თეონა ჭალიძე: „ჯანდაცვის ახალი მინისტრისთვის სოციალური თემა პრიორიტეტული არ არის“

ქვეყანაში უმძიმესი სოციალური მდგომარეობაა. ვითარება იმდენად მძიმეა, რომ ამას ყველაზე ხმალამოღებული მეოცნებეებიც კი ვერ უარყოფენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ქამრების შემოჭერის აუცილებლობაზე ღაღადებენ. ამ ქამრებს თავის პატივცემულ „ღიპს“ როგორ მოუჭერენ, როცა ეკონომიის გაკეთება ყველაზე დაუცველი ადამიანების ხარჯზე შეიძლება.

„ახალი საქართველოს“ სოციალური მიმართულების ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, ბოლო ექვს თვეში სოციალური დახმარება 45.000 ადამიანს შეუჩერდა. ჭალიძე ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
რატომ ებრძვის ხელისუფლება გაჭირვებულ ადამიანებს? რატომ უჩერდებათ სოციალურად დაუცველებს შემწეობები? რატომ არის შეუძლებელი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა? _ ამ თემებზე „ქრონიკა+“-ს თეონა ჭალიძე ესაუბრება:

_ თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 45.000 ადამიანს შეუჩერდა სოციალური დახმარება. რასთან არის ეს კავშირში?
_ ბოლო 6 თვის განმავლობაში 45.000 ადამიანს შეუჩერდა სოციალური დახმარება. ეს არ გახლავთ საბოლოო მონაცემები. ამ ექვსი თვის შუალედში არიან ადამიანები, რომლებსაც შეუჩერდათ დახმარება, მაგრამ სამი თვის შემდეგ აღუდგათ. აი, ამ 45.000 ადამიანს კი ისევ შეჩერებული აქვს დახმარება.
_ რატომ შეუჩერდათ ამ ადამიანებს დახმარება? დავიჯერო, ისე კარგად განვითარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, რომ 45.000 სოციალურად დაუცველის მდგომარეობა ერთბაშად გაუმჯობესდა?
_ გაუმჯობესებით არ გაუმჯობესებულა, მაგრამ გაუარესება კი გვაქვს სახეზე. დახმარების შეჩერებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. გვითხრეს, რომ თურმე ყოველი ოთხი წლის თავზე ამოწმებენ და დახმარება ამ მიზეზით შეჩერდა. ეს არის აბსურდული მიზეზი, გადამოწმება დახმარების შეჩერების გარეშეც შეიძლება.
გადამოწმება, რა თქმა უნდა, საჭიროა, მაგრამ ადამიანებს მანამდე არ უნდა შეუწყვიტო დახმარება, სანამ არ დარწმუნდები, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
სამი თვის განმავლობაში ამ გაჭირვებულ ადამიანებს ულუკმაპუროდ ტოვებენ. ამ ადამიანებს მიზერულ დახმარებას ამდენი წელი იმიტომ აძლევდნენ, რომ იცოდნენ, მათ სხვა შემოსავალი არ ჰქონდათ. ახლაც ხომ იციან, რომ იგივე პირობებში არიან, ერთხელ მაინც არ უფიქრიათ, რით უნდა იარსებონ.
ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს არაერთხელ მივმართეთ, რომ ამ საკითხით დაინტერესებულყვნენ და პრაქტიკა შეეცვალათ. სამწუხაროდ, ყური არავინ შეიბერტყა.
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ხომ საერთოდ არაკომპეტენტურია. მას არ აინტერესებს სოციალურად დაუცველები და ჩახედულიც არ არის ამ სფეროში. მისთვის ეს სფერო პრიორიტეტი არ გახლავთ.
_ როგორც ამბობენ, ამ სფეროში წინა მინისტრი, დავით სერგეენკო ბევრად უკეთესი იყო. თქვენ რას იტყვით?
_ ვერ ვიტყვი, რომ უკეთესი იყო. ბევრჯერ ვეცადე, სოციალურად დაუცველების საკითხზე შევხვედროდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. სამი წელი ვიბრძოდი ამისთვის. სერგეენკომ არაფრით არ მიმიღო. ასე რომ, ცუდსა და უარესს შორის რომელი უფრო ცუდია ან უარესი, ვერ გეტყვით. არც სხვას ვურჩევ, ამ საკითხის განხილვით დაკავდეს, ეს დროის უაზრო ხარჯვა იქნება.
ჩვენ წლის დასაწყისშივე დავაანონსეთ, რომ რაკი 2019 არასაარჩევნო წელია, ხელისუფლება სოციალურად დაუცველ პირებზე ეკონომიას გააკეთებდა, რომ ისედაც ღარიბი ადამიანები კიდევ უფრო გაეღარიბებინა.
არიან ოჯახები, რომლებსაც მიმდინარე წელს ორჯერ შეუჩერდათ დახმარება სამ-სამი თვით. ე. ი. წელიწადში ექვსი თვის მანძილზე ეს ხალხი ჰაერში იყო გამოკიდებული.
ზოგს ქულები აკლდება და დახმარების რაოდენობას უმცირებენ, ზოგს კი საერთოდ შეუწყდა დახმარება.
2020 წელს არჩევნებია და დახმარების მიმღებთა რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. გარდა იმისა, რომ ხელისუფლება გაჭირვებულების ხარჯზე ეკონიმიას აკეთებს, ხალხის გაღარიბება სხვა მიზნისთვისაც სჭირდება.
_ რისთვის სჭირდება?
_ უნდა, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო დამოკიდებული გახდნენ ხელისუფლებაზე და იმ შემწეობაზე, რასაც ისინი იღებენ, რათა 2020 წელს უფრო მარტივად იყიდონ მათი ხმები. მშიერი ადამიანების ყიდვა ბევრად უფრო იოლია და იაფი ჯდება.
_ გამოსავალს სად ხედავთ? ამ თემაზე ბევრი პოლიტიკური პარტია დუმილს ამჯობინებს.
_ გამოსავალი ხალხშია. იმისთვის რომ ხელისუფლებამ პოლიტიკა შეცვალოს, როგორც ჩანს, ძალის დემონსტრირებაა საჭირო.
გასულ კვირას სახალხო დამცველსაც მივმართე და ვთხოვე, რომ კიდევ ერთხელ დაინტერესდეს, თუ რატომ შეწყდა მასობრივად შემწეობები.
ყველამ უნდა ვიაქტიუროთ. იქნებ, ამ შეტევების წყალობით ყური შეიბერტყოს ხელისუფლებამ და ხელი აიღოს გაჭირვებული ადამიანების დაჩაგვრაზე.
ამ საქმეში მედიას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. საქართველოში თუ რამე არ შუქდება და არ ხმაურდება, ხელისუფლება, როგორც წესი, მასზე რეაგირებას არ ახდენს.
იმედი მაქვს, რომ ერთობლივად რაღაცას შევძლებთ. გულწრფელი ვიქნები და იმასაც ვაღიარებ, _ დიდი რწმენა არ მაქვს, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ უნდა ვეცადოთ.
_ თქვენ თქვით, ხალხმა ძალა უნდა აჩვენოს ხელისუფლებასო. ალბათ, ამ ძალის ჩვენებაში სოციალურად დაუცველები ვერ მიიღებენ მონაწილეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დახმარებას შეუჩერებენ.
_ ძალიან რთულია იმაზე პასუხისმგებლობის აღება, რომ თუ სოციალურად დაუცველები რაიმე აქციაში მიიღებენ მონაწილეობას, მათ დახმარებას არ მოუხსნიან. ხელისუფლებისთვის ასეთი რამ უცხო არ არის.
ყველამ იცის მალხაზ მაჩალიკაშვილის შესახებ. საზოგადოებას მისი ძმისშვილის, ჰუსეინ მაჩალიკაშვილის თაობაზეც ეცოდინება. ეს ადამიანი დღეს ციხეში ზის. ის „გავრილოვის ღამის“ პატიმარი გახლავთ.
ჰუსეინის ოჯახი შემწეობას იღებდა, რომელიც მათ გასულ წელს შეუჩერეს. მიზეზი იცით, რა იყო? ჰუსეინი პანკისიდან თბილისში ჩამოვიდა ბიძის მხარდასაჭერად, რომელსაც რუსთაველზე კარვები ჰქონდა გაშლილი და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.
როგორც კი ჰუსეინი თავისი ბიძის გვერდით დადგა და მასთან ერთად დაიწყო ბრძოლა სამართლიანობისთვის, მის ოჯახს დახმარება შეუწყდა.
_ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ამის გამო მოხდა? იქნებ, ეს მხოლოდ დროში დაემთხვა ერთმანეთს ან გადამოწმება ხდებოდა?
_ თავიდან გვეგონა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ბიუროკრატიული პროცედურა. გადაამოწმებდნენ და შემწეობის გაცემა აღდგებოდა. ეს ამბავი ამის გამო არ გავახმაურეთ, სექტემბერში გადამოწმების ყველანაირი ვადა ამოიწურა და ფაქტი გავასაჯაროეთ.
სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ სოციალურ შემწეობებს ხელისუფლება პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს.
ჰუსეინ მაჩალიკაშვილის ოჯახს პოლიტიკური ნიშნით მოუხსნეს დახმარება. მისი ოჯახის მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა, პირიქით _ გაუარესდა. ის არ აკმარეს, რომ ჰუსეინი ციხეშია და ახლა ოჯახს საარსებო წყაროც გადაუკეტეს.
ყოვლად აბსურდული მიზეზებით უჩერდებათ საარსებო შემწეობა ადამიანებს. ყოველდღე მოგვდის უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების შეტყობინებები. როგორც უკვე გითხარით, ზოგიერთ ოჯახს წელიწადში ორჯერ, 3-3 თვით, უჩერებენ დახმარებას, ე. ი. ნახევარი წელი კრიზისულ სიტუაციაში იმყოფებიან. რიგ ოჯახებს 1-წლიან აკრძალვას უწესებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წელი მათი განაცხადი არ განიხილება.
45.000 ადამიანს შეუჩერდა საარსებო შემწეობის ჩარიცხვა. მივმართავ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგაონოებს საქართველოს მასშტაბით, მერებს, გამგებლებს, რომ ეს პირები, პარალელურად, არ ამოიღონ უფასო სასადილოების სიებიდან; ხოლო ვინც მოლოდინის რეჟიმში იყო და ეს შემწეობა შეუჩერდა, გამოინახოს რესურსი და ამ ადამიანებისთვის სასადილოებიდან საკვების წაღება მაინც გახდეს შესაძლებელი.

შორენა მარსაგიშვილი