„რაღაცებს ბოდავენ!“ – ვინ და რატომ ცდილობს ვალერი გელბახიანის დისკრედიტაციას?

რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტმა თემურ კვირკველიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ 1987 წელს, ვალერი გელბახიანი ოქტომბრის, ახლანდელი ჩუღურეთის რაიონის პროკურატურიდან, სადაც გამომძიებელი იყო, თითქოს გახმაურებული მკვლელობის საქმის გაყალბების გამო გაათავისუფლეს. ამავე სტატუსის ავტორი ამბობს, რომ მან  ძველი კავშირები გამოიყენა გენპროკურატურაში და ვალერი გელბახიანის პირად საქმეს გაეცნო. ჰქონდა თუ არა უცხო პირს პირადი საქმის გაცნობის უფლება? – ვალერი გელბახიანი „ქრონიკა+“-ს ეუბნება, რომ პირადი საქმე პერსონალური ინფორმაციაა, რაზედაც სასამართლოს ნებართვის გარეშე წვდომა დანაშაულია. ამასთან, ვალერი გელბახიანი დეტალურად ყვება, თუ რა მოხდა გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში და რის ნიადაგზე დაუპირისპირდა საბჭოთა სისტემას, თუმცა როგორც ჩვენი რესპონდენტი განმარტავს, ვიღაცები ამ ამბის სხვანაირად წარმოჩენას ცდილობენ, რაც მის დისკრედიტაციას ემსახურება.

ვალერი გელბახიანი:

– სიმართლე გითხრათ, ამ ჟურნალისტს არ ვიცნობ და ისიც კი არ ვიცი, საერთოდ არსებობს თუ არა, თუმცა დავიწყოთ იმით, რომ პერსონალურ მონაცემებზე წვდომა, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დანაშაულია! ეს ადამიანი ჩემი პირადი საქმის ერთ-ერთი დოკუმენტიდან ციტირებას აკეთებს, ე. ი., პირად საქმეზე უკანონოდ დაუშვეს და ასევე უკანონოდ გამოაქვეყნა. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია!

რაც შეეხება იმ ამბავს, რომელსაც ეგ ჟურნალისტი უკუღმა აღწერს, საბჭოთა დროს, ანუ 1987 წელს მოხდა.

– მაინც, რა მოხდა?

– აბსოლუტურად უკანონოდ დამსაჯეს!

– რატომ?

– სისტემას დავუპირისპირდი და იმის ნაცვლად, ჟურნალისტს დაენახა, რომ მე, ერთი ადამიანი, კომუნისტურ პარტიას ვუჩიოდი და უკანონობების გაუქმებას ვითხოვდი, მოვლენები სრულიად საპირისპიროდ აღწერა, ანუ თითქოს ვიტყუებოდი, როცა ჯუმბერ პატიაშვილის საარჩევნო კამპანიაში ვმონაწილეობდი.

– ბატონო ვალერი, ვინაიდან ძველ ამბავზე ვსაუბრობთ, საზოგადოებისთვის ნათელი რომ გახდეს, განმარტეთ, საბჭოთა სისტემას რის ნიადაგზე დაუპირისპირდით?

– რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ვთხოვდი, რომ პარტიის უკანონო გადაწყვეტილება გაეუქმებინა, ანუ პროკუორი, რომელიც ჩემი ხელმძღვანელი იყო, უნდა დაესაჯათ, მაგრამ პარტიის ბიუროს სხდომაზე არ მივიდა, მის ნაცვლად მე მივედი და მე დამსაჯეს. ჰოდა, ამას ვედავებოდი, – მე რა შუაში ვარ-მეთქი? სხვათა შორის, სამსახურში დაბრუნებას არ ვითხოვდი.

– აბა, რას ითხოვდით?

– რეაბილიტაციას, რადგან ჩემი დასჯა უკანონობა იყო.

– რეაბილიტაციას ცეკასგან ითხოვდით, ანუ წერილი ვის მისწერეთ?

– გენერალურ პროკურორს.

– მაშინ ცეკას მდივანი ვინ იყო?

– ჯუმბერ პატიაშვილი. ჰოდა, ზემოხსენებული ჟურნალისტი ისე აღწერს, თითქოს მე პატიაშვილს ვებრძოდი და კითხულობს, გელბახიანი მართალი როდის იყო, – როცა პატიაშვილს უჩიოდა თუ მაშინ, როცა საპრეზიდენტო კამპანიის დროს პატიაშვილს აქებდაო?

ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ პატიაშვილი არაფერ შუაში იყო და მისი სახელით თბილისის კომპარტიის ბიურო სპეკულირებდა. ამის შემდეგ პატიაშვილს შევხვდი. სხვათა შორის, გაიგო, რომ მისი სახელით სპეკულირებდნენ და ამის გამო თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელობა დახსნა, ის პროკურორი კი, რომელიც ბიურომ გაათავისუფლა, თანამდებობაზე სრულად აღადგინა.

– პატიაშვილს რომ შეხვდით, ისევ ცეკა-ს მდივანი იყო?

– ჯერ ის პროკურორი შეხვდა, რომელიც ბიურომ გაათავისუფლა. მან უთხრა, თქვენი სახელით სპეკულირებდნენო და პატიაშვილი გაგიჟდა. ამიტომ ეს პროკურორი თანამდებობაზე აღადგინა და, ვინც მის სახელს იყენებდა, ყველას დაერია. ერთი სიტყვით, ეს გრძელი ისტორიაა, მაგრამ ზემოხსენებული ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ყველაფერი ეს არ ჩანს. მას შემდეგ, რაც ცეკა-ს მდივანი აღარ იყო, შევხვდი და პატიაშვილი მომიყვა, რაც სინამდვილეში მოხდა და ისიც მითხრა, ჩემი სახელით თბილისის კომპარტიის ხელმძღვანელობამ ისპეკულირაო. მოკლედ, დავინახე, რომ ამ ამბავში მას წვლილი არ მიუძღოდა. ჩვენ შორის კომუნიკაცია შედგა და ნელ-ნელა დავმეგობრდით. საერთოდ, პატიაშვილი მხოლოდ ამ საქმეში კი არა, კიდევ ბევრ რამეში უმწიკვლო იყო. უბრალოდ, მის გარშემო არსებულმა „შპანამ“ ბოროტად ისარგებლა და იმ პროკურორზე, სადაც ვმუშაობდი, ანგარიშსწორება მოახდინა.

ამ ამბებიდან, დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ გენერალურმა პროკურორმა რაზმაძემ დამიძახა და მითხრა,-  პროკურატურაში დაბრუნდიო, მაგრამ უარი ვუთხარი, არა-მეთქი, თუმცა დავინახე, რომ ჩემს მხარეს იყო. წლების მერე, როცა „აღორძინების“ ძირითად შემადგენლობაში მოვხვდი, ასლან აბაშიძესთან რეკომენდაცია გავუწიე და ვახტანგ რაზმაძე ჯერ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა, შემდეგ კი – დეპუტატი. მართალია, თვითონ ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი ოჯახის წევრებმა იციან, რომ რაზმაძე „აღორძინებაში“ მე მივიწვიე და არა – სხვა ვინმემ! იმიტომ მივიწვიე, რომ როგორც გითხარით, თავის დროზე, მხარი დამიჭირა – დამიძახა და სამსახურში დაბრუნება შემომთავაზა, მაგრამ ეს კაცი, რომელიც ჟურნალისტი ყოფილა, ყველაფერს უკუღმა ჰყვება.

– ამ უკუღმად მოყოლის მიზანი, თქვენი აზრით, რა არის, ბატონო ვალერი?

– აი, ნახეთ, რა დაწერა: ვითომ პროკურატურიდან რაზმაძემ გამომაგდო და პატიაშვილს ვუჩიოდი. მერე კი პატიაშვილს საარჩევნო კამპანიაში მხარს ვუჭერდი, ანუ, თავისი აზრით, ლაქია გამომიყვანა, მაგრამ ყველაფერ ამის მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა. ჩემზე რაღაცებს ბოდავენ, – ხან, თურმე, „ბასიანის“ მფარველი და მეპატრონე ვარ, ხან ეს ვარ, ხან – ის. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი ნათლად ჩანს – მე ერთი კაცი, საბჭოთა სისტემას მარტო დავუპირისპირდი და გენპროკურორს ვაწვებოდი, კომპარტიის უკანონო გადაწყვეტილება გააუქმე-მეთქი. აბა, ერთი, ვინმემ წარმოიდგინოს, საბჭოთა დროს სისტემასთან ბრძოლა როგორი იყო, მით უმეტეს, თუ მართალი არ იყავი – გაგაციმბირებდნენ!

– ბატონო ვალერი, საბჭოთა სისტემას რის გამო დაუპირისპირდით?

– პროკურატურაში მკვლელობების პროფილი, ანუ მკვლელობების გამოძიება მქონდა. ვინც ამ საქმეს ნახავს, „ბრალდებაც“ წერია – ერთ-ერთი მოქალაქის განცხადებაზე ორი კვირა მქონდა გადაცილებული, ანუ ვადა  დავარღვიე, თუმცა ამასაც თავისი მიზეზი ჰქონდა – სხვა სამსახურში გადავდიოდი და გადაბარებას ვახდენდი.

– რომელ სამსახურში გადადიოდით?

– გენერალურ პროკურატურაში უდიდეს საქმეთა გამომძიებლად და ჩემი საქმე სხვას გადავაბარე, მაგრამ ჩემი იქ გადაყვანა გაჭიანურდა. ამიტომ ჩემი საქმეები ისევ დავიბრუნე და ამასობაში ამ მოქალაქის განცხადება გამომრჩა. განცხადებაზე პასუხის დაგვიანება სასაცილოა, მაგრამ ჩემ წინააღმდეგ მეტი ვერაფერი ნახეს და პირად საქმეში ჩამიწერეს, მოქალაქეთა განცხადებაზე პასუხის გაცემის დაგვიანებით მოქალაქეთა უფლებები დაარღვიაო.

– ე. ი., ყველაფერი ეს თქვენ წინააღმდეგ სპეციალურად გამოიყენეს?

– დიახ, მაშინ ასეთი დრო იყო, თუმცა ახლაც ასე ხდება.

– როგორ?

– განცხადებაც რომ დაწეროთ და სამსახურიდან განთავისუფლება ითხოვოთ, პირად საქმეში გიწერენ, დაკავებული თანამდებობიდან დათხოვნილ იქნესო. ჩემზე ცენტრალური კომიტეტის თბილისის ბიუროს გადაწყვეტილება იყო ასეთი, გენერალური პროკურატურის წინაშე თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი დაისვასო, ანუ გაათავისუფლეთო. სწორედ ამას ვედავებოდი, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო იყო. სხვათა შორის, როცა ყველაფერი ეს მოხდა, დაახლოებით, 113 მკვლელობა მქონდა გამოძიებული და ყველა საქმეზე ასპროცენტიანი მონაცემები არსებობდა, მაგრამ ამის მიუხედავად, „პრიჩინა“ მომიდეს და ამიტომ ცეკა-ს ომი ავუტეხე. ცამდე მართალი ვიყავი და დავუპირისპირდებოდი, აბა, რას ვიზამდი?! ჩემი დაჭერა რომც სდომებოდათ, ვერ დამიჭერდნენ, რადგან დასაჭერი არაფერი იყო, მაგრამ არ მახსოვს, ჩემი კოლეგებიდან საბჭოთა სისტემას ვინმე დაპირისპირებოდა! სახელმწიფოსთან დაჯახებას ყველა ერიდებოდა, რადგან იცოდა, რომ ცხვირს მოიტეხდა, მაგრამ მე მართალი ვიყავი და ამიტომაც ვუჩივლე!

მოკლედ, თემურ კვირკველიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისთვის გამიზნული პროვოკაციაა, თორემ, სინამდვილეში, როგორც გითხარით, საბჭოთა სისტემას ჩემ პერსონაზე განხორციელებული უკანონობისთვის დავუპირისპირდი და ეს საკითხი წერილობით იმდროინდელი გენპროკურორის, ვახტანგ რაზმაძის წინაშე დავაყენე!

რაც შეეხება მოგვიანებით პოლიტიკაში პატიაშვილ-რაზმაძისა და ჩემს  ერთად ყოფნას, შემიძლია, ხმამაღლა განვაცხადო, რომ რაზმაძის პოლიტიკაში დაბრუნება ჩემი ინიციატივით მოხდა, ანუ როგორც გითხარით, „აღორძინებაში“ იგი მე მივიწვიე, რადგან, თავის დროზე, ჩემ მიერ გაგზავნილი წერილიდან სამი-ოთხი თვის შემდეგ, დამიბარა და მითხრა, – შენ პოლიტიკური შეტევის საზარბაზნე ხორცი იყავი, ამიტომ განცხადება დაწერე და უკან გაბრუნებო. ამაზე მადლობა გადავუხადე, მაგრამ არ დავბრუნდი, თუმცა ეს დავუფასე და როცა საშუალება მომეცა, პოლიტიკაში – „აღორძინების“ ბლოკში მოვიწვიე და დეპუტატიც გახდა.

– მოკლედ, ბატონო ვალერი, თავის დროზე, პატიაშვილსა და რაზმაძეს კი არა, საბჭოთა სისტემას უპირისპირდებოდით, არა?

– დიახ, თბილისის ტეკას, ანუ საქალაქო კომიტეტის ბიუროს ვუპირისპირდებოდი, რომლის პირველი მოადგილეც ჩხეიძე იყო და ყველაფერი მან გააკეთა, თუმცა პატიაშვილის სახელით ისპეკულიანტეს. ყველაფერი ეს მალევე გაირკვა, ჩემი სრული რეაბილიტაციაც მოხდა – ჩემი ხელმძღვანელი პროკურორად აღადგინეს, მე კი უარი განვაცხადე და სისტემაში აღარ დავბრუნდი.

ერთი სიტყვით, ის, რასაც ეს ადამიანი ყვება, მამალი ტყუილია, ანუ ნაცვლად იმისა, რომ დაენახა, მე სისტემას დავუპირისპირდი, ჩემი პიროვნების დისკრედიტაციისთვის რაღაც მოიგონეს. თუ კვირკველიას სიმართლე აინტერესებს, ჩემგან ინტერვიუ აიღოს და სრულად – ფაქტებით და დოკუმენტებით მოვუყვები, რაც მოხდა!

საერთოდ, ყველამ  იცოდა, რომ ასეთი ხასიათი მაქვს – დირექტივებს არ ვემორჩილები და უკანონო მოთხოვნებს არ ვასრულებ, ამიტომ ჩემი მოცილება უნდოდათ და საბაბად, როგორც გითხარით, მოქალაქის განცხადებაზე პასუხის ვადის გადაცილება გამოიყენეს.

გიორგი აბაშიძე