დავით გამყრელიძე: „საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები პუტინის პოლიტიკას ხმამაღლა უპირისპირდებიან“

რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისამართით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიერ სამართლიანად გამოხატული პროტესტის საპასუხოდ ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან ავიაგადაზიდვები 8 ივლისიდან აკრძალა. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე რეკომენდაცია მისცა რუსულ ტუროპერატორებს, საქართველოში ტურების გაყიდვისგან თავი შეიკავონ.

იმოქმედებს თუ არა პუტინის გადაწყვეტილება რუს ტურისტებზე? რა ალტერნატიული გზები უნდა მოძებნოს სახელმწიფომ? რამდენად რეალურია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია? როგორ შეიძლება სახალხო დიპლომატიის გზით პრობლემების მოგვარება?
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით „ქრონიკა+“-ის რუბრიკა „ახალგაზრდა პოლიტიკოსები“ საქართველოს საერთაშორისო განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელ დავით გამყრელიძეს ესაუბრა:
_ პარლამენტის თავმჯდომარის გარდა ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რომ რუსი დეპუტატი ჩვენი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ვიხილეთ?
_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გვაქვს. შვეიცარიის საელჩოში არის რუსეთის სექცია და ამის მეშვეობით გვაქვს ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო კონფერენცია იქნება თუ სხვა შეხვედრა, რუსეთის მხარე ჩვენთან არასდროს მოგვიწვევია. რადგან მოვიწვიეთ, რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა ეკისრება თავად ხელისუფლებას და, პირველ რიგში, პროტოკოლის სამსახურს. მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გამართვაში, ბუნებრივია, ჩართული იყო საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ზალკალიანი, მისი მოადგილეები და პარლამენტში პროტოკოლის სამსახური მუშაობდა ამ საკითხზე, შესაბამისად, გავრილოვის მოწვევასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, თუმცა რაც შეეხება გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის ფაქტს, ჩემი აზრით, ეს არის უყურადღებობის თემა, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. არ მგონია, რომ გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა პროტოკოლით ყოფილიყო გაწერილი, ჩვეულებრივ, დეპუტატებსაც კი არ აქვთ იქ ჩაჯდომის უფლება. ამიტომაც ეს უფრო ტექნიკური ხარვეზი მგონია, თუმცა ვნახეთ, რომ ამას ლამის ქვეყნის გადატრიალება მოყვა. ამ ტექნიკურ ხარვეზზე პარლამენტის თავმჯდომარემ აგო პასუხი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის „ოცნებიდან“ წავიდა ან მის მიმართ რაიმე სადამსჯელო ან სამართლებრივი ღონისძიებები გატარდა, პირიქით, შეიძლება დაწინაურდეს კიდეც რომელიმე სასამართლოს თავმჯდომარედ. რაც შეეხება აქციის დარბევას, ამაზე პასუხი უნდა აგოს გახარიამ, რომ პირდაპირ სახეში ესროდნენ აქციის მონაწილეებს და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს მოქალაქების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ღამეს მელია აქციის მონაწილეებს პარლამენტში შესვლას მოუწოდებდა, რაც არასწორია, არსებობს არჩევნები და შეუძლიათ, არჩევნების გზით შევიდნენ პარლამენტში. მეორე მხრივ კი ადამიანებზე იარაღის მიშვერა და თვალების დათხრა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი ქმედებაა, ამის გამართლება წარმოუდგენელია.
_ რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ აქციის ორგანიზებაში პოლიტიკური პარტიები ჩაერთონ? ზარალდება თუ არა აქცია იმით, რომ პოლიტიკოსები არ არიან ორგანიზატორები?
_ ამის გამო უკვე დაზარალდა აქცია, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის ანთებული და პროტესტით სავსე ადამიანების, ყველას გვესმის მათი ემოცია, მაგრამ ეს ემოცია ვიღაცამ უნდა მართოს და სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციოს. ამასთანავე, ჩვენ ვხედავთ, რომ აქციაზე მომღერლები გამოდიან, სიმღერებს ასრულებენ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ ამ აქციებს პოლიტიკოსები უნდა უძღვებოდნენ, რათა თავიანთი მშვიდობიანი მოწოდებებით მიაწვდინონ ხმა ევროკავშირს, ეუთოს, ევროპარლამენტს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს, რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება. 2020 წელს არჩევნებია და იქნებ, ამ არჩევნებზე მაინც მოხდეს ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და ამ კუთხით უნდა ჩაერთოს ევროკავშირის მისია საქართველოში, ამერიკელები და ისინი უნდა დააკვირდნენ პროცესს. ახლა კი გამოდის, რომ ეს აქციები ტარდება და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა, დაიშალოს, ხოლო ჩვენი მთავარი სათქმელი ადრესატამდე ვერ მივიდეს.
_ აქციის მოთხოვნებიდან ორი დაკმაყოფილებულია, გახარია ისევ პოსტზე რჩება, როგორ ფიქრობთ, რატომ უჭირს ივანიშვილს გახარიას თანამდებობიდან გადაყენება?
_ ივანიშვილმა როგორც კობახიძე დათმო, ისევე დათმობს გახარიას. ამ შემთხვევაში პრობლემა თავად ივანიშვილია, რომელიც სათავეში უდგას ამ ყველაფერს. შესაბამისად, შს მინისტრი გახარია იქნება თუ სხვა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შუშის სასახლიდან იმართება ყველაფერი. თუ ხალხი კვლავ დადგა აქციაზე და სათანადოდ გააპროტესტა, ივანიშვილი გახარიასაც გაიმეტებს, რადგან მთლიანი სისტემა არ შეირყეს. თუ ხალხი თავის სიმაღლეზე დადგება, გახარია გადადგება.
_ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის არგაღიზიანების პოლიტიკას რუსეთთან მიმართებით ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი მოუტანია, რუსეთი მაინც ახერხებს სათავისო თამაშს, ახლა უკვე გავრილოვის ვიზიტის შემდეგ პუტინმა გადაწყვიტა, დარტყმები მოეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის, ვგულისხმობ ფრენების აკრძალვას. ასეთ მოცემულობაში რა არის გამოსავალი და თუ აქვს მოლაპარაკებებს აზრი, მაშინ როგორი ფორმატით?
_ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, 90-იანი წლებიდან დაწყებული, საყოველთაო პრობლემა გახდა საქართველოსთვის, მაგრამ მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი. ჟენევის მოლაპარაკებები იმიტომ იმართება, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოგვარდეს, მეორე მხრივ არის ეკონომიკური პრობლემები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში უკიდურესი სიდუხჭირეა. ტურიზმი ეკონომიკის სტრატეგიული სეგმენტია, რითაც ჩვენი მოსახლეობა ცხოვრობს. საქართველოში ტურისტული ნაკადის 70% რუსია. აქედან 60% ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულადაა განწყობილი და არავის უნდა რეისების აკრძალვა. ეს ხალხი, ფაქტობრივად, პირდაპირ კონფრონტაციაშია თავისივე რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევებიც გავაკეთეთ და რუსი ტურისტები ამბობენ, რომ აუცილებლად ჩამოვლენ საქართველოში სომხეთის, აზერბაიჯანისა თუ სხვა ქვეყნების გავლით. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთს უნდა ვესაუბროთ თავისივე ხალხის ენით. ოფიციალური საუბრის ფორმატებს რაც შეეხება ვხედავთ, რომ აბაშიძე ვეღარ ელაპარაკება კარასინს, ფაქტობრივად კარასინი გარბის, ამ კუთხით რთული ვითარებაა. ამიტომ ჩვენ ხალხმა უნდა დავამყაროთ ურთიერთობა თუნდაც იმ რუს ტურისტებთან, ავუხსნათ, რეალურად, რა ხდება და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ. ისინი კი თავიანთ მოსახლეობას გადასცემენ, ამას მულტიპლიკაციის ეფექტი ექნება, სწორედ ეს არის სახალხო დიპლომატია. ასევე აღვნიშნავ, რომ ეს ადამიანები თავადვე არიან პუტინის გადაწყვეტილებაზე გაბრაზებულები, ფრენები აკრძალა და არ გვეუბნება, რა ხდებაო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სახალხო დიპლომატია და რუს ხალხთან სოციალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავად რუსებს ჩვენთვის არაფერი დაუშავებიათ, ამ შემთხვევაში დამსვენებლებს ვგულისხმობ(?!).
_ გასაგებია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები არიან და მათი უდიდესი ნაწილი პუტინის დამპყრობლურ და აგრესიულ პოლიტიკას იზიარებს, ამიტომაც უჭირს ქართველ ხალხს რუსეთის მოქალაქეებში მეგობრის დანახვა.
_ დიახ, ბევრი იზიარებს პუტინის აგრესიულ პოლიტიკას, მაგრამ ტურისტების უმრავლესობა არ უჭერს მხარს მის მკაცრ გადაწყვეტილებებს. შემოსული 70%-დან 10% რადიკალია, მაგრამ 60% ამბობს, რომ პუტინს რეისები არ უნდა აეკრძალა. ჩვენ გამოვკითხეთ ტურისტები, ჩავატარეთ კვლევები და ეს ოფიციალური მონაცემია. ამ ეტაპზე 6 ავიაკომპანიაა გაჩერებული, რთულია ასეთ ვითარებაში გამოსავლის მოძებნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსები მანქანებით შემოდიან საქართველოში და ყაზბეგიდან მოყოლებული ტურისტული ადგილები სავსეა რუსი მოქალაქეებით. ტურისტების ნაკადი ამ აქციების შემდეგ რაღაც პერიოდით შეწყდა, თუმცა ეს ჩავარდნა მაინც ამოივსო, დღეს რუსი ტურისტი მაინც შემოდის საქართველოში, რაც ძალიან კარგია. ეს მათი გადაწყვეტილებაა და თავიანთი ნებით მოდიან საქართველოში, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები ნებაყოფლობით, ხმამაღლა უპირისპირდებიან პუტინის პოლიტიკას. როგორც პუტინმა, თავის დროზე აფხაზეთში დაიწყო პასპორტიზაციის პოლიტიკა, როცა აგრესია ქართველებს დააბრალა, გაამართლა თავდაცვის უფლება და შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ვითომ ჰუმანიტარული ინტერვენციით და ა. შ., ზუსტად იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ ტურიზმით. შეიძლება, უტოპიურად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად სახალხო დიპლომატია მუშაობს. ასევე შეგვიძლია დიპლომატების საშუალებით მოლაპარაკებები ვაწარმოოთ, ისე კი არა, რაც ჟენევაში მოხდა, სადაც, ფაქტობრივად, კარასინი არ დაელაპარაკა ქართველებს, არამედ პირიქით, ჩვენ უნდა შევძლოთ და გავაგრძელოთ მათთან საუბარი, სხვა შანსი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციისა არ გვაქვს. რუსების შემოსვლის შემთხვევაში 2 კვირასაც ვერ გავძლებთ და ეს გამოვცადეთ კიდეც 2008 წელს. შესაძლოა, კიდევ ერთხელ დატრიალდეს ტრაგედია, არავინ იცის, რა მოხდება. ემბარგოს კი რუსეთი როცა უნდა, მაშინ დაგვიწესებს, რეისებს როცა მოუნდება, მაშინ კრძალავს და მეორე მხრივ, როცა მოინდომებს, მაშინ მოახდენს მორიგ აგრესიას.
_ გასაგებია, რომ რუსეთთან აუცილებელია დიპლომატიის გზით ურთიერთობების ნორმალიზაცია, მაგრამ რუსეთი არასანდო ქვეყანაა, პუტინს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოგვაყენოს დარტყმები ამიტომ რა ალტერნატიული გზა შეიძლება მოიძენოს, რომ აღარ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული ტურისტების კუთხით?
_ პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ რუსები ქართველებთან მარტივად პოულობენ საერთო ენას, ანუ სოციალიზაციის პრობლემა არ არის. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, ამერიკაში 8 წელი ვისწავლე და ამერიკელებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება მაქვს, რუსებთან უფრო მარტივად ვამყარებ კომუნიკაციას, ვიდრე ამერიკელებთან. ჩვენი მოქალაქეებიც ანალოგიურად არიან. მაღალი სოციალური კაპიტალი რუსებსა და ქართველებს შორის ისედაც არსებობს, აქედან გამომდინარე, რუსი ტურისტი საქართველოსკენ ინერციით მოდის. რაც შეეხება ალტერნატივას, ამ საკითხებზე ტურიზმის დეპარტამენტი მუშაობს და შესაძლებელია, ბაზრის დივერსიფიცირება მოხდეს, გაკეთდეს სარეკლამო რგოლები, დაინიშნოს ახალი რეისები და ა. შ., მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ის 70%-იანი დანაკლისი შეავსონ ევროპელმა ან ამერიკელმა ტურისტებმა. ახლა რუსთავში იგეგმება ქალაქის რეაბილიტაცია და მისი ტურისტულ კერად გადაქცევა, როგორც, მაგალითად, აშშ-ია, ზღვის სამყარო ორლანდოში, ისეთივე კეთდება რუსთავში შედარებით მცირე მოცულობის. ეს მოიცავს ქართული ღირსშესანიშნაობების გაცნობასაც, ღვინის დეგუსტაციით დაწყებული, თაფლიის წარმოებით დამთავრებული. ხელისუფლება და ემიგრანტებიც მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში. ამიტომ შეგვიძლია, გამოსავალი მოვძებნოთ. ევროკავშირის დოკუმენტში პირდაპირ წერია არაღიარების გარეშე ჩართულობა: მოახდინეთ რესოციალიზაცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთანო. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდეთ უფასო განათლების მიღების საშუალება, საქართველოდან უვიზოდ ევროპაში მიმოსვლის უფლება და ა. შ. დღეს აფხაზეთიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, იღებს განათლებას და მკვიდრდება საქართველოში, ეს ხალხი აღარ მიდის რუსეთში, უბრალოდ არ აინტერესებს და ეს არის ზუსტად ამ სტრატეგიის შედეგი. ჩვენი კანონი ოკუპირებული ტერიორიების შესახებ, რაც უნდა ეფუძნებოდეს ევრკოკავშირის სტრატეგიას, აბსოლუტურად მორღვეულია, შესაძლოა, ისეთი ხისტი მუხლები ამოიკითხოთ, რომელიც ინვესტორს უკრძალავს აფხაზეთში ჩასვლასა და იქ ბიზნესის წარმოებას. ერთ ფაქტს გეტყვით: Nოკია-ს სურდა აფხაზეთში მინისაწარმოს გაკეთება, ამისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განცხადება შემოიტანეს, განიხილეს და ჩვენებმა უარი უთხრეს. მიზეზი კი ის იყო, რომ არ ვიცით შემოსავლები რაზე დაიხარჯება, შესაძლოა, რუსულ პროპაგანდაზე დაიხარჯოსო. ერთი მხრივ, კანონი იძლევა ამის საშუალებას, რომ ინვესტორი ჩავიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულად, ამას ვკრძალავთ, პარადოქსული ვითარებაა. ეს ხისტი კანონმდებლობა საბოლოოდ დამაზიანებელია. თუნდაც ის, რომ მოქალაქეს სახეში ესვრი და ამას კონსტიტუციურ ლეგიტიმაციას აძლევ, ეს არის წარმოუდგენელი და ზუსტად ის მუხლები, რომლებიც ხელისუფლებას ამის გაკეთების საშუალებას აძლევს, არაკონსტიტუციურია და ეს არის შესაცვლელი.

ნენე ინჯგია