საბჭთა ინდუსტრიის ნანგრევებიდან _ თანამედროვე მუსიკის დარბაზებამდე


ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ავანგარდის დასახლებაში, საბჭოთა პერიოდში ქარხნები ფუნქციონირებდა. წლების შემდეგ შენობები უფუნქციო და ამორტიზებულია.

2018 წლის 20 ოქტომბერს ქარხნის ერთ-ერთი შენობა ქუთაისის მერიისგან საქართველოს კულტურის პალატამ „ინათხოვრა“. შენობაში ბელგიურ დუეტ „კონობას“ კონცერტი ჩატარდა. კიდევ ერთი კონცერტი ორგანიზაციამ ქარხნის შენობაში მიმდინარე წლის 8 მარტს გამართა. საღამომ, სადაც ქართველი მომღერალი სტეფანე მღეროდა, ანშლაგით ჩაიარა.
მიმდინარე წელს, საკრებულოს დადგენილებით, ქუთაისის მერიამ ზემოთ აღნიშნული შენობა საქართველოს კულტურის პალატას უსასყიდლოდ გადასცა. ქარხნის 2104 კვ.მ.-სა და 6420 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთს კულტურის პალატა ორი წლის მანძილზე გამოიყენებს. გადაცემა უზურფრუქტით მოხდა. უზურფრუქტი არის უფლება, სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ პირობით, რომ ამ ქონებას არაფერი დააკლდება. პირი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, ისე გამოიყენოს ქონება და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა. მესაკუთრისგან განსხვავებით, მას ქონების გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება არ გააჩნია. ამ ნივთის (ამ შემთხვევაში _ შენობის) გაქირავების ან გაყიდვის უფლება მხოლოდ მეპატრონეს აქვს. უზურფრუქტი შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი, სასყიდლიანი ან უსასყიდლო. ამ შემთხვევაში საქართველოს კულტურის პალატამ დროებითი, უსასყიდლო უზურფრუქტით ისარგებლა. ქარხნის შენობა მას სიმბოლურ ფასად გადაეცა.
კულტურის პალატისთვის შენობის გადაცემა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციამ გააპროტესტა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხელმძღვანელები შენობის მდგრადობის დოკუმენტს მოითხოვდნენ. პოლიტიკოსები ასევე დაინტერესდნენ, რატომ გადაეცა უსასყიდლოდ შენობა ხელისუფლებასთან დაახლოებულ საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოქიტაშვილს. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი გიგა შუშანია „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ ავანგარდის ქარხნის შენობა და მიწის ნაკვეთი უზურფრუქტის წესით ოქიტაშვილის ორგანიზაციაზე იმიტომ გაიცა, რომ კულტურის პალატის ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გახლავთ. გარდა ამისა, თავად ორგანიზაციაშიც მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ბერა ივანიშვილის ახლობლები არიან. ასევე კულტურის პალატა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციაა და შუშანიას განცხადებით, მისთვის შენობის უფასოდ დათმობა გასაოცარი არც იყო. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო, ამიტომ თვითმმართველობას თავისუფლად შეეძლო არსებული შენობის სარგებლით გაქირავებაც.
ა(ა)იპ საქართველოს კულტურის პალატა 2013 წელს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დააფუძნა, რომელიც, თავის მხრივ, წევრობაზე დაფუძნებული კორპორაციაა და აერთიანებს მეწარმე სუბიექტებსა და მათ გაერთიანებებს. სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახორციელებს.
ქარხნის შენობის უსასყიდლო უზურფრუქტით გაცემას „ევროპული საქართველოს“ წევრი, მერაბ მეშველიანიც აპორტესტებს. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ შენობა ადრე „ქუთაისი არენას“ ეკუთვნოდა, ახლა კი მისი კულტურის პალატისთვის გადაცემა კანონდარღვევაა.
საკრებულოს სხდომაზე, სადაც ტერიტორიის გაცემის საკითხი გადაწყდა, მეშველიანი გიგა შუშანიასთან ერთად შენობის მდგრადობის შესაბამის დასკვნას მოითხოვდა. აღმოჩნდა, რომ დავით ოქიტაშვილს მსგავსი დასკვნა ხელთ არ გააჩნდა. მაშინ კულტურის პალატის ხელმძღვანელი ამბობდა, რომ შენობას ექსპერტიზა ოთხჯერ ჩაუტარდა, მაგრამ დოკუმენტები მერიას ჰქონდა.
„როდესაც გასული წლის ოქტომბერში „კონობას“ კონცერტი ჩავატარეთ, არსებობდა დასკვნა, რომ შენობა მსგავს დატვირთვას გაუძლებდა, თუმცა ეს დასკვნა მე ხელთ არ მქონია. სტეფანეს კონცერტის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შესაბამისი კვლევა ჩაატარა. დასკვნაც დაიდო _ შენობა მდგრადია და იქ კონცერტის გამართვა შეიძლება. ესეც რომ არ იყოს, ფაქტია _ შენობა 200-კილოვატიან აპარატურას ჩვეულებრივად უძლებს. ასეთ ექსპერტიზას მომავალში ყველა დაგეგმილი კონცერტის წინ ჩავატარებთ“, _ ამბობს ოქიტაშვილი „ქრონიკა+“-თან.
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში წერია, რომ შენობა რკინა-ბეტონითაა ნაგები. ტერიტორია, მხოლოდ და მხოლოდ, ვიზუალური დათვალიერებით შეფასდა. დადგინდა, რომ შენობას სწორხაზოვნება დაკარგული არ აქვს, არ შეინიშნება გრუნტის ჯდომა, შესაბამისად, ამ ეტაპზე შენობა მდგრადია. დასკვნაში არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რის მიმართ არის შენობა მდგრადი, კონცერტის გამართვის შემთხვევაში რა სიმძლავრის აპარატურის გამოყენებაა რეკომენდებული, ასევე არ წერია, საჭიროების თუ არა ადგილი ვიზუალური დათვალიერების გარდა სხვა დამატებითი სახის კვლევას. დასკვნა ერთფურცლიანია და მხოლოდ ეთჯერადი, სწრაფი გარეგნული დათვალიერებითაა შედგენილი.
კითხვაზე, _ რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს შენობაში კონცერტის გამართვით ქალაქი? კულტურის პალატის ხელმძღვანელსა და ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი გიორგობიანს მსგავსი პასუხი აქვთ, _ ერთადერთი და მთავარი სარგებელი ქუთაისისთვის ეს იქნება ქალაქის გამოცოცხლება. ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ სხვადასხვა ცნობილი ქართველი თუ უცხოელი შემსრულებლის კონცერტებზე თბილისსა და ბათუმში წასვლა. გარდა ამისა, ქუთაისში ბლომად ჩამოვლენ სტუმრები სხვა ქალაქებიდან, უცხოეთიდან.
გიორგი გიორგობიანი „ქრონიკა+“-თან აცხადებს, რომ ავანგარდის ქარხნის აღნიშნული შენობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აუქციონზე ოთხჯერ გაიტანა. სამწუხაროდ, მისი შესყიდვითა და გაქირავებით აქამდე არავინ დაინტერესებულა. გასულ წელს, როდესაც კულტურის პალატამ „კონობას“ კონცერტისთვის ტერიტორია ითხოვა, ერთ-ერთ ვარიანტად სწორედ ეს ადგილი შესთავაზეს. მოლაპარაკება შედგა, კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და მომდევნო ღონისძიებისთვის ორგანიზაციას შენობა უკვე უსასყიდლოდ, უზურფრუქტით გადაეცა. გიორგობიანმა გვითხრა, რომ ტერიტორია 435 ათას ლარადაა შეფასებული: „მაშინ, როდესაც ადგილს ამხელა ფასი ადევს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ის მდგრადია, არ არის იმდენად დაზიანებული, რომ ექსპლოატაციაში ვერ შევიდეს. მერიას არასოდეს ჩაუტარებია ადგილზე შესაბამისი ექსპერტიზა. რადგანაც შენობა გასასხვისებელი იყო, გასხვისების პირობის თანახმად მდგრადობის ექსპერტიზა იმ პირს უნდა ჩაეტარებინა, ვინც ქარხანას შეისყიდიდა. ამ შემთხვევაშიც, შესაბამისი სპეციალისტების დაქირავება და კვლევის ჩატარება ევალებოდა კულტურის პალატას და არა მერიას“, _ ამბობს გიორგობიანი.
ოდნავ განსხვავებულ განცხადებას აკეთებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე ადგილობრივ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში. როდესაც შენობა კულტურის პალატაზე გაიცა, გარდაფხაძე ამბობდა, რომ ტერიტორია აუქციონზე არასოდეს გაუტანიათ, რადგან მისი ყიდვის მსურველი აქამდე არავინ ყოფილა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შესაბამის სამსახურებს ტერიტორიაზე არანაირი მდგრადობის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რადგან მისი შესყიდვით არავინ დაინტერესებულა.
გიორგი გიორგობიანი ამბობს, რომ ხელშეკრულების პირობების მიხედვით, თუ შენობას ორი წლის მანძილზე რეალური მყიდველი გამოუჩნდება, მერია გაწყვეტს უკვე დადებულ ხელშეკრულებას კულტურის პალატასთან და ქონებას შესაბამის ფასად გაყიდის. ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ფინანსურ სარგებელს, ამ ეტაპზე, ქალაქის ბიუჯეტი ქარხნის შენობიდან მაინც ვერ იღებდა, უზურფრუქტით მისი გაცემის შემდეგ კი მოხდა ის სიკეთე, რომ ქუთაისში ახალი საკონცერტო, გასართობი სივრცე გაჩნდა.
ორი წლის მანძილზე კულტურის პალატას ავანგარდის ქარხნის შენობასთან დაკავშირებული ბევრი გეგმა აქვს. რამდენად რელევანტურია სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით გაცემული დასკვნა, ამას დრო გვიჩვენებს.

შორენა ლაღაძე