ლაშა ნეფარიძე: „ქართულმა ოცნებამ“ სისტემა გადაიბარა და იგი უფრო მანკიერი გახადა“

„ქართული ოცნების“ მმართველობის მეშვიდე წელს ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევები უცვლელად რჩება, მეტიც _ პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება და მმართველი ძალა, ნებსით თუ უნებლიეთ, არაფერს აკეთებს მის მოსაგვარებლად. ასეთ პირობებში კი ახალგაზრდებში უპერსპექტივობისა და ნიჰილიზმის განცდა მატულობს. დღითი დღე იზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვიც, რომლებიც ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილებას იღებენ.

რატომ არ ცდილობს ხელისუფლება, ახალგაზრდებს ჯანსაღი გარემო შეუქმნას? როგორ იკვეთება ამ პროცესში ახალგაზრდების როლი? როგორ უნდა მოხდეს პოლიტიკური ველის განახლება და რა კუთხით უნდა ჩაერთონ ახალგაზრდები პოლიტიკაში?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსებში“ „შენების მოძრაობის“ წევრ ლაშა ნეფარიძეს ესაუბრა:

_ ლაშა, როგორ ფიქრობთ, რა არის დღეს ქართველი ახალგაზრდების ყველაზე მთავარი პრობლემა?
_ ყველაზე მთავარი პრობლემა არის თვითრეალიზების შესაძლებლობის არქონა როგორც დასაქმების, ასევე განათლების მხრივ. ამ პრობლემას ქმნის სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ ახალგაზრდებიც, რადგან ისინი არ არიან თვითგამორკვეულები, ჩემი აზრით, სხვადასხვა საკითხში ნაკლებად კვალიფიციურები არიან. შესაბამისად, პრობლემა ორმხრივია. ახალგაზრდებს ძალიან უჭირთ იმაზე ჩამოყალიბება, თუ რისი კეთება სურთ, მაგალითად: მესამეკურსელი ახალგაზრდების უმრავლესობამ არ იცის, თუ რა უნდა მომავალში. ბევრს განათლების კუთხითაც ცუდად აქვს არჩევანი გაკეთებული და ამბობს, რომ ამ უნივერსიტეტში და ამ ფაკულტეტზე არ უნდა ჩამებარებინაო. ან თუ მუშაობენ, არ არიან სამსახურით კმაყოფილები და ეს ის საქმე არ არის, რაც მათ უნდათ, რომ აკეთონ. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდებში ქმნის იმის განცდას, რომ არ არიან ისე რეალიზებულები, როგორც უნდა იყვნენ. რაც შეეხება სახელმწიფოს, ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც სახელმწიფოსგან მოდის, ეს არის კონკურენციის ჩაკვლა და ახალგაზრდების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება, რაც დასაქმების მხრივ გამოიხატება. ამ შემთხვევაში თავს იჩენს ნეპოტიზმი. ეს პრობლემა არის საჯარო და კერძო სექტორშიც. აგრეთვე იმ სფეროებს, რომელიც შესაძლოა, ახალგაზრდების ჩართულობით ბევრად უფრო განვითარებული იყოს, არ ექცევა სათანადო ყურადღება და ახალგაზრდებსაც არ აქვთ ინფორმაცია, რომ დაინტერესდნენ ასეთი საკითხებით. სახელმწიფო ახალგაზრდებში კონკურენციას არ უწყობს ხელს.
_ ახალგაზრდების ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლება ამ საკითხშიც უნიათოა და ამიტომ ვერ უქმნის მათ ჯანსაღ გარემოს, ხოლო მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ მიზანმიმართულად ცდილობენ, ახალგაზრდებს არ მისცენ შესაძლებლობები.
_ ეს მხოლოდ დღევანდელი მმართველი ძალის პრობლემა არ არის, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაიწყო, შემდეგ ყველა ხელისუფლებამ გადაიბარა ეს სისტემა და არც ერთი მათგანი არ აქცევდა ყურადღებას ახალგაზრდების განვითარებასა და კონკურენტუნარიანობას. პირიქით, სისტემა ყოველთვის ცდილობდა, ახალგაზრდა მისი მორჩილი ყოფილიყო, რაც, საბოლოოო ჯამში, იწვევს იმას, რომ თუ ახალგაზრდა აზროვნებს, მას ბევრი კითხვა უჩნდება, შესაბამისად, არ არის სასურველი, ის ამ სისტემის წევრი იყოს. განსაკუთრებული პრობლემა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, როცა სისტემა ზონდერად აქცევდა ახალგაზრდებს.
ასეთი სისტემის პირობებში მრავალმხრივ განვითარების საშუალება ახალგაზრდას არ მიეცემა, თუ ის არ არის ძლიერი, იდეური, არ იცის, რა უნდა აკეთოს, აგრეთვე თუ არ არის მატერიალურად უზრუნველყოფილი. შეიძლება ვიღაცამ იცოდეს, რა უნდა, მაგრამ კონკრეტულად ის სფერო არ იყოს ფინანსურად მომგებიანი, რაც, თავის მხრივ, პრობლემებს იწვევს, ამიტომ ახალგაზრდა იძულებული ხდება, ისეთ ადგილას წავიდეს, სადაც, გარკვეულწილად, ის და მისი ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილია, მაგრამ თავისი იდეა და მომავლის სურვილები კვდება.
_ გასაგებია, რომ ეს სისტემური პრობლემაა, მაგრამ სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში გაიზარდა ქვეყნიდან წასული ახალგაზრდების რიცხვი, დარჩენილები კი წასვლაზე ვფიქრობთ, ამ პროცესს როგორ უყურებთ?
_ გარვეული დოზით გაიზარდა, რადგან „ქართული ოცნების“ დიდი პრობლემაა არაკვალიფიციური კადრების ხელშეწყობა, როგორც ახალგაზრდებში, ასევე უფროსებში. ახალგაზრდებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ პერიოდში უწევთ თავის დამკვიდრება. წინა ხელისუფლების დროს უფრო შესაძლებელი იყო საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა, რომ კვალიფიციური კადრები არ გადინებულიყვნენ, მაგრამ მაშინ ახალგაზრდა აბსოლუტური მორჩილი ხდებოდა სისტემის, შესაბამისად, ის ახალგაზრდები, რომლებსაც არ უნდოდათ ყოფილიყვნენ სისტემის მსახურები, იმ პერიოდშიც მიდიოდნენ ქვეყნიდან. უბრალოდ, დღეს ეს რიცხვი გაიზარდა, რადგან დღევანდელი ხელისუფფლების მიდგომა ნეპოტისტურია. ხელისუფლება საჯარო და კერძო სექტორში იმ ახალგაზრდებს ასაქმებს, რომლებიც მათი ერთგული იქნებიან, დანარჩენ ახალგაზრდებზე ისინი არ ზრუნავენ.
_ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები შემოჰყავდა, თუმცა ისინი „ოცნების“ რუპორები აღმოჩნდნენ. როგორ უნდა განახლდეს ქართული პოლიტიკური ველი რეალურად?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან „ქართული ოცნების“ 2016 წლის განახლების პროგრამა ფარსი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ უბრალოდ გამოაცხადა, რომ ახალი სახეები ჰყავდა, მაგრამ „ოცნებაში“ ახალგაზრდები ორი მიზეზის გამო მიდიან. პირველი: მათ აქვთ მატერიალური დაინტერესება და შედარებით უზრუნველყოფილი იქნებიან ამ პარტიის ფარგლებში მუშაობით; მეორე: ის, რომ „ოცნება“ მმართველი ძალაა და რაიმე სარგებელს ნახავენ. მოაზროვნე, კვალიფიციური ახალგაზრდები ფიზიკურად ვერ წავლენ „ქართულ ოცნებასთან“ იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს კვალიფიციური კადრები. შესაბამისად, ვერანაირი განახლება ამ პარტიაში ვერ იქნება. რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური სპექტრის განახლებას, ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყონ, როგორც უფროსებმა, ასევე ახალგაზრდებმა, პირველ რიგში თავად ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რა უნდათ და თავიანთ მოწოდებებში თავდაჯერებულები უნდა იყვნენ. ზოგადად, პოლიტიკური პარტიების პრობლემა საქართველოში არის ის, რომ მათ ახალგაზრდების სათავისოდ გამოყენების უფრო მეტი ინტერესი აქვთ, ვიდრე მათი განვითარების. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, პოლიტიკური საზოგადოება უნდა შეთანხმდეს, რომ ახალგაზრდებს მეტი განვითარების შესაძლებლობა მისცენ. „შენების მოძრაობაზე“ შემიძლია ვთქვა, რომ თუ ახალგაზრდა თავის იდეოლოგიაში დარწმუნებულია და პოლიტიკას, როგორც მატერიალური უზრუნველყოფის საშუალებას, არ უყურებს, ასეთ შემთხვევაში დაიმკვიდრებს ადგილს. ჩვენს პარტიაში უფროსები და ახალგაზრდები ერთმანეთისგან გამიჯნულები არ ვართ. ბევრ პარტიას აქვს ახალგაზრდული ორგანიზაციები, ეს უკვე ქართული პოლიტიკის მანკიერი პრაქტიკაა, ძირითადად, ეს ორგანიზაციები ასოცირდება გარემოსდაცვით პრობლემებზე გამართულ აქციებთან, სპორტის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებთან, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა განათლება, ეკონომიკა, თავდაცვა და ა. შ., ამ მხრივ ახალგაზრდებს ჩართულობის საშუალება არ ეძლევათ, რადგან ახალგაზრდების მხრიდანაც ნაკლები დაინტერესებაა და უფროსებსაც არ სურთ, რომ ისინი ამ საკითხებშიი გარკვეული იყვნენ. გამოსავალი არის ის, რომ ადრე თუ გვიან ახალგაზრდა პოლიტიკოსებსა და უფროს პოლიტიკოსებს შორის არსებული კედელი უნდა გაირღვეს. ბუნებრივი კანონზომიერებაა ისიც, რომ ახალგაზრდებს მოუწევთ გადმოიბარონ ქვეყანა, ოღონდ მათზე იქნება დამოკიდებული, ისინი გადაიბარებენ მახინჯ სისტემას, როგორიც დღეს არის, თუ გადაიბარებენ ქვეყანას, რომლის მართვის სურვილიც რეალურად ექნებათ და პრობლემებს აღმოფხვრიან. ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა გვინდა ამ სახელმწიფოსგან, _ გვინდა, ჩვენც უზურპატორები ვიყოთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მართავდეს ყველაფერს ქვეყანაში თუ გვინდა, რომ რეალურად სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობდნენ? თუ ახალგაზრდები იმ გადაწყვეტილებამდე მივედით, რომ არსებული სისტემა უნდა დაინგრეს და ჯანსაღი, ინსტიტუტებისგან შემდგარი სისტემა მივიღოთ, ამ შემთხვევაში პერსპექტივა გვექნება. ორი რამ აგვარებს ამ პრობლემას: უფროსებისგან იმის გაცნობიერება, რომ ახალგაზრდების დრო მოდის და მათ მისცენ შესაძლებლობა, ჯანსაღი სისტემა შექმნან; და მეორე _ ახალგაზრდების მზაობა ამ ყველაფრისთვის.
_ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაწყებულია, როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური მოცემულობის წინაშე ვდგავართ?
_ ქართულ პოლიტიკაში ჯადოსნური ფრაზაა: ერთ წრეზე ვტრიალებთ. „ქართული ოცნებაც“, საბოლოო ჯამში, ის მმართველი ძალა აღმოჩნდა, რომელიც ამავე წრეზე ტრიალებს, ითრევს ადამიანებს ამ წრეში და მეტის ჩათრევას ცდილობს. „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად შეეძლო ჯანსაღი ინსტიტუტების ჩამოყალიბება, მას შეეძლო, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო, თუმცა პრობლემის მოგვარების ნაცვლად „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების სამივე შტოში გააძლიერა აღმასრულებელი ხელისუფლების პოზიციები. დღეს ქართულ სასამართლოში სიმართლის პოვნა შეუძლებელია, ასეთი სასამართლო მივიღეთ „ოცნების“ პირობებში. მათი მმართველობის მეშვიდე წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკა ისევ მოუწესრიგებელია, ასევე ისევ ცენტრიდან იმართება თითქმის ყველა სფერო. ადგილობრივ დონეზე არ არის თვითმმართველობები გაძლიერებული, სამწუხაროდ, 12-დან 5 ქალაქამდე შევამცირეთ თვითმმართველობა. ცენტრალური ხელისუფლება აბსოლუტურად არ უწყობს ხელს ადგილობრივ დონეზე არსებული კვალიფიციური კადრების მუშაობას, პირიქით, ურჩევნია, თავისი რკინის ხელით მართოს რაიონები და რეგიონები. ანუ „ქართულმა ოცნებამ“ სისტემა გადაიბარა და უფრო მანკიერი გახადა ის. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „პატრიოტთა ალიანსი“ სიტუაციის პოლარიზებას ცდილობენ, რომ თითქოს თვითონ არიან კარგი და სხვები _ ცუდი. რეალურად, პარტიული პროგრამები, ჯანდაცვის, ეკონომიკის, დეცენტრალიზაციის კუთხით შეიძლება, ჩამოყალიბებულიც კი არ ჰქონდეთ. ღირსეული პოლიტიკური ძალა ვერ ჩამოყალიბდება, თუ ამომრჩეველს ძლიერ პოლიტიკურ პროგრამას არ აწვდის.
_ ამ შემთხვევაში პრობლემაა, რომ თავად ამომრჩეველი არ ინტერესდება საარჩევნო პროგრამით.
_ გეთანხმებით, პრობლემა ორმხრივია, მაგრამ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა აუცილებლად ეცდება, უფრო მეტად დააინტერესოს ამომრჩეველი თავისი პროგრამით. ძირითადად ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის წინააღმდეგ აწარმოებენ წინასაარჩევნო კამპანიას, ისინი საერთოდ არ ცდილობენ, ამომრჩეველი საარჩევნო პროგრამით დააინტერესონ.
_ რა არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „შენების მოძრაობის“ მთავარი ნიშა?
_ „შენების მოძრაობა“, პირველ რიგში, ამომრჩეველს კვალიფიკაციას სთავაზობს, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საარჩევნო პროგრამის კუთხით. ჩვენ გვერდით ვერ იხილავთ ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამა თუ იმ პერიოდში საზოგადოებას უარყოფითად შეუფასებია. ამომრჩეველი იხილავს გამოცდილ პოლიტიკოსებს და კვალიფიციურ პროგრამას, რაც მთავარია, იხილავს ახალგაზრდებისა და უფროსების პოლიტიკურ ტანდემს. ასევე ჩვენი მთავარი ნიშაა, რომ სხვა პოლიტიკურ პარტიებს პატივს ვცემთ. არ შეიძლება, წლების განმავლობაში სხვადასხვა პოლიტიკურ ძალაზე ვიძახოთ, რომ ისინი არიან ნაძირალები, მკვლელები და ა. შ. პირველ რიგში, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ.

ნენე ინჯგია