კახეთს 4 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია

კახეთში მოსახლეობის უმრავლესობის აზრით ფაბრიკა-ქარხნები და მძიმე მრეწველობა წარსულს ჩაბარდა. დღევანდელი და ხვალინდელი დღე კი ტურიზმსა და მისი პოტენციალის გაზრდაზეა დამოკიდებული. ტურიზმი არის ღვინის რეალიზაციის საუკეთესო გზა, ამიტომ კახეთში ყოველ მე-4 ოჯახს საბანკო ვალდებულება აწევს და საკუთარი სახლი საოჯახო ტიპის სასტუმროდ აქვს გადაკეთებული; ყოველთვიურად იზრდება კვების ობიექტების რიცხვი სოფლადაც და ქალაქადაც; ასევე იზრდება და ვითარდება მცირე საოჯახო ტიპის მარნები, რომელსაც თავის კომპლექსში მოქცეული აქვს სასტუმროც, მარანიც, რესტორანიც, ცხენსაშენიც და ახლომდებარე ტერიტორიაზე ვიზიტ-ტურებიც.

2019 წელს რუსეთის განცხადებამ და გავრილოვის უაპელაციო სტუმრობამ, ერთი შეხედვით, ბევრი რამ შეცვალა. დაჯავშნილ სასტუმროებზე ჯავშნები გაუქმდა, ადამიანები აღარ ჩამოვიდნენ, და რეგიონში მცირე პანიკაც გაჩნდა.
ძირითადად, ყველა ფიქრობდა, რომ ჩვენი ტურიზმი დიდი რუსეთის მხრებზე იდგა… სინამდვილეში კი ტურიზმი კი არ იდგა რუსეთის მხრებზე, არამედ ჩვენ გავუხსენით გზა მხოლოდ რუსეთს. როგორ? სანამ ამ კითხვებზე მივიღებთ პასუხს, მანამდე ზოგადი სურათი განვიხილოთ, რა და როგორ ვითარდება საქართველოში და კონკრეტულად კახეთში, ვინ არიან ჩვენი სტუმრები და რას ვთავაზობთ მათ ჩვენ…
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ტურიზმის სტატისტიკას ორ კატეგორიად ყოფს: უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა და შიდა ტურიზმი.

უცხოელი ვიზიტორები
საქსტატის უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოს რეგიონებში განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობის განაწილების კვლევის მიხედვით, 2015 წელს კახეთში 291 600 (15 წლის და უფროსი ასაკის) უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა. 2016 წელს რეგიონს 354 000 ადამიანი სტუმრობდა, 2017 წელს კი 504 000 ვიზიტორი დაფიქსირდა, საიდანაც პირველ კვარტალში რეგიონი 47 400-მა, ხოლო მეორე კვარტალში 125 400-მა საერთაშორისო ვიზიტორმა მოინახულა. 2018 წლის მონაცემებით, პირველ კვარტალში კახეთს 60 000, მეორე კვარტალში კი 166 000 საერთაშორისო ტურისტი სტუმრობდა. 2019 წელს კახეთში ტურისტთა რაოდენობამ 350 000-ს მიაღწია.
საერთო ჯამში კი საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დეკემბრის ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება. ამავდროულად, გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობაც და 7,725,774-ს შეადგენს, ზრდა 7.3%-ია.
რაც შეეხება უშუალოდ ტურისტულ ნაკადს, 2019 წელს საქართველოს სულ 5,080,478 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.8%-ით აღემატება.
2019 წელს პროცენტული ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა ტრადიციული ტურისტული ბაზრიდან, მათ შორის, რუსეთიდანაც. შთამბეჭდავი ზრდა შეინიშნება ევროკავშირიდან, საიდანაც წელს სულ 484,996 ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 26%-ით აღემატება.
2018 წელს საქართველოს ევროკავშირიდან სულ 385,151 ვიზიტორი ეწვია, მატება, დაახლოებით, 100 ათასს ვიზიტორს შეადგენს.
ბოლო თვეების განმავლობაში ევროკავშირიდან მზარდმა დინამიკამ დადებითად იმოქმედა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიაზე და განსაკუთრებით, სფეროდან მიღებულ შემოსავლებზე. რუსეთთან ფრენების შეწყვეტის შემდეგ მიღებული ფინანსური დანაკარგის აღმოფხვრაში ევროკავშირის ბაზარმა განსაკუთრებული როლი შეასრულა. რადგანაც, ევროკავშირის მოქალაქეების საშუალო ხარჯვა ვიზიტზე, თითქმის ორჯერ აღემატება რუსი ვიზიტორის დანახარჯს. სექტემბერში ეს ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა. მაშინ ევროკავშირის ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა პირველად გადააჭარბა რუსეთის ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს.
ტურიზმის მაჩვენებელი უფრო დეტალურად რომ ჩავშალოთ: 2019 წელს საქართველოს 9,357,964 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5,080,478 შეადგინა, რაც 323,658-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ზრდა +6.8%.
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.2%), რუსეთიდან (+4.8%), სომხეთიდან (+7.6%) და თურქეთიდან (+5.3%) შედგა.
„პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან. საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევიან ის ქვეყნები, სადაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აქტიური მარკეტინგული კამპანია გამართა, შედეგად _ დიდი ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: გერმანია +38.1%, პოლონეთი +32%, საფრანგეთი +28.4%, გაერთიანებული სამეფო +27.5%, ნიდერლანდები +25.8% და სხვ.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +101.9%, ყირგიზეთი +99.6%, ყაზახეთი +75.7%, ჩინეთი +50.9%, საუდის არაბეთი +44.9%, ქუვეითი +34.7% და სხვ.
2019 წლის დეკემბერში საქართველოში 667,612 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +16.4%-ია. საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტების რაოდენობამ 534,732 შეადგინა, ზრდა +16.3%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 312,046 შეადგინა, რაც 41,821-ით მეტია 2018 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +15.5%) _ აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
2019 წლის დეკემბერში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორთა ვიზიტი სომხეთიდან (+25.8%), აზერბაიჯანიდან (+8.8%), თურქეთიდან (+19.7%) და რუსეთიდან (2.6%) განხორციელდა.
სინამდვილეში, ქართული სახელმწიფო გასული წლების მანძილზე ყველაზე მეტ ფულს რუსეთში განთავსებულ ქართულ რეკლამაში დებდა, სადაც მოგზაურებსა და ტურისტებს საქართველოსკენ ეპატიჟებოდა, ეს კი განსაკუთრებული მიზეზი გახდა იმისა, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდილიყო რუს ტურისტთა რაოდენობა. არადა, საქართველოში ჩამოსვლის სურვილი შუა აზიის ქვენების მცხოვრებლებსაც აქვთ… თუმცა ქართულმა სახელმწიფომ ვერ დაარეგულირა, რომ შუა აზიის მიმართულებით ფრენები არსებულიყო. წინა წლებში განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი აჩვენა ირანელ ტურისტთა რაოდენობამაც, თუმცა ბოლო წლის მანძილზე მათი რიცხვი ისევ ჩვენი მიზეზით შემცირდა _ მესაზღვრეებმა ისინი უკან გააბრუნეს…
დიდი პოტენციალი აქვს ჩინეთიდან შემოსულ ტურისტთა ოდენობასაც, მაგრამ აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით _ ჩინურ ტურისტულ სააგენტოებს ვიზიტორები ერთდროულად შემოჰყავთ 300-დან ზევით, ჩვენ კი სასტუმროები არ გვაქვს, სადაც, ერთდროულად, 300 ტურისტს მივიღებთ… ამიტომ ხშირად სწორი გათვლები გვჭირდება, რა რეგიონი როგორი სახის ტურისტს მიიღებს…
კახეთის ისტორიული ძეგლების ტერიტორიული კონცენტრაცია, სახელმოხვეჭილი მეღვინეობის კერები, ბუნებრივი რესურსები, კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა და გეოგრაფიული მდებარეობა რეგიონში ტურიზმის განვითარების უდიდეს პოტენციალს განაპირობებს, შესაბამისად, ტურიზმს დიდწილად შეუწყობს ხელს მომსახურების სფეროს განვითარება.
კახეთის რეგიონში აქტიურად ფუნქციონირებს 30-მდე სხვადასხვა დონის სასტუმრო, მათ შორის, ისეთი ძვირადღირებული, როგორიც არის: „ამბასადორი“, „ლოპოტა“, „ძველი თელავი“, „ყვარლის ტბა“ „რედისონი“, 300-ზე მეტი მცირე სასტუმრო და საოჯახო სახლი, 200-მდე კვების ობიექტი, რესტორანი, კაფებარი, პიცერია და სხვა, მაგრამ ისინი საქართველოში მოქმედი ანალოგიური ობიექტების მხოლოდ 3.4%-ია.

კახეთის ტურისტული პოტენციალი
რეგიონში ვიზიტორის (ტურისტის) განთავსების ღირებულება 30 ლარიდან 350 ლარამდე მერყეობს.
მომსახურების დონე, სტანდარტები და საკადრო დეფიციტი პრობლემას წარმოადგენს თვით ძვირადღირებული სასტუმროებისთვისაც. აგრეთვე უნდა ითქვას, რომ სტატისტიკის სამსახურებს სასტუმროების მეპატრონეები არ აწვდიან ღამისთევების ზუსტ მაჩვენებელს, ამიტომ რეგიონის სასტუმროების ვიზიტორების საერთო ციფრების დადგენა გართულებულია.
კახეთის ბუნებრივი მრავალფეროვნება რეკრეაციული ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას ქმნის ახმეტის, გურჯაანის, თელავის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. მნიშვნელოვანია სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება ახმეტის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ეკოტურიზმის განვითარება ახმეტის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ხოლო აგროტურიზმის განვითარება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.
რეგიონის პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში რეალური გახდება ისეთი ტურისტული მომსახურების პროდუქტების განვითარება, რომლის საფუძველს კახური ღვინის წარმოების უნიკალური ტექნოლოგია და რეგიონის კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობა წარმოადგენს. განსაცვიფრებელი პეიზაჟები და დაცული ტერიტორიები მთებში ლაშქრობების, საცხენოსნო ტურებისა და ველოტურების მოსაწყობად კარგ შესაძლებლობას ქმნის.
რეგიონში მრავლად არის წარმოდგენილი წინაქრისტიანული ძეგლები (მაგ. გარეჯის უდაბნოში აღმოჩენილია კავკასიის უძველესი ქალაქების ნაშთები რეგულარული გეგმარებით, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე მე-14-მე-9 საუკუნეებით თარიღდება. გურჯაანსა (ახტალა) და საგარეჯოში (უჯარმა) ბალნეოლოგიური კურორტებია, რომელთა პოტენციალი გამოსაკვლევია. აქვე აღსანიშნავია იშვიათი მიკროკლიმატის ადგილების კვლევის აუცილებლობა და მათი ტურისტულ მიმართულებებად ჩამოყალიბება (მაგ.: მთა ცივი, კოდის მთა, რომლის მიკროკლიმატი არ ჩამოუვარდება ბაკურიანისას, სოფ. მარიამჯვარი და ა. შ.)
ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ახალი მარშრუტების შესწავლა და მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებების გატარება, რაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ერთობლივ ჩართულობას მოითხოვს. დარგის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ასევე დარგის ინტერესების ლობირებისთვის მიზანშეწონილია რეგიონში ტურისტული პროფესიული ასოციაციების შექმნა.
კახეთში შემოსული ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2018 წლებში რეგიონს სულ 1 375 600 უცხოელი ვიზიტორი ეწვია. ამავე პერიოდში კახეთში 2 902 200 შიდა ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც ჯამურად 4 277 800 მილიონს შეადგენს.

მაკა მოსიაშვილი