გიორგი ცობეხია: „ოცნება“ მალე იმ ძალადობრივ რეჟიმებს გაუტოლდება, რომელიც ისტორიაში არაერთხელ გვინახავს!“

ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სახალხო მღელვარება „ნაციონალების“ პროტესტად მონათლოს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ყველაფერი ნათელია, ანუ „ოცნებას“ „ნაციონალების“ გარდა, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი უპირისპირდება და, მათ შორის, ისინიც, ვინც, თავის დროზე, სააკაშვილის წინააღმდეგ ილაშქრებდნენ.

ამას გარდა, „ანტიოცნებური“ გამოსვლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ის გახლავთ, რომ ქუჩაში ახალგაზრდები არიან გამოსულები, ახალგაზრდები, რომლებისთვისაც „გადაგდება“ და სხვა ტიპის პოლიტიკური თამაშები მიუღებელია, ანუ ეს არის თაობა, რომელიც სხვანაირად აზროვნებს და რომლისთვისაც ყველაზე დიდი ღირებულება თავისუფლებაა!
სწორედ ამ ახალი თაობის წარმომადგენელია გიორგი ცობეხია. გიორგი ადვოკატია და, ამასთან, პოლიტიკურ საქმიანობასაც ეწევა _ პარტია „კანონი და სამართლის“ პოლიტიკური მდივანია. ასე რომ, ჩვენმა გამოცემამ გიორგისთან საუბრისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ პოლიტიკური კი არა, სამართლებრივი კუთხითაც გაამახვილა ყურადღება.

_ გიორგი, პარტია „კანონი და სამართლის“ პოლიტიკური მდივანი ბრძანდებით და, შესაბამისად, ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ხართ ჩართული, თუმცა ყველაფერი ის, რაც ხდება, როგორც იურისტმა, სამართლებრივად შეაფასეთ _ რასთან გვაქვს საქმე?
_ ახალს ვერაფერს გეტყვით და ყველაფერი ის, რაც ხდება, ხელისუფლების უზურპაციაა!
_ შეგიძლიათ, ეს ფაქტებით და არგუმენტებით დამისაბუთოთ?
_ აშკარად ჩანს, რომ 25-პროცენტიანი და აბსოლუტურად გაკოტრებული პოლიტიკური ძალა, ბოლო არჩევნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას მაინც ინარჩუნებს. უფრო სწორად, ამ 25-პროცენტიანი ნდობის მიუხედავად, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლის მისაღებადაც საკმარისი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ყველაფერი ეს კი ხელისუფლების უზურპირების კლასიკური მაგალითია!
_ „ოცნების“ მომხრეები ამ შეფასებას უტრირებულად მონათლავენ, მით უმეტეს, ხელისუფლება ამბობს, მე კი მინდოდა საარჩევნო სისტემის შეცვლა, მაგრამ გუნდის წევრები ვერ დავარწმუნე და ეს ნამდვილი დემოკრატიააო.
_ ეს ძალიან საინტერესო მოცემულობაა.
_ ანუ?
_ იმ დავაში არ შევიდეთ, ივანიშვილს ვინმეს დარწმუნება რომ სდომებოდა, დაარწმუნებდა თუ ვერა. ყველასთვის გასაგებია, რომ ხუნდაძე თუ ბერაია იმ წონის ფიგურები არ არიან, საკუთარი პარტიის ლიდერის ნების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა შეძლონ.
მოკლედ, პოლიტიკური პარტიის ლიდერის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადების ვერგატანა განვიხილოთ, ანუ გუნდის ლიდერი გუნდთან შეუთანხმებლად გამოვიდა და საზოგადოებას დაჰპირდა, პროპორციული არჩევნები იქნებაო, მაგრამ შედეგი ამ წინააღმდეგობის საპირისპირო დადგა.
ამის შემდეგ ოპოზიცია დიპლომატებს შევხვდით, სადაც, თუ არ ვცდები, ფრანგმა დიპლომატმა თქვა, _ ასეთი რამ ჩემს ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მთავრობა თავისით დაიშლებოდა, რადგან ყველა განუდგებოდა და ე. წ. სამთავრობო ვაკუუმი შეიქმნებოდაო. თუ დავაკვირდებით, ეს აბსოლუტურად სწორი და ევროპული მიდგომაა. შესაბამისად, ჩვენთანაც ასე უნდა მომხდარიყო, ანუ გუნდს, თუ მას პოლიტიკური თავმოყვარეობა აქვს, მთავრობა უნდა გადაეყენებინა, რადგან დანაპირები ვერ შეასრულა, მაგრამ ამის ნაცვლად საზოგადოებაზე შეტევა დაიწყო.
_ რას გულისხმობთ?
_ მაგალითად, ხუნდაძის ინიციატივას, მაჟორიტარული სისტემის პოპულარიზაცია უნდა დაიწყოსო, ანუ ქვეყანა, თურმე, მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე უნდა გადავიდეს და ამას მოყვა რეფერენდუმსა თუ პლებისციტზე საუბარი.
_ საბოლოოდ, „ოცნებამ“ ხუნდაძის ამ იდეაზე უარი თქვა, მით უმეტეს, რეფერენდუმი ვერ ჩატარდებოდა, რადგან კანონით, რეფერენდუმი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებზე კი თბილისის იურისდიქცია არ ვრცელდება.
_ ეს არასწორი ფორმულირებაა.
_ რატომ?
_ ამ მოცემულობაში რეფერენდუმი ერთხელ, ანუ 2003 წელს უკვე ჩატარდა და ამის საფუძველზე პარლამენტის წევრთა რაოდენობა 150-მდე შემცირდა. ამ რეფერენდუმთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მხოლოდ ერთი რამის გამო არ ისმება _ არსებობს სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი, ანუ ოკუპაცია, რომლის გადაჭრაც ჩვენს ძალებს აღემატება და ეს არ შეიძლება რეფერენდუმის ჩაუტარებლობის საფუძველი გახდეს, თან ოკუპირებულ რეგიონებს სეპარატისტულს არ ვუწოდებთ _ ეს რეგიონები ჩვენთვის იურდიულად სეპარატისტული კი არა, ოკუპირებულია. შესაბამისად, რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია.
_ თუ ასეა, აბა, „ოცნებამ“ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის თემაზე რეფერენდუმის ჩატარება რატომ გადაიფიქრა?
_ ამის მიზეზი ძალიან მარტივია.
_ კერძოდ?
_ პროპორციულ სისტემაზე საზოგადოების სრული კონსოლიდაციაა, „ოცნებას“ კი 2024 წელსაც არ უნდა პროპორციულზე გადასვლა, ანუ ფიქრობს, რომ 2020-ში, ხელისუფლებაში რამე ფორმით, მაგალითად, პათოლოგიური კოალიციის სახით დარჩება და ისეთ საარჩევნო სისტემას მიიღებს, რომლითაც ხელისუფლების ფორმირება 2024 წელს დამოუკიდებლად შეეძლება.
_ კონსტიტუციაში ხომ ნათლად წერია, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024-დან გადადის?
_ დიახ, წერია, მაგრამ „ოცნება“ იმედოვნებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის, როგორც ყველაზე დემოკრატიულის, დისკრედიტაციას მოახდენს და ხუნდაძის ზემოხსენებული მანიპულაციაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ანუ აშკარად ჩანს, რომ ის საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც 2024 წელს ეხება, „ოცნებისთვის“ ძალიან მტკივნეულია, რადგან კარგად ესმის, რომ თუ ქვეყანაში არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, პრაქტიკულად, ნულოვანი შანსი ექნება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს!
_ გიორგი, რატომ გგონიათ, რომ 2024-ში „ოცნება“ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს?
_ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, „ოცნებას“ ოპონენტებზე, მეტად თუ ნაკლებად, მორალური უპირატესობა ჰქონდა. ზოგჯერ დაუმსახურებლად, მაგრამ, ამ ხნის განმავლობაში, ეს უპირატესობა მუშაობდა და ეს მორალური უპირატესობა ერთ რამეზე იყო დაფუძნებული.
_ რაზე?
_ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ მმართველობაზე, მაგრამ 20 ივნისის შემდეგ „ოცნებას“ ეს მორალური უპირატესობაც გაუქრა, ანუ დამარცხებისთვის განწირულია!
_ ეს თქვენი შეფასებაა, თავად „ოცნება“ კი სხვანაირად ფიქრობს. აი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას ორაზროვნად იკითხა, _ აბა, მაჩვენეთ, 20 ივნისს თვალები ვის დასთხარესო?
_ იცით, ეს როგორი შემთხვევაა?
_ როგორი?
_ არის საკითხები, რომელიც პოლიტიკურ ჩარჩოებს სცდება და ადამიანურად უნდა შევაფასოთ. იმის თქმა მინდა, რომ ივანიშვილის ეს განცხადება საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა კი არა, პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პროკურატურამ მაკო გომური დაზარალებულად დიდი ხნის განმავლობაში არ ცნო, არადა, სახეზე ყველა ის ნიშანი იყო, რომ მაკოსა და სხვებისთვისაც დაზარალებულის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ განცხადებით ივანიშვილი შეეცადა, რომ 20 ივნისი ჩაემოერეცხა და საზოგადოებისთვის ეთქვა, არაფერი მომხდარა, 7 ნოემბერსა და 26 მაისთან ახლოსაც არ ვართო, მაგრამ, რეალურად თუ ვიტყვით, 20 ივნისს 7 ნოემბერზე გაცილებით მეტი მოხდა.
_ გიორგი, ამაში ვერ დაგეთანხმებით.
_ ისე არ გაიგოთ, რომ 7 ნოემბერს ვამართლებ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ ქმედებებს მაშინაც და ახლაც არათუ ვემიჯნებოდი და ვემიჯნები, არამედ ვეწინააღმდეგები, მაგრამ 20 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე უცნაური მოვლენაა და იცით, რატომ?
_ რატომ?
_ იმის ნაცვლად, რომ ღირსება შეენარჩუნებინა, ქართულმა სახელმწიფომ გავრილოვის, ანუ რუსეთის ინტერესები დაიცვა და ამ მიზნით საკუთარ მოსახლეობას დაუპირისპირდა. მეტიც: ქართულ სახელმწიფოებრიობას ღირსება აჰყარა!
_ კი ბატონო, თუმცა გიორგი, ისიც ვთქვათ, რომ სწორედ 20 ივნისის უმძიმესი მოვლენების შემდეგ ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა დააანონსა. თქვენი აზრით, „ოცნებამ“ მაშინ ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო?
_ ამ თემაზე ჩემი ცოტა სპეციფიკური შეხედულება მაქვს.
_ მითხარით, გისმენთ.
_ 20 ივნისს ხელისუფლება დათმობაზე არ წასულა.
_ აბა?
_ „ოცნება“ მიხვდა, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ საზოგადოების სწრაფი დაშოშმინება იყო საჭირო, სტაბილიზაციის მიზნით, ივანიშვილმა საზოგადოება მაშინვე წინასწარ განზრახვით მოატყუა!
ხუნდაძე წლების განმავლობაში ივანიშვილის ექიმი იყო და თუ რამეს წარმოადგენს, სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა. აქედან გამომდინარე, ხუნდაძე, თუ ივანიშვილის ნება არ იქნებოდა, მის წინააღმდეგ, უბრალოდ, არ წავიდოდა.
ერთი სიტყვით, ივანიშვილმა საზოგადოება თავიდანვე მიზანმიმართულად მოატყუა, თუმცა არის გარკვეული საზღვრები, როცა ტყუილი ფანტასტიკის ჟანრში გადადის!
_ ე. ი., გამოდის, რომ ივანიშვილი კარგი მოთამაშეა და მხოლოდ ადგილობრივი კი არა, საერთაშორისო საზოგადოების გაცუცურაკებაც შეძლო. არ მეთანხმებით, გიორგი?
_ არა.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ კარგი პოლიტიკური მოთამაშე ხალხის ემოციებზე ისე არ თამაშობს, რომ ის შეურაცხყოს.
ივანიშვილი კარგი პოლიტიკური მოთამაშე რომ ყოფილიყო, პროპორციულ საარჩევნო სისტემას მივიღებდით და დავიჯერებდით, რომ ხელისუფლებას ჩვენი პროტესტის ესმის! ახლანდელი რეალობა კი ასეთია: ხელისუფლება საზოგადოებას ყოფს და სეგმენტიზაციას ახდენს _ „ოცნება“ და ყველა დანარჩენი, ანუ თუ „ოცნების“ მხარეს არ ხარ, ამ ქვეყანაში შენთვის ცხოვრება ძალიან რთულია.
ამ კონტექსტში არ შემიძლია, სასამართლოსაც არ შევეხო და კონკრეტულ მაგალითს გეტყვით, რომელიც ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს ეხებათ. მოკლედ, მია ზოიძეს, რომელიც „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი ადვოკატია, უცნაური რამ შეემთხვა.
_ რა?
_ გეტყვით: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილია როინიშვილი, რომელიც პოლიტიკური დაკვეთების პირდაპირი შემსრულებელია!
ერთი სიტყვით, სანამ საადვოკატო საქმიანობას დაიწყებდა, მია ზოიძე კერძო აღმასრულებელი იყო და ბათუმში არსებულმა სოლიდურმა საბანკო სექტორმა მასთან დაიწყო ურთიერთობა, ანუ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებაზე უარი თქვა. ამის გამო მია ზოიძეს თეა წულუკიანი დაუპირისპირდა _ კერძო აღმასრულებლებს ლიცენზიას იუსტიციის სამინისტრო აძლევს და, შესაბამისად, ისინი აღსრულების ეროვნული ბიუროს კონკურენტები არიან.
_ წულუკიანი-ზოიძის დაპირისპირება რაში გამოიხატებოდა?
_ ლიცენზია შეუჩერა. მიამ სასამართლოს მიმართა და პროცესები მოიგო. მეტიც, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილება დაუშვებლად უზენაესმა სასამართლომაც ცნო, თუმცა ახალი მიზეზით წარმოება ხელახლა დაიწყო და საქმე სწორედ როინიშვილს დაეწერა, რომელმაც მია ზოიძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა, ანუ მისთვის ლიცენზიის გაუქმება კანონიერად ჩათვალა. არადა, ამის სამართლებრივი საფუძველი საერთოდ არ არსებობდა!
_ ანუ ეს სახელმწიფოს მხრიდან, სასამართლოს დახმარებით, კერძო ბიზნესში ჩარევაა?
_ რა თქმა უნდა და ამის მიზეზი პოლიტიკა გახდა. აი, ეს როინიშვილი, რომელიც პოლიტიკურ კონიუნქტურას ექვემდებარება, ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია!
_ გიორგი, რადგან სასამართლოს შევეხეთ, ერთ კითხვას დაგისვამთ: უმრავლესობის წევრები პარლამენტში სპეცრაზმისა და პოლიციის თანხლებით შედიან. ამ ვითარებაში პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების არჩევა-დამტკიცებას შეძლებს?
_ ვფიქრობ, ამას მოახერხებს. „ოცნება“ ფიქრობს, რომ ასე მოქცევის გარდა სხვა გზა არ აქვს, ანუ მას საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფი სასამართლო ხელისუფლება სჭირდება და აი, სწორედ აქ უშვებს ძალიან უხეშ შეცდომას.
ისე, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ კი აღიარა, სასამართლო რომ არ ჰქონდა დამოუკიდებელი, ამის შედეგს ახლაც იმკის! „ოცნებაც“ ამ შეცდომას იმეორებს, რომელიც ბუმერანგივით დაუბრუნდება და ახლანდელი კორუმპირებული მინისტრები და ე. წ. პოლიტიკოსები შესაძლოა, სწორედ ამ მოსამართლეებმა გაასამართლონ!
_ ახალ წლამდე „ოცნების“ უმრავლესობამ პარლამენტში ორი მნიშვნელოვანი საკითხის გატანა უნდა მოასწროს. ერთი მოსამართლეების დანიშვნაა, მეორე კი _ 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცება. ჰოდა, თუ ამას შეძლებს, მაშინ საკითხავია, ოპოზიციის აქციებსა და სამთავრობო უწყებების „დაბოქლომებას“ რა აზრი ექნება?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ იცით, რა ხდება?
_ რა?
_ ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და შედეგი ყოველთვის მოყვება.
ამას გარდა, თავისი მოქმედებებით ოპოზიცია სახელმწიფოს ღირსებას ინარჩუნებს, ანუ დიპლომატებმა შეხვედრაზე სწორედ ეს გვითხრეს, _ არის საკითხები, რაც მხოლოდ თქვენ უნდა გააკეთოთ და მოაგვაროთო. ეს ძალიან სწორი შეფასებაა!
დიახ, ჩვენი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის გასაკეთებელია, რომ ივანიშვილმა თავის უკანონო და პოლიტიკურად სრულად გაუმართლებელ ქმედებაზე პასუხი აგოს!
_ პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ „ოცნება“ უკან დახევას არ აპირებს, შესაბამისად, 2020 წლის შემოდგომამდე ამ რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ?
_ შესაძლოა, თუმცა ვადამდელი არჩევნები სიტუაციის დასტაბილურების ერთადერთი გამოსავალია. სხვა შემთხვევაში კი ოპოზიციას უკან დასახევი გზა, უბრალოდ, არ აქვს!
ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნებას“ იმაზე მეტი რა უნდა გაეკეთებინათ, რომ დაპირება არ შეასრულეს! მეტიც; ის, რაც ივანიშვილმა იკადრა, თავისუფლებასა და ადამიანების ჯანმრთელობაზე გადავლა იყო. ჰოდა, ახლა ოპოზიციას სხვა რა გზა დარჩენია? კარგი, ვთქვათ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დაგვპირდება და კიდევ გადაგვაგდებს! მოკლედ, შეუძლებელია, რომ მის მიმართ ნდობა გვქონდეს!
სხვათა შორის, არჩევნების დროსაც ეს „გადაგდება“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, ანუ ხალხს „ოცნების“ ნდობა არც ახლა აქვს და არც არჩევნებზე ექნება!
_ „ოცნება“, წეღანდელი თქმისა არ იყოს, სხვანაირად ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, თავების დათვლითაა გართული. აი, მაგალითად, კობახიძე ირწმუნება, ქუჩაში მხოლოდ 200 „ნაციონალია“ გამოსული და ეს მთელი მოსახლეობა არ არისო. ამასთან, ყველა პროტესტანტს ივანიშვილიც „ნაციონალს“ გეძახით.
_ მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ „მარკა მოგვაკერონ“, აი, „ნაციონალები“ არიანო, ანუ თუ ამ მარკას არ მოგვაწებებენ, ე. ი. ქვეყანაში „ოცნებისთვის“ სახარბიელო ვითარება არაა!
_ ისე, გიორგი, აჟიოტაჟი იმაზე ატყდა, ამ სიცივეში ხელისუფლებამ მომიტინგეები წყლის ჭავლით რატომ დაარბიაო. თქვენი, როგორც იურისტის განმარტებაა საინტერესო _ წყლის ჭავლის გამოყენება უკანონო იყო?
_ დიახ, იყო.
_ რატომ?
_ წყლის ჭავლის გამოყენებას თავისი წესი აქვს.
_ და ეს წესი როგორია?
_ საერთაშორისო ნორმებით, მინუს სამ გრადუს სიცივეში წყლის ჭავლის გამოყენება არათანაზომიერ ძალად აღიქმება. არადა, სამართალში თანაზომიერება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია, მით უმეტეს, მაშინ, როცა ლეგიტიმური ძალის გამოყენებას ეხება საქმე. სახელმწიფოს ამ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება მაშინ აქვს, როცა სიტუაციის სტაბილიზებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ასე არ მომხდარა!
მეტიც: 20 ივნისის შემდეგ „ოცნება“ ჩვეულებრივი მოძალადე გახდა და ძალადობის ღია ფორმებზე გადავიდა! აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მალე გაუტოლდება იმ ძალადობრივ რეჟიმებს, რომელიც ისტორიაში არაერთხელ გვინახავს!
ისე, ძალიან სიმბოლურია, რომ აქციებზე ივანიშვილს უკვე ჩაუშესკუს ადარებენ!
_ ესეც, ალბათ, უტრირებულია.
_ არა. ივანიშვილს ამ დიქტატორამდე უკვე აღარაფერი აკლია!
_ გიორგი, „ოცნება“ სიტუაციას, იქნებ, იმიტომ ძაბავს, რომ ვადამდელი არჩევნები თავად აწყობს?
_ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა იმ მიზეზით კი არ აწყობს, რომ ვადამდელი დაინიშნოს.
_ აბა, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს?
_ ქვეყანაში სრული ეკონომიკური სტაგნაციაა და საზოგადოება სრულად დემორალიზებულია. ყველაფერი ეს კი ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება.
ამას გარდა, სასამართლო ხელისუფლება, პრაქტიკულად, ივანიშვილის „ჯიბის სასამართლოდაა“ გადაქცეული. საზოგადოება, რომელიც ქვეყანაში სამართალს ვერ პოულობს, ბუნებრივია, ხელისუფლებით კმაყოფილი არ იქნება.
პარალელურად, ამ ქვეყანში არ არსებობს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის შესაბამისი პირობები, დასაქმებაც უდიდესი პრობლემაა. შესაბამისად, ყველაფერ ამის გადაფარვას ივანიშვილი სხვა რამით ცდილობს და ხალხს ეუბნება, აი, დესტრუქციულ ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის ნომერ პირველი ამოცანააო.
აი, ასე სურს ივანიშვილს თავისი ხელისუფლების უუნარობისა და კორუმპირებულობის გადაფარვა.
ზოგადად, „ოცნება“ ხელისუფლებაში მხოლოდ ორი მიზნისთვისაა _ კორუფცია და ქვეყნის დასავლური რელსებიდან რუსულ ორბიტაზე გადაყვანა! დიახ, „ოცნება“ პირდაპირ რუსული სახელმწიფოს დაკვეთას ასრულებს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ!
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იმასაც ვხედავთ, როგორ ესაუბრება ივანიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძვანელებსა და დიპლომატებს. ბედავს თქვას, რომ საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, თურმე, არასამთავრობო სექტორი აფერხებს.
რაც შეეხება ვამდამდელ არჩევნებს, საარჩევნო კამპანიაზე ბევრი რამეა დამოკიდებული, თუმცა „ქართული ოცნება“ თავისი რეიტინგის ისტორიულ მინიმუმზეა. ამიტომ ერთადერთი გზა რჩება _ არჩევნები ისევე გააყალბოს, როგორც, მაგალითად, ზუგდიდში გააყალბა და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, იმის პროგნოზირება, თუ რა შეიძლება, მოხდეს, ადვილია.
ერთი სიტყვით, „ოცნებას“, გაყალბების გარეშე, რიგგარეშე არჩევნებშიც შანსი არ აქვს, მით უმეტეს, 20 ივნისისა და პროპორციული სისტემის ჩაგდების უდიდესი ავანტიურის შემდეგ _ თითოეული ეს მოვლენა მის საარჩევნო ხმებზე პირდაპირპროპორციულად და სრულიად ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, „ოცნება“ 2020 წელს ხელისუფლების ფორმირებას კოალიციითაც ვერ მოახერხებს!

გიორგი აბაშიძე