ტრანსგენდერი მაცაცო, „გმირი“ ბედუკაძე და ძალადობრივი სექსუალური აქტი?!

macaco

ცხოვრების სტილითა და საკუთარ განცხადებებში მეტისმეტად თავისუფალი და სკანდალური ქართველი ტრანსგენდერი, გიორგი ჩხარტიშვილი, იგივე „მაცაცო“, მორიგ ხმაურიან განცხადებებს აკეთებს. ამჯერად „ქრონიკა+“-ს მაცაცო იმ თემის გაგრძელებას სთავაზობს, თუ როგორ დაამყარა ვლადიმერ ბედუკაძემ მასთან ძალადობრივი ხასიათის სექსუალური კავშირი და რატომ აღმოჩნდა სწორედ ბედუკაძის „წყალობით“ აივ-ინფექციის მსხვერპლი?!. ქართველი ტრანსგენდერი დღეს უკვე უკვე სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა უფლებადამცველადაც გვევლინება და საკუთარ თავს გადამხდარ ისტორიებსაც დაუფარავად ჰყვება.

გიორგი ჩხარტიშვილი, „მაცაცო“:

_ მე განცხადება მაქვს დაწერილი ვლადიმერ ბედუკაძის მხრიდან ჩემ მიმართ სექსუალური ძალადობის განხორციელების ფაქტზე. ეს მოხდა ციხის ნომერ მერვე დაწესებულებაში. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიტყუებოდი, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია და რომ ეს მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გამოვედი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამიტომ მინდა, ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი წარმოგიდგინოთ. პირველი გახლავთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულების დირექტორის, ალექსანდრე ხუხუას მიერ 23.01.2013 წელს მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი განცხადება, რომელიც მე გავუგზავნე იმდროინდელ მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს. ამ განცხადებაში პირდაპირ და ძალიან ნათლად მიწერია: „მითითებული სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ჩემ მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტი განახორციელა „სადის“ მერვე დაწესებულების ამჟამად ყოფილმა თანამშრომელმა, ვლადიმერ ბედუკაძემ, რომელიც, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება“. ანუ ეს რას ნიშნავს? – ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, სადაც წერია, რომ ბედუკაძეს მე ვუჩიოდი არა მარტო მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედი და რაც ის ე. წ. ცნობადი სახე გახდა, არამედ მაშინ, როდესაც ვიჯექი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ეს განცხადება ვახტანგ ოქროპირიძის სახელით გავგზავნე სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებიდან. ამავდროულად, არჩილ კბილაშვილს ვწერდი: „გთხოვთ, დამრთოთ ნება, მივიღო მონაწილეობა ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ ამჟამად ინკრიმინირებული ბრალის სასამართლო განხილვაში“. ანუ ვითხოვდი სასამართლო პროცესზე მონაწილეობას, როგორც ერთ-ერთი დაზარალებული. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ რეალური შედეგი არ მიგვიღია, ისევე როგორც სხვა ფაქტებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმაზე, როდესაც მე მცემეს და გამიტაცეს… ამ ფაქტებთან დაკავშირებითაც, ჯერჯერობით, გამოძიება არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულად ვლადიმერ ბედუკაძის საქმეს: გამოძიებას ჰქონდა ყველა მტკიცებულება, ყველა მასალა იმისთვის, რომ ის მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ჩემ მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამო, თუმცა მთავარმა პროკურატურამ ეს საქმე არ გამოიძია, არ შეისწავლა მტკიცებულებები და არანაირი არსებითი სასჯელი ბედუკაძის მიმართ არ განახორციელა. ამავდროულად, ბედუკაძე არ ცნო დამნაშავედ და ბრალდებულად.

_ თუმცა შენი აღნიშნული განცხადების საფუძველზე მოკვლევა ხომ დაიწყო?

_ კი, ეს არის ანტიკორუფციულ საგამოძიებო ნაწილში წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ნომერია 0101310112801. მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ მთავარ პროკურატურას ჰქონდა ყველა მტკიცებულება, სადაც პირდაპირ ვეუბნებოდი, რომ ვლადიმერ ბედუკაძე არის ადამიანი, რომელმაც ჩემ მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის ძალადობა და, აქედან გამომდინარე, პირადად მე მოვითხოვდი, ამ ფაქტზე მოეხდინათ სათანადო რეაგირება. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმაც“ არაერთი წერილი გაგზავნა ამასთან დაკავშირებით, ელენა ფილიევა აქტიურად მონაწილეობს ამ საქმის შესწავლაში, მაგრამ იქაც, მათ მიერ გამოთხოვნილ დოკუმენტებშიც, ჩანს, რომ პროკურატურა არ რეაგირებს სათანადოდ ამ საქმეზე.

_ მაცაცო, კონკრეტულად რა მუხლით არის საქმე აღძრული?

_ 333-ე მუხლით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ხოლო კონკრეტულად ვლადიმერ ბედუკაძესთან მიმართებით ეს არის ამ საქმის ნაწილი. მაშინ, როდესაც ეს განცხადება მთავარ პროკურატურას გაეგზავნა, სახალხო დამცველი იყო გიორგი ტუღუში, მაგრამ რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ სწორედ არჩილ კბილაშვილის მიერ ბედუკაძისთვის მინიჭებული იმუნიტეტის ფარგლებში არ მოხდა ბედუკაძის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. თქვენ კარგად იცით, მისი ადვოკატი იყო ლალი აფციაური, ელზა ჯმუხაძე, რომლებიც, ამავდროულად, ძალიან კარგ დამოკიდებულებაში არიან საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორთან, ბატონ არჩილ კბილაშვილთან. ამიტომ შესაძლებელია, რომ ეს ახლობლური გარემოებები იქცა იმ მდგომარეობამდე მიყვანის საფუძვლად, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ახლა ვართ. საქმე ეხება კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის არასათანადო გამოძიებას.

რაც შეეხება მეორე ბრალდებას აივ-ინფექციასთან დაკავშირებით: როგორც იცით, ვარ აივ-ინფიცირებული, რომელიც მივიღე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ერთადერთი წყარო, რომლისგანაც შესაძლებელია, ეს დაავადება გადმომდებოდა, გახლავთ ვლადიმერ ბედუკაძე. მასთან მე მქონდა ძალადობრივი ხასიათის დაუცველი სექსუალური კავშირი. სხვა მსჯავრდადებულებთანაც მქონდა ასევე სექსუალური კავშირი და ელზა ჯმუხაძე აპელირებდა, რომ მე ვიყავი ე. წ. ლგბტ თემის წევრი, ციხეში დაბალი დონის ბოზი და ა. შ. ეს არის მტკნარი სიცრუე. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა ნებაყოფლობითი სექსუალური კავშირი, ოღონდ დამცავი საშუალებების გამოყენებით, რომელსაც დაწესებულების მთავარი ექიმი, ჟანა ფურცელაძე გვირიგებდა ლგბტ თემის ყველა წარმომადგენელს. ამავდროულად, მე-3, მე-14 დაწესებულებებში პერმანენტულად ვიტარებდი ანალიზებს და არასდროს მქონია აღმოჩენილი აივ-ინფექცია.

_ მაცაცო, ეს უკვე ძალიან სერიოზული ბრალდებაა. დავუშვათ, რომ ბედუკაძეც არის დაავადებული აივ-ინფექიით, ასეთ შემთხვევაშიც კი, როგორ შეძლებ დააკავშირო ეს ფაქტი შენს დაინფიცირებასთან, რომ მაინცდამაინც მისგან დაავადდი?

_ სწორედ ეგ არის მთავარი: საქართველოს პროკურატურას მე არაერთხელ მივმართე მედიასაშუალებებით და ამ საქმის გამოძიება მოვუწოდე. თუკი, ვთქვათ, ჩატარდება გამოძიება, არსებობს დნმ-ისა და სხვა სახის ანალიზები, რომლითაც შესაძლებელია, მოხდეს წყაროს იდენტიფიცირება. თუკი ვლადიმერ ბედუკაძეს აღმოაჩნდება აივ-ინფექცია, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, მასაც არაერთხელ უსაუბრია ამის შესახებ ჩემთან… როდესაც იგი მსახურობდა მე-8 დაწესებულებაში, „მალალეტკებში“ სექსუალური კავშირი დაამყარა არასრულწლოვან მსჯავრდადებულებთან, რომლებშიც გაავრცელა აივ-ინფექციის ეპიდემია. საკითხი მარტივად დგას: მე აივ-ინფექცია „ავიკიდე“ ბედუკაძისგან და ამასთან დაკავშირებით ვითხოვ გამოძიებას, რომელიც ამ დრომდე არ მიმდინარეობს!

_ აღნიშნულ საკითხზე დაგკითხეს?

_ არც არავის დავუკითხივარ და არც არანაირი მოკვლევა ჩატარებულა. მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ეს არის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. სწორედ „ქართული ოცნება“ უწყობს ვლადიმერ ბედუკაძეს ხელს საქმიანობაში! ადამიანი, რომელიც მასობრივად მონაწილეობდა ხალხის წამებასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, სწორედ „ქართული ოცნების“ მეშვეობით დღეს თავისუფალია და ეროვნულ გმირად მოგვევლინა. არადა, ის იგივე სახის დამნაშავეა, როგორებიც არიან, მაგალითად, გაგა მკურნალიძე, ალექსანდრე მუხაძე და ა. შ. სწორედ ამიტომ მოგმართეთ თქვენ, ვითხოვ დახმარებას, რომ მთავარმა პროკურატურამ შეისწავლოს ეს კონკრეტული ფაქტები, შეისწავლოს ჩემი ეჭვი, რომ მე აივ-ინფექცია „ავიკიდე“ ვლადიმერ ბედუკაძისგან და დაისაჯოს ის ამისთვის, რადგან შესაძლოა, მან შეგნებულად მოახდინა ჩემი დაინფიცირება, მან იცოდა თავისი სტატუსის შესახებ და ჩემთან დაამყარა სექსუალური კავშირი დამცავი საშუალებების გამოყენების გარეშე. დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა უშედეგოდ. ორი წელი გავიდა უკვე და შესაბამისი რეაგირებები და ზომები, ჯერჯერობით, ისევ არ გატარებულა.

_ მაცაცო, გაქვს იმის დამადასტურებელი დოკუმენტები თუ ანალიზების პასუხები, რომ შენ „სუფთა“ იყავი ციხეში მოხვედრამდე?

_ როგორც იცით, გრიფი „საიდუმლო“ ადევს პირად საქმეს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია. შესაბამისად, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არ მაქვს წვდომა პირად საქმეზე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს და ველოდები მოსამართლის განჩინებას, რომლის მიხედვითაც მომეცემა საშუალება, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოვითხოვო ჩემი პირადი საქმე და როცა მომივა ეს საქმე, იქ იქნება მასალები. ვინაიდან პირადად მე ვიტარებდი ანალიზებს, მომდიოდა ფურცლები, სადაც ეწერა, რომ მე არ ვიყავი აივ-ინფიცირებული. შესაბამისად, გლდანის მე-8 დაწესებულებაში შესახლებამდე ვიყავი „სუფთა“, ხოლო მას შემდგომ, როცა ვიტარებდი აივ-იფექციაზე ანალიზს, არასდროს არ მაძლევდნენ პასუხს, რაც ჩემთვის დამაეჭვებელი იყო. როდესაც უკვე სხვა დაწესებულებაში გადამიყვანეს, დავიწყე საჩივრების წერა ბედუკაძის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ ადმინისტრაცია მიზანმიმართულად მალავდა ჩემი დაინფიცირების ფაქტს.

_ რატომ უნდა დაემალა ციხის ადმინისტრაციას მიზანმიმართულად ეგ ამბავი?

_ ალბათ იმიტომ, რომ ხელი დაეფარებინათ მათი თანამშრომლისთვის, ანუ, კონკრეტულად, ბედუკაძისთვის, რომელიც გაგა მკურნალიძის, ოლეგ ფაცაციასა და ალექსანდრე მუხაძის საკმაოდ კარგი მეგობარი იყო.

_ ბოლო პერიოდში თუ გქონია ლადო ბედუკაძესთან რამე სახის კონტაქტი?

_ რამდენიმე თვის წინ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შევხვდით ერთმანეთს, სამხედრო ფორმაში იყო ჩაცმული. ამის შემდგომ ჩვენ კონტაქტი არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ფეისბუქზე რამდენჯერმე მიმოწერა გვქონდა. ეს იყო და ეს. არანაირი სურვილი არ მაქვს, მოძალადე ადამიანებთან ურთიერთობის და დღეს უკვე ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა, ეს ფაქტები დეტალური გამოიძიონ. სხვათა შორის, როდესაც განცხადება დავწერე მთავარი პროკურატურისთვის, ასევე წერილობით მივმართე, დაეცვათ ჩემი უსაფრთხოება. მე-8 დაწესებულებაში ყოფნის დროს ჩემთან შემოვიდა პროკურორი და იძულებული ვიყავი, უარი მეთქვა ამ საქმის გამოძიებაზე. როდესაც მე-12 დაწესებულებაში გადავედი, მაშინვე დავიწყე განცხადებების წერა, მაქვს 29.11.2012 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც მაშინ გავაგზავნე. აქ მაქვს ასევე წერილი, რომელიც სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების დირექტორს, არსენ ხუხუას გაეგზავნა, სადაც წერია: „შესაბამისი რეაგირებისთვის გეგზავნებათ მსჯავრდადებულ ვახტანგ ოქროპირიძის განცხადება, რომელშიც განმცხადებელი მიუთითებს, რომ თქვენდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე. გთხოვთ, უზრუნველყოთ შესაბამისი ზომების მიღება“. უკვე გავიდა გონივრული ვადა, რომ გამოძიებას საბოლოო ან საბოლოოსთან მიახლოებული შედეგი დაედო, მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ არის.

 

                                                                               ნინო ლაბარტყავა