რომან გოცირიძე: „ჰაერში ცვლილებების სუნი ტრიალებს“

ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის პარალელურად, ლარის გაუფასურება არის ის თემა, რაც გასული კვირების განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო და დღემდე ჩნდება კითხვები ეროვნული ვალუტის გაუფასურების კვალდაკვალ.

რამდენად შესაძლებელია, აღნიშნული კრიზისული ვითარების დაძლევა? აქვს თუ არა ხელისუფლებას ამის რესურსი? როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი? უნდა ველოდოთ თუ არა ფასების ზრდას და როგორია მთავარი ოპოზიციური ძალის დამოკიდებულება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით?
ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე „ქრონიკა+“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძეს ესაუბრა:

_ ბატონო რომან, ლარმა გაუფასურების რეკორდი მოხსნა, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამ ფაქტს დღემდე 20 ივნისის მოვლენებსა და ოპოზიციას აბრალებენ. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტორები და რეალურად რა ახდენს ლარის გაუფასურებაზე ზეგავლენას?
_ ლარის პრობლემა არ დაწყებულა არც ერთი თვის და არც ერთი წლის წინ. ლარი, ფაქტობრივად, ხელისუფლების მოსვლისთანავე გახდა პრობლემური, ვინაიდან ის ნაბიჯები, რასაც ხელისუფლება დგამდა, თანდათანობით ძირს უთხრიდა ლარის სტაბილურობას. უკვე 7 წლის თავზე ყველა იმ არასწორმა ნაბიჯმა, რასაც მთავრობა აკეთებდა და ასევე ეროვნული ბანკის შეცდომებმა, ფაქტობრივად, მიგვიყვანა იქამდე, რომ ლარის კურსმა კატასტროფულ ნიშანს მიაღწია, რადგან 1 დოლარი 3 ლართან, ეს კურსი სიზმარშიც კი არ დაესიზმრებოდა არც ერთ ადამიანს, არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, მათ შორის, მათაც კი, რომლებიც ყოველთვის აფრთხილებდნენ ხალხს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ იქნებოდა, არც ეკონომიკური ზრდა და არც სხვა რაიმე სიკეთე. თუმცა მდგომარეობა ამ ზომამდე თუ მივიდოდა, ამის წარმოდგენა ძალიან რთული იყო. რეალურად, ლარი გააუფასურა მთავრობისა და ეროვნული ბანკის არასწორმა პოლიტიკამ. ის, რაც მათ ამ 7 წლის განმავლობაში გააფუჭეს, 7 დღეში ვერ გამოასწორებენ. დღეს ლართან მიმართებით აუცილებელია შოკური ზომების გატარება, რათა მთლიანად არ ჩამოიშალოს და იმ ინტერვალში იმოძრაოს, რომელიც არ დააზიანებს ბიზნესს, მაგრამ ლარის სრული გაჯანსაღება შეუძლებელია იმ საფინანსო-ეკონომიკურ პირობებში, რომელიც დღეს ჩამოყალიბდა. ეს არის, პირველ რიგში, რეგულაციებზე აქცენტის გადატანა, უამრავი სახელმწიფო დაწესებულების შექმნა, ბიუროკრატიის კატასტროფული ზრდა, უსარგებლო ხარჯები ბიუჯეტში, მათ შორის, პრემიები, ასევე ასეულობით ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნა მუნიციპალურ თუ ცენტრალურ დონეზე, ბიუჯეტში დიდძალი კორუფციული ხარჯის არსებობა, ბიუჯეტიდან საქმის გასაკეთებლად გამოყოფილი ფულის გაბერვა. მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 7 წლის განმავლობაში დახარჯა 7 მილიარდ ლარზე მეტი. ის სამუშაო, რაც სამინისტრომ 7 მილიარდ ლარად შეასრულა, ეს საქმე შეიძლებოდა, ვთქვათ, 5 მილიარდ-ნახევარ ლარად გაკეთებულიყო. ეს მილიარდ-ნახევარი სადღაც საბიუჯეტო არხებიდან ვიღაცის ჯიბეში გადაედინებოდა. ასევე თავად ბიუჯეტიდან ფულის ხარჯვის პროცესია პრობლემური, როდესაც ბიუჯეტი იხარჯებოდა არათანაბარზომიერად, როცა ხარჯვის მნიშვნელოვანი ნაწილი წლის ბოლო 2-3 თვეზე მოდის. ამის ორ უმარტივეს მაგალითს მოგიყვანთ. შარშან ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ ბიუჯეტის შეუსრულებლობა უარყოფით გავლენას მოახდენდა ლარის კურსზე. წლის განმავლობაში ნაგროვებ თანხებს, რომელიც არ იხარჯებოდა თანაბარზომიერად, შემდეგ დეკემბერში მიაყრიდნენ. შეუძლებელი იყო დეკემბრის ბოლო დღეეებში რამდენიმე მილიარდი ლარი ათვისებულიყო. ბუნებრივია, ეს თანხა არც იანვარში იქნებოდა ათვისებული და არც თებერვალში. შარშან ინფრასტუქტურის სამინისტრომ 1.58 მილიარდი ლარი დახარჯა, აქედან დეკემბერში მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ათვისებულ იქნა 658 მილიონი ლარი, ანუ მთელი წლიური გეგმის, 41,5%, ე. ი. ერთ თვეში ვითომ აითვისეს თანხა, სინამდვილეში ეს ფული ჩაერიცხა მხარჯავ კომპანიებს და ამ ფულის ათვისება-ხარჯვა დაიწყო მოგვიანებით, მაისის, ივნისის, ივლისის თვეებში. ამ პერიოდში დაიწყო ათვისება 2019 წლის ბიუჯეტის ანალოგიური ხარჯების. სინამდვილეში გამოვიდა, რომ ორი წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი იმის ნაცვლად, რომ დახარჯულიყო თანაბარზომიერად 24 თვის განმავლობაში, იხარჯება ახლაც, ზაფხულის თვეებში, მაშინ, როცა უფრო ცხელი დღეებია და სამუშაოების წარმოება უფრო მოსახერხებელია. ამასთანავე, წლის განმავლობაში დაგროვილი ჩამორჩენები, ჩაუტარებელი ტენდერები და ეს ყველაფერი, შარშანდელი და წლევანდელი ნაგროვები ფული, ერთბაშად ზვავივით თავს დაეცა, სხვა მოთხოვნა განაპირობა უცხოურ ვალუტაზე, ვინაიდან მშენებლობის პროცესში ფულის დიდი ნაწილი გადის საზღვარგარეთ, ანუ ეს თანხა, რომელიც ავანსის სახით გადაირიცხა, სავალუტო ბაზარს დააწვა. მას შემდეგ, რაც ბიუჯეტიდან თანხები ვერ აითვისეს, მათ შორის, მუნიციპალური თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული დიდი პროექტებიდან, მთავრობა დეკემბრის ბოლოს მოდის პარლამენტში და ამბობს, რომ ფული დაგვრჩაო. იმ შემთხვევაში, თუ ეს ფული სწორად დაიხარჯებოდა, ეკონომიკაზეც და ლარზეც სხვანაირ გავლენას მოახდენდა. ეს დარჩენილი ფული შეიძლებოდა რეგიონებზე გადანაწილებულიყო, სადაც უამრავი პრობლემაა და მათ მოგვარებას მოხმარებოდა, მაგრამ უცებ გამოჩნდა თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ ეს ფული მას უნდა. მან თავისი პოლიტიკური წონით 160 მილიონი ლარი წაიღო ამ აუთვისებელი, „ნარჩენი“ ფულიდან, რომელიც დაახლოებით, 60 მილიონი დოლარია, ეს ფული მან წაიღო ავტობუსების შესასყიდად. ახლა ვიღაც იტყვის, ავტობუსები ვჭამოთო? მაგრამ ისეთიც გამოჩნდება, ვინც იტყვის, _ კი, მაგრამ, თბილისში არ გვინდა კომფორტული მგზავრობა. ამ ავტობუსების ყიდვა ბიუჯეტით დაგეგმილი არ ყოფილა, შეიძლებოდა, მომავალ წელს ყოფილიყო ბიუჯეტით გაწერილიო.
_ თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ არც რეგიონების პრობლემების მოგვარება იქნებოდა დაგეგმილი. ის, რომ თბილისში ავტობუსების შეძენას მოხმარდებოდა ეს ფული, რა კუთხით აისახებოდა უარყოფითად?
_ ადგილობრივ საქონელში დახარჯული ფული რჩება აქ და ეს ფული ლარს არ აწვება, ვინაიდან იმპორტისთვის ვალუტის შეძენა არ არის საჭირო. ავტობუსების ჩამოყვანის შემთხვევაში კი ეს ფული 100%-ით უცხოეთში გადის. ეს ფული რომელიღაც გამარჯვებულ კომპანიას ჩაერიცხა, რომელმაც შეუკვეთა ავტობუსები და უცებ სავალუტო ბაზარზე 60 მილიონი დოლარის მოთხოვნა გაჩნდა. როდესაც „ბანკი რესპუბლიკა“ გაიყიდა, ამ ბანკის შესაძენად „თიბისის ბანკს“ დასჭირდა დამატებით, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარის შეძენა ბაზარზე, სავალუტო ბირჟაზე. საქართველოში თვეში სავალუტო ბირჟაზე, მხოლოდ ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით, დაახლოებით, 100 მილიონ დოლარზე ხდება გარიგება, ყველა ბანკი ერთად ვაჭრობს ბლუმბერგის პლატფორმით ამ ოდენობის ვალუტით. უცებ „თიბისი ბანკს“ დამატებითი 100 მილიონი დასჭირდა. მას რომ დაეწყო ბაზარზე ამ თანხის შესყიდვა და ამ დროს სხვადასხვა არხიდან სავალუტო ბაზარზე არ ყოფილიყო დამატებითი მიწოდება, ლარის კურსი მკვეთრად დაეცემოდა. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნულმა ბანკმა იცოდა და, შესაბამისად, ინტერვენციები განახორციელა. სპეციალურად „თიბისი ბანკისთვის“ დაიწყო დოლარის გაყიდვა. ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე გამოჰქონდა ფული, რადგან იცოდა, რომ ამას „თიბისი ბანკი“ იყიდიდა თავისი ვალდებულების გასასტუმრებლად. რეალურად, ეროვნულმა ბანკმა თავისი ინტერვენციებით, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი დაუზოგა „თიბისი ბანკს“, მაგრამ ეს რომ არ გაკეთებულიყო, ლარის კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდებოდა. ერთი მხრივ, არ არის კარგი, როცა ერთი კომპანიისთვის აკეთებენ შეღავათს, შერჩევითი ქმედებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ვითარება ისეთია, რომ საქართველოდან უცხოელს 300 მილიონი გააქვს, რაც, ბუნებრივია, კაპიტალის გატანაა, ასეთი რამ ამ მასშტაბით ძალიან იშვიათად ხდება. თუ „თიბისი ბანკს“ 100 მილიონი სჭირდებოდა, ავტობუსების შემოყვანას ხომ 60 მილიონი დასჭირდა? მისი შეძენისას ეროვნულ ბანკს ხომ მსგავსი ქმედებისთვის არ მიუმართავს? ვერც მოახდენს ყოველთვის ანალოგიურ რეაგირებას. ეს მთავრობის უსიამოვნო „საჩუქარი“ იყო ეროვნული ბანკისთვის და სასიამოვნო _ ქალაქისთვის. უცებ ქალაქისთვის ციდან ჩამოცვენილმა სიკეთემ ბაზარზე დამატებითი მოთხოვნა წარმოშვა და ბუნებრივია, ლარის კურსს დააწვა. ფაქტია, რომ უამრავი მსგავსი შემთხვევაა, როდესაც ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები გავლენას ახდენს ლარის გაუფასურებაზე. რაც შეეხება კიდევ ერთ, „ტექნიკურ“ ნაწილს _ ბიუჯეტში ფული გადასახადებიდან შემოდის, ასევე შიდა ვალის აღების სახით. მთავრობა სახაზინო ვალდებულებებს ყიდის. როდესაც რაღაც გეგმებს მხარჯავი სტრუქტურა ვერ ასრულებს, ეს ფული ნაშთის სახით ილექება ხაზინის ანგარიშზე. მათ გადაწყვიტეს, ეს ფული კომერციულ ბანკებს მიასესხონ, რამდენიმეთვიან დეპოზიტებზე დებენ და იქიდან კომერციული ბანკი პროცენტებს ურიცხავს.
_ მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, _ რატომ უნდა იყოს მკვდარი ფული, როცა მთავრობას შეუძლია, ამ ფულით სარგებელი ნახოს, რა რისკებს შეიცავს დალექილი თანხის დეპოზიტებზე დადება?
_ ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დააკვირდნენ, რა ხდება სავალუტო ბირჟაზე. ეს ფული აუცილებლად წავა კრედიტების სახით, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოშობს ჭარბი ფულის მასას, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ლარზე. ეს ყველაფერი შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. თუ მთავრობა იღებს ვალს, ამ ფულს ვერ ხარჯავს და ამ ვალში ხომ უზარმაზარ პროცენტს იხდი, მაშინ რატომ იღებს წინსწრებად ამ ვალს, თუ იცის, ხედავს, რომ, მაგალითად, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ თანხას ვერ დახარჯავს. ახლა, როცა ლარი კატასტროფულად უფასურდებოდა, 23 ივლისს, ნაცვლად იმისა, რომ პაუზა გაეკეთებინა ფინანსთა სამინისტროს, 100 მილიონი ლარი ასესხა კომერციულ ბანკს 30 ივლისს, როდესაც პიკს მიაღწია ლარის გაუფასურებამ და 1 აგვისტოს ეროვნული ბანკი იძულებული გახდა, ინტერვენციები განეხორციელებინა, 40 მილიონი გამოიტანა და მხოლოდ 33 მილიონი გაიყიდა. მაშინაც კი ფინანსთა სამინისტრომ კიდევ 100 მილიონი ლარი ასესხა ერთთვიანი დეპოზიტის სახით კომერციულ ბანკებს. ასეთ მძიმე პერიოდში რა აუცილებლობა იყო იმისა, რომ სამინისტროს ამ რაოდენობის თანხა მიეწოდებინა კომერციული ბანკებისთვის?! ეს აბსოლუტურად გაურკვეველიაა. პაუზა უნდა გაეკეთებინათ, ამოდგომოდნენ გვერდით ეროვნულ ბანკს. მეორე მხრივ, თავად ეროვნული ბანკი ცოდავს, _ შარშანაც, როდესაც ლარის გამყარების ტენდენცია გამოჩნდა, ეროვნულმა ბანკმა ინტენსიურად დაიწყო უცხოური ვალუტის შესყიდვა. მოტივი ასეთი იყო, ნაკლები რეზერვები გვაქვს და ლარი მყარდება, ამიტომ რეზერვების დაგროვების შანსი გვაქვსო. როგორც კი რეზერვების დაგროვება დაიწყეს, იმავე წუთს ლარმა გაუფასურება დაიწყო. იგივე მოხდა წელსაც, როგორც კი, ლარის გამყარების პირველი ნიშნები გაჩნდა, ეროვნული ბანკი ქორივით დაეცა სავალუტო ბაზარს და 10 მილიონი დოლარი იყიდა, მეორე დღესაც აგრძელებდა ლარი გამყარებას, ამ დღესაც ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი დოლარი იყიდა და ამით მორჩა მისი გამყარების ისტორია. ამით მისცა სიგნალი ბაზარს, რომ საქართველოში არ არის თავისუფლად მცურავი კურსი და ლარის კურსი არ არის მნიშვნელოვანი ეროვნული ბანკისთვის, რომ პრიორიტეტულია უცხოური ვალუტის რეზერვების დაგროვება. ვნახეთ აგერ, რომ რაც დააგროვა, ანუ დააკლო ბაზარს, იძულებული გახდა, რომ ისევ უკან დაებრუნებინა. ასეთი ტენდენცია გამოიკვეთა: თუ საქართველოში ლარი გაუფასურდება, ეროვნული ბანკი ხელს არ გაანძრევს, ლარი იცურავებს მანამ, სანამ არ დაიხრჩობა, მაგრამ თუ ლარი გამყარების მიმართულებით დაიწყებს ცურვას, მაშინ ეროვნული ბანკი ხელს შეუშლის. ამიტომ, ბიზნესმა თავისი გეგმა ასე ააწყო: ლარი არ გამყარდება და გამყარების ტენდენციისკენ მიმავალ ლარს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსების მიზნით აუცილებლად დაასუსტებს. ეროვნულ ბანკს არასწორად აქვს დასახული პრიორიტეტები. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად ერთი და იგივე შეცდომა მოსდიოდა, ეგონა, რომ ლარი სტაბილურია და ამსუბუქებდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს სესხებს აძლევდა ნაკლები პროცენტით (რეფინანსირების დაბალი განაკვეთით), ის პროცენტი, რითაც ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკები იღებდნენ სესხს მცირდებოდა. ამით თითქოს სტიმულს აძლევდა ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში სესხის აღებას და ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ ეროვნული ბანკის საქმე ეკონომიკურ ზრდაზე ზრუნვა არ არის, ეს მთავრობის საქმეა. ეროვნული ბანკის საქმე კი ფასებისა და ირიბად ლარის სტაბილურობაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფასებზე. ამას ემატებოდა ისიც, რომ ეროვნული ბანკი ხელგაშლილად არიგებდა რეფინანსირების სესხებს. ერთი პერიოდი რეფინანსირების სესხები მცირე იყო _ 400-500 მილიონი, ამ წუთას ეროვნული ბანკის მიერ გაცემული 7-დღიანი რეფინანსირების სესხები არის 1.5 მილიარდი ლარი და ერთთვიანი სესხები 4000 მილიონი ლარი, ანუ თითქმის 2 მილიარდი ლარი. ლარის ამ უმძიმესი მდგომარეობის პირობებში ეროვნულ ბანკს გაცემული აქვს უზარმაზარი თანხები კომერციული ბანკებისთვის.
_ სავალუტო პოლიტიკის წარმოებაში რეფინანსირების სესხებს თავისი დადებითი მხარე აქვს, ვგულისხმობ ეკონომიკურ ზრდას, შესაბამისად, სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ეროვნული ბანკის აღნიშნული ქმედებები, ამაზე რას იტყვით?
_ დღეს, როდესაც ქვეყანაში მთავარი ამოცანა ფასების შეკავება და ლარის სტაბილურობაა, დანარჩენი ის სიკეთეები, რასაც თუნდაც რეფინანსირების სესხებს მოსდევს ეკონომიკური ზრდის კუთხით ან კომერციული ბანკების დაკრედიტების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, უკვე გადადის მეორე პლანზე; ასევე გამოცხადებული ლარიზაციის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებდა მთავრობა და ეროვნული ბანკი, რომ ადამიანებმა და კომერციულმა სტრუქტურებმა საკუთარი დანაზოგი მაინცდამაინც ლარში უნდა შეიტანონ და არა დოლარში. ადამიანი, რომელსაც ხელში ლარი უჭირავს და ხედავს, რომ ეს ლარი შარშან იყო 2 და დღეს უკვე 3.00-ია, ის თავის თანხას რატომ შეიტანს ლარში? როგორც არ უნდა იყოს ლარში დარიცხული წლიური 10%, დოლართან მიმართებით, გაუფასურების დანაკარგს ვერ ფარავს, ამიტომ იძულებული ხდება, ასეთ ვითარებაში წავიდეს და დოლარი იყიდოს.
თქვენ მუშაობთ გაზეთში, მაგალითად, თქვენს გაზეთს დასჭირდა სტამბა, რომელიც ღირს 50 000 დოლარი, თქვენ უნდა აიღოთ სესხი 150 000 ლარი, შემდეგ უნდა იყიდოთ დოლარი, ამ კონვერტაციაში კი დაკარგავთ ფულს, შემდეგ კი თუ რამე მოულოდნელი სწრაფი ვარდნა მოხდა, როგორიც ახლა, ლარის გაუფასურების გამო, თქვენ მიერ აღებული სესხით იმდენი დოლარი შეიძლება ვერც კი იყიდოთ, რომელიც ამ სტამბის შესაძენად გჭირდებათ. ამიტომ რატომ უკრძალავენ ადამიანებს აიღონ იმ სახის სესხი, რომელიც კონკრეტულად მათი ბიზნესისთვის არის მოსახერხებელი? ე. ი. ამ დარეგულირებულ საფინანო სისტემაში, მათ შორის, ეროვნული ბანკის უხეში ჩარევებით ფულის მასის კონტროლში, ლარი, ფაქტობრივად, არტახებშია, ეროვნული ბანკი კი თავისუფალი მცურავი კურსის იმიტაციას თამაშობს.
_ თქვენ ვრცლად ისაუბრეთ ლარის გაუფასურების მიზეზებზე, თუმცა არ გიხსენებიათ 20-21 ივნისის მოვლენები. როგორ აისახება პოლიტიკური პროცესები ლარის კურსზე?
_ ხელისუფლების მიერ ლარის გაუფასურების ახსნის ევოლუცია ასეთია: პირველი გაუფასურებისას ეს ექსპერტებს დააბრალეს: პანიკას ქმნიანო; შემდეგ დააბრალეს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, „რუსთავი 2-ს“; ამან რომ არ გაჭრა თქვეს, რომ საგარეო ფაქტორების ბრალიაო; ამის შემდეგ ამბობდნენ, თურქული ლირის გაუფასურება ახდენს ზეგავლენასო. ამ 7 წლის განმავლობაში მუდმივად ამბობდნენ ორ რამეს: საგარეო ფაქტორები და მოლოდინები. შეუძლებელია, 7-წლიანი მოლოდინი არსებობდეს. არასდროს არ ხსნიდნენ არც ხელისუფლების წარმომადგენლები და არც ექსპერტები, რას ნიშნავს ამ მოლოდინების რაოდენობრივი გამოხატულება. მაგალითად, თქვენ გაქვთ 10 000 ლარი და ელით, რომ ლარი გაგიუფასურდებათ, ამ შემთხვევაში წახვალთ და იყიდით დოლარს, თქვენ 10 000 ლარით 3,300 დოლარი შეიძინეთ, თქვენს ბალანსზე თუკი გუშინ იყო 10 000 ლარი, დღეს თქვენს საოჯახო-საფინანსო ბალანსზე 3,300 დოლარი გაქვთ, ანუ თქვენმა მოლოდინმა განიცადა ფიზიკური ტრანსფორმაცია, ერთი სახეობის ფული მეორე სახეობის ფულად გადაიქცა. მოლოდინი ნიშნავს, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მეტი დოლარი შეიძინონ და დოლარები დეპოზიტებში გაიზარდოს, ამიტომ მოლოდინი ფუჭი სიყვა არ არის, მას უკან ახლავს შესაბამისი მონეტარული ცვლილებები, რომელსაც მონეტარული აგრეგატები ჰქვია. როდესაც 7 წელი ამბობენ მოლოდინს და რეალურად ერთხელაც არ მოუყვანიათ მოლოდინის დასაბუთების მარტივი რაოდენობრივი მაგალითი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ან არაპროფესიონალიზმი, ან _ დემაგოგია. მოლოდინებს დიდი როლი აქვს, მისი უგულებელყოფა არ შეიძლება და მისი მართვა საკმაოდ რთული საქმეა, მაგრამ ყველაფრის მოლოდინებით ახსნა და თუთიყუშივით ერთისა და იმავეს გამეორება უკვე კომიკურ ხასიათს იძენს. ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ორ მიზეზს ასახელებს _ საგარეო ფაქტორსა და მოლოდინს. საგარეო ფაქტორის დასახელება ნიშნავს ფატალიზმს, ანუ რა მათი ბრალია, თუ ლარი უფასურდება? სხვაზე ვყოფილვართ დამოკიდებული, ამიტომ თურმე ბედს უნდა მივენდოთ. მეორე კი ყბადაღებული მოლოდინია. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ ადამიანები არიან უტვინოები მათი გადმოსახედიდან. მოლოდინის მიზეზად დასახელებით პირდაპირ ადანაშაულებენ მოსახლეობას. ახლა უკვე ისევ გაცოცხლდა ოპოზიციაზე გადაბრალების თემა. 20 ივნისს ოპოზიცია ქუჩაში რომ გამოვიდა, თურმე, ამან გააუფასურა ლარი, მაგრამ ამავე ქუჩაში წინა ხელისუფლების დროს 3 თვის განმავლობაში იდგა საკნები, მკვდარი იყო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, მაგრამ ლარი მყარდებოდა. რომ ამბობდნენ, რუსეთმა ტურისტული მიმოსვლა შეზღუდა და ამიტომაც ეს იყო გაუფასურების მიზეზიო, მე პირადად ვიყავი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 2006 წელს, როდესაც იანვარში რუსეთმა სპეციალურად ააფეთქა გაზსადენი ჩრდილოეთ კავკასიაში, იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა დაენგრია. გაიყინა ქვეყანა. ასევე მარტში ემბარგო დაიწყო ღვინოზე, მინერალურ წყლებზე, სურსათზე, შეწყდა ფრენები, ერთი თვის შემდეგ ლარი გაუფასურების ნაცვლად, გამყარდა. ლარი გამყარდა სწორი ფულად საკრედიტო და ეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე. ჩემი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს, როდესაც ლარი იყო 2.20 და ჩამოვიდა 1.44-მდე, „მრეწველებმა“ პარლამენტში ობსტრუქცია მოაწყვეს, რომ მე უნდა გადავმდგარიყავი ჩემი თანამდებობიდან ლარის გამყარების გამო. ქვეყანაში ემბგარგოსა და რუსული ზეწოლის მიუხედავად იყო ე. წ. ჰოლანდიური სინდრომი, ანუ უცხოური ვალუტის დიდი ოდენობით შემოდინება ინვესტიციების ზრდისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის გამო. ჰოლანდიელებმა ნავთობისა და გაზის მარაგი საკუთარ ზღვაში აღმოაჩინეს, დაიწყეს გაყიდვები, შემოუვიდათ მრავალი მილიარდი ოდენობის დოლარი, რამაც ჰოლანდიური ვალუტის მნიშვნელოვანი გამყარება გამოიწვია, ამან კი დაარტყა მათ საექსპორტო დარგებს და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მათ ეკონომიკას. ეკონომიკაში ის სიკეთე, რომელიც ნავთობისა და გაზის სახით გაჩნდა, ბოროტებად გადაიქცია. მაშინ გაჩნდა ეს ტერმინი ეკონომიკაში. ჩვენთან მაშინ იმდენი უცხოური ვალუტა შემოდიოდა, რომ ერთადერთი ჩემი ოცნება იყო, ლარი არ გამყარებულიყო და ინვესტიციები ერთბაშად არ შემოსულიყო. ყველა გამყარება იყო ტერორი ჩემ მიმართ. თანაც სწრაფი გამყარების თავიდან ასაცილებლად გვიწევდა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დოლარების შეძენა, ანუ ლარის ინტერვენცია, რაც ქმნიდა ფასების ზრდის სერიოზულ რისკს. ანუ დიდმა სიკეთემ დიდი თავსატეხი გაგვიჩინა. რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, მაისში 155 მილიონი დოლარი შეიძინეს კომერციულმა სუბიექტებმა სავალუტო ბაზარზე, ივნისში 145 მილიონი დოლარი, ანუ დოლარზე დიდი მოთხოვნა გაჩნდა და ასევ დიდი რაოდენობის ლარის მიწოდება მოხდა, ძირითადად, საბიუჯეტო არხებიდან, ამიტომ ლარი გააუფასურა ლარმა. უცხოური ვალუტის ნაკლებობის გამო კი არ გაუფასურდა ლარი, ლარი გაუფასურდა ლარის ჭარბი მიწოდების გამო.
_ მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები განახორციელა, ლარმა გამყარება დაიწყო. რა როლს თამაშობს ინტერვენციები და რა გზით შეიძლება დასტაბილურდეს ლარის კურსი?
_ ჩვენ პირდაპირ მოვუწოდეთ ეროვნულ ბანკს, რომ მისი ხელმძღვანელობა უნდა გადამდგარიყო, თუ ინტერვენციებს არ დაიწყებდა. დაიწყო ინტერვენცია და ლარს ამოსუნთქვის საშუალება მიეცა. ამ შემთხვევაში ინტერვენციამ მყიფე ღუზის როლი ითამაშა, თუმცა დიდი შტორმის დროს შესაძლოა, ღუზა მოწყდეს, ამიტომ სხვა ფორმის დახმარებაცაა საჭირო. ეროვნულმა ბანკმა კი არაფერი გააკეთა, გარდა იმისა, რომ ერთხელ გამოიტანა 40 მილიონი, ბაზარმა კი მხოლოდ 33 მილიონი იყიდა. ამის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. შეუძლებელია, ლარი მხოლოდ ინტერვენციებით იყოს სტაბილური. ადამიანს როდესაც ფეხი მოტყდება, საჭიროა მისი თაბაშირში ჩასმა, ინტერვენციაც ანალოგიურ როლს ასრულებს, მაგრამ ამის გარდა საჭიროა შეხორცება, შეუძლებელია თაბაშირში გქონდეს ფეხი და მეორე დღეს სირბილი დაიწყო. საჭიროა რეაბილიტაციის პერიოდი.
_ რა უნდა გაკეთდეს ლარის სწრაფი სტაბილიზაციისთვის კონკრეტულად?
_ ახლა მხოლოდ მინიშოკური თერაპია თუ შეაჩერებს ლარის ზღვარგადასულ გაუფასურებას. უნდა გაკეთდეს შემდეგი: 1. ეროვნულმა ბანკმა უნდა აწიოს რეფინანსირების სესხების განაკვეთი; 2. მკვეთრად უნდა შეამციროს რეფინანსირების სესხების მოცულობა; 3. უნდა შეამციროს კომერციული ბანკების მიერ უცხოური ვალუტით მოზიდული კრედიტების სავალდებულო რეზერვის ნორმა; 4. უნდა განახორციელოს ინტერვენციები ზომიერ ფარგლებში; 5. მთავრობამ უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება და შეამციროს ხარჯები; 6. მკაცრად დაიცვას ბიუჯეტის ხარჯვის გრაფიკი და შეათანხმოს იგი ეროვნულ ბანკთან; 7. შეაჩეროს ხაზინის ანგარიშზე არსებული საბიუჯეტო ნაშთების დეპოზიტის სახით განთავსება კომერციულ ბანკებში. როდემდე უნდა იყოს ასე ხელებჩამოშვებული და ბედსმინდობილი ეროვნული ბანკი და მთავრობა? მცდელობაც კი არ აქვთ, რამე იღონონ.
_ რა შემთხვევაში გაიზრდება სურსათზე ფასები და როგორია თქვენი პროგნოზი?
_ ლარის ამ ნიშნულზე გაჩერების შემთხვევაში სურსათზე და არა მხოლოდ მასზე ფასები აუცილებლად გაიზრდება და სამწუხაროდ, ეს აგვისტოში მოხდება. გარდა ამისა, დღეს უკვე რამდენიმე დარგი გაკოტრების პირასაა, მაგალითად, ენერგეტიკის დარგი. ლარის ამ კურსის პირობებში ფასები თუ არ მოიმატებს, ამ დარგს არ ექნება მოგება და ისეთივე დეგრადირებული მდგომარეობა იქნება, რასაც ვხეეავთ. დღეს, მაგალითად ბარბაროსული ვითარებაა თბილისში. წელიწადში 30 ადამიანი გაზის გაჟონვის გამო კვდება, ამიტომ გაზის, წყლისა და შუქის ფასი თუ არ გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ ამ დარგების დეგრადაცია დაიწყება. თუ მთავრობამ ტარიფების გაზრდა ხელოვნურად შეაჩერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დარგებს არ ექნება მოგება, ანუ ვერ განახორციელებს რეაბილიტაციას. ასე რომ, ფასების ზრდა გარდაუვალია. უკვე გაიზარდა ფასები სურსათზე, მედიკამენტებზე, საწვავზე, მეორე ტალღა, ბუნებრივია, ამ ფასების ზრდის ირიბი გავლენა იქნება სხვა ფასებზე. გაიზრდება თითქმის ყველა იმპორტირებული საქონლის ფასი; დაიხურება ბევრი ბიზნესი, რომელსაც არ ეყოლება მყიდველი მაღალი ფასის გამო; სურსათი კიდევ უფრო გაძვირდება, ვინაიდან ლარის გაუფასურების მასშტაბი მთლიანად ჯერ კიდევ არ არის ასახული ფასებზე. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ერთადერთი იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ ხელისუფლებას წინ არჩევნები ელოდება და იქნებ, ახლა მაინც გადადგას პრაგმატული ნაბიჯები, მაგრამ როდესაც ფული კორუფციული სქემით გაედინება და ამ ფულის მოსაპარად ჩინოვნიკები გამზადებულები არიან, ძალიან ძნელია უცებ ბიუჯეტის შეკვეცა. არადა, ეს აუცილებელია. დღეს ბიუჯეტის 200-300 მილიონი ლარით შეკვეცა და ეროვნული ბანკის რამდენიმე სტანდარტული ნაბიჯი ლარის ვარდნას გააჩერებდა და გაამყარებდა კიდევაც, მაგრამ ეს 200-300 მილიონი ვიღაცას უკვე გამზადებული აქვს წასაღებად. მთავარია, როგორმე მივაღწიოთ 2020 წლის არჩევნებამდე და შემდეგ ლარი ისეთივე იქნება, როგორიც იყო წინა ხელისუფლების მმართველობის 9 წლის განმავლობაში.
_ მძიმე ეკონომიკური შედეგების გარდა რა პოლიტიკური შედეგები აქვს ლარის გაუფასურებას?
_ ლარის გაუფასურება საბოლოოდ ანადგურებს ამ ხელისუფლების პოლიტიკურ იმიჯს და მნიშვნელოვნად ამცირებს მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის შანსებს. მიუხედავად ამისა, არავის, არც ოპოზიციას და არც ამ ხელისუფლების ცალკეულ მოძულეს, არ უნდა ლარის გაუფასურება. არ უნდა იმიტომ, რომ ადარდებს როგორც ქვეყნის, ასევე საკუთარი ჯიბის ბედი. მხოლოდ უგუნურ ხელისუფლებას შეუძლია, ლარის გაუფასურება ოპოზიციას გადააბრალოს, თუნდაც ამიტომ არიან ღირსი, რომ წავიდნენ! ამ ხელისუფლების პირობებში ლარი სტაბილური ვერ იქნება!
აგვისტოში საჭიროა ამოსუნთქვა, ძალების მოკრება, ნაომარი ჭრილობების მოშუშება. ხანდახან პარლამენტის წინ 200 ადამიანიც არ დგას, სამაგიეროდ იმ მოდელით, რაც ამ ახალგაზრდებმა მოიფიქრეს, ფაქტობრივად, დგას რუსთაველის ტელევიზია, რომელსაც პირდაპირ ეთერში და ჩანაწერებში უყურებს ათეულ ათასობით ადამიანი. ქუჩაში დადგები თუ სახლში შემოაღწევს ეს საპროტესტო მუხტი, ამას ერთი და იგივე ძალა აქვს. ახალგაზრდობამ ოჯახებში შიეტანა საკუთარი თანამედროვე იდეები, შვილები ზრდიან მამებს. შვილები ნელ-ნელა კარგი გაგებით „უტრიალებენ“ მამებს ტვინებს, რომელიც აუცილებლად აისახება მომავალ დემოკრატიულ ცვლილებებზე. სექტემბრიდან უკვე ძალიან ცხელი პერიოდი დაიწყება, საქართველოს ხელისუფლებას მოსვენებას დავუკარგავთ პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ტელევიზიის ეკრანებიდანაც და კაბინეტებშიც. ვინაიდან ის საშინელი რეპრესიები, რაც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაიწყეს, ვგულისხმობ ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილს, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, იგივე „რუსთავი 2-ის“ ფაქტობრივ დახურვას, რომელსაც 3-4 თვეში ფინანსურად მოგუდავენ, ტვ „პირველზე“ და მის დამფუძნებლებზე ზეწოლას, ყველგან უჭერენ ქანჩებს, მაგრამ ეს ბევრჯერ გვინახავს. ხელისუფლება ამჯერად ვერაფერს გახდება.
_ ხელისუფლების დასასრული იწყება. ამ სიტყვებს უკვე მერამდენედ ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, თუმცა ხელისუფლება ძალაუფლებას ინარჩუნებს…
_ მაგრამ ბოლო 7 წლის განმავლობაში სახელისუფლებო რეიტინგი არ ყოფილა ამდენად დაცემული. ბოლო გამოკითხვებით ხელისუფლება და მისი სატელიტი პარტიები ნაკლებ ხმებს აგროვებენ ოპოზიციასთან შედარებით. ოპოზიციის ჯამური ხმები გაცილებით მეტია. როდესაც არჩევნები ნულოვანი ბარიერით და პროპორციული სისტემით ჩატარდება, ძალიან დიდი ბრძოლა იქნება თითოეული ხმისთვის და ამ ბრძოლაში კბილებით ჩაერთვებიან პატარა პარტიები. ბოლოს ვის შეეკვრებიან, ეს სხვა თემაა, მაგრამ ცხადია, რომ ხმას არავის დაუთმობენ, თითოუელ ხმას ოქროს ფასი ექნება. მოსახლეობის განწყობილებიდან გამომდინარე ხელისუფლება იცვლება. ჰაერში ტრიალებს ცვლილებების სუნი. ეს 7 წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დაგვენახა, რა შეუძლია ამ ხელისუფლებას. თუ ხელისუფლება მოსახლეობას ეტყვის, კიდევ ერთი შანსი მოგვეცითო, ხალხი უპასუხებს: ის, რაც ვერ გააკეთეთ 8 წლის განმავლობაში, როგორ შეძლებთ ამის გაკეთებას 4 წელიწადში? ამის რატომ უნდა დავიჯეროთ? რაც არ გაგიკეთებია გუშინ და დღეს, რატომ უნდა გვჯეროდეს, რომ გააკეთებ ხვალ? ასე ფიქრობს ყველა, რაც ხელისუფლების შეცვლის მომასწავებელია.

ნენე ინჯგია