ვანო ჩხარტიშვილი ღვინის ქარხნის ხელში ჩაგდებას ცდილობს?

„ქრონიკა+“ მეოთხე წელია აშუქებს თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.
ღვინის ქარხანა კერძო პირების საკუთრებაა, რომელიც 2014 წელს გამოისყიდა საქართველოში მოქმედმა ორმა ყველაზე მსხვილმა კომერციულმა ბანკმა (TBC ბანკი და საქართველოს ბანკი). ობიექტის შესყიდვა მოხდა სრულიად გამჭვირვალედ და მას უშუალო ზედამხედველობას უწევდა საქართველოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ორი უმსხვილესი ბანკი.

2014 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სამოქალაქო დავა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელე ითხოვს, რომ ობიექტი, რომელიც ინვესტორებმა რამდენიმე მილიონ დოლარად შეიძინეს, მათ ჩამოერთვათ.
მოსარჩელე გიორგი მგალობლიშვილია, არადა, 2004 წელს მან ქარხანა გაყიდა. აქციონერებმა მგალობლიშვილს სწორედ იმ მოტივით უჩივლეს, რომ მას არ ჰქონდა ქარხნის გაყიდვის უფლება. პროკურატურაში გამოძიება დაიწყო, საქმეზე ათამდე პირი დააკავეს, მგალობლიშვილი არ დაუკავებიათ, რადგან მან ქვეყნის დატოვება მოასწრო. მისი ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ამტკიცებდა, რომ მგალობლიშვილის ყველა ქმედება კანონიერი იყო და მას ქარხნის გაყიდვით კანონი არ დაურღვევია. მგალობლიშვილის წინააღმდეგ საქმე არ შეწყვეტილა და სამართლებრივი დევნა იმ დრომდე მიმდინარეობდა, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ არ მოვიდა.
არჩილ კბილაშვილმა, როცა ის მთავარი პროკურორი გახდა, გიორგი მგალობლიშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყვიტა, ამის მიუხედავად, მგალობლიშვილი საქართველოში არ დაბრუნებულა.
მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პოლიტპატიმრების სია დაამტკიცა, პირველ სიაში გიორგი მგალობლიშვილი ვერ მოხვდა. 2014 წლის იანვარში ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მაშინდელ მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს დამატებითი სია და წერილი გაუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ კომისიის მუშაობის მანდატის ამოწურვის შემდეგ კომიტეტში განცხადებების შემოტანა განახლდა, სადაც მოქალაქეები სამართალწარმოების პოლიტიკური ნიშნით განხორციელების შესახებ მიუთითებდნენ, რომ კომიტეტმა რამდენიმე თვის განმავლობაში შეისწავლა ყველა შემოსული განცხადება და ცალკე გამოყო ის საქმეები, სადაც პოლიტიკური მოტივის შესაძლო არსებობა იკვეთება.
დამატებით სიაში, რომელიც ბესელიამ ბადაშვილს გაუგზავნა, გიორგი მგალობლიშვილიც მოხვდა. რატომ იყო პირი პოლიტიკური დევნილი, რომელსაც ქარხნის გასხვისებისთვის აქციონერები უჩიოდნენ, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მგალობლიშვილი ამ სიაში მოხვდა.

რა გაარკვია „ქრონიკა+“-მა?

გიორგი მგალობლიშვილი ვანო ჩხარტიშვილის ბიზნესპარტნიორია და საქართველოდან გაქცევის მერე ის ლონდონში სწორედ ვანო ჩხარტიშვილთან ცხოვრობდა. მათი საერთო ინტერესები საწვავის ბიზნესში იკვეთება. ვანო ჩხარტიშვილის რეკომენდაციით მოხვდა გიორგი მგალობლიშვილი პოლიტპატიმართა დამატებით სიაში. ვანო ჩხარტიშვილს ის სჭირდება, როგორც მოსარჩელე, იმიტომ რომ მისი ამოცანაა, ხელში ჩაიგდოს პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხანა.
სწორედ ვანო ჩხარტიშვილის როლი გამოიკვეთა იმ პროცესებში, რომელიც ბოლო დროს განვითარდა სააპელაციო სასამართლოში.
მივყვეთ თანმიმდევრობით: თბილისის საქალაქო სასამართლომ დავის დაწყებისთანავე ყადაღა დაადო ობიექტს. ეს გაკეთდა შეგნებულად, რათა ობიექტს მოსპობოდა განვითარების შესაძლებლობა, შეზღუდულიყო მასში ინვესტიციების მოზიდვა და მესაკუთრეები იძულებული გაეხადათ, რომ ობიექტის დათმობაზე წასულიყვნენ.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მოსარჩელე სს „სავანე ღვინის #1 ქარხანას“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა, თუმცა სს „სავანე ღვინის #1-მა ქარხანამ“ პირველი ინსტანციის დადგენილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ერთი წლის შემდეგ, 2016 წელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ქეთევან მესხიშვილის, ნათია გუჯაბიძისა და ნატა ნაზღაიძის შემადგენლობით მოსარჩელეს უარი უთხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამის შემდეგ მოსარჩელემ საკასაციო სარჩელით მიმართა უზენაეს სასამართლოს.
2018 წელს უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ ბესარიონ ალავიძის, ზურაბ ძლიერაშვილისა და პაატა ქათამაძის შემადგენლობით ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ ძირფესვიანად შესწავლილი და გამოძიებული საქმე უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ახლიდან შესწავლის“ მოტივით, განსახილველდ უკან დააბრუნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილმა საქმე ვერ ჩააწყო და ეს მხოლოდ უზენაეს სასამართლოში მოახერხა, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა მოსამართლეთა შემდეგმა შემადგენლობამ დაიწყო _ პალატის თავმჯდომარე ქეთევან მესხიშვილმა, მომხსენებელმა მოსამართლე თამარ ალანიამ, თამარ ზამბახიძემ. ამ შემადგენლობით სასამართლოს რვა სხდომა გაიმართა. 2019 წლის 22 მარტს გადაწყვეტილებაც უნდა გამოცხადებულიყო, მაგრამ სხდომა გაურკვეველი ვადით გადაიდო, მოგვიანებით კი დაზუსტდა სხდომის განახლების თარიღი _ 19 ივნისი.
მიმდინარე წლის 19 ივნისს არჩილ კბილაშვილის გვერდით მოსარჩელე მხარის კიდევ ორი ადვოკატი გამოჩნდა _ ვლადიმერ გაბრიელაშვილი და კახაბერ ყიფიანი. „ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ გიორგი მგალობლიშვილს ეს ადვოკატები ვანო ჩხარტიშვილმა დაუქირავა, ის არ იყო კმაყოფილი არჩილ კბილაშვილის მუშაობის შედეგებით, სააპელაციო განხილვა კი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა და, მაღალი ალბათობით, მოსარჩელის სარჩელი ისევ არ დაკმაყოფილდებოდა, რადგან ერთი, რომ ქეთევან მესხიშვილმა ზედმიწევნით კარგად იცოდა საქმის ყველა ნიუანსი და მეორეც, არსებობდა კულუარული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მასზე ზეგავლენა ვერ მოახდინეს და სასურველი გადაწყვეტილების მიღების პირობაც ვერ მიიღეს.
ჩხარტიშვილის მიერ დაქირავებული ადვოკატების მიერ სააპელაციო სასამართლოს კოლეგიაზე პირდაპირი მნიშვნელობით შტურმი დაიწყო. სასამართლო დავაში მესამე მხარედ წარმოდგენილია საქართველოს ბანკი. ადვოკატებმა ქეთევან მესხიშვილი „ამხილეს“ _ მისი მეუღლე საქართველოს ბანკში იურისტად მუშაობს, არადა, ეს ფაქტი დამალული არ ყოფილა. მოგეხსენებათ, მოსამართლე ყოველწლიურად ავსებს დეკლარაციას, სადაც ოჯახის წევრების სამუშაო ადგილი, თანამდებობა და შემოსავალია მითითებული. სწორედ ამ მოტივით მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა ჯერ ქეთევან მესხიშვილის აცილება მოითხოვეს და შემდეგ კოლეგიის სრული დაშლა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც. ეს მოხდა იმ სხდომაზე, სადაც მხარეებს ბოლო სიტყვა უნდა წარმოეთქვათ და გადაწყვეტილება უნდა გამოცხადებულიყო.
კულუარული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილის გავლენა იმდენად დიდი იყო, არნახულ ზეწოლას განიცდიდა სააპელაციო სასამართლოს კოლეგია. 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის 19 ივნისის ჩათვლით ექვსი სხდომა გაიმართა და ყველა სრულდებოდა იმით, რომ განხილვა გადაიდებოდა, რაც საბოლოოდ განმხილველი პალატის სრული დაშლით დასრულდა.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ ჩხარტიშვილმა, მიუხედავად საკუთარი გავლენებისა, ვერ შეძლო ზეგავლენის მოხდენა იურიდიულ წრეებში საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე მოსამართლე ქეთევან მესხიშვილზე, მაგრამ შეძლო ის, რომ, პრაქტიკულად, ძალით ჩამოაშორა საქმის განხილვას. იგივე წყარო ამბობს, რომ ეს კომბინაცია უშუალოდ მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად დაიგეგმა. ღვინის ქარხნის საქმე ამიერიდან სწორედ ჩინჩალაძის კონტროლის ქვეშ წარიმართება, რადგან იგი უკვე დაეწერა სწორედ ჩინჩალაძის მიერ კონტროლირებად კოლეგიას.
გოგიტა თოთოსაშვილი (თავმჯდომარე), რევაზ ნადარაია და მერაბ ლომიძე, _ მათ საეჭვო დაწინაურებაზე მედიით არაერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა და დეტალებზე ამჯერად აღარ შევჩერდებით. სამივე მოსამართლე უშუალოდ არის დაკავშირებული მიხეილ ჩინჩალაძესთან.
„ქრონიკა+“-ის წყარო ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის გვერდის ავლით ჩალიჩობს ამ საქმეზე და რეალურად „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამ საეჭვო მაქინციების შესახებ არაფერი იცის, ამიტომ ჩხარტიშვილი მაქსიმალურად ცდილობს, მედიით არ გაშუქდეს ეს სკანდალური საქმე, რომ მისი მორიგი აფერა ივანიშვილის ყურამდე არ მივიდეს.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, მისი ჩატარების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, ღვინის ქარხნის კანონიერი მესაკუთრეების ინვესტიცია დროში გაურკვეველი ვადით არის გაყინული. უზენაესმა სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით ბიზნესს მიუტევებელი დარტყმა მიაყენა, 2004 წლიდან დღემდე ამ ობიექტზე 3-მდე უძრავი ქონების გასხვისების ტრანზაქცია განხორციელდა. წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ ყიდულობთ უძრავ ქონებას, ხართ კანონიერი მფლობელი და ათი წლის მერე მოდის ათი წლის წინანდელი მესაკუთრე და გეუბნებათ, რომ მართალია, თქვენთან არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ვიღაცამ მე დამაზარალა, ამიტომ ქონება უნდა დამიბრუნოთო. ამ ტრანზაქციით მილიონი ლარი ბიუჯეტმა მიიღო, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით კი გამოდის, რომ კანონიერმა მესაკუთრემ ქონება უნდა დაუბრუნოს იმას, ვისგანაც ის არ შეუძენია.
„ქრონიკა+“ თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას და სასამართლო პროცესის დაწყებისთანავე ახალ ინფორმაციას მოგაწვდით.

ელისო კილაძე