საქართველო და რუსული სანქციები

8 ივლისიდან, როდესაც ძალაში შევიდა რუსული საავიაციო და ტურისტული სანქციები საქართველოს წინააღმდეგ, ქვეყანაში არ წყდება საუბრები მათი გაუქმებისა და ფრენების აღდგენის აუცილებლობაზე. სახელისუფლებო ელიტაში ამაზე აქტიურად ლაპარაკობს ყველა _ დაწყებული პრემიერ-მინისტრით, დამთავრებული არაფორმალური მმართველით. ეს ერთგვარ ახირებას წააგავს, როდესაც ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხი, ალბათ, თვითდარწმუნების წყალობით, აშკარად გადაჭარბებულ აქტუალურობას იძენს.

თუ რეალურ სიტუაციას არ შევხედავთ და მხოლოდ საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების გამოსვლებს მოვუსმენთ ამ თემაზე, შთაბეჭდილება შეგვექმნება, რომ ქვეყანა რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის გარეშე დაიღუპება.
ამავე დროს, საქართველო გაცილებით მეტს კარგავს ირანელი ტურისტების მიმართ თავხედური დამოკიდებულების გამო, თუმცა ეს არავის აწუხებს _ არც ერთი ქართველი მაღალჩინოსანი არ აკეთებს განცხადებებს იმაზე, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს, თუმცა მზად არიან, დედ-მამა გაყიდონ, ოღონდ ურთიერთობები აღდგეს რუსეთთან.
ხელისუფლების პანიკური შიშები სრულიად გასაგები და ლოგიკური იყო ივლისის დასაწყისში, როდესაც რუსული სანქციები ამოქმედდა. ამან მართლაც გამოიწვია დიდი გაურკვევლობა _ არავინ იცოდა, რა მოჰყვებოდა ფრენებისა და ორგანიზებული ტურიზმის აკრძალვას, თანაც საკურორტო სეზონის დასაწყისში, რამდენი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში და, საერთოდ, რა ელოდა ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას.
თუმცა დღეს, თითქმის 7 თვის შემდეგ, ნათელია, რომ მოსკოვის გათვლები არ გამართლდა და კატასტროფა არ მოხდა _ არ ჩამოიშალა არც ტურიზმი და არც ეკონომიკა, ზოგადად.
კრემლის მიერ გამოცხადებული სანქციები, გარკვეულწილად, გაანეიტრალა რუსულმა მენტალიტეტმა. საქართველოში რუსული ეროვნული ხასიათი ბევრს არასწორად ესმის _ ჩვენთან არსებობს წარმოდგენა, რომ საშუალოსტატისტიკური რუსი, რომელიც შეპყრობილია იმპერიული იდეოლოგიით, ბრმად ემორჩილება ხელისუფლებას და უსიტყვოდ ასრულებს ყველა მის მითითებებს.
ეს ასეც არის და, ამავე დროს, არც არის. როდესაც საქმე ეხება ზოგად საკითხებს, რუსები მართლაც არ არიან ზედმეტი შეკითხვების დასმას მიჩვეულები, თუმცა ამ ქვეყნის ისტორია ნათლად ადასტურებს, რომ იქ საზოგადო და პირადი არსებობს ცალ-ცალკე _ ეს ორი პარალელური სამყაროა, რომელიც თითქმის არასდროს იკვეთება.
საშუალოსტატისტიკური რუსი ზოგადად ეთანხმება მთავრობას, რომ დასავლეთი ცდილობს რუსეთის დაჩაგვრას და აგრესიულია მის მიმართ, თუმცა ეს მას ხელს არ უშლის ევროპაში სამოგზაუროდ და შტატებში სახლების საყიდლად.
ზოგადი _ ცალკე, პირადი _ ცალკე. რუსი ადამიანი მიჩვეულია, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის ვიღაცას ებრძვის და ვიღაცასთან ჭიდაობაშია და ყოველთვის მართალია, თუმცა ეს არ ეხება მის პირად გეგმებს.
სწორედ ამ, მრავალი საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულმა გაორებამ, გადაარჩინა ქართული ტურისტული ინდუსტრიის რუსული მიმართულება. რუსების დიდმა ნაწილმა არ თქვა უარი საქართველოში გამგზავრებაზე და ამან ჩაშალა კრემლის გეგმები.
რა სიტუაცია გვაქვს დღეს? რეალურად რომ შევაფასოთ, დღევანდელი ვითარება ოპტიმალურია საქართველოსთვის და მისი შეცვლა სულაც არაა საჭირო.
ბოლო მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რუსი ტურისტები მრავლად ჩამოდიან საქართველოში, თუმცა უკვე არ დომინირებენ _ რუსეთმა გადაინაცვლა პირველიდან მესამე ადგილზე ვიზიტორთა რაოდენობით აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ. სიტუაცია თითქმის იდეალურია _ რუსი ტურისტების რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ ტურისტულ ინდუსტრიას სერიოზული პრობლემები არ შეექმნას, თუმცა კრიტიკული უკვე არაა.
დღეს საქართველოს იმდენი რუსი ტურისტი ჰყავს, რამდენიც ჩამოვა ყველანაირ სიტუაციაში _ ეს არის ტურისტი, რომელიც მიზანდასახულად ჩამოდის საქართველოში იმიტომ, რომ საქართველის ნახვა სურს და არა იმიტომ, რომ ტურპაკეტი 20 დოლარით იაფია.
ჩვენ დღეს ვიცით რუსი ტურისტების პოლიტიკური თვალსაზრისით უსაფრთხო რაოდენობა _ ზუსტი რიცხვი, რომელიც ოპტიმალურია როგორც ტურისტული ინდუსტრიისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოების კუთხით _ ეს არის, დაახლოებით, 1 მლნ. ადამიანი წელიწადში, მეტი არც არის საჭირო.
ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ პუტინს, რომ მან იჩქარა და სანქციები შემოიღო 2019 ივლისში, და არა, მაგალითად, 2021 წელს, როდესაც 2018-2019 წლების ტემპების გათვალისწინებით, რუსი ტურისტების წილი იქნებოდა არა 10-20%, არამედ გაცილებით მეტი _ 40 ან, სულაც, 50%. აი, მაშინ კი იქნებოდა ნამდვილი კატასტროფა.
2019 წელს საქართველოს ეკონომიკამ დაგვანახა, რომ ის არ არის ტოტალურად და კრიტიკულად დამოკიდებული რუსეთზე _ ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ ტურისტული სტატისტიკა, არამედ ეკონომიკური მდგომარეობის ყველაზე ზუსტი ინდიკატორი _ ლარის კურსი.
სანქციების შემოღებამდე 1 დოლარი ღირდა 2,78 ლარი, დღეს _ 2, 88. ეს არ არის კატასტროფული ვარდნა _ გასულ წლებში ლარი უფასურდებოდა გაცილებით უფრო მკვეთრად, მაშინ, როდესაც რუსი ტურისტების რაოდენობა რეკორდებს ხსნიდა.
ყველა ამ ფაქტორიდან გამომდინარე, საქართველოს სტრატეგიულად აწყობს არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. დღეს საავიაციო მიმოსვლის აღდგენისკენ მისწრაფება ბიძინა ივანიშვილის ვაჭრუკანული ფსიქოლოგიის მაჩვენებელია _ ამ ტიპის ადამიანებისთვის დღევანდელი შემოსავლის მცირე ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის უსაფრთხოება და ხვალინდელი დღე.
კრემლმა 2019 ივლისში თავისი ხელით გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოს _ შეაჩერა ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე კრიტიკულად მიბმის პროცესი. ხვალ პუტინმა შექმნილი სიტუაციიდან სწორი დასკვნა რომ გააკეთოს, ის აუცილებლად აღადგენს საავიაციო მიმოსვლას _ მაშინ ყველაფერი ძველებურ კალაპოტს დაუბრუნდება, რუსი ტურისტების წილი განაგრძობს ზრდას და ერთ დროს მართლაც მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს.
ამიტომაც, საქართველოს ხელისუფლებაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები რომ იყვნენ და არა წვრილი მოვაჭრეები, მათ არათუ უნდა სცადონ რუსეთთან ძველი ურთიერთობების აღდგენა, არამედ უარი უნდა თქვან ამაზე მაშინაც კი, თუ მოსკოვის მხრიდან შესაბამისი შეთავაზება იქნება.
დღეს რუსული ტურიზმი საქართველოში ოპტიმალურ დონეზეა, მეტი არც არის საჭირო.
ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც დღეს არის.

თენგიზ აბლოთია