეს 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ვეღარ იხილავდით. მათ შორის იყო კამათიც, ჩხუბიც, ლანძღვაც-გინებაც, მაგრამ ეს ყოველივე არ გასცდენია საუშაო დღის წესრიგს.
_ ამაზე დაყრდნობით ამბობთ, რომ მიშასა და ბიძინას შორის კომუნიკაციაა?
_ 8 წლის მანძილზე რომ სერიოზული კონფლიქტი არ იქნება ორ დაპირისპირებულ ძალას შორის, უცნაური ამბავია. ეს პარტიის ლიდერების სერიოზული კომუნიკაციის გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია. მეტი დამატებითი მტკიცებულება, მგონი, საჭირო აღარ არის.
_ არადა, ცუდი არ იქნებოდა დამატებითი მტკიცებულებების მოსმენა.
_ კი ბატონო, გეტყვით: მიშა სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი შუამავლების მეშვეობით ესაუბრებიან ერთმანეთს.
_ შუამავლების მეშვეობით რატომ?
_ ელექტრონული კომუნიკაციებით სარგებლობისგან თავს იკავებენ.
_ რა მიზეზით? ეშინიათ, რომ მათ საუბარს ვინმე მოისმენს?
_ თუნდაც! მათ შორის რომ დღემდე არსებობს კომუნიკაცია, ეს ცუდი სულაც არ არის. ბოლოს და ბოლოს, თეთრ სახლსა და კრემლს შორის იყო წითელი ტელეფონი, რომელიც კრიზისების ესკალაციის შემთხვევაში რეკავდა. მაგ ტელეფონის მეშვეობით განიმუხტა კარიბის კრიზისი.
_ ასეთი კომუნიკაცია შევარდნაძესა და სააკაშვილს შორისაც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ედუარდი რევოლუციის გზით გააგდეს.
_ რასაკვირველია. საქართველოში აფიშირებული დაპირისპირება არააფიშირებულ მჭიდრო კომუნიკაციას ნიშნავს. სააკაშვილი-ივანიშვილის ურთიერთობა სიახლე არაა ქართულ პოლიტიკაში. მართალია, ერთმანეთს მწვავედ აკრიტიკებდნენ, მაგრამ შევარდნაძესა და ასლან აბაშიძეს შორის, სინამდვილეში, არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
_ ივანიშვილსა და სააკაშვილს დავუბრუნდები: თუ კომუნიცირებენ, ასე რატომ ლანძღავენ ერთმანეთს?
_ შეეძლოთ, უფრო კორექტულები ყოფილიყვნენ, მაგრამ ეტყობა, ასე მოსწონთ. საქართველოში თუ ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადავიდა სიტუაცია, ამის მსხვერპლი იქნება როგორც ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, ასევე მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრობა“. ბოლო რვა წლის მანძილზე ამ პოლიტიკური მოდელის ბენეფიაცირები იყვნენ მხოლოდ ეგენი. ძალაუფლების ცენტრების გადანაწილება თუ გადაწყდა, ეს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლებების ხარჯზე მოხდება.
უცხოელების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ტარდებოდა, ჩამოყალიბებულია თეზა _ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, ისე ჩაეხსნას „ქართულ ოცნებას“, რომ ძალაუფლება „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გადაეცეს.
_ დიდი ხანია, ხალხს აღარც „ნაცი“ უნდა, აღარც „ქოცი“, მაგრამ ვერ იშორებს.
_ პოლიტიკური მოდელი ისეთნაირად ააწყვეს, რომ თუ ის არ შეიცვალა, ვერც მოვიშორებთ. ამ მოცემულობის შეცვლა ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ ამერიკული პოლიტიკური ელიტის ჩართულობის გაზრდით შეიძლება. საჭიროა მათი იდეა-განზრახულობების შემოტანა. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს ამ დინოზავრებთან ჭიდაობა ძალიან გაუჭირდებათ. დღეს საქართველოში, სინამდვილეში, უკვე მოხდა რევოლუცია. შეუიარაღებელი თვალით ამის დანახვა ცოტა რთულია, მაგრამ ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.
_ რატომ ფიქრობთ, რომ საქართველოში რევოლუცია უკვე მოხდა?
_ იმიტომ, რომ ნებისმიერ სივრცეში ამერიკელების ჩართულობის ზრდა ნიშნავს ინოვაციებსა და ახალი რეალობის ჩამოყალიბებას. საქართველოც ამ ახალი რეალობისკენ მიდის. თუ რამ კონსტანტა არსებობს პოლიტიკაში, ეს არის ამერიკის გავლენების დომინანტური და უცვლელი სახე.
სერიოზული ბატალიები უნდა დაიგეგმოს მაშინ მათ წინააღმდეგ. ვეჭვობ, ბიძინა ივანიშვილმა ამაზე წასვლა გაბედოს. ეს არის გამორიცხული. მესმის, რომ მისი მომხრეები იმ სურათს მოეჭიდებიან, რაც ახლა ამერიკაშია. მათი აზრით, ტრამპი ლიბერალებს რომ დაამარცხებს, მერე საქართველოშიც მოიგერიებს მათ შემოტევას. ის, ვინც ასე ფიქრობს, მათ იმედი უნდა გავუცრუო. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტაში საქართველოსთან მიმართებით დიდი ხანია, რაც გამიჯვნა მოხდა. ტრამპი საქართველოს საქმეებში წამყვანი არაა. საქართველოს საქმეებს ამერიკული პოლიტიკური ელიტის ჩარჩოებში ალაგებს რესპუბლიკური პარტიის სენატორთა ჯგუფი. პოლიტიკურ მოცემულობასაც ისინი აყალიბებენ, სტრატეგიასაც და ტაქტიკასაც. ამიტომ ტრამპი მოიგებს თუ წააგებს, აქ მოცემულობა არ შეიცვლება. თუ შეიცვალა, კიდევ უფრო მძაფრი იქნება.
_ მძაფრი რატომ იქნება?
_ იქ პოლიტიკური ელიტა ორი ნიშნით არის გაყოფილი: რესპუბლიკელები არიან რუსეთის მტრები, დემოკრატები კი პუტინის პირად მტრებად მიიჩნევენ თავს. ბაიდენის დაჯგუფება კლინტონი-ობამას ერთგავრი კლონია. იმათ რა ანტიპუტინური მუხტიც აქვთ, ამაზე საუბარი ზედმეტია. ეს ყველაფრიდან ჩანს. ბაიდენმა თუ გაიმარჯვა და აქეთ სენატში რესპუბლიკელები იყვნენ, მერე ნახეთ პრესი რუსეთსა და მის მოკავშირეებზე.
საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების ჩაგდება ძალიან სარისკოა, ამიტომ ახლა ივანიშვილმა არჩევნების გადადების გზა აირჩია. თავისი პარტიის წარმომადგენლებს გააჟღერებინა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის გამო შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნების თარიღმა გადაიწიოსო. სინამდვილეში, არჩევნების გადატანა კორონას ეპიდემიას საერთოდ არ უკავშირდება.
3 ნოემბერს ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ აქ საპარლამენტო არჩევნები ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შემდეგ ჩაატაროს. პირადად მე მას არჩევნების გადადებას არ ვურჩევდი, რადგანაც 3 ნოემბრის შემდეგ მხოლოდ უარესი ვარიანტი იქნება.
_ უარესს ვარიანტში რას გულისხმობთ?
_ ტრამპი თუ აირჩიეს, მოცემულობა იგივე დარჩება; ბაიდენი თუ მოვიდა, მოცემულობა შეუდარებლად დამძიმდება.
_ ვისთვის დამძიმდება?
_ ივანიშვილისთვის. ამიტომ მას არ უნდა აწყობდეს არჩევნების გადადება. არ მინდა ვიფიქრო, რომ იგი ხავსს ეჭიდება. რეალობა ძალიან მწარეა _ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების გადადებაზე არც უნდა იფიქროს.

შორენა მარსაგიშვილი