რას გვიყვება სვეტიცხოველზე ეთიოპიური სვინაქსარი?!

მართალია, „ქრონიკა+“ სამეცნიერო გამოცემა არ გახლავთ, მაგრამ მსურდა, ის სამეცნიერო სიახლე, რასაც საქართველოს გაქრისტიანების შესახებ ეთიოპიური სვინაქსარი შეიცავს, ხელმისაწვდომი ყოფილიყო ფართო და არა მხოლოდ ვიწრო სამეცნიერო წრეებისთვის. რამდენადაც „ქრონიკა+“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და ავტორიტეტული გამოცემაა, გადავწყვიტე, მესარგებლა პატივით და სწორედ აქ გამომექვეყნებინა წინამდებარე ნარკვევი სამეცნიერო პოპულარული ფორმით.

ხშირად მოისმენთ, რომ ისტორია არაზუსტი მეცნიერებაა და გარკვეული მასში თითქმის არაფერია, რადგანაც წყაროები ყოველთვის ტენდენციურია. ისტორიოგრაფიული მეცნიერებისადმი მსგავსი ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება გამართლებული იქნებოდა, თუკი არ იარსებებდა არქეოლოგია, რომელიც ერთგვარი ჭუჭრუტანაა წარსულში და გვაძლევს საოცარ შესაძლებლობას, შევამოწმოთ ძალიან ბევრი მოვლენის ნამდვილობა. საკუთარი თვალებით დავინახოთ და შევეხოთ ბევრ იმ პრობლემას, რომლის შესახებაც ტენდენციური წყაროები გვიამბობენ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია მკვიდრ ნიადაგზე დაფუძნებულებმა ვიმსჯელოთ ისტორიის შესახებ.
წინამდებარე მოკლე ნარკვევში შევეხებით საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში ფუძემდებლური მნიშვნელობის მოვლენას _ პირველი ქრისტიანული ტაძრის მშენებლობასა და მის ღრმა შინაარსის მატარებელ სახელწოდებას, რომელიც, როგორც გამოირკვა, მჭიდროდაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის მახლობლად მდებარე წარმართულ ტაძართან (ოთხმოცდაათიან წლებში მცხეთაში, არმაზციხესთან, სვეტიცხოვლის მახლობლად, არქეოლოგებმა მიაკვლიეს მეოთხე საუკუნის ბრწყინვალე წარმართულ სატაძრო კომპლექსს). ამასთან დაკავშირებით შესანიშნავი ქართველ არქეოლოგი და მკვლევარი, გურამ ყიფიანი, შემდეგს აცხადებს: „…ეს ექვსაფსიდიანი ტაძარი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, დაუმთავრებელია, გვაქვს კაპიტელი, გვაქვს ბაზისი, მაგრამ არსად ჩანს სვეტი. დავუშვათ, რომ სვეტი ხის იყო და გადაიწვა, მაგრამ ცეცხლის კვალი იქ არ არის და ვერ გადაიწვებოდა. გარდა ამისა, აფსიდებს შორის ხის კონსტრუქციები დადასტურებულია და ის არსად გამქრალა. სად წავიდა რვა-ნახევარი მეტრის სიმაღლის სვეტი? სვეტი სწორედ არ არის და ჩანს ისეთი სიტუაცია, რომ კრამიტის სახურავი ჩაშლილია და იმიტომ არ არის დალეწილი და ყველა კრამიტის ზომის აღდგენა შეგვიძლია, სვეტი შესაძლოა არსებობდა და ვიღაცამ გამოაცალა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიდეოთეკა, გურამ ყიფიანი, ლექცია 6, ნაწილი _ 2)“.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დღემდე გამოუყენებელია ქართლის გაქრისტიანების შესახებ არსებული ერთ-ერთი ძველი წყარო _ ეთიოპური სვინაქსარი, უცხოელმა მკვლევრებმა კი მას რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნეს, რამაც აღნიშნული წყაროს მიმართ დიდი ინტერესი აღმიძრა. მეტადრე წყაროს იმ მონაკვეთმა, რომელიც მცხეთაში პირველი ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობას ეხებოდა, ამიტომაც ტექსტის ეს ნაწილი ვთარგმნე. სანამ მის ციტირებას მოვახდენ, უნდა აღვნიშნო ერთი რამ, _ ტექსტები ქრისტიანული ეკლესიის ისტორიის შესახებ სავსეა სასწაულებრივი თხრობებით, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა. სასწაულები, რასაკვირველია, არასოდეს ხდება, მაგრამ მკვლევარი, ამისდა მიუხედავად, ვალდებულია, სასწაულებრივი თხრობის შემცველი წყაროები ხელაღებით მაინც არ უარყოს და თუკი შესაძლებელია, სასწაულებრივი გარსის მიღმა გადასხვაფერებული სინამდვილე განჭვრიტოს, მაგ.: არმაზის „სასწაულებრივი შემუსვრა“ სინამდვილეში სხვა არაფერი უნდა ყოფილიყო, თუ არა მისი ადამიანური ძალით მოსპობა, რაც, სხვათა შორის, ასახული ჩანს ტენდენციურ, მაგრამ შედარებით ადრეულ სომხურ წყაროებში, სადაც არმაზის კერპს მას შემდეგ მუსრავენ, რაც მეფე უკვე ნათელღებულია. ცხადია, კერპების შემუსვრა გაქრისტიანებას მოყვა, მაგრამ მოგვიანო ხანის ქართული ქრისტიანული წყაროები ამ მოვლენას წინაუკმო გადმოგვცემენ, რომ ვითომც კერპთა სასწაულებრივ შემუსვრას მოყვა მოქცევა. ყველაფერი ეს სავსებით კანონზომიერია იმ ეპოქისთვის, რომელსაც განსახილველი ტექსტები განეკუთვნება. რაც შეეხება ეთიოპიურ სვინაქსარს, რომელიც სხვასთან ერთად ქართლში პირველი ქრისტიანული ეკლესიის აშენების შესახებ გვიამბობს, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ პირველი ქრისტიანული ტაძრის აგებისას დასჭირდათ სვეტები, რომელიც არ მოეპოვებოდათ, სამაგიეროდ, ახლოს მდებარე წარმართულ ტაძარს აღმოაჩნდა მშვენიერი სვეტები. წმინდა ნინომაც ილოცა და სვეტებმა თავიანთი თავი წარმართული ტაძრიდან „მოიხსნეს“ და ქრისტიანულ ეკლესიაში „მივიდნენ“, (შYNAXAღIUM _ „თჰე Bოოლ ოფ ტჰე შაინტს ოფ თჰე Eტჰიოპიან Oრტჰოდოხ თეწაჰედო ჩჰურცჰ“). რასაკვირველია, სვეტები იქვე, მახლობლად მდებარე სვეტიცხოვლის ასაშენებლად გადაიტანეს, აღნიშნული მოვლენა კი სასწაულებრივად შებურეს. შთამბეჭდავი აქ ისაა, რომ ეს წყარო ზუსტად პასუხობს ოცდამეერთე საუკუნის არქეოლოგის დაჟინებულ კითხვას, თუ რა იქნა ექვსაფსიდიანი წარმართული ტაძრის სვეტები, როდესაც დარჩენილია სვეტის თავებიც და ძირებიც _ ბაზისები და კაპიტელები და შენობაც უკვე გადახურული იყო კრამიტით? ე. ი. იქ სვეტები აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ეთიოპიური სვინაქსრიდან ვიგებთ, რომ სვეტიცხოველთან ახლოს მდებარე წარმართული ტაძრის სვეტები სვეტიცხოვლისთვის გამოიყენეს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექვსაფსიდიან წარმართულ ტაძარში დარჩენილი სვეტების ბაზისებისა და კაპიტელების მორთულობით _ ხვიებითა და კანელურებით თუ ვიმსჯელებთ, ეს სვეტები ძალიან ლამაზებიც უნდა ყოფილიყვნენ. სწორედ ამიტომ შენიშნავს ეთიოპიური სვინაქსარი, რომ მახლობლად მდებარე წარმართული ტაძრის სვეტები მშვენიერნი იყვნენ. ცოტა არ იყოს, ალოგიკური ჩანს, რომ სვეტიცხოვლის მშენებლებს სვეტები ისეთი წარმართული ტაძრისთვის წაერთმიათ, რომელიც უკვე ფუნქციონირებდა, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმას, რომ არმაზციხის ექვსაფსიდიანი წარმართული ტაძარი ბოლომდე არაა განსრულებული, მივიღებთ სავსებით ლოგიკურ მოცემულობას _ მიმდინარეობს წარმართული ტაძრის მშენებლობა, რომელიც თითქმის დასრულებულია, მაგრამ გაქრისტიანებას ლოგიკურად მოყვა მშენებლობის შეჩერება, წარმართული ტაძრის შეჩერებული მშენებლობის პირდაპირპროპორციულად კი იწყება ქრისტიანული ტაძრის მშენებლობა, ამავე არეალში, ასეთ პირობებში ლოგიკურია, რომ შეჩერებული მშენებლობის რესურსები ახალი, ქრისტიანული ტაძრისთვის გამოეყენებინათ.
ამ მოვლენების შესახებ, თავისებურად, ქართული წყაროებიც გვიამბობენ სვეტიცხოვლის შესახებ ფართოდ ცნობილ ლეგენდაში, თუ როგორ ვერ ძრავდნენ სვეტს მშენებლები და როგორ დაამყარა იგი თავის ხარისხს ზეციურმა ჭაბუკმა ნინოს ლოცვით, მაგრამ სახელწოდება „სვეტიცხოველი“ უფრო სხვა რამის შესახებ მიგვითითებს, _ აქ უდავოდ ნაგულისხმევია სვეტის „სიცოცხლე“, ერთგვარი გონიერება, რაც სხვა არაფერია, თუ არა იმის ენობრივი ასახვა, რაზეც ეთიოპიური სვინაქსარი გვიყვება _ სვეტებმა „წარმართული ტაძრიდან თავები მოიხსნეს და ქრისტიანულ“ ტაძარში „მივიდნენ“. სწორედ ამიტომ არიან ისინი „სვეტნი ცხოველნი“, ანუ სულიერნი და გონიერნი. ჩანს, ეს ლეგენდა ძალიან მალე, სვეტიცხოვლის მშენებლობის თანადროულადვე გავრცელდა. მას სავსებით გასაგები იდეოლოგიური დატვირთვა აქვს _ წარმართული ტაძრის სვეტებმაც კი ზურგი შეაქციეს წარმართობას და ქრისტესაკენ იბრუნეს პირი. ამ ნათელ სიმბოლოს ძალიან გასაგებად უნდა ეთქვა წარმართი ქართველებისთვის, რომ წარმართობამ ქრისტიანობის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა. მოგვიანო ქართულმა წყაროებმა საჭიროდ არ ჩათვალეს იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ სვეტები, თავდაპირველად, წარმართულ ტაძარს ეკუთვნოდა, ამიტომაც შეითხზა ალტერნატიული ვერსია სვეტების მოკვეთილი ძელებისგან დამზადების შესახებ.

ბექა ჭიჭინაძე, მკვლევარი