მედეა აბაშიძე: „ლავროვის თბილისში ჩამოსვლა ეროვნული შეურაცხყოფა იქნება“

ქართული პოლიტიკის კაბადონზე შესაძლოა, ერთმა ძველმა ვარსკვლავმა გაიელვოს. გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ მიხეილ ქარელის გამორჩევას აპირებს. ამბობენ, რომ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გორში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. ამ ინფორმაციის გავრცელებას გორში დიდი უკმაყოფილება მოყვა. გორელებს კარგად ახსოვთ ქარელის საგმირო საქმეები, როდესაც ის შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. ამ საგმირო საქმეებიდან გამომდინარე, მას მინიმალური შანსი ექნება არჩევნების მოსაგებად.

მიშა ქარელის საგმირო საქმეები კარგად ახსოვს პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთ დამფუძნებელ მედეა აბაშიძეს. მას უჭირს იმის დაჯერება, რომ რეიტინგდავარდნილი „ქართული ოცნება“ ისეთ კომიკურ და მიუღებელ პერსონაჟს წარადგენს მაჟორიტარად, როგორიც შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორია. აბაშიძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ქარელს რაღაც ბინძური საქმეებისთვის იყენებს, მაჟორიტარობის პირობას აძლევს და შემდეგ გადააგდებს.

რატომ არის წარმოუდგენელი მიხეილ ქარელის დაბრუნება? რა ინფორმაციები ვრცელდება ევროპაში „ქართულ ოცნებაზე“? რატომ ეშინია ივანიშვილს მესამე ძალის? რას ნიშნავს პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართვა? რატომ არ აქვს ალტერნატივა ოპოზიციის ერთიანობას? სად არის გამოსავალი? _ ამ თემებზე მედეა აბაშიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:

_ გავრცელებული ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი, მიშა ქარელი, შეიძლება გორის მაჟორიტარად წარადგინოს. არაა გამორიცხული, ის მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ვიხილოთ. ამ პერსონის წარსულიდან გამომდინარე ეს ცოტა დაუჯერებელია. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით, გარისკავს ივანიშვილის პარტია მის მაჟორიტარად წარდგენას?
_ ამ ინფორმაციას მხოლოდ იუმორით შეიძლება შეხვდეს კაცი. „ქართული ოცნება“ მიშა ქარელის მაჟორიტარად წარდგენას თუ აპირებს და სხვა არჩევანი არ აქვს, მისი საქმე მართლა ძალიან ცუდად ყოფილა. ქარელს მთელი გორი კარგად იცნობს. ის ოდიოზური და გაუნათლებელი ადამიანია. მისი მოღვაწეობიდან უამრავი კომიკური ფაქტი შეიძლება გავიხსენოთ. თუნდაც იგივე რუსული ენის ცოდნა-არცოდნა, რაც ყველაზე ნაკლები დანაშაულია, რადგანაც ამ ადამიანს ბევრი ბინძური საქმე აქვს გაკეთებული. „ქართულ ოცნებას“ უყვარს 9 წელზე საუბარი, მიშა ქარელი კი ამ 9 წლის ერთ-ერთი აშკარა სახეა. გორელებს კარგად ახსოვთ, მისი გუბერნატორობის დროს როგორ ართმევდნენ ხალხს ქონებას. როგორ აფორმებდნენ ნოტარიუსებში ამ ქონების სხვებზე. მისი სახელი არაერთ ძალადობას უკავშირდება. ის რამდენიმე წელია, რაც საქართველოში დაბრუნდა, ცხოვრობს თავის სოფელში და გარეთაც ვერ გამოდის.
აქედან გამომდინარე, „ოცნებას“ მაჟორიტარად მისი დაყენება არ უნდა აწყობდეს. ამ ინფორმაციას ვერ ვიჯერებ, მეცინება. ეს ადამიანი ერთხელ მაინც უნდა გყავდეს ნანახი, რომ ამაზე სერიოზული კომენტარი გააკეთო. მისი კანდიდატურის დაყენება ნიშნავს, რომ გორს წააგებენ. უფრო მგონია, რომ რაღაც სიბინძურის გაკეთების სანაცვლოდ დაჰპირდნენ, მაჟორიტარად წარგადგენთო და გადააგდეს. გადაგდება დღევანდელი ხელისუფლების დამახასიათებელი თვისებაა. ამის გარდა, რამდენადაც ვიცი, „ოცნებას“ უკვე შერჩეული ჰყავს ის კანდიდატები, ვისაც გორში წარადგენენ და მეეჭვება, მათ ქარელს რამე დაუთმონ.
_ და თუ მაინც წარადგინეს? „ოცნებისგან“ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. სადაც ამერიკაში საქმის გასარჩევად გეგმავენ წასვლას და ლაგოდეხის მაჟორიტარი კონგრესმენებისთვის ცნობიერების ამაღლებას აპირებს, იქ რა გასაკვირია, მიშა ქარელი გორის მაჟორიტარად წარადგინონ?
_ „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გამიკვირდება. ახლა ისინი პანიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან, პანიკა კი შეცდომებს ბადებს. დღევანდელ ხელისუფლებას ისედაც ბევრი შცდომა აქვს დაშვებული და ქარელის დამატება მათთვისაც კი უკვე ნამეტანი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ გორში არჩევნებს წააგებენ. თუნდაც ამიტომ უნდა თქვან უარი მის კანდიდატურაზე, თუკი ეს საკითხი მართლაც განიხილება.
კონგრესმენები ახსენეთ და საქართველოს ხელისუფლებაზე ასეთი საერთაშორისო ზეწოლა ჯერ არ ყოფილა. მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, თუ რა ხდება რეალურად ჩვენს ქვეყანაში. ყველამ იცის, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერზე იხევს უკან, ოღონდ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ისინი ხშირად არც უკანონობასა და ძალადობაზე ამბობენ უარს, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია.
2012 წელს ხალხმა „ქართული ოცნება“ იმ იმედით აირჩია, რომ სამართლიანობა აღდგებოდა. ხელისუფლებაში მოსვლამდე ივანიშვილი და მისი პარტია სულ ამაზე ლაპარაკობდნენ. მოვიდნენ თუ არა ხელისუფლებაში, სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად კოჰაბიტაცია შემოგვთავაზეს. გვეუბნებოდნენ, ეს საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნაა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას სჭირდებაო.
მე ვეთანხმები საზოგადოების დიდ ნაწილს, რომ წინა ხელისუფლების დროს ძალიან ბევრი უკანონობა მოხდა და სამართლიანობა აღსადგენი იყო. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი გარემოება: მაშინ ქვეყანა სწორი კურსით მიდიოდა და რაღაც კარგიც კეთდებოდა. ახლა არც კურსია სწორი, არც არაფერი კეთდება და „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც ცუდი იყო, დღეს ყველა „ქართულ ოცნებაშია“. მთელი საქართველოს მასშტაბით ასეა, მაგრამ მე გორის მაგალითზე შემიძლია გესაუბროთ. აქ ვცხოვრობ და პატარა ქალაქსა და რაიონში ყველაფერი უფრო კარგად ჩანს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ იყვნენ კარგებიც და ცუდებიც. ეს ცუდები მოკრიფა „ქართულმა ოცნებამ“ და დღეს ისინი მაღალჩინოსნებად გვევლინებიან. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მივიღეთ ქვეყნის რღვევა და დამნაშავეების დაწინაურება. ჩემ გარშემო ადამიანი არ არსებობს, რომელიც „ქართული ოცნების“ მმართველობით იქნება კმაყოფილი. დღეს საზოგადოება დაუცველია. ელემენტარულად, სასამართლოს იმედიც არ უნდა გქონდეს. 90-იანი წლები დააბრუნეს. საქმის გაკეთება თუ გინდა, ნაცნობი უნდა გყავდეს სადღაც. ამ გაჭირვებას, კრიმინალის მომძლავრებასა და უსამართლობას ემატება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. დღე არ გავა, რომ რუსებმა ე. წ. საზღვარი არ გადმოწიონ. ამას მთელი საქართველო განიცდის, მაგრამ ეს გორისთვის ბევრად უფრო მტკივნეულია, იმიტომ რომ ეს პირდაპირ გვეხება. ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია ეს, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ამას მხოლოდ ხელისუფლება და სწორი პოლიტიკა შეიძლება დაუპირისპირდეს. ხელისუფლებას კი ამასთან დაპირისპირების არც სურვილი აქვს და არც _ უნარი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ძალიან გამიკვირდება, თუ ხელისუფლება ქარელის კანდიდატურის წამოყენებას გაბედავს. ჯერ გამეცინება და მერე გავიკვირვებ. თუმცა „ოცნება“ ისეთ დღეშია, მათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
_ იმის გარდა, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი, პარტიაში ქარელზე ჭკვიანები არ ჰყავთ. და მათ ფონზე ეს ადამიანი რაღაც განსაკუთრებულად არ გამოჩნდება.
_ ინტელექტის თვალსაზრისით „ქართულ ოცნებას“ ძალიან უჭირს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ გორის მაჟორიტარად წარმადგინა. წინასაარჩევნო პერიოდში „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან მქონდა შეხება. ეს ადამიანები ჩემთვის უცხონი არ არიან და არ მიწყენენ, თუ სიმართლეს ვიტყვი _ მათი ინტელექტის დონე არის ნულს ქვემოთ.
აქტიურად ვიყავი ჩართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. მაშინაც მიწევდა „ოცნების“ წევრებთან შეხვედრა და ვერც მაშინ დავინახე მათში ინტელექტი. ინტელექტის დეფიციტი განსაკუთრებით რეგიონებშია თვლასაჩინო. „ოცნების“ წარმომადგენლები ყოველთვის უარს ამბობენ დებატებში მონაწილეობაზე. გარდა იმისა, რომ მათ სალაპარაკო არ აქვთ, ინტელექტიც არ ჰყოფნით, რომ ოპონირება გაუწიონ ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ინტელექტის დეფიციტი მარტო მმართველ პარტიაში არ არის. თუ დავაკვირდებით, დღევანდელ პოლიტიკაში ინტელექტი თითქოს აღარ არის საჭირო. მთავარია, რაღაც თქვა და მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვი. იშვიათია ხელისუფლებაში ადამიანი, რომელზედაც შეიძლება ვთქვათ, რომ პროფესიონალი და ინტელექტუალია. პროფესიონალების გარეშე კი ქვეყნის აშენება და განვითარება წარმოუდგენელია.
_ თქვენს პარტიაზეც გვითხარით. 2016 წელს, როდესაც პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შეიქმნა, მას ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა. მესამე ძალადაც კი მოიაზრებოდა პაატა ბურჭულაძის პარტია. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ თქვენი პარტია განადგურებულიყო. ბურჭულაძის წინააღმდეგ პროკურატურამ გამოძიებაც კი დაიწყო. დღეს რა ხდება თქვენთან?
_ ჩემი მეუღლე და პაატა ბურჭულაძე დიდი ხნის მეგობრები არიან. როცა პაატამ პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მეც შემომთავაზა პარტიაში შესვლა. თავიდან უარი ვუთხარი, რადგან ჩემმა ოჯახმა პოლიტიკაში ყოფნის გამო ბევრი რამე გადაიტანა. ამის მიუხედავად, მაინც მივედი პარტიაში და იქ იმდენად კარგი გუნდი დამხვდა, რომ პოლიტიკაში ჩართვა გადავწყვიტე. ამ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ მათთან ერთად მებრძოლა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დიახ, ჩვენ ვიყავით ის მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდა ქართული საზოგადოება. ამ პარტიაში მართლა ნათელი სახეები იყვნენ გაწევრიანებულები, რომლებსაც ბევრი პოლიტიკოსისგან განსხვავებით წარსული ცოდვები არ ამძიმებდა. თავიდან ჩვენს შეხვედრებზე უამრავი ადამიანი მოდიოდა. პაატა ბურჭულაძის მიმართ ძალიან მაღალი ნდობა იყო. ეს არ მოეწონა არსებულ ხელისუფლებას. ჩაერია ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ გარშემო ენით აუწერელი დომხალი მოხარშა. ამ ყველაფერმა ჩემ თვალწინ ჩაიარა და ყველაფერი კარგად მახსოვს. პაატას მიმართ საშინელი ცილისწამებები წამოვიდა და ბოლოს ვერც ერთი დაამტკიცეს. ივანიშვილს შეეძლო, ჩვენთვის თავიდანვე შეეშალა ხელი, მაგრამ ჩვენი არსებობა ერთი რაღაცისთვის აწყობდა, ამიტომაც ცოტა ხანი გვაცალეს.
_ რას გულისხმობთ, რისთვის მოგცათ დრო ივანიშვილმა?
_ ივანიშვილს აინტერესებდა, საქართველოში რამდენი ადამიანი იყო ისეთი, ვისაც არც „ოცნება“ უნდოდა და არც _ „ნაციონალური მოძრაობა“. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ხომ ასეთი დევიზით მოვიდა _ შუა უნდა გაიკრიფოს. ძალიან ბევრი გაკრიფა კიდევაც და ქვეყანა ორ პოლუსად გაყო. ამის მიუხედავად, ხალხში მოთხოვნა ისმოდა მესამე ძალაზე. მესამე ძალა შეიძლებოდა, ჩვენ ვყოფილიყავით. ძალიან მაღალი ინტერესი იყო ჩვენი პარტიის მიმართ. უამრავი ადამიანი მოდიოდა ჩვენთან. ბიძინა ივანიშვილმა დაინახა, რომ საქართველოში ძალიან ბევრი იყო ხალხი, რომელსაც არც წინა ხელისუფლება უნდოდა და არც _ მოქმედი. ეს ბუნებრივია, არ მოეწონა და პარტიის განადგურება დაიწყო.
ძალით და ფულით შეხვედრებზე არავინ მიგვიყვანია, ისინი თავისი ინიციატივით მოდიოდნენ. ამ შეხვედრებზე მოდიოდნენ სუსის თანამშრომლებიც. ჩვენს მხარდამჭერებს ფოტოებს უღებდნენ და შემდეგ მათზე ზეწოლა მიდიოდა. ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი მაქვს. ჩვენს მხარდამჭერებს სუსის თანამშრომლები პირდაპირ სახლებში აკითხავდნენ და ემუქრებოდნენ, აიძულებდნენ, ჩვენი პარტია დაეტოვებინათ, მაგრამ ბოლომდე ჩვენი დანგრევა მაინც არ გამოუვიდათ.
_ ბოლომდე არ გამოუვიდათ, მაგრამ ისეთი აღარაა ეს პარტია, როგორც შექმნის პირველ თვეებში იყო.
_ ეს რომ ასე ყოფილიყო, „ოცნებამ“ დიდი ძალა გამოიყენა. დღეს „ნაციონალური მოძრაობასავით“ ძლიერი პარტია არ ვართ, მაგრამ რაღაცის გაკეთება ჩვენც კარგად შეგვიძლია. დღეს მეამაყება, რომ პაატა ბირჭულაძის გვერდით ვდგავარ. ამ ადამიანს ათასი სიბინძურე მოუგონეს და მართლა რამე რომ დაეშავებინა, 4 წელი გავიდა და აქამდე დაუმტკიცებდნენ.
_ საინტერესოა, რატომ გადაეკიდა ივანიშვილი ბურჭულაძეს ასე? როგრც ამბობენ, ის ბურჭულაძეს სთხოვდა, რომ 2013 წელს „ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილიყო.
_ ბიძინას ძალიანაც უნდოდა, რომ პაატა მის პარტიაში ყოფილიყო და მისი დავალებები შეესრულებინა, მაგრამ პაატა ამას არ დასთანხმდა, გადაწყვიტა ცალკე ებრძოლა და ქვეყნისთვის უკეთესი მომავალი შეექმნა. ეს ივანიშვილის გეგმებში არ შედიოდა, ამიტომაც დაგვმართეს ეს ყველაფერი. უამრავი ვინმე შემოგვიგზავნეს, პარტიის ძირითადი ბირთვი სუფთა წარსულის ადამიანებით იყო დაკომპლექტებული. სისხლიან 9 წელს ჩვენ ვერავინ წამოგვაძახებდა. რაც მთავარია, პარტიაში განათლებული ადამიანები გვყავდა. მათ არაჩვეულებრივი პროგრამები დაწერეს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნიკა მაჭუტაძე. ეს საოცრად განათლებული ადამიანია, უბრალოდ მეამაყება, რომ ჩვენ ერთ პარტიაში ვართ. მის განათლებასა და ინტელექტს საზღვარი არ აქვს. ხშირად ვეკითხები მას რჩევებს და რომ დაიწყებს, აღარ ჩერდება. აქედან წასვლას არც ვაპირებ. როდესაც ჩვენი პარტიის განადგურება დაიწყო, სხვა ორგანიზაციებიდან არაერთი შემოთავაზება მქონდა; ასევე „ქართული ოცნებიდანაც“ მთავაზობდნენ, მაგრამ არ წავედი. ძალიან არ მომწონს, როცა ადამიანები პარტიებს იცვლიან და თავად როგორ უნდა გადამედგა ეს ნაბიჯი? არის რაღაც პრინციპები, შეხედულებები, რომელზედაც უარი არ უნდა თქვა.
_ ახლა თქვენი პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაშია. იქ კარგად გრძნობთ თავს?
_ ეს გაერთიანება საპრეზიდენტო არჩევნების წინ გაკეთდა და მაშინ შევედით. დღემდე იქ ვრჩებით და ამ გაერთიანების ძალიან პრინციპული წევრები ვართ.
_ ეს პრინციპულობა რაში გამოიხატება?
_ ამ გაერთიანებაში არის „ნაციონალური მოძრაობა“, ამის მიუხედავად, ჩვენ არასდროს უარვყოფთ, რომ წარსულში შეცდომები იყო. არავის ვუვარცხნით კუდს, რომ ეს ასე არ იყო. მიმაჩნია, სიმართლე ყველგან და ყოველთვის უნდა ითქვას. ამასთან, აუცილებლად მომავლისკენ უნდა ვიყუროთ და ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის განვითარებისთვის.
წინა ხელისუფლებას ყოველთვის შევახსენებ მის მიერ დაშვებულ შეცდომებს, მაგრამ ეს „ქართული ოცნების“ ნამოქმედარს ვერ დაფარავს. იმ პოლიტიკას, რასაც ივანიშვილის პარტია ატარებს, ამას, უბრალოდ, მომავალი არ გააჩნია. არც მათი არჩეული გზა გაიყვანს საქართველოს სამშვიდობოს. ხელისუფლებაში მათი დარჩენა ჩვენი ქვეყნის განვითარებას, სულ მცირე, 30 წლით შეაჩერებს.
_ ხელისუფლება რომ არ მოგწონთ, ცხადია. ოპოზიციის საქმიანობაზე რას იტყვით? შიგნიდან იცნობთ ამ სამზარეულოს და, ალბათ, ყველაფერს უფრო კარგად ხედავთ.
_ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ოპოზიციაში ბევრი რამე არ მომწონს. მათ გაცილებით მეტი აქტიურობა ჰმართებთ. მეტი ერთიანობაა საჭირო. თბილისში ეს უფრო შეკრული თემაა, რეგიონებში ცოტა ჭირს. მხოლოდ ერთად დგომით თუ დავუპირისპირდებით ივანიშვილს, აბა ფულით მას ვერ ვაჯობებთ. ჩვენი ერთობა ერთ რამეს ემყარება _ საქართველოს და მის საზღვრებს ოდესღაც უნდა დაადგეს საშველი. ძალიან ბევრი ხარვეზია ოპოზიციის შიგნით, მაგრამ 20 ივნისის ღამემ და მერე მიმდინარე აქციებმა ბევრი რამე შეცვლა. ეს ცვლილებები ჩვენ სასიკეთოდ მოხდა.
_ რა შეიცვალა იმ დღიდან?
_ თავად ოპოზიციაც მიხვდა, რომ ერთად დგომას ალტერნატივა არ გააჩნია. ამიტომაც აიძულეს თავი, ერთად დამდგარიყვნენ. ალბათ არც თქვენ, არც მე და არც არავინ წარმოიდგენდა, რომ ასეთი განსხვავებული ხალხი ერთმანეთის გვერდით დადგებოდა. ამას სიზმარშიც ვერ ვნახავდი. ჩემთვის ყველაზე მთავარი ისაა, რომ ოპოზიციამ კარგად გააცნობიერა, _ ერთპარტიული მმართველობა წარსულს ჩაბარდა. XXI საუკუნეში ერთპიროვნული მმართველობა უკვე სირცხვილად და ჩამორჩენილობად ითვლება. მომავალი კოალიციურ მთავრობაშია.
_ კარგია, რომ ოპოზიციაში ასე ფიქრობენ, მაგრამ მოახერხებენ კოალიციური მთავრობის შექმნას?
_ სხვა გზა, უბრალოდ, არ არის. პარლამენტი უნდა იყოს მრავალპარტიული და მთავრობა _ კოალიციური. რეგიონებიც ამის მიხედვით უნდა დალაგდეს. რომელ პარტიასაც ეყოლება წესიერი და პროფესიონალი კადრი, ყველამ იმას უნდა დავუჭიროთ მხარი. შეიძლება, ეს ვიღაცას არ მოეწონოს, მაგრამ წყენა უნდა დავძლიოთ. ოპოზიციის შიგნით ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი, მაგრამ განსხვავებული აზრის ქონა ტრაგედიად არ უნდა ჩაითვალოს და ეს დაქსაქსვის მიზეზი არ უნდა გახდეს. ჩვენ თუ დავიქსაქსეთ, ამით „ქართული ოცნების“ წისქვილზე დავასხამთ წყალს. ძალაუფლების შენარჩუნების წყურვილით შეპყრობილი „ქართული ოცნება“ ისედაც ყველაფერზე არის წამსვლელი, ამიტომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს.
_ ერთად ყოფნას ალტერნატივა არ აქვსო ამბობთ, ეს ერთიანობა გახდება იმის საფუძველი, რომ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლა აიძულოთ? დასავლეთიდან მხარდაჭერა გაქვთ და ეს პატარა ამბავი არ არის.
_ ის, რომ დასავლეთიდან ამხელა მხარდაჭერაა, ეს უკვე ძალიან დიდი გამარჯვებაა. საქართველოში ოპოზიციას არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია ამხელა საერთაშორისო მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ აქ აქციები სხვა დროსაც ხშირად იმართებოდა.
ახლა ევროპაში მიწევს ყოფნა და, ძირითადად, სულ უცხოურ საინფორმაციოებს ვუსმენ. წამყვანი ტელეარხები ხშირად აშუქებენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მერწმუნეთ, დასავლეთის უკმაყოფილება „ოცნების“ მიმართ იმაზე უფრო მწვავეა, ვიდრე ამას ქართულ საზოგადოებას აწვდიან. ევროპა და ამერიკა უკვე ღიად დაუპირისპირდა „ქართული ოცნების“ არასწორ პოლიტიკას.
ჩემს მეგობრებთან, რომლებიც აქტიური ოპოზიციონერები არიან, ხშირი კონტაქტი მაქვს. ისინი მიყვებიან მანდ მიმდინარე მოვლენებზე. მეუბნებიან, რომ ძალიან მაღალია საპროტესტო მუხტი, ამას აქედანაც ვგრძნობ. დასავლური მხარდაჭერით ოპოზიცია უფრო თავდაჯერებული გახდება და მტკიცედ მოითხოვს თავისი პირობების შესრულებას. ახლა მთავარია, საზოგადოებაც გააქტიურდეს. ერთად უფრო მალე ვაიძულებთ ხელისუფლებას დათმობაზე წასვლას. „ქართული ოცნება“ უნდა ვაიძულოთ, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაატაროს. ერთი დიდი გამარჯვება ჩვენ უკვე მოვიპოვეთ. ამ პროცესებში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები. მე არ მახსენდება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა ასე დაინტერესებულიყოს პოლიტიკით. ესეც 20 ივნისის ღამემ მოიტანა.
მე ოთხი შვილი მყავს და ისინი პოლიტიკით არასდროს ინტერესდებოდნენ. რაღაც აქციები რომ იყო და ამაზე ვსაუბრობდი ხოლმე სახლში, სულ მეუბნებოდნენ, _ კარგი, რა, დედა, რა დროს პოლიტიკაა. 20 ივნისის შემდეგ მათ დამოკიდებულება შეიცვალეს. ასევე მოხდა სხვა ახალგაზრდების შემთხვევაშიც. თითქოს ყველამ ერთად გამოიღვიძა და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ახალგაზრდობა ძალიან დიდი ძალაა. არც ერთი დღე არ ჩამიგდია, ყოველდღე აქციებზე დავდიოდი და ვხედავდი ახალგაზრდებს. ისინი ძალიან აქტიურები იყვენენ. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ აუცილებლად შეიცვლება ჩვენი ქვეყნის მომავალი უკეთესობისკენ.
_ 20 ივნისის ღამე გავრილოვის პარლამენტში შეყვანას მოყვა, ახლა ლავროვის ჩამოყვანას აპირებენ და ეს, ალბათ, კიდევ უფრო გაამწარებს საზოგადოებას. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
_ ლავროვის ჩამოყვანა ძალიან მძიმედ დამთავრდება. ეს ისეთი ამბავი იქნება, რომ შეიძლება, საქმე არჩევნებამდეც კი აღარ მივიდეს. ლავროვის აქ ჩამოსვლა არის ეროვნული შეურაცხყოფა. ხალხმა ამ ხელისუფლებას უამრავი პოლიტიკური შეცდომა აპატია, მაგრამ ეროვნულ შეურაცხყოფას არავინ აპატიებს.

შორენა მარსაგიშვილი