განათლების დაბალი ხარისხი საქართველოს სკოლებში

განათლების ხარისხის ერთ-ერთი კარგი მაჩვენებელი საერთაშორისო კვლევებია, რითაც ხდება ქვეყნების რანჟირება. აღნიშნული კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოს სასკოლო განათლება კონკურენტუნარიანი არ არის და ბოლო წლებში არც გამოკვეთილი დადებითი ტენდენცია შეინიშნება. ერთი-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კვლევა გახლავთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA), რომელიც პერიოდულად აქვეყნებს ანგარიშებს. ბოლო კვლევაში 72 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის, საქართველო. დაკვირვების საგანი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრებაა. გამოცდაში მონაწილეობდნენ 15 წლის მოსწავლეები, რათა გამოვლენილიყო, რამდენად კარგად იყვნენ ისინი მომზადებულები.

მთლიანობაში ქართველმა მოსწავლეებმა საკმაოდ ცუდი შედეგი აჩვენეს. მათემატიკაში საქართველო ბოლოდან მე-13 ადგილზე გავიდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლოდან მე-11-ზე, ხოლო წაკითხული ტექსტის გააზრებაში – ბოლოდან მე-9-ზე. საბოლოო ჯამში, საქართველოს საშუალო ქულამ 411 შეადგინა.
აქვე დავძენთ, რომ PISA-ს კვლევა სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2012 წლის კვლევაში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია. 2009 წელს საქართველოს საშუალო ქულა 374 იყო და მათემატიკაში ბოლოდან მე-10 ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბოლოდან მე-8-ს, ხოლო წაკითხული ტექსტის გააზრებაში ბოლოდან მე-5 ადგილს იკავებდა. შესაბამისად, 2015 წელს, 2009 წელთან შედარებით, საქართველოს ქულა და ადგილი მცირედით გაუმჯობესებულია, თუმცა ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნებს შორის რჩება და მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (493). PISA-ს ბოლო კვლევა 2018 წელს ჩატარდა, რომლის შედეგები 2019 წლის დასაწყისში გამოქვეყნდა.
ზოგადი განათლების ხარისხი გამოკვლეულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშშიც, რომლის მიხედვითაც, 137 ქვეყანას შორის სასკოლო განათლების ხარისხით საქართველო 106-ე ადგილზეა. აქვე დავძენთ, რომ განათლების ხარისხი დამსაქმებლების გამოკითხვით განისაზღვრება. აღნიშნულ რეიტინგში საქართველო ყველაზე კარგ პოზიციაზე 2015 წელს იყო _ 90-ე ადგილი, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა _ 3.5 (მაქსიმალურია 7) 2014 წელს ჰქონდა. შედეგები რადიკალურად გაუარესდა 2017 წელს.
სწორედ საერთაშორისო კვლევებზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს, განათლების სამინისტროსა და სკოლებიდან მიღებული მონაცემებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სკანდალურ ანგარიშს წარმოადგენს, სადაც საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო განათლების ხარისხის რეგრესი ციფრებითაა მოყვანილი.
2018-2019 წლებში, 2011 წელთან შედარებით, საქართველოში სასკოლო განათლების დაფინანსება ორჯერ არის გაზრდილი. მიუხედავად ამისა, სასკოლო განათლების ხარისხი კვლავ კრიტიკულად დაბალ დონეზე რჩება. ამას ადასტურებს ოფიციალური სტატისტიკა და რაც მთავარია, საერთაშორისო კვლევები. ასე მაგალითად, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით 72 ქვეყანას შორის ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი 137 ქვეყანას შორის 106-ე ადგილზეა.
სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით მოსწავლეთა, საშუალოდ, 77%-მა ჩააბარა, მაშინ როცა 2011-2015 წლებში წარმატების საშუალო მაჩვენებელი 84% იყო. ყველაზე პრობლემური საგნები კი ფიზიკა, მათემატიკა და უცხო ენაა.
საქართველოს სკოლებში, დაახლოებით, 67 ათასამდე პედაგოგი ასწავლის. 2017 წლის ბოლოს საქართველოში უმაღლესი რანგის _ მენტორი მასწავლებლის სტატუსს მხოლოდ 9 ადამიანი ფლობდა, ხოლო შემდეგი რანგის _ წამყვანი მასწავლებლის _ მხოლოდ 257. 67000 მასწავლებელში ეს თითქმის არაფერია.
ცოტა უკან დავიხიოთ: 2017 წლის მდგომარეობით სასერტიფიკაციო გამოცდა მასწავლებელთა მხოლოდ 30%-ს ჰქონდა ჩაბარებული. 2010-2017 წლებში პედაგოგების სასერტიფიკაციო გამოცდებში მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასულ პედაგოგთა 25%-მა გადალახა. დღეს ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია. სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაწყებითი კლასების, ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის პედაგოგებს ჰქონდათ. საჯარო სკოლებში საშუალო ნომინალური ხელფასი (მათ შორის, პედაგოგების) ორჯერ გაიზარდა და 2017 წელს 548 ლარს შეადგენდა.
ე. ი. პედაგოგის ხელფასი ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორში არსებულ საშუალო ნომინალურ ხელფასს მნიშვნელოვნად (თითქმის ორჯერ) ჩამორჩება. საჯარო და კერძო სკოლებში ხელფასებს შორის დიდი სხვაობა არ არის. ბოლო მონაცემებით, კერძო სკოლებში საშუალო ხელფასი 631 ლარი იყო.
სასკოლო განათლება საქართველოს ბიუჯეტის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა. 2018 წელს მის დაფინანსებაზე 678 მლნ. ლარი გამოიყო, რაც თითქმის ორჯერ აღემატებოდა 2011 წლის მაჩვენებელს. ამ 678 მლნ. ლარიდან სკოლების დაფინანსებაზე 599 მლნ. ლარი წავიდა, რაც მთლიანი დაფინანსების 88%-ს შეადგენს. დანარჩენი თანხით კი _ 12 მლნ. ლარით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების; 13 მლნ. ლარი _ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს; 23 მლნ. ლარი _ უფასო სახელმძღვანელოებისა და 20 მლნ. ლარი _ მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამების დაფინანსებაზე წავიდა. ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნული თანხა არ მოიცავს საჯარო სკოლების აშენებასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომელზედაც წელიწადში დამატებით, საშუალოდ, 55 მლნ. ლარი იხარჯება.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით 2018 წელს, წინა წლებთან შედარებით, სკოლების დაფინანსება 1.9-ჯერ, ანუ 90%-ით არის გაზრდილი და წლიდან წლამდე ეს მაჩვენებელი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2014 წელი, როდესაც სასკოლო განათლების დაფინანსება შემცირდა. თუმცა ეს იმით იყო გამოწვეული, რომ 2014 წლის ხარჯების ნაწილი 2013 წლის ბიუჯეტიდან წინასწარ დაიფარა. 2018 წელს ბიუჯეტის ხარჯებში სასკოლო განათლების წილი 7%-ია და ბოლო წლებში მასაც ზრდის ტენდენცია აქვს.
სკოლები, ძირითადად, ე. წ. ვაუჩერული სისტემით ფინანსდება, რაც საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით რეგულირდება. კერძო სკოლები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთ მოსწავლეზე წლიურად 300 ლარს იღებენ, ხოლო საჯარო სკოლებისთვის ერთ მოსწავლეზე ვაუჩერი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაოდენობის, საათობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების გათვალისწინებით გამოითვლება. ვაუჩერული დაფინანსების გარდა საჯარო სკოლები 25 ათასიდან 55 ათას ლარამდე დაფინანსებას იღებენ. ამას ემატება დანამატი უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის და სხვა სპეციფიკური დანამატები, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლებისთვის.
ასე და ამრიგად, საჯარო სკოლების დაფინანსების ჯამურ მონაცემებს თუ სკოლის მოსწავლეთა რაოდენობაზე გავყოფთ, მივიღებთ, რომ თუ წლების წინათ საჯარო სკოლის ერთ მოსწავლეზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ 554 ლარი იხარჯებოდა, 2018 წელს ამ მიზნით 1123 ლარი გამოყვეს, ანუ დაფინანსება 2-ჯერ გაიზარდა. რეალურ რიცხვებში თუ გადავიანგარიშებთ, ერთი მოსწავლის საშუალო დაფინანსება 1.7-ჯერ არის გაზრდილი. დაფინანსების ზრდის მიუხედავად, საკამათოა, რამდენად საკმარისია ეს თანხა მოსწავლეთათვის
ხარისხიანი განათლების მისაცემად. ახლავე აგიხსნით, ეს რას ნიშნავს _ შედარებისთვის: თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული სკოლის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, თუ რა შეიძლება იყოს ერთი ბავშვის სწავლების მინიმალური თვითღირებულება სწავლების იმ განრიგისა და პირობების გათვალისწინებით, რაც საჯარო სკოლებშია (ამ კალკულაციაში არ შედის ისეთი ხარჯები, რომელიც საჯარო სკოლებს, როგორც წესი, არ აქვთ, მაგალითად, შენობის იჯარა ან ქირა, მოსწავლეთა კვება, გახანგრძლივებული ჯგუფები და ა. შ.), ამ კერძო სკოლის გათვლებით, თბილისში ერთი ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად წლიურად, მინიმუმ, 2000 ლარი მაინც არის საჭირო. მოსწავლეთა კვებით და საღამოს საათებამდე გახანგრძლივებული სწავლებით კი ერთ მოსწავლეზე მინიმალური ხარჯი 3000 ლარამდე იზრდება. ამ ლოგიკით, საჯარო სკოლებში ერთ მოსწავლეზე ვაუჩერი 2000 ლარამდე რომ გაიზარდოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სასკოლო განათლების დაფინანსებას 529 მლნ. ლარი უნდა დაემატოს.
ზოგადი განათლების პროგრამას განათლების სამინისტრო ახორციელებს. გარდა იმისა, რომ პროგრამა ტექნიკურად არასათანადოდ არის შედგენილი, პროგრამის მიზნებსა და მოსალოდნელ საბოლოო შედეგებში განათლების ხარისხის ამაღლება არ გვხვდება.
ფაქტები: ორგანიზაციამ, ბოლო 7-8 წლის განმავლობაში, სასკოლო განათლების ხარისხის ცვლილება შეაფასა, რისთვისაც შეისწავლეს ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგები, სკოლის მოსწავლეთა და პედაგოგთა გამოცდების შედეგები, ასევე შესაბამისი სტატისტიკა.
ქვეყნაში მოქმედი 2308 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2085 საჯარო სკოლაა, ხოლო 223 _ კერძო. ბოლო 5 წელიწადში საჯარო სკოლების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, ხოლო კერძო სკოლების რაოდენობა 21 ერთეულით შემცირდა.
ბოლო ორი წლის მონაცემებით, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 575 ათასი იყო, საიდანაც კერძო სკოლებში 57 ათასი სწავლობდა. მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით კერძო სკოლების წილს უმნიშვნელო, მაგრამ მზარდი ტენდენცია აქვს, 2011 წელს კერძო სკოლებში მოსწავლეთა 8.9% იღებდა განათლებას, 2018 წელს კი _ 9.9%. 2010-2011 სასწავლო წელთან შედარებით, 2017-2018 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში 24 ათასით ნაკლები მოსწავლე სწავლობდა, ხოლო კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 4 ათასით იყო გაზრდილი. ერთ საჯარო სკოლაში საშუალოდ 248 მოსწავლე სწავლობს, ხოლო კერძო სკოლაში 257. თუმცა ერთ საჯარო სკოლაზე მოსწავლეების რაოდენობაში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობაა. თბილისში ერთ საჯარო სკოლაში, საშუალოდ, 676, ხოლო რეგიონებში 170 მოსწავლე არის დარეგისტრირებული.
წარუმატებლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიზიკაში, მათემატიკაში და უცხო ენებშია. გამოსაშვები გამოცდები სულ 8 საგანში ტარდება და ატესტატის ასაღებად ყველა საგანში დადებითი შეფასების მიღებაა საჭირო. 2013 წლამდე ყველა საგანში გამოცდა მე-12 კლასის ბოლოს ტარდებოდა, 2013 წლიდან კი 4 საგანში (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, გეოგრაფია) გამოცდა მე-11 კლასის ბოლოს, ხოლო დანარჩენ 4 საგანში (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია) მე-12 კლასის ბოლოს ტარდება. მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდის წარუმატებლად ჩაბარების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია იგივე საგნის გამოცდაზე მე-12 კლასის ბოლოს განმეორებით გავიდეს.
2018 წელს რეგისტრირებული მოსწავლეებიდან მე-11 კლასის ყველა გამოცდა წარმატებით 82%-მა ჩააბარა, ხოლო მე-12 კლასის _ 73%-მა. 2013-2018 წლებში მე-11 კლასის გამოსაშვებ გამოცდებში საშუალოდ ყველაზე მეტი _ 11% ფიზიკაში იჭრებოდა, ყველაზე ნაკლები კი გეოგრაფიაში _ 2.5%. ბიოლოგიასა და ქიმიაში მოსწავლეთა, საშუალოდ, 5% და 4% იჭრებოდა.
ეროვნული გამოცდების შედეგებიც სასკოლო განათლების ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
2011-2018 წლებში ეროვნულ გამოცდებზე, საშუალოდ, 39 ათასი აბიტურიენტი რეგისტრირდებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეროვნულ გამოცდებზე, საშუალოდ, 4 ათასი აბიტურიენტით ნაკლები (დაახლოებით 35 ათასი) გადის. სწავლის გაგრძელების უფლებას აბიტურიენტთა, საშუალოდ, 76% (28 ათასი) იპოვებს.
პედაგოგთა გამოცდებს რაც შეეხება!
2010-2017 წლებში სასერტიფიკაციო გამოცდის მინიმალური ზღვრის გადალახვის მაჩვენებელი, საშუალოდ, 25% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგთა, საშუალოდ, 75% გამოცდებზე მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ ლახავდა. ცნობისთვის: გამოცდებზე წელიწადში, საშუალოდ, 16 ათასი პედაგოგი გადის, მაგრამ აქედან ნაწილი განმეორებით მონაწილეობს. 2017 წლის მდგომარეობით, სასერტიფიკაციო გამოცდა 44 579 (70%-ს) მასწავლებელს (ე. წ. პრაქტიკოსი მასწავლებელი) არ ჰქონდა ჩაბარებული.
სასერტიფიკაციო გამოცდებზე მინიმალური ზღვრის გადალახვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (საშუალოდ 12%) დაწყებითი კლასების პედაგოგებს აქვთ. შემდეგ მოდიან ფიზიკის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მათემატიკის პედაგოგები. ყველაზე კარგ შედეგებს კი უცხო ენების პედაგოგები აჩვენებენ.
არსებული კვლევები და სტატისტიკა აჩვენებს, რომ სასკოლო განათლების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, საქართველოს ზოგადი განათლების ხარისხი, ფაქტობრივად, არ უმჯობესდება. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) კვლევაში საქართველო სასკოლო განათლების ხარისხით ბოლოდან მე-11 ადგილზეა, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსით კი _ 106-ე ადგილზე. 2016-2018 წლებში სკოლის გამოსაშვები გამოცდები წარმატებით ჩააბარა მოსწავლეთა 77%-მა, 2011-2015 წლებში წარმატების მაჩვენებელი 84% იყო.
სკოლებში 60 ათასამდე პედაგოგი ასწავლის, რომელთა 86% 36 წლისა და მეტი ასაკისაა. მათ შორის, 13% _ 65 წლისა და მეტისაა. პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, რაც პროფესიისადმი ახალგაზრდების დაბალ ინტერესს აჩვენებს.
ორგანიზაციის დასკვნით, სასკოლო განათლების საბოლოო და შუალედური შედეგები უნდა შეფასდეს შესაბამისი ინდიკატორებით, რომელიც დღეს არ ახლავს ზოგადი განათლების პროგრამას და მის ქვეპროგრამებს; ვინაიდან სკოლის პედაგოგთა საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება, უნდა შემუშავდეს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ამ პროფესიაში უფრო მეტი ახალგაზრდის მოსაზიდად. სახელმწიფომ ფული არ უნდა გადაიხადოს განათლებაში, თუ ხარისხი არ გაუმჯობესდება. წლის ბოლომდე ვნახოთ, გვაქვს თუ არა პროგრესი. დღესდღეობით რეგრესია.

თამარ როსტიაშვილი