რატომ არ უყენებს პროკურატურა ბრალს ხელმოწერების გამყალბებლებს?

მუხაძის ქ. #2-ში მდებარე ახალაშენებული საცხოვრებელი სახლის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. ამხანაგობის თავმჯდომარე ზურაბ ჯაიანი „ქრონიკა+“-სთან პირველად ყვება იმ გაუხმაურებელი დეტალების შესახებ, თუ რა თაღლითობა და სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა მშენებლობის პროცესში, რაზედაც პროკურატურას კონკრეტული პირებისთვის დღემდე ბრალი არ წაუყენებია და რის გამოც დღეს ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალებულია.

ზურაბ ჯაიანი _ ამხანაგობა „მუხაძე2-ის“ თავმჯდომარე:

_ ამხანაგობა ჩამოყალიბდა 2009 წელს. მისი მიზანი იყო, ავარიული შენობის ადგილზე საცხოვრებელი სახლი აგვეშენებინა, დაგვეკმაყოფილებინა ადგილობრივი მოსახლეები და ინვესტორის პირობებიც გაგვეთვალისწინებინა. ამხანაგობის ჩამოყალიბებამდე მობინადრეებთან დამაკავშირა თენგიზ ნაცვლიშვილმა. მითხრა, რომ მუხაძის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის მცხოვრებლები თანახმანი იყვნენ, მათ ტერიტორიაზე აშენებულიყო ახალი საცხოვრებელი სახლი, რომ არსებობდა პროექტი და უბრალოდ უნდა გვეშოვა ინვესტორი. ჩემს მეგობარს დაველაპარაკე, მას ადგილი მოეწონა და მეზობლებთან მოლაპარაკება დავიწყე, რომ ფართებსა და ფასებზე ჩამოვყალიბებულიყავით.
_ თუ პროექტი არსებობდა, ე. ი. ინვესტორიც ჰყავდათ. რამ შეუშალა ხელი მას ახალი შენობის აშენებაში?
_ დიახ, არ დაუმალავთ, რომ ჩემამდე ბევრი ინვესტორი იყო მოსული, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მიზეზები სხვადასხვა გახლდათ, მაგალითად, ერთ-ერთი მცხოვრები _ ქუჩიშვილის დედა _ 2-3-ჯერ მეტ ფართს მოითხოვდა, ვიდრე ჰქონდა. როდესაც პროექტი მომიტანეს, აღმოჩნდა, რომ ეს იყო პროექტის ასლი. პროექტის ამ ასლიდან ირკვეოდა, რომ თუ ჩვენ განვახორციელებდით ინვესტიციას, მხოლოდ ინვესტიციის თანხა ამოიღებოდა და დანარჩენ მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მიუხედავად ამისა, ინვესტორი დათანხმდა ამ პირობასაც, ვინაიდან ადგილმდებარეობა კარგი იყო. ასეც გადავწვიტეთ მე და ჩემმა ინვესტორმა მეგობარმა _ რომ მარტო ბინები დაგვრჩენოდა. ამ დროისთვის პროექტი ვადის გასაგრძელებლად მერიაში გვქონდა ჩაბარებული, ვინაიდან 2006 წელს „დიზაინ სტუდიამ“ შექმნა.
_ კი მაგრამ, ეს ხომ პროექტის ასლი იყო?
_ მაგაზეც მოგახსენებთ. „დიზაინ სტუდია“ ზურაბ წერეთელს ეკუთვნის და მე ამ პროექტის ასლი მომცეს. ამის შემდეგ წავედით, მოვაწერეთ ხელი ნოტარიუსში, მეზობლებთან ხელშეკრულებები გავაფორმეთ და საქმეს შევუდექით. ამ პერიოდში თენგიზ ნაცვლიშვილმა, რომელიც, თავის დროზე, შუამავლი იყო ქუჩიშვილსა და ჩვენ შორის, წინადადება წამოაყენა, რომ ის ამხანაგობიდან გავიდოდა და თავის კუთვნილ ორ ბინაზეც უარს იტყოდა, თუ 100 ათას დოლარს გადავუხდიდით. ჩემს პარტნიორს დაველაპარაკე და დავითანხმე.
_ თენგიზ ნაცვლიშვილმა შუამავლობისთვის ორი ბინა მოითხოვა?
_ დიახ, მაგრამ ვალდებულებებიც იკისრა. მას ევალებოდა, რომ უნდა მოეტანა პროექტი, რომელიც მერიაში იყო ვადის გასაგრძელებლად დატოვებული და მთლიანად აეღო საკუთარ თავზე მშენებლობის პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა. ანუ პროექტი მთლიანად მას ებარა თავისი ხელისმოწერებით, დამტკიცებებით და ა. შ. ერთი სიტყვით, ჩვენ დავთანხმდით, მისთვის 100 000 დოლარი გადაგვეხადა, მას შემდეგ, რაც სრულად შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს პროექტთან და ტექზედამხედველობასთან დაკავშირებით. ამხანაგობიდან გასვლა და ბინებზე უარის თქმა თავისთავად იგულისხმებოდა. შევთანხმდით ამაზე! დავიწყეთ სახლის ნგრევა, სახურავი ავხადეთ და მერიიდანაც პროექტი გამოვიტანეთ. აღმოჩნდა, რომ პროექტში ნაჩვენები ფართები არ შეესაბამებოდა ნოტარიუსში გაფორმებულ ფართებს, რომელიც სახლის დასრულების შემდეგ უნდა გადაგვეცა მობინადრეებისთვის.
_ როგორ მოხდა ეს აცდენა?
_ არ ვიცი. პროექტზე პასუხისმგებლობა თენგიზ ნაცვლიშვილს ჩავაბარეთ. პროექტში უფრო ნაკლები ფართები იყო მითითებული, ვიდრე ჩვენ მათ ნოტარიულად გავუფორმეთ. გვინდოდა თუ არ გვინდოდა, პროექტში ცვლილებები უნდა შეგვეტანა. მივმართეთ „დიზაინ სტუდიას“ და აღმოჩნდა, რომ პროექტში ფული არ იყო გადახდილი, ჩვენ უნდა გადაგვეხადა 50 ათასი დოლარი. დავიბარეთ ნაცვლიშვილი და ვეუბნებით, _ კი მაგრამ, შუამავალი რომ ხარ და კონკრეტული ვალდებულებები გაკისრია, თავიდანვე რატომ არ გვითხარი, რომ ეს პროექტი შესაძენი იყო და სოლიდური თანხა ღირდაო? ამ დროს, სახურავი გადახდილია, ამ ხალხთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და ქირით გვყავს გაყვანილი. ისევ ჩემს პარტნიორს დავუკავშირდი და გადავწყვიტეთ, რომ 50 000 დოლარი მიგვეცა ნაცვლიშვილისთვის გადასახდელი 100 000 დოლარიდან, ასე ფაქტის წინაშე რომ დაგვაყენა. ეს რომ გვცოდნოდა, სახლის ნგრევას ხომ არ დავიწყებდით? მოკლედ, გადავიხადეთ ფული და შევიძინეთ პროექტი, დავიწყეთ მასში ცვლილებების შეტანა და როდესაც უკვე პროექტის დეტალურ განხილვას მივადექით, ერთ-ერთ მთავარი დოკუმენტი აღმოჩნდა _ ტყუილი!
_ რას გულისხმობთ, რომ ფიქტიური დოკუმენტი იყო?
_ დიახ! მთლიანი ფართი ტერიტორიის იყო 700-ზე ცოტა მეტი და დოკუმენტში ეწერა, რომ იყო 800 კვ.მ-ზე მეტი. ანუ 100 კვ.მ. წამატებული იყო. მომიწია უკვე ამის შეცვლა ქალაქის მერიაში, თანაც შუა მშენებლობის პროცესში. დავიწყეთ ახალი საბუთების აღება! ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ მიუხედავად ამისა, დიდი წვალებისა და ნერვიულობის ფასად, დავამტკიცებინეთ პროექტი, რომელიც მეზობლებთან გაფორმებულ ფართებს შეესაბამებოდა. ამ პროცესში მოვახერხეთ და თენგიზ ნაცვლიშვილს გადავეცით 50 ათასი დოლარი. ბუნებრივია, მეორე 50 000 დოლარი არ მიგვიცია, ვინაიდან კინაღამ ჩაშალა მთლიანი სამშენებლო პროცესი, როცა პროექტის შეძენის ამბავი დაგვიმალა. მოკლედ, როდესაც პროექტთან დაკავშირებული დავიდარება დასრულდა, ვუთხარით, რომ მასზე გაფორმებულ ორ ბინაზე ეთქვა უარი და ჩემს პარტნიორზე გადმოეფორმებინა. ამაზე თენგიზ ნაცვლიშვილმა უარი განაცხადა, _ 100 000 დოლარი გადამიხადეთო! ჩვენ ვუთხარით, _ რა 100 000 დოლარი _ 50 000 დოლარი გადაგიხადეთ და ისიც იცი, ის 50 000 დოლარი სად წავიდა _ პროექტის შეძენაში-მეთქი! მოკლედ, ნაცვლიშვილი უარზე იდგა, ამიტომ მოვიწვიე ამხანაგობის კრება და მისი გარიცხვის თაობაზე დავაყენე საკითხი. ყველამ მოაწერა ხელი. აქ ერთი დეტალია _ თენგიზ ნაცვლიშვილი კი იყო ამხანაგობის წევრი, მაგრამ ბინის ფართები ნოტარიულიად მის შვილზე _ არჩილ ნაცვლიშვილზე იყო გაფორმებული, რომელიც სახლის მშენებლობის დასრულებამდე კაციშვილს არ ჰყავდა ნანახი.
_ სასამართლოში სარჩელი ვინ შეიტანა?
_ 2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობა შეიცვალა და დამატებითი საბუთები მოგვთხოვეს. კერძოდ, გვითხრეს, რომ ვინაიდან ამხანაგობის წესდებაში არ იყო ჩადებული ამა თუ იმ წევრის გარიცხვის პუნქტი, ამიტომ ვერ დაგვიმტკიცებდნენ ახლებურად გადანაწილებულ ფართებს (სადაც ნაცვლიშვილი აღარ ფიგურირებდა). გვირჩიეს, რომ სასამართლოსთვის მიგვემართა და სასამართლო წესით რომ გაირიცხებოდა ნაცვლიშვილი, ამის შემდეგ რეესტრშიც შეგვეძლო ჩაგვებარებინა საბუთები. ავიყვანეთ ადვოკატები, სასამართლო პროცესი დაიწყო 2012 წელს და 2016-2017 წწ-მდე გაგრძელდა. სასამართლო დავის დროს აღმოჩნდა, რომ რა საბუთებიც მოჰქონდა ჩვენთან თენგიზ ნაცვლიშვილს პროექტთან დაკავშირებით, თითქმის ყველაზე ხელმოწერა გაყალბებული იყო.
_ ანუ ვითომ აკეთებდა და სინამდვილეში არ აკეთებდა?
_ ის, ვისაც უნდა მოეწერა ხელი _ მთავარი არქიტექტორი და ა. შ., _ იმათი ხელმოწერები აღმოჩნდა გაყალბებული. ნამდვილად არ მეგონა, სასამართლოს თუ წავაგებდით, მაგრამ პირველი-მეორე ინსტანცია წავაგეთ. ნინო გვენეტაძეს წერილი მივწერე, მოსამართლის მიმართ პრეტენზია მქონდა. თენგიზ ნაცვლიშვილმაც აიყვანა ადვოკატი, რომელიც, თავის დროზე, თაღლითობაში იყო ბრალდებული და ის პოლიციაში ჩემ წინააღმდეგ აწერინებდა საჩივრებს. ამის შემდეგ განცხადებით მივმართე უშიშროებას, ფილაურის სახელზე წერილი დავწერე. უშიშროებამ საქმე პროკურატურას გადასცა, პროკურატურამ კი _ პოლიციას, სადაც დიღომში მდებარე ოფისში დამიბარეს. იქ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ნაცვლიშვილის მხრიდან საბუთებზე ხელმოწერების გაყალბებაზე. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ყველა დაიკითხა, მაგრამ ბრალი დღემდე არავისთვის წაუყენებიათ. მეტიც: გაყალბებულ ხელის მოწერებზე კალიგრაფიული ექსპერტიზაც არ ჩაუტარებიათ.
_ სახლის მშენებლობა დასრულდა?
_ დიახ და 2012 წელს მობინადრეები შესახლდნენ.
_ თქვენ და თქვენი მეგობარი ინვესტორი არ შეხვედით?
_ მე იქ ძალიან მიჭირს შესვლა და არც მიცხოვრია ერთი დღე. არც ინვესტორი ცხოვრობს. ამ სასამართლო დავების გამო არც ერთ მეზობელს ბინა არ აქვს გაფორმებული. ერთი თვის წინ ნაცვლიშვილმა ისევ მოითხოვა იმ ფართების გადმოცემა და სარჩელი აღსრულებაზე შეიტანა, ვინაიდან სასამართლო მოიგეს. ჩვენ შესაგებელი შევიტანეთ მოსახლეობის სახელით, სადაც თავიდან მოვთხოვეთ, სასამართლოს დაედგინა, ვინ რა პირობები ვერ შეასრულა. ამ საქმემ მთელი ჩემი ჯანმრთელობა წაიღო _ დავკარგე მხედველობა და დღეს თანამგზავრის გარეშე დამოუკიდებლად ვერ გადავაადგილდები.

თამარ როსტიაშვილი