სისხლიანი აგვისტოს ქრონიკები

08.08.08. საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სისხლიანი ეპიზოდია. დიახ, ეს არის ეპიზოდი, რომელმაც „ერთმორწმუნე მეზობლისა“ და „უფროსი ძმის“ მითი საბოლოოდ დაამსხვრია, თუმცა, ამის მიუხედავად, ისეთი ქართველები მაინც მოიძებნებიან, რომლებიც ირწმუნებიან, გინდა თუ არა, რუსეთს ბაბაია უნდა დავუძახოთ და ოკუპანტობის მიუხედავად, მასთან ვასალური მოლაპარაკებებიც გავმართოთო. მეტიც, აგვისტოს ომში საქართველოს _ არც მეტი, არც ნაკლები _ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი, სალომე ზურაბიშვილიც ადანაშაულებს. ყოველ შემთხვევაში, არსებული ინფორმაციით, ჰააგის ტრიბუნალში კრემლი საკუთარი პოზიციების გამაგრებას სწორედ ზურაბიშვილის მოსაზრებებით შეეცდება, რომელიც ამ უკანასკნელის მიერ, ჯერ კიდევ, რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშია მოყვანილი.

რატომ ცდილობდა ან ცდილობს ზურაბიშვილი და მასთან ერთად კიდევ მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში საქართველო დაადანაშაულოს? _ ამ თემაზე ბევრჯერ თქმულა და დაწერილა. ალბათ, კიდევ არაერთხელ ითქმება და დაიწერება და, შესაბამისად, ის მოსაზრებაც იქნება აქტუალური, რომ საკუთარი ქვეყნის ომის დაწყებაში დადანაშაულება, მოღალატეობა თუ არა, მინიმუმ, მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა.
ისე, საინტერესოა, როცა პირსისხლიანი მტერი შენს მიწა-წყალზე შენსავე მოსახლეობას ჟლეტს, როგორ უნდა მოიქცე _ ხელი არ უნდა გაანძრიო, თუ ვარდები ესროლო და ფიანდაზად გაეგო?
სხვათა შორის, აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ ქართულმა მხარემ ოკუპანტს ფიანდაზი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დაუგო, ანუ 20 ივნისს საქართველოში ჩამოსულ გავრილოვს, როგორც პროტოკოლიდან გახდა ცნობილი, სახელმწიფო ცერემონიალების სასახლეში, ანუ პრეზიდენტის ყოფილ რეზიდენციაში, დიახ, ფიანდაზები გაუშალეს.
ჰოდა, მერე გაუკვირდათ, ხალხი ქუჩაში რატომ გამოვიდა და ოკუპანტი ქვენის დუმის დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა რატომ გააპროტესტაო?!
ზოგადად, გავრილოვის ფაქტორი ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკური ვერტიკალის წარმომადგენლებს ჩვენს სამშობლოში პარპაშის საშუალება აღარასოდეს მიეცეთ, აგვისტოს ომის ქრონოლოგიას თვალი გადავავლოთ და კიდევ ეთხელ გავიხსნოთ, კრემლმა რა დღეები გამოგვატარა!
11 წლის წინ რუსულ აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო, 14 პოლიციელი და 3 ჟურნალისტი ემსხვერპლა, დაიჭრა 1747 ადამიანი, დავკარგეთ კოდორის ხეობა და შიდა ქართლის ათეულობით სოფელი.
აქედან გამომდინარე, 150 000 ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა. აქედან, 30 ათასი დღესაც დევნილია…
ქრონოლოგია მოწმობს, რომ აგვისტოს ომი რუსული აგრესიის, ასე ვთქვათ, გვირგვინი იყო, თორემ ყველაფერმა გაცილებით ადრე, კერძოდ, 2008 წლის დასაწყისში აიღო სათავე, ანუ 2008 წლის იანვრიდან მოყოლებული ცხინვალისა და აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმები, რაღა თქმა უნდა, მოსკოვის დავალებითა და ხელშეწყობით, ვითარების ესკალაციას პერიოდულად ცდილობდნენ.
ასე, მაგალითად, აპრილის დასაწყისში ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე, მართალია, მაპ-ი არ მოგვცეს, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ითქვა, საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდებაო.
ამან კრემლს წონასწორობა დააკარგვინა. ყოველ შემთხვევაში, ჯერ სერგეი ლავროვი დაიმუქრა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველო ნატოს წევრი არ გახდესო, შემდეგ კი, თავად ვლადიმირ პუტინი გამოჩნდა არენაზე და სიტყვა-სიტყვით განაცხადა:
„რუსეთს, ნატოს პოზიციის საპასუხოდ, საშინაო მონახაზები აქვს!“
ეს მონახაზები კი, როგორც მოგვინებით გამოჩნდა, ის იყო, რომ 31 მაისს კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში, რკინიგზის ხაზის აღდგენის მოტივით, სარკინიგზო ჯარები შეიყვანა.
პარალელურად, გამწვავდა ვითარება ცხინვალის რეგიონში _ ქართული სოფლები თითქმის ყოველდღიურად იბომბებოდა.
2008 წლის 30 ივლისი _ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების საფრთხე რეალურია.
ამასთან, ომის დაწყებამდე, დაახლოებით, 20 დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსურმა მოსახლეობამ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია დატოვა.
მედია იმასაც იუწყებოდა, რომ ცხინვალის რეგიონის ოსური მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ სახლებს რუსეთიდან გამოგზავნილი ავტობუსებით ტოვებდა.
ეს კი იმის პირდაპირი მინიშნება იყო, რომ კრემლი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციისთვის ემზადებოდა.
2008 წლის 3-4 აგვისტო _ ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ქართული სოფლები ინტენსიურად იბომბება.
ასევე იბომბება ფრონის, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები.
ამას გარდა, რამდენიმე ტერაქტიც ხდება, კერძოდ, დიმიტრი სანაკოევისა და პოლიციის ავტომანქანებს აფეთქებენ.
ამ ერთთვიანმა დაძაბულობამ 2008 წლის 7 აგვისტოს მიაღწია კულმინაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ოსი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაწყებული საარტილერიო სროლის შედეგად ორი ქართველი მშვიდობისდამცველი იჭრება.
დაჭრილი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, მოგვინებით კი თბილისში დაბრუნებულმა საგანგებო განცხადება გააკეთა:
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა და ვაღიარო, რომ რამდენიმე საათის წინ გავეცი ძალიან მტკივნეული ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ არც ერთმა ქართულმა შენაერთმა არ გახსნას საპასუხო ცეცხლი ძალიან ინტენსიური დაბომბვის შემთხვევაშიც“.
ისე, გამოხდება ხანი და სააკაშვილი აღიარებს, რომ ამ პირობის დაცვა-შესრულება ვერ შეძლო, ანუ კონფლიქტის ზონაში შექმნილმა ვითარებამ და სადაზვერვო ინფორმაციამ ცხადი გახადა, რომ როკის გვირაბიდან რუსეთის რეგულარულმა ნაწილებმა შემოსვლა დაიწყეს.
საერთო ჯამში, 7 აგვისტოს ღამით საქართველოს ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან, 20 ათასზე მეტი რუსი სამხედრო შემოვიდა.
იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება, პრეზიდენტმა თავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ ბრძანება გასცა.
არმიას საპასუხო ცეცხლით უნდა ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, რის შემდეგაც ცხინვალში ქვეითი ნაწილები შევიდოდნენ.
8 აგვისტოს, დილის 10 საათზე, თბილისის მერი, გიგი უგულავა, მთავრობის სახელით გორში საგანგებო განცხადებას აკეთებს:
„იცით, რომ ამ დროისთვის ცხინვალის, დაახლოებით, 70% _ ვგულისხმობ თვითონ ქალაქსა და მის შემოგარენ სოფლებს _ დაკავებულია ჩვენი ჯარების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“.
უგულავას ამ განცხადებიდან ზუსტად 2 საათის შემდეგ ვითარება დრამატულად იცვლება, ანუ სპეციალური პუნქტისა და დერეფნის შექმნის წინადადებას რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო ოკუპაციით უპასუხა და პირველ ეტაპზე საქმეში სამხედრო ავიაცია ჩართო, რომელმაც ცხინვალის მისადგომებთან ქართველი ჯარისკაცების პოზიციებზე მასირებული იერიში მიიტანა.
ქართულმა არმიამ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი მოგვიანებით იტყვის, რომ 8 აგვისტოს, ღამის 10 საათზე, ქართულმა მხარემ ცხინვალის დაკავება შეძლო:
„ამ დროისთვის ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქალაქ ცხინვალს. ცხინვალი მთლიანად გაწმენდილია ძალადობრივი ელემენტებისგან და ბანდფორმირებებისგან.
ქალაქი ძალიან დაზარალებულია ორმხრივი ცეცხლის შედეგად ისევე, როგორც დღევანდელი დღის ინტენსიური დაბომბვის შედეგად რუსეთის ავიაციის მიერ“.
2008 წლის 9 აგვისტო, დილა _ რუსეთს საავიაციო იერიში გორზე მიაქვს. იბომბება ქალაქში არსებული სატანკო ნაწილი და მის ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლები. დაბობმვა ხდება ორჯერ, 15-წუთიანი ინტერვალით.
დასახლებული პუნქტი ბრძოლის წინა ხაზს ემსგავსება _ იქაურობა სავსეა დახოცილებით და დაჭრილებით.
პარალელურად, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ცხინვალის მისადგომებთან _ საქართველოს არმიის მეორე ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ჯგუფი რუსეთის 58-ე არმიასთან სასტიკ ბრძოლაში ერთვება
მერე, დრო რომ გავა, ერთ-ერთი ჟურნალისტი ამ ბრძოლას ასე გაიხსენებს:
„ეს იყო საცეცხლე კონტაქტი 5, 10 და 20 მეტრის სიახლოვეში. ჯარისკაცები იბრძოდნენ ხელჩართულნი, დანების გამოყენებით!“
ქართული არტილერიისა და ტანკისტების თავდაუზოგავმა ბრძოლამ რუსეთის 58-ე არმია, სამწუხაროდ, ვერ შეაჩერა.
ცხინვალის პარალელურად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის საარმიო დაჯგუფების ნაწილებმა შეტევა აფხაზეთის მიმართულებითაც დაიწყეს _ მთლიანად იკავებენ ფოთი-ზუგდიდი-სენაკის მიმართულებას და ცდილობენ, კოდორის ხეობის დაჯგუფებას, რომელმაც მანამდე სტრატეგიული ხეობიდან მანევრით უკან დახევა მოახერხა, ზურგში მოექცნენ.
2008 წლის 10 აგვისტო _ რუსული ავიაცია სოფლების მასობრივ დაბომბვას იწყებს და, როგორც მოგვიანებით გახდება ცნობილი, სხვა, აკრძალულ იარაღთან ერთად, ე. წ. ვაკუმურ, მოცულობით ბომბებსაც იყენებს. ასევე რუსული ავიაცია ქართულ სოფლებს 500 კგ.-იან ჭურვებსაც ესვრის.
ცხინვალის რეგიონის სოფლების გარდა რუსულ ავიაციას საჰაერო იერიში მიაქვს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზეც.
კერძოდ, იბომბება ვაზიანის ბაზა, თბილისის საავიაციო ქარხანა, ქვიშიანის მთაზე მდგარი რადარი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები.
საბოლოო ჯამში, რუსეთის 58-ე არმია, ცხინვალისა და სოხუმის სეპარატისტული რეჟიმების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად, ახალგორის რაიონს, კოდორის ხეობას, ზუგდიდს, გორის რაიონის რამდენიმე სოფელსა და საჩხერის რაიონის სოფელ პერევსაც იკავებს.
რუსეთი ცეცხლს წყვეტს მხოლოდ საფრანგეთის იმდორინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შემდეგ, ანუ 12 აგვისტოს სარკოზი 6-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას ჯერ ოფიციალურ მოსკოვთან, შემდეგ კი ოფიციალურ თბილისთან ათანხმებს.
ისე, მიუხედავად იმისა, რომ დიმიტრი მედვედევი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პრეზიდენტია (სინამდვილეში, ის პუტინის მითითებების უსიტყვო შემსრულებელი გახლდათ) ცეცხლის შეწყვეტის ბრძანებას გამოსცემს, რუსეთის საავიაციო ძალების მიერ საქართველოს დასახლებული პუნქტების დაბომბვა არ წყდება.
26 აგვისტოს მედვედევი აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ბრძანებას გამოსცემს.
სხვათა შორის, აგვისტოს ომის ვნებები მეტ-ნაკლებად რომ ჩაცხრება, პოლიტიკურ კულუარებში ხმა გავარდება, რომ რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ იყო.
ასევე, მოგვიანებით, მსოფლიოში სკანდალურად ცნობილი საიტი „ვიკილიქსი“ აგვისტოს ომზე საქართველოში აშშ-ის იმჟამინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ საიდუმლო წერილებს გამოაქვეყნებს, რომელიც 2008 წლის 7, 8, 9 და 12 აგვისტოთია დათარიღებული:
„8 აგვისტოს შედგა პრეზიდენტ სააკაშვილის საუბარი ელჩთან და ასევე გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის ბრიფინგი დიპკორპუსისთვის, სადაც გაკეთდა განცხადება, რომ საქართველო ახლა აკონტროლებს ცხინვალსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს, მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ჩრდილოეთით, ჯავის მიდამოებში. მათივე ცნობით, რუსეთის თვითმფრინავები ბომბავენ რამდენიმე სამიზნეს საქართველოში, კონფლიქტის ზონის გარეთ, გორის ცენტშრი, ორ ადგილას და ქარელის პოლიციასთან. არსებობს საქართველოს განცხადება, რომ ჩამოგდებულია რუსული თვითმფრინავი.
სააკაშვილმა გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება 8 აგვისტოს, 19:00 საათამდე. მან მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „დაეხმარონ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად“. მანვე თქვა, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოაწყვეს პროვოცირება.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამ ეტაპზე ქართველები აკონტროლებენ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის 75%-ს, ცხინვალსა და მის გარშემო 11 სოფელს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები მიიწევენ როკის გვირაბისკენ, რაც ჩვენთვის არ არის ნათელი. ამავდროულად, საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ მოითხოვა 1000 მებრძოლის ერაყიდან საქართველოში დაბრუნება 72 საათის განმავლობაში.
სააკაშვილმა ელჩს უთხრა, რომ ის იმყოფებოდა გორში, ქალაქის ცენტრში ბომბის დაცემისას. ბრძოლა _ შეიარაღებული დაპირისპირება ე. წ. სამხრეთ ოსეთში დაიწყო 7 აგვისტოს, ღამით, ოთხი მოკლე დიაპაზონის ბალისტიკური რაკეტის გასროლით“, _ ნათქვამია ჯონ ტეფტის რაპორტში, რომელიც 2008 წლის 8 აგვისტოთია დათარიღებული.
ტეფტის კიდევ ერთ რაპორტში, რომელიც 9 აგვისტოს არის აშშ-ში გაგზავნილი და რომელიც მოგვიანებით „ვიკილიქსმა“ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ:
„თავდაცვის სამინისტროს ბაზები, აეროპორტები და ფოთის პორტი დაიბომბა რუსული თვითმფრიავებით. დაბომბვა გრძელდებოდა 9 აგვისტოს დილითაც სამოქალაქო სამიზნეებზე, ქალაქ გორში. არის მსხვერპლი.
ნათელია, რომ დაღუპული ადამიანების რიცხვი იზრდება. არსებობს ათობით დაღუპული სენაკსა და ფოთში.
ევაკუირებულია ზოგიერთი სამთავრობო შენობა თბილისში. დაბომბვამ გამოიწვია შიში და პანიკა ქართულ მოსახლეობაში. დაბომბვა გაგრძელდა საარტილერიო საშუალებებიდან ცხინვალის მახლობლად.
აფხაზეთის ხელისუფლებამ სთხოვა ეუთო-ს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი დამკვირვებლები კოდორის ხეობიდან.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ელჩთან დილით საუბრისას თქვა, რომ რუსებს სურთ საქართველოს სრულად აღება და ახალი რეჟიმის დამყარება. სააკაშვილი შიშობს, რომ რუსეთი არასოდეს დასთანხმდება ცეცხლის შეწყვეტაზე. სააკაშვილსა და საქართველოს ხელმძღვანელობას სჯერა, რომ მთელი ეს სამხედრო ოპერაცია პუტინს სურს რეჟიმის შესაცვლელად. სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ძალები თავს დაესხნენ ცხინვალს და ქართული ჯარები ეწინააღმდეგებიან მათ.
ეუთო-ს დამკვირვებლების თქმით, 8 აგვისტოს, 15 საათისთვის, ქათულმა ჯარმა დატოვა ცხინვალი. რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილე რუსლან აბაშიძემ ელჩს განუცხადა, რომ ე. წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება იგივეა, რაც 8 აგვისტოს იყო. მას სჯერა, რომ ქართული ძალები აკონტროლებენ ცხინვალს და მიმდებარე სოფლებს… საქართველოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვერ ან არ მოხერხდა“.
ჯონ ტეფტის რაპორტი, 12 აგვისტო, 2008 წელი: „თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ საქართველოს ჯარი მოქმედებს პროპორციული საფრთხის მიხედვით. საგარეო საქმეთა მინისტრ ეკა ტყეშელაშვილის თქმით, იაკობაშვილსა და ჩოჩიევს შორის შეხვედრა ჩავარდა კოკოითის მიზეზით, რომელმაც „დაბლოკა“ ეს შეხვედრა“.
„ვიკილიქსის“ ეს დოკუმენტაცია აბსოლუტურად სარწმუნოა და მის ავთენტურობას ეჭქვეშ არც აშშ აყენებს და არც _ ევროპული ქვეყნების მთავრობები. 2008 წლის 6, 7 და 8 აგვისტოს ტეფტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას საიდუმლო წერილებს უგზავნიდა, სადაც ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზეა საუბარი.
ხაზგასმით ვაცხადებ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში კი არა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველსავე დღეს დაიწყო!
შესაბამისად, რუსული მხარის მიერ გავრცელებული თეზა, რომ საქართველომ შეიარაღებული კონფლიქტი აშშ-ის საელჩოსა და, მეტიც, აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტ ბუშის უშუალო წაქეზებით დაიწყო, ტყუილია!
„ვიკილიქსის“ დოკუმენტაცია საპირისპიროს ამტკიცებს და ტეფტის მიერ თბილისიდან ვაშინგტონში გაგზავნილი წერილებიდან ნათლად ჩანს შეშფოთება იმის გამო, რაც საქართველოში იმ დროს ხდებოდა“, _ ეუბნება „ქრონიკა+“-ს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი კონსტანტინე ფორჩხიძე.
მისივე თქმით, აგვისტოს ხუთდღიანი ომი წყალგამყოფი იყო, რომლითაც მსოფლიოს ის წესრიგი დაირღვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ე. წ. იალტის კონფერენციაზე დადგინდა:
„რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარებით, წითელი ხაზები გადაიკვეთა, რასაც რუსეთის მხრიდან უკვე ყირიმის მიერთება მოყვა.
ისე, პირდაპირ ვერ ვიტყვი, რომ აგვისტოს ომი მსოფლიოს გავლენიანმა სპეცსამსახურებმა დაგეგმეს, მაგრამ ყველა ვერსია იმ გადასახედიდან უნდა ავაგოთ, თუ ვის აწყობდა ავადსახსენებელი აგვისტოს მოვლენები. მაშინაც და ახლაც ნათლად ჩანდა და ჩანს, რომ ეს ომი რუსეთს აწყობდა“, _ აცხადებს ქართველი სპეცსამსახურელი.
რა შედეგი მოუტანა აგვისტოს ხუთდღიანმა ომმა რუსეთს და, ზოგადად, მსოფლიოს?
აგვისტოს ომიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ავტორიტეტული სპეციალისტი ედვარდ ლუკასი „რადიო თავისუფლებას“ ეტყვის:
„ვფიქრობ, აგვისტოს ომით რაღაც ყველამ მოიგო და ყველამ რაღაც წააგო. ჩემი აზრით, რუსეთმა შეძლო იმის ჩვენება, რომ შეუძლია, მწვავე კონფრონტაციაზე წავიდეს და მას თავი გაართვას. ამით დაირღვა გარკვეული ტაბუ, რომელიც მანამდე არსებობდა. ასევე გამოჩნდა, რომ ევროპის კავშირი ძალზე დაქსაქსულია საიმისოდ, რომ ამ კონფრონტაციისთვის, მართლაც, სერიოზული ფრონტით გაეცა პასუხი. მეორე მხრივ, ვფიქრობ, რუსეთმა გარკვეული ზიანი მიაყენა გარე სამყაროში თავის იმიჯს. შესაძლოა, ერთგვარად შემცირდა რუსეთის ნდობაც. თავიდან საქართველო ომის მხვერპლად იყო მიჩნეული და ამით ცოტა მოიგო, მაგრამ მოგვიანებით, პროპაგანდისტულ ბრძოლაში, წაგება დაიწყო“.
ამ პროპაგანდისტული ომის წაგებაში კი გარკვეული როლი, ცხადია, იმ ქართველებმაც ითამაშეს, რომლებიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ და ომის დაწყებაში იმთავითვე საქართველოს ადანაშაულებდნენ, მაგრამ გავა დრო და რუსეთისადმი, მინიმუმ, ლოიალურად განწყობილი ეს კასტა აღარავის ემახსოვრება ან, უფრო სწორად, ამ კასტას ყველა უარყოფით კონტექსტში გაიხსენებს. სამაგიეროდ, გიორგი ანწუხელიძის, შინდისის მებრძოლებისა და აგვისტოს ომის სხვა გმირების სახელები კი თაობიდან თაობას გადაეცემა! დიახ, აგვისტოს ომის ქართველი გმირებით ჩვენი შვილები და შვილიშვილები იამაყებენ!

გიორგი აბაშიძე