ჯონდი ბაღათურია: „კორონავირუსის გავრცელების გამო პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ“

საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. მართალია, პანიკამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ ხალხი ძალიან არის შეშინებული. „ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მას მიაჩნია, რომ ხელისუფლებას ცოტა ადრე რომ გადაედგა ქმედითი ნაბიჯები, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებოდით. ბაღათურია დარწმუნებულია, რომ ასეთ შემთხვევაში ვირუსით დაავადებულთა რიცხვი სამზე მეტი არ იქნებოდა. „ქართული დასის“ ლიდერი ფიქრობს, რომ კორონავირუსი საქართველოს ეკონომიკას, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, სერიოზულ ზარალს ვერ მიაყენებს.

რატომ დაგვიანდა იტალიასთან ფრენების შეჩერება? რატომ არ მოიმარაგეს, თავის დროზე, პირბადეები? ჩავარდება თუ არა ტურისტული სეზონი? ვინ გააკონტროლებს ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობას? მალავენ თუ არა დაავადებულთა ზუსტ ციფრს? _ ამის შესახებ ჯონდი ბაღათურია „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ ჯონდი, თქვენ „ქრონიკა+“-სთან ინტერვიუში, ჯერ კიდევ, იანვარში ითხოვდით, რომ ჩინეთთან პირდაპირი მიმოსვლა შეჩერებულიყო, რათა ვირუსის გავრცელებისგან თავი დაგვეცვა. იმ დროს იტალიაში ეს ვირუსი ჯერ კიდევ გავრცელებული არ იყო. ამ ქვეყანასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა თავის დროზე რომ შეჩერებულიყო, ასეთი მძიმე სურათი, ალბათ, არ გვექნებოდა.
_ იანვარში ისიც გითხარით, რომ დროებით უნდა შეჩერებულიყო სწავლა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარებულიყო სადეზინფექციო სამუშაოები. ეს გახლავთ ელემენტარული ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუშლიდა ინფექციის გავრცელებას. ახლა სწავლის პროცესიც გააჩერეს, სადეზინფექციო სამუშაოებიც ტარდება. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ სახელმწიფომ ამის გაკეთება ცოტა დაგვიანებით დაიწყო. ცოტა უფრო ადრე უნდა შეჩერებულიყო მიმოსვლა ირანთან და ჩინეთთან.
მართალია, ცოტა დავაგვიანეთ ზომების მიღება, მაგრამ, ღვთის წყალობით, ამ ეტაპზე, რაღაც კატასტროფული მდგომარეობა არ გვაქვს. არც ეს მდგომარეობა გვექნებოდა, სახელმწიფოს ის ღონისძიებები ცოტა უფრო ადრე რომ გაეტარებინა, რომელსაც ახლა ატარებს. არ უნდა გაგვეწელა დრო და იმის შიში არ უნდა გვქონოდა, რომ ტურიზმის მიმართულებით რაღაც პრობლემები შეიქმნებოდა. არადა, ტურიზმის კუთხით უკეთესად გვექნებოდა საქმე. იმის გამო, რომ საქართველოში ვირუსი არ იქნებოდა გავრცელებული, ჩვენ ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი ქვეყანა გავხდებოდით. საბედნიეროდ, ყველა ქვეყანაში არ არის ეს ვირუსი გავრცელებული და ამ ქვეყნის მოქალაქეები აქ ჩამოვიდოდნენ.
_ მაინც, რატომ გაიწელა იტალიასთან ფრენების შეჩერება? ეგონათ, რომ გადავრჩებოდით?
_ რა ეგონათ, არ ვიცი, მაგრამ ეს იყო შეცდომა. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სათანადო ზომების მიღება სუბიექტური მიზეზებითაც დააგვიანეს. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკა. სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ტურიზმზე. აქ ჩამოსული ტურისტები მხოლოდ სასტუმროში არ ხარჯავენ ფულს _ ისინი დადიან კვების ობიექტებში, იხდიან მგზავრობის საფასურს, ყიდულობენ იმ სოფლის მეურნეობის პროდუქციას, რაც ჩვენთან მოდის. რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიკაცია ვერ მოხერხდა, ტურიზმი და შემოსავლები რომ არ დაკარგულიყო, ამის გამო სახელმწიფო და მთავრობა ცდილობდა იმ ღონისძიების დაწყება გაეწელა, რომელსაც ვითხოვდით.
ძალიან გვიან არ დაწყებულა, მაგრამ ოდნავ ადრე რომ დაწყებულიყო, ამდენი ინფიცირებული არ გვეყოლებოდა. ბევრი ინფიცირებული არც ახლა გვყავს, მაგრამ არც ეს იქნებოდა. არც იმის ეჭვი გაჩნდებოდა, რომ კორონავირუსით გაცილებით მეტი ადამიანია დაავადებული და სახელმწიფო ზუსტ ციფრს არ აცხადებს.
_ შეიძლება, რომ დაავადებულთა ზუსტ რიცხვს მალავდნენ? წავა ასეთ რამეზე ხელისუფლება?
_ ამათგან არაფერი გამიკვირდება, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ დაავადებულთა ზუსტ რიცხვს მალავდნენ. ეს არაფერში სჭირდებათ, თან ეს ისეთი ამბავია, რომ ვერ დაიმალება.
_ სახელმწიფო არა, მაგრამ ხომ შეიძლება, ის ადამიანები მალავდნენ, ვინც ამ ვირუსის მატარებელია? ესეც შეუძლებელია?
_ არაა გამორიცხული, ვიღაცები იმალებოდნენ და არ აკითხავდნენ სამედიცინო დაწესებულებებს. უცხოელებს რა უნდა მოვთხოვო, როდესაც ქართველმა ექიმმა დამალა, რომ კორონავირუსი ჰქონდა, რათა საზღვარზე არ შეემოწმებინათ. იტალიიდან გადაფრინდა ავსტრიაში და იქიდან ჩამოვიდა საქართველოში. მეორე დღეს ის ადამიანი თათბირზე წავიდა. მის გამო რამდენიმე ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.
ასეთი რამე ისეთ ადამიანს რომ გაეკეთებინა, რომელსაც მედიცინასთან შეხება არ აქვს, კიდევ მოვუძებნიდი რაღაც ახსნას მის საქციელს, მაგრამ როცა ამას ექიმი აკეთებს, იქ ძალიან მძიმედ არის საქმე. როგორც კი ეს ამბავი გასკდა, ამ ექიმისთვის მაშინვე უნდა შეეჩერებინათ ექიმის ლიცენზია. ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო მოატყუა და რისკის ზონიდან მაქინაციების გზით შემოვიდა, იმას როგორ შეიძლება, ექიმი დავარქვა?! სამწუხაროდ, სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ასეთ ფაქტებზე.
სხვა მხრივ მათთან სასაყვედურო არაფერი მაქვს. გასაკეთებელს აკეთებენ. ერთ-ერთ სპორტდარბაზში ვვარჯიშობ და იქიდან მომივიდა შეტყობინება, რომ იქაურობას დეზინფექცია უტარდება, რაღაცნაირად გამეხარდა. ძალიან კარგია, სახელმწიფო თავის სიმაღლეზე რომ დგას, მაგრამ იმ ექიმისთვის ლიცენზია უნდა შეეჩერებინათ. ამით ჭორების გავრცელების საბაბიც აღარ იქნებოდა.
_ შეიძლება, ხელისუფლება მის გამოჯანმრთელებას ელოდება და მერე შეუჩერებენ ლიცენზიას. ალბათ ფიქრობენ, რომ ცუდად მყოფი ადამიანისთვის ექიმის ლიცენზიის ჩამორთმევა სწორი არ იქნება.
_ ამ ადამიანმა რატომ არ იფიქრა, რომ თავისი ქმედებით სხვებს შეუქმნიდა სერიოზულ პრობლემებს? მან ძალიან დიდი დანაშაული ჩაიდინა და ამიტომ უნდა შეუჩერდეს ლიცენზია. ვირუსი რომ აქვს, ეს ჩემთვის არგუმენტი არ არის. ამ ადამიანს ლიცენზია იმიტომ უნდა ჩამოართვან, რომ შემდეგში ასეთი რამის გაკეთება სხვამ არ გაბედოს.
იტალიასთან ფრენები რამდენიმე დღით ადრე რომ შეჩერებულიყო, აქ კორონავირუსის მხოლოდ სამი შემთხვევა იქნებოდა. კორონა, ძირითადად, იტალიიდან არის შემოტანილი. როცა ფრენები შეჩერდა, ერთმა ჩემმა ნაცნობმა იცი, რა თქვა? _ სხვა ქვეყანაში ჩავალ და იქიდან გადავალ იტალიაშიო. არიან ადამიანები, რომელთა აზრამდეც არ დადის, რა საფრთხესთან გვაქვს საქმე. საზოგადოების ნაწილს არ აქვს სამოქალაქო პასუხისმგებლობა. რაკი ადამიანები ამ საფრთხეს ადეკვატურად ვერ აღიქვამენ, სახელმწიფომ რაღაც აკრძალვები უნდა დააწესოს. სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ როცა მოქალაქეებს რაღაც არ ესმით და ეს სხვებს უქმნის საფრთხეს, უნდა აიძულო და ისე გააგებინო.
ასეთი ვრცელი მიმოხილვა იმიტომ გავაკეთე, რომ ხაზი გავუსვა, თუ რა ცუდად მოიქცა ის ექიმი. მან სხვებს მისცა მაგალითი იმისა, რომ შეიძლება საქართველოში დაავადებულიც შემოიპარო, ისე რომ ვერ გაიგონ. მხოლოდ სახელმწიფოს შუძლია, ამას წინ აღუდგეს. ასეთ რამე ვერვინ უნდა გაბედოს. საზოგადოებას კარგად უნდა გააგებინონ, რომ მეორე ადამიანისთვის ვირუსის გადადება სისხლის სამართლის დანაშაულია და აქ მხოლოდ სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან არ გვაქვს საქმე.
ამ თემას ხშირად ვეხმიანები, სოციალურ ქსელში ვწერ პოსტებს და ამის გამო მაკრიტიკებენ. ბრალს მდებენ, რომ თითქოს პანიკას ვთეს.
_ თქვენი პოსტები პანიკის შემცველი სულაც არ არის.
_ მეც ასე ვფიქრობ, პანიკის დათესვა სულ სხვა რამეა. სიფრთხილე კი _ სულ სხვა რამე და სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა. სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა და იტალიასთან მიმოსვლა უფრო ადრე შეჩერებულიყო, მართლა უკეთესი სურათი იქნებოდა. გარწმუნებთ, კორონავირუსის სამ შემთხვევაზე მეტი არ იქნებოდა. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და ამათაც დაგვიანებით გადადგეს ეს ნაბიჯი. მთავარია, ამ დროისთვის საკმაოდ შედეგიანად მუშაობენ. კატასტროფული ვითარება არ გვაქვს. იმისთვის რომ სურათი არ გაუარესდეს, ჩვენც უნდა გვქონდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
_ იმდენს მაინც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ამ ვითარებაში არ უნდა წავიდეთ სამოგზაუროდ იტალიაში ან ჩინეთსა და ირანში.
_ არ უნდა წავიდეთ, მაგრამ მარტო ეგ არ არის. კორონავირუსს თავი დავანებოთ. ჩვეულებრივი გრიპით რომ ხარ ავად, ასეთ შემთხვევაშიც უნდა დარჩე სახლში. რაღაც გადაუდებელი საქმე თუ არ გაქვს გარეთ, არ უნდა გახვიდე. არც ჩვეულებრივი გრიპის გავრცელებაა კარგი. სხვა გამოსავალი თუ არ გაქვს და გრიპიანს გიწევს გარეთ გამოსვლა, მაშინ კეთილი ინებე და პირბადით იარე.
_ წინა ინტერვიუში პირბადეებზე გქონდათ განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აპროტესტებდით იმას, რომ პირბადეები გაძვირდა და ზოგ აფთიაქებში საერთოდ აღარ არის. ახლა მთელ მსოფლიოში პირბადეების დეფიციტია, მათ შორის, ამერიკაშიც, მაგრამ ჩვენთან ბევრად ადრე შეიქმნა ეს დეფიციტი.
_ აქაც დააგვიანა სახელმწიფომ. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ შეგვეძლო პირბადეების მომარაგება, სანამ ვირუსი ასე გავრცელდებოდა და პირბადეების დეფიციტი შეიქმნებოდა. როცა წინა ინტერვიუ ჩავწერეთ, ჯერ კიდევ იმ დროს უნდა დაწყებულიყო პირბადეების მომარაგება. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ კორონავირუსს ვერც ჩვენ გადავურჩებოდით.
_ იმ დროს კორონავირუსის შემთხვევები არ იყო და დიდად აღარ შეიწუხეს თავი.
_ სწორედ მაგ დროს უნდა მოემარაგებინათ. სანამ ინფექცია შემოგიტევს, მანამდე უნდა მოემზადო. მაშინ რომ დაეწყოთ ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენი სახელმწიფო ახლა ბევრად უფრო ეფექტური გამოჩნდებოდა. ახლა შეერთებულ შტატებშიც პირბადეების პრობლემაა.
_ მთავრობა პირობას დებს, რომ ძალიან მალე საქართველოში დაიწყება პირბადეების წარმოება.
_ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამის გაკეთება ადრეც შეიძლებოდა. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის დაცულობის განცდას. დაცულად იგრძნობდნენ თავს ჩვენი მოქალაქეებიც და ტურისტებიც. ჩინელი და ირანელი ტურისტების მხრიდან დანაკარგები გვექნებოდა, სამაგიეროდ სხვა ქვეყნებიდან შემოვიდოდნენ ტურისტები. მაგალითად, გერმანიიდან _ იქ კი დაფიქსირდა შემთხვევები, მაგრამ მაღალი რისკის ზონა არ არის, არც ერთი გარდაცვლილი არაა. 150 შემთხვევაა და იქაც, ძირითადად, იტალიიდან გავრცელდა ვირუსი.
_ იტალიას ასე რატომ მოედო ვირუსი? ასე როგორ გაექცათ ხელიდან სიტუაცია?
_ როგორც ჩანს, უპასუხისმგებლობა გამოიჩინეს და სავალალო შედეგმაც არ დააყოვნა.
_ ეგენიც ჩვენნაირები არიან.
_ მგონი, უარესები. ამ ვირუსს იტალიელები ჩვენზე უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ. მართლა არაფრად აგდებდნენ, ჩვენ უფრო პანიკაში ვიყავით იტალიაში მიმდინარე პროცესების გამო, ვიდრე _ თავად იტალიელები. იტალიიდან ჩამოსული ქართველები ღიზიანდებოდნენ, როცა მათ საზღვარზე ამოწმებდნენ. ამბობდნენ, იტალიაში არანაირი პანიკა არაა და აქ რა გჭირთო?! პანიკა რომ არ იყო და არავის ამოწმებდნენ, მაგიტომაც არის ახლა იქ კატასტროფა.
_ სამაგიეროდ, ახლაა პანიკა და 16 მილიონი ადამიანი კარანტინშია. იტალიური მედია ასე წერს.
_ ახლა უკვე გვიანია. აქამდე არ უნდა მიეყვანათ საქმე. მიიყვანეს და ახლა ვითარება უკონტროლო გახდა.
_ აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ ფაქტზე, რაც იმერეთში მოხდა: ჩინურმა კომპანიამ, რომელიც გზის სამშენებლო სამუშაოებს ატრებს, ქართველი მუშები სამსახურში არ შეუშვა, კორონავირუსი არ გადაგვდოთო. ეს ანეკდოტივით ჟღერს, მაგრამ ნამდვილი ამბავია და სასაცილო სულაც არ არის.
_ კომიკურობა ჩვენი ცხოვრების თანმდევია და ამან კორონავირუსის დროსაც იჩინა თავი. უცხოური კომპანია რომ შემოდის აქ, მუშაობას იწყებს თავისი ქვეყნიდან ჩამოყვანილი მუშახელით. შრომით ბაზარზე ისინი ქართველების ადგილს იკავებენ. როდესაც ამაზე ხმას ამოიღებ, უცბად გამოჩნდება ვიღაც „უფლებადმცველი“ და ქსენოფობიაში დაგადანაშაულებს. არადა, ამას ქსენოფობიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საკითხი ეხება ჩვენი შრომითი ბაზრის ათვისებას უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ. ტრამპი, ევროპის ლიდერები ცდილობენ, რომ შრომითი ბაზარი, ძირითადად, თავისი მოქალაქეებით დატვირთონ. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით _ ძალიან კარგია, თუ ხელისუფლება თავის მოქალაქეებზე ზრუნავს.
_ ამ საკითხზე, ჯერ კიდევ, შევარდნაძის დროიდან ხმაურობენ ცალკეული პოლიტიკოსები, მათ შორის თქვენც იყავით, მაგრამ არაფერი გამოდის და რატომ?
_ ამ ამბავს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვს: დიდი ხანია ვიბრძვით იმისთვის, რომ შრომითი ბაზარი დაცული იყოს. უცხოელი მუშა არ უნდა იკავებდეს შრომით ბაზარს ქართველების ადგილზე.
_ ამის დარეგულირება რატომ ვერ ხდება? ასე რთულია კანონში იმის ჩაწერა, რომ უცხოურმა კომპანიამ, ძირითადად, ადგილობრივი მუშახელი დასაქმოს?
_ ეს კანონი იმ უმრავლესობამ უნდა მიიღოს, რომელიც ვალდებულია, რომ დაიცვას ჩვენი შრომითი ბაზარი და იზრუნოს იმაზე, რომ აქ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დასაქმებულები. ისინი ამას რაღაც მიზეზების გამო არ აკეთებენ.
_ რაკი არ აკეთებენ, ე. ი. დაინტერესებული არიან, რომ უცხოურმა კომპანიებმა თავისი მუშახელი ჩამოიყვანონ.
_ დაინტერესებაც არის, ალბათ, მაგრამ მგონია, რომ საქმე უფრო უპასუხისმგებლობასთან გვაქვს. ამის გარდა, მათზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალიზაცია.
_ ეს იდეოლოგია აქ რა შუაშია?
_ მათთვის მთავარია გლობალიზაცია. აცხადებენ, ჩვენ ყველანი მსოფლიო მოქალაქეები ვართ და რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქე იმუშავებს საქართველოშიო.
_ ეს მესმის, მაგრამ საკუთარ მოქალაქეებზეც ხომ უნდა იზრუნო?
_ მათ ასეთი წარმოდგენა აქვთ, მე სხვანაირად ვფიქრობ. მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, პირველ რიგში, იმ ქვეყნის მოქალაქე უნდა საქმდებოდეს და მერე სხვა დანარჩენი. საქართველოშიც ასე უნდა იყოს. არანაირი წინააღმდეგი არ ვარ, რომ უცხოელებმა დოვლათი აქ შექმნან და ფული იშოვონ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეები დაასაქმონ.
_ თავში ვისაუბრეთ, რომ ჩვენს ეკონომიკაში მთავარი ტურიზმია. ტურისტული სეზონი იწყება და საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ შემცირდება ვიზიტორთა რაოდენობა?
_ არ ვვარაუდობ, რომ ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი კლება გვექნება. ღვთის წყალობით საქართველო ჩვენს რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა. კორონავირუსთან დაკავშირებით კონტროლირებადი სიტუაცია შევქმენით. ჩვენ არ გვაქვს ვირუსის გავრცელების უკონტროლო ვითარება. არავინ ეჭვობს იმას, რომ დაინფიცირებულთა ზუსტ რიცხვს მალავენ. ეს მხოლოდ შეთქმულების თეორიაა.
ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, საქართველო მზიური ქვეყანაა. 2-3 კვირაში დათბება და ვირუსი დაიკლებს. მზის სხივის ზემოქმედების შედეგად ნებისმიერი ვირუსი წამებში კვდება. ამით იმის თქმა არ მინდა, თუ ვინმეს ვირუსი აქვს, მზე მას მოარჩენს. უბრალოდ, გავრცელება დაიკლებს მნიშვნელოვნად. მაგალითად, თუ ვიღაცამ დააცემინა და ეს ვირუსი შენს ხელზე ან ტანსაცმელზე მოხვდა და მზეზე გამოხვედი, ის ვირუსი იმწამსვე მოკვდება.
რამდენიმე კვირაში ვირუსის გავრცელება მკვეთრად დაიწყებს კლებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ და სხვა მიზეზების გამო საქართველოს მიმართ ტურისტების დაინტერესება გაიზრდება.
_ ძალიან კარგია, თუ ტურისტების ნაკადი არ დაიკლებს და ხალხს შემოსავალი ექნება, მაგრამ ამ ტურისტებს როგორ გავაკონტროლებთ. მთ შორის ვირუსით ინფიცირებულები რომ იყვნენ, მერე რას ვაკეთებთ?
_ მზე მარტო ჩვენთან ხომ არ აცხუნებს? გაზაფხული და ზაფხული, ისევე როგორც შემოდგომა და ზამთარი, სხვა ქვეყნებშიც დგება. შესაბამისად, იმ ქვეყნებშიც დავარდება ვირუსის გავრცელების სიჩქარე. ვფიქრობ, სულ მკვეთრად შემცირდება ვირუსის გავრცელება. ამასობაში ვაქცინასაც გამოიგონებენ და როგორმე დავამარცხებთ ამ დაავადებას.
ყველაფრის მიუხედავად მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. კი არის პანიკა, მაგრამ აშკარაა, რომ კორონავირუსი არ არის ისეთი საშინელი, როგორიც ეს ერთი შეხედვით გვგონია.
_ აბა, რატომ ეძახიან მას მკვლელ ვირუსს?
_ ადამიანი შეიძლება, ნებისმიერმა ვირუსმა იმსხვერპლოს. კორონავირუსი საშიშია, მაგრამ ასეთი უსაშველოც არაა, რომ მისი დამარცხება ვერ შეძლოს კაცობრიობამ. დადებითი სტატისტიკაც სახეზეა.
_ რას გულისხმობთ?
_ ადამიანები განიკურნენ კორონავირუსისგან და ამ მხრივ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. 100-დან 96% არის გამოჯანმრთელება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მას მოვერევით, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. სიფრთხილე გვმართებს იმიტომ, რომ ამ ვირუსს გავრცელების ძალიან მაღალი სიჩქარე აქვს. სხვა ვირუსები ასე სწრაფად არ ვრცელდება. ამიტომ მოედო კორონა ასე მთელ მსოფლიოს. მოკლედ, არაფერი საპანიკო არ არის, მაგრამ ყველანი ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჯონდი ბაღათურია