სახელმწიფო სტადიონს საწყობად ყიდის

თუ გაქვს ფული და გინდა, შენი ინვესტიცია საქართველოში დააბანდო, გაქვს მომხიბვლელი ბიზნესიდეები და გინდა, რომ იდეას ხორცი შეასხა, აქვე შენს ქვეყანაში… გაქვს იმედი, რომ შენი წარმატება შენსავე მიწაზეა გარანტირებული… ამისთვის სახელმწიფო, სახელად საქართველო, 100 შეთავაზებას გიკეთებს…
მთავარია, გინდოდეს და ქვეყანა მზადაა, გამარტივებული სახით მიწის ნაკვეთებიც კი გიბოძოს…

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა. საპრივატიზებო ობიექტები, სხვადასხვა მახასიათებლის გარდა, მოიცავს განვითარების სავარაუდო შესაძლებლობას.
გამარტივებული საპრივატიზებო პროცედურების მეშვეობით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონში“, _ აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.
მთავრობა სახელმწიფო ქონების პრივატიზების ახალი ტალღის ფარგლებში სულ 117 ობიექტს გაყიდის, რომლის საშუალებითაც ეკონომიკის სამინისტრო 150 მილიონი ლარის გენერირებას გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებულ პროექტს „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ მხოლოდ ორ დღეში 11 000 მეტი მომხმარებელი გაეცნო. პროექტის ფარგლებში ელექტრონულ აუქციონზე 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურით არის წარმოდგენილი.
ამასთან, შეიქმნა სპეციალურად შემუშავებული ინტერაქციული რუკა, სადაც დატანილია პროექტის ფარგლებში არსებული ყველა საინვესტიციო პაკეტი და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს მისთვის სასურველ ელექტრონულ აუქციონს, მიიღოს მონაწილეობა ვაჭრობაში და გახდეს უძრავი ქონების მესაკუთრე.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არაა ერთჯერადი „სეილ აქცია“, აღნიშნული პლატფორმა განახლებადია და მუდმივად შეივსება ახალი საპრივატიზებო ობიექტებით.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას – თბილისსა და საქართველოს 45-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტს.
საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობა.
ინფორმაცია საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ საპრივატიზებო რუკაზე.

ახლა კი რა ვიყიდოთ კახეთში?..

მთავრობამ კახეთის რეგიონში საპრივატიზებო ნუსხაში 19 ადგილი შეიტანა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საპრივატიზებო რუკის მიხედვით 4 ადგილის პრივატიზება იგეგმება თელავის მუნიციპალიტეტში, 6-ის – გურჯაანში, 1-ის – ყვარელში, 3-ის – საგარეჯოში, 1-ის – დედოფლისწყაროში და 4-ის – სიღნაღში.
უწყების ოფიციალურ გვერდზე ასევე მითითებულია თითოეული ადგილის საკადასტრო კოდი, ფართობი, აუქციონის სავარაუდო საწყისი ფასი და დანიშნულება.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, კახეთში არსებული 19 ადგილიდან 6 ადგილის დანიშნულება სასტუმრო და საგანმანათლებლო დაწესებულებაა, 9 – ადგილის სამრეწველო/სასაწყობე მეურნეობა, 2 – სავაჭრო ობიექტი და – სპორტული ინფრასტრუქტურა.
„საპრივატიზაციოდ გამოგვაქვს ობიექტები, რომელზედაც ყველა შეთანხმება უკვე გაფორმებულია, მორგებული არის გრგ-ს (განაშენიანების რეგულირების გეგმა, _ რედ.), წინასწარ არის შეფასებული და თან ერთვის ჩვენი რეკომენდაცია, თუ რა სახის ბიზნესი შეიძლება განვითარდეს ადგილზე. თავისი შედეგით ეს პროექტი უპრეცედენტოა.
სხვა ყველაფერთან ერთად ეს არის 2500 ახალი სამუშაო ადგილის პერსპექტივა. საპრივატიზებო ნუსხაშია სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და სატბორე მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და დეველოპერებისთვის საინტერესო სხვა სახელმწიფო ქონება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
11 000 მომხმარებლიდან თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურის რამდენიმე მცხოვრებმა აღმოაჩინა, რომ მათი ბავშობის დროინდელ სტადიონს სახელმწიფო სამრეწველო სასაწყობე მეურნეობის სახელით ყიდის.
შალაურელი ნიკა შარვაშიძე ხალისით იხსენებს:
_ სახელმწიფომ იმ 100 საპრივატიზაციო ობიექტში თელავიდან მიწა გამოიტანა ვითომ „სამრეწველო სასაწყობე მეურნეობისთვის“. მაგრამ, რეალურად, ეს ადგილი იყო სტადიონი, რომელზედაც მთელი ბავშვობა ვთამაშობდით ფეხბურთს.
მერე კი ორივე კარი მოგვპარეს, მაგრამ ხის ძელები გვქონდა და მაინც ვთამაშობდით. ახლა სტადიონი, რომელიც აბალახებულია და არანაირი კომუნიკაცია იქ არაა, უცებ იქცა „სამრეწველო-სასაწყობედ“.
პრივატიზაციის წინააღმდეგი არ ვარ, ძალიან კარგი, თუ გაიყიდა და რამე გაკეთდა, მაგრამ ცოტა ადეკვატურობა გვმართებს დანიშნულებაში, ფასში და ა. შ.
ისე კი დრო უცნაურია _ მძიმე და უკუნ 90-აინებში და მანამდეც მთელი სოფელი იმ სტადიონზე ფეხბურთის თამაშის დროს ოცნებობდა, ოდესღაც პელე ან გივი ჩოხელი გახდებოდა…“

მერე კარები ქურდებმა წაიღეს, ჯართში ჩააბარეს, ძელიც დალპა, ბოლოს პატივცემულ მუნიციპალიტეტის მთავრობას დაავიწყდა სტადიონის არსებობა… არც საკრებულოს სოფლის მაჟორიტარს გახსენებია და რაც მთავარია, მიწა მუნიციპალური კი არა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩნდა.
როგორ მიანიჭეს სპორტულ მოედანს საწყობის ფუნქცია, გასაკვირია…
ვინ იყიდის აბალახებულ ნასტადიონარ მიწას, ესეც საკითხავია…
სოფლის ძროხები როგორ შეეგუებიან საძოვრის დაკრგვას, ესეც პრობლემაა…
და სანამდე მიწას გაყიდიან და სტატუსს შეურჩევენ, ვინმემ რომ იკითხოს ქონების მართვის სააგენტოში, რა ქონება იყო ადრეო, კი იქნება საინტერესო ნამდვილად…

მაკა მოსიაშვილი